„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“.
ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს მცხოვრებ კიდევ 6 ადამიანს ედავება. ბრალდებულების „დანაშაული“ ისაა, რომ სოფელ მამანეთში მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს, რასაც მანამდე მათი მამა-პაპა ფლობდა. ამ მიწას ყოველთვის ეს ოჯახები ამუშავებდა.
ვერ ადასტურებენ, თუმცა ბრალდებულების ერთ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ მათ პროკურატურა ამ გზით სარფიანი მიწების დათმობას აიძულებს, რომლითაც შესაძლოა კურორტი „საირმეს“ მფლობელი იყოს დაინტერესებული.
პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, ანუ იმ დადგენილების მიხედვით, რაც, მაგალითად, ციური ფიფიას ვნების კვირაში ჩააბარეს, თუმცა არ დაუკავებიათ, ციური მერიის წარმომადგენელს გაურიგდა, რომელმაც ყალბი დოკუმენტი მოამზადა და მას საჯარო რეესტრი დაეყრდნო. სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლაც ციური ფიფიას საკუთრებაშია, პროკურატურის მტკიცებით, სინამდვილეში სატყეო ფონდს ეკუთვნის და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, როგორც ციური ფიფიას, ასევე კიდევ 6 ბრალდებულისთვის მიწები საკუთრებაში გადაეცათ.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
ბრალდებულები აღწერენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთები ძირითადად ტყით გარშემორტყმული მინდვრებია კურორტ „საირმესთან“ ახლოს. ეს მინდვრები ბრალდებულების საცხოვრებელ ადგილთან დაშორებულია, თუმცა ირწმუნებიან, რომ ათეული წლებია მიწები თავად საჯარო რეესტრმა დაუკანონა და ამის გამო პასუხს სთხოვენ.
იმას, რასაც მოქალაქეები ჰყვებიან, ადასტურებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როგორც მოქმედი მერი, ასევე წინა ხელმძღვანელობა.
„ეს ფურცელი ჩამაბარეს, ბრალდებული ხართ, ქალბატონო, გაეცანით და დაგიკავშირდებით მოგვიანებითო, ასე მითხრა იმ გამომძიებელმა, მარა აღარ გამოჩენილა მას მერე, ერთი კვირაც კი გავიდა,“ – გვიყვება ციური ფიფია, რომლის თქმითაც, წლების წინ საბანკო სესხის დაფარვა ვერ შეძლო, უსახლკაროდ დარჩა და ახლა ბაღდათის მერია უხდის დაბაში ბინის ქირის ფულს. ციური ფიფია ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობს და საცხობში მუშაობს:
„თურმე უნდა შემეშინდეს? დამნაშავე ვარ? დამნაშავეა ადამიანი, როცა მას სახელმწიფო ორგანო საკუთარ მიწას ურეგისტრირებს?
ის მინდვრები, რომელსაც გვედავებიან, სათესად ვიყენებდი: ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, რა ვიცი, რაც ხარობს სოფლად, ყველაფერი მომყავდა. გასულ წელსაც იქ ვიყავი. ა, ბატონო, აგერ, ვაუჩერებსაც მაძლევდა სახელმწიფო, რომ მომეხნა მიწა და ახლა აღარაა ჩემი მიწა?… 1900 წლიდან ცხოვრობდნენ იქ ჩვენი წინაპრები, იქ არ დავბადებულვარ, თორემ ჩემთან ერთად გაიზარდნენ ის ხეები, რასაც ახლა მართმევენ.
ჩემს ბავშვობაში ფუტკრები გვყავდა იქ ბევრი, მამაჩემი უვლიდა, სულგუნიც ამოგვყავდა, მესაქონლეობას მივდევდით… მერე კურორტი რომ მოეწყო „საირმე“, სასროლეთიც გააკეთეს, ატყდა სროლები და ეს ფუტკრები აღარ შებრუნდნენ თავის ბინებში.
ბოლო დროს ფუტკარი აღარ იყო, მაგრამ ყველაფერს ვთესავდი. წელს აღარ დამითესია. არ დამიჭერდნენ და დათესვას ვინღა ჩივის…
ვიფიქრე, იქ ავაშენებ ერთ ხის სახლს და ვიცხოვრებ, თან საოჯახო სასტუმროს მოწყობის გეგმა მქონდა, ვგეგმავდი, სტუმრებს მივიღებ ველურ ბუნებაში-მეთქი და „აწარმოე საქართველოში“ შევიტანე პროექტი. სულ აღარ ვაპირებდი დაბრუნებას ბაღდათში“ , – მოგვიყვა ციური ფიფია.
ციური ფიფიამ 2020 წლის პირველ ივლისს გახდა მიწის ნაკვეთის – 4 ათასი კვადრატული მეტრის მესაკუთრე ბაღდათში, მამანეთში. საჯარო რეესტრის დოკუმენტაციის მიხედვით, მან სპორადული რეგისტრაციით [როცა რეესტრი თავად აგროვებს საკუთრების დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტებს მოქალაქის წერილობითი მიმართვის შემდეგ] დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ციური ფიფიასთვის საკუთრების რეგისტრაციის დროს დაეყრდნო ბაღდათის მერიის მონაცემს, რომლის მიხედვითაც: „…ციური ფიფია სოფელ მამანეთში უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ფლობს საკადასტრო ნახაზზე წარმოდგენილ საოჯახო მეურნეობის კატეგორიის მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე და დღემდე.“
საჯარო რეესტრს საკუთრების რეგისტრაციამდე მიუმართავს არქივის სამმართველოსაც, საიდანაც ეს პასუხი მიუღია:
„საკომლო ჩანაწერებით არ გვაქვს შესაძლებლობა მოგაწოდოთ ინფორმაცია ციური ვარლამის ასულ ფიფიას კომლის შემადგენლობისა და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ,“ – ვკითხულობთ ქუთაისის არქივის სამმართველოს წერილში, რომელიც საჯარო რეესტრს მიუღია.
პროკურატურის დადგენილების მიხედვით, მიწის ნაკვეთი 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, 124 ათას ლარად იყო შეფასებული.
„ისე გამოვიდა, ვითომ მე მოვისყიდე ბაღდათის მერია და დავაწერიე სიყალბე. სად ვნახავდი მე 124 ათას ლარს? როგორ გამოიყურება ამდენი ფული ერთად, იმის წარმოდგენას მიჭირს. ასე ვუთხარი იმ გამომძიებლებსაც… სირცხვილია-მეთქი, ვუთხარი, მთელმა ბაღდათმა იცის, ბაბუაჩემიც რომ იქ სახლობდა და საუკუნეზე მეტია ჩვენია ეგ მიწები-მეთქი,“ – ამბობს ციური ფიფია.
პროკურორს კი დადგენილებაში ჩაუწერია შემდეგი: „ციური ფიფიამ 2020 წლის მაისში განიზრახა დაუფლებოდა ეროვნული სატყეო სააგენტოს კუთვნილ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მამანეთში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ის და მისი ოჯახი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე წარსულში არ ფლობდა… ნერგეეთში მერიის წარმომადგენელმა, ნუგზარ კბილაშვილმა შეადგინა ყალბი შინაარსისა და მონაცემების შემცველი მოხსენებითი ბარათი, რომელმაც რეალობის საპირისპიროდ დაადასტურა აზომვით ნახაზზე არსებული ნაკვეთის ციური ფიფიასთვის საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემის ფაქტი, მაშინ, როდესაც ნაკვეთი 1994-1995 წლებში ტყითმოწყობის მასალებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილების საფუძველზე წარმოადგენდა სახელმწიფო ტყის ფონდის საკუთრებას“, – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ.
პროკურატურა ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ვიდრე ციური ფიფიამ საჯარო რეესტრს მიმართავდა, მან ბაღდათის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა, „თუმცა უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან ის სატყეო ფონდს ეკუთვნოდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში.
„ასე იყო, კი, მაგრამ მერე გავიგეთ, რეესტრში გამარტივდა რეგისტრაცია, თავად გაარკვევენ ყველაფერსო და წავედი რეესტრში,“ – დასძინა ციური ფიფიამ.
საქმის მასალებში ნახავთ ერთი წერილსაც, რომლითაც დასტურდება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ადასტურებს ფიფიების მხრიდან მამანეთში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას: – 2015 წელს ნუგზარ კბილაშვილი, რომელიც იმ დროს მერიის წარმომადგენლის აპარატის წამყვანის სპეციალისტი იყო, ბაღდათის მაშინდელ მერს, ირაკლი გეგეშიძეს წერს, რომ ციური ფიფია მამანეთში, ასევე გიორგი და ხვიჩა ფიფიები, ფლობენ „მამაპაპისეული მიწის ნაკვეთს, სადაც არის მათი ნასახლარი, რომელიც პირად საკუთრებაში არ აქვთ, მაგრამ აღნიშნულ ნაკვეთებზე ისინი სარგებლობენ „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ და ისევ სჭირდებათ ხვნისთვის ბარათები.
იმავე 2015 წელს ბაღდათის მაშინდელ გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს მიუწერია წერილი ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისთვის: „ისინი ფაქტობრივად ფლობენ მამაპაპისეულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს“, – იწერება წერილში ბაღდათის გამგებელი და მინისტრს სთხოვს „გაითვალისწინოთ აღნიშნული და განიხილოთ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხი.“
იმავე წერილში ირაკლი გეგეშიძე აღწერს, რომ ფიფიების წინაპრები 1900 წლიდან სარგებლობენ მიწის ნაკვეთით მამანეთში, კურორტ „საირმის“ მახლობლად, რაც დასტურდება საკომლო ჩანაწერებითო.
ფიფიებმა ამ საქმისთვის ამოიღეს ბაღდათის არქივის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ციური ფიფიას წინაპრებს ქოხი და ფაცხა ჰქონდათ მამანეთში ჯერ კიდევ 1900 წელს. საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ვერ დგინდება, კონკრეტულად სად ფლობდა მიწის ნაკვეთს ციური ფიფიას ოჯახი.
„…მათ გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი კურორტ „საირმის“ და ბაღდათის პოპულარიზაციაში, ისინი მისდევენ მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას… სახელი გაუთქვეს საირმის თაფლსა და სულგუნს, მათი ბაბუა 81 წელი ცხოვრობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, იყო 12 შვილის გამზრდელი…,“ – ესეც მიუწერია ბაღდათის ყოფილ გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს მთავრობისთვის, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.
ბრალდებულების თქმით, უკვე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც კი შეუფარდეს ნუგზარ კბილაშვილს, რომელიც ნერგეეთის ადმინისტრაციულ თემში იყო ბაღდათის მერის წარმომადგენელი. „ამ ინფორმაციას არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ“, – გვითხრეს ბაღდათის მერიის პრესცენტრში, სადაც გუშინ, 30 აპრილს დავრეკეთ.
ბრალდებულები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კურორტ „საირმის“ მესაკუთრე, 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, თემურ კოხოძეა ამ მიწებით დაინტერესებული, მას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან კურორტ საირმეში აქვს ბიზნესი და სადავო მიწის ნაკვეთების „მეზობელია“.
„მე უშუალოდ გამომიგზავნა თემურ კოხოძემ კაცი გასული წლის ზაფხულში, როცა მიწა დავირეგისტრირე,“ – გვიყვება გელა სოსელია. ის სოფელ „უდაბნოში“ ცხოვრობს, კურორტ „საირმესთან“ მისვლამდე. გელა სოსელიასაც პროკურატურა თაღლითობას ედავება. მას ფუტკრის სკები და სახლიც კი აქვს მიწის ნაკვეთზე, რაც რეესტრმა შარშან დაურეგისტრირა.
„ცუდი იმ შუამავალს არაფერი უთქვამს. გვითხრა, რომ ეს მიწა სჭირდება კურორტს განვითარებისთვის და თუ დავთმობთ, შესაბამის ანაზღაურებას მოგვცემდნენ… არც მიკითხავს, რას მომცემდნენ და როგორ. ვუთხარი, რომ ეს მამა-პაპის მიწაა, 1947 წლიდან ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს და მაგაზე ფიქრიც კი არ მინდა-მეთქი.
მერე ბაღდათის გამგებელმაც დაგვიბარა. დაახლოებით ერთი თვის წინ შევხდით კახა ენუქიძეს [ბაღდათის მერი] და გვთხოვა მეც და ჩემს საბიძაშვილოსაც, იქნებ დაელაპარაკოთ ბიზნესმენს, კურორტ „საირმეს“ სჭირდება ეს მიწებიო, მთლად მილიონს ნუ დააფასებთ ახლაო…
უარი ვთქვით და შემდეგ ხდება ეს ამბავი. რა უნდა ვიფიქროთ?“ – კითხულობს გელა სოსელია.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს საკუთარი მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციის შემდეგ. სხვა რეგიონებში რამდენიმე ადამიანთან პროკურატურა გარიგებაში შევიდა და საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა. ამ დრომდე მინიმუმ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა ადამიანებმა მათ წინააღმდეგ დევნის დაწყების შემდეგ საკუთარი მიწები დათმეს და პირიქით, ჯარიმა გადაუხადეს სახელმწიფოს 3-3 ათასი ლარი სისხლის სამართლის წესით.
ბაღდათელი ბრალდებულებიდანაც ერთ-ერთი ამბობს, რომ გამომძიებელმა მას გადაკვრით უხსენა „საპროცესო შეთანხმება“.
„თავიდან იქ ადვოკატის გარეშე მივედით, როცა დაგვიბარეს და გამომძიებელმა გრიგოლ ჩახუნაშვილმა მითხრა დამშვიდობების დროს, დაგირეკავთ, თუ თანახმა იქნებით საპროცესოზე, ვნახოთ, თუ არადა გაგრძელდება პროცესიო… ადვოკატიც არ მახლდა და არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს. სხვა იქ არაფერი უთქვამს, არც მე მიკითხავს რამე,“ – გვითხრა მაია ფიფიამ. ისიც მამანეთში ფლობს მიწის ნაკვეთს და თაღლითობაში სდებენ ბრალს.
„ხის სახლიც მაქვს იქ, ზაფხულში იქ ვართ ხშირად… იმ სახლს რომ ექსპერტიზა ჩაუტარონ, ის გასცემს ყველა კითხვას პასუხს – ისეთი ძველია, ფეხი ჩაუვარდება კაცს, თუ ფრთხილად არ გაივლის,“ – ამბობს მაია ფიფია.
„მაია ფიფიას შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია, რას ედავებიან, მას დადგენილებაში ისიც არ უწერია, რომ მერიის წარმომადგენელი მოატყუა, არც დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებიან,“ – ეს ადვოკატმა სალომე ბოჭორიშვილმა გვითხრა, რომელიც ამ ეტაპზე საქმის მასალებს ეცნობა და სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს.
„სხვა პირებსაც შეიძლება მიედავონ თაღლითობის ჩადენა, ჩემს ბიძიასაც ცოტა ხნის წინ დაურეგისტრირა რეესტრმა საკუთრება და მან მე მაჩუქა ნაწილი,“ – გვიყვება გოგა თოლორდავა, რომელიც ასევე იმ კაცის შთამომავალია, ბაღდათის ყოფილი გამგებელი რომ წერდა, 12 შვილი ჰყავდა და მამანეთში სახლობდაო.
„ერთ-ერთ ბრალდებულს უნახავს პროკურატურაში, გამომძიებელს სიაში 25 კაცი ეწერა და თქვენც იქ ეწერეთო… გამორიცხული არაა, რადგან ჩვენც იგივე გავაკეთეთ, რაც იმათ, ვისაც ედავებიან და არაფერი დაუშავებიათ.
ეს არის უკიდეგანო უსამართლობა. ერთი ბრალდებული უკვე ამბობს, დამანებეთ თავი, წაიღეთ უკან ეს მიწა, შემეშვითო, მაგრამ აღარაა საქმე ასე, სახელმწიფო უდანაშაულო ადამიანებს თაღლითობას ედავება,“ – აღნიშნა გოგა თოლორდავამ „ბათუმელებთან“.