მთავარი,სიახლეები

კინოფესტივალი BIAFF იწყება – წარმოდგენილი იქნება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი 60 ფილმი

19.09.2026
კინოფესტივალი BIAFF იწყება – წარმოდგენილი იქნება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი 60 ფილმი

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კინოჩვენებები კინოთეატრ „CAVEA GRAND MALL“-ში, ბათუმის დრამატულ თეატრში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. პროგრამა იხილეთ აქ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 2026 წლის პროგრამა საერთაშორისო და ქართულ კინოს საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს აერთიანებს. სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებთან ერთად მაყურებელს სპეციალური პროგრამები და საფესტივალო ღონისძიებებიც ელის.

„19-დან 26 სექტემბრამდე BIAFF 2026 ქალაქში ფილმებს, რეჟისორებს, კინოს პროფესიონალებსა და ფესტივალის მრავალფეროვან ღონისძიებებს მოუყრის თავს. ფესტივალის გამოცდილება მხოლოდ ეკრანზე ნანახი ისტორიებით არ შემოიფარგლება.
მაყურებელსა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილეობის, ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ. ამ ყველაფერს კი ბათუმის ზღვისპირა გარემო და ქალაქის უნიკალური ატმოსფერო განსაკუთრებულ საფესტივალო გამოცდილებად აქცევს“. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც BIAFF -ის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

გახსნის ცერემონიალი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, სადაც ცნობილ პოლონელ კინორეჟისორს, აგნეშკა ჰოლანდს გადაეცემა BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა აგნეშკა ჰოლანდთან [ღონისძიება ღიაა კინომოყვარულთათვის], ხოლო 18:30 საათზე ის ბათუმის დრამატულ თეატრში საკუთარ ფილმს – „ფრანცს“ წარადგენს.

წელს BIAFF კინოფესტივალზე ცალკე სექციად ნაჩვენები იქნება „ქართული ანიმაციის კლასიკა“ – 17 საბავშვო ანიმაცია, აღდგენილი, გაციფრულებული ვერსიები.

ანიმაციური პროგრამის ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „კავეა გრანდმოლში“, ყოველდღიურად 20 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით – 12.00, 13.00 და 14.00 საათებზე, თითო სეანსი ერთი საათი გრძელდება.

ჩვენები უფასოა და ღიაა მაყურებლისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: