მთავარი,სიახლეები

ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის წესი 2023 წლიდან იცვლება

29.06.2022
ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის წესი 2023 წლიდან იცვლება

საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, 2023 წლის მაისიდან მოგზაურობამდე წინასწარი ავტორიზაციის გავლა და ამ სერვისში 7 ევროს [დაახლოებით, 21 ლარი] გადახდა მოუწევთ.

ETIAS – ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, ასე ჰქვია დიდწილად ავტომატიზებულ IT სისტემას, რომელიც, როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „შექმნილია, რათა აღმოაჩინოს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურ ვიზიტორთა მიერ წარმოქმნილი უსაფრთხოების, არარეგულირებული მიგრაციის ან მაღალი ეპიდემიური რისკები და ამავდროულად, ხელი შეუწყოს საზღვრის კვეთაში ვიზიტორთა დარჩენილ უმრავლესობას – რომელიც არ ქმნის მსგავს საფრთხეებს“.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ETIAS ავტორიზაცია მოახდენს საზღვრის კვეთაზე მოულოდნელი უარის და უკან დაბრუნების შემთხვევების პრევენციასაც.

ისინი, ვისაც შენგენის ზონაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, ვალდებულნი იქნებიან მოგზაურობამდე ETIAS-ს სისტემის მეშვეობით, ელექტრონულად მიიღონ მოგზაურობის ავტორიზაცია. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მოგზაურობის მსურველთა უდიდესი ნაწილი, 95% ავტორიზაციას რამდენიმე წუთში მიიღებს, ხოლო იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დამატებით შემოწმება გახდება საჭირო, პროცესი შეიძლება მაქსიმუმ 30 დღემდე გაგრძელდეს.

ავტორიზაციის დოკუმენტი იქნება სავალდებულო დოკუმენტთა შორის, რომელსაც ევროკავშირის საზღვრის კვეთისას შეამოწმებენ მესაზღვრეები. ETIAS-ით ავტორიზაციის გავლა არ მოეთხოვებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.

როგორც EITAS-ის სპეციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ავტორიზაცია ვალიდური იქნება სამი წლის განმავლობაში, ან სანამ ვადა გაუვა ავტორიზაციის მფლობელის პასპორტს [ამ სამი წლის პერიოდში].

ავტორიზაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:

  • განაცხადის შევსებისას მითითებული იყო ცრუ ინფორმაცია
  • ცნობილი გახდა უსაფრთხოების ახალი რისკის შესახებ
  • პირობები, რომლითაც გაიცა EITAS-ს ავტორიზაცია აღარაა დაცული

მსგავსი სისტემა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მას ESTA – მოგზაურობის ავტორიზების ელექტრონული სისტემა ჰქვია. ESTA იმ მოქალაქეებისთვისაა, ვისაც აშშ-ში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, ავტორიზაციის მოსაკრებელი 21 დოლარია, ხოლო ავტორიზაციის ვალიდურობის ვადა – 2 წელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: