მთავარი,სიახლეები

რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის აშშ-მ სავაჭრო შავ სიაში 5 ჩინური კომპანია დაამატა

29.06.2022 • 1031
რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის აშშ-მ სავაჭრო შავ სიაში 5 ჩინური კომპანია დაამატა

28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სავაჭრო შავ სიაში რუსეთის სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის სავარაუდოდ მხარდაჭერისთვის 5 ჩინური კომპანია დაამატა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ ამ ნაბიჯით უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველყოფას ცდილობს.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობს შავ სიას, აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიები, რუსულ „საეჭვო კომპანიებს“ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, 24 თებერვლამდე, აწვდიდნენ საქონელს და ახლაც „აგრძელებენ სანქცირებული კომპანიებისა და მხარეებისთვის კონტრაქტების დადებას“.

როგორც „როიტერსი“ წერს, სააგენტომ შავ სიაში დაამატა კიდევ 31 კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ლიეტუვიდან, პაკისტანიდან, სინგაპურიდან, გაერთიანებული სამეფოდან, უზბეკეთიდან და ვიეტნამიდან. აქედან 36 კომპანიიდან 25-ს ჰქონდა ჩინეთში ბაზირებული ოპერაციები.

ვაჭრობის მდივნის მოადგილემ მრეწველობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ალან ესტევესმა განაცხადა, რომ ეს ქმედება მთელ მსოფლიოში არსებულ კომპანიებსა და ინდივიდებს უგზავნის ძლიერ შეტყობინებას, რომ თუ ისინი შეეცდებიან რუსეთის მხარდაჭერას, შეერთებული შტატების სანქციები მათზეც გავრცელდება.

აწვდიდნენ თუ არა ეს ჩინური კომპანიები საქონელს რუს სამხედროებს? – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა არც დაადასტურა და არც უარყო აშშ-ს ბრალდებები, მაგრამ გაიმეორა, რომ ჩინეთი არ ეთანხმება აშშ-ს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„ჩინეთსა და რუსეთს აქვს ნორმალური სავაჭრო თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. ამაში არ უნდა ჩაერიოს მესამე მხარე”, – განაცხადა მან დღეს, 29 ივნისს, პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში თქვა, რომ პეკინს არ გაუწევია რაიმე ტიპის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის ან უკრაინისთვის. საელჩომ დასძინა, რომ მიიღებს „აუცილებელ ზომებს“ თავისი კომპანიების უფლებების დასაცავად, რადგან სანქციები არღვევს საერთაშორისო სამართალს.

კომპანიების შავ სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ მათ აშშ-ს მიმწოდებლებს სიაში შეყვანილი კომპანიებისთვის საქონლის გასაგზავნად დასჭირდებათ ვაჭრობის დეპარტამენტის ლიცენზია.

აშშ-ს ოფიციალური პირები ადრე აცხადებდნენ, რომ საერთო ჯამში ჩინეთი იცავდა შეზღუდვებს, თუმცა ვაშინგტონი იმეორებდა, რომ ყურადღებით აკვირდება სანქციებთან შესაბამისობას და მკაცრად აიძულებს რეგულაციების აღსრულებას.

„ჩვენ უყოყმანოდ ვიმოქმედებთ, მიუხედავად იმისა, სად მდებარეობს მხარე, თუ ის არღვევს აშშ-ს კანონს“, – განაცხადა ვაჭრობის მდივნის თანაშემწემ ექსპორტის ადმინისტრაციის საკითხებში, თეა როზმან კენდლერმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: