მთავარი,სიახლეები

„წყალი უწყვეტად კირილეს მერე აღარ გვაქვს“ – რას ჰყვებიან გონიოელები არჩევნების წინ

01.04.2022 • 1326
„წყალი უწყვეტად კირილეს მერე აღარ გვაქვს“ – რას ჰყვებიან გონიოელები არჩევნების წინ

„ხმა უნდათ, რომ ახლა მივცეთ, ხომ?“ – ხუმრობით ცდილობს ახსნას გონიოს ციხესთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გადათხრა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სულხან კახაძემ. ის აქვე ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს „ქართული ოცნება“. ცნობილია, რომ გონიოში სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვთ, წყლის ახალი მილებისთვის კი, ეზოები „გადამწყვეტ“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადათხარეს.

2 აპრილს ანუ ხვალ ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია. არჩევნებია გონიოშიც, სადაც გუშინ, 31 მარტს, „ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რა მოსთხოვეს კანდიდატებს ამომრჩევლებმა.

რას აჩვენებს ეზოს გადათხრა სასმელი წყლისთვის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე? – ეს როცა  ვიკითხეთ, გონიოელებს გაუკვირდათ,  ისინი მიიჩნევენ, რომ სისტემის მოწყობა თავისთავად კარგი ამბავია. მერე რა, რომ არ იციან, აქამდე რატომ არ აქვთ გონიოს ციხესთან ორი ფეხის ნაბიჯში, ტურისტულ ზონაში და ზღვისპირას სასმელი წყალი.

გადათხრილი ეზო გონიოს ციხესთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში

„წყალი კი არა, ცეცხლი ეკიდება საჭმელს, რა ვჭამოთ?“ – გვეკითხება მედიკო მალაყმაძე, რომელიც მეზობლის ქალებთან ერთად ფანჩატურში დაგვხვდა.

„წყალი უწყვეტად, აბა, კირილეს მერე აღარ არის,“ – ქუდს ისწორებს ის და მძიმე ტექნიკას აყოლებს თვალს, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოჩნდა გონიოელების დასახლებაში. მერე გვიყვება, რომ კირილე ბერიძე საბჭოთა პერიოდში გონიოს მეურნეობის დირექტორი იყო, მაშინ წყალიც გვქონდა, საჭმელიც და სასმელიცო.

„მეცხოველეობა იყო, მწველავად ვმუშაობდი, გაზეთშიც გამწერეს, ტელევიზიაშიც გამოვჩნდი… ახლა წყალი მრიცხველზე იქნებაო, რით გადავიხადოთ?“ – მეზობლებს შეჰყურებს მედიკო. მეზობლებსაც ისეთი მზერა აქვთ, მარტივად საგრძნობია, ეს საკითხი არაერთხელ რომ განიხილეს.

„წყალი ახლა გვაქვს, მაგრამ როგორც კი ჩამოცხება ანუ ზაფხულობით პრობლემაა, დღისით გვითიშავდნენ, ღამე – მოდიოდა. ახლა ვნახავთ, როგორ იქნება,“ – საუბარში ნანული მამულაძე ერთვება. ის სამუშაო ადგილებს ითხოვს, რომ ხალხი დასაქმდეს და სიღარიბე აღარ იყოს.

„ადრე ვმუშაობდი კირილე ბერიძესთან, ახლა სად ვიმუშაოთ? გამომაქვს აგერ ტანსაცმელი და ვყიდი, მაგრამ ვინ იყიდის? არაა ხალხში ფული, გამოვიტან, დავალაგებ, საღამოს შევალაგებ უკან,“ – გვიხსნის მედიკო მალაყმაძე და თან ფანჩატურის სახელურებზე გადაწყობილ ტანსაცმელს უსვამს ხელს.

გონიოს დასახლება

„სადაა სამუშაო, ხალხი პოლონეთში მირბის, ზოგი გერმანიაში, იტალიაში, რა ვიცი მე,“ – ამბობს ელენა ფუტკარაძე. დიალოგში სხვა მეზობლებიც ერთვებიან, რომლებსაც, მაგალითად, არ სურთ მოსაზრება გამოთქვან „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“. გვეუბნებიან, რომ არ იციან, დასრულდა თუ არა ამ საქმის გამოძიება.

ნუგზარ ფუტკარაძე მე-4 მაჟორიტარული ოლქიდან აირჩიეს ბათუმის საკრებულოში წინა არჩევნებზე, თუმცა ის საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. ენმ-ს ვერსიით, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ცდილობდა „ქართული ოცნება“ და მასზე ზეწოლა მოახდინეს. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ახლა ღირსების არჩევნებია და ამიტომაც კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი – მათე ფუტკარაძე დაასახელეს. „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი, რამაზ ჯინჭარაძეა. 

„ვინ იცის, რა მოხდა, მაგრამ პოლიტიკაში როცა მიდიხარ, ნერვიულობაც გიწევს…“ – ამბობს მედიკო მალაყმაძე.

„ყველას თავისი პრობლემა აქვს, ოპერაცია გაიკეთა ჩემმა მეუღლემ, დამიფინანსეს, მაგრამ სრულად არა, ნაწილი ჩვენი გადასახდელია, ვერ ვიხდით,“ – გვიყვება ნანული მამულაძე.

„მე, პირადად, ფული არ მაქვს, მირჩევნია ისე მოვკვდე,“ – მოკლედ აწყვეტინებს მეზობელს სიტყვას მედიკო მალაყმაძე.

„ის დაწერეთ, რომ პრობლემაა საბავშვო ბაღი… სააკაშვილის დროს გათხარეს მიწა და მერე არაფერი, დარჩა გათხრილი,“ – პრობლემას ასახელებს მედიკო მალაყმაძე და ამატებს, თვეში 20 ლარს ვიხდი, ტრანსპორტმა შვილიშვილი სოფელ გონიოს საბავშვო ბაღამდე რომ მიიყვანოსო.

„პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე, არ ვეხები,“ – კატეგორიულია ნარგულ მამულაძე, მას გონიოს დასახლებაში სურსათის პატარა მაღაზია აქვს და გარეთ დაგვხვდა, მწვანილს არჩევდა.

ნარგულ მამულაძე

„მერე რა, რომ გადათხარეს, მრიცხველები უნდა დაყენდესო, საქმე კეთდება. ყველაფერი გვარდება, ყველა პრობლემა გვარდება…“ – გვეუბნება ნარგულ მამულაძე და მარკეტში დაბრუნებას არჩევს.

კიდევ ერთი ეზო გონიოში, სადაც სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წინასაარჩევნოდ დაიწყეს

გონიოელების დიდი ნაწილი ძირითადად უკმაყოფილო იმითაა, რომ მიწის ნაკვეთები, რომელიც მრავალწლიანი დავის შემდეგ დაირეგისტრირეს, სათანადოდ ვერ იყენებენ. მესაკუთრეებს ახალი შენობების აგება სურთ ისტორიული ციხის მეზობლად, რაც კანონით დაუშვებელია.

„მე ვითხოვდი და ვითხოვ, მაგალითად, ღობეები გაგვიკეთონ კორპუსების ეზოებში და მწვანე ადგილები შევინარჩუნოთ… ქალაქი დაგვარქვეს, მაგრამ არაფერი შეიცვალა, ისევ საქონელი ჰყავს უმრავლესობას და ყველაფერი ნადგურდება.

პრობლემაა ბავშვების ატრაქციონებიც, მოძველებულია, გამოსაცვლელია,“ – ეს ნაზიბროლა კოჩალიძემ გვითხრა.

ნაზიბროლა კოჩალიძე

დაზიანებული ტრენაჟორები გონიოში

„ჩვენ პოლიტიკა არ გვაინტერესებს“, – მპასუხობენ ბიჭები, კორპუსების უკან, ზღვის გადასასვლელთან რომ შეკრებილან. კითხვაზე „რატომ?“ ერთ-ერთი მათგანი ხმამაღლა ამბობს:

„პოლიტიკოსებს არ ვაინტერესებთ ახალგაზრდები, უფრო სწორედ, ეგ არის,“ – ამბობს ლაშა ფუტკარაძე და გვთხოვს, ფოტოები არ გადავუღოთ.

ახალგაზრდები რამდენიმე პრობლემას ასახელებენ, რაც, მათი აზრით, მოსაგვარებელია: კალათბურთის მოედანი, მოუწესრიგებელი გზები, ინფრასტრუქტურა, ჭოროხის ხიდი, რომლითაც გონიოს ბულვარი, მათ შორის, ველობილიკი ახალ ბულვარს დაუკავშირდება.

„ჩვენ რომ არ ვართ აქტიურები, მაგის ბრალია, უნდა მოგვეთხოვა,“ – ამბობს ერთი ბიჭი.

სწორად მიგაჩნიათ, როცა წლების განმავლობაში არსებობს წყლის პრობლემა და მის მოგვარებას წინასაარჩევნოდ იწყებენ? – ვეკითხები ახალგაზრდებსაც.

„აქამდე უნდა მოგვარებულიყო ეს ყველაფერი,“ – ამბობს ერთი, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს გავლენას ამომრჩეველზე ვერ მოახდენს.

„რატომ არ მოახდენს? ამის კეთება ხომ დასრულებული არ არის, დასამთავრებელია,“ – ამბობს სულხან კახაძე.

„რომელ საუკუნეში ვართ, საერთოდ? ახლა უნდა გვარდებოდეს სასმელი წყლის პრობლემა?“ – ირონიით გამოხატავს ბრაზს ლაშა ფუტკარაძე და ყველა ჩუმდება.

„დარდი ყველას აქვს, ასე ხომ არ მოვკდებით ყველა?“ – გაღიმებას და უხერხული პაუზის დასრულებას ცდილობს ერთი ბიჭი და ახალ პრობლემას ასახელებს:

„გარეგანათება არაა, არც პლაჟზეა, არც აქ, პლაჟზე რაც საჭიროა, ისიც არაა მოწყობილი, სკამებიც ამ ზაფხულს დადგეს…“ – გვიყვება ის.

გონიო, ზღვაზე გადასასვლელი

„ასე არ შეიძლება, მზე უნდა ჩანდეს, არ შეიძლება ამდენი მაღალი კორპუსი,“ – ეს ჯამბულ ხალვაშმა გვითხრა და გაშლილი ხელით მიგვითითა მზეზე, ახალი კორპუსები რომ ფარავდა. ჯამბულ ხალვაშს იმ დასახლებაში შევხდით, რომელიც მაღალმა, უსწორმასწორო მშენებლობებმა უკვე დაჩრდილეს. ამ დასახლებაში ალაგ-ალაგაა უკვე შემორჩენილი კერძო, ორსართულიანი სახლები მწვანე ბაღებით, ხეხილით, სიმწვანეში კი, ქაოსურად იჭრება ბეტონის კედლები.

გონიოელებს მეზობლებზე პირდაპირ საუბარი უჭირთ, რომლებმაც მაღალი კორპუსები ააშენეს, მაგრამ უკვე აცნობიერებენ, რომ გონიო უფასურდება, ძალას კარგავს უნიკალურობა, რაც გონიოს და კვარიათის მდებარეობას აქვს.

მზის ჩასვლა გონიოში

ანდრია პირველწოდებულის ქუჩა, გონიო

გონიოს პლაჟზე მშენებლობები ახლაც გრძელდება

ორსართულიანი სახლი კორპუსებს შორის, გონიო, ბათუმი

„შეცდომა დაშვებული იყო თავიდან, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ აშენდა მაღალი რამდენიმე შენობა, მერე გაგრძელდა… საშინელებაა. აქედან რაც ჩანს, ძალიან ცუდი რამეა. ზღვის ქარს ხომ თავისი მნიშვნელობა აქვს? ამ ნესტიან ბათუმში ნესტმა კიდევ იმატა,“ – გვითხრა კიდევ ერთმა კაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ღია სანიაღვრე არხის პრობლემაზე გვესაუბრნენ ნუგზარ და ლაშა ფერაძეები. მათი თქმით, წვიმის დროს არხიდან წყალი გადმოდის და მათი საცხოვრებელი სახლებიც იტბორება.

„პრობლემაა მწერებიც, გველები გადმოდიან ხშირად, ვირთხაც ბევრია… წლებია ვითხოვთ ამ არხის დახურვას, მაგრამ არავინაა მომხედავი. ვიფიქრეთ, რომ ჩვენით გავაკეთებდით, მაგრამ მარტო ჩემი სახლის მიმდებარედ რომ მომეწყო, 30 ათასი ლარი მითხრეს… მე კიდევ საოჯახო სასტუმრო გავაკეთე, ბანკის სესხი მაქვს, ვერ ვიხდი…“ – გვითხრა ნუგზარ ფერაძემ.

„ააშენონ შენობები 4 სართული, 5 სართული, მაგრამ 9 და 10 სართული რატომ უნდა შენდებოდეს? ხედები იფარება, მზე აღარ ჩანს, ქაოსურია ეს ყველაფერი…“ – ქაოსური მშენებლობები აღიზიანებს ლაშა ფერაძესაც.

ნუგზარ და ლაშა ფერაძეები

სანიაღვრე არხი გონიოს პლაჟზე

გონიოელების თქმით, გონიოში უკვე ისეთი პრეცედენტები დაუშვეს, რომ ქაოსური მშენებლობების შეჩერების მოლოდინი აღარ აქვთ. აქ ადამიანები გაგრძნობინებენ, რომ კარგად იციან, რას ნიშნავს ცხოვრობდე სამშენებლო პოლიგონზე, როცა თვითმმართველობაც ფიქციაა, ან მარტივად სახელისუფლებო პოზიციას იზიარებენ, ან მარტივად თუ რთულად – ირჩევენ დუმილს.

კვარიათის შესასვლელი

გონიო, 2022 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: