მთავარი,სიახლეები

ელექტრობოძები შუა ტროტუარზე – დაბა ხულოში ამბობენ, რომ წაქცევაზეა ხის ძველი ბოძებიც 

31.03.2022 • 1824
ელექტრობოძები შუა ტროტუარზე – დაბა ხულოში ამბობენ, რომ წაქცევაზეა ხის ძველი ბოძებიც 

დაბა ხულოში არაერთი ელექტროგადამცემი ბოძი, მოსახლეობის თქმით, ამორტიზებული და სახიფათოა და მათ შეცვლას ითხოვენ. მოძველებულია ტრანსფორმატორებიც, რის გამოც დენი ხშირად ითიშება. მოსახლეობის თქმითვე, საავტომობილო გზის გასწვრივ მერიამ ტროტუარები ისე მოაწყო, ელექტროგადამცემი ბოძები შუაში მოექცა და მათი ადგილმონაცვლეობაცაა საჭირო.

ვერც „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ და ვერც მერიიდან, როგორც მოქალაქეები ამბობენ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ, თუ როდის მოგვარდება ეს პრობლემები.

„დაბა ხულოში ელექტროგადამცემი ბოძების ძირითადი ნაწილი საბჭოთა დროინდელია. რკინის ძველ ბოძებს არაფერი მოსდით, მაგრამ ხის ბოძები წაქცევის პირასაა, ერთ-ერთი ასეთი ბოძი ჩემს საცხოვრებელ სახლთან დგას ახლოს, ზემოდან გადატეხილია, ძირიც მორყეული აქვს და მავთულითაა დამაგრებული. სიძველის გამო ხშირად ფუჭდება ტრანსფორმატორებიც და შუქი ითიშება“, – ამბობს დაბა ხულოში მცხოვრები ლაშა ბოლქვაძე.

მისივე თქმით, ამ ავარიულ ბოძებზე სხვადასხვა კაბელებიცაა დამაგრებული: „დაბა მთლიანად დაქსელილია უწესრიგოდ, ვის როგორც უნდა ისე აბამს ბოძებზე ინტერნეტის თუ სხვა სადენებს. ზოგი სადენი ძალიან დაბალზეა და სახიფათოა“.

„წლებია უკვე არაფერი იცვლება. ამბობენ მოთხოვნილი გვაქვს ბოძები, აი, დღე-დღეზე ველოდებით უნდა გამოვცვალოთო, მაგრამ არაფერი. ამასთან, დაბაში ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკი გააკეთეს ისე, რომ რკინის ელექტროგადამცემი ბოძები დგას შუაში, ვერ გაივლი ადამიანი“, – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

რკინის ბოძი ტროტუარზე, სადაც შშმ პირებიც გადაადგილდებიან – დაბა ხულო

ექიმი ირაკლი სურმანიძე, რომელიც ასევე ხულოში ცხოვრობს, ამბობს, რომ აუცილებელია ამ ბოძების ტროტუარებიდან გადატანა: „არის ადგილები გზის გასწვრივ, სადაც მოწყობილია ბილიკები ქვეითებისთვის და ზედ დგას ელექტროგადამცემი ბოძები. ეს ცოტა უხერხულიცაა, რადგან სხვა მოქალაქეებთან ერთად ამ ბილიკით სარგებლობენ შშმ პირებიც“.

ლევან მახარაძის თქმით კი, როცა კითხულობენ რა იგეგმება ამ ბოძებთან დაკავშირებით, ეუბნებიან, რომ ქსელი სრულად უნდა შეიცვალოს. როდის? – ამაზე პასუხს მათ არავინ სცემს.

„ბოძებზე იმდენი სადენებია დახლართული,  ექსპერტი დაგჭირდება გაარკვიო, რომელში გადის დენი და რომელში – არა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე ბოძი და სადენები გამოიცვალა, მაგრამ დაზუსტებით არავინ გვეუბნება, როდის განახლდება ბოძების გამოცვლა. ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა გამოიცვალოს ყველა ამორტიზირებული ბოძი, გაიმართოს სადენების გაყვანილობა. ძველი ტრანსფორმატორებიც პრობლემაა, რადგან ამის გამოც ხშირად ითიშება დენი დაბაში“, – ამბობს ლევან მახარაძე.

ნახევრადწაქცეული ელექტროგადამცემი ბოძი დაბა ხულოში

დაბა ხულოში მცხოვრებთა კითხვებზე პასუხების მისაღებად „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

„ხულოს მუნიციპალიტეტში „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყოველწლიურად ახორციელებს გამანაწილებელი ქსელის (ელ.გადამცემი ხაზების, სატრანსფორმატორო პუნქტების, ქვესადგურების და სხვადასხვა ელ.მოწყობილობა-დანადგარების) რეაბილიტაციას, რაც მოიცავს მათი ახლით ჩანაცვლებას, პროფილაქტიკას, რეკონსტრუქციას და სხვა ტიპის სამუშაოების წარმოებას. შესაბამისად, ყოველწლიურად უმჯობესდება ელექტრული ქსელის მდგომარეობა. განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია, მინიმუმამდე დაყვანილი ავარიული გათიშვების რაოდენობა და შესაბამისად, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო ელ.მომარაგებას“, – მოგვწერეს კომპანიიდან.

რამდენი ბოძია ხის და რამდენია ასეთი ბოძების ექსპლუატაციის ვადა? ბოლოს როდის გამოცვალეს ბოძები ხულოში? – ეს და „ბათუმელების“ სხვა კითხვები „ენერგო-პრომ“ უპასუხოდ დატოვა.

რაც შეეხება ელექტროგადამცემ ბოძებზე სხვა სადენების დამაგრებას და მათ კონტროლს, კომპანიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მიერ ჩვენი ბოძების გამოყენების საკითხი მხარეთა შეთანხმებით რეგულირდება“.

რაც შეეხება შუა ტროტუარზე განთავსებულ ბოძებს, „ბათუმელებს”  ხულოს მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ უთხრა, რომ მათ ადგილმონაცვლეობაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უკვე მიმართეს წერილობით.

იგეგმება თუ არა ამ ბოძების გადატანა და როდის? – ამ კითხვის პასუხად ენერგოკომპანიიდან მოგვწერეს, რომ ქვეითთა სავალი ბილიკები მუნიციპალიტეტმა მოაწყო და „ბოძების ადგილმონაცვლეობაზე ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ტექნიკური პირობა, რომლის შესრულებაც უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულმა მხარემ“.

გაცემულია თუ არა ტექნიკური პირობა – ენერგოკომპანიაში არ გვიპასუხეს. ხულოს მერიაში კი გვითხრეს, რომ მათ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ პასუხი არ მიუღიათ.

___

მთავარი ფოტო: დაბა ხულო – რკინის ელექტრობოძები ტროტუარის შუაგულში და ნახევრად წაქცეული ხის ბოძები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: