განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია

02.05.2022 • 4823
სკოლაში ბავშვებისთვის ისტორიის სწავლება არ არის სახალისო და საინტერესო – ჯანაშია

WeResearch-მა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, 2021 წელს ჩაატარა „საქართველოს ახალგაზრდები და ისტორია: გამოცდილების, დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევა“, რომლის მიზანი ისტორიის და მისი სწავლების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესწავლა იყო.

კვლევამ აჩვენა, თუ როგორ ესმით ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, რა იციან და რა აინტერესებთ ამ სფეროში, რა ძირითადი წყაროები აქვთ ისტორიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და როგორ აფასებენ ისტორიის სწავლის გამოცდილებას. ამ თემაზე „ბათუმელები“ კვლევითი გუნდის ერთ-ერთ წევრს, განათლების სპეციალისტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა და რა შედეგები აჩვენა კვლევამ?

კვლევის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები იქნა გამოყენებული. საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც საჯარო სკოლების 9-12 კლასების 4366 მოსწავლე მოიცვა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი 12 ფოკუსჯგუფი შედგა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, ასევე, რვა პირისპირ ინტერვიუ – სფეროს ექსპერტებთან.

  • რა კითხვები იყო ბავშვებისთვის, დაახლოებით რომ გვითხრათ?

კითხვები იყო რამდენიმე ჯგუფის, მაგალითად, ერთი ჯგუფი ეხებოდა ისტორიის გაგებას და ისტორიის შესწავლის მიზნებს. ვთქვათ, რა არის ისტორია მათთვის, რა უნდა იყოს ადამიანის მიზანი, როცა ისტორიას შეისწავლის. იყო ჯგუფი, რომელიც არკვევდა, როგორი ისტორია აინტერესებთ, მაგალითად, რა პერიოდები აინტერესებდათ ბავშვებს.

სხვა ჯგუფი არკვევდა, ვთქვათ, იმას, რა ღირებულებები აქვთ ბავშვებს ისტორიასთან მიმართებაში. მაგალითად, ვინ არიან გმირები მათთვის, რა დამოკიდებულება აქვთ ერების და სახელმწიფოს მიმართ, რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთის, ევროკავშირის, საბჭოთა კავშირის მიმართ, პოლიტიკის და რელიგიის მიმართ და ასე შემდეგ.

ცალკე კითხვები იყო, რომელიც იმ გარემოს შეეხებოდა, რომელშიც ისინი სწავლობენ, გაკვეთილებს ესწრებიან და რა ხდება, ვთქვათ, ამ გაკვეთილებზე.

  • ღირებულებები ახსენეთ – ასევე რუსეთი, საბჭოთა კავშირი. რა დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ამ თემების მიმართ. როგორია განწყობა რუსეთთან დაკავშირებით, აღიქვამენ თუ არა, მაგალითად, რუსეთს მტრულ სახელმწიფოდ?

ეს გამოკითხვები გაკეთდა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, თუმცა მაშინაც, გამოკითხული ბავშვების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს მისი მეზობელი ქვეყნებისთვის.

ბევრად ნაკლები უჭერდა მხარს იმას, რომ მეზობელია, ძლიერი ქვეყანაა და ასე შემდეგ.

ევროკავშირთან დაკავშირებით გამოჩნდა ის, რომ მოსწავლეების უმეტესობა ევროპას მიიჩნევს სივრცედ, სადაც უნდა გაწევრიანდეს საქართველო, რადგან უფრო მეტი ღირებულებები და ისტორია გვაკავშირებს მათთან.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულებებია ძირითადად, მაგრამ შეინიშნება ასეთი ტენდენციაც, რომ, მაგალითად, დიქტატორ სტალინს და ბერიას მოსწავლეების 25 პროცენტი მაინც მიიჩნევს საამაყო წინაპრად.

  • ეს იმის ბრალია, რომ სკოლაში ვერ ხერხდება მათ შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, გაანალიზება ამ პერიოდის, თუ რატომ ხდება ასე?

სკოლებში საბჭოთა კავშირის მიმართ უფრო ნეგატიურ დამოკიდებულებას უღვივებენ. უფრო ოჯახებიდან მოდიოდა ეს განწყობები: ბავშვები ამბობდნენ, რომ სახლში საუბრობენ მათ შესახებ პოზიტიურ კონტექსტში.

რეპრესიებს რაც შეეხება, ამართლებენ იმით, რომ რთული პერიოდი იყო თურმე, სხვა გზა არ ჰქონდა სტალინს და ასე შემდეგ.

სხვა მხრივ, ისტორიის მიმართ ღირებულებებს რაც შეეხება, კვლევას უნდა ეჩვენებინა – ისტორია რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის გააზრებისა და მომავლის განსაზღვრისთვის. ასევე გვაინტერესებდა, რას ფიქრობენ მოსწავლეები სხვადასხვა წყაროზე, რადგან, როგორც ვიცით, არსებობს ისტორიის საპირისპირო აღქმები და რამდენად შეიძლება თანაარსებობდნენ, ვთქვათ, ეს აღქმები.

მოსწავლეების პასუხებიდან შემდეგი ჩანს: ისინი ერთი მხრივ აღიარებენ, რომ წყარო შეიძლება იყოს მიკერძოებული და აუცილებელია მისი კრიტიკული შესწავლა, თუმცა მეორე მხრივ, რაღაც ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორია მაინც ერთი სწორი ინტერპრეტაციაა, რომელიც უნდა იკვლიოს ისტორიკოსმა.

ერთან, ერების გაგებასთან დაკავშირებითაც იყო ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ერთი მხრივ, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ერი არის ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელიც ადამიანების სურვილის მიუხედავად ყალიბდება, იმიტომ, რომ საერთო ენა, კულტურა და რაღაც საერთო ტერიტორია აქვთ და, მეორე მხრივ, ასევე აღიარებენ, რომ ერები არის ადამიანების მუშაობის შედეგი.

ერთი ამბობს, რომ, მაგალითად, ქართველი ერი ყოველთვის არსებობდა და მეორე კონცეფცია ამბობს, რომ ქართველი ერი არის მიზანმიმართული შეთანხმების საგანი, რომ თერგდალეულებმა შექმნეს იდეა ქართველების და ამ იდეის გარშემო შექმნეს საგანმანათლებლო სისტემა, მთელი მოძრაობა და ამან ახალი ეროვნული თვითშეგნება გამოიმუშავა ხალხში. მაგალითად, ლაზების საკითხი რომ ავიღოთ, ერთი კონცეფციის მიხედვით ისინი ქართველები არიან, მეორე კონცეფციის მიხედვით კი, რადგან ისინი თურქეთის საზღვრებში შედიან, შეიძლება თავს თურქული ერის ნაწილად მიიჩნევდნენ.

  • როგორი დამოკიდებულება აქვთ გმირებთან მიმართებაში – ყველაზე მეტად რომელი გმირი მოსწონთ და რატომ?

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს მითოლოგიური გმირები და ისტორიული პერსონაჟები ხშირად ერთმანეთში ერევათ. გმირების შესახებ ორნაირი კითხვარი იყო, ერთში წინასწარ იყო ჩამოწერილი გმირების სია და ვეკითხებოდით, მათი აზრით რომელი იყო აქედან ქართველებისთვის საამაყო წინაპარი და მეორე, თავად უნდა დაესახელებინათ, თუ ვის მიიჩნევენ გმირად.

ჩამოთვლის შემთხვევაში, ძალიან დიდი პროცენტი ასახელებდა, რომ ზეზვა და მზია იყო საამაყო ან ამირანი, კოლხი მედეა და ასე შემდეგ. ზეზვასა და მზიას არ ვიცი რა აქვთ საამაყო, გარდა იმისა, რომ ისინი არსებობდნენ დიდი ხნის წინ.

  • შესაძლოა ქართული ცივილიზაციის სიძველეს გაუსვეს ხაზი?

კი, შესაძლოა იყოს კავშირში იმასთან, რომ რაც უფრო ძველია ის ცნობები, რომლებსაც შენ ეყრდნობი, საკუთარი ერის ისტორიის მოყოლის დროს, მიუხედავად იმისა, ეს ცნობები ისტორიულია თუ მითოლოგიური, მაინც ამაყობენ. სიძველით სიამაყე არის დამახასიათებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და შეიძლება ესეც იწვევდეს ამას. დიდად არ ფიქრობენ იმაზე, არსებობდა ეს გმირი თუ არა.

ყველაზე პოპულარულები არიან ოქროს ხანის მეფეები – თამარი და დავითი. შემდეგ მოდიან ქართველი განმანათლებლები, ილია, ვაჟა და ასე შემდეგ. ნაკლებად სწავლობენ სოციალური ჯგუფების, სტრუქტურებისა და მოვლენების შესახებ და უფრო სწავლობენ პიროვნებების შესახებ.

  • თუმცა ისტორიის მიზანი ხომ კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. პარალელების გავლება თანამედროვეობასთან და მოვლენების ანალიზი.

კრიტიკული აზროვნების განვითარებას უფრო მეტად ეხმარება როლური თამაშები. როცა ბავშვები უშუალოდ არიან ჩართული აქტიურ სწავლებაში, უფრო მეტ მრავალფეროვან ინფორმაციას ეცნობიან, რომელიც კარგად აჩვენებს პრობლემას.

კვლევამ ასევე აჩვენა ის, რომ მოსწავლეები, გარდა სკოლისა, ისტორიას ეცნობიან ინტერნეტით და მედიის მეშვეობით, თუმცა ამ წყაროებს ნაკლებად ენდობიან. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ კრიტიკული აზროვნების რაღაც ელემენტები ათვისებული აქვთ –   ყველაფერს ბრმად არ ენდობიან.

  • რომელ წყაროებს ენდობიან ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად ენდობიან სასკოლო წყაროებს და მუზეუმებს, რომლებსაც ყველაზე იშვიათად მიმართავენ ხოლმე ბავშვები. ასევე, ისტორიულ ადგილებს, პედაგოგების მონათხრობს, შემდეგ სასკოლო წიგნებს, შემდეგ რეპეტიტორებს და ამის შემდეგ… მოდის დანარჩენი. ვთქვათ, იგივე არაფორმალური განათლება, სასულიერო პირები, სხვა ზრდასრული ადამიანები, მეგობრები, მხატვრული წყაროები, ინტერნეტი და ასე შემდეგ.

კარგი იქნება, მედიაში უფრო მეტი საინტერესო გადაცემები რომ იყოს ბავშვებისთვის ან ვებგვერდები, სადაც იპოვიან საინტერესო მასალებს და ამით შესაძლოა ამ წყაროების მიმართაც გაიზარდოს ბავშვების ნდობა.

სინამდვილეში უფრო მეტი რესურსი არსებობს, ვიდრე იყენებენ. მასწავლებლები ამბობენ ხოლმე, რომ არ ჰყოფნით რესურსები, დრო, ფული, რომ წაიყვანონ ბავშვები მუზეუმებში. ჩვენთან არ არიან მიჩვეული იმას, რომ ბავშვი დამოუკიდებლად წავიდეს მუზეუმში და მოიძიოს ინფორმაცია, მას აუცილებლად უნდა ახლდეს უფროსი, ისე არც მუზეუმები აძლევენ მას დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

მე მეათე კლასში ამერიკაში ვსწავლობდი და იქ მიჩვეული ვიყავით მუზეუმში დამოუკიდებლად მუშაობას. მოგვცემდნენ კონკრეტულ კითხვებს, გარკვეულ დროს და ჩვენ, დამოუკიდებლად შეგვეძლო მუშაობა. როცა გვინდოდა და ვისთან ერთად გვინდოდა, შეგვეძლო წავსულიყავით და მოგვეკვლია ინფორმაცია.

ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ არქივებში შესვლას ნებართვა სჭირდება და ასევე ფასიანია ინფორმაციის მოპოვება. ეს ბავშვებისთვის ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას ართულებს. ძალიან ბევრი ინფორმაციაა იგივე რეპრესირებულთა შესახებ და სტალინური პერიოდის უკეთ შესწავლა-გაანალიზებაში ეს წყაროები ძალიან დაეხმარებოდა ბავშვებს.

მაგალითად, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ გარემოს საკითხებზე მუშაობდა. ადრე იყო პროექტი, რომლის ფარგლებში აკეთებდნენ გზამკვლევებს ქალაქის, სოფლების, ტურისტული მარშრუტების შესახებ, თვითონ იღებდნენ ინტერვიუებს ადამიანებისგან და უშუალოდ გარემოდან იწყებდნენ ისტორიის შესწავლას… ძალიან მოსწონთ ეს პროცესი, საკუთარი მიგნებები და შთაბეჭდილებები ეხმარება მათ ისტორიის შესწავლაში. ეს არის ძალიან კარგი, ვიდრე ის, რაც მათ საკლასო ოთახებში ხდება.

მაგალითად, როცა კვლევაში ვეკითხებოდით, იყო თუ არა ისტორიის შესწავლა მათთვის სახალისო და საინტერესო, ამაზე დადებითი პასუხი ყველაზე ბოლო ადგილზე გავიდა. მათთვის ისტორია არ არის საინტერესო ამბების წყარო. უფრო არის დიდაქტიკური და რაღაც იდენტობის საშუალება.

  • ეს ნიშნავს, რომ გაკვეთილები არის უინტერესო?

ერთი მიზეზია ის, რომ თავად შინაარსი არ არის მიწოდებული სწორად, ცოტას კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას ისტორიის შესახებ და ასევე ცოტას უყურებენ მხატვრულ ფილმებსაც.

ისტორია მათთვის ძირითადად არის ისტორიკოსების მოყოლილი, რაღაც ფაქტების ანალიზი. ეს არის ერთი პრობლემა და მეორე, თვითონ როგორ სწავლობენ, რას სწავლობენ.

მათთვის საინტერესოა როლური თამაშები, როცა რაღაც სიტუაციას დგამენ, მაგალითად, პომპეუსი როგორ შემოესია და ამის ინსცენირებას აკეთებენ. როცა შეუძლიათ თავად დაინახონ სხვადასხვა პერსპექტივიდან ამბავი და შემდეგ გაითამაშონ ეს პერსპექტივა.

  • როდესაც კითხვებს ვსვამდით იმაზე, თუ რამ უნდა შეუწყოს ხელი კრიტიკული აზროვნების განვითარებას, სკოლებსა და სამინისტროში გვეუბნებოდნენ, რომ აი, ახლა ინერგება სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სწორედ ამაზეა ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ, ეს ახალი გეგმა შეუწყობს ხელს კრიტიკულ აზროვნებას ბავშვებში?

ერთია ის, როცა სახელმწიფო მოუწოდებს მასწავლებლებს, რომ უფრო სახალისო გახადონ სწავლება ბავშვებისთვის, რაღაც პროექტები გააკეთებინონ მოსწავლეებს, კომპლექსურ დავალებებს რასაც ეძახიან, შესაძლოა ბევრი აქტივობა გააკეთონ ამის ფარგლებში და რაღაც პროდუქტი მიიღონ, ვთქვათ, რომელიღაც ბავშვმა ლექსიკონი შექმნას, ვიღაცამ კლიპი გადაიღოს, მეორემ რაღაც კვლევა ჩაატაროს, მაგრამ აქაც ჩანს, რომ მასწავლებლები, რომლებსაც არ სურთ ან არ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ახალი მეთოდები, ითვისებენ ამ ახალ ენას და რეალურად, ძველ ნაბიჯებს დგამენ.

შეიძლება კომპლექსური დავალება დაარქვას იმას, რასაც აქამდე სულ აკეთებდა, მაგრამ მაინც მოაყოლოს ბავშვს გაკვეთილი. სინამდვილეში სამფაზიანი მოდელი იმიტომ შემოვიდა, რომ ეს მიდგომა შეეცვალა – რომ ჯერ უნდა იწვევდე მოსწავლეში ინტერესს, შემდეგია მოკვლევა და ამის საფუძველზე ანალიზი. ახლა კი ხდება ისე, რომ მასწავლებელი ითვისებს  განათლების ახალ ენას, მაგრამ მაინც ძველი მეთოდებით აგრძელებს მუშაობას.

ამიტომაც არის, რომ კომპლექსური დავალებების კეთების დროს ბევრი მასწავლებელი და მშობელიც ჰყვება იმას, რომ პროექტებს კი არ აკეთებენ ბავშვები, არამედ ისევ საშინაო დავალებებს ასრულებენ, როგორც აქამდე.

ზოგიერთი მასწავლებელი კი რამდენიმე კვირის დავალებას ერთ ღამეში ასრულებინებს ბავშვს და ეუბნება, რომ მეორე დღეს მიიტანოს პლაკატი. ბავშვიც ზის და მშობელთან ერთად აკეთებს გამწარებული პლაკატს, რომ ამ მასწავლებელმა მერე თქვას, როგორ თანამედროვე სტანდარტებით ატარებს გაკვეთილს.

  • გამოსავალი?

ნელ-ნელა უნდა გააცნობიერონ ის, რომ თუ მიზანი მაქვს ძველი, მაგრამ ინსტრუმენტი ახალი, მაშინ შეიძლება არ გამოვიდეს ის, რაც ჩაფიქრებულია. თუ ახალი მიზანი მასწავლებლისთვის უცხოა და არ სჯერა ამ ახალი მიზნის, თუ ისევ უნდა დავაზეპირებინო რაღაც ინფორმაცია ბავშვს, ოღონდ ამას კომპლექსური დავალებების ფარგლებში ვაკეთებ, ასე არაფერი გამოვა.

მე მინახავს მსგავსი რაღაცები, რადგან დიდი ხანია ამას ვაკვირდები. მაგალითად, სახელმძღვანელოები როცა შეიცვალა, გაკვეთილის ბოლოში მოცემული იყო რამდენიმე წყარო და იყო დავალება, რომ „გადახედე წყაროებს და ამ წყაროების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე გააკეთე დასკვნა“. დასკვნა კი არ იყო გაკეთებული, არამედ სამივე წყარო ჰქონდა დაზეპირებული მოსწავლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: