სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია

WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, 2021 წელს ჩაატარა „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, რომლის მიზანი ისტორიის და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო.

კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას. ამ თემაზე „ბათუმელები“ კვლევითი გუნდის ერთ-ერთ წევრს, განათლების სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და რა შედეგები აჩვენა კვლევამ?

კვლევის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები იქნა გამოყენებული. საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც საჯარო სკოლების 9-12 კლასების 4366 მოსწავლე მოიცვა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი 12 ფოკუსჯგუფი შედგა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, ასევე, რვა პირისპირ ინტერვიუ – სფეროს ექსპერტებთან.

  • რა კითხვები იყო ბავშვებისთვის, დაახლოებით რომ გვითხრათ?

კითხვები იყო რამდენიმე ჯგუფის, მაგალითად, ერთი ჯგუფი ეხებოდა ისტორიის გაგებას და ისტორიის შესწავლის მიზნებს. ვთქვათ, რა არის ისტორია მათთვის, რა უნდა იყოს ადამიანის მიზანი, როცა ისტორიას შეისწავლის. იყო ჯგუფი, რომელიც არკვევდა, როგორი ისტორია აინტერესებთ, მაგალითად, რა პერიოდები აინტერესებდათ ბავშვებს.

სხვა ჯგუფი არკვევდა, ვთქვათ, იმას, რა ღირებულებები აქვთ ბავშვებს ისტორიასთან მიმართებაში. მაგალითად, ვინ არიან გმირები მათთვის, რა დამოკიდებულება აქვთ ერების და სახელმწიფოს მიმართ, რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთის, ევროკავშირის, საბჭოთა კავშირის მიმართ, პოლიტიკის და რელიგიის მიმართ და ასე შემდეგ.

ცალკე კითხვები იყო, რომელიც იმ გარემოს შეეხებოდა, რომელშიც ისინი სწავლობენ, გაკვეთილებს ესწრებიან და რა ხდება, ვთქვათ, ამ გაკვეთილებზე.

  • ღირებულებები ახსენეთ – ასევე რუსეთი, საბჭოთა კავშირი. რა დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ამ თემების მიმართ. როგორია განწყობა რუსეთთან დაკავშირებით, აღიქვამენ თუ არა, მაგალითად, რუსეთს მტრულ სახელმწიფოდ?

ეს გამოკითხვები გაკეთდა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, თუმცა მაშინაც, გამოკითხული ბავშვების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს მისი მეზობელი ქვეყნებისთვის.

ბევრად ნაკლები უჭერდა მხარს იმას, რომ მეზობელია, ძლიერი ქვეყანაა და ასე შემდეგ.

ევროკავშირთან დაკავშირებით გამოჩნდა ის, რომ მოსწავლეების უმეტესობა ევროპას მიიჩნევს სივრცედ, სადაც უნდა გაწევრიანდეს საქართველო, რადგან უფრო მეტი ღირებულებები და ისტორია გვაკავშირებს მათთან.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულებებია ძირითადად, მაგრამ შეინიშნება ასეთი ტენდენციაც, რომ, მაგალითად, დიქტატორ სტალინს და ბერიას მოსწავლეების 25 პროცენტი მაინც მიიჩნევს საამაყო წინაპრად.

  • ეს იმის ბრალია, რომ სკოლაში ვერ ხერხდება მათ შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, გაანალიზება ამ პერიოდის, თუ რატომ ხდება ასე?

სკოლებში საბჭოთა კავშირის მიმართ უფრო ნეგატიურ დამოკიდებულებას უღვივებენ. უფრო ოჯახებიდან მოდიოდა ეს განწყობები: ბავშვები ამბობდნენ, რომ სახლში საუბრობენ მათ შესახებ პოზიტიურ კონტექსტში.

რეპრესიებს რაც შეეხება, ამართლებენ იმით, რომ რთული პერიოდი იყო თურმე, სხვა გზა არ ჰქონდა სტალინს და ასე შემდეგ.

სხვა მხრივ, ისტორიის მიმართ ღირებულებებს რაც შეეხება, კვლევას უნდა ეჩვენებინა – ისტორია რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის გააზრებისა და მომავლის განსაზღვრისთვის. ასევე გვაინტერესებდა, რას ფიქრობენ მოსწავლეები სხვადასხვა წყაროზე, რადგან, როგორც ვიცით, არსებობს ისტორიის საპირისპირო აღქმები და რამდენად შეიძლება თანაარსებობდნენ, ვთქვათ, ეს აღქმები.

მოსწავლეების პასუხებიდან შემდეგი ჩანს: ისინი ერთი მხრივ აღიარებენ, რომ წყარო შეიძლება იყოს მიკერძოებული და აუცილებელია მისი კრიტიკული შესწავლა, თუმცა მეორე მხრივ, რაღაც ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორია მაინც ერთი სწორი ინტერპრეტაციაა, რომელიც უნდა იკვლიოს ისტორიკოსმა.

ერთან, ერების გაგებასთან დაკავშირებითაც იყო ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ერთი მხრივ, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ერი არის ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელიც ადამიანების სურვილის მიუხედავად ყალიბდება, იმიტომ, რომ საერთო ენა, კულტურა და რაღაც საერთო ტერიტორია აქვთ და, მეორე მხრივ, ასევე აღიარებენ, რომ ერები არის ადამიანების მუშაობის შედეგი.

ერთი ამბობს, რომ, მაგალითად, ქართველი ერი ყოველთვის არსებობდა და მეორე კონცეფცია ამბობს, რომ ქართველი ერი არის მიზანმიმართული შეთანხმების საგანი, რომ თერგდალეულებმა შექმნეს იდეა ქართველების და ამ იდეის გარშემო შექმნეს საგანმანათლებლო სისტემა, მთელი მოძრაობა და ამან ახალი ეროვნული თვითშეგნება გამოიმუშავა ხალხში. მაგალითად, ლაზების საკითხი რომ ავიღოთ, ერთი კონცეფციის მიხედვით ისინი ქართველები არიან, მეორე კონცეფციის მიხედვით კი, რადგან ისინი თურქეთის საზღვრებში შედიან, შეიძლება თავს თურქული ერის ნაწილად მიიჩნევდნენ.

  • როგორი დამოკიდებულება აქვთ გმირებთან მიმართებაში – ყველაზე მეტად რომელი გმირი მოსწონთ და რატომ?

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს მითოლოგიური გმირები და ისტორიული პერსონაჟები ხშირად ერთმანეთში ერევათ. გმირების შესახებ ორნაირი კითხვარი იყო, ერთში წინასწარ იყო ჩამოწერილი გმირების სია და ვეკითხებოდით, მათი აზრით რომელი იყო აქედან ქართველებისთვის საამაყო წინაპარი და მეორე, თავად უნდა დაესახელებინათ, თუ ვის მიიჩნევენ გმირად.

ჩამოთვლის შემთხვევაში, ძალიან დიდი პროცენტი ასახელებდა, რომ ზეზვა და მზია იყო საამაყო ან ამირანი, კოლხი მედეა და ასე შემდეგ. ზეზვასა და მზიას არ ვიცი რა აქვთ საამაყო, გარდა იმისა, რომ ისინი არსებობდნენ დიდი ხნის წინ.

  • შესაძლოა ქართული ცივილიზაციის სიძველეს გაუსვეს ხაზი?

კი, შესაძლოა იყოს კავშირში იმასთან, რომ რაც უფრო ძველია ის ცნობები, რომლებსაც შენ ეყრდნობი, საკუთარი ერის ისტორიის მოყოლის დროს, მიუხედავად იმისა, ეს ცნობები ისტორიულია თუ მითოლოგიური, მაინც ამაყობენ. სიძველით სიამაყე არის დამახასიათებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და შეიძლება ესეც იწვევდეს ამას. დიდად არ ფიქრობენ იმაზე, არსებობდა ეს გმირი თუ არა.

ყველაზე პოპულარულები არიან ოქროს ხანის მეფეები – თამარი და დავითი. შემდეგ მოდიან ქართველი განმანათლებლები, ილია, ვაჟა და ასე შემდეგ. ნაკლებად სწავლობენ სოციალური ჯგუფების, სტრუქტურებისა და მოვლენების შესახებ და უფრო სწავლობენ პიროვნებების შესახებ.

  • თუმცა ისტორიის მიზანი ხომ კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. პარალელების გავლება თანამედროვეობასთან და მოვლენების ანალიზი.

კრიტიკული აზროვნების განვითარებას უფრო მეტად ეხმარება როლური თამაშები. როცა ბავშვები უშუალოდ არიან ჩართული აქტიურ სწავლებაში, უფრო მეტ მრავალფეროვან ინფორმაციას ეცნობიან, რომელიც კარგად აჩვენებს პრობლემას.

კვლევამ ასევე აჩვენა ის, რომ მოსწავლეები, გარდა სკოლისა, ისტორიას ეცნობიან ინტერნეტით და მედიის მეშვეობით, თუმცა ამ წყაროებს ნაკლებად ენდობიან. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ კრიტიკული აზროვნების რაღაც ელემენტები ათვისებული აქვთ –   ყველაფერს ბრმად არ ენდობიან.

  • რომელ წყაროებს ენდობიან ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად ენდობიან სასკოლო წყაროებს და მუზეუმებს, რომლებსაც ყველაზე იშვიათად მიმართავენ ხოლმე ბავშვები. ასევე, ისტორიულ ადგილებს, პედაგოგების მონათხრობს, შემდეგ სასკოლო წიგნებს, შემდეგ რეპეტიტორებს და ამის შემდეგ… მოდის დანარჩენი. ვთქვათ, იგივე არაფორმალური განათლება, სასულიერო პირები, სხვა ზრდასრული ადამიანები, მეგობრები, მხატვრული წყაროები, ინტერნეტი და ასე შემდეგ.

კარგი იქნება, მედიაში უფრო მეტი საინტერესო გადაცემები რომ იყოს ბავშვებისთვის ან ვებგვერდები, სადაც იპოვიან საინტერესო მასალებს და ამით შესაძლოა ამ წყაროების მიმართაც გაიზარდოს ბავშვების ნდობა.

სინამდვილეში უფრო მეტი რესურსი არსებობს, ვიდრე იყენებენ. მასწავლებლები ამბობენ ხოლმე, რომ არ ჰყოფნით რესურსები, დრო, ფული, რომ წაიყვანონ ბავშვები მუზეუმებში. ჩვენთან არ არიან მიჩვეული იმას, რომ ბავშვი დამოუკიდებლად წავიდეს მუზეუმში და მოიძიოს ინფორმაცია, მას აუცილებლად უნდა ახლდეს უფროსი, ისე არც მუზეუმები აძლევენ მას დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

მე მეათე კლასში ამერიკაში ვსწავლობდი და იქ მიჩვეული ვიყავით მუზეუმში დამოუკიდებლად მუშაობას. მოგვცემდნენ კონკრეტულ კითხვებს, გარკვეულ დროს და ჩვენ, დამოუკიდებლად შეგვეძლო მუშაობა. როცა გვინდოდა და ვისთან ერთად გვინდოდა, შეგვეძლო წავსულიყავით და მოგვეკვლია ინფორმაცია.

ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ არქივებში შესვლას ნებართვა სჭირდება და ასევე ფასიანია ინფორმაციის მოპოვება. ეს ბავშვებისთვის ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას ართულებს. ძალიან ბევრი ინფორმაციაა იგივე რეპრესირებულთა შესახებ და სტალინური პერიოდის უკეთ შესწავლა-გაანალიზებაში ეს წყაროები ძალიან დაეხმარებოდა ბავშვებს.

მაგალითად, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გარემოს საკითხებზე მუშაობდა. ადრე იყო პროექტი, რომლის ფარგლებში აკეთებდნენ გზამკვლევებს ქალაქის, სოფლების, ტურისტული მარშრუტების შესახებ, თვითონ იღებდნენ ინტერვიუებს ადამიანებისგან და უშუალოდ გარემოდან იწყებდნენ ისტორიის შესწავლას… ძალიან მოსწონთ ეს პროცესი, საკუთარი მიგნებები და შთაბეჭდილებები ეხმარება მათ ისტორიის შესწავლაში. ეს არის ძალიან კარგი, ვიდრე ის, რაც მათ საკლასო ოთახებში ხდება.

მაგალითად, როცა კვლევაში ვეკითხებოდით, იყო თუ არა ისტორიის შესწავლა მათთვის სახალისო და საინტერესო, ამაზე დადებითი პასუხი ყველაზე ბოლო ადგილზე გავიდა. მათთვის ისტორია არ არის საინტერესო ამბების წყარო. უფრო არის დიდაქტიკური და რაღაც იდენტობის საშუალება.

  • ეს ნიშნავს, რომ გაკვეთილები არის უინტერესო?

ერთი მიზეზია ის, რომ თავად შინაარსი არ არის მიწოდებული სწორად, ცოტას კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას ისტორიის შესახებ და ასევე ცოტას უყურებენ მხატვრულ ფილმებსაც.

ისტორია მათთვის ძირითადად არის ისტორიკოსების მოყოლილი, რაღაც ფაქტების ანალიზი. ეს არის ერთი პრობლემა და მეორე, თვითონ როგორ სწავლობენ, რას სწავლობენ.

მათთვის საინტერესოა როლური თამაშები, როცა რაღაც სიტუაციას დგამენ, მაგალითად, პომპეუსი როგორ შემოესია და ამის ინსცენირებას აკეთებენ. როცა შეუძლიათ თავად დაინახონ სხვადასხვა პერსპექტივიდან ამბავი და შემდეგ გაითამაშონ ეს პერსპექტივა.

  • როდესაც კითხვებს ვსვამდით იმაზე, თუ რამ უნდა შეუწყოს ხელი კრიტიკული აზროვნების განვითარებას, სკოლებსა და სამინისტროში გვეუბნებოდნენ, რომ აი, ახლა ინერგება სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სწორედ ამაზეა ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ, ეს ახალი გეგმა შეუწყობს ხელს კრიტიკულ აზროვნებას ბავშვებში?

ერთია ის, როცა სახელმწიფო მოუწოდებს მასწავლებლებს, რომ უფრო სახალისო გახადონ სწავლება ბავშვებისთვის, რაღაც პროექტები გააკეთებინონ მოსწავლეებს, კომპლექსურ დავალებებს რასაც ეძახიან, შესაძლოა ბევრი აქტივობა გააკეთონ ამის ფარგლებში და რაღაც პროდუქტი მიიღონ, ვთქვათ, რომელიღაც ბავშვმა ლექსიკონი შექმნას, ვიღაცამ კლიპი გადაიღოს, მეორემ რაღაც კვლევა ჩაატაროს, მაგრამ აქაც ჩანს, რომ მასწავლებლები, რომლებსაც არ სურთ ან არ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ახალი მეთოდები, ითვისებენ ამ ახალ ენას და რეალურად, ძველ ნაბიჯებს დგამენ.

შეიძლება კომპლექსური დავალება დაარქვას იმას, რასაც აქამდე სულ აკეთებდა, მაგრამ მაინც მოაყოლოს ბავშვს გაკვეთილი. სინამდვილეში სამფაზიანი მოდელი იმიტომ შემოვიდა, რომ ეს მიდგომა შეეცვალა – რომ ჯერ უნდა იწვევდე მოსწავლეში ინტერესს, შემდეგია მოკვლევა და ამის საფუძველზე ანალიზი. ახლა კი ხდება ისე, რომ მასწავლებელი ითვისებს  განათლების ახალ ენას, მაგრამ მაინც ძველი მეთოდებით აგრძელებს მუშაობას.

ამიტომაც არის, რომ კომპლექსური დავალებების კეთების დროს ბევრი მასწავლებელი და მშობელიც ჰყვება იმას, რომ პროექტებს კი არ აკეთებენ ბავშვები, არამედ ისევ საშინაო დავალებებს ასრულებენ, როგორც აქამდე.

ზოგიერთი მასწავლებელი კი რამდენიმე კვირის დავალებას ერთ ღამეში ასრულებინებს ბავშვს და ეუბნება, რომ მეორე დღეს მიიტანოს პლაკატი. ბავშვიც ზის და მშობელთან ერთად აკეთებს გამწარებული პლაკატს, რომ ამ მასწავლებელმა მერე თქვას, როგორ თანამედროვე სტანდარტებით ატარებს გაკვეთილს.

  • გამოსავალი?

ნელ-ნელა უნდა გააცნობიერონ ის, რომ თუ მიზანი მაქვს ძველი, მაგრამ ინსტრუმენტი ახალი, მაშინ შეიძლება არ გამოვიდეს ის, რაც ჩაფიქრებულია. თუ ახალი მიზანი მასწავლებლისთვის უცხოა და არ სჯერა ამ ახალი მიზნის, თუ ისევ უნდა დავაზეპირებინო რაღაც ინფორმაცია ბავშვს, ოღონდ ამას კომპლექსური დავალებების ფარგლებში ვაკეთებ, ასე არაფერი გამოვა.

მე მინახავს მსგავსი რაღაცები, რადგან დიდი ხანია ამას ვაკვირდები. მაგალითად, სახელმძღვანელოები როცა შეიცვალა, გაკვეთილის ბოლოში მოცემული იყო რამდენიმე წყარო და იყო დავალება, რომ „გადახედე წყაროებს და ამ წყაროების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე გააკეთე დასკვნა“. დასკვნა კი არ იყო გაკეთებული, არამედ სამივე წყარო ჰქონდა დაზეპირებული მოსწავლეს.

ჭაჭის კოშკი მე-7 წელია გამოკეტილია – რატომ არ აქვთ პასუხი ბათუმის მერიაში

რატომ არის ჭაჭის კოშკი ბათუმში უკვე მე-7 წელია მოუვლელი და რას უპირებს მას მერია? – ბათუმის მერიის პრესცენტრში სამუშაო დღის დასრულებამდე კითხვაზე პასუხი ვერ მოგვაწოდეს.

ჭაჭის კოშკი ბათუმში, ცენტრალურ ადგილას, გოგებაშვილის ქუჩაზე გამოკეტილია და მოუვლელი. იგი უფუნქციოდაა წლების განმავლობაში. ამჯერად უკვე ჭაჭის კოშკის შადრევნის ფილების ნაწილიც ამოყრილია, ხოლო შენობის ბათქაში დაზიანებულია. ჭაჭის კოშკის შესასვლელი ჩაკეტილი დაგვხვდა, თუმცა რკინის გისოსებიდან ჩანს შენობის შიგნით დაყრილი ნაგავი.

ჭაჭის კოშკი ბათუმში 2012 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარი დაიხარჯა. თავდაპირველი კონცეფციით, ჭაჭის კოშკის სენსორული აპარატიდან კვირაში ერთხელ ჭაჭა უნდა წამოსულიყო და ტურისტები მოეზიდა.

2017 წელს კოშკზე საათიც გაფუჭდა, რომლის შესაკეთებლად ბათუმის მერიამ 19 ათასი ლარი გამოყო, თუმცა კოშკზე დამონტაჟებული საათიც გაჩერებულია.

„ჭაჭის კოშკი“ ბათუმში

 

 

უნდა გასაჯაროვდეს თუ არა EU კითხვარის პასუხები და როდის? – ექსპერტთა მოსაზრებები

13 მაისს  იწურება ვადა, როდესაც საქართველომ ევროკავშირს წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ მიღებული კითხვარის პასუხები უნდა დაუბრუნოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. თუმცა რიგ ექსპერტებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ ვადაზე, თუ როდის უნდა გასაჯაროვდეს.

„196-ე კითხვაზე პასუხი, რომელიც ეხება სატელეფონო მოსმენებს, ჩემთვის ნომერ პირველია. ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე.

ის იმ ადამიანთა რიგშია, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები უნდა გასაჯაროვდეს მაშინვე, როგორც კი მას ევროკავშირი მიიღებს.

„იმიტომ, რომ ეს პასუხები მომზადებულია საქართველოს სახელით, საქართველოს ხელისუფლება ამზადებს ამ დოკუმენტს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენს ქვეყანაზეა ლაპარაკი. რაც უფრო მეტი იქნება დისკუსია ევროკავშირის თემაზე, თუნდაც  კრიტიკული, მით უკეთესი იქნება და წაადგება პროცესს.

დასამალი მგონი იქ [კითხვარის პასუხებში] არაფერია. კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება არ გასაჯაროვდეს, თუ არის კომერციული ან სახელმწიფო საიდუმლო. თუ ასეთი ინფორმაცია არის მასში, მაშინ უნდა დაიშტრიხოს და ეს ნაწილი არ გასაჯაროვდეს. თუ არ არის, ეს არ უნდა იყოს ვიღაცის პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაასაჯაროებს თუ არ გაასაჯაროებს,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე, „ღია საზოგადოების ფონდი“

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის GRASS“-ის დამფუძნებელი სერგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ კითხვარის პასუხების გასაჯაროება აუცილებელია. თუმცა ის აქცენტს აკეთებს დროზე.

„კი, უნდა გასაჯაროვდეს, თუმცა როდის გასაჯაროვდეს, შეიძლება იყოს ლეგიტიმური დისკუსიის საგანი. შეიძლება გასაჯაროვდეს კომისიის დასკვნამდე, შეიძლება გასაჯაროვდეს კომისიის დასკვნის შემდეგ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება არ გასაჯაროვდეს ქვეყნის პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე. მესმის ის არგუმენტი, რომ შეიძლება იყოს რაღაც თემები, რომლებზეც მიზანშეწონილი არაა საჯარო პოზიციის დაფიქსირება. მაგალითად, თუ ეს ეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას და ა.შ. მსგავსი თემები შეიძლება იყოს დაფარული და  მაგის გარეშე გასაჯაროებული, მაგრამ პასუხი იურიდიულ კითხვებზე, პასუხი ინსტიტუციურ კითხვებზე, მით უმეტეს, სფეროში რა ხდება, კონკრეტულ სეგმენტებში, მაგაზე როგორ შეიძლება არ გასაჯაროვდეს, ეგ არ წარმომიდგენია,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის GRASS“ -ის დამფუძნებელი

მისი თქმით,  მას შემდეგ, რაც პასუხები გადაეცემა ევროკომისიას, კითხვარი უნდა გასაჯაროვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხების გასაჯაროებას შეიძლება მოჰყვეს ცხარე დისკუსია ქვეყანაში და კონფრონტაცია.

განსხვავებულად ფიქრობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი. მისი თქმით, კითხვარის პასუხები უნდა გახდეს საჯარო მას შემდეგ, რაც ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„იმიტომ, რომ გავლენა არ მოახდინოს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმ დისკუსიამ, რომელიც შეიძლება გაიმართოს იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც პასუხი არ მოეწონა. ამან შეიძლება პროცესი დააზიანოს საბოლოო ჯამში.

კონკრეტული საფრთხე შეიძლება იყოს, თუ, ვთქვათ, აქ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო კრიტიკა: „მთავრობამ ეს არასწორად შეავსო“, „ის ტყუილია“ და ა.შ. წარმოიდგინეთ ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი და სამოქალაქო საზოგადოებიდან მიდის უარყოფითი სიგნალები. ამან შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად. ჩვენს ინტერესებში არ არის ამ ეტაპზე, რომ კრიტიკა დიდი დოზით მივიდეს ევროპულ ინსტიტუტებში, მაშინ, როდესაც მათ დადებითი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები საქართველოს მომავლის შესახებ,“ – უთხრა კახა გოგოლაშვილმა „ბათუმელებს“.

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

მკვლევრის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ან არასამთავრობო სექტორს არ შეუძლია პრობლემურ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირს. მით უფრო, რომ ევროკავშირს წვდომა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე და ისედაც კარგად არის ინფორმირებული, თუ რა მდგომარეობაა ცალკეულ სფეროში საქართველოში.

„ჩვენთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მონიჭება. რაც შეეხება ჩვენს შესაძლებლობას, რომ მთავრობაზე ზეწოლა მოვახდინოთ აი, იმ საკითხებში, რომლებშიც ის არ ატარებს სათანადო რეფორმებს, ამისთვის ასპარეზი არსებობს. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მერეც და არ იყოს მაინც და მაინც კითხვარი. კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭონ, ხელისუფლება ამას აუცილებლად გამოიყენებს და სამოქალაქო საზოგადოებას დააბრალებს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ჩავშალეთ ეს შესაძლებლობა, დავაკარგვინეთ და ა.შ. ამიტომ არ უნდა ჩავერიოთ და ვნახოთ, მთავრობა რას იზამს,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლევან მახაშვილი ერთ-ერთია იმ საჯარო მოხელეებს შორის, ვინც ევროკავშირის კითხვარის შევსებაში მიიღო მონაწილეობა. ის მიიჩნევს, რომ ახლა კითხვარის პასუხების გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.

„ეს კითხვარი გასაჯაროვდება დღეს თუ ხვალ, პირობითად რომ ვთქვათ, მაგრამ ალბათ უნდა გასაჯაროვდეს მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ზოგიერთი არის ისეთი კითხვა, რომელიც მოლდოვასთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით, სხვა თემებთან დაკავშირებით არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ ამ ეტაპზე მომხდარიყო მათი გასაჯაროება.

მაგრამ გასაჯაროებას ვერ გავექცევით. ვერ დაკეტავ ამ თემას. მთავრობისგან თუ არა, სხვა მხრიდან გაიჟონება“, – უთხრა ლევან მახაშვილმა „ბათუმელებს“.

ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი

კითხვაზე, რა რისკებს ხედავს საქართველოს მთავრობის მიერ შევსებული კითხვარის პასუხების ახლა გასაჯაროებაში, ლევან მახაშვილი პასუხობს, რომ ეს პროცესს დააზარალებს.

„ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ამ ორ თვეში დამატებითი კითხვების გაჩენა, ჩემი აზრით, შეაფერხებს და დამატებით არგუმენტს მისცემს ზოგიერთ იმ სახელმწიფოს, რომელიც კრიტიკულად არის დღეს განწყობილი არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის და მოლდოვას მიმართ. ახლა სჯობს კონცენტრაცია მოხდეს, რომ დროულად, სრულყოფილად მომზადდეს ეს კითხვარი, გადაეცეს კომისიას, კომისიამ თავისი დასკვნა დადოს და ევროპულმა საბჭომაც თავისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. სულსწრაფი ხალხი ვართ, მესმის, სულ ორი თვეა დარჩენილი. ერთი თვალის დახამხამებაში გავა ეს პერიოდი და მერე გვექნება შესაძლებლობა ყველას ერთად, რომ შევხედოთ,“ – განმარტა ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილის თქმით, მან და მისმა გუნდმა კითხვარის ის ნაწილი შეავსეს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას ეხებოდა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ კითხვარი შეგვევსო სრულყოფილად. მეორე მიზანი იყო, ეს ყოფილიყო სიმართლე, ანუ კანონის და ყველა პროცედურის შესაბამისად. მესამე – ეს ყოფილიყო დროულად. და, რა თქმა უნდა, იმის სურვილით, რომ საქართველოსთვის დადგეს უკეთესი, დადებითი შედეგი“, – თქვა ლევან მახაშვილმა.

ზელენსკი: პოპულარობა არ შთამაგონებს, რადგან მისი ფასი ომია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ის არ არის შთაგონებული თავისი პოპულარობით, რადგან ამის ფასი უკრაინის ომია. ამის შესახებ მან ავსტრალიურ ტელეარხ Nine Network-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„პოპულარობა, რომელიც მე მაქვს – ეს ნამდვილად არ შთამაგონებს. ზუსტად ვიცი, რა არის ამ პოპულარობის ფასი და ფასი არის ომი. ომი, რომლის შედეგიც ვიცით, მსოფლიომ იცის, რა არის ომი და რამხელა მწუხარება მოიტანა მან უკრაინაში, მოუტანა უკრაინას და უკრაინელებს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის არ ელოდა, რომ ასე პოპულარული გახდებოდა მსოფლიოში. „ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელსაც უკრაინის ხალხი აირჩევს, ასე უნდა მოიქცეს, იყოს ხალხთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა ესა თუ ის ადამიანი“, – თქვა მან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ  ვოლოდიმირ ზელენსკის  მკვლელობის სულ მცირე 10 მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ ზელენსკი ავსტრალიელ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს. „გამოდის, რომ 10 მცდელობა არის 10 ადამიანი, ვისაც ჩემი სიკვდილი უნდა. ეს არც ისე ბევრია და არც საშინელი. ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტს გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, თუ ვიმსჯელებთ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებით მათი პოლიტიკის მიმართ“, – თქვა მან.

„როცა ხალხს აწამებენ, როცა ადამიანების გვამებს პოულობენ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი სიტუაცია არც ისე საშინელია. მე ვშიშობ ჩვენი ხალხის და განსაკუთრებით იმ ოჯახების გამო, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. ვფიქრობ: სანამ ოჯახი გყავს და ახლობლები არ დაგიკარგავს, არაფერია გამოუსწორებელი, არაფერია ძალიან საშიში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბათუმის მერმა 5 ახალი თანამდებობის პირი დანიშნა

ხელვაჩაურის მერის ყოფილი მოადგილე ბათუმის მერიაში თანამდებობაზე დანიშნეს – არჩილ ბარამიძე ბათუმის სპორტულ ცენტრს უხელმძღვანელებს.

არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მოადგილე იყო. არჩილ ბარამიძის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა დადასტურდა, რომ მისი მეგობარი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მაჭახლის ხეობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს, ხელვაჩაურის მერია კი, უკანონობას არ იმჩნევდა. საიას შეფასებით, ჩნდებოდა ეჭვები კორუფციაზე და საჭირო იყო მინიმუმ მოკვლევის დაწყება.

არჩილ ბარამიძეს უკავშირდება კიდევ ერთი საქმე – 2020 წელს მიშა ბოლქვაძემ ენმ-დან დააფიქსირა, რომ არჩილ ბარამიძის სამსახურებრივი ავტომანქანით თორნიკე რიჟვაძის ნათესავი და „ქართული ოცნების“ აქტივისტი – მანუჩარ რიჟვაძე გადაადგილდებოდა. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის კამპანიაში მონაწილეობდა.

„სპორტული ცენტრის“ დირექტორის სავარძელი კი, რომელიც ახლა ირაკლი ბარამიძემ დაიკავა, თითქმის 3 თვეა თავისუფალი, მას შემდეგ, როცა ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემო ხასიამ ერთ-ერთი მიწისძვრის შემდეგ ფეისბუქში დაწერა: „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“.

დღეს, 2 მაისს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ძველი ბათუმის ადმინისტრაციული სერვისცენტრის მენეჯერად დავით ნაკაშიძე დანიშნა, რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერად – ნანა ებრალიძე, ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერად – ლევან ბოლქვაძე, ხოლო სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერად – გოჩა დევაძე.

ბათუმის მერია  ახალ თანამშრომლებთან დაკავშირებით არჩილ ჩიქოვანის შეფასებასაც ავრცელებს. „ახალდანიშნულ თანამშრომლებს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და საკმაოდ კარგი მენეჯერული თვისებები გააჩნიათ,“ – დაწერა არჩილ ჩიქოვანმა  ფეისბუქის პირად გვერდზე.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა

ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავტობუსი დაინიშნა. მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთის ავტოსადგურიდან გამოვა და ბათუმის ავტოსადგურში გაჩერდება. ავტობუსი დღეში სამ რეისს შეასრულებს.

„მოთხოვნა იყო მოსახლეობიდან, ასევე, სტუდენტები ითხოვდნენ ავტობუსის დანიშვნას და ამიტომ გამოვნახეთ სახსრები და შევაკეთეთ ავტობუსი. ყვითელი ავტობუსი ივლის. დამატებითი რეისი სადგურიდან-სადგურამდე იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება ქობულეთიდან ბათუმამდე 80 თეთრია.

ავტობუსი ქობულეთიდან გამოვა დილის 09:00 საათზე, შემდეგ 13:00 საათზე და ბოლო რეისი იქნება 17:00 საათზე. შესაბამისად – უკანა მიმართულებითაც. ბოლო რეისი ქობულეთში 18:30 საათზე დაბრუნდება ბათუმიდან“, – ამბობს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“  ხელმძღვანელი მერაბ პაპუნაიშვილი.

მისი თქმით, შესაძლოა მოგვიანებით ყვითელი ავტობუსი უფრო ახალი ავტობუსით ჩაანაცვლონ.

„აქამდე ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით სამი მუნიციპალური ავტობუსი დადიოდა, თუმცა ისინი სოფლებიდან მოძრაობდნენ და საკმარისი არ აღმოჩნდა მგზავრებისთვის“, – ამბობს პაპუნაიშვილი.

დამატებითი ავტობუსი დღეს, 2 მაისს, გავიდა სამარშრუტო ხაზზე.

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემას ევროპელი აუდიტორები შეაფასებენ

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო სასწავლებლები 2022 წლის 2-11 მაისს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს European Maritime Safety Agency (EMSA) აუდიტს გაივლიან, რისთვისაც ბოლო თვეებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობდა.

თამარ იოსელიანი
თამარ იოსელიანი

„ევროკავშირის ხელახალი შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის შემდგომი განვითარებისათვის, რამდენადაც შეფასდება ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, საქართველო წლებია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (𝗜𝗠𝗢) ე.წ. „თეთრ სიაში“ ირიცხება, რაც ადასტურებს მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირების და ვახტის გაწევის სისტემის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტორების შეფასება ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება: „სწორედ საზღვაო განათლების და სერტიფიცირების მაღალი ხარისხი გვაძლევს შესაძლებლობას მოვამზადოთ მოთხოვნადი პროფესიონალები და ეს ფაქტორი, თავის მხრივ, განაპირობებს როგორც მეზღვაურების, ისე ქვეყნის მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო სივრცეში.“

ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირების მისიის გახსნითი შეხვედრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გაიმართა და მას სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE) დირექტორის მოადგილე, ლაშა მარგიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი, თეა თოდუაც ესწრებოდნენ.

ლაშა მარგიშვილმა საქართველოს განათლების სისტემაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით: „სააგენტოს წარმომადგენლები, როგორც დარგის ექსპერტები და შესაბამისი საბჭოების წევრები უშუალოდ არიან ჩართულნი საზღვაო სასწავლებლების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში“.

თავის მისასალმებელ სიტყვაში საზღვაო დარგის პრიორიტეტულობასა და ევროპასთან დაახლოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც 2013 წელს, როდესაც ევროკავშირმა ხელახლა აღიარა ქართველი მეზღვაურების სერთიფიკატები და დარწმუნებული ვართ, რომ ქართული საზღვაო სფერო კვლავაც დააკმაყოფილებს მაღალ ევროპულ სტანდარტებს“, – აღნიშნა თეა თოდუამ.

პროცესებს, რომლებმაც 2013 წელს დაგვიბრუნა ევროპის ქვეყნების საზღვაო დროშების ქვეშ დასაქმების უფლება და აღადგინა ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების გაუქმება, რასაც 2006-2010 წლებში, სწორედ ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგები დაედო საფუძვლად. დღეს ქართველ მეზღვაურებს 62 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის 19 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 85%-ზე მეტი დაცურავს.

ხარკოვის ოლქში გავჭერით ალყა, მალე რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავლენ – ვანო ნადირაძე

„მესამე დღეა კონტრშეტევებზე ვართ გადასული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ნადირაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაშია ომის დაწყების დღიდან. ის ამჟამად ხარკოვის ოლქში იმყოფება, სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად.

„ალბათ იცით, რომ იზიუმთან, ხარკოვის ოლქში, გავჭერით ალყა, ხარკოვის აღმოსავლეთით 4 სოფელია უკვე გათავისუფლებული და, ფაქტობრივად, შეტევაზე ვართ გადასული.

ალბათ იცით, რომ იზიუმთან კიდევ ერთი რუსი გენერალია მკვდარი და მეორე – გერასიმოვი დაჭრილია. რუსეთის საზღვართან ვმუშაობთ უკვე და ვფიქრობ, რომ შედეგები გვაქვს“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) იზიუმთან და ჩრდილოეთ დონბასში რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ როცა წერდა, ითქვა, რომ 27 აპრილს რუსეთის ჯარებმა მცირედ, მაგრამ მყარად წაიწიეს წინ, როგორც იზიუმიდან, ისე აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკების ხაზის გასწვრივ.

ვანო ნადირაძეს ვკითხეთ, რის ხარჯზე მიაღწიეს ამ წარმატებას?

ნადირაძის თქმით, ნაკლებად შეიძლება ამ წარმატებას წარმატება ვუწოდოთ, რადგან ამ წერტილებში ისედაც მყარი პოზიციები ჰქონდათ რუსებს.

„არაფერი განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონიათ რუსებს აქ. მეორე ფაზა რომ დაიწყეს, 1-2 დღე ჰქონდათ თითქოს შედეგი და იმის შემდეგ წინ არ წაწეულან.

ეს წერტილები – ხერსონის მიმართულება, ხარკოვი-იზიუმის მიმართულება ადრეც პრობლემური იყო. ასევე რუბეჟნოესა და ლისიჩანსკის მიმართულებით, ერთი მეტრით არ არიან წაწეულები, პირიქით, კონტრშეტევებზე ვართ გადასული.

ბერდიანსკის მიმართულებით ზაპოროჟიეს ოლქშიც გავჭერით ერთ-ორ ადგილზე. რა თქმა უნდა, ამერიკული ჰაუბიცები როცა შემოვიდა, მას შემდეგ. კიდევ ველოდებით ტექნიკას და ამის წყალობით შევძელით შეტევაზე გადასვლა.

ის, რაც აქამდე გვიჭირდა, ეს იყო შორსმსროლელი არტილერია და ეს საარტილერიო სისტემები უკვე შემოდის. ახლა აღარ გვაქვს შეიარაღების პრობლემა, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებს ველოდებით კიდევ, ასე, რომ შედეგი არის“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

მისი თქმით, მალე რუსებს თავდაცვის პოზიციებში გადასვლა მოუწევთ.

„მე ასეთი მოლოდინი მაქვს. ახლა ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ის პოზიციები, რაც მანამდე დაიკავეს და იმ ფონზე – დემორალიზებულ რუსეთის ჯარს ვგულისხმობ, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ეს პოზიციებიც შეინარჩუნონ.

ხედავთ ალბათ, რომ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა ომმა, გარკვეულ ნაწილებში: კურსკის, ბელგოროდის ოლქში ყოველდღე აფეთქებები აქვთ. ჩათვალეთ, რომ უკვე გადასულია ომი რუსეთის მიწაზე. მე, პირადად, სადღაც 20 მაისისთვის გამარჯვებას ველოდები და ვნახოთ“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.

რაც შეეხება ქალაქებსა და სოფლებს, რომლებსაც რუსები ტოვებენ, ნადირაძის თქმით, ყველა პირწმინდად არის მოსწორებული დაბომბვებისგან.

სოფლებში თითო-ოროლა ადამიანს თუ შეხვდებით, ძირითადად მოხუცებს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მათში იმედი და ბრძოლის განწყობა არ ჩამქრალა.

„ყველაფერი დანგრეულია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარება შედის, მისიები, მოხალისეები შემოდიან გათავისუფლებულ სოფლებში და შეაქვთ დახმარება მოსახლეობისთვის. ჰუმანიტარული კრიზისი არ არის.

ვიცით, რომ მარიუპოლთან დაკავშირებითაც არის ძვრები, ჩაერია გაერო, წითელი ჯვარი და გაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა რა იქნება მებრძოლებთან დაკავშირებით, ეს არავინ იცის“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.

მებრძოლის თქმით, პუტინის იმედები ბევრი მიმართულებით არ გამართლდა, თუნდაც ხარკოვთა დაკავშირებით, „სადაც ეგონათ, რომ რუსებს პურით და მარილით დახვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, გაშმაგებული წინააღმდეგობა გაუწიეს, როგორც ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა, ასევე მოსახლეობამ.

თითო-ოროლა კოლაბორაციონისტი შეიძლება ყველგან იყოს და აქაც არიან, ბუნებრივია, მაგრამ იმ ფონზე, რასაც საქართველოში ვხედავთ, რომ გაივსო „ალტ-ინფოელებით“ და პუტინისტებით ქვეყანა, აქ ალბათ არ არის გასაკვირი 1-2 პუტინისტის აღმოჩენა.

მიკვირს, ანწუხელიძის ქვეყანაში მტერს როგორ უნდა უკრავდე ტაშს. 21-ე საუკუნეში ასე როგორ უნდა გქონდეს გონება შეზღუდული, თეთრსა და შავს ვერ არჩევდე. ამიტომ დიდი ჯოხია საჭირო ასეთებთან“.

ნადირაძის თქმით, რუსები ვერასდროს გაივლიან კიევში, „მაგრამ ისიც სამწუხაროა, 9 მაისს მოსკოვში „პატარა მარშით“ გავლის თავი რომ ექნებათ“.

რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარიშვილი/ქართველი მებრძოლები უკრაინაში.

რაც შეეხება სხვა ქართველ მებრძოლებს, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა ქართველი მებრძოლი გელა ბეგლარიშვილი, მისმა მეუღლემ რუსუდან ივანეიშვილმა კი კონტუზია მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ქართველი ცოლ-ქმარი მეორე ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.

„რუსკა და მისი მეუღლე უკვე კარგად არიან, გამოჯანმრთელდნენ და მალე ჩაერთვებიან ბრძოლებში. მე მაქვს კავშირი მათთან და ახლა კარგად არიან. ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან, მაგარი ოჯახია. სულ 12 ქართველია მათთან, ყველანი კარგები არიან და დღე-დღეზე ბრძოლაში ჩაერთვებიან“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

მებრძოლის თქმით, ის და მისი თანამებრძოლები ახლაც ხარკოვის ოლქში იმყოფებიან და მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ემზადებიან.

რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის გამგრძელებელია – პოდოლიაკი ლავროვის განცხადებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტისემიტურ განცხადებებს. კულებას თქმით, ლავროვის განცხადებები უფრო ფართოდ „აჩვენებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ შეძლო დაემალა რუსულ ელიტებში ღრმად ფესვებგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისათვის. უფრო ფართოდ, განცხადებები აჩვენებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, „ისტორიის გადაწერის მცდელობით, მოსკოვი უბრალოდ არგუმენტებს ეძებს უკრაინელების მასობრივი ხოცვის გასამართლებლად“.

„ლავროვის პირდაპირი ანტისემიტური განცხადებები, ებრაელების მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტში დადანაშაულება არის იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის გამგრძელებელია. ისტორიის გადაწერის მცდელობით, მოსკოვი უბრალოდ არგუმენტებს ეძებს უკრაინელების მასობრივი ხოცვის გასამართლებლად.

შეჯამება:

  • რუსეთი არასწორად აფასებს სამყაროს და თავის ადგილს მასში [ამ სამყაროში]
  • რუსეთი ებრაელებს ადანაშაულებს ომის პროვოცირებაში, გადაიაზრებს მსოფლიო ისტორიას ნაციზმისა და იდეოლოგიური მკვლელობის უფლების სასარგებლოდ
  • რუსეთი აფართოებს სამხედრო არსენალს ტერორიზმისა და გენოციდის ტექნოლოგიების უგულებელყოფის გარეშე,“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

 

______

როგორც Jerusalem Post-ი წერს, ინტერვიუს მიმდინარეობისას ლავროვმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომლებსაც ისრაელში ანტისემიტურად აფასებენ.

ლავროვის თქმით, „ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ეს არ უკუაგდებს ნაცისტურ ელემენტებს მის ქვეყანაში“. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ებრაული სისხლი ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა“.

ინტერვიუს დასასრულს ლავროვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რა დროსაც თქვა, რომ „ყველაზე დიდი ანტისემიტები თავად ებრაელები არიან“.

ზელენსკი აკრიტიკებს თურქეთს, რომელიც რუსი ტურისტების მისაღებად ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთი და საბერძნეთი რუსული ტურისტების მიღების მზადებისთვის გააკრიტიკა. ზელენსკის თქმით, თურქეთი, რომელიც უკრაინას ღიად უჭერს მხარს რუსეთთან ომში, რუსი ტურისტებისთვის ტურისტულ მარშრუტებს ამზადებს.

„მრავალი წელია რუსულ ტურიზმს საბერძნეთში დიდი ფული შეაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ფულს გამოიმუშავებენ სისხლის ღვრით და შემდეგ მოაქვთ ეს ფული. იგივე სიტუაციაა თურქეთშიც. ერთი მხრივ, თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს უკრაინას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ რამდენიმე ტურისტული მარშრუტის მომზადებას სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის. ჩვენ ამასაც ვხედავთ და მე, როგორც პრეზიდენტმა, ეს უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ გვსურს მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ERT-ის ეთერში.

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ასეთ ქმედებას ორმაგ სტანდარტს უწოდებს და ამბობს: „გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული – შენ ან სიმართლისკენ ხარ, ან არა“.

ხუთშაბათს, 28 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ანკარა მზადაა იყოს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში.

ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციებს ვიწყებთ – აჭარის მთავრობასთან ენმ შეიკრიბა

„ეს იქნება აქცია არამხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ, არამედ დღეს პირდაპირი საფრთხეა ოკუპაციის და ამის გამო უნდა გავერთიანდეთ. სააკაშვილს სჯიან იმის გამო, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს, 2 მაისს, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ენმ ბათუმში 6 მაისიდან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს, რაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყება.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ ჯერ არაა გადაწყვეტილი, რა ფორმით გაგრძელდება აქციები ბათუმში 6 მაისიდან. ენმ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გადის. რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ ამ აქციებს ბათუმში სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან.

„ეს აქციები არ იქნება მხოლოდ  მიხეილ სააკაშვილის ტყვეობისგან დასახსნელად, ქვეყანა კატასტროფამდე რომ არ მივიდეს, ამის გამო ვიკრიბებით. ეს პერფორმანსიც, რაც დღეს მოვაწყვეთ, ამას აჩვენებს, რომ ოკუპაციის საფრთხეა,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

საპროტესტო აქცია ბათუმში

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ის საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა.

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა.

 

ბრეგაძე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე – ომბუდსმენის დასკვნაზე პასუხს ველოდებით

„დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ველოდებით პასუხს,“ – აღნიშნა დღეს, 2 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

დღეს, 2 მაისს, იწურება ულტიმატუმის ვადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დააყენა 28 აპრილს. მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ – ასეთია სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნა.

რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ სახალხო დამცველის დასკვნა აჩენს კითხვებს და მათ 30 აპრილს მიმართეს სახალხო დამცველს კითხვებით. პასუხის მიღების შემდეგ გადაწყვეტს, პენიტენციურმა სამსახურმა რა შეიძლება შეცვალოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა „ფატალურ შედეგს“, რაზეც ეჭვები გაჩნდა, განსაკუთრებით ექიმების დასკვნის შემდეგ.

„პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერ პატიმარს გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება… საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა არ მიეწოდება მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა, არის მტკნარი სიცრუე,“ – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა. „ჩვენ არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას“, – დასძინა რატი ბრეგაძემ და აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით არ იღებს მედიკამენტების ნაწილს, ასევე, არ იყენებს სუფთა ჰაერზე გასვლის უფლებას.

„მას მიეწოდება სრულად მედიკამენტები, თუმცა ხაზგასმით მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების კონკრეტულ ჩამონათვალს,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომში – 2 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 800 ადამიანი
ტანკი – 1048 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 519 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 459 ერთეული
MLRS – 152 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 80 ერთეული
თვითმფრინავი – 194 ერთეული
ვერტმფრენი – 155 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 824 ერთეული
გემი/ნავი – 8 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 271
სპეციალური აღჭურვილობა – 38
მობილური SRBM სისტემა – 4
საკრუიზო რაკეტა [ჩამოაგდეს] – 84
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

146 თვითმფრინავი
112 ვერტმფრენი
683 უპილოტო საფრენი აპარატი
281 საზენიტო სარაკეტო სისტემა
2 756 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
316 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 234 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 563 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 4 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს, 5-6 მაისს კი – კვლავ წვიმა.

პირბადის გამოყენება მხოლოდ ტრანსპორტში და საავადმყოფოებში იქნება სავალდებულო

დღეს, 2 მაისს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პირბადის ტარება დღეიდან მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო.

„შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 52 შემთხვევა გვქონდა, ძალიან მშვიდი ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო 28 მარტიდან უკვე აღარ იყო, თუმცა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგულაცია შენარჩუნდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2 მაისიდან  პირბადის ტარების ვალდებულება აღარც მოსწავლეებს ექნებათ.

დადასტურდა კოვიდის 51 ახალი შემთხვევა

2 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 4 638 ტესტი კოვიდზე.

გასულ 24 საათში ქვეყანაში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.

გასულ 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.84 პროცენტი.

ბანკის გაყიდვა აიძულეს რუს მილიარდერს, რომელმაც უკრაინაში ომი გააკრიტიკა

რუსმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლების ზეწოლის გამო გაყიდა თავისი წილი ბანკ Тинькофф-ში.

მილიარდერი ირწმუნება, რომ ინსტაგრამზე, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის კრიტიკული პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ Тинькофф-ის მენეჯმენტს და დაემუქრნენ ბანკის ნაციონალიზაციით, თუ ტინკოვთან კავშირს არ გაწყვეტდნენ.

„მე ვერ ვხედავ ამ გიჟური ომის ვერც ერთ ბენეფიციარს! იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები.

სიმთვრალის შემდეგ გაღვიძებული გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ. და როგორ იქნება არმია კარგი, თუკი ქვეყანაში სხვა ყველაფერი ნაგავშია და ჩაფლულია ნეპოტიზმში, ლაქიაობასა და ჩინის პატივისცემაში?

კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაზე ვერ წავლენ არა მხოლოდ თვითონ, არამედ მათი შვილებიც. ბიზნესმენები ცდილობენ გადაარჩინონ ქონების ნარჩენები…“, – დაწერა მილიარდერმა 20 აპრილს.

გასულ კვირას კი, TCS Group Holding-დან ბანკ Тинькофф-ის აქციების 35 პროცენტი ვლადიმერ პოტანინის Интеррос ჯგუფმა გამოისყიდა. გარიგება დაამტკიცა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, სხვა დეტალები არ გამჟღავნებულა.

ბანკირმა არც თანხის ოდენობა დაასახელა, მაგრამ განაცხადა, რომ თავისი წილი ბანკში „გროშებად“ გაყიდა.

„ფასზე ვერ ვისაუბრებ. ეს არის მძევლის მდგომარეობა – შენ იღებ იმას, რასაც გთავაზობენ, მოლაპარაკების გარეშე“, – თქვა ტინკოვმა.

ბიზნესმენი New York Times-ის ჟურნალისტს ტელეფონით ესაუბრა. მას თავისი ადგილსამყოფელი არ გაუმხელია. მან თქვა, რომ სიცოცხლის მაღალი რისკის გამო პირადი დაცვა დაიქირავა.

New York Times-ის ცნობით, ოლეგ ტინკოვი ამბობს, რომ ბევრმა ნაცნობმა რუსეთის მმართველი ელიტიდან უთხრა, რომ იზიარებდნენ მის აზრს, მაგრამ „ყველას ეშინია“.

„მე მივხვდი, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა, აღარ არსებობს“ – ამბობს ტინკოვი. იგი ვარაუდობს, რომ პუტინი კიდევ დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში.

უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალების მეოთხედი უკვე გამოუსადეგარია – ბრიტანეთის დაზვერვა

„ომის დასაწყისში რუსეთმა ბრძოლებში ჩართო 120 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური დანაყოფები, რაც მისი სახმელეთო საბრძოლო ძალის თითქმის 65 %-ია. დიდი ალბათობით, ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი საომარი მოქმედებებისთვის უკვე გამოუსადეგარია“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე, უკრაინის მოვლენების 2 მაისის განახლებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ელიტური საბრძოლო დანაყოფებიდან ზოგიერთს, მათ შორის, საჰაერო სადესანტო ჯარებს დიდი დანაკარგი აქვთ, „რუსეთს ალბათ წლები დასჭირდება ამ ძალების აღსადგენად“.

გუშინდელი, პირველი მაისის განახლება ხერსონის რეგიონს ეხებოდა. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ მარტის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა რეგიონი დაიკავა, მოსკოვი ოკუპაციის ლეგიტიმაციას პრორუსული ადმინისტრაციის შექნით ცდილობს.

ადმინისტრაციამ გამოაცხადა ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდი, რომელშიც რეგიონი უკრაინული გრივნიდან რუსულ რუბლზე გადავა. რუსული რუბლის გამოყენება რეგიონში პირველი მაისიდან უნდა დაიწყოს. ხერსონის პრორუსული ადმინსიტრაცია აცხადებს, რომ რეგიონის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნება „შეუძლებელია“.

„ხერსონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნება რუსეთს საშუალებას მისცემს, განაგრძოს შეტევები ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით და უზრუნველყოს ოკუპირებული ყირიმის უკეთ დაცვა“, – წერს უწყება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

მთავარი ფოტო: დიდი ბრიტანეთის დაზვერვის რუკა, პირველი მაისის მდგომარეობით

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, პირველ მაისს, თბილისის დროით 23:53 საათზე, დმანისთან, სოფელ სამებასთან, 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოშიც.

ბათუმში მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყეს.

მთავარი ფოტო: თემურ გორგაძის ფოტო

გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – უკრაინელებისა და ბელორუსების აქცია ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა. უკრაინელები და ბელორუსები საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი აქცია და მიმართვები ეძღვნებოდა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერში ჩარჩენილ ასობით უკრაინელს, რომლებიც საევაკუაციო დერეფანს ელიან.

Врятуйте – გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – იყო აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი.

„ჩვენ ყოველ დღეს ვდგავართ უკრაინისთვის ამ მოედანზე, ბათუმის ცენტრში. ჩვენ ყოველ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხდება ტრაგედია, გენოციდი… მარიუპოლში და „აზოსტალში“. გუშინ შემთხვევით გავეცანით ინფორმაციას, რომ მოხალისეები პირადი რისკის ფასად ზაპოროჟიედან მარიუპოლში იმისათვის აპირებენ წასვლას, რომ გადაარჩინონ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს შესაძლოა სასოწარკვეთილი ამოძახილია, შესაძლოა ეს არ შეუთანხმებიათ ჩვენს მებრძოლებთან. იმისათვის, რომ მათ როგორმე დავუჭიროთ მხარი, ჩვენ საქართველოს მოვუწოდეთ მოედნებზე გამოსულიყვნენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლენურა მელგაზიევამ.

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციები 24 თებერვლის შემდეგ იმართება.

აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

როგორ დაიწყო ქალმა ქობულეთში სომხური ვარდების ბიზნესი – „მთელი დღე სათბურში ვარ“

48 წლის ინდირა კირჩხელი ქობულეთში ცხოვრობს და სოფელ ქობულეთში  სომხური ჯიშის 2 000-მდე ვარდს უვლის.

ის გვიყვება, რომ ვარდების მოშენებაზე 2 წელი ფიქრობდა. ხედავდა სოციალურ ქსელებში ვარდების სათბურებს და თავადაც უნდოდა ამ საქმის წამოწყება, მაგრამ ოჯახს სათბურის გასაკეთბლად საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამიტომ ყოვნდებოდნენ.

ბოლოს, ინდირას სათბურის მოწყობაში ახლობელი დაეხმარა და უკვე 2 წელია, რაც ვარდების სათბური აქვთ.

„სომხეთიდან ვიყიდეთ პირველად ვარდის 2 000 ნერგი და მათგან მხოლოდ 200 ძირი გადარჩა.

არ ვიცოდით, როგორ უნდა შეგვეფასებინა ვარდის ნერგის ხარისხი. ადამიანმა, ვინც ვარდის ნერგები მოგვყიდა პირველად, ძველი ნერგები ჩამოგვიტანა“, – ამბობს ინდირა.

ინდირას თქმით, ვარდის ნერგების გამყიდველმა ოჯახს ზარალი აუნაზღაურა მას შემდეგ, რაც უსაყვედურეს და ხელახლა ჩამოუტანა მათ კარგი ხარისხის ვარდის 2 000 ნერგი.

თავდაპირველად ინდირამ არ იცოდა, როგორ უნდა მოევლო ვარდისთვის. ის ვარდის ნერგების ზრდასთან ერთად სწავლობდა ყველაფერს ნელ-ნელა. აკვირდებოდა, სხვები როგორ უვლიდნენ და არც შეკითხვების დასმას ერიდებოდა.

„მთელი დღე სათბურში ვარ. თითქმის აქ ვცხოვრობ. დილით მივდივარ სათბურში და გვიან საღამოს ვბრუნდები სახლში. ვარდს თავისებური მოვლა სჭირდება.

ბაზარზე ვარდის რეალიზება საკმაოდ რთულია. სადაც მიდიხარ, ყველას სულ ტყუილად უნდა – ლარში, ლარ-ნახევარში. ამდენს რომ იშრომებ, იწვალებ, ცოტა ხომ უნდა მოიგო, არა?“ – ამბობს ინდირა.

ინდირა კირჩხელი ვარდების სათბურში

როგორც ინდირა გვიხსნის, ვარდის ფასი მის სიმაღლეზეა დამოკიდებული. ერთი ცალი ვარდი შესაძლოა 2-3 ლარიც ღირდეს. ის ვარდებს ძირითადად ქობულეთში, ჩაქვში და ადლიაში, ყვავილების მაღაზიებში ყიდის. „ხანდახან თეთრებში უნდათ ვარდის ყიდვა. დაბალ ფასში ვარდების გაყიდვა ძალიან მებრალება, დიდი შრომა დევს“, – ამბობს ქალი.

ინდირას სამომავლო გეგმებში კიდევ ერთი სათბურის აშენება შედის – დამატებითი 2 000 ძირი ვარდის მოშენება უნდა: „ამის გაკეთებას ალბათ 2 წელიწადში თუ შევძლებთ, ფინანსური მდგომარეობის გამო“.

როგორც ინდირასგან ვიგებთ, ვარდის ფასი ყველაზე მაღალი მარტსა და სექტემბერშია.

„ოთხი დღის წინ ვიყავი ბაზარში. ასე მითხრეს, ახლა შედარებით ძვირია ვარდი, მაგრამ შემდეგ ნაკლებს გადავიხდით, რადგან ყველა მხრიდან შემოვა ბაზარზე ვარდი და ფასიც დაიკლებსო“, – ამბობს ინდირა.

ინდირას თქმით, ვარდის მოვლას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება – ნერგებს სულ თავს უნდა დასტრიალებდე. ვარდს ყოველკვირეული შეწამვლა, 10-15 დღეში ძირების გამარგვლა და პერიოდულად სასუქის მიცემა სჭირდება.

ინდირა ახლა დაახლოებით 1900 ძირ ვარდს უვლის. მისი თქმით, 100-მდე ნერგი გაუხმა. გახარებულია, რომ ცივ ზამთარს მისი ვარდების დიდი ნაწილი გადაურჩა და არც სათბური დაზიანებულა.  ვარდებს ძირითადად ინდირა უვლის და ხანდახან მეუღლე ეხმარება, როცა მას თავისუფალი დრო აქვს.

ინდირა გვიყვება, რომ ვარდი ახლა იწყებს კოკრების გაკეთებას. ინდირა ვარაუდობს, რომ მალე ყოველ მეორე დღეს 100-150 ძირი ვარდის აღებას შეძლებს იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად გაიშლება კოკრები.

ის ვარდებს ყოველ საღამოს რწყავს და ამბობს, რომ „ვარდთან ურთიერთობა სასიამოვნო რომ არ იყოს, არ გააშენებდა: „მიყვარს ვარდები, მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. ამიტომაც არ ვერიდები შრომას და ყველაფერს ვაკეთებ, რაც ვარდებს სჭირდებათ“.

ინდირა კირჩხელის ვარდების სათბური

პუტინს ორი ვაჟი ჰყავს: პირველი 2015 წელს დაიბადა, მეორე 2019 წელს – SonntagsZeitung 

შვეიცარიული გამოცემა SonntagsZeitung-ი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ორი ვაჟი ჰყავს.  ვლადიმერ პუტინის პირველი ვაჟი 2015 წელს შვეიცარიაში დაიბადა, ხოლო მეორე 2019 წელს – რუსეთში.

გამოცემის ცნობით, ბიჭების დედა ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევაა. შვეიცარიელი ჟურნალისტების წყარო კი, „ძალიან ახლობელი კოლეგაა“ იმ გინეკოლოგის, რომელმაც ორივე შემთხვევაში მიიღო კაბაევას მშობიარობა.

გაზეთი ექიმისა და მისი ნაცნობის ვინაობას მათი თხოვნით არ ასაჯაროებს.

შვეიცარიულ გამოცემას უთხრეს, რომ პუტინის შვილების გინეკოლოგი წარმოშობით რუსია და დიდი ხნის წინ წავიდა ემიგრაციაში, სადაც ქალიშვილობის გვარიც გამოიცვალა. ის ახლა შვეიცარიის მოქალაქეა და ახალგაზრდობაში იცნობდა ვლადიმერ პუტინს, რომელთანაც დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას.

წყაროს ცნობით, 2015 წელს ბავშვის დაბადების ადგილად შვეიცარიის ქალაქი ლუგანო იმიტომ შეარჩიეს, რომ ეს მშობიარობა სრულიად საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. თუმცა ეს არ გამოვიდა: კაბაევას ვაჟის გაჩენის შესახებ (SontaggsZeitung-ის მიხედვით, ტყუპის გაჩენის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება) მაშინ არაერთმა მედიამ დაწერა, ვარაუდით, რომ მამა პუტინია.

კრემლი მაშინ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.

ჟურნალისტების ცნობით, ალინა კაბაევამ ლუგანოს ტბაზე მდებარე ყველაზე ძვირადღირებულ სამშობიაროში იმშობიარა. Clinica Sant’Anna არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამშობიარო ტიჩინოში. ვებგვერდზე განთავსებული რეკლამის მიხედვით, აქ ემსახურებიან საერთაშორისო კლიენტებს, განსაკუთრებით რუსებს. როგორც ამბობენ, 2015 წლის დასაწყისში პალმის ხეების ქვეშ, ამ კლინიკაში დაიბადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილი. დედა: 38 წლის ალინა კაბაევაა – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ტანვარჯიშში, – წერს გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

SontaggsZeitung-ს წყარო უყვება, რომ ალინა კაბაევამ მეორე შვილი 2019 წელს გააჩინა. ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამჯერად მოსკოვში იმშობიარა. წყაროს ცნობით, ეს იყო „პრეზიდენტის გადაწყვეტილება“.

კაბაევა ორივე ორსულობის დროს რამდენჯერმე ჩავიდა  ლუგანოში კონსულტაციაზე, თუმცა პუტინი მასთან ერთად არ იმყოფებოდა.

გამოცემის ცნობით, მათ წყარომ გარკვევით აუხსნა, რომ „ალინას ურთიერთობა აქვს პუტინთან. მათი შვილები – ორი ვაჟი – პუტინის შვილები არიან. ალინას სხვა ურთიერთობა არ ჰქონდა. ეს მისთვის ძალიან სახიფათო იქნებოდა“.

კაბაევა ფარულად ცხოვრობდა ლუგანოს მდიდრულ გარეუბანში, ექიმის ვილაში ან ახლომდებარე სასტუმრო Principe Leopoldo-ში. წყარო კაბაევას აღწერს, როგორც „ძალიან სასიამოვნო ქალს“: „ის ნამდვილი სპორტსმენია… დედასთან და დასთან ერთად მოვიდა, მაგრამ დაცვის გარეშე“.

გაზეთს მოჰყავს შვეიცარიის ხელისუფლების ციტატა იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ არავითარი მტკიცებულება ბოლო დროს კაბაევას ქვეყანაში ყოფნის შესახებ.

შვეიცარიულ გამოცემას კაბაევასა და პუტინისგან კომენტარი არ მიუღია.

___

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის შვილების შესახებ მედია განსაკუთრებით მაღალ ინტერესს იჩენს.  რუსეთის პრეზიდენტის შვილები სანქცირებულთა სიაშიც მოხვდნენ. კრემლი ბოლო დრომდე არ ადასტურებდა, რომ მარია ვორონცოვა და ეკატერინა ტიხონოვა პუტინის ქალიშვილები არიან, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ისინი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, კრემლმა დაადასტურა, რომ ორივე რუსეთის პრეზიდენტის შვილია.

__

მთავარი ფოტო: ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა

„რუსეთი გეგმავდა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და უკრაინის დადანაშაულებას“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დააკავეს რუსეთის დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც რუსეთში ან ბელარუსში სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდა, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, უწყებამ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მტრის კონსპირაციული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი გაანეიტრალა.

„დამპყრობლები აპირებდნენ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში. პროვოკაციის მიზნით თავდამსხმელებს სურდათ სამოქალაქო თვითმფრინავისთვის ესროლათ „სტინგერიდან“. უცხოური პორტატიული საზენიტო-სარაკეტო სისტემის მოპარვისა და საზღვარგარეთ ფარულად გატანის მიზნით, აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი დავალება მისცეს თავიანთ სადაზვერვო ჯგუფს“, – განაცხადა დეხტიარენკომ.

მტრის სადაზვერვო დივერსიულ ჯგუფში შედიოდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათ მიერ „დავერბოვკებული“ თანამზრახველი. ჯგუფის კოორდინატორი კი იყო რუსი ალექსანდრე ტიუტერევი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანამშრომელი, კოდური სახელით “Морпех”.

დადგინდა, რომ მანამდე იგი მონაწილეობდა ოდესის რეგიონში ტერაქტების სერიის მოწყობაში, რისთვისაც იძებნებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აგენტები ცდილობდნენ კონტაქტების დამყარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან, პატრიოტი მოხალისეების საფარქვეშ.

„ნდობის“ მოსაპოვებლად მათ უკრაინელ სამხედროებს მიაწოდეს ზუსტი მონაცემები ე.წ. „კადიროველების“ პოზიციებისა და გადაადგილების შესახებ.

ალექსანდრე ტიუტერევი

რუსი აგენტები ამ კონტაქტების გამოყენებით გეგმავდნენ „სტინგერის“ უკანონოდ მოპოვებას და რუსეთში გატანას.

„ამ დანაშაულებრივი გეგმის გამჟღავნებასთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის დეგრადაციას… შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ “Морпех”-ი ატყუებდა თავისი ხელმძღვანელობას უკრაინაში მიღწეულ წარმატებებზე, თითქოსდა მის დაქვემდებარებაში მყოფმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა უკრაინის ზურგში ტერორისტული თავდასხმები მოაწყო: ისინი ამზადებდნენ „უკრაინის შეიარაღებული ძალების საგუშაგოებზე“ თავდასხმის ამსახველ ინსცენირებულ ფოტო-ვიდეო მასალებს“, – განაცხადა დეხტიარენკომ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დივერსიული ჯგუფის ყველა წევრი დააკავა.

სამგზავრო ავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა – ავარია ბათუმში

ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა.

როგორც “ბათუმელებს” შპს “ავტოტრანსპორტში უთხრეს, საგზაო ინციდენტის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა. მძღოლებიც და მგზავრებიც ავარიას უვნებლად გადაურჩნენ.

“მხოლოდ ერთ მგზავრს ჰქონდა მსუბუქი დაზიანება. პრევენციის მიზნით სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში,” –  უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა ლევან ლაზარიაშვილმა.

ავარია ბათუმში

 

 

 

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 500 ადამიანი
  • ტანკი – 1026 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 471 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 451 ერთეული
  • MLRS – 151 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 80 ერთეული
  • თვითმფრინავი – 192 ერთეული
  • ვერტმფრენი – 155 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 796 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 245
  • სპეციალური აღჭურვილობა – 32
  • მობილური SRBM სისტემა – 4
  • საკრუიზო რაკეტა [ჩამოაგდეს] – 84

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 143 თვითმფრინავი
  • 112 ვერტმფრენი
  • 660 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 279 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 2 678 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 308 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 196 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 503 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გასული ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ ქალაქ ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაბომბა. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, აღნიშნული ბილიკის შემდგომი გამოყენება შეუძლებელი იქნება შეკეთების გარეშე. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია:

ამავე თემაზე:

რა შესაძლებლობისაა ჰაუბიცები და სხვა იარაღი, რაც უკრაინას მისცეს – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

დადასტურდა კოვიდის 72 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – პირველი მაისი

პირველი მაისის მდგომარეობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 3 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 7, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 2, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, პირველი მაისის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 655 170 , ბოლო 24 საათში – 72
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 637 198 , ბოლო 24 საათში – 161
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 810 , ბოლო 24 საათში – 3
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 7 287, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 617, PCR ტესტით – 1 670
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,99%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,85%
  • სულ აცრილია – 2 882 520, დღიურად აცრილია – 425
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 287

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში – 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, მათ შორის, თბილისში – 45, აჭარაში – 5, იმერეთში – 8. 849 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

“ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია” – ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართული საზოგადოების მთავარი კითხვაა, რას მოუტანს საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. რა არის მშვიდობის ფასი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს და რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას მთავრობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
„ბათუმელების“ ინტერვიუების სერიაში ცდილობს მთავარ კითხვებზე პასუხები მიიღოს იმ ადამიანებისაგან, ვინც პოლიტიკურად მიუკერძოებელია. მორიგი ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან ჩავწერეთ.
მან ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხა.
  • თუ შეგიძლიათ დაასახელოთ მთავარი გამოწვევა, რომელიც ახლა საქართველოს აქვს?

ჩვენს რეგიონშიც კი ყველაზე ღარიბი და უთანასწორო ქვეყანა ვართ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია და ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ვკარგავთ შიმშილის, არასათანადო კვების, დაბინძურებული გარემოს, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, დეპრესიის, მძიმე სამუშაო პირობების, ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის გამო.

ჩვენი რეალობა ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, ზღაპრისა, სადაც დევებმა მიითვისეს ყველაფერი, მიწა-წყალი,  ტყეები, საჯარო სივრცეები, კინოთეატრები, მუზეუმები, ბაღები. მოსახლეობა კი პასიური მიმღებლობის ჯადოთი მოაჯადოვეს.

საითაც არ უნდა გაიხედო, ხედავ გაძარცვულ ადგილებს, შენობებს, გაუბედურებულ, უიმედო, ქვეყნიდან გასაქცევად გამზადებულ ადამიანებს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კი ისინი იღებენ, რომელთა ერთადერთი მიზანიც გამდიდრებაა. ხალხის მიზანი კი – გადარჩენაა, ამ რთულ დროს ადამიანობის შენარჩუნებაა. და ალბათ მთავარი გამოწვევაც ეს არის, გადარჩენა, ამ დევებისთვის არაკომფორტულ ხალხად ქცევა და რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ერთმანეთის აღმოჩენა.

  • რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა (სანქციებზე არ მიერთება, უკრაინის ხელისუფლების გამუდმებული კრიტიკა, ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში), სად მიგვიყვანა?

არასადაც არ მიგვიყვანა, იმიტომ წლებია ერთ ადგილს ვტკეპნით. ცნობილია, რომ ომის დროს მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კიდევ უფრო ცუდ დღეში ვარდებიან.

ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ოლიგარქების საუბარი, მოვისმინეთ როგორი ალერსით, სიყვარულით საუბრობენ ამ ომის დროს გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე, ხორბლის ბაზარზე, ახალი საქმის გაჩარხვის შანსზე. ამ ადამიანებისთვის ასეთია ეს სამყარო,  ურთიერთობების სხვაგვარი სისტემა, მოგების, სხვის ჩაგვრის გარდა სხვა ორბიტა არც არსებობს.

აქ სამწუხარო ის არის, რომ ამ ოლიგარქებიდან ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური მმართველია.

  • სად არის და სად იქნება ჩვენი ადგილი სამყაროში, რომელმაც ცალსახად უთხრა დღევანდელ რუსეთს არა. რა მესიჯები უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას დღეს იმის ნაცვლად, რაც აქვს?

სწორ პოლიტიკურ მესიჯებს რომ თავი დავანებოთ, აქ საუბარი ადამიანობაზეა, თანაგრძნობაზე, სოლიდარობაზე, რა სიტყვებით ვლაპარაკობთ, როცა ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ ქალაქების დაბომბვის კადრებს, ქუჩაში ხელებშეკრულ დახოცილ მშვიდობიან მოსახლეობას, დაღუპულ, შეშინებულ ბავშვებს.

რას ვამბობთ ასეთ დროს?

იმ დღეს ვფიქრობდი, დაბომბვა რომ დაიწყოს, რა სიტყვებით შემიძლია ბავშვის დამშვიდება. რას ვეტყვი? უკრაინელი დედები და მამები როგორ ამშვიდებენ თავიანთ შვილებს?

ქართველმა პოლიტიკოსებმა არა მხოლოდ ლაპარაკი არ იციან, არამედ თითქოს თანაგრძნობაც კი არ შეუძლიათ. ხშირ შემთხვევებში თვითონ მათი ენაა შეურაცხმყოფელი.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს ასწავლიან, როგორ ისაუბრონ, რისი ლაპარაკი შეიძლება და რისი – არა. ჩვენთან კი განათლების სისტემის კრახის ერთ-ერთი უმთავრესი თვალსაჩინოება, სწორედ ქართული პოლიტიკაა.

და, საერთოდ, როგორ შეიძლება ეროვნულ ინტერესების დაცვაზე საუბრობდეს ადამიანი, რომელიც წლების წინ უფროსის შვილის ბრძანებით სკოლის მოსწავლეების დასასჯელად იწევდა და პატარა ბიჭებისთვის სამაგიეროს გადახდას „მაგარ კაცობას“ ეძახდა.

ასეთმა ადამიანმა როგორ შეიძლება დაიცვას ეროვნული ინტერესები?

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის გრძნობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ?

ქართველი ბავშვების 33%-ს სახლში ერთი საბავშვო წიგნიც კი არა აქვს და ბავშვების მხოლოდ 25% აღწევს წიგნიერების მინიმალურ ნიშნულს.

სავალალო მოცემულობაა.

ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობა, ვერ გაიაზრებს რა რატომ ხდება, ვერ შეძლებს დასკვნების გაკეთებას.

გახსენდებათ, რომ ამ თემაზე რომელიმე პოლიტიკოსს ელაპარაკა?

ადამიანების პრობლემების მოგვარების გზებზე ემსჯელა?  სამაგიეროდ არ გვაკლია სანახაობა, ტოტალური ცირკი.

  • „ხალხი მთავრობაზე უკეთესია“ – უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა ერთგვარი შვება მოჰგვარა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს ომის საწყის დღეებში. ეს ხალხი მუდმივად ემიჯნება მთავრობას. მაგრამ როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობას ხელისუფლებისადმი, სწორედ ეს მთავრობა წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოებაში. თქვენი შეფასებით ქართული საზოგადოება იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს თუ მართლა მთავრობაზე უკეთესია?

რა თქმა უნდა, არა.

რა მანკიერი თვისებებიც არ უნდა მივაწეროთ ქართველ ერს, საქართველოს ისტორიის რომელი სამარცხვინო ფურცელიც არ უნდა გავიხსენოთ, ქართველ ერს არაფრით არ დაუმსახურებია არამხოლოდ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, არამედ მინისტრების თუ დეპუტატების მთელი წყება.

  • შეგიძლიათ მეორე მხრიდან შეხედოთ დღეს საქართველოს მდგომარეობას? ვგულისხობ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს ხელისუფლებას და ფიქრობს, რომ სწორად მიდის ქვეყანა. თუ კი, როგორ სჩანს ეს ქვეყანა ამ მხრიდან?

არ ვიცი, ძალიან მიჭირს ხედვის ამ კუთხის მოხელთება.

არიან ადამიანების, ვისაც წინა ხელისუფლება ეზიზღება, იმ დანაშაულების განმეორების შიში აქვს, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ეს “ქართული ოცნების” შემოხაზვას აიძულებს. მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ხომ იმაზე უკეთ და ეფექტურად გააგრძელა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა, ვიდრე ამას ნაციონალური მოძრაობა შეძლებდა.

აქ ისევ მორალთან მივდივართ. პირადზე მაღლა საჯარო ინტერესის დაყენების უნართან, ზნეობასთან, თანაგრძნობასთან.

როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩე, თუნდაც მაჩალიკაშვილის ტრაგედიის, ლუკა სირაძის და მზარდი უთანასწორობის და უსამართლობის პირობებში.

  •  ჩვენი უახლესი ისტორიის რთულ დღებში, ხშირად მინახავს სოციალურ ქსელებში კომენტარი – „ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს“. თქვენი აზრით, როდის მიხვდება საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, რომ ხალხი ჯერჯერობით ყველაფერს ითმენს?

ხალხი შეიძლება ყველაფერს იმიტომ ითმენს, რომ დაკარგულია იმედი და იმის რწმენა, რომ ვინმე პირად ინტერესზე მაღლა საზოგადოებრივ, საჯარო ინტერესს დააყენებს.

ნამოხვანი ჰესის პროტესტის დროსაც, ადამიანებს გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ რიონის ხეობის მცველების უკან არავინ იდგა, რომ ამ ადამიანებს არ ამოძრავებდა ფული… ჩემი აზრით კი, ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო რწმენის დაბრუნების გზაზე, მთელი ეს პროცესი თავისი შეცდომებით.

სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი პრეცედეტები, როცა ადამიანები პირად ინტერესზე მაღლა საჯარო ინტერესის დაყენებას შეძლებენ. თორემ  მოთმინების ფიალა ისედაც სავსეა. აქ არის საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ხალხი გამოერკვეს, როგორ დაიწყოს ბრძოლა, როგორ მიაღწიოს შედეგს.

სამწუხაროა, რომ ხშირად ლიბერალური ნაწილი ისევ გაჭირვებულ ხალხს აკრიტიკებს, მათ ვინც ჯამბაზების წითელ ცხვირებზე უარი თქვა.

  • რა არის ის ზღვარი, რომელსაც მთავრობა გადალახავს და ხალხი აღარ მოითმენს და რაში  გამოიხატება ის?  

ზღვარი დიდი ხანია გადალახულია. უბრალოდ, ვერ ვხვდებით, როგორ მოვიშოროთ სპექტაკლის დროს ეს პასიური მიმღებლობის ჯადო?

არ არის ეს მარტივი.

იმიტომ, რომ სპექტაკლი ტოტალურია.

მგონია, რომ ამას სჭირდება დრო და პრინციპული ადამიანები, ვისთვისაც სამშობლოს ცნებას არ დაუკარავს აზრი და თუნდაც საკუთარი ბიოგრაფია და პრინციპები უღირს რამედ.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ რამე, რაც ბოლო 10 წელიწადში ხელისუფლებამ გააკეთა და რაზეც იტყვით, რომ აი, ეს მომწონს.

მიჭირს გახსნება. ზოგადად, რთულია მიღწევებზე საუბარი, იმ უთანასწორობის და უსამართლობის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

  • ყველაზე რთული სიტუაცია რომელ სფეროშია დღეს?

ყველაფერი ხომ გადაჯაჭვულია, რთულია რომელიმე სფეროს გამოყოფა. ზემოთ ვახსენე, რომ საქართველოში ბავშვების მესამედს ერთი საბავშვო წიგნიც კი არ აქვს სახლში, ბავშვები შიმშილობენ. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად გურიის რეგიონში, უმრავლესობა ეშერიხია კოლით დაბინძურებულ წყალს სვამს.

ქალებზე ძალადობენ, უმცირესობებზე ძალადობენ, ბავშვებზე ძალადობენ, უნგრევენ ცხოვრებას და თან ასე პირადი მაგალითით თავიდანვე აჩვევენ მათ უსამართლობას, რომ სუსტი არაფრად უნდა ჩააგდო, პროტესტი ჩანასახშივე ჩაახშო.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ქართველი მოსწავლეების 65% ვერ აღწევს კითხვის დონის საბაზისო დონეს. როგორ შეიძლება ეს არის იყოს მთავარი თემა?

სხვა რამეზე როგორ ვილაპარაკოთ?

  • მინდა გკითხოთ კულტურის სფეროში მიმდინარე ამბებზე და მინისტრის პოლიტიკაზე, რომელსაც ის კულტურაში ატარებს. ჯერ იყო „ლიტერას“ კონკურსი, სულ ახლახანს კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლება, ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს?

ამ კონკრეტული მინისტრის დროს იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების გამო, სასამართლო დავების შედეგად ბიუჯეტმა სამასი ათასი ლარზე მეტი იზარალაო. უკვე საინტერესოა რამდენ ათას ლარს იზარალებს ბიუჯეტი მისი კულტურის მინისტრობის პერიოდში. ასეთი ტემპით აუცილებლად გააუმჯობესებს რეკორდს.

  • როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესები ქართულ კულტურაზე? 

უკვე აისახა. გითამაშიათ კომპიუტერული თამაში დავით აღმაშენებელზე? მალე დავით აღმაშენებელზე გადაღებული ფილმიც წამოეწევა და…

  • თქვენი აზრით, არის თუ არა ცენზურის დაწესების მცდელობა დღეს საქართველოში? [ვინ არის მთავარი ცენზორი?]

კი, ხანდახან რაც ხდება, მართლაც საეჭვოდ ჩამოჰგავს ხოლმე ცენზურას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კინოაკადემიის მიერ სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერების“ ჩვენებების გაუქმება,  რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია.

თურმე ფილმი პოლიტიკური ნიშნით ჰყოფს საზოგადოებას.

ისე თუ ამ ნიშნით და ამ არგუმენტით ვიხელმძღვანელებთ, პირველი „ქართული ოცნებაა“ გასაუქმებელი.

  • საჯარო პირების გამოსვლის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი თავის სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი პოზიცია?

საჯარო პირებზე არ ვიცი და მგონია, რომ პირიქით, იმ ადამიანების პოზიციაა საინტერესო, ვინც ვერ მიაღწია თავის სფეროში წარმატებას ან მათი, ვისაც სფეროც კი არ გააჩნია. ვერსად დაადგება. ვერცერთ კლანს ვერ მიაკუთვნებს თავს. მათი ხმა და მათი აზრები მგონია მნიშვნელოვანი.

რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას?

როგორ გააქვთ თავი?

და მგონია, რომ როგორც იანუშ კორჩაკი ამბობდა, პირველ რიგში „წარუმატებლობის და ცრემლების დაფასება უნდა ვისწავლოთ.“

ასეთია ჩემი პოზიცია.

___

მთავარ ფოტოზე: ალექს ჩიღვინაძე, დრამატურგი / სქრინი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემიდან “დღის კოდი”

ბათუმში 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან “ორბის” უკანონო მშენებლობის დანგრევას ითხოვენ

დღეს, 30 აპრილს, ბათუმში „ორბი ჯგუფის“ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. საქმე ეხება ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ნომერში მიმდინარე მშენებლობას. კომპანია „ორბი ჯგუფი“ საკუთარი ორი ცათამბჯენის გვერდით, გამაერთიანებელ სივრცეს, ე.წ. „ფრთებს“ აშენებს.

მშენებლობა მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ მიიჩნია და კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ მერია ამ მშენებლობის ნებართვას გასცემს, იქ არსებული კორპუსების ფანჯრების წინ კედელი აშენდება. შესაბამისად, მომიჯნავე კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჯარიმა საკმარისი არაა და კომპანიამ უკანონოდ აშენებული ფართობი უნდა დაანგრიოს.

„ვაპროტესტებთ უკანონოდ აშენებულ კონსტრუქციას და ვითხოვთ მის დემონტაჟს, რადგან ჩვენი კანონიერი ინტერესები იზღუდება ამ კონსტრუქციების ამ ფორმით არსებობით. ვითხოვთ გზით სარგებლობის უფლებას – რამდენიმე კორპუსს ხიმშიაშვილის ქუჩის მხრიდან გვეზღუდება ჩვენს სახლებამდე მისასვლელი გზა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მირზა მამულაძემ. ის ხიმშიაშვილის 17 ნომერში ცხოვრობს და თავის მეზობლებთან ერთად აპროტესტებს მშენებლობას.

მირზა მამულაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აუცილებელია კომპანიამ გახსნას ხიმშიაშვილის 17-ში მდებარე კორპუსთან მისასვლელი გზა, რომელიც ასევე უკანონოდ ჩაკეტა.

„მუნიციპალური ინსპექციის ბრძანებით მხოლოდ შეჩერება დაევალა შპს „ორბი ჯგუფს“. რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით, რადგან შეჩერებით ვერანაირი სამართლებრივი მიზანი ამ კონკრეტულ მოცემულობაში ვერ იქნება მიღწეული. აუცილებელია, რომ შეჩერებასთან ერთად დემონტაჟიც დაევალოს, როგორც ხდება სხვა უკანონო მშენებლობების შემთხვევებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივია გვიჩნდება განცდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები, უბრალოდ ელოდებიან, რომ „ორბი ჯგუფმა“ რაღაც მოაგვაროს მერიასთან და გააგრძელონ მშენებლობა“, – ამბობს მირზა მამულაძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, თუ მუნიციპალური ინსპექცია უკანონოდ აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟს არ დაიწყებს, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

რა შესაძლებლობისაა ჰაუბიცები და სხვა იარაღი, რაც უკრაინას მისცეს – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„არ გამოუვიდათ რუსებს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ,“ – მიიჩნევს სამხედრო ანალიტიკოსი და შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი, რომელსაც უკრაინაში მეორე ფაზის ეტაპზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომს ახსენებს. ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთს თანამედროვე მიდგომისთვის რესურსი არ ეყო და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკა გაიხსენა.

შეიარაღების სპეციალისტის აზრით, მინიმუმ 3 თვე დასჭირდება უკრაინისთვის იმ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რითაც კონტრშეტევა იქნება შესაძლებელი. ეს დრო ძირითადად მძიმე სამხედრო ტექნიკაზე მომუშავე სპეციალისტების მომზადებას სჭირდება, რადგან ნატოს ტექნიკა სპეციფიკურია, – გვიხსნის სპეციალისტი.

შეიარაღების სპეციალისტს ვკითხეთ, შავ ზღვაში შეყვანილ 20 სამხედრო ხომალდზეც – რა რესურსი აქვთ ამ ხომალდებს ან წყალქვეშა ნავებს, რომლებიც, ასევე, შავ ზღვაში განათავსა რუსეთმა? – „ბათუმელები“ გიგა ინაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

  • ბატონო გიგა, უკრაინას უკვე მიაწოდეს დამატებით სარაკეტო კომპლექსი С-300. რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შეიარაღება?  

რეალური დახმარება იქნება, როცა 33 მილიარდი ამერიკული დოლარის პაკეტით გათვალისწინებულ სამხედრო შეიარაღებას მიიღებს უკრაინა, რაშიც შევა პეტრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები…

რაც შეეხება, C300-ების მიწოდებას, ამას უფრო პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა, რადგან 4 სარაკეტო გამშვებით მეტი ექნება თუ ნაკლები, არაფერს ცვლის, ეს არაა ის რაოდენობა, რომელიც ამინდს ქმნის ამ მასშტაბის ომში. უკრაინას ისედაც ჰქონდა C300-ები, თუმცა მათი დიდი ნაწილი განადგურდა ომის დაწყების პირველივე დღეებში, ნაწილი ახლაც მუშაობს.

  • ამბობდით, რომ ჰაუბიცების რაოდენობაც მინიმუმ 100 ერთეულამდე უნდა გაზრდილიყო, რომ ამას უკრაინის სამხედრო რესურსი შეეცვალა. რა ვითარებაა ამ კუთხით? 

ჰაუბიცა არ არის მხოლოდ ერთი მოდელი, ამ შემთხვევაში რამდენიმე ტიპზეა საუბარი და მათ ძირითად ნაწილს უკრაინას აშშ მიაწვდის.  უკრაინას არტილერიას აწვდიან ევროპული ქვეყნებიც, მაგალითად, ჩეხეთიდან მიეწოდა თვითმავალი  ჰაუბიცა-ქვემეხები DANA და DANA M 2, ასევე, სლოვაკეთიდან მიეწოდება 155 მმ ZUZANA , საფრანგეთმა კი, „კეისრის“ ტიპის 155 მმ ჰაუბიცები მიაწოდა, ჰოლანდიიდან PzH-2000, ნორვეგია მიაწვდის 20 ერთეულ 155 თვითმავალ ჰაუბიცას M109A3GNM, შვედეთი მაღალტექნოლოგიურ ARCHER-ის ტიპის სიტემებს აწვდის. თავის მხრივ,  აშშ-მ 90 ერთეული M-777 ბუქსირებადი ჰაუბიცა უნდა მიაწოდოს, ეს არის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ძირითადი აერომობილური, ლულიანი საარტილერიო დანადგარი და ამით ჩანაცვლდება უკრაინის არმიაში არსებული რესურსგასული, ბუქსირებადი ქვემეხები და ჰაუბიცები.

ამ ეტაპზე აშშ-დან მიწოდებულია ნახევარზე მეტი M-777, მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ჭურვის სროლა 24, 30, 40 კილომეტრ მანძილებზე.

უკრაინა ამ დრომდე იყენებდა 2ს1 „გვაზდიკას“, ასევე 2ს3 „აკაციას“, 2ს19 „მსტა-ს“-ებს, 2ს5 „გიაცინტს“, 2ს7 „პიონის“ ტიპის თვითმავალ საბჭოთა ქვემეხებს და ჰაუბიცებს, სწორედ ამას დაემატება უკვე დასავლური ჰაუბიცები, რომლებსაც მრავალფეროვანი საბრძოლო მასალით 50 კმ-მდე შეუძლიათ ზუსტი ცეცხლის წარმოება.

ჰაუბიცების გარდა აშშ, ასევე, ბრიტანეთი, უკრაინას  მიაწოდებენ M-270 MLRS-ის ტიპის მულტიკალიბრულ, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომლებსაც მრავალფეროვანი საბრძოლო მასალის გამოყენებით 32 დან 300 კმ-მდე მანძილზე უზუსტესი დარტყმების მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისთვის.

რაც შეეხება საჰაერო თვდაცვას, უკრაინას დიდი რაოდენობით მიეწოდა ამერიკული STINGER-ი, პოლონული PIORUN-ი, ასევე, მაგალითად, ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა MARTLET-ის ტიპის ულტრათანამედროვე საზენიტო სარაკეტო სისტემები, რომლებიც ხელით გადასატანი კომპლექსია, აი, მხარზეც შეგიძლია გაიდო და ისე ისროლო. გერმანია აპირებს მიაწოდოს უკრაინას GEPARDI-ის საზენიტო დანადგარებიც, რომლებსაც 2 ცალი „ერლიკონის“ 35 მმ საზენიტო ქვემეხებით ფრთოსანი რაკეტების ჩამოყრაც კი შეუძლიათ.

გამორჩეულია „LEOPARD – 1“-ის ტანკები, რომელთა მიწოდებასაც გერმანია აპირებს უკრაინისთვის. მას 105- მილიმეტრიანი ქვემეხი აქვს და ცივი ომის პერიოდშია წარმოებული. ეს იქნება „ახალი ხილი“ უკრაინულ სატანკო ნაწილებში. მართლია, მოძველებულია, მაგრამ კარგი ეკიპაჟის პირობებში, ეფექტურად შეუძლია ბრძოლა რუსული T-72 და T-80-ების წინააღმდეგ.

  • ამ დროის განმავლობაში უკრაინას ისევ ვერ მიაწოდეს მძიმე და შორსმსროლელი სამხედრო შეიარაღება. რატომ? 

ამ სამხედრო ტექნიკას აქვს  ცეცხლის მართვის რთული სისტემები, ძალური აგრეგატები და ექსპლუატაციის სტანდარტებიც განსხვავებულია.  დასავლური სტანდარტი სპეციფიკურია, ეს ის საბრძოლო ტექნიკაა, რომელიც აქამდე უკრაინას არ ჰქონია და დრო სჭირდება, ბუნებრივია, სპეციალისტების მომზადებას. პირიქით, ჩემი დაკვირვებით, საკმაოდ სწრაფად ხდება ეს მიწოდება, დაჩქარებული წესით.

მნიშვნელოვანია ის, რომ მთავარია მიწოდებული ტექნიკის რაოდენობამ მოახდინოს გავლენა საბრძოლო მოქმედებებზე. მაგალითად, როცა საუბარია
M-270-ებზე, რომელიც ერთ-ერთი თანამედროვე და მულტიკალიბრული სისტემაა, ეს მიაწოდეს უკრაინას უკვე და გამოიყენეს კიდეც.  ამას შეუძლია 20-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტის გასროლა, სხვადასხვა კალიბრის და სხვადასხვა დანიშნულების. ამით უკვე შესაძლებელია ოპერატიულ სიღრმეში მოახდინო დარტყმები და ოპერატიულ სიღრმეებში გადაწყდეს მთელი რიგი სამხედრო ოპერაციების ბედი, ვიდრე ტაქტიკურ დონეზე მოხდება შეტაკება.

  • შავ ზღვაში დამატებით 20-მდე სამხედრო ხომალდი შეიყვანა რუსეთმა. ცნობილია ისიც, რომ რუსეთს აქვს წყალქვეშა სამხედრო ნავები. რამდენად შეუძლია ამ კუთხით თავდასხმა მოიგერიოს უკრაინამ? 

დაანონსებულია ხომალდსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაც უკრაინისთვის, თუმცა ეს ძირითადად წყალზედა დაზიანებებისთვის არის გათვლილი, ვგულისხმობ „ჰარპუნის“ ტიპის ამერიკულ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს.  რაც შეეხება წყალქვეშა ნავებს, ამ შემთხვევაში საჭიროა ტორპედოები, თუმცა ხომალდებიდან უნდა მოხდეს ამ ტორპედოს გაშვება… არსებობს ასევე წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ავიაციაც, რომელიც ტორპედოებს ყრის. ეს აქვს უკრაინას, მი-14 ტიპის შვეულმფრენები, რომლებსაც  ტორპედოს ჩამოგდება შეუძლია, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას უკრაინელები, ვერ გეტყვით. წყალქვეშა ნავებზე ნადირობას, პირველ რიგში, სჭირდება სპეციფიკური ნავსაწინააღმდეგო შეიარაღებით აღჭურვილი ხომალდები, იგულისხმება ტორპედოები და რეაქტიული სიღრმული ბომბსატყორცნები.

რუსულ წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. თანაც, როგორც წყლის სიღრმიდან, ასევე შეუძლია ამოვიდეს წყალქვეშა მდგომარეობიდან. ეს რაკეტები 2500 კილომეტრამდე მიფრინავენ. დარტყმები შესაძლებელია სტრატეგიულ სიღრმეებამდე.

წყალზედა ხომალდები ჰქონდა უკრაინას, რომლებსაც ტორპედოების სროლაც შეეძლოთ, მაგრამ ომი როგორც კი დაიწყო, მისი ბლოკირება მოახერხეს რუსებმა, ნაწილი გაუნადგურეს, ნაწილი კი ყირიმის მიტაცებისას სევასტოპოლში დარჩა.

თქვენი დაკვირვებით, რას აჩვენებს სამხედრო პოზიციები დღეს დონბასში? 

როგორც ვხედავთ, მთავარი მიმართულებაა დონბასი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბალი ტემპით ახორციელებენ მასირებულ მიწოლას. ღრმა გარღვევები არ ხდება, როგორც ეს იყო ომის წინა ფაზაზე. ამჯერად მოკლე-მოკლე მანძილზე ხდება მანევრები არტილერიის მაღალი ზემოქმედებით მიზნებზე. მუშაობენ  რეაქტიული სისტემები და ნაღმმტყორცნები… ღრმა შეჭრები არაა, როცა წინა ფაზაზე, ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე ასეული კილომეტრითაც კი შეიჭრნენ. ახლა არის რამდენიმე ათეული კილომეტრი მაქსიმუმ.

  • ეს რა ტაქტიკაა, რა გათვლა აქვს რუსეთს? 

ტაქტიკა არის მომქანცველი და გათვლილი გამოფიტვაზე, არტილერიით მასიურად დამუშავება, ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როცა ის შემდეგ ეტაპზე გადადიოდა შეტევაზე ტანკებით და ჯავშანტექნიკით.  წინა ფაზაზე რუსეთი ძირითადად ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების მანევრით ცდილობდა წარმატების მიღწევას.

თუმცა უკრაინა ახლა უკვე ბევრად კარგ პოზიციაშია, ვიდრე რუსეთი. რუსული ნაწილები თანდათან იფიტება, შევსება არ აქვთ ისეთი, რაც საჭიროა. ახლა დრო რეალურად უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, როცა მას აწვდიან სერიოზულ შეიარაღებას, პლუს მობილიზებას უკეთებენ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც არიან გადაღლილები და მათი საბრძოლო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია… არ ვიცი, ერთი თვის შემდეგ იქნება, თუ თვე-ნახევრის, მაგრამ ამ კრიტიკული ეტაპის შემდეგ უკრაინელები თავად შეძლებენ კონტრშეტევაზე გადასვლას.

  • ანუ ივნისში ელით უკრაინისგან კონტრშეტევას, რომ რუს ოკუპანტებს დაატოვებინონ უკრაინა? 

ვერ ვიტყვი ზუსტად, რადგან ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. შესაძლოა, ყოველდღე რამე ისეთი მოხდეს, რამაც ამაზე მოახდინოს გავლენა. სხვადასხვა სცენარია. ჩვენ არ ვიცით ტაქტიკურ დონეზე მანევრები როგორ გაგრძელდება, ვინ საით გაიჭრება და უკან დაიხევს. ეს არის თანამედროვე ომი, მაღალი ინტენსივობით. პრაქტიკულად, ყოველ ნახევარ საათში იცვლება ტაქტიკურ დონეზე მოცემულობა.

  • თუმცა აღნიშნეთ, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტაქტიკას იყენებს. 

ასეა, რადგან არ გამოუვიდათ ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ისინი ცდილობენ მოკლე-მოკლე მანძილებზე თავდასხმას, მომქანცველ ზემოქმედებას საფორტიფიკაციო ნაგებობებზე…  თანამედროვე მიდგომაა, როცა მინიმალური ძალებით, ტექნოლოგიების მაქსიმალური ჩართულობით, იბრძვი აღმატებულ ძალებთან და მაქსიმალურ ეფექტს დებ. რუსები ახლა აკეთებენ პირიქით – დიდი რესურსით დებენ მინიმალურ ეფექტს. თანამედროვე მიდგომას სჭირდება მაღალი დონის მართვა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა. რუსებს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ მართვაში, ლოჯისტიკაში და საჰაერო და სახმელეთო ჯარების ურთიერთშეთანხმებულ  მუშაობაში. ახლა ისინი ძველებური მეთოდები ცდილობენ ფონს გასვლას.

  • ჩანს, რომ მორიგი სამიზნეა ხარკოვი. რა მოლოდინი გაქვთ ასევე დნესტრისპირეთსა და ოდესაზე?

ხარკოვის აღების რესურსი რუსებს არ აქვთ. იქნება დარტყმები, მაგრამ არათუ ხარკოვის, უფრო პატარა ქალაქების აღებასაც ვერ შეძლებენ, ჩემი აზრით. რუსების უახლოესი ამოცანაა აიღონ მთლიანად დონბასის რეგიონი და იზუმიდან ბერდიანსკი-მარიუპოლის მიმართულებით უკრაინული დაჯგუფება მოაქციონ ე.წ. ტომარაში, ან ალყაში. დონბასის დაკავების შემდეგ ისინი ალბათ დააპირებენ გასვლას ზაპოროჟიე-დნიპროს მიმართულებაზე.

  • ხერსონის დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც ელიან.

ეს პოლიტიკური კლოუნადა იქნება. რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ძირითადი სამიზნეა ოდესა და დნესტრისპირეთის მიმართულება, სადაც საბრძოლო მასალების დიდი ზომის მიწისქვეშა საწყობებია. რუსების ამოცანაა, რომ ამ საწყობებზე მოახერხონ სრული სახმელეთო კონტროლი და ეს იქნება მთავარი საყრდენი პუნქტი ოდესაზე დარტყმის შემთხვევაში. არა მგონია, რუსეთმა ეს შეძლოს. უკრაინელებს აქვთ ტაქტიკურ დონეზე წარმატებები, გარკვეულ სოფლებს იბრუნებენ, შემდეგ ისევ რუსების ხელში გადადის და ისევ იბრუნებენ. მოძრავი პროცესია მოკლედ, სტატიკური მდგომარეობა არ არის.

პრინციპში, ოპერატიული დონის წარმატება არც ერთ მხარეს არ აქვს. უკრაინელებისთვის ოპერატიული დონის წარმატება იქნებოდა ხერსონი-მიკოლაევის მიმართულების გაწმენდა რუსებისგან, მარიუპოლში ალყის მოხსნა და ასე შემდეგ. ამას უკრაინა ჯერ ვერ ახერხებს, რადგან სჭირდება რამდენიმე მექანიზებული ბრიგადა მასობრივი შეტევისთვის, კონკრეტული წერტილოვანი დარტყმები გარკვეულ სამიზნეებზე, რომ რუსებმა მიიღონ დიდი დანაკარგები და დატოვონ ეს ტერიტორიები.

გიგა ინაშვილი
  • რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებას კონტრშეტევის საწარმოებლად? 

მინიმუმ 3 თვე დასჭირდება ამას, როცა საუბარი ეხება ავიაციას და არტილერიას, საზენიტო სისტემების მიწოდებას… ოპერატორების მომზადება დროის გათვალისწინებით დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონის შეიარაღებაა: ტაქტიკური, ოპერატიული, სტრატეგიული. გამანადგურებლების მიწოდებას და პილოტების მომზადებას, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმუმ რამდენიმე თვე სჭირდება. ნულიდან უკრაინელები არ იწყებენ ამის შესწავლას, მაგრამ დრო სჭირდება. არსებობს დაჩქარებული პროგრამები, მაგრამ, ბუნებრივია, ერთი და ორი ეკიპაჟის ან საჰაერო თავდაცვის სისტემაში ერთი-ორი ბატარეის მომზადება ვერ შეცვლის ამინდს, საჭიროა რამდენიმე ეკადრილიის დაკომპლექტება და  საზენიტო დივიზიონების გაშლა, რომ მათ მოახერხონ მოცემულობის შეცვლა, თუნდაც აღმოსავლეთ უკრაინაში.

  • თქვენი დაკვირვებით, რა შედეგის დადებას მოახერხებს პუტინი 9 მაისისთვის? 

9 მაისამდე პუტინი ვერანაირ ოპერატიულ წარმატებას ვერ მიაღწევს. შესაძლოა, მცირე წარმატებები ჰქონდეს, რაღაც სოფლები დაიკავონ, მაგრამ ოპერატიული დონის წარმატებას ვერ მიაღწევენ. ვფიქრობ, ზოგადად, ომის ფაზა არ დასრულდება წლის ბოლომდე, რადგან პარალელურ რეჟიმში რუსეთი იღებს სამხედრო შეიარაღებას, სარკინიგზო ეშელონები ყოველდღე შედის, დაზიანებული ტექნიკა გადის რემონტზე და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე უკრაინაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოახერხებს მიწოდებული სამხედრო ტექნიკის გამოყენებას, რომ ოპერატიულ დონეზე მოახერხონ გავლენა საბრძოლო მოქმედებებზე.

„მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“.

ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს მცხოვრებ კიდევ 6 ადამიანს ედავება. ბრალდებულების „დანაშაული“ ისაა, რომ სოფელ მამანეთში მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს, რასაც მანამდე მათი მამა-პაპა ფლობდა. ამ მიწას ყოველთვის ეს ოჯახები ამუშავებდა.

ვერ ადასტურებენ, თუმცა ბრალდებულების ერთ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ მათ პროკურატურა ამ გზით სარფიანი მიწების დათმობას აიძულებს, რომლითაც შესაძლოა კურორტი „საირმეს“ მფლობელი იყოს დაინტერესებული.

პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, ანუ იმ დადგენილების მიხედვით, რაც, მაგალითად, ციური ფიფიას ვნების კვირაში ჩააბარეს, თუმცა არ დაუკავებიათ, ციური მერიის წარმომადგენელს გაურიგდა, რომელმაც ყალბი დოკუმენტი მოამზადა და მას საჯარო რეესტრი დაეყრდნო. სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლაც ციური ფიფიას საკუთრებაშია, პროკურატურის მტკიცებით, სინამდვილეში სატყეო ფონდს ეკუთვნის და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, როგორც ციური ფიფიას, ასევე კიდევ 6 ბრალდებულისთვის მიწები საკუთრებაში გადაეცათ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ბრალდებულები აღწერენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთები ძირითადად ტყით გარშემორტყმული მინდვრებია კურორტ „საირმესთან“ ახლოს. ეს მინდვრები ბრალდებულების საცხოვრებელ ადგილთან დაშორებულია, თუმცა ირწმუნებიან, რომ ათეული წლებია მიწები თავად საჯარო რეესტრმა დაუკანონა და ამის გამო პასუხს სთხოვენ.

იმას, რასაც მოქალაქეები ჰყვებიან, ადასტურებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როგორც მოქმედი მერი, ასევე წინა ხელმძღვანელობა.

„ეს ფურცელი ჩამაბარეს, ბრალდებული ხართ, ქალბატონო, გაეცანით და დაგიკავშირდებით მოგვიანებითო, ასე მითხრა იმ გამომძიებელმა, მარა აღარ გამოჩენილა მას მერე, ერთი კვირაც კი გავიდა,“ – გვიყვება ციური ფიფია, რომლის თქმითაც, წლების წინ საბანკო სესხის დაფარვა ვერ შეძლო, უსახლკაროდ დარჩა და ახლა ბაღდათის მერია უხდის დაბაში ბინის ქირის ფულს. ციური ფიფია ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობს და საცხობში მუშაობს:

„თურმე უნდა შემეშინდეს? დამნაშავე ვარ? დამნაშავეა ადამიანი, როცა მას სახელმწიფო ორგანო საკუთარ მიწას ურეგისტრირებს?

ის მინდვრები, რომელსაც გვედავებიან, სათესად ვიყენებდი: ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, რა ვიცი, რაც ხარობს სოფლად, ყველაფერი მომყავდა. გასულ წელსაც იქ ვიყავი. ა, ბატონო, აგერ, ვაუჩერებსაც მაძლევდა სახელმწიფო, რომ მომეხნა მიწა და ახლა აღარაა ჩემი მიწა?… 1900 წლიდან ცხოვრობდნენ იქ ჩვენი წინაპრები, იქ არ დავბადებულვარ, თორემ ჩემთან ერთად გაიზარდნენ ის ხეები, რასაც ახლა მართმევენ.

ჩემს ბავშვობაში ფუტკრები გვყავდა იქ ბევრი, მამაჩემი უვლიდა, სულგუნიც ამოგვყავდა, მესაქონლეობას მივდევდით… მერე კურორტი რომ მოეწყო „საირმე“, სასროლეთიც გააკეთეს, ატყდა სროლები და ეს ფუტკრები აღარ შებრუნდნენ თავის ბინებში.

ბოლო დროს ფუტკარი აღარ იყო, მაგრამ ყველაფერს ვთესავდი. წელს აღარ დამითესია. არ დამიჭერდნენ და დათესვას ვინღა ჩივის…

ვიფიქრე, იქ ავაშენებ ერთ ხის სახლს და ვიცხოვრებ, თან საოჯახო სასტუმროს მოწყობის გეგმა მქონდა, ვგეგმავდი, სტუმრებს მივიღებ ველურ ბუნებაში-მეთქი და „აწარმოე საქართველოში“ შევიტანე პროექტი. სულ აღარ ვაპირებდი დაბრუნებას ბაღდათში“ , – მოგვიყვა ციური ფიფია.

ციური ფიფიამ 2020 წლის პირველ ივლისს გახდა მიწის ნაკვეთის – 4 ათასი კვადრატული მეტრის მესაკუთრე ბაღდათში, მამანეთში. საჯარო რეესტრის დოკუმენტაციის მიხედვით, მან სპორადული რეგისტრაციით [როცა რეესტრი თავად აგროვებს საკუთრების დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტებს მოქალაქის წერილობითი მიმართვის შემდეგ] დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ციური ფიფიასთვის საკუთრების რეგისტრაციის დროს დაეყრდნო ბაღდათის მერიის მონაცემს, რომლის მიხედვითაც: „…ციური ფიფია სოფელ მამანეთში უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ფლობს საკადასტრო ნახაზზე წარმოდგენილ საოჯახო მეურნეობის კატეგორიის მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე და დღემდე.

საჯარო რეესტრს საკუთრების რეგისტრაციამდე მიუმართავს არქივის სამმართველოსაც, საიდანაც ეს პასუხი მიუღია:

„საკომლო ჩანაწერებით არ გვაქვს შესაძლებლობა მოგაწოდოთ ინფორმაცია ციური ვარლამის ასულ ფიფიას კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ,“ – ვკითხულობთ ქუთაისის არქივის სამმართველოს წერილში, რომელიც საჯარო რეესტრს მიუღია.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, მიწის ნაკვეთი 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, 124 ათას ლარად იყო შეფასებული.

„ისე გამოვიდა, ვითომ მე მოვისყიდე ბაღდათის მერია და დავაწერიე სიყალბე. სად ვნახავდი მე 124 ათას ლარს? როგორ გამოიყურება ამდენი ფული ერთად, იმის წარმოდგენას მიჭირს. ასე ვუთხარი იმ გამომძიებლებსაც… სირცხვილია-მეთქი, ვუთხარი, მთელმა ბაღდათმა იცის, ბაბუაჩემიც რომ იქ სახლობდა და საუკუნეზე მეტია ჩვენია ეგ მიწები-მეთქი,“ – ამბობს ციური ფიფია.

პროკურორს კი დადგენილებაში ჩაუწერია შემდეგი: „ციური ფიფიამ 2020 წლის მაისში განიზრახა დაუფლებოდა ეროვნული სატყეო სააგენტოს კუთვნილ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მამანეთში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ის და მისი ოჯახი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე წარსულში არ ფლობდა… ნერგეეთში მერიის წარმომადგენელმა, ნუგზარ კბილაშვილმა შეადგინა ყალბი შინაარსისა და მონაცემების შემცველი მოხსენებითი ბარათი, რომელმაც რეალობის საპირისპიროდ დაადასტურა აზომვით ნახაზზე არსებული ნაკვეთის ციური ფიფიასთვის საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემის ფაქტი, მაშინ, როდესაც ნაკვეთი 1994-1995 წლებში ტყითმოწყობის მასალებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილების საფუძველზე წარმოადგენდა სახელმწიფო ტყის ფონდის საკუთრებას“, – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ.

პროკურატურა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ვიდრე ციური ფიფიამ საჯარო რეესტრს მიმართავდა, მან ბაღდათის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა, „თუმცა უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან ის სატყეო ფონდს ეკუთვნოდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში.

„ასე იყო, კი, მაგრამ მერე გავიგეთ, რეესტრში გამარტივდა რეგისტრაცია, თავად გაარკვევენ ყველაფერსო და წავედი რეესტრში,“ – დასძინა ციური ფიფიამ.

საქმის მასალებში ნახავთ ერთი წერილსაც, რომლითაც დასტურდება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ადასტურებს ფიფიების მხრიდან მამანეთში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას: – 2015 წელს ნუგზარ კბილაშვილი, რომელიც იმ დროს მერიის წარმომადგენლის აპარატის წამყვანის სპეციალისტი იყო, ბაღდათის მაშინდელ მერს, ირაკლი გეგეშიძეს წერს, რომ ციური ფიფია მამანეთში, ასევე გიორგი და ხვიჩა ფიფიები, ფლობენ „მამაპაპისეული მიწის ნაკვეთს, სადაც არის მათი ნასახლარი, რომელიც პირად საკუთრებაში არ აქვთ, მაგრამ აღნიშნულ ნაკვეთებზე ისინი სარგებლობენ „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ და ისევ სჭირდებათ ხვნისთვის ბარათები.

იმავე 2015 წელს ბაღდათის მაშინდელ გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს მიუწერია წერილი ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისთვის: „ისინი ფაქტობრივად ფლობენ მამაპაპისეულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს“, – იწერება წერილში ბაღდათის გამგებელი და მინისტრს სთხოვს „გაითვალისწინოთ აღნიშნული და განიხილოთ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხი.“

იმავე წერილში ირაკლი გეგეშიძე აღწერს, რომ ფიფიების წინაპრები 1900 წლიდან სარგებლობენ მიწის ნაკვეთით მამანეთში, კურორტ „საირმის“ მახლობლად, რაც დასტურდება საკომლო ჩანაწერებითო.

ფიფიებმა ამ საქმისთვის ამოიღეს ბაღდათის არქივის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ციური ფიფიას წინაპრებს ქოხი და ფაცხა ჰქონდათ მამანეთში ჯერ კიდევ 1900 წელს. საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ვერ დგინდება, კონკრეტულად სად ფლობდა მიწის ნაკვეთს ციური ფიფიას ოჯახი.

„…მათ გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი კურორტ „საირმის“ და ბაღდათის პოპულარიზაციაში, ისინი მისდევენ მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას… სახელი გაუთქვეს საირმის თაფლსა და სულგუნს, მათი ბაბუა 81 წელი ცხოვრობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, იყო 12 შვილის გამზრდელი…,“ – ესეც მიუწერია ბაღდათის ყოფილ გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს მთავრობისთვის, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.

ბრალდებულების თქმით, უკვე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც კი შეუფარდეს ნუგზარ კბილაშვილს, რომელიც ნერგეეთის ადმინისტრაციულ თემში იყო ბაღდათის მერის წარმომადგენელი. „ამ ინფორმაციას არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ“, – გვითხრეს ბაღდათის მერიის პრესცენტრში, სადაც გუშინ, 30 აპრილს დავრეკეთ.

ბრალდებულები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კურორტ „საირმის“ მესაკუთრე, 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, თემურ კოხოძეა ამ მიწებით დაინტერესებული, მას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან კურორტ საირმეში აქვს ბიზნესი და სადავო მიწის ნაკვეთების „მეზობელია“.

„მე უშუალოდ გამომიგზავნა თემურ კოხოძემ კაცი გასული წლის ზაფხულში, როცა მიწა დავირეგისტრირე,“ – გვიყვება გელა სოსელია. ის სოფელ „უდაბნოში“ ცხოვრობს, კურორტ „საირმესთან“ მისვლამდე. გელა სოსელიასაც პროკურატურა თაღლითობას ედავება. მას ფუტკრის სკები და სახლიც კი აქვს მიწის ნაკვეთზე, რაც რეესტრმა შარშან დაურეგისტრირა.

„ცუდი იმ შუამავალს არაფერი უთქვამს. გვითხრა, რომ ეს მიწა სჭირდება კურორტს განვითარებისთვის და თუ დავთმობთ, შესაბამის ანაზღაურებას მოგვცემდნენ… არც მიკითხავს, რას მომცემდნენ და როგორ. ვუთხარი, რომ ეს მამა-პაპის მიწაა, 1947 წლიდან ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და მაგაზე ფიქრიც კი არ მინდა-მეთქი.

მერე ბაღდათის გამგებელმაც დაგვიბარა. დაახლოებით ერთი თვის წინ შევხდით კახა ენუქიძეს [ბაღდათის მერი] და გვთხოვა მეც და ჩემს საბიძაშვილოსაც, იქნებ დაელაპარაკოთ ბიზნესმენს, კურორტ „საირმეს“ სჭირდება ეს მიწებიო, მთლად მილიონს ნუ დააფასებთ ახლაო…

უარი ვთქვით და შემდეგ ხდება ეს ამბავი. რა უნდა ვიფიქროთ?“ – კითხულობს გელა სოსელია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს საკუთარი მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციის შემდეგ. სხვა რეგიონებში რამდენიმე ადამიანთან პროკურატურა გარიგებაში შევიდა და საპროცესო შეთანხმებაც  გაფორმდა. ამ დრომდე მინიმუმ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ადამიანებმა მათ წინააღმდეგ დევნის დაწყების შემდეგ საკუთარი მიწები დათმეს და პირიქით, ჯარიმა გადაუხადეს სახელმწიფოს 3-3 ათასი ლარი სისხლის სამართლის წესით.

ბაღდათელი ბრალდებულებიდანაც ერთ-ერთი ამბობს, რომ გამომძიებელმა მას გადაკვრით უხსენა „საპროცესო შეთანხმება“.

„თავიდან იქ ადვოკატის გარეშე მივედით, როცა დაგვიბარეს და გამომძიებელმა გრიგოლ ჩახუნაშვილმა მითხრა დამშვიდობების დროს, დაგირეკავთ, თუ თანახმა იქნებით საპროცესოზე, ვნახოთ, თუ არადა გაგრძელდება პროცესიო… ადვოკატიც არ მახლდა და არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს. სხვა იქ არაფერი უთქვამს, არც მე მიკითხავს რამე,“ – გვითხრა მაია ფიფიამ. ისიც მამანეთში ფლობს მიწის ნაკვეთს და თაღლითობაში სდებენ ბრალს.

„ხის სახლიც მაქვს იქ, ზაფხულში იქ ვართ ხშირად… იმ სახლს რომ ექსპერტიზა ჩაუტარონ, ის გასცემს ყველა კითხვას პასუხს – ისეთი ძველია, ფეხი ჩაუვარდება კაცს, თუ ფრთხილად არ გაივლის,“ – ამბობს მაია ფიფია.

„მაია ფიფიას შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია, რას ედავებიან, მას დადგენილებაში ისიც არ უწერია, რომ მერიის წარმომადგენელი მოატყუა, არც დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებიან,“ – ეს ადვოკატმა სალომე ბოჭორიშვილმა გვითხრა, რომელიც ამ ეტაპზე საქმის მასალებს ეცნობა და სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს.

„სხვა პირებსაც შეიძლება მიედავონ თაღლითობის ჩადენა, ჩემს ბიძიასაც ცოტა ხნის წინ დაურეგისტრირა რეესტრმა საკუთრება და მან მე მაჩუქა ნაწილი,“ – გვიყვება გოგა თოლორდავა, რომელიც ასევე იმ კაცის შთამომავალია, ბაღდათის ყოფილი გამგებელი რომ წერდა, 12 შვილი ჰყავდა და მამანეთში სახლობდაო.

„ერთ-ერთ ბრალდებულს უნახავს პროკურატურაში, გამომძიებელს სიაში 25 კაცი ეწერა და თქვენც იქ ეწერეთო… გამორიცხული არაა, რადგან ჩვენც იგივე გავაკეთეთ, რაც იმათ, ვისაც ედავებიან და არაფერი დაუშავებიათ.

ეს არის უკიდეგანო უსამართლობა. ერთი ბრალდებული უკვე ამბობს, დამანებეთ თავი, წაიღეთ უკან ეს მიწა, შემეშვითო, მაგრამ აღარაა საქმე ასე, სახელმწიფო უდანაშაულო ადამიანებს თაღლითობას ედავება,“ – აღნიშნა გოგა თოლორდავამ „ბათუმელებთან“.

ბულვარში მიტაცებული პლაჟის აღდგენას 6 მილიონი სჭირდება – რა ელის სანაპიროს

ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო.

გამწმენდი ნაგებობიდან ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირომდე, 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად, ამჯერად 412 960 კუბური მეტრი პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანაა საჭირო. ბოლო შტორმების შედეგად ამ მონაკვეთში პლაჟი ზოგ ადგილას ფაქტობრივად არ არის, ზოგან კი, სიგანე მხოლოდ 10-15 მეტრია.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის ანგარიშით უკვე მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტი ხორციელდება ბათუმის ინფრასტრუქტურის დასაცავად და მასში მოცემულია ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

პროექტით, ნაპირის ხელოვნური კვებისთვის პლაჟზე შესატანი ინერტული მასალის ამოსაღებად რამდენიმე ადგილი მდინარე ჭოროხის დელტაშია შერჩეული.

ჭოროხიდან ამოღებულ ხრეშს ავტომანქანებით სანაპიროზე გადაიტანენ და ზღვაში ჩაყრიან. ხრეშის ჩასაყრელად კი, სამი უბანია შერჩეული:

პირველ უბანზე აუცილებელია 120 000 კუბური მეტრი, ხოლო მეორე და მესამე უბნებზე – ჯამში 292 960 კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა / წყარო: სკრინინგის ანგარიში

„ხრეში სანაპიროზე დაიყრება სამ უბანზე და ზღვა შემდეგ თავად გადაანაწილებს მას,“ – გვითხრეს სამმართველოში.

სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა მზად არ არის და ის 10 მაისის შემდეგ დაზუსტდება. სწორედ 10 მაისის შემდეგ უნდა მიიღოს სამინისტრომ სკრინინგის დასკვნა.

„წინასწარი გათვლებით, სამუშაოებისთვის 6 მილიონზე ოდნავ მეტი ლარი იქნება საჭირო. სამუშაოები კი დაახლოებით თვე-ნახევარში უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დასრულდეს.

პლაჟის შესანარჩუნებლად ხრეშის შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო, თუმცა არა ამ რაოდენობით. წინასწარი გათვლებით, ალბათ, 100 ათასი კუბური მეტრი იქნება საკმარისი, თუმცა ეს ოდენობაც დაზუსტდება შემდგომში მონიტორინგის შედეგად,“ – გვითხრეს სამმართველოში.

სკრინინგის ანგარიში შემუშავებულია „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი ეკომეტრის“ მიერ.

სკრინინგის ანგარიშის მიხედვით

„საშუალო და ძლიერი შტორმების დროს პერიოდულად ზიანდება ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა… აჭარაში შტორმული სეზონი ზამთარში დგება, როდესაც 2 მ და მეტი სიმაღლის ტალღების განმეორებადობა აღწევს 30%-ს, ზაფხულში ეს მონაცემი მცირდება 5-13%-მდე, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 15-17%-ს შეადგენს. დაფიქსირებულია ძლიერი შტორმების ერთეული შემთხვევები ზაფხულში და გაზაფხულზე, როდესაც ტალღის სიმაღლე ღია ზღვაში აღწევდა 7-8 მეტრს. ტალღების ზემოქმედება ნაპირზე პრაქტიკულად ხორციელდება ტალღების ტრანსფორმაციის დაწყებასთან ერთად, 15-20 მეტრი სიღრმიდან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

შტორმი / ბათუმი / 1.12.2021 / ფოტო: გურამ მურვანიძე|ბათუმელები
ბათუმის სანაპიროს ახლანდელი მდგომარეობა

[crosslist]

  • მთლიანად მოშლილია პლაჟებისთვის მდინარით ჩამოტანილი მკვებავი მასალის მიწოდების მექანიზმი

[/crosslist]

თურქეთის ტერიტორიაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით გადაკეტვის გამო, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მყარი ჩამონადენის მქონე მდინარე ჭოროხს თითქმის აღარაფერი აღარ გამოაქვს სანაპიროზე.

ადრე ჭოროხი კვებავდა ნაპირებს გონიოდან ქობულეთის ჩათვლით, ხოლო უკანასკნელ წლებში, ბათუმის საპორტო მოლების აშენების შემდეგ, მხოლოდ გონიოდან ბათუმის კონცხის ჩათვლით.

საკვლევი უბნის ფარგლებში და მის მიმდებარედ ფიქსირდება ზღვის ნაპირების წარეცხვა და ამ პროცესის ტემპის მომავალში ზრდა, ვინაიდან მდ. ჭოროხის აუზში აგებული კაშხლების ექსპლუატაციაში შესვლა და მდ. აჭარისწყლის აუზში ახალი კაშხლების მშენებლობა უპირობოდ გამოიწვევს პლაჟმაფორმირებელი მასალის კატასტროფულ დეფიციტს თავისი უარყოფითი შედეგებით.

უკეთესი მდგომარეობა არც პატარა მდინარეებზეა – მდინარეების ნატანების და კინტრიშის კალაპოტებიდან მოპოვებული მილიონობით კუბური მეტრი მასალით შენდება გზები და შენობები, როცა ორივე მდინარის საშუალო წლიური ჩამონადენი არ აღემატება 60 000 კუბურ მეტრს.

[crosslist]

  • მშენებლობების შედეგად მასობრივად განადგურებულია საუკუნოვანი ნაპირგასწვრივი ზვინულები, ხდება პლაჟების ტერიტორიების ათვისება

[/crosslist]

საქართველოს სანაპირო ზოლში არსად არ გვხვდება მრავალწლიური ნაპირგასწვრივი ზვინული და პლაჟები, ბუნებრივი ზომებით. ზვინულები ან საგრძნობლად დადაბლებულია ან მასზე, დამატებით, გაშენებულია ნაგებობა და გზა.

ნაპირგასწვრივი ზვინულების ზოლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზღვის ზვირთცემის მოქმედებით არის შექმნილი, სწორედ ამ სამუშაოზე იხარჯება ზღვის ზვირთცემის ენერგია და აქედან გამომდინარე, სანაპირო ზვინულების ზოლი წარმოადგენს ბუნებრივ ჯებირს, რომელიც სანაპირო ხმელეთს იცავს ზღვის ტალღების ზემოქმედებისაგან.

პლაჟები საუკეთესო შემთხვევაში, ბუნებრივი ზომების 1/3 სიგანითაა შემორჩენილი. ასეა მაგალითად ბათუმის ახალი ბულვარი – ზვინულის ნარჩენებზე და პლაჟზე გაშენებული, რომელიც პირველივე შტორმის შემდეგ დაინგრა. აგრეთვე უამრავი მოსწორებულ ზვინულზე აშენებული და ზოგი მშენებარე შენობა, რომელთა წინ არსებული დამცავი პლაჟის სიგანე 20-40 მეტრს არ აღემატება. უნდა იყოს 90-120 მეტრი ადლიაში და ბათუმში, ხოლო 60-70 მეტრი – აჭარის სხვა პლაჟებზე.

ახალი ბულვარის სიმაღლის ნიშნული მხოლოდ 3 მეტრომდეა, მაშინ, როცა ბუნებრივი პლაჟის ზვინულის სიმაღლე 4,5-5 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ბულვარი უნდა მდებარეობდეს ზვინულის უკან. ზვინულზე დასაშვებია მხოლოდ მცენარეული საფარის გაშენება. ასეთ პირობებში, ბულვარი და მის მიმდებარედ გაშენებული ნაგებობები დაცული იქნებოდნენ განადგურებისგან.

ნაპირდამცავი ნაგებობა / ბათუმი, ახალი ბულვარი/აპრილი, 2022 წელი

სანაპიროს მკვებავ მდინარეებში აღარ არსებობს პლაჟების მკვებავი მასალა, ვინაიდან მათი პირდაპირი დანიშნულების მაგივრად მდინარის ნატანს იყენებენ სხვადასხვა სამშენებლო მიზნით [შემოვლითი გზების და უბრალოდ გზების მშენებლობა, მაღლივი კორპუსების მშენებლობა უშუალოდ ზღვასთან და ხშირ შემთხვევაში იქ, სადაც პლაჟი და ზვინული უნდა იყოს].

აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა.

დიდი რაოდენობით ინერტული მასალის ამოღება უშუალოდ სანაპირო ზოლიდან ხდებოდა XX საუკუნის 80-იან წლებამდეც. შედეგად, 1929 წლიდან 1980 წლამდე გარეცხილი იქნა დაახლოებით 150 ჰექტარი სანაპირო ზოლი.

[crosslist]

  • ამჟამად ნაპირდაცვითი სამუშაოები ხორციელდება ორი მეთოდით – ქვანაყარი ნაპირგასწვრივი დეფორმირებადი ბერმით და კარიერებიდან მოტანილი მასალით პლაჟების აღდგენით

[/crosslist]

ქვანაყარი ბერმა გამოიყენება ყველგან, სადაც საჭიროა საავტომობილო გზების და რკინიგზის დაცვა [სარფი, კვარიათი, ადლია, ჩაქვი და სხვ.]. ეს მართლაც კარგი მეთოდია, ვინაიდან დეფორმაციის შემთხვევაში არ ხდება სანაპირო დანაგვიანება ბეტონის ნამსხვრევებით და ადვილია აღდგენა ლოდების დამატებით.

ერთადერთი ნაკლია ის, რომ ამ მეთოდით გამაგრებული ნაპირი კარგავს პლაჟებს და რეკრეაციულ მნიშვნელობას. პლაჟების შესანარჩუნებლად საჭირო ხდება კარიერებიდან შესაბამისი ფრაქციისა და ხარისხის, ინერტული მასალის შემოტანა სანაპიროზე და ხელოვნურად პლაჟების აღდგენა [სარფი, ადლია, ქობულეთი, და სხვ.].

[crosslist]

  • ბათუმის კონცხი – არამდგრადი წარმონაქმნი, რომელიც საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას პლაჟზე

[/crosslist]

ბათუმის კონცხის დისტალური ნაწილი მეტად არამდგრადი წარმონაქმნია. ზოგადად, მუდმივად გროვდება ჭოროხიდან მოტანილი მასალები კონცხზე და შემდგომ შესაბამისი მიმართულების ღელვით ამ მასალის იახტკლუბის შესასვლელის მიმართულებით გადაადგილება და ამ უბანზე ნაპირის მუდმივად წინ გაწევა.

ნაპირის წინ გაწევას აქ ზღუდავს ბათუმის კანიონის სათავე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნაპირს. როდესაც მასალის დაგროვება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, საკმარისია ერთი ძლიერი შტორმი ან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა, რათა მოხდეს პლაჟის მნიშველოვანი ტერიტორიის მოწყვეტა და ჩაზვავება 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე, როგორც მოხდა 1999 წლის იანვარში.

მას შემდეგ, დღემდე, იახტკლუბთან მუდმივად ხდება მასალის დაგროვება და წინ წაწევა. სანაპირო ხაზების შედარება გვიჩვენებს, რომ 2007-2009 წლებში, ნაპირის ხაზი, ორ დეზს შორის, შესაბამისად 54-40 მეტრზე იყო უკან დახეული 2015 წელთან შედარებით. ამავე დროს დელფინარიუმის საკომპრესოროს წინ ნაპირის ხაზი 18 მ-ით წინ იყო გაწეული 2015 წელთან შედარებით.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იახტკლუბთან ხდებოდა მასალის დაგროვება და ნაპირის წინ წაწევა, საშუალოდ 2 მ/წელიწადში სიჩქარით. მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობენ კონცხის სხვა მონაკვეთებზე, იახტკლუბთან ხდება ნაპირის მუდმივი წინ წაწევა და მასალის ჩაზვავება.

ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული. მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი, დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია.

ბათუმის კონცხი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

განმეორებითი გეოდეზიური გაზომვების შედეგების მიხედვით, ჭოროხი-ბათუმის სტრუქტურული ბლოკის ზღვისპირა ნაწილი, კერძოდ, სანაპირო ზონა, წელიწადში 0,8-1,3 მმ-ით იძირება.

რაც შეეხება ციხისძირის სტრუქტურულ ბლოკს, ამ ბლოკის ზღვისპირა ზოლი წელიწადში 1-2 მმ-ით განიცდის აზევებას. აზევების ასეთი ტემპი დამახასიათებელია სარფი-კალენდერის სტრუქტურული ბლოკისთვის და მასთან მიმდებარე სანაპირო ზონისთვისაც.


პროექტი, რომელიც ნაპირის ხელოვნურ კვებას ითვალისწინებს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ უნდა განახორციელოს.

სამმართველოს მიერ სამინისტროში წარდგენილ სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით წარუდგინონ, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროებას.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – ეს არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა.

სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას“.

სამინისტრომ უნდა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა ნაპირდაცვითი პროექტის განხორციელებისთვის სგშ.

ამავე თემაზე:

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ბუჩასთან კიდევ ერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს ნაწამები ცხედრებით – პოლიცია

კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის თქმით, ქალაქ ბუჩას შემოგარენში აღმოაჩინეს კიდევ ერთი საერთო საფლავი, რომელშიც 3 კაცის ცხედარი იყო.

ანდრეი ნებიტოვის თქმით, სამივე ცხედარს აღენიშნებოდა განსაკუთრებული სისასტიკით წამება. „მსხვერპლებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ. მათი ტანსაცმელი სისხლით იყო მოსვრილი. მსხვერპლებს ხელები უკან ჰქონდათ შეკრული, სახეზე ქსოვილი, თვალებზე კი წებოვანი ლენტი ჰქონდათ შემოხვეული“, – განაცხადა პოლიციის უფროსმა.

ანდრეი ნებიტოვის თქმით, „ზოგ მსხვერპლს პირში ალიკაპი ჰქონდა ამოდებული“.

მისივე თქმით, დაღუპულებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებათ წამების კვალი – ხელებზე, ფეხებზე კი აქვთ ნატყვიარები. „ბოლოს სამივე მათგანს ესროლეს ყურში“.

ინფორმაციას უნიანი ავრცელებს.

მასობრივი საფლავი. ომი უკრაინაში

___

კიევის რეგიონიდან რუსული არმიის უკანდახევის შემდეგ, არაერთ ქალაქში იპოვეს საერთო საფლავები, სადაც ოკუპანტების მიერ ნაწამები ადამიანების ცხედრები აღმოაჩინეს.

რუსეთი დემონსტრაციულ უარს აცხადებს ნებისმიერ კომპრომისზე – პოდოლიაკი მარიუპოლის შესახებ

მსოფლიო გვთავაზობს მარიუპოლელი ხალხის გადასარჩენად დახმარებას, თუმცა რუსეთი ყველა შეთავაზებას გამორიცხავს – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსები ჰუმანიტარული კომპონენტის თვალსაზრისით, დემონსტრაციულად აცხადებენ უარს ნებისმიერ კომპრომისზე.

გუშინ აზოვის პოლკის მეთაურის მოდგილემ, სერგეი ვოლინამ განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე „600-მდე სამხედრო მოსამსახურე გვყავს სხვადასხვა დაზიანებით, რომელთაც სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდებათ“.

პოდოლიაკმა დღეს უკრაინულ მედიასთან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და მისი აპარატი მუდმივად მიმართავენ მსოფლიო ლიდერებს დაარწმუნონ რუსული მხარე, მარიუპოლისთვის ჰუმანიტარული დერეფნის საჭიროებაში. კრემლი კი დუმს.

„ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პუტინს პირადი არხებით მიმართავს და უმტკიცებს, რომ ეს ჰუმანისტური მოსაზრების გამო უნდა გაკეთდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან არანაირი რეაქცია არ არის“, – თქვა პოდოლიაკმა.

მან დასძინა, რომ რუსებისთვის მთავარია მარიუპოლის სრული განადგურება და აზოვის პოლკის გატეხა.

„აზოვსტალს“, გასანადგურებლად, ყოველდღიურად თავს ესხმიან ყველა სახის მძიმე არტილერიისა და ავიაციის მაქსიმალური გამოყენებით. რუსებმა იციან, რომ იქ არიან ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ დაბომბვას მაინც აგრძელებენ“, – აცხადებს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი.

___

გუშინ უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა დახმარების თხოვნით. მან ერდოღანს სთხოვა, თურქეთმა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოს ალყაში მყოფი მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების აზოვსტალის ტერიტორიიდან გაყვანა.

პროტესტი ბათუმის იუსტიციის სახლში – მოქალაქეებს პირადობას ძველი ტარიფით აღარ აძლევენ

დილიდან ხმაურია ბათუმის იუსტიციის სახლში. მოქალაქეებს, რომლებიც პირადობის მოწმობების ასაღებად მივიდნენ, უთხრეს, რომ დღეს პირადობებს ძველი ტარიფით ვერ გააკეთებდნენ, რადგან შაბათია. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პროტესტი გამოთქვეს, ბათუმის იუსტიციის სახლში პოლიცია გამოიძახეს.

დღეს, 30 აპრილს, ბოლო დღეა, როცა მოქალაქეებს პირადობის მოწმობა 30 ლარად შეუძლიათ აიღონ. ხვალიდან, პირველი მაისიდან კი ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ორმაგდება და 60 ლარი იქნება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება ძვირდებოდა გუშინ, 29 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. მოქალაქეებს, ვისაც პირადობის მოწმობის აღება ან განახლება სურდათ, არ მიეცათ გონივრული ვადა, რომ ძველი ტარიფით ესარგებლათ.

როგორც „ბათუმელებს“ იუსტიციის სახლში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა, სწორედ ამას აპროტესტებს ბათუმის იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის ასაღებად მისული ოცამდე მოქალაქე. ისინი ითხოვენ, რომ იუსტიციის სახლი მათ ძველი ტარიფით მოემსახუროს.

„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს, რომელიც ზარებსა და შეტყობინებებზე არ გვპასუხობს. გამოცემა იუსტიციის სახლის განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისათვის, ხვალიდან, პირველი მაისიდან, ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური 60 ლარამდე ძვირდება, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის ფასი – 150 ლარამდე.

ამ ფასებში არ შედის ფოტოს საფასური – 5 ლარი. აქამდე პირადობის მოწმობის აღება 30 ლარი ღირდა, ხოლო პასპორტის – 100 ლარი.

რუსეთი იძულებული გახდა შეერთებინა გამოფიტული და განსხვავებული საჯარისო შენაერთები – UK დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ახალ სადაზვერვო მონაცემებს აქვეყნებს.

სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსეთი იმედოვნებს, რომ მოაგვარებს ისეთ საკითხებს, რომლებიც ადრე აფერხებდა. ამის მიღწევას საბრძოლო ძალების გეოგრაფიული კონცენტრირებით,  მარაგების მიწოდების ჯაჭვის შემოკლებითა და ბრძანებისა და  კონტროლის გამარტივებით აპირებს.

დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კვლავ საყურადღებო გამოწვევების წინაშე დგას. ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა შეერთებინა და გადაენაწილებინ გამოფიტული და განსხვავებული საჯარისო შენაერთები. დაზვერვა ვარაუდობს, რომ ამ შენაერთებში, ბევრი დემორალიზებულია.

ასევე დაზვერვის მონაცემების თანახმად, რუსეთს ხარვეზები რჩება ტაქტიკურ კოორდინაციაში. ქვედანაყოფების საბრძოლო უნარების ნაკლებობამ და არათანმიმდევრულმა საჰაერო მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ რუსეთს არ შეუძლია სრულად გამოიყენოს თავისი საბრძოლო ძალა, მიუხედავად იმისა რომ გადაჯგუფება გაუმჯობესებულია.

Exit mobile version