მთავარი,სიახლეები

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – ენმ „ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს

31.03.2022 • 1110
მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – ენმ „ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს

განახლება: მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე ენმ-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, 2 აპრილის არჩევნებზე მე-4 მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევი კანდიდატები არიან „ქართული ოცნება“ – რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – მათე ფუტკარაძე.

___

„გაითვალისწინეთ, რომ რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატად 3 თებერვალს დასახელდა. 18 თებერვლამდე კი, ის მთავრობის განკარგულებით იმ კომისიის წევრი იყო, რომელსაც უნდა შეემუშავებინა კრიტერიუმები, ვის ეკუთვნის ბინა „ოცნების ქალაქის“ სოციალურ სახლში,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, უშანგი მიქელაძემ, იმის საილუსტრაციოდ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი სხვადასხვა უკანონო მეთოდით ცდილობს არჩევნების მოგებას – 2 აპრილს, ანუ ზეგ, ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“, როცა უნდა გადაწყდეს:  ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა.

დღეს, 31 მარტს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საარჩევნო დავის ფარგლებში განიხილა „რამაზ ჯინჭარაძის საქმე“…

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ უბანში, სადაც ბათუმში არჩევნები ტარდება, მარტო ერთ მისამართზე – „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“ 338 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

საარჩევნო დავის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატის – რამაზ ჯინჭარაძის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან მან ამომრჩევლის მოსყიდვა სცადა.

თავად რამაზ ჯინჭარაძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. ის ჩართული იყო ამ საქმეში, როგორც „მესამე პირი“ .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება ამომრჩეველს შესაძლო მოსყიდვის ან იძულების შემთხვევაზე. საიას შეფასებით კი, საჯარო რეესტრი პირდაპირ კანონს არღვევს და ჩნდება ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე, რაზეც გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

„თუკი „ოცნების“ მიზანი მოსახლეობის დახმარებაა, დარეგისტრირებულიყვნენ ეს ადამიანები იქ 3 აპრილს, ან მანამდე, რა უშლიდა ამას ხელს?“ – იკითხა ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ და მოსამართლეს წინა არჩევნების შედეგი შეახსენა მე-4 მაჟორიტარულ ოლქში.

„295 ხმით მოიგო არჩევნები ნუგზარ ფუტკარაძემ… ახლა ამომრჩევლების რაოდენობა ამ გზით გაზარდეს… ოცნების ქალაქში მისული თორნიკე რიჟვაძე პირდაპირ ეუბნება ადამიანებს, რამაზ ჯინჭარაძე გადმოგცემთ ბინებსო. ეს არის უკვე არა საარჩევნო დაპირება, არამედ მოსყიდვა, რადგან ამ ადამიანებს კონკრეტული ქმედება დაავალეს იმისთვის, რომ ბინა მიიღონ,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

ენმ-ს იურისტმა, უშანგი მიქელაძემ ყურადღება გაამახვილა აქვე იმაზე, რომ ბინის საკუთრებაში გადაცემას, მაგალითად, სოციალურად დაუცველისთვის, რომელიც დღეს „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, არ სჭირდება საცხოვრებელი რეგისტრაციის შეცვლა.

„მაგრამ მათ მოსთხოვეს რეგისტრაცია და ხმის მიცემა „ოცნების“ სასარგებლოდ, ისე ვერ მიიღებდნენ ბინებს,“ – აღნიშნა უშანგი მიქელაძემ.

„ეს იყო იმიტირებული სიუჟეტი, რომ მოხდეს რამაზ ჯინჭარაძის დისკრედიტაცია,“ – მიმართა მოსარჩელეს და მოსამართლეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნათია ბოკუჩავამ, რომელიც სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო. მოსყიდვაზე გაჩენილი კითხვების გასაქარწყლებლად მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა არჩია „ტვ პირველის“ სიუჟეტზე ესაუბრა, სადაც კონკრეტულმა ადამიანებმა თქვეს, ბინას დაგვპირდნენ და ამიტომ გადმოვეწერეთ ბათუმშიო.

„არ იდენტიფიცირდება ვინ საუბრობს, არც სახე ჩანს, არ არის მყარი მტკიცებულება, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა…” – უთხრა ოპოზიციის წარმომადგენლებს ბათუმის საოლქო კომისიის იურისტმა, ზვიად სურმანიძემ. მანაც აქცენტი სატელევიზიო სიუჟეტზე გააკეთა.

საოლქო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც კანონი ავალდებულებს ნეიტრალობის პრინციპის დაცვას, არ  მოერიდა გამოკვლევის გარეშე გაეჟღერებინა საკუთარი ვერსიაც, რაც ხელსაყრელი პოზიციაა „ქართული ოცნებისთვის“:

„შესაძლოა იმიტომ გადმოეწერნენ, რომ უფრო დიდი ბინა მიიღონ. რაც უფრო დიდი ოჯახი იქნება…” – თქვა ზვიად სურმანიძემ.

„ეს თქვენი მოსაზრებაა,“ – საოლქოს იურისტი მოსამართლემ შეაჩერა.

„არაა გარკვეული, ასევე, ვისი ამომრჩეველია,“ – ესეც თქვა საოლქო კომისიის იურისტმა იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, ასეულობით ახალი ამომრჩეველი ვისი მხარდამჭერია, თუმცა ამით „ოცნების“ პოზიციების გამყარება ისევ სცადა.

საოლქოს იურისტმა დააკონკრეტა, რომ ამომრჩევლის რაოდენობა მე-4 მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 497-ით გაიზარდა.

„საიდან გაიზარდა მერე? კითხვა არ გვექნებოდა, რომ გაზრდილიყო, მაგალითად, 100 ამომრჩევლით, რადგან 88-ს 18 წელი შეუსრულდა 2 ოქტომბრიდან 2 აპრილამდე, მაგრამ როცა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ერთ დღეს, ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირდება 500 ახალი ამომრჩეველი, ეს არის პირდაპირ მოსყიდვა, ეს აღარ არის საარჩევნო დაპირება,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ, ენმ-ს წევრმა.

„იდენტიფიცირება ვერ ხდებაო, იმ სიუჟეტშიო,“ – მირდატ ქამადაძეს გადახედა მოსამართლემ.

„ეს იყო ავთანდილ ფუტკარაძე, რომელზეც შემდეგ სიუჟეტი სამთავრობო „პოსტ ტვ“-მ გააკეთა, სადაც ოჯახის სხვა წევრიც ეჭვქვეშ არ აყენებს ავთანდილ ფუტკარაძის გადაწერის ფაქტს, ანუ რეგისტრაციის შეცვლას, მაგრამ შეურაცხადიაო, ეს მოიგონეს. მეტი მტკიცებულება რა უნდა წარმომედგინა, ბატონო მოსამართლევ, დედას გაფიცებთ?“ – გაცხარდა ენმ-ს წევრი, მირდატ ქამადაძე.

„რომც იყოს იდენტიფიცირებული, საიდან ვადგენთ, რომ ის ჭეშმარიტებას ამბობს?“ – იკითხა საოლქო კომისიის იურისტმა, ზვიად სურმანიძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ ჟურნალისტი ამომრჩეველს ეუბნება, რომ „ოცნებიდან“ ურეკავს.

„ეს არის მოტყუებით მიღებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულება უნდა იყოს,“ – დასძინა საოლქოს იურისტმა.

„ფაქტის დადასტურება იყო ძალიან მარტივი. მინიმუმ ორი ადამიანი მოსულიყო ფიზიკურად სასამართლოში და ეთქვა, ვისგან რა დაპირება მიიღო…“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნათია ბოკუჩავამ.

„მტკიცებულება წარმოგედგინათ თქვენ თავად, თუ საწინააღმდეგოს ამტკიცებთ… ჩვენ სარჩელში აპელირება მოვახდინეთ კონკრეტულ ავთანდილ ფუტკარაძეზე. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ დიახ, შევიცვალე მისამართი იმიტომ, რომ ბინას დამპირდნენ… ის, რომ ავთანდილ ფუტკარაძე ამ უბნის ამომრჩეველია, დასტურდება სიით, რომელიც ასევე ოფიციალური დოკუმენტია,“ – უთხრა „ოცნების“ წარმომადგენელს, მირდატ ქამადაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: