ტყვეობიდან გათავისუფლდა 144 ჯარისკაცი, მათგან 95 აზოვსტალის მცველია – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათი უმრავლესობა „აზოვსტალელია“.

„მოხდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი მცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან 95 აზოვსტალის მცველია. მათ შორის არის აზოვის პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე” – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ტელეგრამზე.

სამხედრო ტყვეების საკითხში საკოორდინაციო შტაბი იუწყება, რომ გათავისუფლებული ჯარისკაცები არიან:

  • 59 – უკრაინული ეროვნული გვარდიიდან;
  • 30 – საზღვაო ძალებიდან;
  • 28 – უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან;
  • 17 – უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან;
  • 9 – ტერიტორიული დაცვიდან;
  • 1 – უკრაინის ეროვნული პოლიციიდან.

მათგან 23 ოფიცერია, 69 კი – სამხედრო სერჟანტი და უფროსი ოფიცერი. გათავისუფლებულთაგან ყველაზე უფროსი 65 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა – 19-ის.

გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ჭურვების ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები, აფეთქებების შედეგად მიღებული დაზიანებები, დამწვრობა, მოტეხილობები, კიდურების ამპუტაცია. ყველა მათგანი იღებს შესაბამის სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას ყველა დატყვევებული დამცველის დაბრუნებისთვის – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

_____________________________

ფოტო: აზოვსტალი. ფოტოს ავტორია პოლკ „აზოვის“ მებრძოლი დმიტრო კაზაცკი. სწორედ კოზაცკის ამ ფოტოთი გამოაქვეყნა ინფორმაცია ტყვეების გაცვლის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. არ ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ გათავისუფლებულებს შორისაა თავად დმიტრო კოზაცკიც.

 

ივლისში აჭარის 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – როგორ დავესწროთ აზომვას

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია 2022 წლის ივლისის თვეში დაიწყება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს.

2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება:

  • დანდალოში და წონიარისში [ქედა]
  • დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი]
  • ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]
მოქალაქეებს, რომლებიც ნაკვეთებს ფლობენ იმ სოფლებში, სადაც მიწის აზომვა დაწყებულია ან აწი დაიწყება, შეუძლიათ საჯარო რეესტრს დაუკავშირდნენ და მიაწოდონ ინფორმაცია ამ ბმულის საშუალებით 

აღნიშნული ბმულის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ მათი საკონტაქტო მონაცემები და მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საჯარო რეესტრს.

„როცა დაიწყება მიწის აზომვა, ამზომველები მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ და შესაბამისად დაუკავშირდებიან მათ, ეტყვიან კონკრეტულ დროს, რათა მოახერხონ და დაესწრონ აზომვის პროცესს. ეს შემდგომში ბევრი უზუსტობის თუ გაუგებრობების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა“, – უთხრეს საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“.

საჯარო რეესტრში აცხადებენ ასევე, რომ საწყის ეტაპზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება პროექტის შესახებ, შემდეგ იწყება საველე სამუშაოები [ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა. სწორედ ამ პროცესშია სასურველი მიწის მფლობელების თუ მათი წარმომადგენლების დასწრება უშუალოდ აზომვის დროს];

მომდევნო ეტაპზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ აზომვის შედეგად მიღებულ მონაცემებს ელექტრონულად [რაც ატვირთული იქნება რეესტრის ვებგვერდზე] და თუ რაიმე უზუსტობას აღმოაჩენენ, მიმართონ საჯარო რეესტრს;

ბოლო ეტაპი კი არის – საველე სამუშაოების დროს აზომილი და შემდეგ [საჭიროებისამებრ] კორექტირებული საკადასტრო საზღვრების ანუ კონკრეტული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.

მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი აზომვისა და დოკუმენტების გადამოწმების პროცესში ვერ დადგინდება, დარეგისტრირდება სახელმწიფოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

მიწის აზომვა, დოკუმენტების მოძიება და რეგისტრაცია, პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა.

2022 წლის ივლისში მიწის რეგისტრაცია აჭარის 9 თემის გარდა ასევე დაიწყება თიანეთში [სიმონიანთხევი], ლანჩხუთში [ღრმაღელე], ოზურგეთში [დვაბზუ], დაბა ჩოხატაურსა და ხარაგაულში.

მიწის აზომვების გეგმა-გრაფიკი კი, დასახლებული პუნქტების და წლების მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

გამოუვა „ოცნებიდან“ წამოსულ 3 დეპუტატს ის, რაც არ გამოუვიდა „ალტ-ინფოს“? – ინტერვიუ

„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ანტიდასავლურ კამპანიას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე – ამ დეპუტატებმა თქვეს, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, თუმცა მმართველ პარტიასთან „ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ ჰქონდათ“.

პოლიტოლოგს მოლოდინი აქვს, რომ სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ძირითადად ისაუბრებენ იმაზე, რომ „საქართველოს ომში ჩართვა სურდათ“ და კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა უკრაინული ლობის შედეგია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი კი არა, ევროპის ბრალია.

„თუ დაინახეს, რომ ეს მუშაობს, შემდეგ მთელი „ოცნება“ ამაზე ისაუბრებს აქტიურად“, – ამბობს პოლიტოლოგი და ამ შემთხვევაში უკვე შესაბამის ნიადაგსაც ხედავს პრორუსულმა პროპაგანდამ, მაგალითად, საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ, ეფექტურად იმუშაოს.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, „ოცნებას“ ახლა აქვს იმის შიში, რომ შესაძლოა საკუთარი ამომრჩეველიც აუმხედრდეს. წინ კი, არჩევნებია. „თუ „ოცნება“ გაითვალისწინებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაშინ შემდეგი არჩევნებისთვის მეტ-ნაკლებად გათანაბრდება შანსები პოლიტიკური პარტიებისთვის,“ – მიიჩნევს ბაკურ კვაშილავა, მასთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ბაკურ, „ოცნებიდან“ წასული სამივე დეპუტატი ერთნაირად ამბობს, რომ იდეურად აზრთა სხვადასხვაობა პარტიასთან არ აქვთ, მაგრამ „სიმართლე“ აქვთ სათქმელი. მანამდე ღარიბაშვილი „ფარდის ახდაზე“ საუბრობდა. თქვენთვის რა არის მკაფიო ამ გზავნილებიდან? 

არ მაქვს საფუძველი იმისა, რომ მქონდეს საწინააღმდეგო აზრი, რასაც აცხადებს „ქართული ოცნება“ დეპუტატებზე, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია. ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ეს სამი კაცი ე.წ. სიმართლის სათქმელად, რის თქმასაც თავად ვერ ბედავს. ეს ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი სვლაა და აბსურდი, რადგან ჩანს, რომ სამივე დეპუტატი რჩება „ოცნებაში“ პრაქტიკულად.

„ოცნება“ ამ სვლით იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელი წინააღმდეგობებისგან იმ განცხადებების გამო, რის გაჟღერებასაც ვერ ბედავს, მაგრამ სურს, რომ ეს ვინმემ გააკეთოს. გამოჩნდა ამ დროს ეს სამი ადამიანი, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს საინტერესო განცხადებებით. მაგალითად, ერთმა თქვა, რომ თუ არჩევანი იქნება ბიძინას და ევროკავშირს შორის, ავირჩევთ ბიძინას და ლობიოს შევჭამთ. მეორემ თქვა: რა ვქნათ იმ ხალხმა, ვისაც ბიძინაც მოსწონს და ევროკავშირიცო. ეს ის სამი დეპუტატია, ვინც მიიცნევს, რომ ივანიშვილის ერთგულების მეტი დემონსტრირებაა საჭირო.

  • ეს არის ივანიშვილის ერთგულების დემონსტრირება, თუ პირდაპირი მცდელობა, გააძლიერონ ანტიდასავლური გზავნილები? მაგალითად, სოზარ სუბარი ამბობს: „პირდაპირ გვთხოვენ ომში ჩართვას“ 

„ოცნება“ ცდილობს მოსინჯოს, რამდენად წაჰყვება ხალხი ამ ანტიდასავლურ კამპანიას.

ჩემი დაკვირვებით, უკვე „ოცნების“ აზრითაც კარგად ჩანს, რომ ბევრ ადამიანს, ვინც სიმპათიითაა დღეს „ოცნების“ მიმართ, ეს სიმპათია დაეკარგება, თუ ღიად გამოჩნდება, რომ „ოცნებაც“ ანტიდასავლური ძალაა. ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ ვერ გადაწყვიტა ამის გაკეთება და გასატესტად გამოუშვა ეს სამი ადამიანი.

  • თქვენი აზრით, რა გზავნილებზე იმუშავებს ეს სამი ადამიანი და რა ლოგიკით იმუშავებს ანტიდასავლური კამპანია, თუკი ამას ამ შემთხვევაში პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები გააკეთებენ?  

დღეს ამ სამი კაცის მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ უკრაინელების და არახამიას ბრალია ყველაფერი. პირდაპირ ნეიტრალიტეტსა და ნატოზე საუბარი მათ ამ ეტაპზე არ მოუწევთ. ეს არ არის „ოცნების“ სტილი, რომ ყველა კარტი ერთად გამოაჩინოს. „ოცნების“ სტილი არაა ასევე რადიკალური ნაბიჯები, რადიკალური ცვლილებები, რაც რთულად ასატანია და სარისკო. „ოცნებას“ სურს განწყობების ევოლუციური ცვლილება და ნელ-ნელა ხდება შემოპარებები, რომ აი, ეკლესიასაც ებრძვიან და ასე შემდეგ.

რაღაც ეტაპზე „ოცნების“ რეპუტაციას ამ სამი კაცის აქტივობა ვერ შელახავს, მაგრამ რაღაც ეტაპზე „ოცნებას“ მოუწევს მათ გაემიჯნოს, მოუწევთ იმის თქმაც, რომ მათ არ ეთანხმება „ოცნება“, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მანამდე იქნებ მომხრეებს დაანახონ „ფარდის ახდით“ სიმართლე. სავარაუდოდ, საუბარი იქნება იმაზე, რომ უკრაინულმა ლობიმ ჩააგდო კანდიდატის სტატუსი, რომ მთავარი ბრალდებული არახამიაა. „ქართულ ოცნებას“ ამ სვლით გათვლა აქვს ძირითადად საკუთარ მომხრეებზე. თუ დაინახეს, რომ ეს მუშაობს, შემდეგ მთელი „ოცნება“ ამაზე ისაუბრებს აქტიურად.

ბაკურ კვაშილავა
  • თეთრი ძაფით ნაკერიაო, აღნიშნეთ. როგორ ვერ შენიშნავს ამას იგივე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი? 

ისინი ეცდებიან ინფორმაციის სიმრავლით სიმართლის გადაფარვას, როგორც ამას აკეთებს ხოლმე ხშირად პროპაგანდის მანქანა. დიდი რაოდენობის სამაუწყებლო წყაროები ამას მიჩქმალავენ და ეცდებიან აქტიურად იმის წარმოჩენას, რომ თითქოს ეს სამი ადამიანი სიმართლეს საუბრობს.

რეალობა არის ის, რომ თუ „ოცნება“ გაითვალისწინებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაშინ შემდეგი არჩევნებისთვის მეტ-ნაკლებად გათანაბრდება შანსები პოლიტიკური პარტიებისთვის. მათ აქვთ იგივე შიში, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2011 წელს. მთავარია, ძალაუფლების შენარჩუნება, დანარჩენი ყველაფერი კი, მეორეხარისხოვანია.

  • როცა სუბარმა ისაუბრა საქართველოს ომში ჩართვის იძულებაზე, ეს ხომ არ აჩენს მოლოდინს, რომ ეს ჯგუფი ისაუბრებს ნეიტრალიტეტზეც და ეცდება პრორუსული გზავნილების გაძლიერებას, რაც ვერ შეძლო „პატრიოტთა ალიანსმა“ და არ გამოსდის „ალტ-ინფოს“? 

ეს ტრიო ღიად ამბობს, რომ თუ არჩევანია ივანიშვილსა და ევროკავშირს შორის, ირჩევენ ივანიშვილს, მაგრამ მეორეა, ამომრჩეველი რამდენად იტყვის ამას. ეს არის ზუსტად ის საკითხი, რის თქმაც ღიად ვერ გარისკა „ოცნებამ“.

ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტზე საუბარი და უარი ევროინტეგრაციაზე – ამაზე ვერ ისაუბრებენ უახლესი 5 – 6 წელი, მაგრამ ეს იქნება ნიადაგის მომზადება, რომ აი, ევროკავშირის ბრალია, როცა ჩვენ არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. თითქოს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ევროპას არ ვუნდივართ, გვჩაგრავენ.

  • რამდენად გამოსვლადია „ოცნების“ ეს მცდელობა, როცა 20 ივნისის აქციამაც აჩვენა სამოქალაქო საზოგადოების შემართება და ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ? 

„ოცნებას“ დღეს ეშინია, რომ საკუთარი მომხრეებიც აუმხედრდება, ამიტომაც, როგორც ჩანს, ნაკლებრისკიანად მიიჩნიეს ეს გზა. თუ ამ სამ კაცს არ დაუჯერა ამომრჩეველმა, იტყვიან, რომ ჩვენ ამას ისედაც არ ვეთანხმებოდით, რაღაცას თავისთვის უბერავენ, ჩვენ რა შუაში ვართო.

ომი და პური, რომელიც საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან შემოდის

„ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება, იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა“, – აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა. საქართველოში ხორბლის შემოტანა უკვე 2 თვეა თითქმის შეჩერებულია, პურის ფქვილი კი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის. შესაბამისად, ქვეყანას არ აქვს ხორბლის მარაგები.

ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ამჯერად პურს, როგორც ზეწოლის იარაღს საქართველოს წინააღმდეგ ფქვილის ექსპორტის აკრძალვით? ხომ არ გამოიწვევს რუსეთზე დამოკიდებულება პურის კიდევ უფრო გაძვირებას? „ბათუმელები“ გასული ორი კვირის განმავლობაში სწავლობდა ბაზარზე არსებულ ვითარებას, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და ამ ბიზნესში ჩართული პირების შეხედულებებსა და დასკვნებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის და იქ მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე საუბრობენ. უკრაინა და რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებლები არიან, ამიტომ ხორბალზე პრობლემები უკვე შეიქმნა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ „გაეროს რეკომენდაციით ქვეყნებში ხორბლის 2-თვიანი მარაგები უნდა იყოს, თუმცა ეგვიპტემ, რომელიც ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, 6 თვის მარაგი შექმნა; მეზობელმა აზერბაიჯანმა სამთვიანი მარაგი შექმნა და გატანა აკრძალა; გატანა აკრძალა სომხეთმაც, ყაზახეთმა კი კვოტირება შემოიღო…“

საქართველოს არც მარაგი აქვს და არც ხორბალი შემოდის, რის გამოც ბოლო ერთი თვეა წისქვილკომბინატებიც გაჩერებულია. ქვეყანა ოკუპანტი სახელმწიფოდან – რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ამარაა დარჩენილი. მთავრობამ საქართველოდან ხორბლის გატანა აკრძალა, თუმცა ხორბალი ფაქტობრივად არც გვაქვს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარე პერიოდისთვის მარაგების პრობლემა არ არის.

„პრობლემა ის არის, რომ ბუნებრივი და სასურველია მარაგები იყოს ხორბალში, თუმცა, მარაგები ხორბალში, სამწუხაროდ, ჩაანაცვლა მარაგებმა ფქვილში. ქვეყანაში, რუსეთიდან ხორბლის ნაცვლად დღეს შემოდის ფქვილი, რომელიც გაცილებით იაფია. მარაგების პრობლემა კი, მიმდინარე პერიოდისთვის იმიტომ არ არის, რომ ფქვილის იმპორტთან ერთად, ადგილობრივი ხორბლის აღებაც მიდის. გასულ წელს მივიღეთ 138 ათასი ტონა ადგილობრივი ხორბალი, წელს, ვფიქრობთ, სადღაც 160-170 ათას ტონამდე იქნება“, – გვითხრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა

თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა მათი პროგნოზი არ გამართლდეს, რადგან „წვიმებმა ხორბლის და ქერის ხარისხიც გააუარესა“. ადგილობრივი ხორბალი საქართველოს წლიური მოხმარების დაახლოებით 15-20 პროცენტია [ანუ, დაახლოებით 2 თვის საყოფი].

[yellow_box]რატომ აღარ შემოდის ხორბალი რუსეთიდან[/yellow_box]

ხორბალი ბოლო წლებში საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოჰქონდათ, რასაც ბიზნესი მისი შედარებით დაბალი ფასით ხსნიდა. თუმცა, რუსეთის მიერ ხორბლის გატანაზე გადასახადის დაწესების, ხოლო ფქვილის გატანაზე ნულოვანი გადასახადის დატოვების გამო, საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტმა იკლო და ბოლო პერიოდში თითქმის საერთოდ შეწყდა.

ხორბლის ნაცვლად რუსეთიდან, ძირითადად, ფქვილის შემოტანა დაიწყეს, რამაც წისქვილკომბინატების მუშაობაც გააჩერა.

წელს რუსეთიდან გაცილებით მეტი ფქვილი შემოიტანეს, ვიდრე ხორბალი / წყარო: ფინანსთა სამინისტრო

გიორგი ხანიშვილის თქმით, „რუსეთს ხორბალზე დაწესებული აქვს ექსპორტის გადასახადი, ფქვილზე კი – არა. რუსეთში წარმოებული ფქვილი ფაქტობრივად ყველაზე იაფია მსოფლიოში, ამიტომ საქართველოში დღეს შემოდის ეს იაფი ფქვილი, რათა შენარჩუნებული იქნას მაქსიმალურად დაბალი ფასები პურზე. ამ სტრატეგიით მუშაობს დღეს საქართველოს მთავრობა. ეს გარკვეულ უხერხულობებს უქმნის რა თქმა უნდა წისქვილკომბინატებს – ვინაიდან ძვირი ხორბლიდან წარმოებული ძვირი ფქვილი კონკურენციას ვერ უწევს იაფ ფქვილს.

ჩვენ ვმუშაობთ, როგორც წისქვილკომბინატების ასოციაციებთან, ისე პურის მცხობელთა ასოციაციასთან, რათა ერთობლივად მოვნახოთ ამ ახალი მოსავლის პირობებში რაიმე ისეთი გამოსავალი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ პურზე შესაძლო დაბალი ფასები და ამავე დროს ამუშავდეს წისქვილკომბინატებიც.“

მინისტრის მოადგილე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასარეგულირებელია კომპონენტი, თუ როგორ იმუშავებს წისქვილკომბინატები: „ამ კუთხით ვფიქრობთ, ვმუშაობთ და ვნახოთ, როგორი შედეგები გვექნება“.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავაც ადასტურებს, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ მთავრობას წისქვილკომბინატების ამუშავების გეგმა ადრე წარუდგინეს და დღემდე პასუხის მოლოდინში არიან – თუ რას გადაწყვეტს მთავრობა.

ლევან სილაგავას თქმით, შარშან ივნისში რუსეთმა ხორბლის გატანაზე შემოიღო ყოველკვირეული მცურავი ბაჟი [რაც მიბმული იყო ხორბლის ფასზე საერთაშორისო ბაზარზე]. ამან გამოიწვია ის, რომ ყოველკვირეულად პერმანენტულად, მსოფლიო ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, მცურავი ბაჟიც იზრდებოდა – შარშან ივნისში თუ იყო 25 დოლარი, დღეს არის 142 დოლარი ერთ ტონა ხორბალზე. რუსეთიდან ფქვილის გატანაზე კი, გადასახადი არ არის. ამიტომ, საქართველოს ბაზარზე ადრე 97% ადგილობრივი წისქვილების მიერ გამოშვებული ფქვილი იყო, დღეს კი, ფქვილის თითქმის 100 პროცენტი შემოტანილია.

„წისქვილკომბინატები ვფიქრობთ, რომ კონკურენციის პირობები დაირღვა. შემოტანის დროს ფქვილი არის უპირატეს მდგომარეობაში ხორბალთან შედარებით. ფქვილის აგრესიული იმპორტის გამო, ხორბლის შემოტანამ აზრი დაკარგა. ჩვენ ვთხოვდით და ვთხოვთ მთავრობას, რომ სწორი კონკურენციის პირობები დააბრუნოს ბაზარზე. ასეთ შემთხვევაში წისქვილებიც იმუშავებენ. ამისთვის ჩვენმა მთავრობამ უნდა შემოიღოს იგივე სახის ბაჟი/სარკისებური გადასახადი ფქვილის შემოტანაზე, რამდენიც რუსეთს აქვს დაწესებული ხორბლის გამოტანაზე [ანუ დღეს, 142 დოლარი ტონაზე]“, – ამბობს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, „ბუნებრივია, ფქვილის ფასი გაიზრდება, რადგან გადასახადი უწესდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ ასეთ რაღაცას. თუ შემოვიღებთ ამ სარკისებურ გადასახადს, წისქვილკომბინატები ვიღებთ ვალდებულებას, რომ იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც საჭიროა ფასის შესანარჩუნებლად სოციალურ პურზე [ანუ, ყველაზე ფართო მოხმარების პურზე], ჩვენ ამ რაოდენობის ფქვილს მივაწვდით პურის ქარხნებს ფიქსირებულ ფასად. ეს არის დაახლოებით 7 ათასი ტონა ფქვილი თვეში. ამით მოვხსნით პურის ფასის გაძვირების რისკს. სულ 30 ათასი ტონაა თვეში საჭირო, დარჩენილი 23 ათასი ტონა ფქვილის ფასი, რა თქმა უნდა გაიზრდება, თუმცა, გაიზრდება ვთქვათ, საკონდიტროსთვის, ხაჭაპურისთვის, თონის პურისთვის და არ გაიზრდება სოციალური პურისთვის.“

ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი წისქვილკომბინატების ამუშავება, რაც მათ მისცემთ საშუალებას სამუშაო ადგილებზე დააბრუნონ 4-5 ათასამდე ადამიანი, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ.

„ქატოსაც ადგილზე გამოვუშვებთ, როგორც ადრე იყო. აქაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული უკვე და საკმაოდ ძვირად შემოდის ქატოც. ამასთან, ყველაზე მთავარი რაც არის, სასურსათო უსაფრთხოებაა. ჩვენ ხორბლის შემოტანით და წისქვილკომბინატების ამუშავებით შევქმნით 2-თვიან გარდამავალ მარაგებს.

ხარჯვის პარალელურად სილოსებში ხორბლის მარაგი – გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტები ხორბლის შემოტანაზე: ამ ჯაჭვით მუშაობენ წისქვილკომბინატები. ეს 2-თვიანი გარდამავალი მარაგები კი, უკვე სასურსათო უსაფრთხოების თემაა“, – ამბობს სილაგავა.

გაიზრდება თუ არა პურის ფასი

რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაძვირდება თუ არა პური? – მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. ეს მსოფლიო ბაზრის საკითხია – პრობლემები დაიწყო კოვიდპანდემიის დროს და გააღრმავა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ:

„სასურსათო მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა მსოფლიოში – ინფლაციური პროცესები მაღალია. მსოფლიო ფასს ხორბალზე აფორმირებს არა მხოლოდ რუსული და უკრაინული, არამედ ამერიკული, ავსტრალიური, ჩინური, ინდური და სხვა ხორბალი. მიმდინარე წელი არ იძლევა ჯერჯერობით დამაიმედებელ პროგნოზს, რომ არ გაძვირდეს პური. თუმცა, უხვი მოსავალია, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის იმ ფართობებზე, რომლებიც დაითესა და ვნახოთ რა იქნება. ამასთან, არის დარჩენილი ხორბალი უკრაინაში და თუ გაიტანეს, ამ ხორბლის მსოფლიო ბაზარზე გაჩენა, კორექტირებას შეიტანს საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით“.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ბიზნესი თავისუფალია და ამ ეტაპზე სახელმწიფოს ჩარევა არ იგეგმება – ჩვენ ისედაც შენარჩუნებული გვაქვს ის საფასო პოლიტიკა, რომელიც დღეს ყველაზე უფრო იაფი პურის წარმოებას უზრუნველყოფს“.

რაც შეეხება მხოლოდ იმპორტირებულ ფქვილზე დამოკიდებულებას, გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „ახლა, როცა ვაცხადებთ, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს ფასი პურზე, ასეთ ვითარებაში ძვირ ხორბალს ვერ შემოიტან და ვერც მოიმარაგებ, ასეთ რისკზე ბიზნესიც არ წავა და ვერ წავა“.

„შარშანდელთან შედარებით ფქვილის იმპორტი 12-ჯერ არის გაზრდილი. ფქვილის აგრესიულად შემოსვლის მიუხედავად პურის ფასი მაინც გაიზარდა – დაახლოებით ლარამდე იყო და ახლა 1,5 ლარია. შესაბამისად, მხოლოდ იაფი ფქვილის შემოტანამ პურის გაძვირებას ვერ უშველა“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, რუსული ხორბალი, მიუხედავად დაწესებული გადასახადისა, მაინც გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხორბალი [სხვაობა საშუალოდ 50 დოლარია ტონაზე]. საქართველოს რომ სარკისებური გადასახადი შემოეღო, კომბინატები გააგრძელებდნენ ხორბლის შემოტანას და დღეს ხორბლის მარაგიც იქნებოდა:

„80-მდე წისქვილკომბინატიდან [საიდანაც 20 მსხვილი და საშუალო საწარმოა], ერთი თვის წინ ყველა გაჩერდა. რისკის და სარგებლიანობის პრინციპით თუ შევხედავთ, ქვეყნისთვის ყველანაირად უმჯობესია წისქვილების მუშაობა – ვნახეთ, რომ პურის ფასი ვერ დაიცვა იაფი ფქვილის იმპორტმა, ამას ჯობდა ხორბლის მარაგები ყოფილიყო, ბიუჯეტში შენატანებიც იქნებოდა, სამუშაო ადგილებიც, ქატოც, ფქვილიც და ვიღებთ ვალდებულებას – პურის ქარხნებისთვის ფიქსირებულ ფასად ხორბლის მიწოდებაზე. ამაზე კარგ პროგრამას ვერ შევთავაზებდით მთავრობას. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით გადაწყვეტილებას“.

„ისეც არ არის, რომ ხორბალი საერთოდ არ შემოდის. შემოდის, მაგრამ მისი მოცულობები მცირეა სასურველია შედარებით. ივნისში მაგალითად, შემოვიდა 5 600 ტონა ხორბალი. საქართველოს თვეში 40-45 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება. ამ ფონზე, ეს 5 600 მცირეა. მაგრამ კარგია იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ არ იყო შემოტანილი მაისში. რაც შეეხება ფქვილს, 15 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა ივნისში რუსეთიდან“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

წელს ივნისში თითქმის 4 ათასი ტონით ნაკლები ხორბალი შემოიტანეს რუსეთიდან საქართველოში ვიდრე გასული წლის ივნისში. რაც შეეხება ფქვილს – წელს ივნისში 13 ათასი ტონით მეტია შემოტანილი, ვიდრე შარშან იმავე თვეში. / წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

„ივნისის თვეში, მაგალითად, მარნეულში 3 ათას ტონამდე ხორბალი რომ მიიღეს წისქვილკომბინატებმა, ეს იყო მარტის თვის ხორბალი [უბრალოდ პრობლემები შეიქმნა და ვერ შემოიტანეს], ამიტომ, ჩათვალეთ, რომ ივნისში ხორბალი არ შემოსულა. ეს იყო ძველი, რომელიც სისტემური არ არის“, – ამბობს ლევან სილაგავა.

[red_box]ოკუპანტის იმედად თუ ბაზრის დივერსიფიკაცია [/red_box]

ვინაიდან მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, რამდენად აქვს გათვლილი რისკები მთავრობას? – გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ „რა თქმა უნდა რისკები ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს ისეთი მეზობლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%… ამიტომ, თუ იქნება რაიმე ისეთი საფრთხე, მაშინ ქართული ბიზნესი გადაერთვება ალტერნატიულ ბაზრებზე, რომელიც, ბუნებრივია, უფრო ძვირი იქნება. შესაბამისად, ფასწარმოქმნაც იქნება სხვანაირი“.

რუსეთის მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნის შემთხვევაში, თუ აქვს მთავრობას რაიმე სცენარი და ხომ არ არის მოსალოდნელი ჩარევა ხორბლის/ფქვილის ბიზნესში? – მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობა არ ჩაერევა და ალტერნატიული ბაზრებიდან ხორბლის შემოტანის პრობლემაც არ იქნება: „აქ ყველაფერი დამოკიდებულია ფულის გადახდაზე; ლოჯისტიკური პრობლემებიც ბუნებაში არსებობს, მაგრამ დაუძლეველი არ არის.“

ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობას დღეს არც მთავრობა ხედავს და არც ბიზნესი.

ლევან სილაგავას თქმით, ასოციაციაში ხორბლის ბაზრის დივერსიფიკაციას არ ეთანხმებიან: „ბევრი კვლევა დაიდო სხვადასხვა ორგანიზაციის და ყველა ამბობს, რომ საჭიროა დივერსიფიკაცია. ჩვენ ვუყურებთ სხვანაირად ამას – როცა წისქვილკომბინატები მუშაობს და არის გარდამავალი ორთვიანი მარაგები, როგორც ეს გაეროს რეკომენდაციაა, ეს მარაგები თავის თავში მოიცავს დივერსიფიცირების კომპონენტს. მარაგები თუ გაქვს, ჩათვალე დივერსიფიცირებულია ბაზარი, ირიბად, მაგრამ მაინც.

ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება, იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა. ვთქვათ რუსეთმა აკრძალა ექსპორტი, ან მარტო საქართველოს შეუწყვიტა, ან განაცხადა, რომ დროებით ვერ ხერხდება ხორბლის გატანა – ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დრო – ის 2 თვე, რომ გადავერთოთ სხვა ბაზარზე, თუნდაც ძვირზე, ვინაიდან ყველა ძვირია – მაგალითად, რუმინეთი, ყაზახეთი, ბულგარეთი. ჩვენ ამ კუთხითაც ვუყურებთ საქმეს.“

„მე თუ არ წამოვიღებ, რახან რუსეთი არ მინდა, ვიღაცა სხვა წამოიღებს. 100-მდე კომპანიას შემოაქვს ხორბალი საქართველოში. შესაბამისად, მე უნდა გავიდე თამაშიდან. რადგან მტრული სახელმწიფოა და გვინდა, რომ რუსეთიდან არ შემოვიდეს ხორბალი, ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი – ფქვილი, ზეთი, კარაქი – ჩვენ კონსენსუსის სახით უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე [რაც მაგალითად ავსტრალიამ მიიღო, აშშ-მ მიიღო – რუსული პროდუქციის გარკვეულ ნაწილს დაადო ბაჟი] ან საოკუპაციო კანონში ჩავწეროთ, რომ რუსეთიდან იმპორტი აიკრძალოს. მაშინ ეს იქნება თანაბარი პირობა ყველა ბიზნესისთვის და თავისთავად ცხადია, ავტომატურად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება… სხვა შემთხვევაში დივერსიფიცირებას არ ვეთანხმებით“, – ამბობს ლევან სილაგავა.

ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ხორბლის შემოტანა ნებისმიერი ექსპორტიორი ქვეყნიდან შეუძლიათ, მაგრამ „დღეს უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება იაფად ვიყიდოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ ღონისძიებები, რომ ხორბლის მარაგები შევქმნათ. ისიც კარგია, რომ ექსპორტი აკრძალა მთავრობამ. იყო ხორბლის და განსაკუთრებით ქერის გატანის დიდი ალბათობა, მაგრამ ამას ახლა უნდა მოჰყვეს ის სარკისებური გადასახადის დაწესება ფქვილის შემოტანაზე, რასაც მოჰყვება წისქვილკომბინატების ამუშავება.“

მისივე თქმით, ადგილობრივ ხორბალს იმპორტირებულიც აუცილებლად უნდა დაემატოს, რათა წლიურ ჭრილში ვიყოთ უზრუნველყოფილი და არა თვე-ნახევარი ან ორი თვე. ამასთან, გამორიცხული არაა ადგილობრივი ხორბლის დაფქვის პრობლემაც შეიქმნას, რადგან ათი დღით, თუ ერთი თვით, კომბინატი, ალბათ, ვერ ამუშავდება: „ადამიანებს ვერ ვეტყვით, მოდი 10 დღე იმუშავეთ და მერე ისევ სახლში წადით. საკითხს სისტემურად უნდა მივუდგეთ“.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის აშშ-მ სავაჭრო შავ სიაში 5 ჩინური კომპანია დაამატა

28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სავაჭრო შავ სიაში რუსეთის სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის სავარაუდოდ მხარდაჭერისთვის 5 ჩინური კომპანია დაამატა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ ამ ნაბიჯით უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველყოფას ცდილობს.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობს შავ სიას, აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიები, რუსულ „საეჭვო კომპანიებს“ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, 24 თებერვლამდე, აწვდიდნენ საქონელს და ახლაც „აგრძელებენ სანქცირებული კომპანიებისა და მხარეებისთვის კონტრაქტების დადებას“.

როგორც „როიტერსი“ წერს, სააგენტომ შავ სიაში დაამატა კიდევ 31 კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ლიეტუვიდან, პაკისტანიდან, სინგაპურიდან, გაერთიანებული სამეფოდან, უზბეკეთიდან და ვიეტნამიდან. აქედან 36 კომპანიიდან 25-ს ჰქონდა ჩინეთში ბაზირებული ოპერაციები.

ვაჭრობის მდივნის მოადგილემ მრეწველობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ალან ესტევესმა განაცხადა, რომ ეს ქმედება მთელ მსოფლიოში არსებულ კომპანიებსა და ინდივიდებს უგზავნის ძლიერ შეტყობინებას, რომ თუ ისინი შეეცდებიან რუსეთის მხარდაჭერას, შეერთებული შტატების სანქციები მათზეც გავრცელდება.

აწვდიდნენ თუ არა ეს ჩინური კომპანიები საქონელს რუს სამხედროებს? – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა არც დაადასტურა და არც უარყო აშშ-ს ბრალდებები, მაგრამ გაიმეორა, რომ ჩინეთი არ ეთანხმება აშშ-ს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„ჩინეთსა და რუსეთს აქვს ნორმალური სავაჭრო თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. ამაში არ უნდა ჩაერიოს მესამე მხარე”, – განაცხადა მან დღეს, 29 ივნისს, პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში თქვა, რომ პეკინს არ გაუწევია რაიმე ტიპის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის ან უკრაინისთვის. საელჩომ დასძინა, რომ მიიღებს „აუცილებელ ზომებს“ თავისი კომპანიების უფლებების დასაცავად, რადგან სანქციები არღვევს საერთაშორისო სამართალს.

კომპანიების შავ სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ მათ აშშ-ს მიმწოდებლებს სიაში შეყვანილი კომპანიებისთვის საქონლის გასაგზავნად დასჭირდებათ ვაჭრობის დეპარტამენტის ლიცენზია.

აშშ-ს ოფიციალური პირები ადრე აცხადებდნენ, რომ საერთო ჯამში ჩინეთი იცავდა შეზღუდვებს, თუმცა ვაშინგტონი იმეორებდა, რომ ყურადღებით აკვირდება სანქციებთან შესაბამისობას და მკაცრად აიძულებს რეგულაციების აღსრულებას.

„ჩვენ უყოყმანოდ ვიმოქმედებთ, მიუხედავად იმისა, სად მდებარეობს მხარე, თუ ის არღვევს აშშ-ს კანონს“, – განაცხადა ვაჭრობის მდივნის თანაშემწემ ექსპორტის ადმინისტრაციის საკითხებში, თეა როზმან კენდლერმა.

ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი ჰოსტომელში ჩავიდა

ბრიტანელი მილიარდერი, კოსმოსური კომპანია Virgin Galactic-ის მფლობელი რიჩარდ ბრენსონი ჰოსტომელში ჩავიდა.

ბრენსონის ვიზიტზე ინფორმაციას და ფოტოებს ჰოსტომელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკო აქვეყნებს.

მისი თქმით, ბრენსონი „ანტონოვის“ აეროდრომით და მისი აღდგენის შესაძლებლობებით დაინტერესდა და რეკონსტრუქციის პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რიჩარდ ბრენსონი და ტარას დუმენკო/ფოტო: ტარას დუმენკოს ფეისბუქგვერდიდან

რიჩარდ ბრენსონი, ბრიტანელი ბიზნესმენი და Virging Group-ის დამფუძნებელია. სწორედ ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოსმოსური კომპანია Virgin Galactic-ი, რომელმაც კოსმოსური ტურიზმისთვის კოსმოსური ხომალდი SpaceShipTwo შექმნა.

„ფორბსის“ მიხედვით, ბრენსონის ქონება 4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ბრენსონმა უკრაინისადმი თავისი მხარდაჭერა ჯერ კიდევ ომამდე არაერთხელ გამოხატა. იანვრის ბოლოს მან გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ბიზნესის ლიდერებს გაერთიანებისა და რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვისკენ მოუწოდებდა.

ჯერ კიდევ 2014 წელს ბრენსონმა მხარი დაუჭირა ევრომაიდანს და აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს კლავენ.

ასევე, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, რიჩარდ ბრენსონი მოუწოდებდა დასავლეთის ქვეყნებს, სერიოზულად შეეხედათ უკრაინის მოვლენებისთვის და უარი ეთქვათ რუსულ ენერგიაზე.

„ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ვალეს“ საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა.

„საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ დაწესებული დროებითი რეგულაციით (საბაჟო გამშვებ პუნქტ „პოსოფ-თორქგოზუზე“ სამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე), მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა და მგზავრებმა საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განახორციელონ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით: „2022 წლის 25 აპრილიდან თურქეთის რესპუბლიკის მხარეს (საბაჟო გამშვები პუნქტი „პოსოფ-თორქგოზუ”) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო საბაჟო კონტროლის პროცედურები.“

შემოსავლების სამსახურმა მაისის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომ „ვალეს“ საბაჟო ივლისის თვის ჩათვლით არ გაიხსნებოდა.

ამ თემაზე:

ვალეს საბაჟო 25 მაისამდე იკეტება

როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ახალშობილს მოუსვენრად სძინავს? როგორ გავიგოთ, ახალშობილს სცხელა თუ სცივა? რა დაეხმარება ბავშვს სწრაფად ჩაძინებაში? – ამ და სხვა შეკითხვებს გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ექიმი მაინის ფრანკფურტიდან, ნარგეს პოიანი პასუხობს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს.

  • რა მიუთითებს ახალშობილის ძილის დარღვევაზე? 

ჩვილის ცხოვრების პირველ წელს ძილის დარღვევაზე საუბარი ადრეა, რადგან არ არის მკაფიოდ გამიჯნული სიფხიზლისა და ძილის მდგომარეობა. ჩვილი ცხოვრობს გარკვეულ შუალედურ სტადიაში და პერიოდულად შედის ღრმა ძილის ფაზაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ძილში ჩვილი იზრდება და მისი ორგანიზმი ეგუება ახალ მდგომარეობას.

აბსოლუტურად ნორმალურია, თუ ახალშობილი იღვიძებს ყოველ ორ საათში დღისითაც და ღამითაც, რომ ჭამოს. ჩვეულებრივ, დღე-ღამის რიტმთან ჩვილი ადაპტირდება მხოლოდ სამი თვის ასაკში. თანდათან ისინი ხვდებიან, რომ როცა სინათლეა, ირგვლივ ყველას ღვიძავს, ხოლო როცა ბნელა – სძინავთ. დაახლოებით ამ დროიდან ბავშვებს, ძირითად შემთხვევებში, სძინავთ ღამით 6 საათი ზედიზედ.

6 თვის ასაკში კი ბავშვის ძილის ხანგრძლივობამ შეიძლება მიაღწიოს 7-8 საათსაც, მაშინაც, თუ მას აქვს მოუსვენარი ძილის ფაზა. დაახლოებით 1 წლის ასაკში ბავშვებს უნდა შეეძლოთ ერთბაშად 8 საათი ძილი. მაგრამ ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის ცვლილება ინდივიდუალურია ყველა ბავშვის შემთხვევაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის ცხოვრების პირველ წელს მისი მშობლების ძილი შეიძლება მნიშვნელოვნად დაირღვეს იმის გამო, რომ მათ შვილს მოუსვენრად სძინავს. იმისთვის, რომ დასვენებისთვის დრო გამონახონ, ახალგაზრდა დედებსა და მამებს ვურჩევდი, დეტალურად ჩაინიშნონ, რომელ საათებში იძინებს მათი შვილი ყველაზე ხშირად და რამდენ ხანს სძინავს. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, მართონ სიტუაცია და გარკვეული საათები გამოყონ საკუთარი დასვენებისთვის, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ჩვილმა შეიძლება გაიღვიძოს იმის გამო, რომ ცივა ან ცხელა. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ის თავს კომფორტულად არ გრძნობს? 

მშობლების უმრავლესობა მიდრეკილია ზედმეტად თბილად ჩააცვან ბავშვებს ღამით. ამავე დროს, ჩვილის სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, სწორედ საღამოს იმატებს და თუ ბავშვი ამ დროს ზედმეტად თბილადაა ჩაცმული, ეს შეიძლება ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკფაქტორიც კი გახდეს გადახურებისგან. ამიტომ ჰაერის ტემპერატურა ოთახში, სადაც ჩვილს სძინავს, 18 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. იმ შემთხვევაში, თუ საძინებელში ცივა, ხოლო ბავშვი იხდის საბანს, გამოსავალია საბავშვო საძილე ტომარა.

ზოგადად, ჩვილს უმჯობესია საბნის და ბალიშის გარეშე ეძინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგუდვის საფრთხე არსებობს.

ჩვილის მშობლებმა არ უნდა იღელვონ, თუ კი ჩვილის ცხვირი, ხელები ან ფეხები გრილია. ეს არაფერს ამბობს ორგანიზმის საერთო ტემპერატურაზე. უბრალოდ სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არ ხდება სრულყოფილად, კიდურები ჯერ კიდევ არ მარაგდება საკმარისად სისხლით და ამიტომაც არის გრილი. ამ შემთხვევაში ჩვილს შეიძლება ჩავაცვათ სპეციალური წინდები და ხელთათმანები.

  • ხან ხდება ისე, რომ ბავშვი კარგად იძინებს, მაგრამ მალე იღვიძებს და მთელი ღამე არ სძინავს. რის გაკეთება შეიძლება ასეთ სიტუაციაში?

ღრმა ძილის ფაზა პატარა ბავშვებს ჩვეულებრივ აქვთ 23 საათამდე და დილის 4 საათის შემდეგ, ხოლო შუალედებში არის ე.წ. REM-ფაზები [Rapid Eye Movement], სწრაფი ძილის ფაზა, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის მომატებული აქტივობით, როცა ძილში ხდება შეძენილი ცოდნის დამუშავება. ამ ფაზის ერთ-ერთი ნიშანი დახუჭული თვალების სწრაფი მოძრაობაა.

1-2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები REM-ფაზის დროს არც თუ იშვიათად ლაპარაკობენ ძილში, ზოგი მღერის კიდეც ან წიხლებს იქნევს. ხდება ისე, რომ ბავშვები ხმამაღლა ტირიან, ხელიდან დასხლტომას ცდილობენ აყვანის დროს და თითქმის არ რეაგირებენ, როცა მათ ამ დროს ელაპარაკებიან. ეს ბევრ მშობელს აფიქრებინებს, რომ ბავშვს რაღაც შეიძლება სჭირდეს. ისინი აღვიძებენ ბავშვს, ხელით ატარებენ, ბოთლს აძლევენ. მაგრამ ასე მხოლოდ აწუხებენ მას.

ამავე დროს, REM-ფაზის შემდეგ ბევრი ბავშვი თავისით გადადის ღრმა ძილის ფაზაში. ამიტომ ჯერ სჯობს დავაკვირდეთ რა ხდება, წაიღიღინოთ მისთვის ნაცნობი მელოდია, ან ჩასჩურჩულოთ რაიმე დამამშვიდებელი, ან მშვიდად დაადოთ ხელი ბავშვს მკერდზე და ნაზად მოეფეროთ.

სხვა საქმეა, თუ ბავშვი ნამდვილად ტირის. მაშინ ის აუცილებლად უნდა ავიყვანოთ და დავამშვიდოთ. ახალშობილს სჭირდება ვიღაც, ვისაც ის ენდობა, როგორც დღისით, ისე – ღამით. თუ მშობლები არ ვართ გვერდით, რომ ბავშვს აღმოვუჩინოთ საჭირო დახმარება, მისი სტრესის დონე წარმოუდგენლად იზრდება.

მაშინაც კი, თუ გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი, რომელმაც მხარდაჭერა ვერ მიიღო, ტირილს წყვეტს, ეს არ ნიშნავს, რომ ის თავისით დამშვიდდა, ეს ნიშნავს, რომ ის შეეგუა სიტუაციას. ამ ასაკში ბავშვებს უბრალოდ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დამშვიდება ტირილის დროს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ დროს ბავშვებში სტრესის დონე ჯერ კიდევ არ იკლებს. სტრესის ჰორმონები სისხლში რჩება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და უარყოფითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.

  • საღამოს რომელ საათზეა უმჯობესი ბავშვის დაწვენა დასაძინებლად? 

ეს ძალიან ინდივიდუალურია. აქ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ესმოდეთ საკუთარი შვილის სხეულის ენა და დროულად მიხვდნენ, როდის არის ის დაღლილი.

თუ ბავშვი ამთქნარებს ან ისრესს თვალებს, ეს ნიშნავს, რომ მისი დასაძინებლად დაწვენის დროა. აქ მნიშვნელოვანია არ გამოვტოვოთ ეტაპი, როცა მას შეუძლია სწრაფად დაძინება. თავისთავად იგულისხმება, რომ არ შეიძლება ბავშვი საღამოს აქტიურ თამაშებში იყოს ჩართული. ძალიან სასარგებლოა ძილის წინ გარკვეული რიტუალების დაცვა, რომლებიც, რა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს.

ყველაზე პატარებს ტრადიციულად, დასაძინებლად აწვენენ წყნარი იავნანას ფონზე, ხელში ან საწოლში რწევისას. 6-7 თვის ბავშვის დასაძინებლად მეტი დროა საჭირო. ძილის წინ ისიც სჯობს დაამშვიდოთ, ხელში აყვანილი გაატაროთ ოთახში.

უფროს ბავშვებს შეიძლება ჩაეხუტოთ, ცოტა ელაპარაკოთ, გაიხსენოთ, რა მოხდა დღის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედ-მამა ამ დროს ასხივებდეს სიმშვიდეს და იჩენდნენ სინაზესა და სიყვარულს. ბავშვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მას აბედნიერებს და რწმენას უნერგავს.

„სტუდენტებს ვერ გაგვაჩუმებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე

„სტუდენტებს ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია ახლა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და რამდენად საჭიროა განსაკუთრებით სტუდენტების აქტიურობა. მჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში სტუდენტებს ვერ გააჩუმებენ,“ – ამბობს მარიამ პაქსაძე, ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სტუდენტები და ლექტორები დღეს, 29 ივნისს, ბსუ-ს შესასვლელთან შეიკრიბნენ და თქვეს, რომ უერთდებიან 3 ივლისის აქციას  სლოგანით „შინ, ევროპისკენ“.

აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ მასშტაბურ აქციაზე წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“. „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

ბსუ-ს აქციაზე დღეს მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი მივიდა. მაგალითად, სტუდენტი მარიამ პაქსაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, სხვადასხვა მეთოდით, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებს აკონტროლებს.

„გუშინ კარგად გამოჩნდა, რაც ხდება, ჩატი ყოფილა, სადაც თვითმმართველობის დონეზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ტროლებად მუშაობენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ეს სამარცხვინოა…

მანამდე, წინა დღეებში, უნივერსიტეტმა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი „შინ, ევროპისკენ“ გამოქვეყნებიდან 2 საათში წაშალა, როგორც გავიგეთ, რიჟვაძეს არ მოეწონა ეს… შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ძალისხმევით პატარა აქცია მოაწყვეს ამავე გზავნილით „შინ, ევროპისკენ“, რაც იყო ამ წაშლილი პოსტის კომპენსაცია.

დღეს  არც ჩემი კურსელები არ არიან აქ. ალბათ, უფრო გააზრების პრობლემაა. სტუდენტები  ვერ ვაცნობიერებთ კარგად, რას ვკარგავთ და რის გადარჩენა შეგვიძლია. ეს არის გააზრების პრობლემა, თორემ პირდაპირ მათ ვერავინ ეუბნება, რომ აქციაზე არ უნდა გავიდნენ. ამას ვერავინ უბედავს“, – გვითხრა მარიამ პაქსაძემ.

სტუდენტების ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე პეტიცია მოამზადეს სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა. მარიამ სურმანიძე, ანა მალაზონია, მარიამ რესულიძე და თეკლა სოლომონიძე მიიჩნევენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე უნდა შეიცვალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს, რადგან თვითმმართველობა პოლიტიკურ აგიტაციაში არ უნდა იყოს ჩართული.

„უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება თვითმმართველობის მიმართ..,“ – მიიჩნევენ პეტიციის ავტორები, რომლებიც დღეს პეტიციის ტექსტის გამოქვეყნებას აპირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ სტუდენტები აქტიურად მოაწერენ ხელს ამ პეტიციას და თვითმმართველობა იძულებული გახდება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

„გუშინ უნივერსიტეტის სტუდენტების შიდა ჯგუფში – ბსუ 2022, სადაც 6 ათასი ადამიანია, არ გვიდასტურებდნენ პოსტს პეტიციაზე, გვაინტერესებდა წინასწარ სტუდენტების აზრი… შემდეგ კომენტარებში როცა დავიწყეთ წერა, დადეს ჩვენი პოსტიც,“ – ამბობს თეკლა სოლომონიძე.

სტუდენტების აზრით, სტუდენტების ჩატის ის ჩანაწერი, რომელიც ეხება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევაში „ქართული ოცნების“ ჩართულობას,  მკაფიოდ აჩვენებს სტუდენტების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოყენებას.

„იქ აღნიშნული იყო, რომ თვითმმართველობის თავმჯდომარე უნდა გახდეს ლიკა დიასამიძე. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანს სურდა თვითმმართველობის თავმჯდომარეობა, მაგრამ მივიდნენ და უთხრეს, რომ უნდა მოეხსნათ კანდიდატურა, ეს იყო ზეწოლა… არჩევნები ჩატარდა ისე, რომ სტუდენტებმა არც კი იცოდნენ, იმ დღეს არჩევნები რომ იყო,“ – ამბობენ პეტიციის ავტორები.

რა უშლის ხელს ბსუ-ს სტუდენტების პოლიტიკურ აქტიურობას? – აქციის მონაწილეებმა მიგვითითეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზეც, რომლებიც დღეს აქციასთან გამოჩნდნენ და სტუდენტებს ფოტოებს უღებდნენ.

აქცია ბსუ-ს წინ, 29 ივნისი

სადაც ჩვენ ვკარგავთ 1 ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს – ზელენსკი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან შედარებით ხუთჯერ მეტია, თუმცა რუსეთის რესურსიც ბევრად აღემატება უკრაინისას.

ამის შესახებ მან ამერიკულ არხ
NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს დეტალებს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

„სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს. სადაც ჩვენ ვკარგავთ ერთ ტანკს, ისინი კარგავენ ხუთს. დიახ, ჩვენ ვიბრძვით. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად გვიჭირს. ჩვენს ერთ ტანკზე იმათი ათი მოდის, ჩვენს ერთ მებრძოლზე – იმათი ათი. როგორი ძლიერებიც უნდა ვიყოთ, ისინი ათჯერ ჩვენზე მეტნი არიან. გვიჭირს, მაგრამ ვდგავართ“, – ამბობს ზელენსკი.

პრეზიდენტი დასძენს, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს ავიწროებენ, ზოგან კი, რუსეთის ძალების რიცხობრივი უპირატესობის გამო იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

„რუსეთის პირისპირ მარტო დგომა შეუძლებელია, ამიტომაც ჩვენ ევროპისა და აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე ვერ გავუძლებთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩვენი ომი არაა. ეს, უბრალოდ, რუსეთის უკრაინასთან ომი კი არაა, ესაა მთელი ცივილიზებული სამყაროს ომი რუსეთთან, მის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მის არმიასთან. მარტო ვერ შევძლებთ და მადლობა ღმერთს, რომ გვეხმარებიან.“

ვოლოდიმირ ზელენსკი, ინტერვიუ NBC-სთან/ფოტო: president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომი დაიწყო არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან. ამიტომაც, თუკი უკრაინა დამარცხდება, დამარცხდება ყველა ის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, მაგრამ როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, გამარჯვებაც საერთო იქნება.

„თუ ჩვენ ვმარცხდებით, მარცხდება დემოკრატია. ეს ნიშნავს, რომ მარცხდება, აშშ, ევროპის სახელმწიფოები, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ ეს ღირებულებები. ვიცი, რომ ყველას უჭირს დღეს და მესმის, რომ რაც ჩვენთან ხდება, მათგან შორსაა და ბევრი სახელმწიფოსთვის რთულია ამის ბოლომდე დეტალურად გაგება“.

ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ომისთვის მანძილი არ არსებობს – მისი შედეგები მთელ პლანეტას შეეხება.

„აშშ-მ ბევრი მოგვცა და მე მათი მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ პრეზიდენტის, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება… ომი აუცილებლად დამთავრდება და დარწმუნებული ვარ, დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით. როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ჩვენ უნდა განვდევნოთ „კაფირები“ ჩვენი მიწიდან. სადამდეც შეგვეძლება, იქამდე ვიბრძოლებთ, რადგან ჩვენთვის ეს ჩვენი ცხოვრებაა.“

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატს და პრეზიდენტ ბაიდენს იმ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში ხვდება.

„ეს ყველაფერი მუშაობს. ეკონომიკური იზოლაცია – ეს არის რუსეთის იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან. ეს მუშაობს, მაგრამ ეს მაინცდამაინც სწრაფი პროცესი არაა,“ – ზელენსკიმ დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ დაიცვას სანქციების პირობები, „რადგან თუ რაიმე ვერ მუშაობს 100%-ით, ის 100%-იან შედეგსაც ვერ მოიტანს“.

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუს დროს/ფოტო: president.gov.ua

ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის წესი 2023 წლიდან იცვლება

საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, 2023 წლის მაისიდან მოგზაურობამდე წინასწარი ავტორიზაციის გავლა და ამ სერვისში 7 ევროს [დაახლოებით, 21 ლარი] გადახდა მოუწევთ.

ETIAS – ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, ასე ჰქვია დიდწილად ავტომატიზებულ IT სისტემას, რომელიც, როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „შექმნილია, რათა აღმოაჩინოს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურ ვიზიტორთა მიერ წარმოქმნილი უსაფრთხოების, არარეგულირებული მიგრაციის ან მაღალი ეპიდემიური რისკები და ამავდროულად, ხელი შეუწყოს საზღვრის კვეთაში ვიზიტორთა დარჩენილ უმრავლესობას – რომელიც არ ქმნის მსგავს საფრთხეებს“.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ETIAS ავტორიზაცია მოახდენს საზღვრის კვეთაზე მოულოდნელი უარის და უკან დაბრუნების შემთხვევების პრევენციასაც.

ისინი, ვისაც შენგენის ზონაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, ვალდებულნი იქნებიან მოგზაურობამდე ETIAS-ს სისტემის მეშვეობით, ელექტრონულად მიიღონ მოგზაურობის ავტორიზაცია. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მოგზაურობის მსურველთა უდიდესი ნაწილი, 95% ავტორიზაციას რამდენიმე წუთში მიიღებს, ხოლო იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დამატებით შემოწმება გახდება საჭირო, პროცესი შეიძლება მაქსიმუმ 30 დღემდე გაგრძელდეს.

ავტორიზაციის დოკუმენტი იქნება სავალდებულო დოკუმენტთა შორის, რომელსაც ევროკავშირის საზღვრის კვეთისას შეამოწმებენ მესაზღვრეები. ETIAS-ით ავტორიზაციის გავლა არ მოეთხოვებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.

როგორც EITAS-ის სპეციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ავტორიზაცია ვალიდური იქნება სამი წლის განმავლობაში, ან სანამ ვადა გაუვა ავტორიზაციის მფლობელის პასპორტს [ამ სამი წლის პერიოდში].

ავტორიზაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:

  • განაცხადის შევსებისას მითითებული იყო ცრუ ინფორმაცია
  • ცნობილი გახდა უსაფრთხოების ახალი რისკის შესახებ
  • პირობები, რომლითაც გაიცა EITAS-ს ავტორიზაცია აღარაა დაცული

მსგავსი სისტემა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მას ESTA – მოგზაურობის ავტორიზების ელექტრონული სისტემა ჰქვია. ESTA იმ მოქალაქეებისთვისაა, ვისაც აშშ-ში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, ავტორიზაციის მოსაკრებელი 21 დოლარია, ხოლო ავტორიზაციის ვალიდურობის ვადა – 2 წელი.

დუშეთში სახლიდან, სავარაუდოდ, ჯავშანტექნიკის ნაწილები ამოვიღეთ – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა.

„გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს,“ – იუწყება უსაფრთხოების სამსახური.

____________

ფოტო: არქივიდან

აჭარაში სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა

სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 198 900 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისით დამატებით 50 ბენეფიციარი ისარგებლებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში, წელს პროგრამა 450 სმენადაქვითებულ პირზეა გათვლილი, უკვე გაცემულია 380 სმენის აპარატი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზურაბ თენიეშვილის თქმით, პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა მაღaლმა მომართვიანობამ განაპირობა.

„მოსახლეობის მომართვიანობის გამო სამინისტრომ პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა. წელს პირველად დაიწყო პედიატრიული ციფრული სმენის აპარატების დაფინანსება.

პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ: შშმ პირები (მათ შორის ბავშვები), ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვები, ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები დიაგნოზით – ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე, ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატების მომსახურება ფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშმ სტატუსის მძიმე ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვის/მოსწავლის/სტუდენტისათვის – 1400 ლარით; პედიატრიული ციფრული სმენის აპარატი – 1000 ლარით; სხვა ბენეფიციართათვის კი – 350 ლარით.

ადამიანები ახლობლების გადასარჩენად ცეცხლში შერბოდნენ – რეპორტაჟი სავაჭრო ცენტრიდან

27 ივნისს, 16 საათზე, რუსულმა არმიამ უკარინის კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს დაარტყა. ასეთი მასშტაბის ტრაგედია ქალაქს მანამდე არასდროს უნახავს. სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა – იმ დროს ცენტრში ასობით სტუმარი და თანამშრომელი იმყოფებოდა.

სავაჭრო ცენტრის თავზე აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი კვამლი დგას. გარშემო გაუჩერებლად მოძრაობენ სახანძრო და სატვირთო მანქანები.

400-მდე მაშველი მუშაობს, ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. მათ მოქალაქეები და სამხედროებით ეხმარებიან. მათ შორისაა ივანი, რომელიც სამხედროა და ცენტრში აფეთქებიდან 20 წუთში მივიდა. ის და მისი მეგობრები, თავიდან პერიმეტრზე დააყენეს, რომ შეეჩერებინათ ადამიანები, რომლებიც ახლობლების გადასარჩენად პირდაპირ ცეცხლში შერბოდნენ.

„ადამიანები გარბოდნენ, შიშველი ხელებით ცდილობდნენ ამ ჯოჯოხეთიდან ვინმე გამოეყვანათ. აფთიაქის გვერდით ბიჭებმა ქალის სხეული იპოვეს, მისი გამოტანა უნდოდათ და პირდაპირ მათ ხელებში დაიფერფლა. ბევრი სხეული იყო, მაგრამ არა ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც კუბოში ვხედავთ მიცვალებულს.  სხეულის ნაწილების გროვა – გამურული, შავი, მაგრამ ვხვდებოდით, რომ ადამიანები იყვნენ,“ – ჰყვება ივანი.

ცენტრის გვერდით მოხალისეებმა ხსოვნის მემორიალი მოაწყვეს. ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი/ფოტო: Hromadske.ua

„ჩემს ნათესავზე ველოდები ინფორმაციას,“ – გვეუბნება ქალი, შავი სათვალით, რომელიც მემორიალთან დგას და მაშველების მუშაობას ადევნებს თვალს. – „აქ მუშაობდა, გუშინდელი დღიდან ვერ ვუკავშირდებით“.

ყველა საავადმყოფო მოიარა, თუმცა ნათესავი ახალგაზრდა კაცი ვერსად იპოვა.

ქალაქის საავადმყოფოში 59 ადამიანი შეიყვანეს. 25 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

„ერთი დაჭრილი მოყვანიდან ერთ საათში დაიღუპა. არანაირი შესამჩნევი დაზიანება არ ჰქონდა, სავარაუდოდ, სისხლჩაქცევა განვითარდა. კიდევ ხუთი მძიმედ დაჭრილი პაციენტი გვყავდა. ერთ-ერთი უკვე ცოტა უკეთაა, დანარჩენები რეანიმაციაში რჩებიან“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.

ხანძრის შედეგი/ფოტო: hromadske.ua

საავადმყოფოს ეზოში ნამტირალევი ქალი ზის, ლუდმილა. თავის შვილს ეძებს, 22 წლის ტატიანას. ის სავაჭრო ცენტრის მაღაზიაში მუშაობდა.

„ახალი კაბა ჩაიცვა და სამსახურში წავიდა. ისე უხაროდა ცხოვრება“, – ტირილით ჰყვება ლუდმილა.

ტატიანა ბოლოს მისმა მეგობარმა ნახა, ისიც ცენტრში მუშაობდა. როდესაც განგაში და პანიკა ატყდა, გოგოები ერთმანეთს დაშორდნენ. ტანიას მეგობარმა გარეთ გამოსვლა მოახერხა.

ლუდმილამ, ქმართან და ტანიას მეგობარ ბიჭთან ერთად, გოგონა საავადმყოფოშიც ეძება, პროზექტურაშიც, თუმცა შვილზე ჯერ ვერაფერი შეიტყო.

„იქნებ გადარჩეს ჩვენი გოგო, მაგრამ მის გამო და კიდევ ყველა სხვა ბავშვის გამო, თუ ფეხზე ვიდგები, ყველას გავანადგურებ, იარაღით თუ ვერ შევძლებ, კბილებით დავგლეჯ,“ – ამბობს ტატიანას მამა.

და ლუდმილა ამატებს, – „დაე, მათმა დედებმაც იგრძნონ ის, რასაც ახლა მე ვგრძნობ“.

წყარო: Hromadske.ua

___________

რუსეთის არმიამ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრი დაბომბა.

ბათუმის მერია ატრაქციონ მატარებელს აუქციონზე 20 ათას ლარად ყიდის

ბათუმის მერია უპირობო ელექტრონულ აუქციონზე მეორად ატრაქციონს, მატარებელ „რიო ბრაოს“ ყიდის. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 20 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი.

მერიის ინფორმაციით, ატრაქციონი მატარებელი ,,რიო ბრაო“ [ერთი კომპლექტი, მეორადი] განთავსებულია აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე საწყობში.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2022 წლის 6 ივლისს დასრულდება.

[red_box]ატრაქციონი მატარებელი „რიო ბრაო“ – მერიის საწყობში / ფოტოები აუქციონიდან:[/red_box]

 

ბრალდებულმა საჯარო სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ მოქალაქეს $5 000 გამოართვა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ დაასაქმებდა მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

რუსეთმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს, სავარაუდოდ, შეცდომით დაარტყა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, სარაკეტო დარტყმა, რომელიც 27 ივნისს კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, არა ამ ცენტრის, არამედ მიმდებარე ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყო მიმართული.

უწყება აღნიშნავს, რომ შორ მანძილზე თავდასხმების დროს, რუსეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მანამდეც გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამის მაგალითად დაზვერვა 9 აპრილს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას ასახელებს.

„როგორც ჩანს, რუსი მგეგმავებისთვის მისაღებია დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, როდესაც საქმე სამხედრო სამიზნეების განადგურების აუცილებლობას ეხება“, –  მიუთითებს უწყება და ვარაუდობს, რომ რუსეთი მომავალშიც განაგრძობს თავდასხმებს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მარაგების მიწოდება შეაფერხოს.

„თანამედროვე, მოხვედრის სიზუსტის მქონე იარაღის ნაკლებობა და პროფესიული ხარვეზები დაგეგმვაში, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს მოსახლეობაში“, – ასკვნის დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს, დაზვერვის 29 ივნისის რელიზის თანახმად, რუსეთის ჯარები ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. რუსეთის არმიამ კიდევ 2 კილომეტრით წაიწია წინ ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარედ.

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. როგორც საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატიმ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უთხრა, რუსეთმა ცენტრს X-22 რაკეტით კურსკიდან Tu-22M3 ბომბდამშენიდან დისტანციურად დაარტყა.

BBC-ის ცნობით, 27 ივნისს იმ ტერიტორიაზე რუსებმა ორი ჭურვი ჩამოაგდეს, ერთი სავაჭრო ცენტრს დაეცა, მეორე კი – მისგან 300 მეტრში მდებარე ქარხანას, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დასავლეთიდან მიღებული შეიარაღება ინახებოდა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა 28 ივნისს  მიუთითებდა, რომ გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში შორსმოქმედი რაკეტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გამოიყენა.

ფოტო: სარაკეტო თავდასხმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე/ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამ არხი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 29 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 572 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 3 720 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 781 ერთეული [+3]
  • MLRS – 246 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 103 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 185 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 640 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 142 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 598 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 221 თვითმფრინავი
  • 134 ვერტმფრენი
  • 1 391 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 351 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 853 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 692 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 052 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 907 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]მოწინააღმდეგის 270 საარტილერიო შეტევა და 45 ათასი გასროლა დღე-ღამეში – რა ხდება ფრონტზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინის 27 წლის გმირი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 თვე მალავდნენ

 

მთავარი ფოტო: PzH 2000/ფოტო: ოლექსი რეზნიკოვის ფეისბუქგვერდიდან

მოწინააღმდეგის 270 საარტილერიო შეტევა და 45 ათასი გასროლა დღე-ღამეში – რა ხდება ფრონტზე

ომის 125-ე დღეს ყველაზე სასტიკი ბრძოლები ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების ჩრდილოეთით მიდის. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა ამ რაიონებში 45 ათასი საარტილერიო გასროლა განახორციელეს.

ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, თავის ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს ესაუბრა.

როგორც ზალუჟნი ტელეგრამზე წერს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის და დიდი ბრიტანეთის გენშტაბის მეთაურს, ადმირალ ტონი რადაკინს მან ოპერატიულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა.

„იმით დავიწყე, რომ მტერი განსაკუთრებულ თავხედობას იჩენს. ოთხი დღის წინ რუსებმა სხვადასხვა პლატფორმიდან 53 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, სამი დღის წინ – 26, 2 დღის წინ –  40, ბოლო 24 საათში კი – 12. სამწუხაროდ, კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა“.

ზალუჟნის თქმით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით იწყება და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, დასახლებულ პუნქტ ვასილევკასთან მთავრდება.

„ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების ჩრდილოეთით, გასულ დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 270 საარტილერიო შეტევა, 45 ათასი გასროლა, 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა განახორციელა. სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ კონტროლირებადი,“ – აღნიშნავს ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი წერს, რომ  ასეთი სასტიკი ბრძოლები და ომის ასეთი მასშტაბი მსოფლიოს მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არ უნახავს, ამიტომაც უკრაინას არ აქვს უფლება ეს ომი საკუთარ შვილებს დაუტოვოს: – „მტერი უნდა გავანადგუროთ აქ და ახლა, სხვაგვარად ის არ გაჩერდება და ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენი ხალხი მზადაა საკუთარი სიცოხლის ფასად დაიცვას საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი შვილები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი შეიარაღება და საბრძოლო მასალა. იმედი მაქვს, პარტნიორებთან ერთად დავამარცხებთ აგრესორს და არ დავუშვებთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს“.

ბათუმის ავტობუსების პარკი სრულად განახლდება 2022 წლის ბოლომდე

აჭარის მთავრობის ცნობით, 2022 წლის ბოლომდე ბათუმის ავტობუსების პარკის სრულად განახლება იგეგმება.

ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ჯერ არ არის ცნობილი, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება ახალი ავტობუსების შესაძენად, თუმცა ცნობილია, რომ ავტოპარკის განახლების შემდეგ ბათუმის ავტოტრანსპორტის ბალანსზე არსებული, ძველი Zonda-ს მარკის ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახლებით.

ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, ამჟამად  სამარშრუტო ხაზზე 60 ასეთი ავტობუსი მოძრაობს.

ჩანაცვლებულ ავტობუსებს შეაფასებს სამხარაულის ექსპერტიზა და დასკვნის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება მათი შემდგომი გამოყენების თაობაზე.

ავტოპარკის განახლება აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6,2 %-ით გაზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით  გაიზარდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და  ჯამში 163 230 000 ლარი შეადგინა.

„ამ ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბათუმის ნაწილში გაზრდილი სატრანსფერო რაოდენობა, რომელიც გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე ჩვენ სრულად განვაახლებთ ავტობუსების პარკს ბათუმში და შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადავცემთ დამატებით ავტობუსებს“, – თქვა დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ნიჩბებიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმისკენ – „7 დღეა გზაში ვართ“

„როცა გრძნობ, რომ ცხოვრება გახდა რუტინა, რაღაც ახალი უნდა გააკეთო… ნიჩბიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმში წამოსვლა გადავწყვიტეთ“, – ამბობს ვლად გრეგორე, ის რუმინელია და სამ ბრიტანელ მეგობართან ერთად მე-7 დღეა ბათუმისკენ მოდის.

ვლად გრეგორე ამბობს, რომ მეგობრებმა შთამბეჭდავი მოგზაურობა „ოფისებში გადაღლილობის“ შემდეგ გადაწყვიტეს. ნიჩბიანი ნავით მეგობრები რუმინეთის ქალაქ მანგალიიდან გამოვიდნენ, ახლა ისინი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არიან. მანძილი მანგალიიდან ბათუმამდე დაახლოებით 1200 კილომეტრია.

„მე მენეჯერი ვარ, ერთი მეგობარი ლონდონის უნივერსიტეტში მუშაობს, მეორე ბიზნესმენია… ყველა ვიღლებით ოფისში, ყოველდღიურ რუტინაში, ამ დროს რამე ახალი უნდა გააკეთო. ჩვენ გადავწყვიტეთ შავი ზღვის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე მივსულიყავით, საბოლოოდ, ეს მარშრუტი ავირჩიეთ.

მე ვარ ნამყოფი ბათუმში წლების წინ და ვთქვი, რომ ბათუმამდე ჩავსულიყავით. კიდევ ერთ მეგობარს ნიჩბიანი ნავით მოგზაურობის გამოცდილება ჰქონდა და ეს ნავიც ორი წლის წინ შეიძინა. ავდექით და წამოვედით. სულ ორკვირიანი მოგზაურობა გამოდის,“ – გვიყვება ვლადი გრეგორე.

რამდენად დაცული ხარ, როცა ნიჩბიანი ნავით მოგზაურობ? – კითხვის დასრულებამდე ვლად გრეგორე, რომელსაც სოციალური ქსელით ვესაუბრეთ, ომს გვახსენებს, რომელიც შავ ზღვასაც ეხება და გვახსენებს, რომ „საფრთხის ქვეშ ვართ ახლა ყველა“.

ნიჩბიანი ნავით ოთხი მოგზაური ბათუმში ხუთშაბათს აპირებს შემოსვლას. ნავს ძრავაც არ აქვს.

„არ ვიცი, რა მარშრუტით დავბრუნდებით უკან. ჩემი იდეაა, რომ ჩავიდეთ ფოთში და იქედან დავბრუნდეთ კონსტანცაში, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია,“ – დასძინა ვლად გრეგორემ.

4 მოგზაური ნიჩბიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმში მოცურავს

 

 

 

ნიჩბიანი ნავი, რომლითაც 4 მოგზაური რუმინეთიდან ბათუმში მოდის

უკრაინის 27 წლის გმირი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 თვე მალავდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, დმიტრო ჩავალახი, ომის პირველივე დღეს მძიმედ დაიჭრა და სამი თვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დასახლებაში გაატარა. 27 წლის ოფიცერი ერთ-ერთი პირველია, ვინც ომის დაწყებიდან ძალიან მალე უკრაინის გმირის წოდება მიიღო.

ბატალიონი, რომელშიც დმიტრო მსახურობდა, 24 თებერვალს, როდესაც აფეთქებები და სარაკეტო დარტყმები დაიწყო, ხერსონის ოლქში იმყოფებოდა. დმიტრო იხსენებს, რომ თავიდან ეს ყველას მორიგი პროვოკაცია ეგონა, თუმცა როდესაც შეიტყვეს, რომ რუსები საბრძოლო ტექნიკით ყირიმიდან ხერსონისკენ დაიძრნენ, მიხვდნენ, რომ ომი დაიწყო და ბრძოლა გარდაუვალი იყო.

ბატალიონის მეთაურობას კარგად ესმოდა, რომ ყირიმიდან ხერსონისკენ მიმავალ ოკუპანტებს აუცილებლად უნდა გაევლოთ ჩაპლინკასთან 50 კილომეტრში მდებარე ხიდი. თუკი უკრაინელი სამხედროები რუსებს მიასწრებდნენ და ხიდზე გამაგრდებოდნენ, შეძლებდნენ ოლქის ცენტრისკენ მათი წინსვლა შეჩერებას.

სწორედ ამ მიზნით და ამ მიმართულებით გადაწყვიტა წასვლა დმიტრო ჩავალახის ასეულმაც, თუმცა მათ გზაში მტრის ავიაციამ მიუსწრო და გზა მოუჭრა.

ბრძანება მიიღეს, გეზი შეეცვალათ და წასულიყვნენ ანტონოვსკის ხიდისკენ, რომელიც ხერსონს მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებდა და იქ გამაგრებულიყვნენ.

როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის მოწინააღმდეგეს უკვე მოესწრო ვერტმფრენებიდან ხიდზე დესანტის გადმოსხმა. როდესაც ხიდს მიუახლოვდნენ, ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინელ სამხედროებს ალყიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაღა დარჩენოდათ – ალყის გარღვევა.

დმიტროს ასეულმა ჯავშანტექნიკით დაიწყო წინსვლა, ზურგს ტანკები უმაგრებდნენ.

„ვფიქრობდი, ნუთუ ომის პირველივე დღეს ტყვედ უნდა ჩავვარდნილიყავით, ნუთუ ამ ალყას ვერ დავაღწევდით თავს? არა, გავაღწევთ და ვიბრძოლებთ კიდეც!“ – იხსენებს დმიტრო. – მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე ტანკისტებმა მიიღეს, როდესაც უკვე ჩვენ დავიძარით, დაახლოებით 200 მეტრი ისე გავიარეთ, 82 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებიდან სროლა არ შეუწყვეტიათ. როდესაც პირდაპირ მივადექით, მიატოვეს ტყვიამფრქვევები და გაიქცნენ“.

ასევ გაიარეს უკრაინელმა ქვეითებმა დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ანტონოვსკის ხიდზე და პოზიციებზე გამაგრდნენ.

დმიტრო ახლა რეაბილიტაციას გადის/ფოტო: armyinform

„ზუსტად არ მახსოვს, რა მომენტში დავიჭერი,“ – ჰყვება დმიტრო. – „მახსოვს, რომ სნაიპერები გვესროდნენ. სამნი იყვნენ. ერთ-ერთი გავანეიტრალეთ, დანარჩენი ორი ვერ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტყვიამ სადღაც მუცლის ქვემოთ გაიარა და საზარდულში მომხვდა. ჩემს გარდა კიდევ 4 ჩემი თანამებრძოლი დაიჭრა, ერთი დაიღუპა. ჩვენ ალყა გავარღვიეთ. მართალია უჩემოდ, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დავალება შეასრულეს“.

დმიტრო ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, ის და მისი მეგობრები ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე დღეს დმიტროს რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

გონს 26 თებერვალს მოვიდა. დედას და მეგობრებს დაურეკა და უთხრა, რომ ცოცხალი იყო.

რამდენიმე დღეში კი, დასახლებული პუნქტი, სადაც ჰოსპიტალი მდებარეობდა, რუსებმა დაიკავეს.

2 მარტს დმიტრომ საავადმყოფოში, მედდის ტელეფონით უყურა პირდაპირ ეთერს, როგორ აჯილდოებდა მას პრეზიდენტი ზელენსკი ოქროს ვარსკვლავით, ანტონოვსკის ხიდზე გამოჩენილი მამაცობისთვის. იმ დღესაც, როდესაც დედას ელაპარაკა და მერეც, დმიტრო ყველას ეუბნებოდა, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სინამდვილეში კი, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი – როდესაც კლინიკიდან ალექსეის ბინაში გადაჰყავდათ.

ალექსეი (სახელი შეცვლილია) ის ადგილობრივია, რომელიც დმიტროს ოკუპირებულ დასახლებაში, საკუთარ ბინაში მალავდა.

„იყო შემთხვევები, როდესაც „კაფირები“ მოდიოდნენ სახლთან. ვხედავდი, რომ ალექსეი ნერვიულობდა, მესმოდა კარგად, ოჯახი ჰყავდა, ცოლი, ბავშვები. უფრო მათზე ნერვიულობდა, ვიდრე საკუთარ თავზე. გარეთ ფეხი არ გამიდგამს, ხალხი ძალიან შეშინებული იყო ისედაც და არავინ იცოდა, უცხოს დანახვაზე როგორ მოიქცეოდნენ…

მაისში, კონსპირაციის წესების სრული დაცვით, ოდესის ოლქში გადამიყვანეს. ვინ და როგორ? ამის თქმის უფლება არ მაქვს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმ მანძილის გასავლელად, რომელიც პირდაპირი გზით შეიძლება ორ საათში გაიარო, ჩვენ მტრის საგუშაგოებისთვის რომ გვერდი აგვევლო, დღე-ნახევარი დაგვჭირდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი წამოსვლის მერე მისულან „კაფირები“ ალექსიესთან შემოწმებაზე. გამოდის, რომ ევაკუაცია დროული იყო“, – ჰყვება უფროსი ლეიტენანტი ჩავალახი.

უკრაინის 27 წლის გმირი ახლა რეაბილიტაციას გადის. როდის შეძლებს, რომ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდეს, ამას სამედიცინო კომისია გადაწყვეტს.

წყარო: Armyinform.com.ua

ამის უკან დგას შვედეთის მოქალაქე იაკობაშვილი – ხოშტარია ბათუმში შემოსულ სანქცირებული ნავთობზე

პარტია „დროას“ ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთულ გემს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.

ხოშტარიას თქმით, რუსული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, ქართველ ბიზნესმენებთანაა დაკავშირებული.

„საქართველოში, ბათუმის პორტში, იყო შემოსული გემი. ამ გემს მოჰქონდა „როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობ პროდუქცია. უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე. პირველი – სანქცირებული გემი, რომელიც გადის 500 კილომეტრს წარმოუდგენელია შემოდიოდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე. მეორე – პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო. (როგორც ამბობენ, საბაჟოს ამ ყველაფერზე ინფორმაცია არ ჰქონია, მაგრამ სხვა შემთხვევაში შემოსვლა შეუძლებელი იქნებოდა),“ – განაცხადა დღეს, 28 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში მუშაობს სანქცირებული ნავთობპროდუქტების ქვეყანაში შემოტანის მექანიზმი.

„რა უნდოდა პორტში ამ გემს? სანქციების თავიდან აცილების მექანიზმი ხდება შემდეგნაირად – შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისთვის, რომ შემდგომ გაგრძელდეს და წაიღონ ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, როცა ეს ინფორმაცია საჯარო გახდა, როგორც უკრაინულ, ისე ქართულ პრესაში.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან, ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და ქართულ პორტში მიიღეს,“ – განაცხადა ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.

მან ასევე გაიხსენა 2020-2021 წლებში ამერიკელი სენატორების მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტი უკანონო ვაჭრობის სამიზნე გახდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოვიდა, 26 ივნისს გახდა ცნობილი.

ინფორმაცია სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოტანის შესახებ 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. 27 ივნისს, საქართველოს მთავრობამ დაადასტურა, რომ გემზე ნამდვილად სანქცირებული პროდუქტი იყო.

იმავე დღეს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის პორტიდან უკან გააბრუნეს.

ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა

დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის კრიტერიუმები დაასახელეს.

ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება, წელს, ივლისიდან, პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.

ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები.

უნაყოფო წყვილიდან ერთ-ერთი პირი მაინც უნდა იყოს 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეზე სრული ანაზღაურება 10 000 ლარი იქნება, თუმცა დამდგარი შედეგის [ორსულობის] შემთხვევაში დაფინანსება ჩერდება ნებისმიერ ეტაპზე და ანაზღაურება ამ შემთხვევაში მოხდება ფაქტობრივი ხარჯით.

2022 წლის მარტში, როცა პროგრამა დაანონსდა, ითქვა, რომ პროგრამა გაითვალისწინებდა ყველა ბენეფიციარის დაფინანსებას, რომელიც აჭარაშია რეგისტრირებული, მაგრამ პრიორიტეტულობა დაფინანსების პროცენტულ წილთან მიმართებაში მიენიჭებოდა სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და შშმ სტატუსის მქონე პირებს. მაგალითად, განიხილებოდა, რომ ის ჯგუფები, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს მაღალი და არ აქვს შშმ სტატუსი, დაფინანსდებოდნენ 70 და 50 პროცენტით.

თუმცა დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე დაზუსტებული კრიტერიუმების თანახმად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ძირითადი პროცენტული მოცულობა 100 და 80 პროცენტი იქნება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ასეთია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ძირითადი კრიტერიუმები:

  • წყვილთაგან ორივე უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე მომართვის პერიოდისთვის და უწყვეტად – უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.
  • გარდა ამისა, წყვილთაგან რომელიმე უნდა იყოს 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.

ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება წინასწარი ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემდეგი პროპორციების დაცვით:

  • 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის და 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 100%ით, არაუმეტეს 10 000 ლარისა;
  • 100 000-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 80%-ით, არაუმეტეს 8 000 ლარისა.

სამედიცინო მომსახურების ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაიფარება პაციენტის მიერ.

ქვეპროგრამით არ დაფინანსდება:

  • უშვილო წყვილისათვის დონორის ბიოლოგიური მასალის გამოყენების ხარჯები (დონორი კვერცხუჯრედი, დონორი სპერმა და დონორი ემბრიონი);
  • უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;
  • საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;
  • სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან. 

წლის განმავლობაში უნაყოფო წყვილს დაუფინანსდება უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ერთი ციკლი. ხელოვნური განაყოფიერების არაეფექტურობის შემთხვევაში კი განმეორებითი დაფინანსება განხორციელდება 4 თვის განმავლობაში 3 000 ლარით.

ქვეპროგრამით არ დაფინანსდება იმ წყვილის სამედიცინო მომსახურება, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც უფიქსირდება წლიური შემოსავალი 40 000 და მეტი ლარი. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლე პირები ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ თავიანთი დაზღვევის შესაბამისი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ. ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარების მკურნალობა დაფინანსდება დარჩენილი თანხის 50%-ით, წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს.

სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეებს (იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პირობებით არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ სამედიცინო სერვისი) ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისები დაუფინანსდებათ ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით.

_______________

ფოტოზე: ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ფოტო: facebook

ვინ მოაწყობს ადაპტირებულ პლაჟს იქ, სადაც ბულვარი არ არის?

„ჩვენთან, თამარის დასახლებაში, მოაწყვეს პლაჟზე გადასასვლელი პანდუსი, მაგრამ  ტივტივები არ არის, რომ ჩემმა შშმ შვილმა შეძლოს ზღვაში ცურვა. თუ ტივტივა არ იქნა, მხოლოდ გადასასვლელი რას შეცვლის,“ – ამბობს გოგიტა მურცხვალაძე. ის ბათუმში, თამარის დასახლებაში ცხოვრობს ზღვასთან ახლოს და სანაპიროზე ითხოვს ადაპტირებულ საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ამ ეტაპზე ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლშია მოწყობილი.

შშმ შვილის მამამ დახმარებისთვის ბათუმის მერიას მიმართა, საიდანაც წერილობით უპასუხეს, რომ ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის – ტივტივა ეტლების, საშხაპის, გასახდელის, საპირფარეშოს სანაპირო ზოლზე მოწყობა საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს კომპეტენციაში არ შედის.

ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ მოაწყო. ელექტრონული ტენდერი ორი ტივტივა ეტლი-სავარძლის შესყიდვაზე წელსაც გამოცხადდა, რომლის შედეგად ხელშეკრულება 20 ათას 400 ლარზე გაფორმდა.

ვინ უნდა მოაწყოს ადაპტირებული პლაჟი სანაპიროზე, რომელიც ბულვარს არ ეკუთვნის? – ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრიდან სამუშაო დღის დასრულდებამდე ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ საკითხზე ინფორმაციას მერია  ხვალ მოგვაწვდის.

Johnnie Walker-ის, Smirnoff-ის და სხვა ბრენდების მფლობელი კომპანია რუსეთს ტოვებს

ბრიტანული კომპანია Diageo, რომელიც ფლობს ისეთ ცნობილი ალკოჰოლური სასმელების ბრენდებს, როგორიცაა: Smirnoff-ი, Johnnie Walker-ი, Guinness-ი, Baileys-ი და Captain Morgan-ი, რუსეთის ბაზარს ტოვებს.

კომპანიამ 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეწყვიტა ექსპორტი, ამჯერად კი Diageo ბაზრის სრულად დატოვებას აპირებს ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში.

„მედუზას“ ცნობით, Diageo ალკოჰოლს აწვდიდა რუსეთში 70 000 მაღაზიას, 19 000 რესტორანსა და ბარს. კომპანიას 300-მდე თანამშრომელი ჰყავს რუსეთში.

______________

ფოტოზე: ბრენდ Johnnie Walker-ის ცნობილი ლოგო

„დინამო ბათუმი“ ხვალ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება

ხვალ, 29 ივნისს, „დინამო ბათუმი“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ შეხვდება. საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტურის მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5-10 ლარი ღირს, VIP სექტორში კი – 25 ლარი. ბილეთები ონლაინ იყიდება.

„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში 44 ქულით პირველ ადგილზეა. მას 38 ქულით მოსდევს „დინამო“ თბილისი.

29 ივნისის მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ. „დინამო ბათუმში“ ცოტა ხნის წინ გადმოსული ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო კარიერას იტალიაში, საფეხბურთო კლუბ „ნაპოლში“ გააგრძელებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე კვარაცხელია რუსულ კლუბ „რუბინში“ თამაშობდა.

რუსეთი ვერც მოიგებს და არც უნდა მოიგოს – მაკრონი ომის დასრულების ვადებზე

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

როგორც G7-ის სამიტის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, მას იმედი აქვს, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდება.

„რუსეთმა არ შეიძლება მოიგოს ეს ომი და ვერც მოიგებს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმდენ ხანს და ისეთი ინტენსივობით გაგრძელდება, რამდენ ხანსაც და როგორც ეს საჭირო იქნება.

მე ვფიქრობ, რომ უნდა მივესალმოთ უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის ხალხისა და არმიის სიმამაცეს. რაც შეეხება მიზანს, ომი 4 თვეა მიდის, წლის ბოლო ჯერ კიდევ შორსაა. ვერავინ დაიჯერებს, რომ ომი უახლოეს კვირებში ან თვეებში დასრულდა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წლის ბოლოს მაინც მოხდება, თუმცა იმ რწმენით, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს და ვერც მოიგებს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის ერთადერთი მიზანი უკრაინის ტერიტორიების მიტაცებაა და დასძინა, რომ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციებს, გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს და მოლაპარაკებები აწარმოოს იმ დროს და იმ პირობებით, როგორც ამას თავად უკრაინელები აირჩევენ“.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უთხრა, მას ომის დასრულება 2022 წლის ბოლომდე სურს.

„პულოვერში“ – ნესტან ნენე კვინიკაძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

30 ივნისს ბათუმში, „ბიბლუსი გალერეაში“ მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

„პულოვერში“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელიც 2021 წელს გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“.

პრეზენტაცია და შეხვედრა მწერალთან „ბიბლუსი გალერეაში“ 19 საათზე დაიწყება, მისამართზე – მემედ აბაშიძის #52.

შეხვედრა იმართება „ბიბლუსისა“ და „ინტელექტის“ კვირეულის ფარგლებში. ბათუმში სულ დაგეგმილია 5 შეხვედრა და ახალი გამოცემების პრეზენტაცია.

პირველ ივლისს ბათუმის „ბიბლუსში“ თემურ ელიავა ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე – „ყვავების ფოსტა“;  2 ივლისს – ერეკლე დეისაძე წარადგენს თავის ახალ წიგნს – „საქართველოს მოქალაქე“; 3 ივლისს პაატა შამუგია იქნება „ბიბლუსში“ და წარადგენს კრებულს – „არგადარჩენა“, ხოლო 5 ივლისს გაიმართება რეჟისორ ზაზა ხალვაშის წიგნების წარდგენა – „მუჭში დამალული კენჭები“ და „იქ ჩემთან“.

დასწრება თავისუფალია.

 

შუახევი ჰესმა წელს 75 პროცენტით მეტი დენი გამოიმუშავა, ვიდრე შარშან

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” [ესკო] მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვეში საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ჯამში 241 მილიონი კილოვატსაათით მეტია, ვიდრე გასული წლის მაისში იყო.

აქედან 100,6 მილიონი კილოვატსაათით არის გაზრდილი უშუალოდ სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ანუ სეზონურმა ჰესებმა ჯამში 19,6 პროცენტით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს მიმდინარე წლის მაისში, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში.

სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2021-2022 წლების იანვარ-მაისში

ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ ესკოს  მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი, 2022 წლის პირველ ხუთ თვეში „შუახევი ჰესს“ თითქმის 75 პროცენტით მეტი ელექტროენერგია აქვს გამომუშავებული, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

„შუახევი ჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. წყარო: ესკო

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდის პარალელურად, მცირდება იმპორტი. ანუ საქართველოში რაც უფო მეტი ელექტროენერგია გამომუშავდება, მით უფრო ნაკლებ დენს ყიდულობს ქვეყანა.

იმავე ესკოს მონაცემებით, 2022 წლის მაისში საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგია საერთოდ არ შეუსყიდია.

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 2022 წელი / წყარო: ესკო

რამ გამოიწვია ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა და რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის – გვესაუბრება აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი

  • ესკოს მონაცემებით მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა შარშანდელთან შედარებით 19,6%-ითაა გაზრდილი, რით არის ეს გამოწვეული?

სეზონური ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა განპირობებულია კარგი ჰიდროლოგიით, გახანგრძლივებული ზამთრით, კარგი თოვლით წვიმასთან ერთად.

  • მათ შორის, „შუახევი ჰესმა“ 2022 წლის 5 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75 %-ით გაზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი. ეს მაქსიმუმია „შუახევი ჰესისთვის“, თუ შესაძლებელია კიდევ მეტის გამომუშავება?

გასული 5 თვის განმავლობაში ჩვენ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შემუშავებულ გეგმას უსწრებს. „შუახევი ჰესს“ შეუძლია კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება იმ შემთხვევაში, თუ მეტი შემოდინება იქნება.

  • რას ნიშნავს, ზოგადად, საქართველოსთვის ჰიდროსადგურების მიერ შარშანდელთან შედარებით 19,6%-ით მეტი ენერგიის გამომუშავება? ეს იქნება ქვეყნის შიდა ქსელში გასაშვები ელექტროენერგია, თუ საექსპორტო რესურსი? შეგვიძლია ამ მონაცემების მიხედვით ვთქვათ, რომ გამომუშავების ზრდა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას?

ეს ნიშნავს საკმაოდ წარმატებულ წელს ქართული ჰიდროენერგოსექტორისთვის, რადგან 19.6%-ით გაზრდილი ელექტროენერგიის შიდა წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების, ასევე, ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული და ამ მხრივ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, აქტიურად უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისება.

  • კონკრეტულად ქვეყნის ენერგოსექტორისთვის მიმდინარე მონაცემებით რას ცვლის „შუახევი ჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგიის ზრდა, რა წილია მისი მთელ სექტორში?

„შუახევი ჰესის“ წილი ქართულ ენერგოსექტორში დაახლოებით 5%-ია. სხვა ჰესებისგან განსხვავებით, რომლებიც მოდინებაზე არიან, მის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს რეზერვუარი, რომლის საშუალებითაც „შუახევი ჰესს“ 12-საათიანი გენერაცია შეუძლია, რითაც ეხმარება ქსელს ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაში.

  • უკვე სამი წელია ელექტროენერგიას გამოიმუშავებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? მოლოდინებს ემთხვევა, მეტია, ნაკლებია და კიდევ თუ მოიმატებს?

ოპერირების დაწყების პირველ წლებში ელექტროენერგიის გამომუშავება იყო დაგეგმილზე ნაკლები არახელსაყრელი ჰიდროლოგიის გამო. წელს ჰიდროლოგია კარგია და გამომუშავება უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გეგმას. ჩვენ მიერ ელექტროენერგიის წარმატებით გამომუშავებას, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ჰიდროლოგია, ხოლო მეორე მხრივ, მაღალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც გაზრდილი ნაკადის ათვისების და შესაბამისად, მეტი გენერაციის შესაძლებლობას იძლევა.

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიკარგა

თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონში ორი ადამიანი დაიკარგა 27 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად.

კასტამონუსა და დუზჩეს პროვინციებში ორი კაცი ძლიერი წვიმის დროს, წყალდიდობის შედეგად ჩახერგილი ქუჩების გასუფთავებისას დაიკარგა. ერთ-ერთი მათგანი ბულდოზერს მართავდა, რომელიც მოვარდნილმა წყალმა გადაატრიალა და კაცი ნიაღვარმა გაიტაცა.

თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობისგან დაზარალებული ტერიტორიებიდან ასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული. წყალდიდობამ შეაფერხა 118 სოფელში შესვლა, სადაც გზები წყალდიდობის შედეგად დაზიანდა.

ამავე თემაზე: 

წყალდიდობა თურქეთში – კასტამონუს პროვინციაში მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან

ბსუ-ს რექტორის პასუხი სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“

ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უფლება არ აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. სტუდენტებისა და ბათუმის საკრებულოს წევრის „თანამშრომლობაზე“ რექტორის პოზიცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს პრესცენტრმა წერილობით მოაწოდა. რექტორს პოზიციის დაფიქსირება მას შემდეგ ვთხოვეთ, რაც გაირკვა, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტურ ჩატში საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე, სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით დავალებებს აძლევდა.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს ჩაერიოს და შესაბამისად არც ერევა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ვფლობთ ინფორმაციას როგორც სტუდენტური თვითმმართველობის, ასევე სხვა სტუდენტური ჯგუფების პირადი მიმოწერის თუ სხვა სახის კომუნიკაციის შესახებ,“ – აღნიშნავს რექტორი მერაბ ხალვაში.

დღეს, 28 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან გორგილაძემ, ბრიფინგი გამართა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს რეაგირება სთხოვა სტუდენტების მიერ ოპოზიციის დისკრედიტაციაში ორგანიზებულ ჩართულობაზე.

„დავაჰაჰავოთ,“ „გადავაზიაროთ და დავცინოთ“ – წერს სტუდენტების ჩატში საკრებულოს წევრი რიჩარდ სირაბიძე. მიმოწერის ამსახველი სქრინები გუშინ TV25-მა გაავრცელა. სქრინებით ჩანს, რომ ოპოზიციის დისკრედიტაციის ორგანიზებაში ჩართულია ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ლიკა დიასამიძეც.

„ბათუმელები“ ცდილობს თავად ლიკა დიასამიძესაც ჰკითხოს ოპოზიციის დისკრედიტაციაში ჩართულობაზე, თუმცა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ახალარჩეული თავმჯდომარე სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

___

ამ თემაზე:

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

 

როდის აღდგება წყლის მიწოდება ბარცხანაში

„ბათუმის წყლის“ ცნობით, დღეს, 28 ივნისს, წყალი შეწყდა ბარცხანის დასახლებაში.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება ბარცხანაში აბონენტებს 19 საათამდე შეუწყდათ.

წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარული დაზიანებაა.

რუსეთში შესვლა აუკრძალეს ბაიდენის ცოლ-შვილსა და ცნობილ პროფესორებს

დღეს, 28 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსოფობიული კურსის ჩამოყალიბებისთვის“ რუსეთში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების 25 მოქალაქეს.

სიაში არიან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცოლი, ჯილ ბაიდენი და შვილი – ეშლი ბაიდენი.

ასევე, რუსეთში შესვლა აუკრძალეს „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე წევრსა და აშშ-ის პრესტიჟული უნივერსიტეტების: სტენფორდის, ჰარვარდისა და კოლუმბიის პროფესორებს. მათ შორის არის ფრენსის ფუკუიამა, იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.

ამ დრომდე რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ამერიკის შეერთებული შტატების 1000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

 

როგორ ცხოვრობს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მშობლები მარიუპოლში დაკარგა – „ისინი ზეციდან გვიყურებენ“

„მე ავუხსენი, რომ ეს ომია, სასტიკი ომი და სამწუხაროდ ასე ხდება. ვუთხარი, რომ მისი მშობლები ახლა ზეცაში არიან და იქიდან უყურებენ, რომ მარტო არაა, რომ ჩვენ ვიშვილეთ, ვიზრუნებთ მასზე, გვეყვარება და თუ მას ეს ენდომება, ჩვენ ვეცდებით, მისი დედ-მამა ვიყოთ“, – ამბობს მარია.

ომი სულ ორი დღის დაწყებული იყო, როდესაც ილიას დედა შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. მეორე დღეს, 27 თებერვალს, მამამ 6 წლის ილია მეზობლებს დაუტოვა, დაუტოვა მისი დაბადების მოწმობაც და  ცოლის საძებნად წავიდა.

მას შემდეგ ილია კოსტუჩევიჩს აღარც მამა უნახავს.

ბავშვი, მეზობლებთან ერთად, სამი კვირა ემალებოდა ბომბებს მარიუპოლის სარდაფებში.

„ახლახან გავიგეთ, რომ სავარაუდოდ, დედამისი იმ ხიდზე ყოფილა, რომელზეც ის საშინელი ტრაგედია მოხდა. ხიდი ააფეთქეს“, – ამბობს მარია ბესპალაია. 6 წლის ილიაზე ახლა ის და მისი მეუღლე, ვლადიმირი ზრუნავენ.

ახალგაზრდა წყვილი სლავიანსკიდანაა. ილიას მსგავსად, მათაც მშობლიური ქალაქიდან გაქცევა მოუწიათ და ახლა შვილობილთან ერთად კიევში ცხოვრობენ.

მარია იხსენებს, რომ ბავშვს დიდი დრო დასჭირდა, რათა მათთვის მოეყოლა, რაც თავს გადახდა.

„ჩვენ არ ვაძალებთ, არ ვეკითხებით, ხანდახან თვითონ მოინდომებს ხოლმე მოყოლას“, – ამბობს ვლადიმირი.

„ისე მშიოდა, რომ მეგობრის სათამაშოებს ვჭამდიო, ასე მოგვიყვა“, – ამატებს მარია.

ალყაშემორტყმული ქალაქიდან ილია მოხალისეებმა გამოიყვანეს. მათი დახმარებით იპოვა ილიამ ახალი ოჯახიც. მოხალისეებმა სოციალურ ქსელში ნახეს წყვილის პოსტი, რომ მათ ბავშვის შვილად აყვანა სურდათ.

„ემოციებში ვიყავით. ასე როგორ იგრძნო, რომ ჩვენია. ასეთი დამთხვევა. უბრალოდ პოსტი სოციალურ ქსელებში და მან ჩვენ გვიპოვა“, – იხსენებს მარია იმ მომენტს, როდესაც გაიგეს, რომ ილიაზე ზრუნვა შეეძლოთ.

„მოედანზე როცა ვართ, შეიძლება დაიყვიროს – „მამა, მოდი აქ!“ ვხედავ, ეს მოსწონს, რომ თვითონაც ისეა, როგორც სხვა ბავშვები. ისეთი სიამაყით ამბობს ხოლმე – „მამა, ნახე, რა შემიძლია!“ თანდათანობით, თანდათანობით, თავისით დალაგდა“, – ჰყვება ვლადიმირი.

„მე ავუხსენი, რომ ეს ომია, სასტიკი ომი და სამწუხაროდ ასე ხდება. ვუთხარი, რომ მისი მშობლები ახლა ზეცაში არიან და იქიდან უყურებენ, რომ მარტო არაა, რომ ჩვენ ვიშვილეთ, ვიზრუნებთ მასზე, გვეყვარება და თუ მას ეს ენდომება, ჩვენ ვეცდებით, მისი დედ-მამა ვიყოთ“, – ამბობს მარია.

თვეზე ცოტა მეტია, რაც მარიასთან და ვლადიმირთან ცხოვრობს. სათამაშოები დიდად არ უყვარს, ყველაზე ხშირად „ლეგოს“ ასაწყობი კომპლექტებით თამაშობს, სამაგიეროდ, უყვარს კინოში და გასართობ ცენტრებში სიარული, ხატვა და კატა „ფროსია“, რომლის ფოტოც მან ბორის ჯონსონსაც გაუგზავნა.

მაისში ილიამ გადაწყვიტა, უკრაინელი ბავშვებისადმი ღია წერილის პასუხად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის მიეწერა. ილიას გზავნილი, უკრაინის დროშასა და ფოტოსთან ერთად, ბორის ჯონსონმა 17 ივნისს, კიევში ყოფნისას, მიიღო.

ბორის ჯონსონი ილიას წერილით/ფოტო: ტვიტერი@TpyxaNews

„ძვირფასო ბორის ჯონსონ! მინდა, მალე დამთავრდეს ომი, რომ აღარ კვდებოდნენ ადამიანები. მინდა, ფეხბურთი ვითამაშო სახლში, მარიუპოლში. მინდა, რომ მსოფლიოში არცერთმა ბავშვმა არ ნახოს ომი. მომიკითხეთ ბრიტანელი ბავშვები, მადლობა, რომ გვეხმარებით. ჩვენ გავიმარჯვებთ! მე მყავს კატა, სახელად „ფროსია“. გეხვევი და გიგზავნი ჩემს დახატულ უკრაინის დროშას“.

უკრაინის დროშა, ოღონდ ნამდვილი, ილიას ოთახშიც უკიდია. საგანგებოდ სთხოვა მარიას მისი ყიდვა.

„ზის და გვეუბნება – „მე თქვენ არასოდეს მიგატოვებთ. მე ყველაზე კარგი შვილი ვიქნები,  რომ თქვენ ჩემ გამო არასოდეს იდარდოთ“, – ამბობს მარია, რომელიც როგორც კი ომი დასრულდება, აპირებს,  ოფიციალურად გაიფორმოს ბავშვზე მეურვეობა, რადგან უკრაინის კანონმდებლობით, ომის პერიოდში, მას და ვლადიმირს ბავშვის შვილად აყვანა არ შეუძლიათ.

წყარო: Настоящее Время

ბსუ-ს რექტორს სტუდენტების „ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე“ რეაგირებას სთხოვენ

დღეს, 28 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან გორგილაძემ, ბრიფინგი გამართა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და ბათუმის საკრებულოს მიმართა.

მან რეაგირება მოითხოვა ბსუ-ს სტუდენტების ოპოზიციის დისკრედიტაციაში ჩართვაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე უწევს კოორდინაციას.

საუბარია TV25-ის მიერ გუშინ, 27 ივნისს, მომზადებულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც ბსუ-ს სტუდენტურ ჩატში ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, რიჩარდ სირაბიძე, კონკრეტული პირების დისკრედიტაციის მიზნით დავალებებს აძლევს სტუდენტებს.

„დავაჰაჰავოთ,“ „გადავაზიაროთ და დავცინოთ“ – წერს ჩატში რიჩარდ სირაბიძე. მიმოწერის ამსახველი სქრინებით ჩანს, რომ ამ პროცესში ჩართულია ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ლიკა დიასამიძეც.

„იცით თუ არა, რომ თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი ჩართულია ამ ტროლ-ბოტურ ქარხანაში და ამაში მთავარი როლი მიუძღვის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ლიკა დიასამიძეს?“ – ასე მიმართა ბსუ-ს რექტორს ლევან გორგილაძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე მან ასევე ივარაუდა, რომ სტუდენტების, როგორც პოლიტიკური ტროლების გამოყენებაზე, კარგად იციან ბათუმის საკრებულოს სხვა წევრებმაც მმართველი პარტიიდან, ხოლო „რიჩარდ სირაბიძე მხოლოდ პაიკია“.

ლევან გორგილაძის აზრით, სოციალური ქსელის მიმოწერის გასაჯაროება კარგად აჩვენებს, რატომაც არ არიან  სტუდენტები პოლიტიკურად აქტიურები.

_______________

ფოტოზე: კოლაჟი. სქრინი TV25-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა

Exit mobile version