მთავარი,სიახლეები

„პოლიტიკაში არ ვერევით“ – რას პასუხობენ ტელეფონში რუს ტყვეებს ოჯახები

31.03.2022 • 3871
„პოლიტიკაში არ ვერევით“ – რას პასუხობენ ტელეფონში რუს ტყვეებს ოჯახები

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსული ჯარი ბომბავს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. თუმცა რუსეთი დღემდე არ აღიარებს ამ დანაშაულს და ომს „სპეციალურ ოპერაციად“ მოიხსენიებს, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიით ტარდება. ამავდროულად რუსეთში აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ომს აპროტესტებენ, დაიხურა ყველა არაპროპაგანდისტული მედია და კრემლიც იშვიათად აფიქსირებს საკუთარ ადამიანურ თუ ტექნიკურ დანაკარგებს, ციფრებს რუსი ტყვეების შესახებ.

უკრაინელი ჟურნალისტი და ვლოგერი ვოლოდიმირ ზოლკინი ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში თავისი ყოველდღიური YouTube გადაცემით ჩაერთოს, სადაც ის ნებართვით ვიდეოინტერვიუებს წერს ტყვედ ჩავარდნილ ან ჩაბარებულ რუს სამხედროებთან და რეკავს ტყვეების ნათესავებთან. ჟურნალისტის იუთუბარხზე 50-მდე ინტერვიუა განთავსებული, რომელთაგან ზოგს საჰაერო განგაშის სირენებისა და ბომბის ჩამოვარდნის ხმები სდევს ფონად.

ბრაზნარევ სატელეფონო დიალოგებში ჟურნალისტი ეკითხება ტყვე სამხედროების ნათესავებს, როგორ აფასებენ ისინი რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. პასუხები თითქმის ყველგან ორაზროვანია – „ახალ ამბებს არ ვუყურებთ“, „პოლიტიკით არ ვინტერესდები“, „მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად არიან, როგორც ვიცი“.

ტყვეების ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა სამხედროების უმრავლესობამ იცოდა, რომ ორ-სამდღიან სწავლებებზე მიდიოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ სამხედრო ფორმა და აღჭურვილობა გადასცეს და უკრაინაში წაიყვანეს. ტყვეების ნაწილი ამბობს, რომ მათ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის ბრძანება უკვე 23 თებერვალს ჰქონდათ მიღებული.

35 წლის ნიკოლაი მატვეევი რუსი სამხედროა. მან უკრაინაში ომის დაწყების დღეს ფეხი დაკარგა. ცოლთან სატელეფონო საუბრისას იხსენებს, რომ დაჭრილმა დახმარება სთხოვა თავის ოფიცერს, რომელიც „კამაზში“ ჩაჯდა და წავიდა. იგი მეორე დღეს პოლიციაში მოქალაქეებმა მიიყვანეს. „მიმატოვეს, გამაყუჩებელიც არ მომცეს, ჭრილობა 24-ში მივიღე, ტყვედ 25-ში ამიყვანეს. ერთი დღე დაჭრილი ფეხით ვხოხავდი, სანამ არ მიპოვეს და ჰოსპიტალში 1.5 ლიტრა სისხლი არ გადამისხეს“.

„ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, გვინდა დედები არ იტანჯებოდნენ, არც ერთ მხარეს“, – თქვა ნიკოლაის ცოლმა, მაგრამ კითხვაზე ვინ დაიწყო ომი, ქალი ტელეფონში პასუხობს: „ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. უბრალოდ, მშვიდობა გვინდა“.

32 წლის მაქსიმ ანცუპოვი ტყვეობიდან თავის უფროს ძმასთან რეკავს, რომელიც თითქოს აღიარებს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ამბობს, რომ სიმართლეს ტელევიზიით ვერ მოისმენ. თუმცა უმცროსი ძმის კითხვაზე – ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება უკრაინაში, პასუხობს: „ოო, მე პოლიტიკოსი არ ვარ, ვერ ვიტყვი ვინ არის დამნაშავე…

ვლადისლავ სედიკოვი 20 წლისაა. მასთან ინტერვიუს დროს საჰაერო განგაშის სირენა ისმის, ცოტა ხანში კი ბომბის ჩამოვარდნის ხმაც. ვლადისლავ სედიკოვი ტყვედ თავისით ჩაბარდა, უკრაინიდან მამასთან რეკავს, მოკითხვის შემდეგ კი კითხულობს, „აღიარებენ უკრაინაში რაც ხდება? მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, მაგალითად“. ჯარისკაცის კვლავ ორაზროვანი პასუხი ისმის: „არ ვიცი, არავინ არაფერს ამბობს დაბომბვებზე…

– თანხმობა მიეცი ჩაწერის შესახებ?

 – დიახ

–  და რატომ?…“

34 წლის მაქსიმ გრიშაენკოვი ტყვეობიდან ცოლთან რეკავს და ეკითხება, რა ისმის ახალ ამბებში იმის შესახებ, რომ რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. „ასეთს არაფერს ამბობენ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ვერ გეტყვი ვერაფერს, რადგან სიახლეებს არ ვუყურებ, რადგან ვსევდიანდები ამის გამო, ხომ იცი და ვერაფერს ვიტყვი. და საინტერესოა, თქვენ რუსულ ახალ ამბებს გაყურებინებენ?” – პასუხობს ცოლი.

ცოტა ხანში ქალს ჟურნალისტი ვოლოდიმერ ზოლკინი ეკითხება, „რახან სხვა ქვეყნის არმია შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს, რომ ალბათ ისინი აგრესიას ახორციელებენ ამ სახელმწიფოს მიმართ ხომ?“ – პასუხად ისმის: „ეს ფაქტი არ არის“.

„- ისინი აქ სხვა რა მიზეზით შეიძლება იყვნენ?

– მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სამხედრო ობიექტების განადგურებისთვის… “

მიხაილ კნიაზევი და ჟურნალისტი ვოლოდიმერ ზოლკინი

22 წლის მიხაილ კნიაზევის დედა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც სატელეფონო ზარში აღიარებს რუსეთის აგრესიას და ამბობს, რომ ყველაფერი მშვენივრად იცის: „აფიშას ავიღებდი დიდი სიამოვნებით და ქუჩაში გავიდოდი [გასაპროტესტებლად], მაგრამ ეგრევე მორგში შემფუთავენ. აქ პირის გაღება საერთოდ არ შეიძლება“.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიამ 17 500 ადამიანი დაკარგა. რუსული მხარე ამ რიცხვს არ ადასტურებს.

ამავე თემაზე:

უკრაინაში შეიქმნა ვებგვერდი დაღუპული და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ამოსაცნობად

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: