მთავარი,სიახლეები

რა წერია ავარიული სახლების პროგრამაში – მთავრობა 1 კვ.მეტრს მაქსიმუმ 1700 ლარით დააზღვევს

30.03.2022
რა წერია ავარიული სახლების პროგრამაში – მთავრობა 1 კვ.მეტრს მაქსიმუმ 1700 ლარით დააზღვევს

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ თუ მშენებელი კომპანიები ან დეველოპერები საფინანსო ორგანიზაციებთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, აშენებულ სახლებში 1 კვ.მეტრ ფართობს არაუმეტეს 1700 ლარად შეიძენს. ამით მთავრობა პროექტის დამფინანსებელი ბანკების რისკებს აზღვევს. პროგრამა, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა.

პროგრამა თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან დღემდე 15 პროექტის განხორციელება მოხერხდა, იმ პროგრამასაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერდა ხელს.

მთავარი განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში საცხოვრებელი პროგრამაში მოხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ავარიულობა ექსპერტიზით არის დადასტურებული.

ახალი პროგრამის მიზანი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ჩანაცვლების ხელშეწყობა და ამ სახლებში მცხოვრებთათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. პროგრამის მიზნების ჩამონათვალშია ასევე ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

ბათუმის მერიას პროგრამის ეფექტურად განხორციელება დაევალა. პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მერიამ უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა. ასევე, პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემა შემჭიდროებულ ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროგრამის მიხედვით, საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის პროექტებს დააფინანსებენ, ვალდებულება შესრულებულად  ქონების ექსპლუატაციაში მიღებიდან ჩაეთვლებათ.

პროგრამის ბიუჯეტი 150 მილიონი ლარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: