მთავარი,სიახლეები

ამის უკან დგას შვედეთის მოქალაქე იაკობაშვილი – ხოშტარია ბათუმში შემოსულ სანქცირებული ნავთობზე

28.06.2022
ამის უკან დგას შვედეთის მოქალაქე იაკობაშვილი – ხოშტარია ბათუმში შემოსულ სანქცირებული ნავთობზე

პარტია „დროას“ ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთულ გემს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.

ხოშტარიას თქმით, რუსული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, ქართველ ბიზნესმენებთანაა დაკავშირებული.

„საქართველოში, ბათუმის პორტში, იყო შემოსული გემი. ამ გემს მოჰქონდა „როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობ პროდუქცია. უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე. პირველი – სანქცირებული გემი, რომელიც გადის 500 კილომეტრს წარმოუდგენელია შემოდიოდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე. მეორე – პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო. (როგორც ამბობენ, საბაჟოს ამ ყველაფერზე ინფორმაცია არ ჰქონია, მაგრამ სხვა შემთხვევაში შემოსვლა შეუძლებელი იქნებოდა),“ – განაცხადა დღეს, 28 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში მუშაობს სანქცირებული ნავთობპროდუქტების ქვეყანაში შემოტანის მექანიზმი.

„რა უნდოდა პორტში ამ გემს? სანქციების თავიდან აცილების მექანიზმი ხდება შემდეგნაირად – შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისთვის, რომ შემდგომ გაგრძელდეს და წაიღონ ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, როცა ეს ინფორმაცია საჯარო გახდა, როგორც უკრაინულ, ისე ქართულ პრესაში.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან, ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და ქართულ პორტში მიიღეს,“ – განაცხადა ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ.

მან ასევე გაიხსენა 2020-2021 წლებში ამერიკელი სენატორების მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტი უკანონო ვაჭრობის სამიზნე გახდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოვიდა, 26 ივნისს გახდა ცნობილი.

ინფორმაცია სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოტანის შესახებ 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. 27 ივნისს, საქართველოს მთავრობამ დაადასტურა, რომ გემზე ნამდვილად სანქცირებული პროდუქტი იყო.

იმავე დღეს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის პორტიდან უკან გააბრუნეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: