მთავარი,სიახლეები

ხარკოვის ოლქში გავჭერით ალყა, მალე რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავლენ – ვანო ნადირაძე

02.05.2022 • 24895
ხარკოვის ოლქში გავჭერით ალყა, მალე რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავლენ – ვანო ნადირაძე

„მესამე დღეა კონტრშეტევებზე ვართ გადასული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ნადირაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაშია ომის დაწყების დღიდან. ის ამჟამად ხარკოვის ოლქში იმყოფება, სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად.

„ალბათ იცით, რომ იზიუმთან, ხარკოვის ოლქში, გავჭერით ალყა, ხარკოვის აღმოსავლეთით 4 სოფელია უკვე გათავისუფლებული და, ფაქტობრივად, შეტევაზე ვართ გადასული.

ალბათ იცით, რომ იზიუმთან კიდევ ერთი რუსი გენერალია მკვდარი და მეორე – გერასიმოვი დაჭრილია. რუსეთის საზღვართან ვმუშაობთ უკვე და ვფიქრობ, რომ შედეგები გვაქვს“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) იზიუმთან და ჩრდილოეთ დონბასში რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ როცა წერდა, ითქვა, რომ 27 აპრილს რუსეთის ჯარებმა მცირედ, მაგრამ მყარად წაიწიეს წინ, როგორც იზიუმიდან, ისე აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკების ხაზის გასწვრივ.

ვანო ნადირაძეს ვკითხეთ, რის ხარჯზე მიაღწიეს ამ წარმატებას?

ნადირაძის თქმით, ნაკლებად შეიძლება ამ წარმატებას წარმატება ვუწოდოთ, რადგან ამ წერტილებში ისედაც მყარი პოზიციები ჰქონდათ რუსებს.

„არაფერი განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონიათ რუსებს აქ. მეორე ფაზა რომ დაიწყეს, 1-2 დღე ჰქონდათ თითქოს შედეგი და იმის შემდეგ წინ არ წაწეულან.

ეს წერტილები – ხერსონის მიმართულება, ხარკოვი-იზიუმის მიმართულება ადრეც პრობლემური იყო. ასევე რუბეჟნოესა და ლისიჩანსკის მიმართულებით, ერთი მეტრით არ არიან წაწეულები, პირიქით, კონტრშეტევებზე ვართ გადასული.

ბერდიანსკის მიმართულებით ზაპოროჟიეს ოლქშიც გავჭერით ერთ-ორ ადგილზე. რა თქმა უნდა, ამერიკული ჰაუბიცები როცა შემოვიდა, მას შემდეგ. კიდევ ველოდებით ტექნიკას და ამის წყალობით შევძელით შეტევაზე გადასვლა.

ის, რაც აქამდე გვიჭირდა, ეს იყო შორსმსროლელი არტილერია და ეს საარტილერიო სისტემები უკვე შემოდის. ახლა აღარ გვაქვს შეიარაღების პრობლემა, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებს ველოდებით კიდევ, ასე, რომ შედეგი არის“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

მისი თქმით, მალე რუსებს თავდაცვის პოზიციებში გადასვლა მოუწევთ.

„მე ასეთი მოლოდინი მაქვს. ახლა ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ის პოზიციები, რაც მანამდე დაიკავეს და იმ ფონზე – დემორალიზებულ რუსეთის ჯარს ვგულისხმობ, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ეს პოზიციებიც შეინარჩუნონ.

ხედავთ ალბათ, რომ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა ომმა, გარკვეულ ნაწილებში: კურსკის, ბელგოროდის ოლქში ყოველდღე აფეთქებები აქვთ. ჩათვალეთ, რომ უკვე გადასულია ომი რუსეთის მიწაზე. მე, პირადად, სადღაც 20 მაისისთვის გამარჯვებას ველოდები და ვნახოთ“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.

რაც შეეხება ქალაქებსა და სოფლებს, რომლებსაც რუსები ტოვებენ, ნადირაძის თქმით, ყველა პირწმინდად არის მოსწორებული დაბომბვებისგან.

სოფლებში თითო-ოროლა ადამიანს თუ შეხვდებით, ძირითადად მოხუცებს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მათში იმედი და ბრძოლის განწყობა არ ჩამქრალა.

„ყველაფერი დანგრეულია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარება შედის, მისიები, მოხალისეები შემოდიან გათავისუფლებულ სოფლებში და შეაქვთ დახმარება მოსახლეობისთვის. ჰუმანიტარული კრიზისი არ არის.

ვიცით, რომ მარიუპოლთან დაკავშირებითაც არის ძვრები, ჩაერია გაერო, წითელი ჯვარი და გაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა რა იქნება მებრძოლებთან დაკავშირებით, ეს არავინ იცის“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.

მებრძოლის თქმით, პუტინის იმედები ბევრი მიმართულებით არ გამართლდა, თუნდაც ხარკოვთა დაკავშირებით, „სადაც ეგონათ, რომ რუსებს პურით და მარილით დახვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, გაშმაგებული წინააღმდეგობა გაუწიეს, როგორც ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა, ასევე მოსახლეობამ.

თითო-ოროლა კოლაბორაციონისტი შეიძლება ყველგან იყოს და აქაც არიან, ბუნებრივია, მაგრამ იმ ფონზე, რასაც საქართველოში ვხედავთ, რომ გაივსო „ალტ-ინფოელებით“ და პუტინისტებით ქვეყანა, აქ ალბათ არ არის გასაკვირი 1-2 პუტინისტის აღმოჩენა.

მიკვირს, ანწუხელიძის ქვეყანაში მტერს როგორ უნდა უკრავდე ტაშს. 21-ე საუკუნეში ასე როგორ უნდა გქონდეს გონება შეზღუდული, თეთრსა და შავს ვერ არჩევდე. ამიტომ დიდი ჯოხია საჭირო ასეთებთან“.

ნადირაძის თქმით, რუსები ვერასდროს გაივლიან კიევში, „მაგრამ ისიც სამწუხაროა, 9 მაისს მოსკოვში „პატარა მარშით“ გავლის თავი რომ ექნებათ“.

რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარიშვილი/ქართველი მებრძოლები უკრაინაში.

რაც შეეხება სხვა ქართველ მებრძოლებს, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა ქართველი მებრძოლი გელა ბეგლარიშვილი, მისმა მეუღლემ რუსუდან ივანეიშვილმა კი კონტუზია მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ქართველი ცოლ-ქმარი მეორე ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა.

„რუსკა და მისი მეუღლე უკვე კარგად არიან, გამოჯანმრთელდნენ და მალე ჩაერთვებიან ბრძოლებში. მე მაქვს კავშირი მათთან და ახლა კარგად არიან. ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან, მაგარი ოჯახია. სულ 12 ქართველია მათთან, ყველანი კარგები არიან და დღე-დღეზე ბრძოლაში ჩაერთვებიან“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

მებრძოლის თქმით, ის და მისი თანამებრძოლები ახლაც ხარკოვის ოლქში იმყოფებიან და მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ემზადებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: