მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მშობლები მარიუპოლში დაკარგა – „ისინი ზეციდან გვიყურებენ“

28.06.2022 •
როგორ ცხოვრობს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მშობლები მარიუპოლში დაკარგა – „ისინი ზეციდან გვიყურებენ“

„მე ავუხსენი, რომ ეს ომია, სასტიკი ომი და სამწუხაროდ ასე ხდება. ვუთხარი, რომ მისი მშობლები ახლა ზეცაში არიან და იქიდან უყურებენ, რომ მარტო არაა, რომ ჩვენ ვიშვილეთ, ვიზრუნებთ მასზე, გვეყვარება და თუ მას ეს ენდომება, ჩვენ ვეცდებით, მისი დედ-მამა ვიყოთ“, – ამბობს მარია.

ომი სულ ორი დღის დაწყებული იყო, როდესაც ილიას დედა შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. მეორე დღეს, 27 თებერვალს, მამამ 6 წლის ილია მეზობლებს დაუტოვა, დაუტოვა მისი დაბადების მოწმობაც და  ცოლის საძებნად წავიდა.

მას შემდეგ ილია კოსტუჩევიჩს აღარც მამა უნახავს.

ბავშვი, მეზობლებთან ერთად, სამი კვირა ემალებოდა ბომბებს მარიუპოლის სარდაფებში.

„ახლახან გავიგეთ, რომ სავარაუდოდ, დედამისი იმ ხიდზე ყოფილა, რომელზეც ის საშინელი ტრაგედია მოხდა. ხიდი ააფეთქეს“, – ამბობს მარია ბესპალაია. 6 წლის ილიაზე ახლა ის და მისი მეუღლე, ვლადიმირი ზრუნავენ.

ახალგაზრდა წყვილი სლავიანსკიდანაა. ილიას მსგავსად, მათაც მშობლიური ქალაქიდან გაქცევა მოუწიათ და ახლა შვილობილთან ერთად კიევში ცხოვრობენ.

მარია იხსენებს, რომ ბავშვს დიდი დრო დასჭირდა, რათა მათთვის მოეყოლა, რაც თავს გადახდა.

„ჩვენ არ ვაძალებთ, არ ვეკითხებით, ხანდახან თვითონ მოინდომებს ხოლმე მოყოლას“, – ამბობს ვლადიმირი.

„ისე მშიოდა, რომ მეგობრის სათამაშოებს ვჭამდიო, ასე მოგვიყვა“, – ამატებს მარია.

ალყაშემორტყმული ქალაქიდან ილია მოხალისეებმა გამოიყვანეს. მათი დახმარებით იპოვა ილიამ ახალი ოჯახიც. მოხალისეებმა სოციალურ ქსელში ნახეს წყვილის პოსტი, რომ მათ ბავშვის შვილად აყვანა სურდათ.

„ემოციებში ვიყავით. ასე როგორ იგრძნო, რომ ჩვენია. ასეთი დამთხვევა. უბრალოდ პოსტი სოციალურ ქსელებში და მან ჩვენ გვიპოვა“, – იხსენებს მარია იმ მომენტს, როდესაც გაიგეს, რომ ილიაზე ზრუნვა შეეძლოთ.

„მოედანზე როცა ვართ, შეიძლება დაიყვიროს – „მამა, მოდი აქ!“ ვხედავ, ეს მოსწონს, რომ თვითონაც ისეა, როგორც სხვა ბავშვები. ისეთი სიამაყით ამბობს ხოლმე – „მამა, ნახე, რა შემიძლია!“ თანდათანობით, თანდათანობით, თავისით დალაგდა“, – ჰყვება ვლადიმირი.

„მე ავუხსენი, რომ ეს ომია, სასტიკი ომი და სამწუხაროდ ასე ხდება. ვუთხარი, რომ მისი მშობლები ახლა ზეცაში არიან და იქიდან უყურებენ, რომ მარტო არაა, რომ ჩვენ ვიშვილეთ, ვიზრუნებთ მასზე, გვეყვარება და თუ მას ეს ენდომება, ჩვენ ვეცდებით, მისი დედ-მამა ვიყოთ“, – ამბობს მარია.

თვეზე ცოტა მეტია, რაც მარიასთან და ვლადიმირთან ცხოვრობს. სათამაშოები დიდად არ უყვარს, ყველაზე ხშირად „ლეგოს“ ასაწყობი კომპლექტებით თამაშობს, სამაგიეროდ, უყვარს კინოში და გასართობ ცენტრებში სიარული, ხატვა და კატა „ფროსია“, რომლის ფოტოც მან ბორის ჯონსონსაც გაუგზავნა.

მაისში ილიამ გადაწყვიტა, უკრაინელი ბავშვებისადმი ღია წერილის პასუხად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის მიეწერა. ილიას გზავნილი, უკრაინის დროშასა და ფოტოსთან ერთად, ბორის ჯონსონმა 17 ივნისს, კიევში ყოფნისას, მიიღო.

ბორის ჯონსონი ილიას წერილით/ფოტო: ტვიტერი@TpyxaNews

„ძვირფასო ბორის ჯონსონ! მინდა, მალე დამთავრდეს ომი, რომ აღარ კვდებოდნენ ადამიანები. მინდა, ფეხბურთი ვითამაშო სახლში, მარიუპოლში. მინდა, რომ მსოფლიოში არცერთმა ბავშვმა არ ნახოს ომი. მომიკითხეთ ბრიტანელი ბავშვები, მადლობა, რომ გვეხმარებით. ჩვენ გავიმარჯვებთ! მე მყავს კატა, სახელად „ფროსია“. გეხვევი და გიგზავნი ჩემს დახატულ უკრაინის დროშას“.

უკრაინის დროშა, ოღონდ ნამდვილი, ილიას ოთახშიც უკიდია. საგანგებოდ სთხოვა მარიას მისი ყიდვა.

„ზის და გვეუბნება – „მე თქვენ არასოდეს მიგატოვებთ. მე ყველაზე კარგი შვილი ვიქნები,  რომ თქვენ ჩემ გამო არასოდეს იდარდოთ“, – ამბობს მარია, რომელიც როგორც კი ომი დასრულდება, აპირებს,  ოფიციალურად გაიფორმოს ბავშვზე მეურვეობა, რადგან უკრაინის კანონმდებლობით, ომის პერიოდში, მას და ვლადიმირს ბავშვის შვილად აყვანა არ შეუძლიათ.

წყარო: Настоящее Время

გადაბეჭდვის წესი


ასევე: