რატომ ცვლის პუტინი გენერლებს უკრაინის ფრონტზე

რუსეთის პრეზიდენტი ხშირად ცვლის სამხედრო მეთაურებს, რადგან ისინი მისი ბრძანებების შესრულებას ვერ ასწრებენ – ასე ხსნის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვიქტორ ანდრუსოვი, პუტინის გადაწყვეტილებებს.

„პუტინი გამუდმებით ცვლის მიზნებს, რომელთა შესრულებასაც მისი გენერლები უბრალოდ ვერ ასწრებენ. მაგალითად, სევეროდონეცკი, ქალაქი აიღეს, თუმცა ბევრად გვიან, ვიდრე ეს პუტინს სურდა,“ – ამბობს ვიქტორ ანდრუსოვი.

მინისტრის მრჩეველი ყურადღებას ამახვილებს ბოლო გადაწყვეტილებაზე – პუტინმა უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურობას ჩამოაშორა გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი, რომელიც მისი უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნეოდა.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ პუტინი იწყებს ცვლილებებს თავის ახლო გარემოცვაში. დვორნიკოვი ასეთი იყო. ეს ნიშნავს, რომ ის უძლურებას განიცდის,“ – მინისტრის მრჩევლის შეფასებით, მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებები მომავალშიც იქნება, თუმცა ისინი ომში „სერიოზულ სხვაობას ვერ შექმნის“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ეს ადამიანი ერთნაირი სამხედრო აზროვნებისაა, ერთნაირი მიდგომების კულტურაში გაიზარდნენ, შესაბამისად, ცხადია, გენერლების ცვლილებით განსაკუთრებული შედეგი არ დადგება“.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის ფრონტზე მეთაურების გადაადგილებაზე წერდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ივნისის დასაწყისიდან რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ რამდენიმე გენერალს უკრაინის ომში გადამწყვეტი ფუნქციები ჩამოართვა.

დაზვერვა ასახელებდა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვს და არმიის სამხრეთის დაჯგუფების მეთაურს, გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვს. დვორნიკოვი, დაზვერვის ცნობით, გარკვეული დროის განმავლობაში მთავარი ოპერატიული მეთაურის მოვალეობასაც ასრულებდა.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით კი, პუტინმა უკრაინის „სპეცოპერაცია“ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელს, გენერალ-პოლკოვნიკ გენადი ჟიდკოს ჩააბარა.

აჭარაში კოვიდის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ერთი კვირის მონაცემები

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 20 ივნისიდან 28 ივნისამდე, საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ჩატარდა 63 404 კვლევა ტესტით.

ამავე პერიოდში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასულ ერთ კვირაში აჭარაში კოვიდის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 1.67 პროცენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი.

„ლიბერასტები“ – რიჟვაძის ჰომოფობიური ლექსიკა სამოქალაქო მოძრაობის მიმართ

„ლიბერასტები“ უწოდა დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო მოძრაობას „შინ ევროპისკენ,“ რომელიც ეროვნული ერთობის,  ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აქამდე უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან ქურდული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელ ლექსიკას იყენებდა: ვერავის ვერ გადაუღუნოთ, „დავაი, დაახვიეთ“ და ასე შემდეგ, ამჯერად  სამოქალაქო საზოგადოებას პრორუსული ძალების  ლექსიკით მოიხსენიებს.

„ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ ღირსეულ ადგილს, მათ შორის, ევროპულ ოჯახში, თუმცა, არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, არც ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება. ასე, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად და ამ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა და თავისუფალი განვითარება,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე.

ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია პოლარიზების შემცირებაა. ამის მიუხედავად, დღეს თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიცია „რადიკალებად“ მოიხსენია.

„რადიკალური ნაწილი ცდილობს მიმდინარე წარმატების აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ გარკვეული უკმაყოფილება, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ, როცა ის აჭარის რეგიონში ტურიზმის 2019 წლის მონაცემების აღდგენის შესახებ საუბრობდა.

ლიბერასტი (რუს. Либераст) არის ნეოლოგიზმი რუსულ ენაში. ნეოლოგიზმი შემოიტანა პუბლიცისტმა ილია სმირნოვმა. ტერმინი გაჩნდა მის 1990-იანი წლების  პუბლიკაციებში, რომლებიც შემდეგ თვითონ ავტორმა გააერთიანა წიგნში „ლიბერასტია“ (რუს. Либерастия). სიტყვას ძირითადად იყენებენ პრორუსული, ანტიდემოკრატიული შეხედულებების მქონე ადამიანები და ჯგუფები.

საღამოობით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამით – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 30 ივნისსა და პირველ ივლისს, საღამოს და ღამით, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძე დანიშნეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დღეს, 28 ივნისს, ორი თეატრის ხელმძღვანელი დანიშნა. უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, ისინი „სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატები“ არიან.

„ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირაკლი კიკვაძის, ხოლო სსიპ – ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში თამაზ ბოლქვაძის კანდიდატურა იქნა შერჩეული“, – წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი თანამდებობიდან 31 მაისს გაათავისუფლეს. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხაიძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, გათავისუფლების შესახებ ის ჯერ სიტყვიერად გააფრთხილეს.

მაშინ გიორგი ჩხაიძემ თქვა: „ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი, თუმცა სიტყვიერად გაგვათავისუფლეს. ვადა ამომეწურა. ვადის ამოწურვამდე უნდა დანიშნულიყო არჩევნები, მაგრამ არ შეკრებილა არც საბჭო, არც არაფერი, თუმცა ჰყავთ სხვა კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე და როცა კანდიდატი არჩევნებამდე ცნობილია, უკვე არაფერს აზრი არ აქვს“.

___

ფოტოზე: ირაკლი კიკვაძე/facebook

ამავე თემაზე:

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

უკრაინაში 20 მლნ დოლარი შეაგროვეს 3 ბაირაქტარის საყიდლად, კომპანია ფულზე უარს ამბობს

„ხალხის ბაირაქტარისთვის“ თანხის შეგროვება უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგეი პრიტულამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტით 23 ივნისს დაიწყო. ერთ დღეში, შეწირულებებითა და პრიტულას ფონდის ერთობლივი თანხებით, ანგარიშზე უკვე 12 მილიონი დოლარი იყო, ორი ბაირაქტარის თანხა, რის შემდეგაც მსახიობმა კამპანია მესამე დრონისთვის საჭირო ფულის მოსაზიდად გააგრძელა.

საბოლოოდ, სერგეი პრიტულამ, რამდენიმე დღეში, 20 მილიონი დოლარი მოაგროვა.

„ბაიკარმა შეიტყო, რომ უკრაინელებმა, საკუთარი მიწის დასაცავად, ქრაუდფანდინგის კამპანია „ხალხის ბაირაქტარის“ ფარგლებში, რამდენიმე ბაირაქტარ TB2-ის საყიდელი თანხა შეაგროვეს.

ამ მიზნის მისაღწევად, მცირე თუ მსხვილი შეწირულება გაიღეს ბიზნესლიდერებმა თუ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა.

„ბაიკარი“ ამ ფულს არ აიღებს და სამ TB 2-ს უსასყიდლოდ გაგზავნის უკრაინის ფრონტზე. გთხოვთ, მოზიდული თანხები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამოიყენოთ. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ უკრაინელი ხალხის სოლიდარობითა და სიმტკიცით,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„გმადლობთ, რომ ასე აფასებთ უკრაინელთა ერთიანობას!“, – მიმართა დრონების მწარმოებელ კომპანიას სერგეი პრიტულამ ტვიტერზე და დასძინა, რომ შეგროვილი თანხა „უკრაინის გამარჯვებას მოხმარდება“.

ზუსტად ასე მოიქცა კომპანია „ბაიკარი“ დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად 5 მილიონი ევრო ლიეტუველმა მწერალმა და ჟურნალისტმა ანდრიუს ტაპინასმა შეაგროვა. ქრაუდფანდინგის დასრულების შემდეგ, თურქულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ლიეტუველებს ბაირაქტარს უფასოდ გადასცემდა.

ბაირაქტარ TB2-ს, თურქული წარმოების უპილოტო საბრძოლო საფრენ აპარატს, უკრაინის „იმედის იარაღსაც“ უწოდებენ. დრონი 2015 წლიდან გამოიყენება, მას ჰაერში დაახლოებით 24 საათი გაჩერება და 7 კილომეტრის სიმაღლიდან 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე მართვადი საბრძოლო მასალის მიზანში სროლა შეუძლია.

რუსეთმა ბელარუსის საჰაერო სივრცე უკრაინის დასაბომბად გამოიყენა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უახლესი სადაზვერვო ცნობარის თანხმად, სევეროდონეცკიდან გასვლის შემდეგ უკრაინის ძალები ლისიჩანსკში განაგრძობენ თავდაცვით სიმაღლეებზე პოზიციების გამაგრებას და მტრის ზურგში განხორციელებული წარმატებული დარტყმებით რუსული არმიის კონტროლს ასუსტებენ.

უწყების ინფორმაციით, 24-26 ივნისს, რუსეთმა უკრაინაში შორსმოქმედი რაკეტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გამოიყენა.

„სავარაუდოდ, ეს არის საბჭოთა ეპოქის  AS-4 KITCHEN და შედარებით თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტები, რომლებიც რუსეთის ძალებმა, როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის საჰაერო სივრციდან ისროლეს“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და მიუთითებს, რომ ეს იარაღი თავდაპირველად სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების გასანადგურებლად შეიქმნა, თუმცა რუსეთი კვლავაც განაგრძობს მათ ინტენსიურ გამოყენებას ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად.

„რუსეთმა ბრძოლის ველზე გამოიყვანა ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ელემენტები, თუმცა მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია სევეროდონეცკთან. რუსეთის შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო მეტად აჩვენებენ დაუძლურების ნიშნებს“.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დღეის მდგომარეობით, რუსეთის არმიის საბრძოლო ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია და ეს მდგომარეობა, სავარაუდოდ, არც მომავალში შეიცვლება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა გუშინდელ რელიზშიც რუსეთის არმიაში კვალიფიციური პირადი შემადგენლობის ნაკლებობაზე წერდა. დაზვერვა მიუთითებდა, რომ „უახლოეს კვირებში, რუსეთის სამხედრო კამპანია, დიდი ალბათობით, კვლავაც მოხალისეთა სარეზერვო ეშელონების იმედად იქნება.“

უწყება გამოთქვამდა ვარაუდს,  რომ რუსეთის ხელისუფლება, ამ კატეგორიის მოხალისეებს, რეგულარულ ბრიგადებში დამატებითი ბატალიონების შესაქმნელად იყენებს.

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 28 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 567 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 3 704 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 778 ერთეული [+7]
  • MLRS – 243 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 102 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 185 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 636 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 139 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 589 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 218 თვითმფრინავი
  • 133 ვერტმფრენი
  • 1 382 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 837 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 690 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 037 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 889 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკის ომის დასრულება 2022 წელსვე სურს – Sky News

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომპიუტერს ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა ასწავლეს – BBC

ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკა ძალიან რთული პროცესია – განსაკუთრებით დაავადების ადრეულ ეტაპზე, როდესაც პაციენტისთვის დახმარების გაწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ბოლო დრომდე. თუმცა, BBC წერს ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ, რომელმაც აჩვენა, რომ ამ დაავადების საკმაოდ ზუსტად დიაგნოსტირება შესაძლებელია თავის ტვინის მაგრნიტორეზონანსული ტომოგრაფიის [MRI] შედეგების საფუძველზე.

„ოღონდ, ერთი მნიშვნელოვანი პირობით: მიღებული სურათები უნდა შეისწავლოს არა ცოცხალმა ნევროპათოლოგმა, არამედ მის მიერ გაწვრთნილმა მანქანამ, ანუ ხელოვნურმა ინტელექტმა“.

პროგრამებმა დიდი ხანია ისწავლეს მრავალი დაავადების დიაგნოსტიკა, ზოგიერთმა პრაქტიკოს ექიმებზე უკეთესადაც კი. ეს იმიტომ, რომ არცერთ ექიმს არ შეუძლია დაიმახსოვროს ასობით ან თუნდაც ათასობით რენტგენის სურათი, თანაც მაღალი გარჩევადობით. და ეს რომც შეძლოს, ნებისმიერ ნევროლოგს შესაძლოა დღეები, ან საერთოდაც კვირები დასჭირდეს საიმისოდ, რომ თითოეული მათგანი „ორიგინალს“ (კონკრეტული პაციენტის სურათს) შეადაროს. კომპიუტერული ალგორითმი იმავე დავალებას რამდენიმე საათში ასრულებს.

კვლევა იყენებს მანქანისთვის სწავლების ტექნოლოგიას ტვინის სტრუქტურული მახასიათებლების შესასწავლად, მათ შორის ისეთ რეგიონებში, რომლებიც ადრე არ იყო დაკავშირებული ალცჰაიმერთან. ტექნიკის უპირატესობა არის მისი სიმარტივე და ის ფაქტი, რომ მას შეუძლია დაავადების იდენტიფიცირება ყველაზე რთულად ამოცნობად – ადრეულ ეტაპზე.

ლონდონის იმპერიალის კოლეჯის მეცნიერებმა, ჭკვიან მანქანას მიაწოდეს 800 დადასტურებული პაციენტის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათი, შემდეგ კი „სთხოვეს“ მას სრულიად განსხვავებული სურათების ნაკრების ანალიზი.

ხელოვნურმა ინტელექტმა შეუცდომლად ამოიცნო ალცჰაიმერის სინდრომი 98% შემთხვევაში. თანაც პაციენტების 79 პროცენტს, ალგორითმმა ზუსტად განუსაზღვრა, რომელ სტადიაზე აქვს დაავადება, მათ შორის ყველაზე საწყისი ფორმაც.

პროფესორმა ერიკ აბოაგიმ, იმპერიალის ქირურგიისა და კიბოს დეპარტამენტიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, თქვა: „ამჟამად სხვა არც ერთ მარტივ და ფართოდ ხელმისაწვდომ მეთოდს არ შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების ამ დონის სიზუსტით პროგნოზირება, ამიტომ ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ბევრ პაციენტს ე.წ. მეხსიერების კლინიკებში, რომლებსაც ალცჰაიმერი აწუხებთ, ასევე აქვთ სხვა ნევროლოგიური დაავადებები, მაგრამ ამ ჯგუფშიც კი ჩვენს სისტემას შეუძლია გამოარჩიოს ის პაციენტები, რომლებსაც ალცჰაიმერი აქვთ იმათგან, ვისაც ის არ აქვს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება არ იკურნება, ალცჰაიმერის ადრეული გამოვლენა საშუალებას აძლევს პაციენტებს მიიღონ ყველა არსებული დახმარება, მხარდაჭერა და დაიწყონ მკურნალობა, რათა მართონ თავიანთი სიმპტომები და დაგეგმონ მომავალი“, – განმარტებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

კვლევა დაფინანსებულია ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (NIHR) საიმპერატორო ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრისა და სამედიცინო კვლევის საბჭოს მიერ.

ალცჰაიმერის დაავადება – არის დემენციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი, ქრონიკული და ჩვეულებრივ პროგრესირებადი სინდრომი, რომლის დროსაც უარესდება მეხსიერება, მეტყველება, დამოუკიდებლად გაგება და აზროვნება, ასევე სივრცეში ნავიგაცია და გონებაში დათვლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დემენციით და ყოველწლიურად 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – მასზე შემთხვევათა 60-70% მოდის.

ნატო თითქმის 8-ჯერ გაზრდის სწრაფი რეაგირების ძალების სამხედროების რაოდენობას

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის  განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფი სამხედრო რეაგირების სამხედროების რაოდენობის მნიშვნელოვნად, 300 ათასზე მეტად გაზრდის.

„ჩვენ გარდავქმნით ნატოს რეაგირების ძალებს და გავზრდით ჩვენი მაღალი საბრძოლო მზაობის ძალების რაოდენობას 300 ათასზე მეტად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან დღეს, 27 ივნისს, მადრიდში ნატოს სამიტის დაწყებამდე.

როგორც „როიტერსი“ წერს, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს ამ დრომდე 40 ათასი ჯარისკაცი ჰყავს.

მადრიდის სამიტზე ნატო ასევე შეცვლის რუსეთისადმი გამოყენებულ ტერმინოლოგიასაც, რომელიც ალიანსის ბოლო სტრატეგიაში, 2010 წლიდან, ჯერ კიდევ აღწერდა რუსეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს.

„ეს არ იქნება მოცემულობა სტრატეგიულ კონტექსტში, რომელსაც ჩვენ მადრიდში დავთანხმდებით“, – თქვა სტოლტენბერგმა.

„მოველი, პარტნიორები გარკვევით განაცხადებენ, რომ რუსეთი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების, ღირებულებებისა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისთვის“, – ციტირებს ნატოს გენერალურ მდივანს „როიტერსი“.

ბათუმის პორტიდან უკან გააბრუნეს სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული გემი

„თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს,“ – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში ტანკერის შესახებ, რომელმაც ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოიტანა.

„რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში,“ – აღნიშნულია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყალდიდობა თურქეთში – კასტამონუს პროვინციაში მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან

დღეს, 27 ივნისს, ჩრდილოეთ თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ძლიერი წყალდიდობაა. თურქული მედიის ცნობით, დაიტბორა კასტამონუს, ბარტინის, სინოპის, ზონგულდაკისა და ბარტინის პროვინციები.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი წყალდიდობა კასტამონუს პროვინციაშია, სადაც მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან, დატბორა გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი ადგილები, დააზიანა პარკები და ბაზარი, ჩამოინგრა ხიდი.

ძლიერი წვიმის შედეგად პერიოდულად ითიშება ელექტროენერგია. წყალდიდობამ ასევე გამოიწვია გზის ჩაკეტვა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

_______________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

ზელენსკის ომის დასრულება 2022 წელსვე სურს – Sky News

ბრიტანული ტელეკომპანია Sky news-ი ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტმა G7-ის ქვეყნების ლიდერებს უთხრა, მას ომის დასრულება წლის ბოლომდე სურს.

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მიმდინარე სამიტს კიევიდან ჩაერთო. მან G7-ის ქვეყნებს შეიარაღება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, უსაფრთხოების გარანტიები, ხორბლის ექსპორტში დახმარება და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება სთხოვა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ტვიტერზე მადლობა გადაუხადა ზელენსკის სამიტში მონაწილეობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ დიდი შვიდეული კვლავაც ერთად დგას უკრაინის გვერდით.

„დიდი შვიდეული გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. ჩვენ გავაძლიერებთ პუტინზე ზეწოლას. ეს ომი უნდა დასრულდეს,“ – დაწერა ოლაფ შოლცმა.


„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ მხარდაჭერას და ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება,“ – ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც უშუალოდ, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს შეეხება.  

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა/ფოტო: president.gov.ua

„აზოვსტალის“ მეპატრონე რუსეთს ევროპულ სასამართლოში უჩივის

მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის მეპატრონემ, უკრაინელმა მილიარდერმა, რინატ ახმეტოვმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ. იგი რუსეთს უჩივის მისი ბიზნესისთვის მიყენებული ზიანისა და ზარალის გამო.

„ბოროტება დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. რუსეთის დანაშაული უკრაინის და ყოველი უკრაინელის წინააღმდეგ საზარელია.

დამნაშავე უნდა დაისაჯოს. საუკეთესო უკრაინელი და ამერიკელი იურისტების დახმარებით შევიტანე საჩივარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ეს სარჩელი არის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო სამართლებრივი ქმედება რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ახმეტოვმა.

ახმეტოვი, უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, System Capital Management-ის დამფუძნებელია, სწორედ ამ კომპანიაში შედის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.

„აზოვსტალის“ გარდა, საომარი მოქმედებების შედეგად, ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა ახმეტოვის არაერთი საწარმო.

„ომის დასაწყისში ამ ობიექტების კაპიტალიზაციამ ათეულობით მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩვენ მოვითხოვთ სათანადო კომპენსაციას “, – განაცხადა მანამდე ახმეტოვმა.

რა მისამართებზე გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

„სოკარის“ ცნობით, 28 ივნისს ბათუმში გაზი გაითიშება რამდენიმე მისამართზე.

კერძოდ:

  • 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის #2გ-სა და ანგისის 46-ა აბონენტებს
  • 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კი გაზმომარაგება შეუწყდებათ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15 აბონენტებს

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

თურქეთში ხანძრის შედეგად 4500 ჰექტარი ტყე დაიწვა

თურქეთში, მუღლას პროვინციაში, ხანძრის შედეგად 4500 ჰექტარი ტყე დაიწვა.

ხანძარი 21 ივნისს გაჩნდა. თურქეთის მთავრობა 5 დღის განმავლობაში ებრძოდა ხანძარს, რომლის ჩაქრობასაც ხელს ძლიერი ქარი უშლიდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება და სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. ბრალდებული, 34 წლის კაცი, 24 ივნისს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მან აღიარა, რომ ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში ტყეს ცეცხლი მოუკიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი მისთვის მიწის გადაცემას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს და ამის გამო გაბრაზებული იყო. 

თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ინფორმაციით, ბრალდებულის მამა უარყოფს ამ ინფორმაციას, იგი ამბობს, რომ ოჯახში არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა მიწის საკითხზე და მეტიც – ისინი სულაც არ ფლობენ მიწებს მარმარისის რეგიონში. ის შვილის სახელით მთელს სახელმწიფოს უხდის ბოდიშს მომხდარის გამო. 

ბოლო პერიოდში თურქეთში 200-ზე მეტი ტყის ხანძრის შემთხვევა იყო. ხანძარმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 1700 კვადრატული კილომეტრი გაანადგურა. 2021 წლის ზაფხულის ხანძარს მოჰყვა მსხვერპლიც, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, 2 მეხანძრე. 

__________

ფოტო: yeniasir.com.tr

უკრაინაში CIA-ს აგენტები და NATO-ს ქვეყნების კომანდოები მოქმედებენ – The New York Times

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სპეციალური აგენტები უკრაინაში, კერძოდ კი, კიევში იმყოფებიან. სწორედ ისინი მართავენ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც აშშ პარტნიორ ქვეყანას უზიარებს – წერს ამერიკული The New York Times-ი ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების გარდა უკრაინაში NATO-ს სხვა ქვეყნების – ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადისა და ლიეტუვის ათობით კომანდო მუშაობს: „ომის დაწყებამდე, თებერვალში აშშ-მ უკრაინიდან 150 სამხედრო ინსტრუქტორი გამოიყვანა, თუმცა ამ მოკავშირე ქვეყნების კომანდოებიდან ზოგი უკრაინაში დარჩა, ზოგმა კი ქვეყანა დატოვა, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა. ისინი წვრთიან და კონსულტაციებს უწევენ უკრაინელ სამხედროებს, ეხმარებიან შეიარაღების მიღებასა და ათვისებაში“.

The News York Times-ის ცნობით, აგენტებისა და კომანდოების ქსელი უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციის მიღებაში, დასავლეთიდან გამოგზავნილი იარაღის უსაფრთხოდ მიწოდებასა და სამხედროების გადამზადებაში ეხმარება.

 „ამგვარი სამუშაოების დიდი ნაწილი უკრაინის ფარგლებს გარეთ – გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ბაზებზე ხორციელდება. მართალია, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის ამერიკის ჯარებს უკრაინაში არ გაგზავნის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი საიდუმლო მოქმედებას აგრძელებს უკრაინაში, კერძოდ კი, დედაქალაქ კიევში.

მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა არ აღიარებს, რომ CIA უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქმედებს, ოფიცრების იქ ყოფნა კარგად აქვთ გააზრებული რუსეთისა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს“, – წერს The News York Times-ი.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ გერმანიაში დაარსდა კომანდოების სპეციალური ქსელი, რომელშიც ამჟამად 20 ქვეყანაა ჩართული და რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

დღეს, 27 ივნისს, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კიევში. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ასევე ეწვევა ბოროდიანკას, ბუჩასა და ირპენს.

23 ივნისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.

საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს.

წაბლანელები: მეწყერი ისევ გააქტიურდა, აქ ცხოვრება საშიშია

„მეწყერი ისევ გააქტიურდა, ვითხოვთ ყურადღებას. გზა ჩაიკეტა. უკვე გაწმინდეს, მაგრამ მეწყერი აქტიურია ისევ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ წაბლანაში მცხოვრები ბეგლარ შაინიძე. მისი თქმით, მეწყერი განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს იმ ოჯახებს, რომელთა მდგომარეობა გასულ წელს გეოლოგებმა შეისწავლეს.

ბეგლარ შაინიძემ გეოლოგების დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც, 6 ოჯახი, მათ შორის, ბეგლარი შაინიძის ოჯახი, „მეწყრული პროცესების განვითარების აქტიურ ზონაშია“ და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.

მეწყერი ბეგლარ შაინიძის ბოსტანთან

„მთავრობას აკვიატებული აქვს ის, რომ ჩვენ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი მოგვცა, მაგრამ ჩემი ოჯახი შვიდსულიანია, სამი ბიჭი მყავს, ერთი ბიჭი თავისი ოჯახით ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც მოგვცეს ბათუმში, სულ 60 კვადრატული მეტრია… მე მიწა-წყლით ვცხოვრობ. არ ვიცი, რა არის გამოსავალი, მოვიდნენ და დაგველაპარაკონ,“ – ამბობს ბეგლან შაინიძე. მისი თქმით, გააქტიურებულმა მეწყერმა შესაძლოა ჩაკეტოს სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზაც.

წაბლანა ის სოფელია, რომელიც მეწყრისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. 1989 წელს აქ მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, ასობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა. ამის შემდეგ წაბლანელებს წლების განმავლობაში ჰპირდებოდა მთავრობა ალტერნატიულ საცხოვრებელს, თუმცა წაბლანელებმა ბინები ბათუმში მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიიღეს. დაპირება ბოლომდე არ შესრულდა, ბინები გაურემონტებელი იყო და წაბლანელებმა ბინის გარემონტების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს ბათუმში, ხოლო 2020 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

2021 წლის ივლისში აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წაბლანაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერადად 5000-5000 ლარი გამოუყვეს. ეს თანხა ბინების რემონტისთვის იყო გათვალისწინებული.

____

ამ თემაზე:

წაბლანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა – რა ელით აქ მცხოვრებ ოჯახებს

 

რისი უნდა გვეშინოდეს, პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ახლა რა ხდება, ჭადრაკის თამაში? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გასულ დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე კვლავ არსებულ „ესკალაციის რისკის“ შიშზე წერს. მისი თქმით, რუსეთი  უკვე იყენებს ყველა სახის შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ.

„საკრუიზო რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ბომბები, „გრადები“ – ყველაფერი მოფრინავს უკრაინის ქალაქებისკენ…

როდესაც 2022 წლის ივნისშიც მესმის „ესკალაციის რისკი“, ერთი შეკითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? იქნებ პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ეხლა რა ხდება? ჭადრაკის თამაში?“ –  წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.

26 ივნისს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საჰაერო დარტყმა მიაყენეს კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. აფეთქებამ სახლის ზედა სართულები დააზიანა და ხანძარი გაჩნდა.

ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.

________

ამავე თემაზე: 

კიევში კორპუსი დაბომბეს – მაშველებმა 7 წლის ბავშვი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

ბათუმის პორტში 2 დღეა რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი დგას

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 27 ივნისს, ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბათუმში სანქცირებული ტვირთი შემოიტანეს. მინისტრის თქმით, საბაჟოს ამ ტვირთის შემოტანაზე თანხმობა არ გაუცია. გემი ახლაც ბათუმის პორტში დგას.

საუბარია სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს, თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი. დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ, საქართველოში არ ყოფილა ფაქტი სანქციების დარღვევის, ან სანქციების გვერდის ავლის, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება… სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით. საბაჟოს არ გაუცია თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე, საბაჟოს უფლებისა და თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხდება საქართველოში,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პორტი, ტვირთგადამზიდავი და ტვირთის მფლობელები კერძო პირები არიან, მაგრამ მათი სურვილის და შეთანხმების მიუხედავად, თუ არ იქნება საბაჟოს თანხმობა, სანქცირებული ტვირთი „ვერ მოხვდება საბაჟო სივრცეში“.

ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან. 24 ივნისსვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ბათუმის პორტის ნავმისადგომში გემი 26 ივნისს შემოვიდა და ამ დროისთვისაც პირველ ნავმისადგომზე დგას.

„მთავარმა არხმა“ სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოტანის შესახებ გუშინ, 26 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია. დღეს, 27 ივნისს, საქართველოს მთავრობამ დაადასტურა, რომ გემზე სანქცირებული პროდუქტია.

როგორ აღმოჩნდა სანქცირებული ტვირთი ბათუმის პორტში და სად წავა ტვირთი ამჯერად? – საბაჟო სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, გაკეთდება თუ არა დამატებით კომენტარი.

მარიუპოლში, სახლების ნანგრევებში, 100 ცხედარი იპოვეს – მერის მრჩეველი

ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, სახლების ნანგრევებში, 100-მდე ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო წერს ტელეგრამზე.

ანდრიუშენკო წერს, რომ ცხედრები კვლავ ნანგრევების ქვეშაა, რუსეთის საოკუპაციო ძალები მათ დაკრძალვას არ გეგმავენ, რადგან მათი პრიორიტეტი სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებიდან გვამების გატანა და ექსჰუმაციაა.

მისივე თქმით, ექსჰუმაციის შემდეგ ორმოებს ამუშავებენ, თუმცა არ ხდება ეზოებისა და ქუჩების დამუშავება.

ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, წინასწარი გათვლებით, მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

________________

მარიუპოლი. ფოტო მარიუპოლის მერის მრჩევლის, პიოტრ ანდრიუშენკოს ტელეგრამ არხიდან

„22-ე“ და „ლამაზი“ – რას ჰყვებიან უკრაინელი სპეცრაზმელები რუსეთში დივერსიულ დავალებებზე 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიულ დავალებებს ასრულებენ – მათი მიზანი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რომელიც უკრაინასთან ომში კრემლს განსაკუთრებით სჭირდება.

ამის შესახებ სტატიას ბრიტანული The Times-ი აქვეყნებს. გამოცემის ერთ-ერთი წყარო უკრაინის დაზვერვის ოფიცერია, ორი კი – სპეციალური დანიშნულების ძალების ახალგაზრდა სერჟანტი, საბრძოლო მეტსახელებით „ოცდამეორე“ და „ლამაზი“.

გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებები აღიარეს.

მებრძოლები მტრის ზურგში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების სამიზნეებს არ ასახელებენ, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის საზღვრის გასწვრივ ამ ჯგუფის ყოფნა ხსნის, თუ რას უკავშირდება რუსეთის იარაღის საწყობებსა თუ ნავთობბაზებზე მომხდარი შემთხვევები.

„ყველაზე საინტერესო მტრის ზურგში მუშაობაა, ფრონტის ხაზის მიღმა, საზღვარს იქით,“ – ამბობს „ოცდამეორე“.

„რუსებმა არც იციან რა მოხდა, ისინი ხშირად ვერც იჯერებენ, რომ იქ ჩვენ ვიყავით“, – ამატებს „ლამაზი“.

The Times-ი აღნიშნავს, რომ „ლამაზი“ და „ოცდამეორე“ რუსეთის არმიის წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვიან და ვიდრე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გახდებოდნენ, ხანგრძლივი მომზადება გაიარეს.

ორივე მათგანი ბატალიონ „შამანის“ წევრია, სწორედ ასეთი მეტსახელი აქვს უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს მისი „ზებუნებრივი“ შესაძლებლობების გამო.

The Times-ის ინფორმაციით, ქვედანაყოფი ავღანეთში იბრძოდა ბრიტანელ და ამერიკელ სამხედროებთან ერთად და უკრაინის შეიარაღებულ ძალების the crème de la crème-ს რეპუტაციაც მოიპოვა.

სწორედ ეს ბატალიონი იბრძოდა რუსეთის სპეცრაზმის წინააღმდეგ ჰოსტომელის აეროპორტში.

„ჩვენ მათ ყველაზე რთულ დავალებებზე ვაგზავნით, რადგან ისინი საუკეთესოები და ყველაზე მამაცები არიან,“ – ეუბნება გამოცემას უკრაინის დაზვერვის ჩინოსანი. – „ისინი ამ ომშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ“.

„ყველას თავისი მოტივაცია აქვს. ვიღაცას ცოლი ჰყავს, ვიღაცას უკვე აღარ ჰყავს ცოლი, ვიღაცას ოჯახი დარჩა ოკუპირებულ ხერსონში ან ნიკოლაევში“, – ამბობს „ოცდამეორე“, რომელიც 26 წლის ხდება. – „მე იმისთვის ვიბრძვი, რომ ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს და მომავალ თაობას რუსეთის ომში ბრძოლა აღარ დასჭირდეს.“

უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიებზე არაერთი ინციდენტი მოხდა. აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ ბელგოროდში, კურსკში და პერმის ქარხანაში.

11 ივნისს რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ხანძარი გაჩნდა სამხედრო ნაწილში. დაიწვა რუსული ტექნიკა, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინიდან შესაკეთებლად წაიღეს.

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის სტრატეგია შეცვალა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების დაბომბვის სტრატეგია გარკვეულწილად შეცვალეს. ახლა ისინი ერთდროულად და სხვადასხვა პოზიციიდან უშვებენ ბევრ რაკეტას. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ ახლა რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს მასირებულად უშენენ რაკეტებს და დამპყრობლების რაკეტების ჩამოგდება საკმაოდ რთულია.

ადრე ისინი რამდენიმე რაკეტას ისროდნენ, ახლა კი – ათეულობით. ისინი სხვადასხვა წერტილიდან ისვრიან, ამიტომ საჰაერო თავდაცვისთვის რთულია მათთან გამკლავება – აცხადებს მინისტრის მრჩეველი.

მან აღნიშნა, რომ რუსები გასული საუკუნის შუა ხანებში წარმოებულ იმ რაკეტებს ისვრიან, რომლებიც განკუთვნილი იყო ავიამზიდების, კრეისერებისა და გემების გასანადგურებლად.

„ისინი შეიცავს 1000 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საათში 3-4 ათას კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებენ, ამიტომ მათი ჩამოგდება რთულია“, – განმარტა დენისენკომ.

ამასთან, მინისტრის მრჩევლის თქმით, რუსეთს აქვს ძველი საბჭოთა ტექნიკის საკმარისი მარაგი.

„ეს რაკეტები არ არის ზუსტი და განკუთვნილი იყო სამხედრო ბრძოლებისთვის. ისინი იწვევენ დიდ ნგრევას. რუსეთს არ შეუძლია განაახლოს „კალიბრი“ და აწარმოოს მაღალი სიზუსტის ტექნიკა, მაგრამ საკმარისად აქვს ძველი, საბჭოთა ტექნიკის მარაგი“, – აცხადებს დენისენკო.

26 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა დაბომბეს კიევი, რის შედეგადაც  5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ 7 წლის გოგონა და მისი დედა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო. გოგონას მამა დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლებში მოხალისე რეზერვისტები ჩართო – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ერთკვირიანი ინტენსიური შეტევები მიუთითებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ იზიუმის მიმართულებაზე უპირატესობის დაბრუნებას ცდილობს.

27 ივნისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის მცდელობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის მოხერხებულად იყენებენ ადგილობრივ ლანდშაფტს და ამ სექტორში, ბრძოლის ხაზზე, კონტროლის შენარჩუნებას ახერხებენ.

„უახლოესი კვირების განმავლობაში, რუსეთის სამხედრო კამპანია, დიდი ალბათობით, კვლავაც მოხალისეთა სარეზერვო ეშელონების იმედად იქნება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი ეს ეშელონები „ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ვეტერანი რეზერვისტებისგანაა დაკომპლექტებული.“

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ამ კატეგორიის მოხალისეებს, რეგულარულ ბრიგადებში დამატებითი ბატალიონების შესაქმნელად იყენებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ უკრაინის ძალებმა სევეროდონეცკი დატოვეს, თუმცა დონბასის რეგიონის სრულად დასაკავებლად, რუსეთს კიდევ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 552 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 3 687 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 771 ერთეული [+7]
  • MLRS – 243 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 101 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 184 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 636 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 139 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 575 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 215 თვითმფრინავი
  • 132 ვერტმფრენი
  • 1 373 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 830 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 684 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 025 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 870 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების დაბომბვის სტრატეგია გარკვეულწილად შეცვალეს. ახლა ისინი ერთდროულად და სხვადასხვა პოზიციიდან უშვებენ დიდ ოდენობით რაკეტებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

[yellow_box]ეს არის უკან დახევა ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად – ბუდანოვი სევეროდენცკზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

3 ფილტრაცია და ევროპაში რუსეთის გავლით – მარიუპოლელი გოგოს გადარჩენის ამბავი

ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოების დასრულებას ბათუმის მერიას კომპანია 6,6 მილიონად სთავაზობს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ბათუმის მერიას კერძო კომპანია „ნიუპოვერ“ 6 688 888 ლარად სთავაზობს.

ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 9 152 784 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ნიუპოვერის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს და მასთან ხელშეკრულება უნდა დაიდოს. თუმცა ხელშეკრულების დადებამდე კომპანიამ საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს.

შპს „ნიუპოვერს“ საბანკო გარანტიის წარსადგენად ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს.

სამუშაოები კი ბაგრატიონის ქუჩაზე [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში], ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 1 წელში უნდა დასრულდეს.

მონაწილეობდნენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები, ჯერ შესყიდვების პორტალზე არ ჩანს. ეს ტენდერში  გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „ნიუპოვერი“ 2015 წელს ფოთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მალხაზ სარჯველაძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, „ნიუპოვერს“ 60-ზე მეტი სხვადასხვა ტენდერი აქვს მოგებული, მათ შორის, აჭარაში.

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა რამდენიმე თვეა გადაკეტილია / 25.06.2022

ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთის] რეაბილიტაციაზე „ზიმო 7“-თან ხელშეკრულება მერიის სამმართველოს 2021 წლის 26 მარტს ჰქონდა გაფორმებული 8 646 623 ლარზე.

დოკუმენტების მიხედვით, 11 თვის განმავლობაში კომპანიამ მხოლოდ მეოთხედი ანუ 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა.

ამ თემაზე:

ახალი ტენდერი ბაგრატიონის ქუჩის შეკეთებაზე – სამუშაოები 3 მილიონით ძვირდება

 

3 ფილტრაცია და ევროპაში რუსეთის გავლით – მარიუპოლელი გოგოს გადარჩენის ამბავი

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილ ბანაკებზე უკვე აპრილიდან ლაპარაკობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, ზუსტად რა ხდება იქ და როგორ მიდის ეს პროცესი, რომელსაც რუსები „ფილტრაციას“ უწოდებენ.

ანა, მარიუპოლში ცხოვრობდა. გადაიტანა ბლოკადა, ოკუპაცია. სამჯერ გაიარა ფილტრაცია და ბოლოს ევროპაში გადასვლა მოახერხა.

ანა იხსენებს გზას მარიუპოლიდან დუბლინამდე.

ბლოკადა

ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი. ყველა ომზე ლაპარაკობდა. რატომღაც მეგონა, რომ 23 თებერვალს დაიწყებოდა. ვფიქრობდი კიდეც, თუ 23-ში არა, ესე იგი აღარც დაიწყება-მეთქი.

24-ში დილით დამირეკეს ნათესავებმა ხარკოვიდან და მითხრეს, რომ მათთან უკვე ისროდნენ. ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც ხუმრობა იყო. ჩემი ფანჯრიდან ჩანდა პორტი. სრული სიმშვიდე იყო.

საუბარს მოვრჩი და ზუსტად ათ წუთში გამოჩნდა რაკეტა. მაშინვე გადავწყვიტეთ მარიუპოლის დატოვება. დავურეკე ნაცნობს, რომელსაც ქალაქიდან ჩვენი გაყვანა შეეძლო. გვითხრეს, რომ ყველა რეისი გადაიდო და არავინ იცოდა, როდის განახლდებოდა.

ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავდა, ისინი წავიდნენ. უმანქანოებისთვის წასვლა რთული იყო.

უკვე პირველ მარტს მარიუპოლი ალყაში აღმოჩნდა. როგორც რუსეთში, ხმას ვერ იღებდი. მუდმივად გატყუებენ. ოკუპანტები გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ დასახმარებლად მოვიდნენ. ხალხიც ზერელედ პასუხობდა, –კი, კი, გვეხმარებით, გმადლობთ“, – და ერთმანეთში მერე სულ სხვა რამეს ჩურჩულებდნენ.

დაბომბილი მარიუპოლი/ფოტო: 24tv.ua

როდესაც უკრაინელებმა „მოსკვა“ ჩაძირეს, იმ დროს მარიუპოლიდან 9 კილომეტრში ვიყავი, ჩემი მეგობარი ბიჭის ბაბუასთან გადავედით დროებით, თუმცა იქაურობაც ოკუპირებული იყო.

არ გვქონდა ინტერნეტი, თითქმის არანაირი კავშირი, რუსულ რადიოს ვუსმენდით და იქიდან გავიგე, რომ „მოსკვა“ ჩაიძირა.

არ იყო ბუნებრივი აირი, წყალი. ვცხოვრობდით კერძო სახლში, სადაც ხის ღუმელი გვქონდა, ამიტომაც არ გვციოდა და საჭმლის მომზადებასაც ვახერხებდით.

ჩვენ არაფერი გვქონდა, თუმცა ჩემი მეგობარი ბიჭის ბაბუა „ომის ბავშვია“. იმის მერე, რაც გადაიტანა, ჩვევად დარჩა, მარაგი დაეგროვებინა. არასოდეს ყიდულობდა, მაგალითად, ერთ კილოგრამ წიწიბურას, ყიდულობდა ხუთს. და ამ წელს ისე მოხდა, რომ სწორედ წიწიბურა მოემარაგებინა. არავინ იცის, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ წიწიბურა მაინც გვქონდა საჭმელად.

რუსეთში – კი, დონეცკშიც – კი, უკრაინაში – არა

უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა გვინდოდა და თავიდან ასეც ვეუბნებოდი რუს სამხედროებს, რომ „უკრაინაში გვინდა“. ვუხსნიდი, რომ ნათესავები მყავდა ხარკოვში, საიდანაც წარმოშობით ვარ. როდესაც ხარკოვს იგებდნენ, მპასუხობდნენ, რომ იქაც იგივე მოხდებოდა, რაც მარიუპოლში.

იმასაც მეუბნებოდნენ, რომ თუ მინდოდა, შემეძლო წასვლა, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ იყო. რუსეთში შეიძლებოდა გადასვლა, დონეცკში – შეიძლებოდა, უკრაინაში – არა.

მარიუპოლიდან მოშორებით ვიყავით, მაგრამ გვესმოდა, როგორ ბომბავდნენ ქალაქს და გვესმოდა ისიც, რომ ერთ დღეს, რომელიმე ჭურვი აუცილებლად დაეცემოდა ჩვენს სახლს. ჩვენ გვინდოდა მარიუპოლიდან წასვლა, მაგრამ გვინდოდა – უკრაინაში. საბოლოოდ მივხვდით, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირად ვერ მოვხვდებოდით. წინ 9 მაისი იყო და არავინ იცოდა, რას აპირებდნენ ოკუპანტები.

ფილტრაცია

ჯერ პორტოვსკოეს ბანაკში მივედით. მიდიხარ, ეწერები რიგში და ნომერს გაძლევენ. ჩვენ 4815 ნომერი შეგვხვდა და იმ დროს ჯერ მეორასე კაცი გადიოდა. ვფიქრობდით, რომ ომი უფრო მალე დამთავრდებოდა, ვიდრე ჩვენ აქედან გავაღწევდით.

გადავწყვიტე, მომეძებნა, ვინმე რუსი სამხედრო, რომელიც ფულის სანაცვლოდ ფილტრაციას დააჩქარებდა. ვიპოვე კიდეც. 1500 გრივნა გადავუხადე. მან გვითხრა, წავსულიყავით მანგუშში, სადაც პოლიციის შენობაში ჰქონდათ ფილტრაციის ბანაკი.

ვიდრე ჩვენს რიგს ველოდით, ტყვე მოიყვანეს. საშინელი სანახავი იყო, ამაზე უარესი, ალბათ, არასოდეს არაფერი მინახავს. მოიყვანეს და სასტიკად სცემეს. ფეხებით შედგნენ. მისი თვალები რომ გენახათ. ეტყობოდა, რომ არც კი ესმოდა, რატომ და რისთვის.

ვუყურებდი და ვფიქრობდი – „უნდა გავიქცე, ეშმაკსაც წაუღია ეს ფილტრაცია, მაგრამ უნდა გავიქცე“. რა ბედი ეწია იმ ბიჭს, არავინ იცის. მივხვდი, რომ თუ ხალხის თვალწინ ამას ბედავდნენ, წარმოდგენაც არ მინდოდა, რას გააკეთებდნენ დახურულ კარს მიღმა.

ანა/ფოტო:24tv.ua

ვიცოდი, რომ ვისი ოჯახის წევრი ან ნათესავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან იყო რამენაირად დაკავშირებული, ისინი ფილტრაციას ვერ გადიოდნენ.

ყველგან ვიმეორებდი, რომ არავინ გვყავს, რომ ჩვენს ოჯახს არ აინტერესებს პოლიტიკა და საერთოდ „უკრაინა არაფერში გვჭირდება“.

თავს ვიშტერებდი, ვაჩვენებდი, რომ უბრალოდ ერთი სულელი ადამიანი ვარ, არაფერი მესმის და არაფერი ვიცი.

როცა როგორც იქნა გამოგვიძახეს, უკვე ღამის 11 საათი იყო. კაბინეტში ქალი სამხედროები ისხდნენ. თითის ანაბეჭდები აგვიღეს და ფოტოები გადაგვიღეს. თუმცა ბოლო ეტაპი „ფეესბეს“ თანამშრომელია, ის წყვეტს გაივლი თუ არა ფილტრაციას.

ჩემს ბიჭს გახადეს და ათვალიერებდნენ, ტატუები ხომ არ ჰქონდა.

ვეუბნებოდით, რომ რუსეთში გადასვლა გვინდოდა, ევროპაში რომ ვაპირებდით, ამას ცხადია, ვერ ვეტყოდით.

გაგვიშვეს. მეორე დღეს ავტობუსის ძებნა დავიწყეთ, რომ რუსეთში გადავსულიყავით.  ავტობუსის შევსებას დიდხანს ველოდეთ, რადგან დღეში მხოლოდ 10 ადამიანი თუ გადიოდა ფილტრაციას, ამიტომ ვერ ივსებოდა და არ მიდიოდა.

გზა საზარელი იყო. მახსოვს, გადავდიოდით დანგრეულ ხიდზე, რომლის ქვეშაც დაქოქილი რუსული ტანკები იდგა. არ ვიცი, სად მიდიოდნენ. ერთ-ერთ ტანკზე მსხდარმა სამხედროებმა ლულა მოგვიშვირეს და იცინოდნენ. ვფიქრობდი, – „ღმერთო, ნუთუ ავტობუსს ესვრიან?!“

გავიარეთ ვოლნოვახა, მიწასთან გასწორებული.

რას ვფიქრობ რუსეთზე

რუსეთის საზღვარზე კიდევ ორი ფილტრაცია გველოდა. კიდევ ორი დამცირება. ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ ვცდებოდი.

საზღვარზე უკვე ყველაფერს გიმოწმებდნენ – ტელეფონებში, პირად ნივთებში იქექებოდნენ. ტელეფონში ყველაფერი წაშლილი მქონდა. მანამდე შევესწარი, როგორ „დაბრაკეს“ ბიჭი, რომელსაც ტიკტოკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პოსტზე ლაიკი უპოვეს.

აქ უკვე შეკითხვები ასეთი იყო: რას ფიქრობ რუსეთის ფედერაციაზე? რუსეთის პრეზიდენტზე? უკრაინის პრეზიდენტზე? უკრაინის ხელისუფლებაზე? „სპეცოპერაციაზე“ დონბასში?

ერთხელ „ფეესბეს“ თანამშრომელთან ლაპარაკისას, სპეცოპერაციის ნაცვლად ომი ვახსენე და ძალიან შემეშინდა, ეგრევე „გავასწორე“.

ამ ფილტრაციის შემდეგ დონის როსტოვში მოვხვდით. გზად ყოველ ნაბიჯზე გვაჩერებდნენ პოლიციელები და დაკითხვებს გვიწყობდნენ.

იმ ღამეს როსტოვში დავრჩით და მეორე დღეს წავედით პეტერბურგში.

დღე-ნახევარი მივდიოდით. რომ ჩავედით არც კი შევჩერებულვართ ქალაქში. რუსეთში ერთი წამითაც კი არ გვინდოდა დარჩენა. უბრალოდ მინდოდა გაქცევა, სიარული, ოღონდაც 47კი იქ არ გავჩერებულიყავი.

9 მაისს უკვე სანქტ-პეტერბურგში ვიყავით. როგორც კი ქალაქში შევედით, სროლის ხმა მოგვესმა. პირველი რაც გავიფიქრე – „ნუთუ ისევ?“ ძალიან შერეული შეგრძნება იყო – ერთი მხრივ – „ძალიანაც კარგი, თუ დაბომბვა დაიწყეს“ – და მეორე მხრივ – „ჯანდაბა, ასე რანაირად ხდება, ყველა ადგილიდან ხომ ვერ გავიქცევი“.

„ევროპაში შეხვალ ტუალეტში“

„რატომ მიდიხართ რუსეთიდან?“ „არ მოგწონთ აქაურობა?“ – ვპასუხობდი, რომ ძალიან მოგვეწონა და დავბრუნდებით, რუსეთი ისეთია ადგილია, სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგრამ აქ არავინ მყავს, ამიტომ მივდივარ. ათას სისულელეს ვამბობდი – რომ რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, ყველამ რომ უნდა მიბაძოს. ვეუბნებოდი იმას, რისი გაგებაც და მოსმენაც უნდოდათ – ოღონდ იქიდან გამეღწია.

საზღვარზე საშა (მეგობარი ბიჭი) ისევ ცალკე გაიყვანეს. მე გამშვებ პუნქტში ვიყავი უკვე. ეს პუნქტი გალიასავითაა. იქ ვიდექი და ველოდი. ტუალეტში მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ უკან გასვლა აღარ შეიძლებოდა.

„შეიძლება ტუალეტში შევიდე?“ „ევროპაში შეხვალ,“ – მიპასუხეს.

საშამ ფილტრაცია გაიარა. ისევ გაუშიშვლებიათ.

ლატვიაში ვიყავი და მაინც უკან ვიხედებოდი. მეგონა, აი ახლა მოვარდებოდნენ რუსი სამხედროები და უკან წაგვათრევდნენ. საზღვარზე რომ გადავედი, უკვე ისე მიჭირდა და ისე მინდოდა ტუალეტში, ტირილი დავიწყე.

მარიუპოლში დარჩენილი კატა

ლატვიაში როგორც შეგვხდნენ, ეს სრული საოცრება იყო. ჩვენ იმ მოხალისეებთან მოვხვდით, რომლებსაც თეატრი ჰქონდათ და საკუთარ თეატრში მიჰყავდათ ლტოლვილები. ცალკე ოთახი მოგვცეს, საწოლიც იყო, ლეიბიც, სისუფთავეც, სინათლეც, მაგიდაზე – საჭმელი. იმდენი ხანი არ მენახა ასეთი რამ. ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც მოხალისე გვეუბნებოდა – „აი, აქ არის ჰიგიენის ნივთები, აქეთ ყავა, ჩაი, მიირთვით, იქით შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ“.

იმდენი ვჭამე.

ელექტრომატარებლით ჩავედით რიგაში და იქიდან დუბლინში გავფრინდით. მოხალისეებმა თვითმფრინავის ბილეთები გვიყიდეს, მაგრამ თვითმფრინავში ჩაჯდომის მეშინოდა. თვითმფრინავს რომ ვხედავდი, ფიქრობდი, რომ ის აუცილებლად ბომბდამშენი უნდა ყოფილიყო.

ახლა, როდესაც სამშვიდობოს ვარ, ვხვდები, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, რაც გაქვს – ფული, ტექნიკა, ქონება – არაფერია. მთავარია, ვინ გყავს გვერდით. მთავარია ჯანმრთელობა, ცოდნა, სიცოცხლე – დანარჩენი სისულელეა.

გული მტკივა, რომ კატა დავტოვე, გადასატანი ჩანთა გამიტყდა და ვხდებოდი, რომ ამ გზაზე ხელით ვერ ვატარებდი.

ანას კატა, რომელიც მარიუპოლში დარჩა. ფოტო/24tv.ua

იქნებ ვინმემ იცნოს, „უსპეხი“ ჰქვია და რომ დაუძახებ ესმის.

მართლა რას ვფიქრობ რუსეთზე?

ჩემი ხუთი მეგობარი მოკლეს მარიუპოლში. ერთი ჭურვის ნამსხვრევებმა მოკლა, დანარჩენები სარდაფში, დაბომბვისას დაიღუპნენ.

ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან – „მოგვეცით ტერიტორიის ნაწილი“ – არავის არაფერი არ უნდა მივცეთ და ტერორისტებთან მოლაპარაკებებიც არ შეიძლება.

რას ნიშნავს მოგვეცით ტერიტორია? ხვალ გვეტყვიან, მოგვეცით 50 ქალი და 50 ბავშვი – სექსი მოგვინდა. და ასე უნდა ვიცხოვროთ? ტერორისტების პირობებით? არა, რუსეთი უნდა განადგურდეს. ერთხელ და სამუდამოდ, რომ აღარასოდეს არსებობდეს ასეთი სახელმწიფო.

და პუტინი – არც კი ვიცი, მას რა ეკუთვნის.

მეგონა, რუსების უმრავლესობა გაიგებდა, რომ ადამიანები იხოცებიან, მაგრამ არა, მათ პუტინის სჯერათ, „პუტინ მოლოდეც“.

მესმის, რომ იქ პროპაგანდაა, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში, შენ თვითონ ირჩევ, რის გჯეროდეს და რის – არა. ჩვენთან სკოლაშიც მოდიოდნენ რუსები და გვეუბნებოდნენ, რომ ეს მარიუპოლის უკრაინელი დამცველები გვესროდნენ, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, რაც ხდებოდა.

ევროპელებს ბოლომდე მაინც არ ესმით, რამდენად სერიოზულია ის, რაც ხდება და ვერ იაზრებენ, რომ რაც უფრო გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო უარესი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

როდესაც გავიმარჯვებთ, სათითაოდ დავუკოცნი ხელებს მათ, ვინც გვიცავდა.

წყარო: 24tv.ua

მთავარი ფოტო: 24-ე არხის კოლაჟი

რატომ ამჯობინეს ჟოლოს მოყვანა კარტოფილს ხულოს სოფელ დიოკნისში

ხულოს სოფელ დიოკნისში, სადაც 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბოლო წლებია კარტოფილის მოყვანას ჟოლოს ბაღების გაშენებას ამჯობინებენ. 

60 წლის თენგო შავაძემ კენკროვანი კულტურის მეურნეობაზე გადასვლა სამი წლის წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ მეზობლების გაშენებული ჟოლოს ბაღები კარგ მოსავალს იძლეოდა და მისი მოვლა, კარტოფილის ნარგავებთან შედარებით, ნაკლებად შრომატევადი იყო.

თენგომ ბაღის გაშენება ჟოლოს 200 ნერგით დაიწყო. ნერგები 1 ლარად შეიძინა, შემდეგ წლებში კი უკვე საკუთარი ჟოლოს ნარგავიდან ამრავლებდა ნერგებს. დღეს თენგოს ბაღში 2 000-მდე ჟოლოს ბუჩქია. მას გამრავლების ახალ ფაზაში აქვს მაყვალიც.

თენგო პროფესიით აგრონომია. გვიყვება, რომ კარტოფილი უფრო და უფრო ნაკლებ მოსავალს იძლეოდა, რადგან  კარტოფილის ყოველწლიურად მოყვანამ ნიადაგი გამოფიტა.

თენგომ იცოდა, როგორ ეზრუნა კენკროვან კულტურაზე, რამაც ბაღის მოვლა გაუადვილა.

„ჩემთვის მაგალითი ის ადგილობრივები იყვნენ, ვინც ჩემამდე დაიწყო ამ კულტურის გაშენება. ვაკვირდებოდი, რომ ჟოლოს შემოსავალი კარტოფილთან შედარებით მეტი ჰქონდა.

ხულოში ჟოლოს ნაყოფის ფორმა, ზომა, წონა, ზოგადად, მცენარის განვითარების კარგი მაჩვენებელი გვაქვს.

მთავარი სირთულე ის არის, რომ ამ კულტურას უფრო მეტი ტენიანობა სჭირდება, ვიდრე აქ არის.

ახლა თითქმის ყველამ გააკეთა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, თუმცა აქამდე მის მოსაწყობად საჭირო შემოსავალი არ გვქონდა. ნერგების გაზრდას უწყლობა აფერხებდა“, – გვიყვება თენგო.

თენგო შავაძე თავის ჟოლოს ბაღში

ხულოს დიდთოვლიანმა ზამთარმა წელს მთელ სოფელში დააზიანა ჟოლოს ნარგავები. თოვლის სიმძიმეს ჟოლოს ბუჩქებმა ვერ გაუძლო, რის გამოც ადგილობრივებს ბუჩქების გადაჭრა მოუხდათ, ამიტომ, პირველ მოსავალს წელს, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით გვიან ელოდებიან.

ახალდარგული ნერგები ნაკლებ მოსავალს იძლევა. თენგოს პირველ წელს დარგულმა 200-მა ძირმა ნერგმა ჯამში 500 კილოგრამამდე ჟოლო მისცა, წელს კი თენგო ტონა-ნახევარ მოსავალს ელოდება.

როგორც ფერმერი გვიყვება, ჟოლოს ფასი ცვალებადია. ადგილობრივები ჟოლოს ძირითადად ბათუმის ბაზარში აბარებენ. „გასულ წელს, როცა დავიწყეთ ჟოლოს ჩაბარება, 6 ლარად ვაბარებდით, შემდეგ კი – 5 ლარად,“ – გვიყვება თენგო.

იგი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ჟოლოს ბაღის მოშენების შემდეგ ეკონომიკურად უკეთესობისკენ შეიცვალა.

„იმის გამო, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ქალაქებში წავიდა, მესაქონლეობას ნაკლებად ვეწევით. ჩვენ უკვე მოვხუცდით, ბევრი აღარ შეგვიძლია. მხოლოდ იმდენი პროდუქტი გვაქვს ოჯახში, რომ გვეყოფა, შვილებს და შვილიშვილებს საჩუქრად გავუგზავნით,“ – ამბობს ის.

თენგო შავაძის თქმით, თუ ჟოლოს დროულად და სათანადოდ არ მოუვლი, ნაყოფს არ მოგცემს. ინტერვიუს ჩაწერის დროსაც თენგო ჟოლოს ბაღში იყო, ნარგავებს „მწვანე ოპერაციას“ უტარებდა:

„მწვანე ოპერაცია ჟოლოს ნერგების ტოტებზე წვეროების მოტეხას ნიშნავს, რათა სიმაღლეში მეტად აღარ წავიდეს და უკვე გამოიღოს კვირტები ნაყოფის მოსაცემად,“ – აგვიხსნა მან.

როგორც თენგომ გვიტხრა, გაზაფხულზე, პირველ რიგში, ჟოლოს ბაღში ბოძებისა და მავთულების შეკეთებაა საჭირო, რასაც ყვავილობის დროს აუყვება ჟოლო. შემდეგ ამუშავებენ ნიადაგს ბუჩქების მწკრივებს შორის და შეაქვთ სასუქი. ძირითადად, თენგო მისი ბაღისთვის ბიოსასუქს იყენებს.

თენგო შავაძის ჟოლოს ბაღი

პერიოდულად ჟოლოს ბაღს სარეველა ბალახებისგანაც წმენდენ.

თენგოს თქმით, ყველაზე რთული ჟოლოს დაკრეფაა. ბუჩქი ყოველდღე უნდა დაიკრიფოს პირველი ნაყოფის მოცემის შემდეგ. თენგო ვარაუდობს, რომ თუ კარგი ამინდი იქნება, აგვისტოდან ნოემბრის ბოლომდე ჟოლოს ყოველდღიურად  მოკრეფენ.

ჟოლოს რეალიზებაში ადგილობრივებს გურამ ძირკვაძე ეხმარება. გურამი პირველი იყო, ვინც სოფელში ჟოლოს ბაღი გააშენა.

„ჩვენი სოფელი ბათუმიდან 100 კილომეტრშია. ყოველ დღე ჩვენი ძალებით ვერ წავიღებთ ჟოლოს ბათუმში ჩასაბარებლად.  გურამს სპეციალური, მაცივრებით აღჭურვილი მანქანა აქვს. ჩამოივლის ყველასთან, შეაგროვებს ჩვენს ჟოლოს და  შემდეგ ის უკეთებს  რეალიზებას. ცხადია, მოგება მასაც უნდა დარჩეს,“ – გვიყვება თენგო.

ჟოლო ძალიან ფრთხილად უნდა დაიკრიფოს, რომ არ დაიჭყლიტოს და გაფუჭდეს. თენგოს თქმით, ერთი ადამიანი ბევრის დაკრეფას ვერ ახერხებს და მოსავლის აღებისას ადგილობრივ ფერმერებს დამხმარეები აჰყავთ.

ჟოლოს ვერ დაკრეფ წვიმიან ამინდში, ასევე, ძლიერი სიცხის დროს, რადგან მალე ფუჭდება. ჟოლო სიგრილეში, ადრიან დილას ან საღამოს უნდა დაიკრიფოს

თენგოს თქმით, რადგან დიოკნისში თითქმის ყველა ოჯახს თავისი ჟოლოს ბაღი აქვს, არავის აქვს დრო და ამიტომ დამხმარეები ძირითადად მეზობელი სოფლის მცხოვრებლები არიან: „შარშან დამხმარეებს 20-25 ლარს ვუხდიდით. წელს ვნახოთ, როგორ იქნება, ყველაფერზე მოიმატა ფასებმა და ალბათ, ეს თანხაც გაიზრდება“.

თენგო ფიქრობს, რომ მეზობელ სოფლებში ჟოლოს ბაღების გაშენებისგან თავს წყლის პრობლემების გამო იკავებენ:

„ჩვენს სოფელში ბაღების მორწყვისთვის წყალი არის. სოფლებში, სადაც წყლის პრობლემაა, აზრი არ აქვს ჟოლოს ბაღების გაშენებას“.

თენგომ წელს ჟოლოს 2 000 ძირი ნერგიც გაყიდა, –  ერთი ნერგი 40 თეთრად. თენგოს ვარაუდით, შემდეგ წლებში ჟოლოს ნერგების გასაყიდი ბაზარი აღარ იქნება, რადგან უკვე ყველას აქვს ჟოლოს ბაღი.

თენგო შავაძის ჟოლოს ბაღი

„ბათუმელები“ კიდევ ერთ დიოკნისელს, 50 წლის მარგო შავაძეს ესაუბრა, რომელმაც ჟოლოს ბაღი 4 წლის წინ გააშენა.

მან პირველად 650 ჟოლოს ნერგი იყიდა და გადაამრავლა, დღეს კი 6 000 ძირ ჟოლოს ბუჩქს უვლის. მარგო ბიბლიოთეკარია და სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობს.

როგორ მოევლო ჟოლოს ბაღისთვის, მარგომ არ იცოდა და რჩევებს ამ საქმეში უკვე გამოცდილ მეზობლებს ეკითხებოდა. შემდეგ თვითონ დაიწყო ცდების ჩატარება, თუ რა აჯობებდა ჟოლოს ბაღისთვის და, როგორც გვითხრა, დღემდე  აგრძელებს დაკვირვებას.

„ვუყურებდი სხვებს, კარგი შედეგი და მოსავალი ჰქონდათ. უკეთესად იყიდებოდა ბაზარზე ჟოლო და მეც ამ კულტურის მოშენება გადავწყვიტე. სოფელში სხვა ყველაფერმა დაკარგა ფასი, მხოლოდ ისაა, რომ რასაც მოიყვან, თავად შეჭამ, სხვა სარგებელს ვერ ნახავ დანარჩენი კულტურებისგან, მათი ფასი თეთრებია“, – გვითხრა მარგომ. 

მისი თქმით, ჟოლოს ნაყოფის ხარისხი პირველ რიგში ამინდზეა დამოკიდებული. ჟოლოს მორწყვა მზიან ამინდში აუცილებელია.

მარგოს წვეთოვანი სარწყავი სისტემა ჯერ არ აქვს და ბუჩქებს წყლით რწყავს, რომელიც გრაფიკით აქვთ სოფელში გაწერილი.

„ჟოლოს ფასი იცვლება – 5, 6, 7 ლარიც ღირს. პირველი წლის შემოსავალი რომ დავაჯამე, 2 000 ლარი გამოგვივიდა, შემდეგ წელს – 5 500 ლარი. მესამე წელსაც დავიმატე ნერგები, წელს და შარშან 7 000 ლარამდე შემოსავალი მქონდა და წელს უფრო მეტის, 15 000 ლარის შემოსავლის იმედი მაქვს. ნერგების დამატებას წელსაც ვაპირებ“.

მარგო ამბობს, რომ მისი ცხოვრება კენკროვანი კულტურის წარმოების დაწყებამ უკეთესობისკენ შეცვალა და მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადი საქმეა, ღირს, რადგან აქვს შემოსავალიც.

მარგოს დამხმარეები აქამდე არასდროს ჰყოლია, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად კრეფდა ჟოლოს, თუმცა, მისი თქმით, წელს აუცილებლად დასჭირდება დამხმარეები.

„მინდა, რომ ჩვენი შრომა დაფასდეს და ჟოლოს ფასი არ დავარდეს. 6-7 ლარი მაინც რომ იყოს 1 კილოგრამის ფასი, კარგი იქნება.

სოფელში ახალგაზრდები აღარ არიან, თუმცა ჟოლოს მეურნეობამ ისინი დააინტერესა. მინდა, რომ სოფელი არ განადგურდეს, ახალგაზრდები არ წავიდნენ. ჟოლოს ბაღებმა ბევრი ახალგაზრდა მოაბრუნა სოფლისკენ და სეზონზე მაინც ბრუნდებიან ოჯახების დასახმარებლად, ჟოლოს ბაღებში,“ – გვითხრა მარგომ.

თურქეთმა შესაძლოა სიკვდილით დასჯა აღადგინოს

თურქული მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯის აღდგენის აუცილებლობის საკითხს თურქეთის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ტყის ხანძართან დაკავშირებით დაუბრუნდა.

ერდოღანის განცხადებით, ტყის ცეცხლის წაკიდებისთვის სასჯელი უნდა იყოს ძალიან საშიში. ასეთია სიკვდილით დასჯა და „მაშინ ეს იქნება სიკვდილით დასჯა“.

თურქეთი მზადაა, გადახედოს 2004 წლის გადაწყვეტილებას სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, „პრეზიდენტის კომენტარები მათთვის ინსტრუქციაა“.

„ჩვენ, როგორც სამინისტრომ, დავიწყეთ ამაზე მუშაობა“, – განაცხადა ბექირ ბოზდაგმა. მან დასძინა, რომ ტყეში ხანძრის გაჩენა თურქეთში ახლა ისჯება 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ან სამუდამო პატიმრობით.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის სატყეო მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში ტყის ხანძრის 88% ადამიანების მიერ არის გამოწვეული.

სიკვდილით დასჯა თურქეთმა 2004 წელს გააუქმა. მას შემდეგ სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს ერდოღანი 2018 წელს დაუბრუნდა. 2019 წელს კი განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმს გააუქმებს, თუ ამას მხარს პარლამენტიც დაუჭერს.

__

თურქეთში, მუღლას პროვინციაში, მეხანძრეები ხანძარს 21 ივნისის შემდეგ ებრძვიან. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხანძრის ლოკალიზება შესაძლებელია, მაგრამ პროცესს ხელს ძლიერი ქარი უშლის.

თურქეთში დააკავეს 34 წლის კაცი, რომელიც 21 ივნისს მუღლას პროვინციაში ტყის ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. თურქული მედიის ცნობით, მან აღიარა, რომ ხანძარი ტყეში მისი დაუდევრობის გამო გაჩნდა.

ჩინეთი მზადაა ტაივანი დაიბრუნოს ნებისმიერი, მათ შორის სამხედრო გზით – დიპლომატი

ჩინეთი მზადაა ტაივანისთვის ნებისმიერი საშუალებით იბრძოლოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კუნძულის დაბრუნებას არც სამხედრო გზით გამორიცხავენ.

ამის შესახებ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაემ Livre Noir-ის YouTube არხზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ტაივანს დავაბრუნებთ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის სამხედროების მეშვეობით“, – თქვა დიპლომატმა კუნძულის შემდგომი ბედის განხილვისას.

შეგახსენებთ, ტაივანი და მისი ხელისუფლება დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, პეკინი კი კუნძულს თავის ტერიტორიად თვლის. ტაივანთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის.

აშშ აცხადებს, რომ მზადაა ტაივანი დაიცვას, თუნდაც შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 23 მაისს განაცხადა.

ამ განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ ტაივანის საჰაერო სივრცე ათობით ჩინურმა თვითმფრინავმა დაარღვია, მაგრამ ინციდენტი შეტაკების გარეშე დასრულდა.

აშშ-ისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრები, ლოიდ ოსტინი და ვეი ფენჰე, 10 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი მზადაა დაიწყოს ომი, თუკი იქნება ტაივანის დამოუკიდებლობის მცდელობა.

ამასთან, მინისტრებს შორის გამართული მოლაპარაკება ოფიციალურმა პეკინმა შეაფასა, როგორც „გულწრფელი“, „პოზიტიური და კონსტრუქციული“.

ივნისის შუა რიცხვებში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების „არასამხედრო“ გამოყენებაზე.

ამან ტაივანში გააჩინა შეშფოთება, ჩინეთის პოტენციური შეჭრაზე „სპეციალური ოპერაციის“ საფარქვეშ ომის გამოცხადების გარეშე.

___

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. პუტინი ამ ომს უწოდებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. ომის შედეგად უკრაინაში უკვე დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.

ეს არის უკან დახევა ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად – ბუდანოვი სევეროდენცკზე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სევეროდონეცკში მიმდინარე მოქმედებები უკრაინის ჯარების ტაქტიკური გადაჯგუფებაა.

„ეს არის უკან დახევა ხელსაყრელ პოზიციებზე ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად“ – განაცხადა ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან  25 ივნისს, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკი დატოვეს.

მისი თქმით, სევეროდონეცკში რუსეთმა გამოიყენა იგივე ტაქტიკა, რაც მარიუპოლში – სრულად გაანადგურა ქალაქი, ამ პირობებში კი დაცვის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.

ბუდანოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია ძალიან მარტივია – „სიტუაციის სტაბილიზება და აუცილებელი რაოდენობის ტექნიკის და ძალის მიღება და კონტრშეტევისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია“.

ქალაქი სევეროდენცკი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს. ამჟამად ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. რუსული არმია დონბასში ახლა ქალაქს ლისიჩანკს უტევს.

ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინა არ განიხილავს ომის დასრულების არც ერთ სხვა სცენარს, გარდა სრული გამარჯვებისა. ამ გეგმის მიხედვით, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს 1991 წლის საზღვრებს – ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.

______________________

ფოტო: pravda.com.ua

ამავე თემაზე: 

ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებაზე: წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები განულდება

დიდი შვიდეულის 4 ქვეყანა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავს

დიდი შვიდეულის ოთხმა ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, იაპონიამ და კანადამ გადაწყვიტეს გააფართოონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის გამო.

ეს ქვეყნები უახლოეს მომავალში დააწესებენ აკრძალვას რუსული ოქროს იმპორტზე – იუწყება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გერმანიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოუწოდებს G7-ის სხვა ქვეყნებს შეუერთდნენ აკრძალვას.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს ზომები „პირდაპირ იმოქმედებს რუს ოლიგარქებზე“ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „საომარი მანქანის გულზე“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას ექნება გლობალური შედეგები და ჩახსნის რუსულ ოქროს ოფიციალური საერთაშორისო ბაზრებიდან.

____________

ოქრო. ფოტო: pexels

კიევში კორპუსი დაბომბეს – მაშველებმა 7 წლის ბავშვი ამოიყვანეს ნანგრევებიდან

დღეს, 26 ივნისს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საჰაერო დარტყმა მიაყენეს კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. აფეთქებამ სახლის ზედა სართულები დააზიანა და ხანძარი გაჩნდა.

ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. ევაკუირებულია

უკრაინული მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ ხალხის ხმა ისმის.

კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს შვიდი წლის ბავშვი, იგი საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა. კიევის მერი, კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ მაშველებმა შეძლეს ბავშვის დედის გადარჩენაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ბავშვის მამა.

26 ივნისს დილით, დაბომბეს ნიკოლაევიც, ღამით კი აფეთქებების სერია იყო ხარკოვში.

_________

ფოტოზე: მაშველებს 7 წლის ბავშვი გამოჰყავთ ნანგრევებიდან

 

ლისიჩანსკს ვერ იცნობთ, რუსეთის ჯარებმა ქალაქი დაანგრიეს – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკის აღების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ძალები მიმართეს ლისიჩანსკის აღებაზე.

საჰაერო დარტყმები განხორციელდა თავად ლისიჩანსკზე, ისევე როგორც ბელაია გორაზე, მნიშვნელოვნად დაზიანდა მეზობელი დასახლებებიც.

„ბევრი ნგრევაა, ლისიჩანსკს თითქმის ვერ იცნობთ. ჩვენი ჯარების ნაწილების გაყვანის შემდეგ, მტერი დამკვიდრდა სევეროდონეცკში, სიროტინში, ვორონოვოსა და ბორივსკიში“ – წერს გაიდაი ტელეგრამზე.

განადგურებულია ქალაქი სევეროდენცკიც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე დაიკავეს.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ორშაბათს, დღის ბოლოს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 ივნისს, საღამოს და ღამით ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

Exit mobile version