მთავარი,სიახლეები

ცხოვრება უკრაინის ქალაქში, რომელიც არ იბომბება – სკოლა, ბაღი, გავსებულია ხალხით

01.04.2022 • 2102
ცხოვრება უკრაინის ქალაქში, რომელიც არ იბომბება – სკოლა, ბაღი, გავსებულია ხალხით

„2014 წელს, ოკუპაციის პირველივე დღიდან, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ჩვენს ბინას ყუმბარა მოხვდა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ. მაშინ შედარებით პატარები იყვნენ. არ მინდოდა, ეს ყველაფერი ახლა თავიდან ენახათ, ეგრძნოთ, ამიტომაც ომის დაწყებიდან მალევე დავტოვეთ სევეროდონეცკი ოჯახმა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 52 წლის თემურ ბერიძე, რომელიც უკვე 24 წელია უკრაინაში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს.

თემური ამბობს, რომ უკრაინაში პირველად უფროსი შვილი წაიყვანა სამკურნალოდ  და იმდენ ხანს გაგრძელდა მკურნალობა, რომ საცხოვრებლად გადაწყვიტეს დარჩენა. თემური საქართველოდან წასვლამდე ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში, უკრაინაში კი, წარმოადგენს “ქართველ მუსლიმთა კავშირს”, სევეროდონეცკში მის მიერ დაფუძნებულ ისლამის კულტურულ ცენტრს ხელმძღვანელობს, სამხედრო კაპელანია და ასევე,  ხელმძღვანელობს ქართულ სათვისტომოს  ლუგანსკის ოლქში.

თემურ ბერიძე, მისი მეუღლე და შვილები უკრაინის მოქალაქეები არიან.

  • ბატონო თემურ, სად ხართ ახლა, როგორ მოახერხეთ საბრძოლო მოქმედებების არეალიდან გასვლა?

ადგილობრივი ხელისუფლებიდან დილის ექვს საათზე დამირეკეს და მთხოვეს, ვისი ევაკუაციის საშუალებაც მქონდა, მათი გაყვანა დამეწყო ქალაქიდან.

ომის დაწყების პირველი დღეები ძალიან პანიკური იყო, რადგან საზოგადოება არ ელოდა, არც მზად იყო. ომის პირველივე დღეს გაჩნდა საწვავის პრობლემა და გზები თითქმის სრულად ჩაიხერგა, ძალიან ძნელი იყო გადაადგილება. 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტრანსპორტით გვიწევდა მე და ჩემს ოჯახს გადაადგილება, ღამეს გზაში ვათევდით. ახლა უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში ვარ, რუმინეთის საზღვართან ახლოს.

8 წლის განმავლობაში საომარი მოქმედებების ზონაში ვცხოვრობდით და ჩვენ გარშემო ამ ხნის მანძილზე 1400 ადამიანი დაიღუპა. მე თვითონ დავდიოდი ფრონტის წინა ხაზზე. ვმუშაობდი უკრაინის ჯარში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ნებართვით. 2014 წლიდან ვიდექი სევეროდონეცკში, რუსეთის საზღვართან.

  • როგორ ცხოვრობს ქალაქი უკრაინაში, რომელიც არ იბომბება და არ არის რუსეთის შეჭრის საფრთხის ქვეშ?

იმით სჯობს აქ ყოფნა, რომ ზემოდან არ მოდის ბომბები. დანარჩენი, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა მრავალშვილიანი ოჯახისთვის აქ საცხოვრებლად. პირველადი მოხმარების პროდუქტები – ვთქვათ, ბრინჯი, მაკარონი ჭირს, სხვა ყველაფერიც პრობლემაა.

ფაქტობრივად, დღეს ორი უკრაინა გვაქვს – ერთი, რომელიც იბომბება და ნადგურდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა, მეორე კი – დასავლეთ უკრაინა, რომლის ქალაქებში სანტიმეტრს ვერ ნახავთ, რომ არ იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები. ისინი ძალიან მძიმე ვითარებაში არიან. ბევრ მათგანს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა.

ყველა საზოგადოებრივი შენობა – სკოლა, ბაღი, სპორტული დარბაზი გავსებულია იძულებით გადაადგილებული პირებით, კერძო ბინებიც, რომელთა გაქირავებაც შეიძლებოდა. ხალხის ნაკადი სამჯერ უფრო გაზრდილია ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვზე. ამან, ბუნებრივია, ბევრი სირთულე გამოიწვია. მშვიდობის ფასად ადამიანები ყველა გასაჭირს უძლებენ, რასაც ახლა აწყდებიან. კომფორტი არ გვაქვს, მაგრამ ცხოვრება შეიძლება.

ორი კვირა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი ჩერნოვცში, მათ არ უნდოდათ ჩემი დატოვება, რადგან 60 წლამდე კაცების უკრაინიდან გასვლა აკრძალულია. ამ ყველაფრისთვის ისინი არ იყვნენ ფსიქოლოგიურად მზად, თუმცა მოვახერხე მათი დაყოლიება და გერმანიაში გავუშვი რუმინეთის გავლით. აქ, ფაქტობრივად, არ იშოვება ადგილი, სადაც შეიძლება ქირით შეხვიდე. ამასთან, ქირის ფასიც უსაშველოდ გაიზარდა.

დიდება უკრაინას – თემურის 10 წლის შვილი ხატავს ომს

  • სად ცხოვრობთ ახლა, როგორი პირობები გაქვთ, თუ მოახერხეთ მუშაობა?

ახლა ისლამის კულტურულ ცენტრში ვცხოვრობ. აქ ვართ დაახლოებით 40 ადამიანი. სამლოცველოს იატაკზე 2 მეტრი ადგილი – ერთი ლეიბი და პლედი მაქვს.

მე ახლა სამოქალაქო აქტივიზმით ვარ დაკავებული. ვეხმარები ადამიანებს ცხელი წერტილებიდან გამოსვლაში, ტრანსპორტის ორგანიზებაში, ბევრს საბუთების პრობლემა აქვს, მიცვალებულების დაკრძალვაში და ძალიან დატვირთული ვარ.

ისლამის კულტურული ცენტრი ჩერნოვცში

  •  სამედიცინო და სხვა სერვისებზე თუ გაქვთ წვდომა? 

საავადმყოფოები და აფთიაქები მუშაობს, მაგრამ ის მედიკამენტები, რომლებიც ფართო მოხმარებისაა, რთულად მოსაპოვებელია. აფთიაქები თითქმის ცარიელია და რაც იშოვება, იგზავნება ისეთ ქალაქებში, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ნაწილობრივ მუშაობს საწარმოები. მაინცადამაინც არ მაქვს ინფორმაცია ამ ქალაქში რა ობიექტებია, მაგრამ, როცა ქალაქში გავდივარ, ვერ ვიტყვი, რომ აქ რაიმე ისეთი შეიმჩნევა, რაც ძალიან დიდად აფერხებს ქალაქის ცხოვრებას. ქალაქი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ გადატვირთულია. მუშაობს სკოლებიც.

ყველა წერტილში მუშაობენ სამოქალაქო აქტივისტები. გროვდება ჰუმანიტარული ტვირთი. რუმინეთიდან შემოდის დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ამ ქალაქში ნაწილდება და შემდეგ იგზავნება იქ, სადაც საჭიროა.

დაახლოებით 2 კვირის პროდუქტი მოგვიტანეს ახლა.

  • თქვენს ქალაქში საკმაოდ ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს, ისინი ალბათ ორმაგი სტრესის ქვეშ არიან მათი ისტორიული სამშობლოს თავდასხმის გამო, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

სადაც მე ვცხოვრობდი, იქ უმრავლესობა რუსულენოვანია – ძირითადად გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჩასახლებული მიგრანტები არიან. 2014 წელს მათი განწყობა რუსეთის მხარეს იყო, რადგან ბევრი ელოდა „რუსული სამყაროსგან“ სიკეთეს, მით უმეტეს, ვისაც მოუწია საბჭოთა კავშირში ცხოვრება. მაგრამ რვაწლიანმა ომმა ძლიერი გარდატეხა მოახდინა ამ ადამიანების განწყობასა და წარმოდგენაზე. დღეს ალბათ 20% შემორჩა მხოლოდ, ვისაც ძველი განწყობა აქვს. შესაძლოა, ისინი თავს ამ მდგომარეობაში კომფორტულადაც გრძნობენ, მაგრამ დანარჩენისთვის ეს ომი არის კატასტროფა და მიუღებელი.

რასაც რუსებისგან ვისმენთ, ერთ-ერთი მიზეზი ომის დაწყების რუსული ენის დაცვა იყო, თუმცა მე ამ ხნის განმავლობაში არასდროს მინახავს ენის ნიშნით კონფლიქტი ან რაიმე მსგავსი.

  • ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის წილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვალსაზრისით მაღალია ევროპაში და ეს ომი პრობლემებს ამ მხრივაც შექმნის. დაიწყეს ფერმერებმა მიწების დამუშავება?

უკრაინაში მარტი იყო ძალიან ცივი და თოვლიანი – ესაა ძირითადი შემაფერხებელი მიზეზი სოფლის მეურნეობის სამუშაოების. პრეზიდენტმა და ფერმერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ აუცილებლად ჩაატარებენ საგაზაფხულო სამუშაოებს. საგაზაფხულო სამუშაოების ძირითადი დატვირთვა აქ აპრილის თვეზე მოდის. სავარაუდოდ, ამინდიც გამოკეთდება და აუცილებლად ჩატარდება საგაზაფხულო სამუშაოები.

ბოლო დღეებში რუსეთმა იმ ინფრასტრუქტურების დაბომბვა დაიწყო, სადაც საწვავის მარაგი ინახება. აი, მაგალითად, ლვოვში უდიდესი საწვავის საცავი გაანადგურეს… მაგრამ ორი დღის წინ შედგა სატელეფონო საუბარი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაგვპირდა საწვავით მომარაგებას.

  • თუ იცით, თქვენი სახლი სევეროდონეცკში დაიბომბა?

დაიბომბა. მე იქ ვცხოვრობდი ისლამის კულტურულ ცენტრთან ახლოს და დაახლოებით 10 დღის წინ მოხვდა ამ ცენტრს ნაღმი. დააზიანა შენობის წინა მხარე, ფანჯრები, ცენტრალური კარი. მე მაქვს კომპანია, რომელიც საქართველოდან სეზონზე ეზიდება ციტრუსს, ვმუშაობდი მაღაზიებთან, რომლებსაც ვამარაგებდი ხილ-ბოსტნეულით. სევეროდონეცკში დაზიანდა ჩემი ინვენტარი, დაახლოებით 20 000 ამერიკული დოლარის ღირებულების საქონელი დამრჩა იქ, რომელიც გაფუჭდა.

  • როგორია თქვენი მოლოდინი, შეძლებთ დაბრუნებას სევეროდონეცკში, სადაც 24 წელი ცხოვრობდით ოჯახთან ერთად?

ეს არ იქნება ხანმოკლე ომი. შესაძლოა, უკრაინის რომელიმე რეგიონში ტემპმა მოიკლოს, მაგრამ აღმოსვლეთი უკრაინა, სადაც მე ვცხოვრებდი, ეს არის რუსეთის პირველი სამიზნე… რუსეთს სურს ყირიმის ნახევარკუნძულისა და სახმელეთო გზის ოკუპირება. ეს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა დაბრუნება ჩვენს სახლებში უახლოეს პერიოდში. თუმცა, იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ინფრასტრუქტურის აღდგენა თავიდან მოგვიწევს, რადგან ბრძოლის ის ტემპი, რაც აღმოსავლეთ უკრაინაშია, რაიმეს გადარჩენას გამორიცხავს.

გიორგი ვაშაძე, საქართველოდან ჩასული ქართველი მოხალისეები და უკრაინელები თემურ ბერიძესთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: