მთავარი,სიახლეები

უნდა გასაჯაროვდეს თუ არა EU კითხვარის პასუხები და როდის? – ექსპერტთა მოსაზრებები

02.05.2022 • 1367
უნდა გასაჯაროვდეს თუ არა EU კითხვარის პასუხები და როდის? – ექსპერტთა მოსაზრებები

13 მაისს  იწურება ვადა, როდესაც საქართველომ ევროკავშირს წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ მიღებული კითხვარის პასუხები უნდა დაუბრუნოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. თუმცა რიგ ექსპერტებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ ვადაზე, თუ როდის უნდა გასაჯაროვდეს.

„196-ე კითხვაზე პასუხი, რომელიც ეხება სატელეფონო მოსმენებს, ჩემთვის ნომერ პირველია. ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე.

ის იმ ადამიანთა რიგშია, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები უნდა გასაჯაროვდეს მაშინვე, როგორც კი მას ევროკავშირი მიიღებს.

„იმიტომ, რომ ეს პასუხები მომზადებულია საქართველოს სახელით, საქართველოს ხელისუფლება ამზადებს ამ დოკუმენტს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენს ქვეყანაზეა ლაპარაკი. რაც უფრო მეტი იქნება დისკუსია ევროკავშირის თემაზე, თუნდაც  კრიტიკული, მით უკეთესი იქნება და წაადგება პროცესს.

დასამალი მგონი იქ [კითხვარის პასუხებში] არაფერია. კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება არ გასაჯაროვდეს, თუ არის კომერციული ან სახელმწიფო საიდუმლო. თუ ასეთი ინფორმაცია არის მასში, მაშინ უნდა დაიშტრიხოს და ეს ნაწილი არ გასაჯაროვდეს. თუ არ არის, ეს არ უნდა იყოს ვიღაცის პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაასაჯაროებს თუ არ გაასაჯაროებს,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე, „ღია საზოგადოების ფონდი“

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის GRASS“-ის დამფუძნებელი სერგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ კითხვარის პასუხების გასაჯაროება აუცილებელია. თუმცა ის აქცენტს აკეთებს დროზე.

„კი, უნდა გასაჯაროვდეს, თუმცა როდის გასაჯაროვდეს, შეიძლება იყოს ლეგიტიმური დისკუსიის საგანი. შეიძლება გასაჯაროვდეს კომისიის დასკვნამდე, შეიძლება გასაჯაროვდეს კომისიის დასკვნის შემდეგ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება არ გასაჯაროვდეს ქვეყნის პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე. მესმის ის არგუმენტი, რომ შეიძლება იყოს რაღაც თემები, რომლებზეც მიზანშეწონილი არაა საჯარო პოზიციის დაფიქსირება. მაგალითად, თუ ეს ეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას და ა.შ. მსგავსი თემები შეიძლება იყოს დაფარული და  მაგის გარეშე გასაჯაროებული, მაგრამ პასუხი იურიდიულ კითხვებზე, პასუხი ინსტიტუციურ კითხვებზე, მით უმეტეს, სფეროში რა ხდება, კონკრეტულ სეგმენტებში, მაგაზე როგორ შეიძლება არ გასაჯაროვდეს, ეგ არ წარმომიდგენია,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის GRASS“ -ის დამფუძნებელი

მისი თქმით,  მას შემდეგ, რაც პასუხები გადაეცემა ევროკომისიას, კითხვარი უნდა გასაჯაროვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პასუხების გასაჯაროებას შეიძლება მოჰყვეს ცხარე დისკუსია ქვეყანაში და კონფრონტაცია.

განსხვავებულად ფიქრობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი. მისი თქმით, კითხვარის პასუხები უნდა გახდეს საჯარო მას შემდეგ, რაც ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„იმიტომ, რომ გავლენა არ მოახდინოს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმ დისკუსიამ, რომელიც შეიძლება გაიმართოს იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც პასუხი არ მოეწონა. ამან შეიძლება პროცესი დააზიანოს საბოლოო ჯამში.

კონკრეტული საფრთხე შეიძლება იყოს, თუ, ვთქვათ, აქ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო კრიტიკა: „მთავრობამ ეს არასწორად შეავსო“, „ის ტყუილია“ და ა.შ. წარმოიდგინეთ ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი და სამოქალაქო საზოგადოებიდან მიდის უარყოფითი სიგნალები. ამან შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად. ჩვენს ინტერესებში არ არის ამ ეტაპზე, რომ კრიტიკა დიდი დოზით მივიდეს ევროპულ ინსტიტუტებში, მაშინ, როდესაც მათ დადებითი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები საქართველოს მომავლის შესახებ,“ – უთხრა კახა გოგოლაშვილმა „ბათუმელებს“.

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

მკვლევრის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ან არასამთავრობო სექტორს არ შეუძლია პრობლემურ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირს. მით უფრო, რომ ევროკავშირს წვდომა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე და ისედაც კარგად არის ინფორმირებული, თუ რა მდგომარეობაა ცალკეულ სფეროში საქართველოში.

„ჩვენთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მონიჭება. რაც შეეხება ჩვენს შესაძლებლობას, რომ მთავრობაზე ზეწოლა მოვახდინოთ აი, იმ საკითხებში, რომლებშიც ის არ ატარებს სათანადო რეფორმებს, ამისთვის ასპარეზი არსებობს. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მერეც და არ იყოს მაინც და მაინც კითხვარი. კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭონ, ხელისუფლება ამას აუცილებლად გამოიყენებს და სამოქალაქო საზოგადოებას დააბრალებს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ჩავშალეთ ეს შესაძლებლობა, დავაკარგვინეთ და ა.შ. ამიტომ არ უნდა ჩავერიოთ და ვნახოთ, მთავრობა რას იზამს,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლევან მახაშვილი ერთ-ერთია იმ საჯარო მოხელეებს შორის, ვინც ევროკავშირის კითხვარის შევსებაში მიიღო მონაწილეობა. ის მიიჩნევს, რომ ახლა კითხვარის პასუხების გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.

„ეს კითხვარი გასაჯაროვდება დღეს თუ ხვალ, პირობითად რომ ვთქვათ, მაგრამ ალბათ უნდა გასაჯაროვდეს მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ზოგიერთი არის ისეთი კითხვა, რომელიც მოლდოვასთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით, სხვა თემებთან დაკავშირებით არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ ამ ეტაპზე მომხდარიყო მათი გასაჯაროება.

მაგრამ გასაჯაროებას ვერ გავექცევით. ვერ დაკეტავ ამ თემას. მთავრობისგან თუ არა, სხვა მხრიდან გაიჟონება“, – უთხრა ლევან მახაშვილმა „ბათუმელებს“.

ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი

კითხვაზე, რა რისკებს ხედავს საქართველოს მთავრობის მიერ შევსებული კითხვარის პასუხების ახლა გასაჯაროებაში, ლევან მახაშვილი პასუხობს, რომ ეს პროცესს დააზარალებს.

„ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ამ ორ თვეში დამატებითი კითხვების გაჩენა, ჩემი აზრით, შეაფერხებს და დამატებით არგუმენტს მისცემს ზოგიერთ იმ სახელმწიფოს, რომელიც კრიტიკულად არის დღეს განწყობილი არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის და მოლდოვას მიმართ. ახლა სჯობს კონცენტრაცია მოხდეს, რომ დროულად, სრულყოფილად მომზადდეს ეს კითხვარი, გადაეცეს კომისიას, კომისიამ თავისი დასკვნა დადოს და ევროპულმა საბჭომაც თავისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. სულსწრაფი ხალხი ვართ, მესმის, სულ ორი თვეა დარჩენილი. ერთი თვალის დახამხამებაში გავა ეს პერიოდი და მერე გვექნება შესაძლებლობა ყველას ერთად, რომ შევხედოთ,“ – განმარტა ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილის თქმით, მან და მისმა გუნდმა კითხვარის ის ნაწილი შეავსეს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას ეხებოდა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ კითხვარი შეგვევსო სრულყოფილად. მეორე მიზანი იყო, ეს ყოფილიყო სიმართლე, ანუ კანონის და ყველა პროცედურის შესაბამისად. მესამე – ეს ყოფილიყო დროულად. და, რა თქმა უნდა, იმის სურვილით, რომ საქართველოსთვის დადგეს უკეთესი, დადებითი შედეგი“, – თქვა ლევან მახაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: