მთავარი,სიახლეები

“ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია” – ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან

30.04.2022 • 1932
“ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია” – ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქართული საზოგადოების მთავარი კითხვაა, რას მოუტანს საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. რა არის მშვიდობის ფასი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს და რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას მთავრობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
„ბათუმელების“ ინტერვიუების სერიაში ცდილობს მთავარ კითხვებზე პასუხები მიიღოს იმ ადამიანებისაგან, ვინც პოლიტიკურად მიუკერძოებელია. მორიგი ინტერვიუ დრამატურგ ალექს ჩიღვინაძესთან ჩავწერეთ.
მან ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხა.
  • თუ შეგიძლიათ დაასახელოთ მთავარი გამოწვევა, რომელიც ახლა საქართველოს აქვს?

ჩვენს რეგიონშიც კი ყველაზე ღარიბი და უთანასწორო ქვეყანა ვართ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მშვიდობაც დანაღმულია და ყოველწლიურად ათასობით ადამიანს ვკარგავთ შიმშილის, არასათანადო კვების, დაბინძურებული გარემოს, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, დეპრესიის, მძიმე სამუშაო პირობების, ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის გამო.

ჩვენი რეალობა ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, ზღაპრისა, სადაც დევებმა მიითვისეს ყველაფერი, მიწა-წყალი,  ტყეები, საჯარო სივრცეები, კინოთეატრები, მუზეუმები, ბაღები. მოსახლეობა კი პასიური მიმღებლობის ჯადოთი მოაჯადოვეს.

საითაც არ უნდა გაიხედო, ხედავ გაძარცვულ ადგილებს, შენობებს, გაუბედურებულ, უიმედო, ქვეყნიდან გასაქცევად გამზადებულ ადამიანებს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კი ისინი იღებენ, რომელთა ერთადერთი მიზანიც გამდიდრებაა. ხალხის მიზანი კი – გადარჩენაა, ამ რთულ დროს ადამიანობის შენარჩუნებაა. და ალბათ მთავარი გამოწვევაც ეს არის, გადარჩენა, ამ დევებისთვის არაკომფორტულ ხალხად ქცევა და რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ერთმანეთის აღმოჩენა.

  • რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა (სანქციებზე არ მიერთება, უკრაინის ხელისუფლების გამუდმებული კრიტიკა, ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში), სად მიგვიყვანა?

არასადაც არ მიგვიყვანა, იმიტომ წლებია ერთ ადგილს ვტკეპნით. ცნობილია, რომ ომის დროს მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კიდევ უფრო ცუდ დღეში ვარდებიან.

ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ოლიგარქების საუბარი, მოვისმინეთ როგორი ალერსით, სიყვარულით საუბრობენ ამ ომის დროს გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე, ხორბლის ბაზარზე, ახალი საქმის გაჩარხვის შანსზე. ამ ადამიანებისთვის ასეთია ეს სამყარო,  ურთიერთობების სხვაგვარი სისტემა, მოგების, სხვის ჩაგვრის გარდა სხვა ორბიტა არც არსებობს.

აქ სამწუხარო ის არის, რომ ამ ოლიგარქებიდან ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური მმართველია.

  • სად არის და სად იქნება ჩვენი ადგილი სამყაროში, რომელმაც ცალსახად უთხრა დღევანდელ რუსეთს არა. რა მესიჯები უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას დღეს იმის ნაცვლად, რაც აქვს?

სწორ პოლიტიკურ მესიჯებს რომ თავი დავანებოთ, აქ საუბარი ადამიანობაზეა, თანაგრძნობაზე, სოლიდარობაზე, რა სიტყვებით ვლაპარაკობთ, როცა ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ ქალაქების დაბომბვის კადრებს, ქუჩაში ხელებშეკრულ დახოცილ მშვიდობიან მოსახლეობას, დაღუპულ, შეშინებულ ბავშვებს.

რას ვამბობთ ასეთ დროს?

იმ დღეს ვფიქრობდი, დაბომბვა რომ დაიწყოს, რა სიტყვებით შემიძლია ბავშვის დამშვიდება. რას ვეტყვი? უკრაინელი დედები და მამები როგორ ამშვიდებენ თავიანთ შვილებს?

ქართველმა პოლიტიკოსებმა არა მხოლოდ ლაპარაკი არ იციან, არამედ თითქოს თანაგრძნობაც კი არ შეუძლიათ. ხშირ შემთხვევებში თვითონ მათი ენაა შეურაცხმყოფელი.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს ასწავლიან, როგორ ისაუბრონ, რისი ლაპარაკი შეიძლება და რისი – არა. ჩვენთან კი განათლების სისტემის კრახის ერთ-ერთი უმთავრესი თვალსაჩინოება, სწორედ ქართული პოლიტიკაა.

და, საერთოდ, როგორ შეიძლება ეროვნულ ინტერესების დაცვაზე საუბრობდეს ადამიანი, რომელიც წლების წინ უფროსის შვილის ბრძანებით სკოლის მოსწავლეების დასასჯელად იწევდა და პატარა ბიჭებისთვის სამაგიეროს გადახდას „მაგარ კაცობას“ ეძახდა.

ასეთმა ადამიანმა როგორ შეიძლება დაიცვას ეროვნული ინტერესები?

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის გრძნობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ?

ქართველი ბავშვების 33%-ს სახლში ერთი საბავშვო წიგნიც კი არა აქვს და ბავშვების მხოლოდ 25% აღწევს წიგნიერების მინიმალურ ნიშნულს.

სავალალო მოცემულობაა.

ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ადამიანების უმრავლესობა, ვერ გაიაზრებს რა რატომ ხდება, ვერ შეძლებს დასკვნების გაკეთებას.

გახსენდებათ, რომ ამ თემაზე რომელიმე პოლიტიკოსს ელაპარაკა?

ადამიანების პრობლემების მოგვარების გზებზე ემსჯელა?  სამაგიეროდ არ გვაკლია სანახაობა, ტოტალური ცირკი.

  • „ხალხი მთავრობაზე უკეთესია“ – უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა ერთგვარი შვება მოჰგვარა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს ომის საწყის დღეებში. ეს ხალხი მუდმივად ემიჯნება მთავრობას. მაგრამ როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობას ხელისუფლებისადმი, სწორედ ეს მთავრობა წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოებაში. თქვენი შეფასებით ქართული საზოგადოება იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს თუ მართლა მთავრობაზე უკეთესია?

რა თქმა უნდა, არა.

რა მანკიერი თვისებებიც არ უნდა მივაწეროთ ქართველ ერს, საქართველოს ისტორიის რომელი სამარცხვინო ფურცელიც არ უნდა გავიხსენოთ, ქართველ ერს არაფრით არ დაუმსახურებია არამხოლოდ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, არამედ მინისტრების თუ დეპუტატების მთელი წყება.

  • შეგიძლიათ მეორე მხრიდან შეხედოთ დღეს საქართველოს მდგომარეობას? ვგულისხობ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს ხელისუფლებას და ფიქრობს, რომ სწორად მიდის ქვეყანა. თუ კი, როგორ სჩანს ეს ქვეყანა ამ მხრიდან?

არ ვიცი, ძალიან მიჭირს ხედვის ამ კუთხის მოხელთება.

არიან ადამიანების, ვისაც წინა ხელისუფლება ეზიზღება, იმ დანაშაულების განმეორების შიში აქვს, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ეს “ქართული ოცნების” შემოხაზვას აიძულებს. მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ხომ იმაზე უკეთ და ეფექტურად გააგრძელა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა, ვიდრე ამას ნაციონალური მოძრაობა შეძლებდა.

აქ ისევ მორალთან მივდივართ. პირადზე მაღლა საჯარო ინტერესის დაყენების უნართან, ზნეობასთან, თანაგრძნობასთან.

როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩე, თუნდაც მაჩალიკაშვილის ტრაგედიის, ლუკა სირაძის და მზარდი უთანასწორობის და უსამართლობის პირობებში.

  •  ჩვენი უახლესი ისტორიის რთულ დღებში, ხშირად მინახავს სოციალურ ქსელებში კომენტარი – „ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს“. თქვენი აზრით, როდის მიხვდება საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, რომ ხალხი ჯერჯერობით ყველაფერს ითმენს?

ხალხი შეიძლება ყველაფერს იმიტომ ითმენს, რომ დაკარგულია იმედი და იმის რწმენა, რომ ვინმე პირად ინტერესზე მაღლა საზოგადოებრივ, საჯარო ინტერესს დააყენებს.

ნამოხვანი ჰესის პროტესტის დროსაც, ადამიანებს გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ რიონის ხეობის მცველების უკან არავინ იდგა, რომ ამ ადამიანებს არ ამოძრავებდა ფული… ჩემი აზრით კი, ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო რწმენის დაბრუნების გზაზე, მთელი ეს პროცესი თავისი შეცდომებით.

სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი პრეცედეტები, როცა ადამიანები პირად ინტერესზე მაღლა საჯარო ინტერესის დაყენებას შეძლებენ. თორემ  მოთმინების ფიალა ისედაც სავსეა. აქ არის საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ხალხი გამოერკვეს, როგორ დაიწყოს ბრძოლა, როგორ მიაღწიოს შედეგს.

სამწუხაროა, რომ ხშირად ლიბერალური ნაწილი ისევ გაჭირვებულ ხალხს აკრიტიკებს, მათ ვინც ჯამბაზების წითელ ცხვირებზე უარი თქვა.

  • რა არის ის ზღვარი, რომელსაც მთავრობა გადალახავს და ხალხი აღარ მოითმენს და რაში  გამოიხატება ის?  

ზღვარი დიდი ხანია გადალახულია. უბრალოდ, ვერ ვხვდებით, როგორ მოვიშოროთ სპექტაკლის დროს ეს პასიური მიმღებლობის ჯადო?

არ არის ეს მარტივი.

იმიტომ, რომ სპექტაკლი ტოტალურია.

მგონია, რომ ამას სჭირდება დრო და პრინციპული ადამიანები, ვისთვისაც სამშობლოს ცნებას არ დაუკარავს აზრი და თუნდაც საკუთარი ბიოგრაფია და პრინციპები უღირს რამედ.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ რამე, რაც ბოლო 10 წელიწადში ხელისუფლებამ გააკეთა და რაზეც იტყვით, რომ აი, ეს მომწონს.

მიჭირს გახსნება. ზოგადად, რთულია მიღწევებზე საუბარი, იმ უთანასწორობის და უსამართლობის ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

  • ყველაზე რთული სიტუაცია რომელ სფეროშია დღეს?

ყველაფერი ხომ გადაჯაჭვულია, რთულია რომელიმე სფეროს გამოყოფა. ზემოთ ვახსენე, რომ საქართველოში ბავშვების მესამედს ერთი საბავშვო წიგნიც კი არ აქვს სახლში, ბავშვები შიმშილობენ. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად გურიის რეგიონში, უმრავლესობა ეშერიხია კოლით დაბინძურებულ წყალს სვამს.

ქალებზე ძალადობენ, უმცირესობებზე ძალადობენ, ბავშვებზე ძალადობენ, უნგრევენ ცხოვრებას და თან ასე პირადი მაგალითით თავიდანვე აჩვევენ მათ უსამართლობას, რომ სუსტი არაფრად უნდა ჩააგდო, პროტესტი ჩანასახშივე ჩაახშო.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ქართველი მოსწავლეების 65% ვერ აღწევს კითხვის დონის საბაზისო დონეს. როგორ შეიძლება ეს არის იყოს მთავარი თემა?

სხვა რამეზე როგორ ვილაპარაკოთ?

  • მინდა გკითხოთ კულტურის სფეროში მიმდინარე ამბებზე და მინისტრის პოლიტიკაზე, რომელსაც ის კულტურაში ატარებს. ჯერ იყო „ლიტერას“ კონკურსი, სულ ახლახანს კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლება, ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ეს?

ამ კონკრეტული მინისტრის დროს იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების გამო, სასამართლო დავების შედეგად ბიუჯეტმა სამასი ათასი ლარზე მეტი იზარალაო. უკვე საინტერესოა რამდენ ათას ლარს იზარალებს ბიუჯეტი მისი კულტურის მინისტრობის პერიოდში. ასეთი ტემპით აუცილებლად გააუმჯობესებს რეკორდს.

  • როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესები ქართულ კულტურაზე? 

უკვე აისახა. გითამაშიათ კომპიუტერული თამაში დავით აღმაშენებელზე? მალე დავით აღმაშენებელზე გადაღებული ფილმიც წამოეწევა და…

  • თქვენი აზრით, არის თუ არა ცენზურის დაწესების მცდელობა დღეს საქართველოში? [ვინ არის მთავარი ცენზორი?]

კი, ხანდახან რაც ხდება, მართლაც საეჭვოდ ჩამოჰგავს ხოლმე ცენზურას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კინოაკადემიის მიერ სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერების“ ჩვენებების გაუქმება,  რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია.

თურმე ფილმი პოლიტიკური ნიშნით ჰყოფს საზოგადოებას.

ისე თუ ამ ნიშნით და ამ არგუმენტით ვიხელმძღვანელებთ, პირველი „ქართული ოცნებაა“ გასაუქმებელი.

  • საჯარო პირების გამოსვლის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი თავის სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი პოზიცია?

საჯარო პირებზე არ ვიცი და მგონია, რომ პირიქით, იმ ადამიანების პოზიციაა საინტერესო, ვინც ვერ მიაღწია თავის სფეროში წარმატებას ან მათი, ვისაც სფეროც კი არ გააჩნია. ვერსად დაადგება. ვერცერთ კლანს ვერ მიაკუთვნებს თავს. მათი ხმა და მათი აზრები მგონია მნიშვნელოვანი.

რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას?

როგორ გააქვთ თავი?

და მგონია, რომ როგორც იანუშ კორჩაკი ამბობდა, პირველ რიგში „წარუმატებლობის და ცრემლების დაფასება უნდა ვისწავლოთ.“

ასეთია ჩემი პოზიცია.

___

მთავარ ფოტოზე: ალექს ჩიღვინაძე, დრამატურგი / სქრინი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემიდან “დღის კოდი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: