მთავარი,სიახლეები

„სტუდენტებს ვერ გაგვაჩუმებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე

29.06.2022 • 1359
„სტუდენტებს ვერ გაგვაჩუმებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე

„სტუდენტებს ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია ახლა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და რამდენად საჭიროა განსაკუთრებით სტუდენტების აქტიურობა. მჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში სტუდენტებს ვერ გააჩუმებენ,“ – ამბობს მარიამ პაქსაძე, ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სტუდენტები და ლექტორები დღეს, 29 ივნისს, ბსუ-ს შესასვლელთან შეიკრიბნენ და თქვეს, რომ უერთდებიან 3 ივლისის აქციას  სლოგანით „შინ, ევროპისკენ“.

აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ მასშტაბურ აქციაზე წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“. „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

ბსუ-ს აქციაზე დღეს მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი მივიდა. მაგალითად, სტუდენტი მარიამ პაქსაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, სხვადასხვა მეთოდით, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებს აკონტროლებს.

„გუშინ კარგად გამოჩნდა, რაც ხდება, ჩატი ყოფილა, სადაც თვითმმართველობის დონეზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ტროლებად მუშაობენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ეს სამარცხვინოა…

მანამდე, წინა დღეებში, უნივერსიტეტმა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი „შინ, ევროპისკენ“ გამოქვეყნებიდან 2 საათში წაშალა, როგორც გავიგეთ, რიჟვაძეს არ მოეწონა ეს… შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ძალისხმევით პატარა აქცია მოაწყვეს ამავე გზავნილით „შინ, ევროპისკენ“, რაც იყო ამ წაშლილი პოსტის კომპენსაცია.

დღეს  არც ჩემი კურსელები არ არიან აქ. ალბათ, უფრო გააზრების პრობლემაა. სტუდენტები  ვერ ვაცნობიერებთ კარგად, რას ვკარგავთ და რის გადარჩენა შეგვიძლია. ეს არის გააზრების პრობლემა, თორემ პირდაპირ მათ ვერავინ ეუბნება, რომ აქციაზე არ უნდა გავიდნენ. ამას ვერავინ უბედავს“, – გვითხრა მარიამ პაქსაძემ.

სტუდენტების ტროლ-ბოტურ ქარხანაში ჩართვაზე პეტიცია მოამზადეს სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა. მარიამ სურმანიძე, ანა მალაზონია, მარიამ რესულიძე და თეკლა სოლომონიძე მიიჩნევენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე უნდა შეიცვალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს, რადგან თვითმმართველობა პოლიტიკურ აგიტაციაში არ უნდა იყოს ჩართული.

„უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება თვითმმართველობის მიმართ..,“ – მიიჩნევენ პეტიციის ავტორები, რომლებიც დღეს პეტიციის ტექსტის გამოქვეყნებას აპირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ სტუდენტები აქტიურად მოაწერენ ხელს ამ პეტიციას და თვითმმართველობა იძულებული გახდება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

„გუშინ უნივერსიტეტის სტუდენტების შიდა ჯგუფში – ბსუ 2022, სადაც 6 ათასი ადამიანია, არ გვიდასტურებდნენ პოსტს პეტიციაზე, გვაინტერესებდა წინასწარ სტუდენტების აზრი… შემდეგ კომენტარებში როცა დავიწყეთ წერა, დადეს ჩვენი პოსტიც,“ – ამბობს თეკლა სოლომონიძე.

სტუდენტების აზრით, სტუდენტების ჩატის ის ჩანაწერი, რომელიც ეხება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევაში „ქართული ოცნების“ ჩართულობას,  მკაფიოდ აჩვენებს სტუდენტების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოყენებას.

„იქ აღნიშნული იყო, რომ თვითმმართველობის თავმჯდომარე უნდა გახდეს ლიკა დიასამიძე. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანს სურდა თვითმმართველობის თავმჯდომარეობა, მაგრამ მივიდნენ და უთხრეს, რომ უნდა მოეხსნათ კანდიდატურა, ეს იყო ზეწოლა… არჩევნები ჩატარდა ისე, რომ სტუდენტებმა არც კი იცოდნენ, იმ დღეს არჩევნები რომ იყო,“ – ამბობენ პეტიციის ავტორები.

რა უშლის ხელს ბსუ-ს სტუდენტების პოლიტიკურ აქტიურობას? – აქციის მონაწილეებმა მიგვითითეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზეც, რომლებიც დღეს აქციასთან გამოჩნდნენ და სტუდენტებს ფოტოებს უღებდნენ.

აქცია ბსუ-ს წინ, 29 ივნისი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: