დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს – მოქალაქეების მიერ უამრავი ფოტო-ვიდეო მასალის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების შემდეგ,დღის ბოლოს, ბათუმის მერიაც გამოჩნდა. მერიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ უამინდობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია.
დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით შემოსულია 50-მდე ზარი. მათგან დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე განხორციელდაო – იუწყება მერია.
„ამოტუმბვითი სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება და გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის საჭიროება არსებობს. უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები“, – ირწმუნება ბათუმის მერია.
მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, სადაც შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, წყალმომარაგების მიმართულებით კი, ამ ეტაპზე, შეფერხება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, მერიის ინფორმაციით, მარშრუტები გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით იცვლება. უსაფრთხოების მიზნით, #13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ზიანის ანაზღაურდება – ამასაც მერია წერს.
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. ამ დრომდე შეფერხებულია მოძრაობა, მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე ქსელი და სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და გამტარუნარიანია.






