„კლინიკიდან გამოგვიშვეს, ფული გვაქვს გადასახდელი“ – 30 წლის რამაზ ნინიძის და

30 წლის რამაზ ნინიძის და, მადონა ნინიძე ერთი თვის შემდეგ ისევ საზოგადოებას სთხოვს, რომ ძმის გადარჩენაში დაეხმარონ. მისი ძმა დაახლოებით 7 თვის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და მიიღო მრავლობითი დაზიანება.

ახალგაზრდა კაცს ბათუმში უმკურნალეს, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ამიტომ იძულებულები გახდნენ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაეყვანათ.

„ანგარიშზე 80 ლარი გვქონდა, ამიტომ რეანიმობილიც კი ვერ ვიქირავეთ და მინივენით წავიყვანეთ. შემდეგ მოხდა ის, რომ ძირითადად „ბათუმელების“ მკითხველის მხარდაჭერით შევძელით ამდენ ხანი კლინიკაში დარჩენა და მკურნალობაო“, – ამბობს მადონა.

მადონა ნინიძის თქმით, გუშინ ისინი კლინიკიდან გამოუშვეს, რადგან დავალიანება დაუგროვდათ – დაახლოებით 30 ათასი დოლარი.

ქალი ამბობს, რომ ამ თანხის ნაწილიც რომ შეაგროვონ, კლინიკაში დაბრუნებას ისევ მოახერხებენ.

„შედეგი ძალიან კარგი გვაქვს, მაგრამ სჭირდება 1-1,6 თვე, რომ აულაგდეს ეს ჭრილობები. გუშინ იძულებულები ვიყავით დაგვეტოვებინა კლინიკა, 30 ათასი დოლარი გვაქვს გადასახდელი, ნახევარი მაინც რომ გადავიხადოთ, დაგვაბრუნებენ კლინიკაში. ჩემი ძმა ოთხი თვეა კლინიკაშია, თვეში 30 ათას დოლარს ვიხდიდით.

ახლა ჩემ ძმას ასეთი სიტუაცია აქვს – ჭრილობების, ნაწოლების 70 პროცენტი ამოვსებულია. ვერცხლის თერაპიას გადიოდა კლინიკაში. ფეხებზე ნაწოლები სრულიად ამოევსო. დარჩა ზურგის მონაკვეთი, როცა ისიც შეივსება, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება – დავსვამთ ეტლში და წამოვიყვანთ.

შემდეგი ეტაპი იქნება ქირურგიული ოპერაცია, გაივლის თუ არა, ჯერ არ ვიცით, ეგ შემდეგ ეტაპზე გამოჩნდება, ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად 1 თვე მაინც უნდა დარჩეს კლინიკაში.

ქუჩა-ქუჩა დავდივართ და ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ უკვე აღარ ვიცით, რას შევძლებთ“.

__

30 წლის რამაზ ნინიძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ მისამართზე

საქართველოს ბანკი
#GE20BG0000000162723867

თიბისი ბანკი
#GE21TB7332445064300017

ლიბერთი ბანკი
#GE61LB0211179796666000

მიმღები: რამაზ ნინიძე

__

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენეს

რუსეთში არჩევნების ბოლო დღეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების მასირებული იერიში განხორციელდა.

მოსკოვის მერის, სერგეი საბიანინის განცხადებით, 19 სექტემბრის საღამოდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან 450 მოსკოვის სიახლოვეს.

თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

იერიშის სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნიაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აქ დააზიანეს რამდენიმე საწარმოო დანადგარი. The Insider-ის გამოთვლით, მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე ეს ქარხანაზე სულ მცირე მეოთხე თავდასხმაა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დრონების გარდა დღევანდელი თავდასხმისთვის გამოყენებული იყო რაკეტები – „ფლამინგოც“.

თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი გადაიდო. თუმცა, მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მესამე დღეს „ჩვეულ რეჟიმში“ მიმდინარეობს.

დღეს, 20 სექტემბერს, რუსეთში ერთიანი ხმის მიცემის ბოლო დღეა – რუსეთი ირჩევს სახელმწიფო სათათბიროს (Госдума) IX მოწვევას: ირჩევენ 450 დეპუტატს, მათგან 225-ს პარტიული სიებით, ხოლო ამდენივეს ერთმანდატიანი ოლქებიდან.

მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო ძლიერი დატბორვა 10-მდე ქუჩაზე დაფიქსირდა. მერიაში დახმარების სათხოვნელად შევიდა 100-ზე მეტი ზარი.

ამოტუმბვის სამუშაოები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა არ დასრულებულა: „დარჩენილ ლოკაციებზე ბათუმის მერის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობასთან უკუკავშირი სამუშაოების განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით“, – აცხადებენ მერიაში.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

მეწყრული პროცესები განვითარდა 10-მდე ლოკაციაზე – მწვანე კონცხის, ურეხის, გონიო-კვარიათის მიმართულებით, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე.

მერიაში აცხადებენ, რომ „დაუყოვნებლივ დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიზნით.“

დატბორილ მონაკვეთებზე შეფერხებით მოძრაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მერიაში აცხადებენ, რომ მარშრუტების ცვლილება ხორციელდებოდა გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და საჭიროებისამებრ იცვლებოდა: „ელექტროავტობუსების გადაადგილება შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მათი გადაადგილება აღდგენილია.“

მერიის ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად აანაზღაურებენ ზიანს.

მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურშიც.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

სოფელ ციხისძირში, რკინიგზის მიმდებარედ ჩამოწვა მიწის მასა, რამაც შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ირწმუნება, რომ 19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა.

ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს.

ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის – 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა.

20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვას.

ბათუმში ათეულობით მისამართზე კორპუსების სარდაფები დაიტბორა, სახურავებიდან კი წყალი ჩავიდა

„წყლითაა სავსე ჩვენი კორპუსის სარდაფი“ – გუშინდილი ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში არაერთ მისამართზე დაიტბორა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსების სახურავებში წყალი ჩავიდა და განსაკუთრებით ბოლო სართულებზე მცხოვრებლებს ზიანი მიადგათ.

რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა ისიც, რომ სამაშველო სამსახური მათი კორპუსიდან  ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა: „ზოგ ადგილზე გაუჭირდა მანქანას მიდგომა და სხვადასხვა გზებით ვცდილობდით დახმარებას.“

აჭარის მთავრობის ინფორმაციით ამოტუმბვის სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობდა.  პერიოდულად კი მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები: „
მუნიციპალიტეტის სამსახურები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. ლოკაციებზე, სადაც დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის წყლის სპეცტექნიკა და მორიგე ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.“ – წერს მთავრობა.
ამ დროისთვის მთავრობას, ასვე მერიას არ გამოუქვეუნებია ინფორმაცია დაახლოებით რამდენი ზარი შევიდა ცხელ ხაზზე და რამდენ მისამართზე მოახერხეს მისვლა შესაბამისმა სამსახურებმა.
ფოტო: აჭარის მთავრობა

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 სექტემბრის 21 საათიდან 21 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამის საათებში წვიმა და ელვა-ჭექა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 517 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 356 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 361 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 50 067 ერთეული [+56]
  • MLRS – 2 146 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 659 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 525 965 ერთეული [+1 833]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 695 ერთეული [+23]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 151 345 ერთეული [+423]
  • სპეცტექნიკა – 4 716 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„იმავე ეტაპზე ვართ“ – ავარიულად გამოცხადებული თბილისის 21-ე სკოლის პედაგოგები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის #21-ე სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს შეხვდნენ.

სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტეს, მიზეზად კი შენობის ავარიულობა დაასახელეს. მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს. 

თბილისის 21-ე სკოლის [ყოფილი „გერმანული სკოლა“] მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის პედაგოგმა, გიორგი ბაგრატიონმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ჯერ განსაკუთრებული სიახლე არ გამოკვეთილა და ამ საკითხის განხილვა გრძელდება:

„მინისტრის მოადგილეს კიდევ ერთხელ კარგად ავუხსენით სკოლის სპეციფიკა და არგუმენტები მივაწოდეთ, თუ რატომ ვერ ვერ მოხერხდება ორი ცვლა, ორი სკოლა, ან ონლაინ სწავლება. ავუხსენით, ერთადერთი გამოსავალი რატომ იყო ერთი შენობა და პირველი ცვლა. ამასთან, ძალიან დეტალურად გაიარა დასკვნის საკითხი, დასკვნა რატომ იყო საეჭვო. დასკვნაში წერია, რომ ვიზუალური დათვალიერებით შეაფასეს შენობა. ასევე, მეორე-მესამე კატეგორია რატომ გადავიდა მეოთხეში და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა იყო და ეს ყველაფერი გავაცანით.

საბოლოოდ ისევ იმავე ეტაპზე ვართ, რომ უნდა მოვიძიოთ შენობა, სადაც სკოლა განთავსდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც დავუსაბუთეთ, რა მოჰყვება ამას. სკოლის გახლეჩა და ნგრევა რომ მოჰყვება, ეს აუხსენით. [მინისტრის] მოადგილისთვის სიახლე იყო ის, რომ სკოლას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, რაც არის არგუმენტი იმის, რომ სკოლა აუცილებლად ერთ შენობაში უნდა იყოს, პირველ ცვლაში.“

მასწავლებლის თქმით, მოადგილემ შეხვედრაზე უთხრა მათ, რომ სამინისტრო სამხარაულის დასკვნას ეჭვქვეშ არ აყენებს, თავად კი აქვთ შესაძლებლობა ჩაატარონ ახალი ექსპერტიზა და გადაამოწმონ შენობის მდგრადობა.

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში 21-ე სკოლის შესახებ

#13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია – მერია

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს – მოქალაქეების მიერ უამრავი ფოტო-ვიდეო მასალის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების შემდეგ,დღის ბოლოს, ბათუმის მერიაც გამოჩნდა. მერიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ უამინდობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია.

დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით შემოსულია 50-მდე ზარი. მათგან დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე განხორციელდაო – იუწყება მერია.

„ამოტუმბვითი სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება და გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის საჭიროება არსებობს. უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები“, – ირწმუნება ბათუმის მერია.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, სადაც შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, წყალმომარაგების მიმართულებით კი, ამ ეტაპზე, შეფერხება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, მერიის ინფორმაციით, მარშრუტები გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით იცვლება. უსაფრთხოების მიზნით, #13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.

დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ზიანის ანაზღაურდება – ამასაც მერია წერს.

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. ამ დრომდე შეფერხებულია მოძრაობა, მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე ქსელი და სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და გამტარუნარიანია.

კინოფესტივალი BIAFF იწყება – წარმოდგენილი იქნება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი 60 ფილმი

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კინოჩვენებები კინოთეატრ „CAVEA GRAND MALL“-ში, ბათუმის დრამატულ თეატრში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. პროგრამა იხილეთ აქ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 2026 წლის პროგრამა საერთაშორისო და ქართულ კინოს საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს აერთიანებს. სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებთან ერთად მაყურებელს სპეციალური პროგრამები და საფესტივალო ღონისძიებებიც ელის.

„19-დან 26 სექტემბრამდე BIAFF 2026 ქალაქში ფილმებს, რეჟისორებს, კინოს პროფესიონალებსა და ფესტივალის მრავალფეროვან ღონისძიებებს მოუყრის თავს. ფესტივალის გამოცდილება მხოლოდ ეკრანზე ნანახი ისტორიებით არ შემოიფარგლება.
მაყურებელსა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილეობის, ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. ამ ყველაფერს კი ბათუმის ზღვისპირა გარემო და ქალაქის უნიკალური ატმოსფერო განსაკუთრებულ საფესტივალო გამოცდილებად აქცევს“. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც BIAFF -ის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

გახსნის ცერემონიალი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, სადაც ცნობილ პოლონელ კინორეჟისორს, აგნეშკა ჰოლანდს გადაეცემა BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა აგნეშკა ჰოლანდთან [ღონისძიება ღიაა კინომოყვარულთათვის], ხოლო 18:30 საათზე ის ბათუმის დრამატულ თეატრში საკუთარ ფილმს – „ფრანცს“ წარადგენს.

წელს BIAFF კინოფესტივალზე ცალკე სექციად ნაჩვენები იქნება „ქართული ანიმაციის კლასიკა“ – 17 საბავშვო ანიმაცია, აღდგენილი, გაციფრულებული ვერსიები.

ანიმაციური პროგრამის ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „კავეა გრანდმოლში“, ყოველდღიურად 20 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით – 12.00, 13.00 და 14.00 საათებზე, თითო სეანსი ერთი საათი გრძელდება.

ჩვენები უფასოა და ღიაა მაყურებლისთვის.

„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა

„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ – შპს „ნოვამ“, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე უკონკურენტოდ, ერთი ბიჯით იყიდა. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საწყისი ფასით, 6 მილიონ 050 000  ლარად და პირობით გაიტანა აუქციონზე.

კომპანიამ 1 ბიჯის ოდენობა, 15 000 ლარი დაამატა და აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს,  2026 წლის პირველ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30%. 2027 წლის პირველ მარტამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასური უნდა დაფაროს.

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში კი, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებოდა, არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში მყიდველმა უნდა მიიღოს ნებართვა ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს ან წარმოების ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა].

მყიდველს ევალება ასევე საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით, საწარმოსთვის განკუთვნილი შენობის ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა ხელშეკრულების გაფორმებიდან 38 თვის ვადაში.

მიწის ნაკვეთი „ნოვამ“ 2026 წლის 17 აგვისტოს დაირეგისტრირა –  [19 633 კვ.მეტრი]
ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვის ვადაში კი, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ან წარმოების ხაზის ამოქმედება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა], სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90%  საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

დასაქმებულთა თანაფარდობა და საწარმოს პროფილი მყიდველმა არანაკლებ 15 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს, ჯამში კი ამ პროექტში არაუგვიანეს 42 თვის ვადაში არანაკლებ 3 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

2026 წლის აპრილში ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამფლობელმა ჯემალ ბოლქვაძემ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, იმავე დღეს მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს მისმა პარტნიორებმაც – რამაზ ირემაძემ 54 000 ლარი, ჯემალ ანთაძემ 50 000 ლარი, ზვიად აბულაძემ 60 000 ლარი, ემზარ ირემაძემ კი 54 000 ლარი. ეს, ჯამში, 218 000 ლარია.

„ნოვას“ მფლობელებმა „ოცნების“ ანგარიშზე 152 000 ლარი შეიტანეს გასულ წელსაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი „ნოვას“ მფლობელებმა – ჯემალ ბოლქვაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ანთაძემ „ოცნებას“ 300 000 ლარი შესწირეს.

„ნოვა“ ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

საერთო ჯამში, 2012 წლიდან დღემდე, ჯემალ ანთაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე, 235 000 ლარია, რამაზ ირემაძეს 225 000 ლარი აქვს ჩარიცხული, ზვიად აბულაძეს – 252 000, ჯემალ ბოლქვაძის შენატანი 250 000 ლარია, ემზარ ირემაძემ კი 223 000 ლარი ჩარიცხა „ოცნების“ ანგარიშზე – ეს ჯამში 1 მილიონ 185 000 ლარია.

კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 15 მილიონზე მეტი ლარი მიიღო, საიდანაც 5 მილიონზე მეტი ლარი – გამარტივებული წესით გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებებით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 516 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 352 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 357 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 50 011 ერთეული [+73]
  • MLRS – 2 143 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 657 ერთეული [+11]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 524 132 ერთეული [+1 816]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 672 ერთეული [+16]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 150 922 ერთეული [+480]
  • სპეცტექნიკა – 4 703 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსული დრონი უკრაინის პორტთან სამოქალაქო გემს დაესხა თავს – დაიღუპა კაპიტანი

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს ვოლიერები არ არის დათვებისთვის განკუთვნილი“ – ამირან მურვანიძე ბათუმის ზოოკუთხის ბინადრებზე

ბათუმში, ცენტრალურ პარკში არსებულ ზოოკუთხეში  დათვის ორი ბელი აპრილის თვეში მიიყვანეს.

როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ზოოლოგიური განყოფილების უფროსი, ამირან მურვანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ბელები აჭარის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა მოიყვანეს, თუმცა სად იპოვეს, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

ბელებს პატარა, მეტლახით დაგებულ ვოლიერში უწევთ ცხოვრება. ამირან მურვანიძის თქმით, ვოლიერები დათვებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ ამ ეტაპზე ბელების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.

„ჩვენთან რომ მოიყვანეს, სადღაც ორი თვის იქნებოდნენ. იანვრის ბოლოსა და თებერვლის შუა რიცხვებში იბადებიან ხოლმე ბელები ბუნებაში. დედის ბედი გაურკვეველია, მაგრამ საიდან მოიყვანეს და როგორ, მაგას ვერ გეტყვით.

რადგან ჩვენ გვაქვს ზოოპარკი და გვაქვს გარეულ და ეგზოტიკურ ცხოველებთან ურთიერთობა, იმიტომ მოგვიყვანეს, რომ ეს დათვის ბელები გადაგვერჩინა“, – გვითხრა ამირან მურვანიძემ.

მისი თქმით, ბელები ძალიან უსუსურები და დაუძლურებულები იყვნენ.

„იმ მიზნით ავიღეთ მეურვეობა, რომ მოგვეძლიერებინა, რადგან არც ის ვიცით, რამდენი ხანი იყვნენ მშივრები. ექვსი თვეა, რაც ჩვენთან იმყოფებიან და უკვე 25 კილოს იწონიან, მაშინ კი კილო-ნახევარი იყვნენ.

ვიღაცებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს ავად არიან და ამიტომ აქვთ პირზე დორბლი, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა ძუძუმწოვარს გააჩნია წოვითი რეფლექსი და მათ შორის დათვებსაც. აქედან გამომდინარე, წოვითი რეფლექსის გამო უვითარდებათ ნერწყვი“, – ამბობს ამირან მურვანიძე.

ვიდეო:

მას ვკითხეთ, რამდენად მისაღებია ბელების ცხოვრება მეტლახით მოპირკეთებულ ვოლიერში  და ხომ არ იგეგმება მათი გადაყვანა შესაფერის გარემოში?

„ეს ვოლიერები, რაც ჩვენ გვაქვს, საერთოდ არ არის დათვისთვის განკუთვნილი. ვოლიერების ნაწილი არის დაფარული ქვიშით, ნახერხით ან ტოტებით, რადგან ბეტონზე წოლა ცხოველისთვის არაპრაქტიკულია.

საფენი უნდა ჰქონდეთ დაგებული, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა ამ საკითხების მოგვარება. ახლა მოვიტანეთ 7 სანტიმეტრის სისქის გადაჭრილი მორები და დავალაგეთ, რომ მორებზე იყვნენ და არა იატაკზე“, – ამბობს მურვანიძე.

მისი თქმით, ისინი დაუკავშირდნენ ცხოველების თავშესაფარს ცხვარიჭამიაში, ასევე თბილისის ზოოპარკსაც, თუმცა ბელებისთვის ადგილი არ აღმოჩნდა.

„არ გვაქვს ადგილებიო გვითხრეს. წარმოიდგინეთ, ცხვარიჭამიაშიც კი არ ჰქონდათ ადგილები, 25 დათვი გვყავს თავშესაფარშიო. ასეთი მდგომარეობაა.

ამიტომ, ხელმძღვანელობასთან დავაყენე საკითხი, რომ გავამაგროთ არსებული ვოლიერი ისე, რომ წლინახევრის დათვისთვის იყოს გამოსადეგი.

უახლოეს ვადებში მოიძებნება სახსრები, რომ ეს ვოლიერი გავამაგროთ და შემდეგ იქნებ გამოჩნდეს ადგილი ან თავშესაფარში ან თბილისის ზოოპარკში“, – ამბობს ამირან მურვანიძე.

მას ასევე ვკითხეთ, არის თუ არა შესაძლებელი ზრდასრული დათვების ტყეში ან ნაკრძალებში გაშვება და თუ იგეგმება ეს?

„ერთადერთი, ამ დათვების გაშვება შეიძლება მხოლოდ ნაკრძალში, რადგან შემოფარგლული ტერიტორიაა და არ აქვთ საშუალება მოსახლეობასთან მისვლის. მაგრამ ტყეში რომ გავუშვათ, არ შეიძლება, რადგან ესენი ადამიანებს შეჩვეულნი არიან და, შესაბამისად, მივლენ მოსახლეობასთან. ასეთ დროს ან ადამიანებს მიაყენებენ ზიანს, ან დათვებს.

ამიტომ ჯერჯერობით აქ დარჩებიან დათვები და იმედია, შემდეგ გამოჩნდება სადმე ადგილი“, – ამბობს ამირან მურვანიძე.

ხულო-ზარზმის გზა არც წელს დასრულდება – ერთი მონაკვეთის კვლევაზე ტენდერს გამოაცხადებენ

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა არც 2026 წელში დასრულდება. ამ გზაზე სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან მერვე წელს აცხადებენ, რომ გზის ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთთან დაკავშირებით კვლევის ჩასატარებლად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ.

„ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი სამუშაოები გრძელდება და მისი დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.

ამასთან, „დარჩება ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომელზეც ცალკე საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ კვლევისთვის, რათა უკვე სწორი საინჟინრო გადაწყვეტა დაიდოს და ეს პრობლემაც სათანადოდ მოგვარდეს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე განცხადებით „პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს“.

  • არადა არსებობს გეოლოგიური დასკვნაც იმის შესახებ, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოებია.

ამ თემაზე ვრცლად: ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 17.09.2026 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს სამუშაოები ვერ დასრულდება, რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ „საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს მუშაობას, რომ ახალციხის მხრიდან ხულოსკენ მოძრაობა ზამთრის პერიოდში აღარ ჩაიკეტოს. ჩვენ შევიძენთ შესაბამის ტექნიკას და შემდგომში, ზამთრის პერიოდში განვახორციელებთ მოვლა-შენახვას, იმისთვის, რომ მოძრაობა მუდმივად იყოს გახსნილი“.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 17.09.2026 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით დეპარტამენტმა „ტოდინთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 17.09.2026 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად გადადადით ამ ბმულზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

„ბოლტით“ მგზავრობა 12%-ით გაძვირდა

18 სექტემბრიდან „ბოლტით“ მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი შემოსავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

პარტნიორი მძღოლების ღირსეულ შემოსავალზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და მომავალშიც ასე დარჩება. მადლობა ნდობისთვის, ყოველდღიური შრომისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ქალაქს გადაადგილებაში ეხმარებით.

გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობებსა და შემოსავლიან სამუშაო დღეებს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც მძღოლებს მიემართება.

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისი აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თიბისიმ აღიარება ორ კატეგორიაში მოიპოვა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“ და „ლიდერი მწვანე დაფინანსებაში“. ჯილდოები ბანკს ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სინგაპურში გადაეცა.

„წამყვანი პარტნიორი ბანკის“ კატეგორიაში თიბისიმ წელს მე-12-ედ გაიმარჯვა. ჯილდო ბანკს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბოლო ერთ წელში განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქციისთვის გადაეცა.  ADB-ს პროგრამით, თიბისი ბიზნესებს სწორედ ვაჭრობის დაფინანსებაში ეხმარება და ხელს უწყობს საერთაშორისო ტრანზაქციებში.

მწვანე დაფინანსების ჯილდო კი ბანკმა იმ პროექტების მხარდაჭერისთვის მიიღო, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს.  ამ კატეგორიაში თიბისიმ წელს პირველად გაიმარჯვა.

„აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს პარტნიორებს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტს ვთავაზობთ; ორიენტირებული ვართ მათს საჭიროებებზე და ვაწვდით ინოვაციურ, თანამედროვე და რაც მთავარია, შეუფერხებელ სერვისს. სწორედ ამიტომ 47%-მდე წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტი ბიზნესი გვენდობა. რაც მთავარია, ვაგრძელებთ მწვანე და მდგრადი დაფინანსების განვითარებას, რაც თიბისისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ თიბისი “საქართველოში წამყვან პარტნიორ” ბანკად და “მწვანე დაფინანსების ლიდერად” დავასახელეთ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებსა და ფინანსებზე წვდომაში ეხმარება; მდგრადი პროექტებისადმი ერთგულებით კი თიბისი იმ მიმართულებას მიჰყვება, რომლის გაძლიერებასაც სხვა პარტნიორებთანაც ვისურვებდით. ვულოცავ თიბისის გუნდს დამსახურებულ ჯილდოებს“, – სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ბანკი რთული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრას ემსახურება. ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტრატეგიული პარტნიორობების დახმარებით ADB მუშაობს: ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნასა და გარემოს დაცვაზე. ბანკი 1966 წელს დაარსდა და 69 წევრი ჰყავს, მათ შორის 50 – რეგიონიდან.

ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მივმართეთ 17 ოჯახისთვის მიწის დაბრუნების საკითხზე – „ლელო“

დღეს, 18 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა ხელვაჩაურის მერიაში პეტიცია დაარეგისტრირეს.

პეტიციის მიზანია, მერიამ მოაგვაროს სოფელ მახოში მცხოვრები 17 ოჯახის პრობლემა, რომელიც მათ სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაციას უკავშირდება.

მახოში მცხოვრები ამ ოჯახების განცხადებით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს მიაკუთვნეს, რის შედეგადაც ოჯახებს ამ მიწებით სარგებლობისა და მათი საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა შეეზღუდათ.

„ადგილობრივებმა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარეს: მოამზადეს საკადასტრო ნახაზები, არაერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწის გარეშე სოფელში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ მამაპაპისეული საცხოვრებელი ადგილები.

„ძლიერი საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სოფლის გაძლიერებასა და მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებას და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მოქალაქეებს ისტორიულად გამოყენებული მიწების გარეშე ტოვებს. თითოეული მსგავსი შემთხვევა საჭიროებს სამართლიან, ინდივიდუალურ შესწავლასა და იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებიც ამ მიწებს ათწლეულების განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდნენ და ამუშავებდნენ“, – აცხადებენ კოალიციის წევრები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კოალიციის წარმომადგენლები 2 თვის წინაც შეხვდნენ მოახლეობას სოფელ მახოში.

„ადგილზე გავეცანით თითოეული ოჯახის პრობლემას და გადაწყდა, რომ მომზადებულიყო პეტიცია, რომლის საფუძველზე საკითხის შესწავლა დაევალებოდა ხელვაჩაურის მერიას შესაბამის ორგანოებთან ერთად.

მოვითხოვთ, დროულად გადაიხედოს აღნიშნული საქმეები, რათა მოქალაქეებს არ მოუწიოთ საკუთარი სოფლისა და მამაპაპისეული კერის დატოვება“ – აცხადებს „ლელო“.

______________

ამ თემაზე:

„წაგვართვეს ჰექტრობით მიწა, ხეხილის ბაღები“ – მოსახლეობის პროტესტი სოფელ მახოში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 სექტემბრის 21 საათიდან 19 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 13-18 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, დღის ბოლოს კი – 4 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20-21 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. 

20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ – დაიწყო გამოძიება

ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულნიარიან 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენლები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.

საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები“.

თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღში მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად წუხელ, ღამით, საავადმყოფოებში 55 ბავშვი ღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს.

ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საბავშვო ბაღი მუშაობას აჩერებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ 7 საჯარო ბაღი, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, მუშაობას აჩერებს.

„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 514 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 351 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 25 352 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 49 938 ერთეული [+75]
  • MLRS – 2 142 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 646 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 522 316 ერთეული [+1 808]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 656 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 150 442 ერთეული [+424]
  • სპეცტექნიკა – 4 701 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსული დრონი უკრაინის პორტთან სამოქალაქო გემს დაესხა თავს – დაიღუპა კაპიტანი

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სკოლას, რომელსაც დაგვიანებით ხსნიან, სამინისტრომ ზეიმის ჩატარება დაავალა – დაესწრება ხელისუფლება

ბათუმის ახალ საჯარო სკოლაში, რომელსაც 21-ე ნომერი მიანიჭეს, სწავლის დაწყება 15 სექტემბრისთვის ვერ მოასწრეს.

სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა, ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება კი, 15 სექტემბერსაა გამოცემული.

ბათუმის 21-ე საჯარო სკოლა

15 სექტემბერსვე აჭარაში „ოცნების“ განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი სკოლის დირექტორს უგზავნის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან „შესაძლებელია სასწავლო პროცესის კონკრეტული თარიღის განსაზღვრაც, მიზანშეწონილია სკოლის საზეიმო გახსნა და სასწავლო პროცესი დაიწყოს 2026 წლის 18 სექტემბერს, რადგან შემდგომში გადადება შეუძლებელს გახდის გაცდენილი სასწავლო დღეების ანაზღაურებას“.

რაც შეეხება საზეიმო ღონისძიებას, მისი უზრუნველყოფა მინისტრმა სკოლას დაავალა.

„მიზანშეწონილია საჯარო სკოლამ უზრუნველყოს გახსნის საზეიმო ღონისძიების ჩატარება“ – წერს მინისტრი ბრძანებაში და იქვე უთითებს – „გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიზანშეწონილია მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, საგანმანათლებლო სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენელთა დასწრება.“

წყარო: შესყიდვების პორტალი

იმავე დღეს, ანუ 15 სექტემბერს, ბათუმის 21-ე საჯარო სკოლამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის – „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით.

სკოლას, რომელმაც დოკუმენტების მიხედვით, საზეიმო ღონისძიების ჩატარებაზე გადაწყვეტილება მოუმზადებლად, 1 დღეში მიიღო, ამ ღონისძიებისთვის 50 ათას 100 ლარის დახარჯვა მოუწევს.

„სსიპ ქალაქ ბათუმის N21 საჯარო სკოლის გახსნა დაიგეგმა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება საზეიმო ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენის სათანადოდ ასახვისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსგან 2026 წლის 15 სექტემბერს შემოვიდა კორესპონდენცია, რომელშიც მითითებულია, რომ ღონისძიების მასშტაბისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჯარო სკოლამ უნდა უზრუნველყოს გახსნის საზეიმო ღონისძიების ჩატარება. შესაბამისად, სკოლა აღნიშნულ ღონისძიებას წინასწარ ვერ დაგეგმავდა.

ამასთან, სკოლის ახალაშენებული შენობა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2026 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად 15 სექტემბრამდე ვერ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დაწყებაზე“, – წერია 21-ე სკოლის განაცხადში.

ბათუმის 21-ე საჯარო სკოლა

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 61-ში ახალი საჯარო სკოლის შენობის აშენებაზე ხელშეკრულება 2022 წლის 24 ივნისს გაფორმდა აჭარის განათლების სამინისტროსა და ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „დიკა 2010“-ს შორის.

მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო თანხა კი 6 998 000 ლარი იყო, რომელიც მოიცავდა „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს“.

ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 15-ჯერ შეიტანეს, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ბოლო აქტი კი 2026 წლის ივლისშია შედგენილი.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, სამინისტრომ კომპანიას სკოლის აშენებაში საბოლოოდ 7 456 666 ლარი გადაუხადა, ანუ 458 666 ლარით მეტი, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

სამინისტროს ტენდერი 7 418 283 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო

„გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს“ – მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლის დაზიანებაზე

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს, რომ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 9 ნომერში მდებარე, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე ჩუქურთმის მონგრევის უფლება კონტრაქტორ კომპანიას, „საბა კონსტრაქშენს“ არ ჰქონდა და ფონდი ამზადებს მასალას, რათა საგამოძიებო ორგანოს მიმართოს.

„ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია “საბა კონსთრაქშენის” მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა.

ფონდისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით.

პირველადი მოკვლევის შედეგად, კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შენობაზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ამზადებს ყველა შესაბამის მასალას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე სათანადო სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.

პარალელურად, ფონდის ზედამხედველობის სამსახური დეტალურად სწავლობს ობიექტზე არსებულ ვითარებას. შემდგომი სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირობო პრიორიტეტია.

ფონდი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა დადგინდეს მომხდარზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შემდგომი სამუშაოების კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება“, – აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ფონდისგან განსხვავებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ფაქტობრივად პრობლემა ვერ დაინახა. დღეს, 17 სექტემბერს, სააგენტომ „ბათუმელებს“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წერილობით უპასუხა და კომპანიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა და ზედაპირის მომზადება, რათა შესაბამის ადგილას, სრული ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით, იმავე ტიპის ქვაში შესრულებული ფიგურა განთავსდეს.

რაც შეეხება ფასადზე არსებულ მეორე ფიგურას, დაგეგმილია მისი კონსერვაცია და აღდგენა. ადგილზე მუშაობს რესტავრატორი, რომელიც შესაბამის ზედაპირს ავთენტური სახის ფიგურის განსათავსებლად ამზადებს“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ვრცლად ამ თემაზე: 

ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს 1891 წელს აგებულ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

 

სულხან თამაზაშვილმა სამკერდე ნიშნის ტარების ახალი წესი დაადგინა – ბრძანება

„ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაჯილდოებული პირების მიერ მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა.

ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით განსაზღვრული იყო, რომ დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალს ან მედალიონს ატარებდა მკერდზე მარცხენა მხარეს.

სულხან თამაზაშვილის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით კი დაჯილდოებულმა პირმა მედალი ან მედალიონი უნდა ატაროს მკერდზე მარცხენა მხარეს, ხოლო სამკერდე ნიშანი – მარჯვენა მხარეს.

ცვლილება „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში შევიდა და ის 2026 წლის 17 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ზემოთ აღნიშნული ბრძანება „განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის სახეებსა და მათი გადაცემის წესს.“

ამ წესის მიხედვით, გადაწყვეტილებას სამკერდე ნიშნებით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სამინისტროს თანამშრომელთა გარდა მედალიონითა და მედლით შეიძლება დაჯილდოვდნენ სხვა პირებიც.

2026 წლის 16 სექტემბრის კიდევ ერთი ბრძანებით სულხან თამაზაშვილმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე ჯილდოს განლაგების წესი“ დაამტკიცა.

ადგილი ჭავჭავაძეზე, რომლითაც ვერავინ სარგებლობს – ბათუმის მერიას მოძრაობის „ახალი სქემა“ ჩაუვარდა

ბათუმში, სადაც მანქანების გადაადგილება და პარკირებაც სერიოზული პრობლემაა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არის ადგილი, რომლითაც ვერავინ სარგებლობს – არც მერია და ვერც მოქალაქეები.

ქალაქის მერიამ აქ ბასლაინი დახაზა, სადაც ჯერ ავტომანქანებით მოძრაობა აკრძალეს და შემდეგ მუნიციპალურ ავტობუსებსაც აუკრძალეს „მათივე ზოლში“ გადაადგილება. ამ ზოლში პარკირებაც აკრძალულია.

რატომაა უსარგებლოდ და ცარიელი ნახევარკილომეტრიან ზოლში მინიმუმ 1 650 კვადრატული მეტრი ტერიტორია ისეთ გადატვირთულ მონაკვეთზე, როგორიც ილია ჭავჭავაძის ქუჩაა? რატომ ჩაიკეტა ავტობუსების ზოლი და როდემდე დარჩება შესაბამისი მონიშვნა გზაზე?

„ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

„ჭავჭავაძის ქუჩა ადრე ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმით ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბასლაინი იყო მოწყობილი.

ქუჩის ორმხრივ მოძრაობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, მოძრაობის ახალი სქემის შესაბამისად, ბასლაინი გაუქმდა, თუმცა ზოლი დატოვებულია საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო-სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო სამსახურების სპეცმანქანების სამოძრაოდ“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან დღეს, 17 სექტემბერს.

ავტობუსების სავალი ზოლი ე.წ. ბასლაინი [Bus lane] მერიამ ჭავჭავაძის ქუჩაზე 2020 წელს დახაზა.

როგორ მოძრაობდა „ახალი სქემით“ ტრანსპორტი ჭავჭავაძის ქუჩაზე და რა ხდება ახლა:

გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე, ჭავჭავაძის ქუჩის ეს ზოლი იყო ცალმხრივი და იქ მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა. დღეს ბასლაინის გვერდით ჩვეულებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს;

გრიბოედოვის ქუჩიდან მომავალი ავტობუსი, 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში გადადიოდა ჭავჭავაძის ქუჩის მეორე ზოლში და მოძრაობდა გზაგამყოფის გასწვრივ – თავდადებულის ქუჩამდე. ამისთვის, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა გახსნეს მხოლოდ ავტობუსებისთვის. ამჟამად ავტობუსები მეორე ზოლში, ანუ ბასლაინზე აღარ გადადიან, თუმცა, ბასლაინი დარჩა მონიშნული.

ილია ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა ბათუმში / 17.09.2026

26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში ავტობუსებისთვის ორი გაჩერებაც იყო. ეს გაჩერებები ახლაც მონიშნულია, თუმცა როგორც აქ ავტობუსები არ დადიან. ამ ზოლში ვერც ავტომანქანები მოძრაობენ.

თავდადებულისა და ჭავჭავაძის კვეთაში ადრე გზა მხოლოდ ავტობუსისთვის გახსნეს და აქედან ავტობუსი მოძრაობას გზაგამყოფის მეორე მხარეს აგრძელებდა თბილისის მოედნის მიმართულებით [ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაში არსებულ წრიულამდე]. ეს კვეთა ამჯერად ავტობუსებისთვისაც ჩაკეტილია და ბასლაინი აქაც დარჩა მონიშნული. ბასლაინზე კი სხვა ტრანსპორტის მოძრაობა წესით აკრძალულია.

დეტალურად „ახალი სქემის“ შესახებ ნახეთ ამ ბმულზე: როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

ილია ჭავჭავაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთა ბათუმში / 17.09.2026

მერიიდან დღეს მიღებული პასუხით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბათუმის მერიას ქალაქისთვის ახალი „მოძრაობის ახალი სქემა“ აქვს, რომელიც „ძველი ბასლაინების“ სასწრაფოსთვის და სახანძროსთვის დატოვებას ითვალისწინებს.

  • ფაქტია, რომ ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ყოფილი „ახალი სქემა“ ჩავარდა. „ბასლაინი“ სწორედ ამ „ახალი სქემის“ ნაწილი იყო.

ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მოსაწესრიგებლად ბათუმის მერიაში არაერთი პროექტი დაამტკიცეს, რომელმაც არ გაამართლა [მაგალითად: პუშკინის ქუჩა, იგივე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩები და სხვა]. აი მთავარ „პროექტს“, რასაც ქალაქის გენგეგმა ჰქვია, მერია არადა არ ამტკიცებს.

გენგეგმის პროექტში კი ტრანსპორტის მოძრაობაზეცაა საუბარი და ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი კარგა ხნის წინ უნდა გამხდარიყო.

ამ თემაზე:

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

10 000-ლარიანი პროფესორები ჯერ მხოლოდ „ცენტრალურ უნივერსიტეტებს“ ეყოლებათ – სამინისტრო

2026 წლის თებერვალში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „განათლების რეფორმაზე“ დაიწყო საუბარი, „ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ შემოიღეს ახალი თანამდებობა, – „წამყვანი პროფესორის“, რომლის ანაზღაურებაც თვეში 10 000 ლარი იქნებოდა.

ამ თანამდებობის შემოღება იგეგმებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში, უნივერსიტეტებს ერთ ფაკულტეტზე ერთი წამყვანი პროფესორი უნდა ჰყოლოდა, დანარჩენები კი შედარებით დაბალი რანგის პოზიციებს დაიკავებდნენ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, დაიწყო თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში წამყვანი პროფესორების დანიშნა და რა კრიტერიუმებით?

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ვკითხეთ, ჰყავთ თუ არა უკვე წამყვანი პროფესორები, რომლებიც დაპირებულ 10 000 ლარს იღებენ ხელფასის სახით, რამდენია ასეთი პროფესორი და რა მიმართულებებზე.

როგორც ბსუ-ში გვითხრეს, წამყვანი პროფესორების არჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია მათთვის ცნობილი. „როცა დაიწყება რეფორმის განხორციელება და დაიწყება პროცესი, ბსუ-ც მერე ჩაერთვება“, – გვითხრეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს კონკურსი, „უნდა დაადგინოს კრიტერიუმები რა და როგორ, რომელ უნივერსიტეტში რამდენი წამყვანი პროფესორი უნდა იყოს. ეს მთელი პროცედურაა და როგორც გვითხრეს, ჯერ არ არის გამოცხადებული ეს კონკურსი. რომც გამოაცხადონ, ჩვენ ჯერ ეს არ გვეხება, რადგან პირველი ეს კეთდება თსუ-ში, სამ ფაკულტეტზე.

ჩვენთან კი ეს შეიძლება იყოს ერთი ან ორი წლის შემდეგ“, – გვითხრეს ტსუ-ში.

ვესაუბრეთ თსუ-საც, საიდანაც მოგვწერეს, რომ წამყვანი პროფესორების ასარჩევად, სამ ფაკულტეტზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი. კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზეც.

„კონკურსი უკვე გამოცხადებულია იურიდიულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს თსუ-დან. ჩვენ დამატებითი კითხვები დავსვით შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე განმარტება თსუ-დან ვეღარ მივიღეთ.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წამყვანი პროფესორის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

„წამყვან პროფესორად 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება.

განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები [წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა]“, – წერია საკონკურსო პირობებში.

კონკურსი 28 ივლისს არის გამოცხადებული, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ-ს აკადემიურ საბჭოს 2026 წლის 21 სექტემბერს უნდა გადაეცეს“.

გივი მიქანაძე თებერვალში ამბობდა, რომ „აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“, თუმცა მაშინ მიქანაძეს არ დაუზუსტებია, ამ კონკურსს უნივერსიტეტი გამოაცხადებდა თუ განათლების სამინისტრო.

შევეცადეთ დაზუსტებული ინფორმაცია მიგვეღო განათლების სამინისტროსგანაც, კითხვები გავუგზავნეთ მიქანაძის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას, რომელმაც გვითხრა, რომ პირველ ეტაპზე, მაღალანაზღაურებადი წამყვანი პროფესორების თანამდებობა, მხოლოდ თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში დაინერგება.

„წამყვანი პროფესორების ნორმატიული ბაზა უკვე დამთავრებულია და კანონით შესულია ძალაში, თუმცა დანერგვა უნივერსიტეტებში უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ასეთია, ისედაც წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით.

როგორც ჩვენ ვიცით, კონკურსი გამოცხადებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე და ეტაპობრივად, თანდათან უნდა მოხდეს უნივერსიტეტებში წამყვანი პროფესორების მიმართულებების დანერგვა.

ეს დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და ეს ეხება ფინანსებს. ფინანსების საკითხი გაცხადებულია, ეს არის ხელზე 10 000 ლარი, ანუ 12 500, მაგრამ საუბარია სხვა საკითხებზე – რა კომპონენტებით უნდა მოხდეს გაერთიანება. ეს არ იქნება სტანდარტული კათედრის ტოლფასი, ის უნდა იყოს გაცილებით უფრო გამსხვილებული მიმართულება და, შესაბამისად, აი ამ საკითხების პარალელურად დამუშავება მიდის.

ამის გამო მე ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ, როდის იქნება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში [კონკურსი], მაგრამ უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე აუცილებელია თბილისის ცენტრალურ, რამდენიმე უნივერსიტეტში თანდათან, ეტაპობრივად, 2-3 წლის განმავლობაში წამყვანი პროფესორების ინსტიტუტის დანერგვა“, – გვითხრა „ბათუმელებს ზვიად გაბისონიამ.

ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს 1891 წელს აგებულ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კადრები, როგორ ამტვრევდნენ კულტურული მემკვიდრეობის ორსართულიან ძეგლს ჩუქურთმას მოქალაქეებმა გადაიღეს.

ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავთენტური ჩუქურთმა უნდა მოიხსნას, რადგან დაზიანებულია, თუმცა მონგრევას დიდი დრო მოანდომეს, როგორც ჩანს ჩუქურთმა „სათანადოდ დაზიანებული“ არ იყო.

რატომ ხსინიან მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სახლს ჩუქურთმას, რომლის მოსაშლელად ჩაქუჩის და სპეციალური ელექტროაპარატის გამოყენება გახდა საჭირო? – ადგილზე მყოფმა სპეციალისტმა, რომელიც „ბათუმელებს“ გაეცნო როგორც რესტავრატორი გიორგი ხელაძე, გვითხრა, რომ ჩუქურთმა დაზიანებულია და ახალი, „ანალოგიური“ უნდა დამაგრდეს. 

„ანალოგიური ქვით, ანალოგიური ჩუქურთმა დამაგრდება“ – გვითხრა მან.

მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონდარღვევაა.

შეთანხმებულია თუ არა ძეგლზე ჩუქურთმის მოშლა სააგენტოსთან? – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში „ბათუმელებს“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წერილობით უპასუხეს.

„კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი უმფრიანის განმარტებით, ფასადის ერთ-ერთ მონაკვეთზე არსებული დეკორატიული ფიგურა აღარ იყო შემორჩენილი. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა და ზედაპირის მომზადება, რათა შესაბამის ადგილას, სრული ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით, იმავე ტიპის ქვაში შესრულებული ფიგურა განთავსდეს.

რაც შეეხება ფასადზე არსებულ მეორე ფიგურას, დაგეგმილია მისი კონსერვაცია და აღდგენა. ადგილზე მუშაობს რესტავრატორი, რომელიც შესაბამის ზედაპირს ავთენტური სახის ფიგურის განსათავსებლად ამზადებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

 

სამუშაოები ზვიად გამსახურდიას 9 ნომერში. ჩუქურთმის მოსაშლელად ჩაქუჩს და ელექტროხელსაწყოს იყენებენ

ძველი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ფასადების რეაბილიტაციაზე კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით. ამ კომპანიამ სახელმწიფოსთან, ძველი ბათუმის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის 200 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის კომპანიისთვის უკვე გადახდილია 184 157 622 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. აქედან ჯამში 80 მილიონი ლარი სხვადასხვა დროს ავანსადაა გადარიცხული.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. ძეგლის აღრიცხვის ბარათში მითითებულია მისი აგების თარიღიც – 1891 წელი.

ძეგლის აღრიცხვის ბარათის თანახმად, სახლი ტერ-ბაღდასაროვის საკუთრებას წარმოადგენდა.

„შენობის ბაროკულ-კლასიცისტური იერი, შესრულების მაღალი დონე და ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში მისი გამორჩეულობა, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ძეგლს“ – ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღრიცხვის ბარათში.

__________________________________

სტატია განახლდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კომენტარით. 

ნახეთ ვიდეო:

რუსული დრონი უკრაინის პორტთან სამოქალაქო გემს დაესხა თავს – დაიღუპა კაპიტანი

დღეს, 17 სექტემბერს, რუსული დრონი უკრაინის პორტისკენ მიმავალ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს თავს დაესხა.

დაიღუპა გემის კაპიტანი, ეკიპაჟის სამი წევრი კი დაშავდა.

გემის საერთო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამჟამად ზუსტდება. ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ გემის ეკიპაჟში.

უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი სისტემატურად ესხმის თავს უკრაინის პორტებს, პორტის ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო სავაჭრო გემებს, რაც საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში საერთაშორისო გადაზიდვებს.

___________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA – არქივი

„F5“ – რას ნახავთ ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე 19-20 სექტემბერს

19-20 სექტემბერს ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, „F5“ გაიმართება.

ფესტივალში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

„თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია.

„F5“-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

ფესტივალს ტრადიციულად სამი მიმართულება ექნება – ლიტერატურული, კინო და მუსიკალური ნაწილი“ – ვკითხულობთ ფესტივალის პრესრელიზში.

„F5“ ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. 

ფესტივალის კინემატოგრაფიული ნაწილი გაიმართება სოციალურ კაფე „მეგობარში“, ხოლო ლიტერატურული და მუსიკალური – „ზუგდიდი მოლში“.

„F5“ პროგრამა ასე გამოიყურება დღეების მიხედვით:

 I დღე, 19 სექტემბერი

15:00 – ფილმის ჩვენება. (Megobar) – Flow.  რეჟისორი: გინტს ზილბალოდისი.

ლიტერატურული პროგრამა: („ზუგდიდი მოლი“)

  • 17:00-17:30 – ფესტივალის გახსნა;
  • 17:30-18:00 – გოგა ქობალიას ახალი წიგნის – „სიკვდილი პაპანაქება მზეში“ წარდგენა (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია);
  • 18:00-18:30 – მედეა ევროპულ ენებზე (სპიკერი: ბელა ჩეკურიშვილი);
  • 18:30-19:00 – დებიუტანტობის მაგია: თაკო წულაია და თამარ მღებრიშვილი (მოდერატორი: გიორგი შონია);
  • 19:00-19:30 – „ვინ წერს თანამედროვე მოთხრობას?“ – საუბარი ლუკა ბაქანიძესთან და ნანა ეხვაიასთან (მოდერატორი: თამარ მღებრიშვილი);
  • 19:30 – როსტომ ჩხეიძის წიგნის „ულეგენდოდ ლეგენდაში“ (დავით წერედიანის ბიოგრაფიული ნატეხები) წარდგენა;
  • 20:00-20:30 – In memoriam: ზურაბ ცხონდიას გახსენება;
  • 20:30-21:00 – პოეზია და მისი სათქმელი: როი აბუსელიძე და თემურ ელიავა.
  • 21:00 – მუსიკა: HOKAI

II დღე, 20 სექტემბერი, კვირა

15:00 – ფილმის ჩვენება (Megobar) – „წყალს საზღვრები არ აქვს“. რეჟისორი: მარადია ცაავა.

ლიტერატურული პროგრამა: („ზუგდიდი მოლი“);

  • 17:00-17:30 – ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია „ვეფხისტყაოსნის რენესანსი“.
  • 17:30-18:00 – ზვიად რატიანის თარგმანები და საპროტესტო პოეზია (სპიკერები: ბელა ჩეკურიშვილი და დალილა გოგია).
  • 18:00-18:30 – ჟურნალ „სოხუმის“ პრეზენტაცია (წარმდგენი: ირაკლი შამათავა)
  • 18:30-19:00 – ანასტასია ინასარიძის საბავშვო წიგნის „ქათქათა კბილების თავგადასავალი“ წარდგენა (მოდერატორი: პაატა შამუგია).
  • 19:00-19:30 – ბელა ჩეკურიშვილის ახალი წიგნის „მარწყვის მდელოები“ წარდგენა.
  • 19:30-20:00 – ირაკლი ლომოურის ახალი წიგნის „ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ წარდგენა (მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია);
  • 20:00-20:30 – ნობელიანტი მწერლები საქართველოში (სპიკერები: ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა).
  • 20:30-21:00 – „მარგალური ჯვეშ ნინა რე“ – გიორგი ლემონჯას და თამარ დარასელიას ლექსები.
  • 21:00 – მუსიკა: გია თოიძე („წერილი“)

________________________

ფოტოზე: ფესტივალი „F5“, 2025 წელი 

მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ, სკოლა, სადაც 89 ბავშვი სწავლობს

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლაშიც. აქ წელს 4 პირველკლასელი მივიდა. სკოლას მთლიანობაში 89 მოსწავლე ჰყავს.

ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ანი კაბულაშვილი გვიყვება, რომ სკოლის საკლასო ოთახებში ისე ბნელა, მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ. ანი შესაბამის ფოტოსაც გვიგზავნის.

სკოლა, სადაც მასწავლებლები დაფას ფარნით ანათებს

ანა კაბულაშვილმა, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ აუხსნა, რომ ყველაზე კარგი კლასი, რაც კი სკოლაში იყო, პირველკლასელებს დაუთმეს. თუმცა, ამ კლასშიც ძველ, საღებავწაშლილი ფიცრის იატაკია.

„კარს რომ ძლიერად გამოაღებ, კედელი ქანაობს. შენობის უკანა მხარეს კედლები გაბზარულია. ცოტა ხნის წინ სკოლაში ვიღაცები იყვნენ მოსული, თითქოს შეამოწმეს და იცით რა პასუხი გაგვცეს – ორი ცალი გიფსოკარდონი არ გქონდათ, ეს კედელი რომ გაგემაგერბინათო“, – გვიყვება ანი.

სოფელი ბულაჩაური თბილისიდან 35 წუთის სავალზეა.

„ყველას ის ფიქრი გვაქვს, სად წავიდეთ, სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები. თბილისში გადავიდეთ, დავტოვოთ სოფელი, რატომ? პირადად მე ექვსი წელია გათხოვილი ვარ ამ სოფელში და მე და ჩემმა მეუღლემ წვალებით, ბანკის სესხით სახლი ავიშენეთ, იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის უკეთესი მომავალი შემექმნა. ახლა უნდა მივატოვო ეს ყველაფერი და უნდა წავიდე თბილისში ქირით, რომ ჩემს შვილს განათლება მივცე?

არა ეზო, არა სპორტული დარბაზი, არა ბუფეტი, არა საპირფარეშო. ჩვენს ბავშვებს არაფერი არ აქვთ. სკოლა ავარიულია და იშლება“.

___

ვრცლად ამავე თემაზე:

„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს, ტირილს იწყებს“- რა ხდება ბულაჩაურის სკოლაში

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 17 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 513 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 346 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 345 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 49 863 ერთეული [+43]
  • MLRS – 2 139 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 645 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 520 508 ერთეული [+1 439]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 644 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 150 018 ერთეული [+461]
  • სპეცტექნიკა – 4 697 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

ანკორიჯის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაში ლავროვი ევროკავშირს ადანაშაულებს

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

15 მილიონი დაიხარჯება ბათუმში ქუჩისთვის, სადაც ადრე 944 ათასი ლარი დახარჯეს

ბათუმში ავგიის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საუბარია 3,4 კილომეტრი სიგრძის გზაზე, სადაც სამუშაოები აჭარის გზების დეპარტამენტმა სამი წლის წინ დაიწყო, აჭარის ბიუჯეტიდან 944 ათასი ლარიც დაიხარჯა, თუმცა გზა არ გაკეთებულა და ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულებაც შეუწყვიტეს.

მიზეზი, როგორც ადრე „ბათუმელებმა“ გაარკვია, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეუთანხმებლობა იყო. თავის მხრივ, სახელმწიფო უწყებებმა სამუშაოების შეწყვეტაში მაშინ მოსახლეობა დაადანაშაულეს.

ეს არის ქუჩა, რომელიც ადრე ხელვაჩაურის სოფელ ავგიის ნაწილს შეადგენდა. ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის შემდეგ კი აქ ინტენსიური განაშენიანება დაიწყო – როგორც კერძო ნაკვეთებზე, ისე გზაზეც [მაგალითად, როგორც ოფიციალურ უწყებებში თქვეს – „საკანალიზაციო მილების გაყვანა ბათუმის მერიასთან შეუთანხმებლად“ და სხვა].

ავგიის ქუჩა ბათუმში / ივლისი, 2026 წ.

ავგიის ქუჩაზე სამუშაოების დაწყება-შეწყვეტის შემდეგ ქუჩის კეთილმოწყობა ბათუმის მერიას გადააბარეს, თუმცა ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ იყო. თანხა – 6 089 946 ლარი მიმდინარე, 2026 წლის ბიუჯეტში 21 აგვისტოს ცვლილებების დროს გაწერეს.

2026 წლის 15 სექტემბერს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 14 მილიონ 569 ათას 370 ლარია.

საბოლოო თანხა ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება და შესაბამისად, წესით, დამატებით თანხა ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტშიც გაიწერება.

ავგიის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტირებაში მერიის სამმართველოს ცალკე 410 ათას 856 ლარი აქვს გადახდილი შპს „გზაპროექტისთვის“. თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, უშუალოდ პროექტზე „გზაპროექტის“ ქვეკონტრაქტორმა შპს „პროჯეკტ კომპანიმ“ იმუშავა.

მოკლე აღწერა პროექტიდან:

„საპროექტო ობიექტს წარმოადგენს ქ. ბათუმში მდებარე ავგიის ქუჩის 3,463 კმ სიგრძის მონაკვეთი. არსებული სავალი ნაწილი დაფარულია ასფალტბეტონის საფარით, რომელიც დაბზარული, დეფორმირებული და დაზიანებულია. მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროა საგზაო სამოსის, წყალარიდების, ხელოვნური ნაგებობების, ტროტუარებისა და გზის კუთვნილების კომპლექსური მოწესრიგება.

გათვალისწინებულია დაზიანებული საგზაო სამოსის, ბეტონის ცხაურიანი კიუვეტების, ცალკეული ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების, ღობეების, აგრეთვე საჭიროების ფარგლებში არსებული განათებისა და ელექტრო ბოძების დემონტაჟი ან გადატანა. შესაბამისი ელემენტების ნაწილი უნდა დასაწყობდეს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე ან გამოყენებულ იქნეს შემდგომი სამუშაოებისათვის.

საპროექტო მონაკვეთის კეთილმოწყობა მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობას, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების განვითარებას, ტროტუარების, ადგილობრივი შესასვლელებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას, ასევე საინჟინრო კომუნიკაციებისათვის საჭირო დამცავი ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების ელემენტების განთავსებას.“

ამავე პროექტის მიხედვით: „კეთილმოწყობის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული განათების 90 და ელექტროენერგიის 80 ბოძის ტროტუარის კონტურის შიგნით გადატანა, შესაბამისი სადენების დემონტაჟი და შემდგომი მოწყობა, 190 გრძ.მ ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარის მოწყობა, ხე-მცენარეების გაკაფვა პროექტით განსაზღვრულ ზონაში, 80 ხის მოჭრა და 30 ხის მიწის ბელტის დაუშლელად გადარგვა მიმდებარე პერიმეტრზე წინასწარ მომზადებულ ადგილებში“.

ავგიის ქუჩა ბათუმში / ივლისი, 2026 წ.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 6 ოქტომბერს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით „სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით“ პერიოდი.

რა ხდებოდა ავგიის გზის რეაბილიტაციაზე 2013 წლიდან დღემდე პერიოდში, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე:

ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა

 

 

 

„საზღვრის კვეთის უფლებას არ მაძლევენ, არც მიზეზს მეუბნებიან“ – მეზღვაური

24 წლის მეზღვაური, ვანო მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან საზღვრის კვეთის აკრძალვაზე არც ერთი სახელმწიფო უწყების წერილობითი ბრძანება არ არსებობს.

ვანო მიქელაძის თქმით, ის 25 აგვისტოს სტამბოლში უნდა ყოფილიყო, სადაც თურქულ ტანკერზე აპირებდა დასაქმებას, თუმცა არც ფრენის უფლება მისცეს და არც სარფის საბაჟოს გადაკვეთის.

„სხვა მეზღვაურთან ერთად მივფრინავდი ბათუმის აეროპორტიდან, მაგრამ ის გაატარეს, მე კი მითხრეს, რომ შეზღუდული გაქვთ ქვეყნის დატოვებაო.

მიზეზს არ მეუბნებოდნენ. უბრალოდ მითხრეს, იუსტიციაში გაარკვიეო. ვიყავი იუსტიციაშიც, სადაც მითხრეს, რომ მათი უწყების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ მქონდა.

მომდევნო საღამოს ისევ ვცადე საზღვრის კვეთა სარფიდან, თუმცა მაინც არ გამიშვეს. „პროგრამა არ გატარებს“, – მხოლოდ ამას მეუბნებიან. როგორც ადვოკატმა მითხრა, შეზღუდვის ინიციატორი უნდა ეწეროს დოკუმენტში, თუმცა ვინ არის ეს ინიციატორი, არავინ მეუბნება“, – ამბობს ვანო მიქელაძე.

მეზღვაურის თქმით, გამოცვალა პასპორტიც. „ერთ დღეში, დაჩქარებული წესით ავიღე, თუმცა მაინც არ გამატარეს“ – გვითხრა მან.

„არც ჯარიმა მაქვს, არც რაიმე დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, არც ძებნაში ვარ, თუმცა, მაინც ვერ გავარკვიე მიზეზი, თუ რის გამო მზღუდავენ.

ვიყავი პროკურატურაშიც და იქაც მითხრეს, რომ მათი უწყების მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ მაქვს ქვეყნის დატოვებაზე. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ქვეყნიდან, მანამდე არსად ვყოფილვარ, რომ რომელიმე ქვეყანაში მქონოდა შესვლა შეზღუდული“, – გვეუბნება ვანო მიქელაძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა მეზღვაურის ადვოკატს, ლელი ბჟალავას. მისი თქმით, დაახლოებით 4 წლის წინ ვანო მიქელაძე ძარცვის საქმეზე მოწმედ იყო გამოძახებული. „ამ საქმის 4 ფიგურანტიდან ერთ-ერთმა გადაიხადა გირაო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ ქვეყანა დატოვა, რადგან ფეისბუქის პოსტების მიხედვით, ის უცხოეთში უნდა იმყოფებოდეს. ეს საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია, სადაც მოწმეები აღარ იკითხებიან. ამიტომ ეს გარემოებაც ვერ იქნება ვანო მიქელაძის საზღვარზე შეფერხების მიზეზი.

პროკურატურა, პოლიციის განყოფილება, იუსტიცია, ყველა უწყება გვეუბნება, რომ არ არის გაშავებული. თუმცა ვის და რა მიზეზით ჰყავთ გაჩერებული, ვერც ამაზე ვიღებთ ინფორმაციას.

მოწმის სტატუსით ადამიანი გააჩერო და არ მისცე საზღვრის კვეთის უფლება, ეს უკვე დანაშაულია. ასეთი კანონი არ არსებობს.

მაშინ უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ, მაგალითად, ამა და ამ პირს აეკრძალოს ქვეყნის დატოვება.

როცა მოწმედ გამოიძახეს, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ახლა დაასრულა სწავლა და სტაჟირებაზე მიდიოდა სტამბოლში. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა“, – ამბობს ლელი ბჟალავა.

ადვოკატმა ასევე მოგვაწოდა შსს-დან მიღებული ოფიციალური წერილი, რითაც დასტურდება, რომ ვანო მიქელაძე ამ დროისთვის არც ბრალდებულია და არც ძებნაში იმყოფება.

შსს-დან გაცემული ოფიციალური ცნობა

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ უკვე მიმართეს სახალხო დამცველსაც, რომ შეისწავლოს საკითხი და გამოითხოვოს ინფორმაცია ამკრძალავი უწყების შესახებ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჰკითხა, რის საფუძველზე, რა მიზეზით არ ეძლევა მოქალაქე ვანო მიქელაძეს სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლება?

„ბათუმელები“ ორივე უწყებიდან ელოდება პასუხს ამ კითხვაზე. პასუხების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

_____________

ფოტოზე: ვანო მიქელაძე, მეზღვაური. ფოტოკოლაჟი.

„ეს სახელმძღვანელო აცდენილია მეათეკლასელის სააზროვნო უნარებს“ – პირიმზე რურუა

„როდესაც მეათეკლასელს, მომავალ მოქალაქეს, რომელმაც ხვალ ქვეყნის ბედი უნდა მართოს, საქართველოს ისტორიას ასე ზედაპირულად, გაუფასურებულად და ლოგიკურ ჯაჭვს აცდენილად ვაწვდით, ამით უპირველესად ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ვავნებთ“ – ასე გამოეხმაურა მე-10 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მასწავლებელი, ისტორიკოსი პირიმზე რურუა.

სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტრო თითქმის ათი თვე, პროფესიული წრეების ფართო ჩართულობის გარეშე წერდა, მასწავლებლებს მხოლოდ სწავლების დაწყების წინ მიაწოდეს. ბოლო დღეებში არაერთი ისტორიკოსი გამოეხმაურა კომენტარით, შენიშვნებითა და კრიტიკული შეფასებებით ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს.

„საჯარო სკოლის მე-10 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა ვფიქრობ, გამოვთქვა თუ არა ჩემი აზრი.

არ თქმაც დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან, რადგან 35 წელია ისტორიას ვასწავლი, მენტორი მასწავლებელი ვარ, ისტორიის აკადემიური დოქტორი, დიდი ხნის წინ საავტორო სახელმძღვანელოც დავწერე და ათწლეულების მანძილზე მთელს საქართველოში პედაგოგებს ვუტარებდი ტრენინგებს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ პროფესიული გამოცდილება საკმაოდ დამიგროვდა და დღეს დუმილი უბრალოდ უპასუხისმგებლობა იქნებოდა! მომავალში მე რას და როგორ ვასწავლი, ეს ძალიან კარგად ვიცი!

დიახ, სახელმძღვანელო არ არის ერთადერთი რესურსი პედაგოგისთვის. ვიცი! არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ხომ არიან მასწავლებლები, რომლებიც ძირითადად ამ წიგნით ხელმძღვანელობენ? მოსწავლეები ხომ უპირველესად აქედან სწავლობენ? ჰოდა, ასე ფრაგმენტულად, ჩვენი ქვეყნის წარსულის მიწოდება რა შედეგზე გაგვიყვანს?

დღეს სადღაც წავიკითხე, ეს მხოლოდ პირველი ნაწილია და გაგრძელება იქნებაო. რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ? იქნებ ამიხსნას ვინმემ ამგვარი „თანმიმდევრულობის“ ლოგიკა. თემატურადაც რომ დავალაგოთ, როდიდან ამოვარდა სწავლების მეთოდიკიდან ქრონოლოგიური ხაზის დაცვა, თანაც მეათეკლასელებთან?!

ბევრი დაიწერა და ითქვა ტექსტების შინაარსობრივ ნიუანსებზე, ამიტომ ყურადღებას სხვა, ფუნდამენტურ პრობლემაზე გავამახვილებ.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს სახელმძღვანელო, მასში მოტანილი მასალა, წყაროები, შეკითხვები და დავალებები აცდენილია მეათე კლასის მოსწავლის სააზროვნო უნარებსა და განვითარების დონეს. უფრო მეტიც, ის ვერ აკმაყოფილებს საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებსაც კი.

საშუალო საფეხური ის ეტაპია, როცა მოსწავლეს უნდა ვუვითარებდეთ კრიტიკულ, ანალიტიკურ და მიზეზ-შედეგობრივ აზროვნებას. ამის ნაცვლად, რა გვხვდება წიგნში?

  • ისტორიული მოვლენები მოწოდებულია მშრალად, მარტივად, სიღრმისეული კონტექსტის გარეშე.
  • ტექსტი მოსწავლეს არ სთავაზობს სერიოზულ საფიქრალს.
  • კითხვები და დავალებები ძირითადად ორიენტირებულია მასალის მექანიკურ აღდგენასა და ფაქტების უბრალო დამახსოვრებაზე.
  • ნაკლებად (თითქმის არ) არის წყაროების შედარებითი ანალიზი?
  • სად არის ისტორიული პარალელები, დებატები, მრავალმხრივი პერსპექტივების შეფასება?

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წიგნი შექმნილია ბევრად უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის და არა დამამთავრებელი საფეხურის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ხვალ-ზეგ უნივერსიტეტებში მოუწევთ სწავლის გაგრძელება.

მოგეხსენებათ, ისტორიის სწავლება არ არის მხოლოდ მშრალი თარიღებისა და ფრაგმენტული ამბების მოყოლა. ისტორია ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ხერხემალია, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების საძირკველი.

როდესაც მეათეკლასელს, მომავალ მოქალაქეს, რომელმაც ხვალ ქვეყნის ბედი უნდა მართოს, საქართველოს ისტორიას ასე ზედაპირულად, გაუფასურებულად და ლოგიკურ ჯაჭვს აცდენილად ვწვდით, ამით უპირველესად ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ვავნებთ.

მოსწავლეს, რომელსაც არ ვასწავლით საკუთარი ქვეყნის წარსულის სიღრმისეულ ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და ეროვნული ფასეულობების გააზრებას, ვართმევთ შესაძლებლობას, გახდეს აზროვნებით თავისუფალი, გაცნობიერებული და მყარი ეროვნული სულისკვეთების მატარებელი მოქალაქე. ეს კი უკვე სცილდება უბრალო საგნობრივ ხარვეზს და პირდაპირ აისახება ჩვენი მომავალი თაობის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე“- წერს პირიმზე რურუა.

ფოტოზე: პირიმზე რურუა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

____________

ამავე თემაზე: 

„ისეა დაწერილი, რუსეთი რომ მტერი არ გამოჩნდეს“ – ისტორიის მასწავლებელი ახალ სახელმძღვანელოზე

 

 

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით (177.3 ლარით) გაიზარდა.

შესაბამისად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389.3 ლარია.

ამის შესახებ საქსტატის ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა- მთიანეთი. რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა. 

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით)

ამავე დროს, 2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“ – წერს საქსტატი.

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით).

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში კი საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო სფეროებში დასაქმებულებს.

 

უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების (СБС) მეთაურმა, რობერტ (მადიარ) ბროვდიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, რომელმაც კონსტანტინოვკა „აიღო“, 12 სექტემბერს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის უპილოტო დანაყოფის „ჩიტებმა“ გაანადგურეს.

მადიარი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

გენერალთა დაკავშირებული ბიოგრაფიული წყაროების თანახმად, ანტონ გრუნისი „მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში – ჩეჩნეთში, სამხრეთ ოსეთში, სირიასა და დონბასში“. 

რამდენიმე დღის წინ გენერალ-მაიორ გრუნისს ვლადიმერ პუტინმა გმირის წოდება მიანიჭა და „ოქროს ვარსკვლავით“ დააჯილდოვა. ეს ჯილდო გრუნისს 27 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა გადასცა.

გმირის წოდება გრუნისს „კონსტანტინოვკას გათავისუფლებისთვის“ მიანიჭეს – რუსული წყაროების თანახმად, სწორედ მან მოახსენა პუტინს, რომ „კონსტანტინოვკა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა“.

თუმცა, ეს ინფორმაცია უკრაინამ უარყო.

გენერლის დაღუპვის შესახებ წერს რუსული პროპაგანდისტული მედიაც, მაგრამ ოფიციალურ წყაროებს ჯერ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

5 მილიონი ლარი ქედაში ნაპირსამაგრი კედლების მოსაწყობად

ქედაში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 5 მილიონამდე ლარის გამოყოფილი. აქედან 949 ათასი ლარი ქედის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ხოლო 4 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ქედის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოებიც მიმდინარეობს მდინარე აკავრეთას კალაპოტში, ქედის ცენტრალური პარკის მიმდებარედ. 

ნაპირსამაგრი სამუშაოები ქედის ცენტრალურ პარკთან, მდინარე აკავრეთას კალაპოტში. / 14.09.2026

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი, აჭარისწყლის კალაპოტში, სოფელ ზენდიდთან ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი ახლახან გამოაცხადა.

ეს ადგილები ერთმანეთისგან დაახლოებით 500 მეტრითაა დაშორებული.

1. ადგილი დაბა ქედაში [ცენტრალურ პარკთან] სადაც ნაპირსამაგრი კედელი შენდება. 2. ადგილი სოფელ ზენდიდთან, სადაც ნაპირსამაგრი კედლის აშენებაზე ტენდერია გამოცხადებული.
ქედის მუნიციპალიტეტს დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ხელშეკრულება შპს „ხელვაჩაურის საგზაოსთან“ აქვს გაფორმებული 949 899 ლარზე.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულდეს 2026 წლის 3 დეკემბრამდე.

საჯარო რეესტრის მიხედვით, „ხელვაჩაურის საგზაოს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა შპს „გზამშენი“, „გზამშენის“ მესაკუთრე კი ერთპიროვნულად რამაზ შარაშიძეა.

ქედაში, სოფელ ზენდიდთან, მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტს 4 016 403 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოების დასრულება უნდა უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე“.

პროექტის მიხედვით „ნაპირსამაგრი კედლის საჭიროება გამოწვეულია მდინარე აჭარისწყლის ეროზიულ ზემოქმედებით… საპროექტო რკინაბეტონის კედლის სიგრძეა 335 მეტრი, სიმაღლე 7,75 მეტრი“.

აღნიშნულ არეალში [აკავრეთასა და აჭარისწყლის შესართავთან] სადაც მდინარეები ნაპირს რეცხავს, ინერტული მასალის მოპოვებაც ხდება.

მიმდინარე წელს, ქედის სოფელ არსენაულთან ჭარისწყლის კალაპოტიდან 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება „ანაგს“ მისცეს, ხოლო მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან 19 500 კუბური მეტრი ინერტული მასალის ამოღების უფლება – შპს „გზას“.

აღსანიშნავია, რომ ქედის ცენტრალურ პარკთან დამცავი ნაგებობის მშენებლობა ხელახლა მიმდინარეობს, ვინაიდან ადრე არსებული ნაგებობა მისი აშენებიდან მალევე დაანგრია მდინარე აკავრეთამ.

ამ თემაზე:

ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება

Exit mobile version