სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები

29.06.2022 •
როგორ დავეხმაროთ ჩვილ ბავშვს დაძინებაში? – გერმანელი ექიმის რჩევები

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ახალშობილს მოუსვენრად სძინავს? როგორ გავიგოთ, ახალშობილს სცხელა თუ სცივა? რა დაეხმარება ბავშვს სწრაფად ჩაძინებაში? – ამ და სხვა შეკითხვებს გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ექიმი მაინის ფრანკფურტიდან, ნარგეს პოიანი პასუხობს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს.

  • რა მიუთითებს ახალშობილის ძილის დარღვევაზე? 

ჩვილის ცხოვრების პირველ წელს ძილის დარღვევაზე საუბარი ადრეა, რადგან არ არის მკაფიოდ გამიჯნული სიფხიზლისა და ძილის მდგომარეობა. ჩვილი ცხოვრობს გარკვეულ შუალედურ სტადიაში და პერიოდულად შედის ღრმა ძილის ფაზაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ძილში ჩვილი იზრდება და მისი ორგანიზმი ეგუება ახალ მდგომარეობას.

აბსოლუტურად ნორმალურია, თუ ახალშობილი იღვიძებს ყოველ ორ საათში დღისითაც და ღამითაც, რომ ჭამოს. ჩვეულებრივ, დღე-ღამის რიტმთან ჩვილი ადაპტირდება მხოლოდ სამი თვის ასაკში. თანდათან ისინი ხვდებიან, რომ როცა სინათლეა, ირგვლივ ყველას ღვიძავს, ხოლო როცა ბნელა – სძინავთ. დაახლოებით ამ დროიდან ბავშვებს, ძირითად შემთხვევებში, სძინავთ ღამით 6 საათი ზედიზედ.

6 თვის ასაკში კი ბავშვის ძილის ხანგრძლივობამ შეიძლება მიაღწიოს 7-8 საათსაც, მაშინაც, თუ მას აქვს მოუსვენარი ძილის ფაზა. დაახლოებით 1 წლის ასაკში ბავშვებს უნდა შეეძლოთ ერთბაშად 8 საათი ძილი. მაგრამ ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის ცვლილება ინდივიდუალურია ყველა ბავშვის შემთხვევაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის ცხოვრების პირველ წელს მისი მშობლების ძილი შეიძლება მნიშვნელოვნად დაირღვეს იმის გამო, რომ მათ შვილს მოუსვენრად სძინავს. იმისთვის, რომ დასვენებისთვის დრო გამონახონ, ახალგაზრდა დედებსა და მამებს ვურჩევდი, დეტალურად ჩაინიშნონ, რომელ საათებში იძინებს მათი შვილი ყველაზე ხშირად და რამდენ ხანს სძინავს. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, მართონ სიტუაცია და გარკვეული საათები გამოყონ საკუთარი დასვენებისთვის, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ჩვილმა შეიძლება გაიღვიძოს იმის გამო, რომ ცივა ან ცხელა. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ის თავს კომფორტულად არ გრძნობს? 

მშობლების უმრავლესობა მიდრეკილია ზედმეტად თბილად ჩააცვან ბავშვებს ღამით. ამავე დროს, ჩვილის სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, სწორედ საღამოს იმატებს და თუ ბავშვი ამ დროს ზედმეტად თბილადაა ჩაცმული, ეს შეიძლება ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკფაქტორიც კი გახდეს გადახურებისგან. ამიტომ ჰაერის ტემპერატურა ოთახში, სადაც ჩვილს სძინავს, 18 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. იმ შემთხვევაში, თუ საძინებელში ცივა, ხოლო ბავშვი იხდის საბანს, გამოსავალია საბავშვო საძილე ტომარა.

ზოგადად, ჩვილს უმჯობესია საბნის და ბალიშის გარეშე ეძინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგუდვის საფრთხე არსებობს.

ჩვილის მშობლებმა არ უნდა იღელვონ, თუ კი ჩვილის ცხვირი, ხელები ან ფეხები გრილია. ეს არაფერს ამბობს ორგანიზმის საერთო ტემპერატურაზე. უბრალოდ სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა არ ხდება სრულყოფილად, კიდურები ჯერ კიდევ არ მარაგდება საკმარისად სისხლით და ამიტომაც არის გრილი. ამ შემთხვევაში ჩვილს შეიძლება ჩავაცვათ სპეციალური წინდები და ხელთათმანები.

  • ხან ხდება ისე, რომ ბავშვი კარგად იძინებს, მაგრამ მალე იღვიძებს და მთელი ღამე არ სძინავს. რის გაკეთება შეიძლება ასეთ სიტუაციაში?

ღრმა ძილის ფაზა პატარა ბავშვებს ჩვეულებრივ აქვთ 23 საათამდე და დილის 4 საათის შემდეგ, ხოლო შუალედებში არის ე.წ. REM-ფაზები [Rapid Eye Movement], სწრაფი ძილის ფაზა, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის მომატებული აქტივობით, როცა ძილში ხდება შეძენილი ცოდნის დამუშავება. ამ ფაზის ერთ-ერთი ნიშანი დახუჭული თვალების სწრაფი მოძრაობაა.

1-2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები REM-ფაზის დროს არც თუ იშვიათად ლაპარაკობენ ძილში, ზოგი მღერის კიდეც ან წიხლებს იქნევს. ხდება ისე, რომ ბავშვები ხმამაღლა ტირიან, ხელიდან დასხლტომას ცდილობენ აყვანის დროს და თითქმის არ რეაგირებენ, როცა მათ ამ დროს ელაპარაკებიან. ეს ბევრ მშობელს აფიქრებინებს, რომ ბავშვს რაღაც შეიძლება სჭირდეს. ისინი აღვიძებენ ბავშვს, ხელით ატარებენ, ბოთლს აძლევენ. მაგრამ ასე მხოლოდ აწუხებენ მას.

ამავე დროს, REM-ფაზის შემდეგ ბევრი ბავშვი თავისით გადადის ღრმა ძილის ფაზაში. ამიტომ ჯერ სჯობს დავაკვირდეთ რა ხდება, წაიღიღინოთ მისთვის ნაცნობი მელოდია, ან ჩასჩურჩულოთ რაიმე დამამშვიდებელი, ან მშვიდად დაადოთ ხელი ბავშვს მკერდზე და ნაზად მოეფეროთ.

სხვა საქმეა, თუ ბავშვი ნამდვილად ტირის. მაშინ ის აუცილებლად უნდა ავიყვანოთ და დავამშვიდოთ. ახალშობილს სჭირდება ვიღაც, ვისაც ის ენდობა, როგორც დღისით, ისე – ღამით. თუ მშობლები არ ვართ გვერდით, რომ ბავშვს აღმოვუჩინოთ საჭირო დახმარება, მისი სტრესის დონე წარმოუდგენლად იზრდება.

მაშინაც კი, თუ გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი, რომელმაც მხარდაჭერა ვერ მიიღო, ტირილს წყვეტს, ეს არ ნიშნავს, რომ ის თავისით დამშვიდდა, ეს ნიშნავს, რომ ის შეეგუა სიტუაციას. ამ ასაკში ბავშვებს უბრალოდ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დამშვიდება ტირილის დროს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ დროს ბავშვებში სტრესის დონე ჯერ კიდევ არ იკლებს. სტრესის ჰორმონები სისხლში რჩება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და უარყოფითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.

  • საღამოს რომელ საათზეა უმჯობესი ბავშვის დაწვენა დასაძინებლად? 

ეს ძალიან ინდივიდუალურია. აქ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ესმოდეთ საკუთარი შვილის სხეულის ენა და დროულად მიხვდნენ, როდის არის ის დაღლილი.

თუ ბავშვი ამთქნარებს ან ისრესს თვალებს, ეს ნიშნავს, რომ მისი დასაძინებლად დაწვენის დროა. აქ მნიშვნელოვანია არ გამოვტოვოთ ეტაპი, როცა მას შეუძლია სწრაფად დაძინება. თავისთავად იგულისხმება, რომ არ შეიძლება ბავშვი საღამოს აქტიურ თამაშებში იყოს ჩართული. ძალიან სასარგებლოა ძილის წინ გარკვეული რიტუალების დაცვა, რომლებიც, რა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს.

ყველაზე პატარებს ტრადიციულად, დასაძინებლად აწვენენ წყნარი იავნანას ფონზე, ხელში ან საწოლში რწევისას. 6-7 თვის ბავშვის დასაძინებლად მეტი დროა საჭირო. ძილის წინ ისიც სჯობს დაამშვიდოთ, ხელში აყვანილი გაატაროთ ოთახში.

უფროს ბავშვებს შეიძლება ჩაეხუტოთ, ცოტა ელაპარაკოთ, გაიხსენოთ, რა მოხდა დღის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედ-მამა ამ დროს ასხივებდეს სიმშვიდეს და იჩენდნენ სინაზესა და სიყვარულს. ბავშვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მას აბედნიერებს და რწმენას უნერგავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: