მთავარი,სიახლეები

9 ქალი ვიპოვეთ, რომლებიც გააუპატიურეს და ჩამოახრჩვეს – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

05.04.2022 • 35947
9 ქალი ვიპოვეთ, რომლებიც გააუპატიურეს და ჩამოახრჩვეს – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

ვანო ნადირაძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის. ის „ბათუმელებს“ უყვება იმ სისასტიკეზე, რაც რუსებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში და სხვა ქალაქებში ნახა.

  • ბატონო ვანო, რა ნახეთ რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში იმაზე მეტი, რაც არ ჩანს ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მედიაში ვრცელდება?

პირველი კადრი  – დახვრეტილი ველოსიპედიანი კაცი თავის ძაღლთან ერთად, პირველად მე და ჩემმა თანამებრძოლებმა ვნახეთ, როცა ბუჩაში შევედით, სოფელ პერემოგაში. ძალიან ბევრი რუსი ვნახეთ ჩამარხული. ორმო ამოთხარეს და ჩაყარეს. საკუთარი მკვდრებიც კი არ გაიყვანეს.

ბუჩა, უკრაინა

ახალგაზრდების ცხედრებიც ვნახეთ გზაზე, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ. შემდეგ კი, როცა სარდაფებში შევედით, ბევრი დახვრეტილი ადამიანი ვნახეთ. ერთ-ერთ სამარხში მთელი ოჯახი  – ორი ბავშვი და დედ-მამა. ანალოგიური სურათი ვნახეთ კიდევ ერთ სარდაფში, სადაც ასევე ორი ბავშვი და მშობლები იყვნენ ჯერ დაეხვრიტათ, შემდეგ კი დაეწვათ.

გოსტომელთან ცხრა ქალი ვნახეთ გაუპატიურებული და შემდეგ ჩამომხრჩვალი. ორი ძალიან ახალგაზრდა იყო. სკოლასავით შენობა იყო და იმის უკანა ეზოში ვიპოვეთ ეს ქალები. მე ასეთი სისასტიკე არსად მინახავს. მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი, გერმანელ ფაშისტებზე რომ იღებდნენ და მეორედ ეს სისასტიკე ვნახე აქ, უკრაინაში.

  • იყო რაიმე ისეთი, რამაც თქვენს მოლოდინს გადააჭარბა, რასაც არ ელოდით, რომ ნახავდით?

მოლოდინს გადააჭარბა აი, ამ სისასტიკემ, რაც ვნახეთ. სიტყვები არ მყოფნის ამის შესაფასებლად. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა.

მითხრეს, რომ აქვე პატარა ქალაქია, ბერდიანკა, სადაც უარესი მდგომარეობააო. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა შეიძლება დაგვხვდეს მარიუპოლში. ცხრაჯერ მეტი კატასტროფა იქნება.

  • რას ჰყვებიან ის ადამიანები, ვინც გადაურჩა ამ სისასტიკეს?

როცა ქალაქში შევედით, ვერსად ვხედავდით ცოცხალ ადამიანებს. შემდეგ, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ, ნელ-ნელა გამოვიდნენ სარდაფებიდან.

რუსები ყველას კლავდნენ, ვისაც ქუჩაში ხედავდნენ. ასევე იმ ადამიანებს, ვინც აქტივისტი იყო და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

  • წინასწარ იცოდნენ ამ ადამიანების შესახებ? ვინ აწვდიდა ინფორმაციას?

სოფელ პერემოგაში იყო, მაგალითად, ასეთი ადამიანი – „ტოლიკ ზეკი“. „ზეკ“ ნიშნავს პატიმარს. ანუ ვიღაც ყოფილი პატიმარი ტოლიკი, ეროვნებით რუსი. ასეთი, ეგრეთ წოდებული გამყიდველი ძალიან ბევრი ავიყვანეთ. მარტო ჩვენ ექვსი ასეთი გამყიდველი ავიყვანეთ, რომლებიც თვითონ მიუძღოდნენ ტანკებს და უთითებდნენ ვინ სად ცხოვრობდა და ვის რა ქონება ჰქონდა.

იცით კიდევ რისი თქმა მინდა? უკრაინელ ხალხს აქვს ერთი ძალიან დადებითი თვისება, თვითორგანიზება იციან. როცა იციან, რომ ვთქვათ, ახლა ამ სახლს უნდა შეუტიონ, გამოდიან და იმ სახლის წინ ბარიკადებს აგებენ. არავის ბრძანება არ სჭირდებათ, არავის მითითება. აი, ამან გადაარჩინა ის ხალხიც, ვინც გადარჩა.

უკრაინელებს სამოქალაქო თვითშეგნება აქვთ ძალიან მაღალი. არ სჭირდება მითითება, მაგალითად, ომის პერიოდში მტერს როგორ უნდა დახვდნენ და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ძალიან გვაკლია.

გათავისუფლებულ ქალაქებში უკვე შემოვიდა „წითელი ჯვარი“, Human Right Watch-ი და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ ამ ადამიანებს. ქალაქში პურის ქარხანაც ამუშავდა გუშინ და ნელ-ნელა დაიბრუნებს ეს ადგილი სიცოცხლეს.

ბუჩა, უკრაინა

დახოცილებს ალბათ ქალაქის დიდი ეკლესიის ეზოში ერთიან სასაფლაოში დაკრძალავენ და იქ იქნება ხსოვნის მემორიალიც.

ძალიან ლამაზი ქალაქები იყო ირპინი და ბუჩა, ნაძვნარში ჩაფლული კოპწია სახლებით. ახლა კი ყველაფერი გადამწვარია.

ძალიან ძნელია, როცა შენი თვალით უყურებ, როგორ იწვის ლამაზი სახლები ერთმანეთის მიყოლებით, როგორ ეცემა ხეები, ამდენი ადამიანი…

  • სად იყო ყველაზე რთული ბრძოლა?

ირპინის ბრძოლები იყო რთული, ასევე კოციუბინსკისთან, სადაც, ფაქტობრივად, გადაწყდა კიევის და მთლიანად ჩრდილოეთი მხარის ბედი, ბელარუსის საზღვრამდე. დღეს პოლტავამდე უკრაინა თავისუფალია და შეიძლება მშვიდობიანად გადაადგილდნენ ადამიანები.

გუშინ და გუშინწინ შედარებით მსუბუქი დღე გვქონდა, გაწმენდაზე ვიყავით მხოლოდ გასული, ცოტა ხნით ჩვენც გვჭირდება ფსიქოლოგიური დასვენება, რადგან წინ გველოდება დიდი ბრძოლები, სამხრეთით გადაგვისვრიან ახლა და იქ იქნება თუ იქნება ბრძოლა.

  • როგორც ვიცით, მარიუპოლი არის ალყაში, არსებობს ამ ალყის გარღვევის იმედი?

ერთადერთი, სახმელეთო შეტევებითაა შესაძლებელი ალყის გარღვევა, სხვა ვერაფრით. ბერდიანსკის მიმართულებით რადგან გვქონდა წარმატებები, ვფიქრობ, მარიუპოლთანაც წარმატებები გვექნება.

რუსებს უნდათ პოსტფაქტუმ შეინარჩუნონ დონეცკი და ლუგანსკი მაინც და ხერსონი, რომ ყირიმში გასავლელი სახმელეთო გზა ჰქონდეთ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს მოახერხონ.

  • ზელენსკის ხომ არ შეხვედრილხართ ბუჩაში, ახლოს იცნობთ?

კი, როგორ არა. ზელენსკი როგორც კი აირჩიეს პრეზიდენტად, მეხუთე დღეს მიმიწვია ოფისში, ძალიან უშუალო და მაგარი ადამიანია. ალბათ ისტორიაში შევა, როგორც პრეზიდენტი, რომელსაც უკან ერთი ნაბიჯით ვერ დაახევინეს.

ომამდე ზელენსკისაც ჰყავდა მოწინაამდეგეები, მაგრამ დღეს ყველანი ფეხზე დგანან. ის გამწარებული ქალებიც კი, რომლებსაც ბუჩაში შეხვდა ზელენსკი, თბილად და სიყვარულით შეხვდნენ.

  • არავინ საყვედურობს იმის გამო, რომ „ომი ვერ აიცილა?“

რა თქმა უნდა, არა.

სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში, როცა არსებობს ინტერნეტი, სოციალური ქსელები, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი იყო? არ მესმის. თუ ხარ საღად მოაზროვნე ადამიანი, თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი ხარ, აი, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ვხედავთ, როგორ შეიძლება დაადანაშაულო უკრაინა.

შიშიო, რომ ამბობენ, რა შიშზეა აქ საუბარი, თუ მეომარი გქვია, თუ ჯარისკაცად გთვლიან, თუ შენი ქვეყანა გიყვარს. აუცილებელი არაა ყველას ავტომატი ეჭიროს ხელში, ხომ შეიძლება სხვა საქმე გააკეთო. თუ არადა, ამ შიშში ჩავკვდებით და ჩავლპებით და დავრჩებით პატარა გუბერნიად, ეს იქნება, მეტი არაფერი.

როცა რუსები უკრაინაში შემოიჭრნენ და ეგონათ, რომ მოიკიდეს ფეხი, იგივე ირპინში, ბუჩაში და სხვაგან, დაიწყეს ადამიანების ხოცვა-ჟლეტა. აი, აქამდე არ უნდა მიუშვა მტერი, რადგან როცა მისი ჰგონია ყველაფერი, მერე იწყება სისასტიკე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლოიალობით ეს არ მოხდება, ძალიან ცდება.

ღარიბაშვილის განცხადებები ავიღოთ, საშინელებაა. იცით, რა მიკვირს, განა რა ძილის წამალი დაალევინეს ჩვენს მოსახლეობას, რომ ასეთი დაბეჩავებულია ქვეყანა. მარტო მათ არ გავამტყუნებ, ოპოზიციასაც მიუძღვის წილი ერის მიძინებაში.

  • რამდენად რთული იქნება იმ ყველაფრის დავიწყება, რაც უკრაინაში გამოიარეთ და ნახეთ?

მე ქართველი მეომარი ვარ და ძალიან მინდა დავსაჯო რუსეთი ამ სისასტიკისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორია უკრაინელი მებრძოლის მდგომარეობა. უფრო მეტად გამძაფრდა იმის განცდა, რომ რუსული ფაზიშმი უნდა განადგურდეს.

  • რას საქმიანობდით ომამდე საქართველოში?

მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა, ფაქტობრივად, არაფერს. დავკარი ფეხი და წამოვედი უკრაინაში. ვარ ყოფილი „ალფას“ წევრი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი, ვმუშაობდი დაზვერვის დეპარტამენტში. 2015 წლიდან კი უკრაინის სახალხო გმირის წოდებაც მაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: