მთავარი,სიახლეები

უკრაინის 27 წლის გმირი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 თვე მალავდნენ

28.06.2022 •
უკრაინის 27 წლის გმირი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 თვე მალავდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, დმიტრო ჩავალახი, ომის პირველივე დღეს მძიმედ დაიჭრა და სამი თვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დასახლებაში გაატარა. 27 წლის ოფიცერი ერთ-ერთი პირველია, ვინც ომის დაწყებიდან ძალიან მალე უკრაინის გმირის წოდება მიიღო.

ბატალიონი, რომელშიც დმიტრო მსახურობდა, 24 თებერვალს, როდესაც აფეთქებები და სარაკეტო დარტყმები დაიწყო, ხერსონის ოლქში იმყოფებოდა. დმიტრო იხსენებს, რომ თავიდან ეს ყველას მორიგი პროვოკაცია ეგონა, თუმცა როდესაც შეიტყვეს, რომ რუსები საბრძოლო ტექნიკით ყირიმიდან ხერსონისკენ დაიძრნენ, მიხვდნენ, რომ ომი დაიწყო და ბრძოლა გარდაუვალი იყო.

ბატალიონის მეთაურობას კარგად ესმოდა, რომ ყირიმიდან ხერსონისკენ მიმავალ ოკუპანტებს აუცილებლად უნდა გაევლოთ ჩაპლინკასთან 50 კილომეტრში მდებარე ხიდი. თუკი უკრაინელი სამხედროები რუსებს მიასწრებდნენ და ხიდზე გამაგრდებოდნენ, შეძლებდნენ ოლქის ცენტრისკენ მათი წინსვლა შეჩერებას.

სწორედ ამ მიზნით და ამ მიმართულებით გადაწყვიტა წასვლა დმიტრო ჩავალახის ასეულმაც, თუმცა მათ გზაში მტრის ავიაციამ მიუსწრო და გზა მოუჭრა.

ბრძანება მიიღეს, გეზი შეეცვალათ და წასულიყვნენ ანტონოვსკის ხიდისკენ, რომელიც ხერსონს მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებდა და იქ გამაგრებულიყვნენ.

როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის მოწინააღმდეგეს უკვე მოესწრო ვერტმფრენებიდან ხიდზე დესანტის გადმოსხმა. როდესაც ხიდს მიუახლოვდნენ, ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინელ სამხედროებს ალყიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაღა დარჩენოდათ – ალყის გარღვევა.

დმიტროს ასეულმა ჯავშანტექნიკით დაიწყო წინსვლა, ზურგს ტანკები უმაგრებდნენ.

„ვფიქრობდი, ნუთუ ომის პირველივე დღეს ტყვედ უნდა ჩავვარდნილიყავით, ნუთუ ამ ალყას ვერ დავაღწევდით თავს? არა, გავაღწევთ და ვიბრძოლებთ კიდეც!“ – იხსენებს დმიტრო. – მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე ტანკისტებმა მიიღეს, როდესაც უკვე ჩვენ დავიძარით, დაახლოებით 200 მეტრი ისე გავიარეთ, 82 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებიდან სროლა არ შეუწყვეტიათ. როდესაც პირდაპირ მივადექით, მიატოვეს ტყვიამფრქვევები და გაიქცნენ“.

ასევ გაიარეს უკრაინელმა ქვეითებმა დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ანტონოვსკის ხიდზე და პოზიციებზე გამაგრდნენ.

დმიტრო ახლა რეაბილიტაციას გადის/ფოტო: armyinform

„ზუსტად არ მახსოვს, რა მომენტში დავიჭერი,“ – ჰყვება დმიტრო. – „მახსოვს, რომ სნაიპერები გვესროდნენ. სამნი იყვნენ. ერთ-ერთი გავანეიტრალეთ, დანარჩენი ორი ვერ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტყვიამ სადღაც მუცლის ქვემოთ გაიარა და საზარდულში მომხვდა. ჩემს გარდა კიდევ 4 ჩემი თანამებრძოლი დაიჭრა, ერთი დაიღუპა. ჩვენ ალყა გავარღვიეთ. მართალია უჩემოდ, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დავალება შეასრულეს“.

დმიტრო ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, ის და მისი მეგობრები ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე დღეს დმიტროს რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

გონს 26 თებერვალს მოვიდა. დედას და მეგობრებს დაურეკა და უთხრა, რომ ცოცხალი იყო.

რამდენიმე დღეში კი, დასახლებული პუნქტი, სადაც ჰოსპიტალი მდებარეობდა, რუსებმა დაიკავეს.

2 მარტს დმიტრომ საავადმყოფოში, მედდის ტელეფონით უყურა პირდაპირ ეთერს, როგორ აჯილდოებდა მას პრეზიდენტი ზელენსკი ოქროს ვარსკვლავით, ანტონოვსკის ხიდზე გამოჩენილი მამაცობისთვის. იმ დღესაც, როდესაც დედას ელაპარაკა და მერეც, დმიტრო ყველას ეუბნებოდა, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სინამდვილეში კი, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი – როდესაც კლინიკიდან ალექსეის ბინაში გადაჰყავდათ.

ალექსეი (სახელი შეცვლილია) ის ადგილობრივია, რომელიც დმიტროს ოკუპირებულ დასახლებაში, საკუთარ ბინაში მალავდა.

„იყო შემთხვევები, როდესაც „კაფირები“ მოდიოდნენ სახლთან. ვხედავდი, რომ ალექსეი ნერვიულობდა, მესმოდა კარგად, ოჯახი ჰყავდა, ცოლი, ბავშვები. უფრო მათზე ნერვიულობდა, ვიდრე საკუთარ თავზე. გარეთ ფეხი არ გამიდგამს, ხალხი ძალიან შეშინებული იყო ისედაც და არავინ იცოდა, უცხოს დანახვაზე როგორ მოიქცეოდნენ…

მაისში, კონსპირაციის წესების სრული დაცვით, ოდესის ოლქში გადამიყვანეს. ვინ და როგორ? ამის თქმის უფლება არ მაქვს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმ მანძილის გასავლელად, რომელიც პირდაპირი გზით შეიძლება ორ საათში გაიარო, ჩვენ მტრის საგუშაგოებისთვის რომ გვერდი აგვევლო, დღე-ნახევარი დაგვჭირდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი წამოსვლის მერე მისულან „კაფირები“ ალექსიესთან შემოწმებაზე. გამოდის, რომ ევაკუაცია დროული იყო“, – ჰყვება უფროსი ლეიტენანტი ჩავალახი.

უკრაინის 27 წლის გმირი ახლა რეაბილიტაციას გადის. როდის შეძლებს, რომ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდეს, ამას სამედიცინო კომისია გადაწყვეტს.

წყარო: Armyinform.com.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: