მთავარი,სიახლეები

რა შესაძლებლობისაა ჰაუბიცები და სხვა იარაღი, რაც უკრაინას მისცეს – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

30.04.2022 • 6164
რა შესაძლებლობისაა ჰაუბიცები და სხვა იარაღი, რაც უკრაინას მისცეს – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„არ გამოუვიდათ რუსებს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ,“ – მიიჩნევს სამხედრო ანალიტიკოსი და შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი, რომელსაც უკრაინაში მეორე ფაზის ეტაპზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომს ახსენებს. ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთს თანამედროვე მიდგომისთვის რესურსი არ ეყო და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკა გაიხსენა.

შეიარაღების სპეციალისტის აზრით, მინიმუმ 3 თვე დასჭირდება უკრაინისთვის იმ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რითაც კონტრშეტევა იქნება შესაძლებელი. ეს დრო ძირითადად მძიმე სამხედრო ტექნიკაზე მომუშავე სპეციალისტების მომზადებას სჭირდება, რადგან ნატოს ტექნიკა სპეციფიკურია, – გვიხსნის სპეციალისტი.

შეიარაღების სპეციალისტს ვკითხეთ, შავ ზღვაში შეყვანილ 20 სამხედრო ხომალდზეც – რა რესურსი აქვთ ამ ხომალდებს ან წყალქვეშა ნავებს, რომლებიც, ასევე, შავ ზღვაში განათავსა რუსეთმა? – „ბათუმელები“ გიგა ინაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

  • ბატონო გიგა, უკრაინას უკვე მიაწოდეს დამატებით სარაკეტო კომპლექსი С-300. რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შეიარაღება?  

რეალური დახმარება იქნება, როცა 33 მილიარდი ამერიკული დოლარის პაკეტით გათვალისწინებულ სამხედრო შეიარაღებას მიიღებს უკრაინა, რაშიც შევა პეტრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები…

რაც შეეხება, C300-ების მიწოდებას, ამას უფრო პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა, რადგან 4 სარაკეტო გამშვებით მეტი ექნება თუ ნაკლები, არაფერს ცვლის, ეს არაა ის რაოდენობა, რომელიც ამინდს ქმნის ამ მასშტაბის ომში. უკრაინას ისედაც ჰქონდა C300-ები, თუმცა მათი დიდი ნაწილი განადგურდა ომის დაწყების პირველივე დღეებში, ნაწილი ახლაც მუშაობს.

  • ამბობდით, რომ ჰაუბიცების რაოდენობაც მინიმუმ 100 ერთეულამდე უნდა გაზრდილიყო, რომ ამას უკრაინის სამხედრო რესურსი შეეცვალა. რა ვითარებაა ამ კუთხით? 

ჰაუბიცა არ არის მხოლოდ ერთი მოდელი, ამ შემთხვევაში რამდენიმე ტიპზეა საუბარი და მათ ძირითად ნაწილს უკრაინას აშშ მიაწვდის.  უკრაინას არტილერიას აწვდიან ევროპული ქვეყნებიც, მაგალითად, ჩეხეთიდან მიეწოდა თვითმავალი  ჰაუბიცა-ქვემეხები DANA და DANA M 2, ასევე, სლოვაკეთიდან მიეწოდება 155 მმ ZUZANA , საფრანგეთმა კი, „კეისრის“ ტიპის 155 მმ ჰაუბიცები მიაწოდა, ჰოლანდიიდან PzH-2000, ნორვეგია მიაწვდის 20 ერთეულ 155 თვითმავალ ჰაუბიცას M109A3GNM, შვედეთი მაღალტექნოლოგიურ ARCHER-ის ტიპის სიტემებს აწვდის. თავის მხრივ,  აშშ-მ 90 ერთეული M-777 ბუქსირებადი ჰაუბიცა უნდა მიაწოდოს, ეს არის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ძირითადი აერომობილური, ლულიანი საარტილერიო დანადგარი და ამით ჩანაცვლდება უკრაინის არმიაში არსებული რესურსგასული, ბუქსირებადი ქვემეხები და ჰაუბიცები.

ამ ეტაპზე აშშ-დან მიწოდებულია ნახევარზე მეტი M-777, მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ჭურვის სროლა 24, 30, 40 კილომეტრ მანძილებზე.

უკრაინა ამ დრომდე იყენებდა 2ს1 „გვაზდიკას“, ასევე 2ს3 „აკაციას“, 2ს19 „მსტა-ს“-ებს, 2ს5 „გიაცინტს“, 2ს7 „პიონის“ ტიპის თვითმავალ საბჭოთა ქვემეხებს და ჰაუბიცებს, სწორედ ამას დაემატება უკვე დასავლური ჰაუბიცები, რომლებსაც მრავალფეროვანი საბრძოლო მასალით 50 კმ-მდე შეუძლიათ ზუსტი ცეცხლის წარმოება.

ჰაუბიცების გარდა აშშ, ასევე, ბრიტანეთი, უკრაინას  მიაწოდებენ M-270 MLRS-ის ტიპის მულტიკალიბრულ, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომლებსაც მრავალფეროვანი საბრძოლო მასალის გამოყენებით 32 დან 300 კმ-მდე მანძილზე უზუსტესი დარტყმების მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისთვის.

რაც შეეხება საჰაერო თვდაცვას, უკრაინას დიდი რაოდენობით მიეწოდა ამერიკული STINGER-ი, პოლონული PIORUN-ი, ასევე, მაგალითად, ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა MARTLET-ის ტიპის ულტრათანამედროვე საზენიტო სარაკეტო სისტემები, რომლებიც ხელით გადასატანი კომპლექსია, აი, მხარზეც შეგიძლია გაიდო და ისე ისროლო. გერმანია აპირებს მიაწოდოს უკრაინას GEPARDI-ის საზენიტო დანადგარებიც, რომლებსაც 2 ცალი „ერლიკონის“ 35 მმ საზენიტო ქვემეხებით ფრთოსანი რაკეტების ჩამოყრაც კი შეუძლიათ.

გამორჩეულია „LEOPARD – 1“-ის ტანკები, რომელთა მიწოდებასაც გერმანია აპირებს უკრაინისთვის. მას 105- მილიმეტრიანი ქვემეხი აქვს და ცივი ომის პერიოდშია წარმოებული. ეს იქნება „ახალი ხილი“ უკრაინულ სატანკო ნაწილებში. მართლია, მოძველებულია, მაგრამ კარგი ეკიპაჟის პირობებში, ეფექტურად შეუძლია ბრძოლა რუსული T-72 და T-80-ების წინააღმდეგ.

  • ამ დროის განმავლობაში უკრაინას ისევ ვერ მიაწოდეს მძიმე და შორსმსროლელი სამხედრო შეიარაღება. რატომ? 

ამ სამხედრო ტექნიკას აქვს  ცეცხლის მართვის რთული სისტემები, ძალური აგრეგატები და ექსპლუატაციის სტანდარტებიც განსხვავებულია.  დასავლური სტანდარტი სპეციფიკურია, ეს ის საბრძოლო ტექნიკაა, რომელიც აქამდე უკრაინას არ ჰქონია და დრო სჭირდება, ბუნებრივია, სპეციალისტების მომზადებას. პირიქით, ჩემი დაკვირვებით, საკმაოდ სწრაფად ხდება ეს მიწოდება, დაჩქარებული წესით.

მნიშვნელოვანია ის, რომ მთავარია მიწოდებული ტექნიკის რაოდენობამ მოახდინოს გავლენა საბრძოლო მოქმედებებზე. მაგალითად, როცა საუბარია
M-270-ებზე, რომელიც ერთ-ერთი თანამედროვე და მულტიკალიბრული სისტემაა, ეს მიაწოდეს უკრაინას უკვე და გამოიყენეს კიდეც.  ამას შეუძლია 20-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტის გასროლა, სხვადასხვა კალიბრის და სხვადასხვა დანიშნულების. ამით უკვე შესაძლებელია ოპერატიულ სიღრმეში მოახდინო დარტყმები და ოპერატიულ სიღრმეებში გადაწყდეს მთელი რიგი სამხედრო ოპერაციების ბედი, ვიდრე ტაქტიკურ დონეზე მოხდება შეტაკება.

  • შავ ზღვაში დამატებით 20-მდე სამხედრო ხომალდი შეიყვანა რუსეთმა. ცნობილია ისიც, რომ რუსეთს აქვს წყალქვეშა სამხედრო ნავები. რამდენად შეუძლია ამ კუთხით თავდასხმა მოიგერიოს უკრაინამ? 

დაანონსებულია ხომალდსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაც უკრაინისთვის, თუმცა ეს ძირითადად წყალზედა დაზიანებებისთვის არის გათვლილი, ვგულისხმობ „ჰარპუნის“ ტიპის ამერიკულ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს.  რაც შეეხება წყალქვეშა ნავებს, ამ შემთხვევაში საჭიროა ტორპედოები, თუმცა ხომალდებიდან უნდა მოხდეს ამ ტორპედოს გაშვება… არსებობს ასევე წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ავიაციაც, რომელიც ტორპედოებს ყრის. ეს აქვს უკრაინას, მი-14 ტიპის შვეულმფრენები, რომლებსაც  ტორპედოს ჩამოგდება შეუძლია, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას უკრაინელები, ვერ გეტყვით. წყალქვეშა ნავებზე ნადირობას, პირველ რიგში, სჭირდება სპეციფიკური ნავსაწინააღმდეგო შეიარაღებით აღჭურვილი ხომალდები, იგულისხმება ტორპედოები და რეაქტიული სიღრმული ბომბსატყორცნები.

რუსულ წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება. თანაც, როგორც წყლის სიღრმიდან, ასევე შეუძლია ამოვიდეს წყალქვეშა მდგომარეობიდან. ეს რაკეტები 2500 კილომეტრამდე მიფრინავენ. დარტყმები შესაძლებელია სტრატეგიულ სიღრმეებამდე.

წყალზედა ხომალდები ჰქონდა უკრაინას, რომლებსაც ტორპედოების სროლაც შეეძლოთ, მაგრამ ომი როგორც კი დაიწყო, მისი ბლოკირება მოახერხეს რუსებმა, ნაწილი გაუნადგურეს, ნაწილი კი ყირიმის მიტაცებისას სევასტოპოლში დარჩა.

თქვენი დაკვირვებით, რას აჩვენებს სამხედრო პოზიციები დღეს დონბასში? 

როგორც ვხედავთ, მთავარი მიმართულებაა დონბასი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბალი ტემპით ახორციელებენ მასირებულ მიწოლას. ღრმა გარღვევები არ ხდება, როგორც ეს იყო ომის წინა ფაზაზე. ამჯერად მოკლე-მოკლე მანძილზე ხდება მანევრები არტილერიის მაღალი ზემოქმედებით მიზნებზე. მუშაობენ  რეაქტიული სისტემები და ნაღმმტყორცნები… ღრმა შეჭრები არაა, როცა წინა ფაზაზე, ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე ასეული კილომეტრითაც კი შეიჭრნენ. ახლა არის რამდენიმე ათეული კილომეტრი მაქსიმუმ.

  • ეს რა ტაქტიკაა, რა გათვლა აქვს რუსეთს? 

ტაქტიკა არის მომქანცველი და გათვლილი გამოფიტვაზე, არტილერიით მასიურად დამუშავება, ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როცა ის შემდეგ ეტაპზე გადადიოდა შეტევაზე ტანკებით და ჯავშანტექნიკით.  წინა ფაზაზე რუსეთი ძირითადად ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების მანევრით ცდილობდა წარმატების მიღწევას.

თუმცა უკრაინა ახლა უკვე ბევრად კარგ პოზიციაშია, ვიდრე რუსეთი. რუსული ნაწილები თანდათან იფიტება, შევსება არ აქვთ ისეთი, რაც საჭიროა. ახლა დრო რეალურად უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, როცა მას აწვდიან სერიოზულ შეიარაღებას, პლუს მობილიზებას უკეთებენ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც არიან გადაღლილები და მათი საბრძოლო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია… არ ვიცი, ერთი თვის შემდეგ იქნება, თუ თვე-ნახევრის, მაგრამ ამ კრიტიკული ეტაპის შემდეგ უკრაინელები თავად შეძლებენ კონტრშეტევაზე გადასვლას.

  • ანუ ივნისში ელით უკრაინისგან კონტრშეტევას, რომ რუს ოკუპანტებს დაატოვებინონ უკრაინა? 

ვერ ვიტყვი ზუსტად, რადგან ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. შესაძლოა, ყოველდღე რამე ისეთი მოხდეს, რამაც ამაზე მოახდინოს გავლენა. სხვადასხვა სცენარია. ჩვენ არ ვიცით ტაქტიკურ დონეზე მანევრები როგორ გაგრძელდება, ვინ საით გაიჭრება და უკან დაიხევს. ეს არის თანამედროვე ომი, მაღალი ინტენსივობით. პრაქტიკულად, ყოველ ნახევარ საათში იცვლება ტაქტიკურ დონეზე მოცემულობა.

  • თუმცა აღნიშნეთ, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტაქტიკას იყენებს. 

ასეა, რადგან არ გამოუვიდათ ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ისინი ცდილობენ მოკლე-მოკლე მანძილებზე თავდასხმას, მომქანცველ ზემოქმედებას საფორტიფიკაციო ნაგებობებზე…  თანამედროვე მიდგომაა, როცა მინიმალური ძალებით, ტექნოლოგიების მაქსიმალური ჩართულობით, იბრძვი აღმატებულ ძალებთან და მაქსიმალურ ეფექტს დებ. რუსები ახლა აკეთებენ პირიქით – დიდი რესურსით დებენ მინიმალურ ეფექტს. თანამედროვე მიდგომას სჭირდება მაღალი დონის მართვა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა. რუსებს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ მართვაში, ლოჯისტიკაში და საჰაერო და სახმელეთო ჯარების ურთიერთშეთანხმებულ  მუშაობაში. ახლა ისინი ძველებური მეთოდები ცდილობენ ფონს გასვლას.

  • ჩანს, რომ მორიგი სამიზნეა ხარკოვი. რა მოლოდინი გაქვთ ასევე დნესტრისპირეთსა და ოდესაზე?

ხარკოვის აღების რესურსი რუსებს არ აქვთ. იქნება დარტყმები, მაგრამ არათუ ხარკოვის, უფრო პატარა ქალაქების აღებასაც ვერ შეძლებენ, ჩემი აზრით. რუსების უახლოესი ამოცანაა აიღონ მთლიანად დონბასის რეგიონი და იზუმიდან ბერდიანსკი-მარიუპოლის მიმართულებით უკრაინული დაჯგუფება მოაქციონ ე.წ. ტომარაში, ან ალყაში. დონბასის დაკავების შემდეგ ისინი ალბათ დააპირებენ გასვლას ზაპოროჟიე-დნიპროს მიმართულებაზე.

  • ხერსონის დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც ელიან.

ეს პოლიტიკური კლოუნადა იქნება. რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, ძირითადი სამიზნეა ოდესა და დნესტრისპირეთის მიმართულება, სადაც საბრძოლო მასალების დიდი ზომის მიწისქვეშა საწყობებია. რუსების ამოცანაა, რომ ამ საწყობებზე მოახერხონ სრული სახმელეთო კონტროლი და ეს იქნება მთავარი საყრდენი პუნქტი ოდესაზე დარტყმის შემთხვევაში. არა მგონია, რუსეთმა ეს შეძლოს. უკრაინელებს აქვთ ტაქტიკურ დონეზე წარმატებები, გარკვეულ სოფლებს იბრუნებენ, შემდეგ ისევ რუსების ხელში გადადის და ისევ იბრუნებენ. მოძრავი პროცესია მოკლედ, სტატიკური მდგომარეობა არ არის.

პრინციპში, ოპერატიული დონის წარმატება არც ერთ მხარეს არ აქვს. უკრაინელებისთვის ოპერატიული დონის წარმატება იქნებოდა ხერსონი-მიკოლაევის მიმართულების გაწმენდა რუსებისგან, მარიუპოლში ალყის მოხსნა და ასე შემდეგ. ამას უკრაინა ჯერ ვერ ახერხებს, რადგან სჭირდება რამდენიმე მექანიზებული ბრიგადა მასობრივი შეტევისთვის, კონკრეტული წერტილოვანი დარტყმები გარკვეულ სამიზნეებზე, რომ რუსებმა მიიღონ დიდი დანაკარგები და დატოვონ ეს ტერიტორიები.

გიგა ინაშვილი

  • რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებას კონტრშეტევის საწარმოებლად? 

მინიმუმ 3 თვე დასჭირდება ამას, როცა საუბარი ეხება ავიაციას და არტილერიას, საზენიტო სისტემების მიწოდებას… ოპერატორების მომზადება დროის გათვალისწინებით დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონის შეიარაღებაა: ტაქტიკური, ოპერატიული, სტრატეგიული. გამანადგურებლების მიწოდებას და პილოტების მომზადებას, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმუმ რამდენიმე თვე სჭირდება. ნულიდან უკრაინელები არ იწყებენ ამის შესწავლას, მაგრამ დრო სჭირდება. არსებობს დაჩქარებული პროგრამები, მაგრამ, ბუნებრივია, ერთი და ორი ეკიპაჟის ან საჰაერო თავდაცვის სისტემაში ერთი-ორი ბატარეის მომზადება ვერ შეცვლის ამინდს, საჭიროა რამდენიმე ეკადრილიის დაკომპლექტება და  საზენიტო დივიზიონების გაშლა, რომ მათ მოახერხონ მოცემულობის შეცვლა, თუნდაც აღმოსავლეთ უკრაინაში.

  • თქვენი დაკვირვებით, რა შედეგის დადებას მოახერხებს პუტინი 9 მაისისთვის? 

9 მაისამდე პუტინი ვერანაირ ოპერატიულ წარმატებას ვერ მიაღწევს. შესაძლოა, მცირე წარმატებები ჰქონდეს, რაღაც სოფლები დაიკავონ, მაგრამ ოპერატიული დონის წარმატებას ვერ მიაღწევენ. ვფიქრობ, ზოგადად, ომის ფაზა არ დასრულდება წლის ბოლომდე, რადგან პარალელურ რეჟიმში რუსეთი იღებს სამხედრო შეიარაღებას, სარკინიგზო ეშელონები ყოველდღე შედის, დაზიანებული ტექნიკა გადის რემონტზე და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე უკრაინაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოახერხებს მიწოდებული სამხედრო ტექნიკის გამოყენებას, რომ ოპერატიულ დონეზე მოახერხონ გავლენა საბრძოლო მოქმედებებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: