ნეტგაზეთი • RU
შუახევი ჰესი

შუახევი ჰესმა წელს 75 პროცენტით მეტი დენი გამოიმუშავა, ვიდრე შარშან

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” [ესკო] მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვეში საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ჯამში 241 მილიონი კილოვატსაათით მეტია, ვიდრე გასული წლის მაისში იყო.

აქედან 100,6 მილიონი კილოვატსაათით არის გაზრდილი უშუალოდ სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ანუ სეზონურმა ჰესებმა ჯამში 19,6 პროცენტით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს მიმდინარე წლის მაისში, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში.

სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2021-2022 წლების იანვარ-მაისში

ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ ესკოს  მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი, 2022 წლის პირველ ხუთ თვეში „შუახევი ჰესს“ თითქმის 75 პროცენტით მეტი ელექტროენერგია აქვს გამომუშავებული, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

„შუახევი ჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. წყარო: ესკო

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდის პარალელურად, მცირდება იმპორტი. ანუ საქართველოში რაც უფო მეტი ელექტროენერგია გამომუშავდება, მით უფრო ნაკლებ დენს ყიდულობს ქვეყანა.

იმავე ესკოს მონაცემებით, 2022 წლის მაისში საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგია საერთოდ არ შეუსყიდია.

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 2022 წელი / წყარო: ესკო

რამ გამოიწვია ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა და რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის – გვესაუბრება აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი რაკეშ ნაიკი

  • ესკოს მონაცემებით მარეგულირებელი სეზონური ჰიდროსადგურების მიერ მაისში გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა შარშანდელთან შედარებით 19,6%-ითაა გაზრდილი, რით არის ეს გამოწვეული?

სეზონური ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა განპირობებულია კარგი ჰიდროლოგიით, გახანგრძლივებული ზამთრით, კარგი თოვლით წვიმასთან ერთად.

  • მათ შორის, „შუახევი ჰესმა“ 2022 წლის 5 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75 %-ით გაზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი. ეს მაქსიმუმია „შუახევი ჰესისთვის“, თუ შესაძლებელია კიდევ მეტის გამომუშავება?

გასული 5 თვის განმავლობაში ჩვენ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შემუშავებულ გეგმას უსწრებს. „შუახევი ჰესს“ შეუძლია კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება იმ შემთხვევაში, თუ მეტი შემოდინება იქნება.

  • რას ნიშნავს, ზოგადად, საქართველოსთვის ჰიდროსადგურების მიერ შარშანდელთან შედარებით 19,6%-ით მეტი ენერგიის გამომუშავება? ეს იქნება ქვეყნის შიდა ქსელში გასაშვები ელექტროენერგია, თუ საექსპორტო რესურსი? შეგვიძლია ამ მონაცემების მიხედვით ვთქვათ, რომ გამომუშავების ზრდა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას?

ეს ნიშნავს საკმაოდ წარმატებულ წელს ქართული ჰიდროენერგოსექტორისთვის, რადგან 19.6%-ით გაზრდილი ელექტროენერგიის შიდა წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების, ასევე, ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული და ამ მხრივ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, აქტიურად უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისება.

  • კონკრეტულად ქვეყნის ენერგოსექტორისთვის მიმდინარე მონაცემებით რას ცვლის „შუახევი ჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგიის ზრდა, რა წილია მისი მთელ სექტორში?

„შუახევი ჰესის“ წილი ქართულ ენერგოსექტორში დაახლოებით 5%-ია. სხვა ჰესებისგან განსხვავებით, რომლებიც მოდინებაზე არიან, მის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს რეზერვუარი, რომლის საშუალებითაც „შუახევი ჰესს“ 12-საათიანი გენერაცია შეუძლია, რითაც ეხმარება ქსელს ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაში.

  • უკვე სამი წელია ელექტროენერგიას გამოიმუშავებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? მოლოდინებს ემთხვევა, მეტია, ნაკლებია და კიდევ თუ მოიმატებს?

ოპერირების დაწყების პირველ წლებში ელექტროენერგიის გამომუშავება იყო დაგეგმილზე ნაკლები არახელსაყრელი ჰიდროლოგიის გამო. წელს ჰიდროლოგია კარგია და გამომუშავება უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გეგმას. ჩვენ მიერ ელექტროენერგიის წარმატებით გამომუშავებას, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ჰიდროლოგია, ხოლო მეორე მხრივ, მაღალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც გაზრდილი ნაკადის ათვისების და შესაბამისად, მეტი გენერაციის შესაძლებლობას იძლევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი