მთავარი,სიახლეები

ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე

30.03.2022 • 1404
ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე

შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძეს ან ლევან მამალაძეს, ასევე, იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის ბრალი აქვთ წაყენებული, თუმცა ისინი თავს აფარებენ რუსეთს ან სხვა ქვეყანას და სასჯელი არ აქვთ საქართველოში მოხდილი? – ეს კითხვები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტია სავარაუდოდ შეეხება ლევან მამალაძეს და ნაკლებად – ასლან აბაშიძეს ან იგორ გიორგაძეს.

„იქ არის მუხლები, რომლის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება მამალაძეზე, მაგალითად, მაგრამ ამის გამო უკან დავიხიო და ვთქვა, რომ 300-მდე ადამიანს, რომელსაც 2004 წლამდე ჩადენილი აქვს ეკონომიკური დანაშაული, მათ შორის, შესაძლოა იყოს მძიმე დანაშაულიც, მაგრამ უკან დავხიო კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსია, არ ივარგებს.

დაე, გავრცელდეს (მამალაძეზე), ჯანდაბას, მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. ოღონდ იმ 300 კაცზე ნუ მათქმევინებთ უარს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში.

კანონპროექტით ამნისტია შეეხება იმ ბრალდებულებსა თუ მსჯავრდებულებს, რომლებიც პანდემიის პერიოდში ანუ 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე იმყოფებოდნენ პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით და მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებები, ამნისტიის გარკვეული მუხლებით, პატიმრობის ვადის შემცირება ან გათავისუფლება.

ამნისტიის აქტი ასევე ვრცელდება 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. სწორედ ამ ნაწილმა გამოიწვია დისკუსია. ასევე გაჩნდა კითხვები, რომ შესაძლოა ამნისტიით ხელისუფლება ცდილობდეს სასჯელისგან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული პირები.

„ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა კითხვა დასვა იმაზე, თუ რით გაიზომა საზოგადოებრივი საშიშროება და ხომ არ იქნებიან ამნისტირებული ადამიანები ისევ საშიში საზოგადოებისთვის?

„როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს, რომ დაემალოს მართლმსაჯულებას, არ ფიქრობთ, რომ ისევ საშიში შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის?

სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ედავებოდა სამოხელეო, ეკონომიკურ დანაშაულებს და ეს ადამიანები მიემალნენ მართლმსაჯულებას, ამდენი წლის შემდეგ აღარ არიან საშიშებიო. რა გზავნილია ეს? საშიში გზავნილია ეს, რადგან შეგიძლია თურმე ბიუჯეტის ფული მოიპარო, შემდეგ მართლმსაჯულებას მიემალო და შემდეგ პარლამენტი მოგცემს ამნისტიას. კარგი, გასაგებია 2004 წლამდე სასამართლო მართლმსაჯულება რასაც ჰგავდა, მაგრამ შემდეგ, თქვენ მიერ რეფორმირებული სასამართლოს მიმართ რწმენა რატომ არ დაუბრუნდათ ამ ბრალდებულებს და რატომ არ წარდგნენ სასამართლოს წინაშე? ესე იგი, თქვენს სასამართლოსაც არ ენდობიან ეს ადამიანები და რატომ უკეთებთ მაშინ ამ ტიპის შეღავათს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი და არასწორია.

ასევე, მაინტერესებს, გქონდათ თუ არა კომუნიკაცია შს სამინისტროსთან ამ საკითხზე, რადგან შს მინისტრმა ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ წლობით ძებნილი პირები დაეკავებინათ და ახლა რა გამოდის, პარლამენტი წყალში უყრის სამინისტროს ამ შრომას?“ – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ამნისტიის კოვიდნაწილს, მაგრამ 2004 წლამდე ნაწილში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა იმის თაობაზე, შეეხება თუ არა ამნისტია მძიმე დამნაშავეებს.

პარლამენტარ თეონა აქუბარდიას თქმით, პანდემიის ვადებთან დაკავშირებული საკითხები მისთვის მისაღებია, თუმცა 2004 წლის დანაშაულების ამნისტია ამ კანონპროექტში არ უნდა შეეტანათ.

„ოდიოზურ ფიგურებზე იყო აქ საუბარი. ამბობთ, რომ ასლან აბაშიძეს ან გიორგაძეს… მაგრამ მამალაძეს ეხება? გვაქვს სია რა კატეგორიის ადამიანებზეა საუბარია? ვფიქრობ, შესაძლებელია პანდემიის პერიოდის და 2004 წლის დანაშაულებების გამიჯვნა“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

დეპუტატ შალვა შავგულიძის თქმით, პრეამბულა არ ასახავს ამნისტიის ნაწილს და კანონპროექტში საზოგადოების უსაფრთხოების საკითხიც ნაკლებად არის დანახული.

„ვფიქრობ, პრეამბულამ სწორად უნდა ასახოს ამნისტიის შინაარსი და არ იყოს დამალული გარკვეული საკითხები“, – თქვა მან.

შავგულიძის თქმით, შინაარსის გარეშე, მხოლოდ კონკრეტული თარიღებიდან ამოსვლამ, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას, რადგან „ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა უვადო პატიმრობიდან გათავისუფლდეს ის ადამიანი, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2004 წლის პირველ იანვრამდე, მაგრამ სხვა ადამიანს, ვინც იგივე დანაშაული ერთი დღით გვიან ჩაიდინა, ამნისტია არ შეეხება. ხედავთ, მარტო თარიღიდან ამოსვლა, შინაარსის გარეშე, როგორი უსამართლობის წინაშე დაგვაყენებს?“ – ამბობს გიორგი შავგულიძე.

დავით კირკიტაძის თქმით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს ღალატისთვის გასამართლდნენ, „რიგი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი და ოკუპანტ ქვეყანას აფარებენ თავს. რა ვუყოთ იმ წლებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაართვეს და არ დაუტოვეს განვითარების შანსი. იპარავდნენ, რადგან კორუმპირებულები იყვნენ“.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, 2004 წლის შემდეგ თითქმის 18 წელია გასული და „თუ ამ ხნის განმავლობაში ამ ადამიანებს სხვა დანაშაული არ ჩაუდენიათ, ვფიქრობ, უნდა შეეხოს ამნისტია.“

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, 2004 წლის პირველ იანვრამდე ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს აღუდგეს უფლებები, რომლებიც ჩამორთმეული ჰქონდა სასჯელის გამო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: