აჭარას ახალი, გოდერძის წრიული ველომარშრუტი შეემატა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 24-კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება და გოდერძიდან მწვანე ტბამდე, რიყეთისა და ლოდიძირის იალაღებში გადის.
მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება შეუძლიათ.
მწვანე ტბის შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით.
შავი ტბის შემდეგ ველომარშრუტი ისევ გოდერძის უღელტეხილზე ბრუნდება.
რუსეთის სამხედრო ძალები თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ უკრაინის ქალაქ ავდიივკაში უკრაინული თავდაცვის ხაზის გარღვევას.
დღეს, 15 ოქტომბერს, უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ცნობებში ომის შესახებ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ რუსეთის თავდასხმის მოგერიებას დონეცკის მახლობლად, ავდიივკას რაიონში, რომელიც ამ კვირაში რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად იქცა.
„მტერი აგრძელებს ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობებს, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 15 თავდასხმა დონეცკის ოლქის ავდიივკას, ტონენკოეს და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში“, – წერს გენშტაბი.
გენშტაბი იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქში, მარინკას მიმართულებით და აკავებენ რუსულ ძალებს ლიმანთან ახლოს.
მთლიანობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 60 სამხედრო შეტაკება მოხდა.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი – ISW-ი წერს, რომ რუსული ძალები იყენებენ ჯავშანტექნიკის ჩვეულებრივზე მეტ რაოდენობას ავდიივკასთან მიმდინარე ოპერაციებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 5 –10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 17 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 18 ოქტომბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 287 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
ტანკი – 4 948 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 9 362 ერთეული [+25]
საარტილერიო სისტემა – 6 866 ერთეული [+33]
MLRS – 813 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 547 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 317 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 269 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 531 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 249 ერთეული [+24]
სპეცტექნიკა – 976 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
488 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 888 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 640 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 771 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
14 297 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მოქალაქეები საბავშვო მშენებლობას პეტიციით ითხოვენ. პეტიციის მომზადებაში მათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაეხმარა.
ორგანიზაციის ინფორმაციით სოფელში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, ამიტომაც ადგილობრივებს შვილების წაყვანა მეზობელ სოფელში [სოფელ ქობულეთი] უწევთ, რაც ყველა ოჯახს არ შეუძლია, ამიტომ ბაღის არსებობა სოფელში სასიცოცხლოდ აუცილებელია.
„აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ ფინანსური რესურსი გამოყოს სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ან არსებულ ადმინისტრაციულ შენობაში საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.“ – ნათქვამია პეტიციაში.
გარდა ამისა, ჭახათის თემის მოსახლეობა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი შუამდგომლობით, თემისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ბათუმში, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთაში შპს „გარდენ ქიი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ აქ არსებული სახლის ნგრევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ამ სახლს და მის გვერდით არსებულ შენობას, რომლისგანაც მხოლოდ ფასადია დარჩენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად, დემონტაჟის პროცესის დაწყებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.
ადგილზე მყოფი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ფასადს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, არ ანგრევენ და ის უნდა შეინარჩუნონ. მეორე სახლზე კი გვითხრეს, რომ ის „ისედაც ცუდ მდგომარეობაშია“.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტეს, რომ ძეგლის სტატუსი აქვს მხოლოდ იმ შენობას, რომლის ფასადიც არის შემორჩენილი, მეორე შენობის ნგრევით კი კომპანიას სანებართვო პირობები არ დაურღვევია.
სააგენტო გულისხმობდა ამ ფასადს
კონკრეტულად რა ნებართვაა გაცემული კომახიძის #1-ში ამის თაობაზე ინფორმაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ გამოითხოვა. მან სასამართლოსაც მიმართა დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით, სწორედ იმ მოტივით, რომ შენობას ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ოფიციალურ წერილობით პასუხში სააგენტო განმარტავს:
„კომახიძის ქუჩა №1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სსიპ –
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 14 ივნისის N01-07/108 ბრძანების საფუძველზე, რომელიც გაცემული იქნა შპს „გარდენ ქიის” მიერ წარმოდგენილი პროექტისა და ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილის მიერ მომზადებულ სახელოვნებათმცოდნეო კვლევაზე დაყრდნობით“.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი, რომელიც ხელს აწერს ძეგლის ადაპტაცია-რესტავრაციის ბრძანებას, იქვე განმარტავს, რომ სააგენტომ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაადგინა, რომ მოთხოვნა სრულად აკმაყოფილებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.
ზაურ ახვლედიანი ასევე განმარტავს, რომ პროექტი სათათბირო საბჭომაც განიხილა და ის განსახილველად მერიაშიც გადააგზავნეს. დადებითი რეკომენდაციების მიღების შემდეგ მან ადაპტაცია-რეაბილიტაციის ბრძანება გასცა.
რენდერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომახიძის #1-ში მდებარე ორსართულიან სახლს სრულად დაანგრევენ და ინარჩუნებენ მხოლოდ ამ სახლის გვერდით მდებარე ძეგლის ფასადს.
რენდერი
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ორივე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. ეროვნული სააგენტოს დოკუმენტებში ეს სახლი ერთ შენობად არის მოხსენიებული.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი ორსართულიანი შენობა კომახიძის ქუჩაზე გრძივი, გამსახურდიას ქუჩაზე კი განივი ფასადით გამოდისფოტო: საზოგადოება „ბათომი“
შპს „გარდენი ქიის“ ასი პროცენტის მფლობელი მარი შუბალიძეა. კომპანიას მალხაზ შუბალიძე ხელმძღვანელობს. 2016 წელს მალხაზ შუბალიძემ „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შეწირა.
ჭახათის თემის მოსახლეობა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი შუამდგომლობით, თემისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ორგანიზაციამ შესაბამისი პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე ატვირთა.
როგორც პეტიციაშია მითითებული სოფელში მთავარ პრობლემად ადგილობრივებს თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოხსნა მიაჩნიათ.
სტატუსი თითქმის ორი ათეული წლის წინ მოუხსნეს თემს და მას შემდეგ არაერთი დაპირების მიუხედავად, არ აღდგენილა.
ჭახათის თემის მაცხოვრებლები თემის დაცლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ სტატუსის უქონლობას, ხოლო მის აღდგენას მიგრაციის შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ.
„გარდა იმისა, რომ ეს საჭიროება უშუალოდ თემის მოსახლეობას უდგას, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს უამრავი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად, არსებობს ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად შესაბამისი პოტენციალი. შესაძლოა, სტატუსის მინიჭებამ და მასთან დაკავშირებულმა შეღავათებმა გაცილებით ინტენსიური გახადოს ადგილობრივების ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა.“ – ნათქვამია პეტიციაში.
„გამჭვირვალობა საქართველოს განმარტებით მაღალმთიანი რეგიონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, კერძოდ, პირველი და მეოთხე პუნქტები, საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მთავრობის შესაბამის საბჭოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ ჭახათის თემს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.
ამ დროისთვის პეტიციას 107-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი.
ქეთი მახარაძე მათ შორისაა, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა, რომ მოკლევადიან სწავლებებს, ტრენინგებსა და ონლაინ გადამზადებებს შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს, როცა სამსახურს ეძებ.
ქეთი ამბობს, რომ იმდენად ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ზოგჯერ ვეღარც კი იხსენებს, ვისგან რა ისწავლა და რა გამოცდილება მიიღო. მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქეთიმ შეძლო და ორ სხვადასხვა სფეროში მოსინჯა თავისი შესაძლებლობები.
ახლა ის ფარმაციას სწავლობს და ამ სფეროში დასაქმდა კიდეც.
„შშმ ქალთა ალიანსის წევრი ვარ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დეა ერემაშვილმა მითხრა ონლაინ ტრენინგების შესახებ. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ტრენინგკურსზე აღმოვჩნდი. გავხდი LInks პროექტის წევრი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორცილედებოდა. გავიარე ინგლისური ენის 6 თვიანი კურსი, კომპიუტერული უნარების და მეწარმეობის კურსები. ჩავერთე სტაჟირების პროგრამაში და ქედის ტურიზმის განვითარების ცენტრში დავიწყე მუშაობა“ – გვიყვება ქეთი
24 წლის ასაკში ეს სამსახური ქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ ეს ახალი სფერო საინტერესო იყო მისთვის, სამუშაო გამოცდილებაც უნდა დაეგროვებინა: „ჩემს სახლთან ახლოსაც იყო ოფისი, სადაც უნდა მემუშავა. შესაბამისად დავსაქმდი ქედის ტურიზმის განვითარების ცენტრში“.
ქეთი გვიყვება, როგორი იყო მისი ცხოვრება ვიდრე ტრენინგებს გაივლიდა და საჭირო ცოდნას მიიღებდა:
„დასაქმებული არ ვიყავი, მაქვს შშმ პირის სტატუსი. გადაადგილებისა და სხვა ყველაფრის შესაძლებლობა მქონდა, რაც დასაქმებულს სჭირდება, მაგრამ მაინც. იმ დროს, როცა ტრენინგების შესახებ გავიგე, ვმკურნალობდი და არ იყო შესაძლებელი, რომ მემუშავა. მანამდე ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე სამუშაო“.
ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრში ქეთი სტაჟიორად აიყვანეს, შემდეგ კი ოფისმენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა:
„გვევალებოდა ქედის სოფლების პოპულარიზება, ახალი კოტეჯების, სასტუმროების გახსნის პიარი“.
სტაჟირების დასრულების შემდეგ ქეთიმ ფარმაციის შესწავლა გადაწყვიტა: „ახლა ვმუშაობ, პრაქტიკანტი ვარ აფთიაქში, ჯერ სწავლა არ დამისრულებია“.
თავისუფალ დროს კითხულობს და სწავლობს ფარმაციას, უსმენს მუსიკას.
ამბობს, რომ შშმ სტატუსის მქონე ადამიანებისთვის მეტი მხარდაჭერაა საჭირო:
„მეგობარი მყავს, რომელსაც უჭირს გადაადგილება, მინდა, რომ ისწავლოს, ქედის გარეთაც რომ გავიდეს“.
ქეთი ახლა ფარმაციას სწავლობს, მეორე კურსზეა. შეიძლება ეს მის მთავარ საქმედ აირჩიოს, შესაძლოა სხვა რამემაც გაიტაცოს. ამბობს, რომ ახლა ძიების პროცესშია და ეს მოსწონს.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქეთი გადაამზადეს გაეროს ასოციცაციისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ ხორციელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 286 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
ტანკი – 4 940 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 9 337 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 6 833 ერთეული [+24]
MLRS – 811 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 547 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 317 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 265 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 531 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 225 ერთეული [+22]
სპეცტექნიკა – 971 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით , ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
488 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 821 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 598 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 764 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
14 230 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სტრასბურგში ყოველდღიურად იზრდება საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურები და ექიმები ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი და მოძებნონ გზა პაციენტთა მიგრაციის დიდ ნაკადთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ადგილობრივი მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი წერს 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში.
გამოცემის ცნობით, მიგრანტების რიცხვი სტრასბურგში განსაკუთრებით გაიზარდა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს შენგენის ქვეყნებთან.
მიგრანტებს შორის არიან საქართველოს მოქალაქეები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. სტრასბურგის სახელმწიფო ჰოსპიტლის ნეფროლოგიის განყოფილების მონაცემებით, კოვიდპანდემიამდე ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების 15% მიგრანტი იყო, მათ შორის 50%-ზე მეტი საქართველოდან.
„კაცები, ქალები და ბავშვები გარბიან საქართველოდან, სადაც სამედიცინო მომსახურება ძვირი, არასაიმედო და არაკომპლექსურია.
სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები ძირითადად თბილისში, საქართველოს დედაქალაქშია თავმოყრილი. ქართველების უმრავლესობას ენის ბარიერის პრობლემა აქვს სტრასბურგში. ცუდად ან საერთოდ ვერ საუბრობენ, ცხოვრობენ მძიმე სანიტარულ პირობებში, აქვთ საცხოვრებლის პრობლემები და ბევრს არ აქვს არანაირი დოკუმენტი“ – წერს მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, რეკორდულად მაღალი იყო 2023 წლის ზაფხულში საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სტრასბურგში სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ, განსაკუთრებით ჰემატოლოგია-ონკოლოგიის განყოფილებებში.
მედიაგამოცემის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა სტრასბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების გაერთიანება, ჯანდაცვის რეგიონული სააგენტო, სტრასბურგის პრეფექტურა და ქალაქის კანცეროლოგიის ინსტიტუტი. შეხვედრის თემა იყო მიგრანტების გაზრდილი ნაკადი საქართველოდან, რომლებსაც მკურნალობის გაგრძელება სტრასბურგში სურთ.
გამოცემის ცნობით, საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს, როგორი უნდა იყოს საქართველოდან ჩამოსული მიგრანტი პაციენტების მხარდაჭერის სქემა, როგორ უზრუნველყონ მკურნალობის ხარისხი და უსაფრთხოების გარანტიები მიგრაციის მაღალი ტალღის პირობებში.
ჯანდაცვის რეგიონული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საკითხი ძალიან დელიკატურია. პრეფექტურის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს გამოცემის შეკითხვას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს შეხვედრაზე სტრასბურგში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე სტრასბურგის კანცეროლოგიის ინსტიტუტმა წერილობით გასცა პასუხი ჟურნალისტებს:
„მრავალი წელია ვიღებთ პაციენტებს სტრასბურგში საქართველოდან. 2023 წლის ზაფხულს 85 საწოლი დავამატეთ ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში, მოვახერხეთ შეგვექმნა ადაპტირებული გარემო ისე, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოების გარანტიები და სტანდარტის შესაბამისი სამუშაო გარემო მედპერსონალისთვის შენარჩუნებულიყო.
ქართველი პაციენტების მკურნალობას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ადგილობრივი პაციენტების მდგომარეობაზე, არ შეუზღუდავს მათი ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე. არ ყოფილა ადგილობრივებისთვის მკურნალობის დაგვიანების შემთხვევა, არ გვქონია რესურსების უკმარისობის მაგალითები“.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთმა ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად შექმნა პროგრამა საქართველოში დაბრუნების მსურველთა დასახმარებლად.
პროგრამა სატესტო რეჟიმში განახორციელა 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და ემიგრაცია-ინტეგრაციის საფრანგეთის სააგენტომ (OFFII).
პროგრამა ფრანგული და ქართული მხარის თანხმობით განხორციელდა.
პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში დასაბრუნებლად დახმარება გაეწიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში სურდათ დაბრუნება, მაგრამ ჰქონდათ დაავადება, რაც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.
გაეროს ინფორმაციით, პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:
მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ბრიგადების მიერ განმცხადებლის პირადი მდგომარეობის შეფასება და სამედიცინო დახმარების გეგმის შემუშავება საქართველოში.
ფინანსური დახმარება საქართველოში სამედიცინო ხარჯების დასაფარად. დაბრუნების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში არაუმეტეს 1500 ევროს ოდენობით.
დახმარება აეროპორტში განმცხადებლის საჭიროებების გათვალისწინებით: საქართველოში გამგზავრების, ტრანზიტისა და ჩამოსვლის დროს.
საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო, ან სხვა ტიპის დახმარება მოგზაურობის დროს საფრანგეთიდან საქართველოში გამომგზავრებისას. განმცხადებლის ოჯახის ახლო წევრებისთვის ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება საფრანგეთიდან საქართველომდე.
21 თვის განმავლობაში ამ პროგრამით ისარგებლა დაავადების მქონე 86-მა მოქალაქემ (47 კაცი და 39 ქალი) 56 თანმხლებ პირთან ერთად.
„განაცხადი დაბრუნებაზე 176-მა კანდიდატმა შემოიტანა, მაგრამ მათგან 70-მა რეალურად არ დატოვა ქვეყანა. 8 განმცხადებელს არ ჰქონდა პროგრამით გათვალისწინებული მდგომარეობა, 12 მოქალაქე წასვლამდე გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი კანდიდატურა მოხსნეს“ – ამბობს საფრანგეთის ემიგრაცია-ინტეგრაციის სააგენტოს სამედიცინო განყოფილების დირექტორი ჰან ლე ლუონგი ფრანგულ გამოცემასთან.
პროგრამის ბენეფიციართა 80%-ს შეადგენდნენ ის ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩამოვიდნენ. ბენეფიციართა უმრავლესობა იყო 40-დან 60 წლამდე. 33% 60 წელზე ზევით, 83% კი – 40 წელს გადაცილებული.
86 ადამიანიდან, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ პროგრამის ფარგლებში, 10 გარდაიცვალა. ჰან ლე ლუონგის განმარტებით საქმე ეხება უკიდურესად მძიმედ დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს.
„სიმსივნის მძიმე ფორმებით დაავადებულებს ხშირად აქვთ მოლოდინი, რომ საფრანგეთში უახლესი, სასწაულებრივი მეთოდით გამოაჯანმრთელებენ, ხშირად კი მოლოდინი არ მართლდება. ხანდახან ისინი აქ სიცოცხლის ბოლო დღემდე რჩებიან, რადგან სხვა გზა არ აქვთ. როცა ექიმები მათ სიმართლეს ეუბნებიან, შემდეგ შინ დაბრუნების გზას ირჩევენ, რომ საკუთარ ქვეყანაში, უახლოესი ადამიანების გვერდით გაატარონ ბოლო დღეები“ – ამბობს ჰან ლე ლუონგი.
საფრანგეთის ემიგრაცია-ინტეგრაციის სამსახურის მონაცემებით პროგრამის მონაწილე 86 ქართველს შორის მხოლოდ 17-მა მიიღო ონკოლოგიური დახმარება საფრანგეთში და განიკურნა სიმსივნისგან.
პროგრამა ამჯერად დასრულებულია. საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის სამედიცინო მიმართულების დირექტორი ამბობს, რომ პროგრამა ისევ ამოქმედდება, გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდება და შეეხება არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა სამიზნე ქვეყნების მოქალაქეებსაც. საემიგრაციო სამსახური დასრულებული პროგრამის შეფასებებს და დაფინანსებას ელოდება.
გამოცემა Rue 89 Strasbourg-ი წერს, რომ ქართველებს არასტაბილურ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც დაუცველად გრძნობენ თავს და ტოვებენ საკუთარ ქვეყანას.
ალზასის საემიგრაციო სამსახურის და ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმების“ შეფასებით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების იმედით ჩადიან.
სტრასბურგში ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მიმართულების ხელმძღვანელი, სოფი დარიუსი სტრასბურგულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახლა მათი მისიაა უზრუნველყონ სამედიცინო თვალსაზრისით რთული მდგომარეობა და სტრასბურგში ჩასული ქართველი მიგრანტებისთვის, რომლების საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან არიან, შეინარჩუნონ სამედიცინო დახმარების მაღალი ხარისხი.
______________
ფოტოზე: ქართველი პაციენტების დიდ ნაწილს, რომლებიც სტრასბურგის საუნივერსიტეტო კლინიკებში მკურნალობენ, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. 2022 წლის დეკემბერი. ფოტო: ამელი შეფერი/Rue 89 Strasbourg
„შიშმა დაისადგურა 1937-38 წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანში. მანამ ამ შიშის რესურსი არსებობდა, სანამ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენდა ხალხი, რომელმაც გამოიარა ეს შიში, მანამ არსებობდა საბჭოთა კავშირი“, – დიდი ტერორის წლების და მისგან დატოვებული შიშების ეს შეფასება საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორს, გიორგი მამულიას ეკუთვნის.
„სტალინის მთავარი გეგმა იყო ფიზიკურად მოესპო მისი მმართველობით უკმაყოფილო ყველა ელემენტი, რომელიც იყო კომუნისტურ პარტიაში. რატომ? იმიტომ, რომ ეშინოდა.
ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პირი, რომელიც გაანადგურეს 1937-38 წლებში, იქნა განადგურებული სტალინის სიების მიხედვით. მათ განადგურებას და დახვრეტას უშუალოდ სტალინმა მოაწერა ხელი.
ერთადერთი პრივილეგია საქართველოს რაც ჰქონდა იმით, რომ სტალინი საქართველოდან იყო, საქართველო იყო მოწინავე ადგილზე რეპრესიების მხრივ“, – გვითხრა ინტერვიუსას მკვლევარმა.
დიდი ტერორის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი.
ბატონო გიორგი, დავიწყოთ ინტერვიუ მცირე ისტორიული ექსკურსით, რა წინაპირობები ჰქონდა დიდ ტერორს, როგორ მივედით 1937 წლის სტალინურ რეპრესიებამდე?
უშუალოდ 1937-38 წლის სტალინურ დიდ ტერორს წინ უძღოდა ის დამოკიდებულება, რაც სტალინს ჰქონდა ქართველების, ძველი ქართველი ბოლშევიკების და საქართველოს მიმართ.
უნდა ვიცოდეთ, რომ დამოკიდებულება სტალინსა და ძველ ქართველ ბოლშევიკებს შორის არ იყო ადვილი. იმიტომ, რომ ძველი ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც არ თვლიდნენ თავს დავალებულად უშუალოდ სტალინის მიერ, მოითხოვდნენ მეტ ავტონომიას, მეტ უფლებებს საქართველოსთვის და ამიერკავკასიის ფედერაციისთვის, ვიდრე ამას თანხმდებოდა მოსკოვი და სტალინი.
ჯერ კიდევ 1922 წელს დიდი კამათი გაიმართა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საბჭოთა კავშირი და კერძოდ, როგორი სახით უნდა შევიდნენ სამოკავშირეო რესპუბლიკები საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, სსრკ-ის შემადგენლობაში.
იმ დროინდელი ძველი ქართველი ბოლშევიკები, რომლებსაც საკუთარი მოსაზრება ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ საქართველოს რესპუბლიკა უნდა შევიდეს საბჭოთა კავშირში, როგორც სამოკავშირეო რესპუბლიკა, ანუ დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეული და არა როგორც რუსეთის ნაწილი.
სტალინი მოითხოვდა, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკები უნდა შესულიყვნენ რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური ერთეულები. აი, სტალინის ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ 1991 წელს, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, არ გვექნებოდა საშუალება მოგვეთხოვა დამოუკიდებლობა.
ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ სწორედ იმ სტატუსის საფუძველზე, რომ ვიყავით საკავშირო რესპუბლიკა, რომელსაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით უფლება გამოყოფისა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან.
სტალინს მზაკვრული გეგმა ჰქონდა, რომ საქართველოც, აზერბაიჯანიც, სომხეთიც, შესულიყვნენ უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში და ყოფილიყო რუსეთის ავტონომია.
ამ შემთხვევაში ჩვენ, დღევანდელ სიტუაციაში, 1991 წლის შემდგომ გვექნებოდა იგივე ჩეჩნეთის, დაღესტნის და რუსეთის სხვა ავტონომიური ერთეულების სტატუსი.
ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართველი ბოლშევიკები და უნდა გითხრათ, რომ ლენინმაც კი დაუჭირა მხარი, როცა განაცხადა, რომ სტალინის ასეთი „ველიკოდერჟავული“ შოვინიზმი არის დაუშვებელი, რომ საქართველო უნდა შემოვიდეს სსრ კავშირის შემადგენლობაში, როგორც საკავშირო რესპუბლიკა.
სტალინი იძულებული იყო უარი ეთქვა თავის პირვანდელ გეგმაზე, მაგრამ საკუთარი მზაკვრული გეგმა ნაწილობრივ მაინც განახორციელა, როდესაც გაიტანა თავისი წინადადება, რომ საქართველოს კომუნისტური პარტია ყოფილიყო არა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, არამედ რუსეთის კომუნისტური პარტიის РКП(б)-ს შემადგენელი ნაწილი.
სწორედ ამით მოხდა სსრ კავშირის დაცემენტება. არსებობდა მეექვსე თავი, რომელიც კომუნისტურ პარტიას ანიჭებდა ერთპიროვნულ მმართველობას და ამ შემთხვევაში საქართველოს პარტია არ იყო დამოუკიდებელი, ის იყო რუსეთის კომუნისტური პარტიის შემადგენელი ნაწილი.
თუმცა საქართველომ შეინარჩუნა თავისი სტატუსი, როგორც სამოკავშირეო რესპუბლიკამ.
1921-36 წლებში საქართველო შედიოდა ე.წ. ამიერკავკასიის ფედერაციაში აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად. 1921-1931 წლებში ამ ამიერკავკასიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მთლიანად ეკუთვნოდა სერგო ორჯონიკიძის კლანს, ანუ მათთან დაახლოებულ ბოლშევიკებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, კომუნისტები იყვნენ, მაგრამ ჰქონდათ საკუთარი შეხედულება და საკუთარი აზრი იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა ჰქონოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკას ცენტრთან.
ისინი მოითხოვდნენ მეტ ავტონომიას, მათ მიაჩნდათ, რომ ყველა გადაწყვეტილება საქართველოს და ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების შესახებ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ თბილისში, თბილისი ცენტრი იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის. შესაბამისად ურჩობას იჩენდნენ კიდეც სტალინის ასეთი ცენტრალიზატორული პოლიტიკის მიმართ.
ეს ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სტალინმა დაამყარა ერთპიროვნული, დიქტატორული მმართველობა, მოიშორა თავისი ყველა კონკურენტი, მათ შორის ტროცკი და მოითხოვა პირდაპირი დამორჩილება, ანუ თბილისის მიერ მოსკოვის დირექტივების უშუალო შესრულება.
თუკი წინააღმდეგობა არსებობდა, როგორ შეძლო სტალინმა საკუთარი კურსის გატარება?
უპირველეს ყოვლისა მანიპულაციებით. იმიტომ, რომ სტალინი იყო დიდი ოსტატი იმპერიული მანიპულაციების.
კოლექტივიზაციის ჩარჩოებში, რომელიც დაიწყო 1930 წელს და გრძელდებოდა 1932 წლამდე, მან ამიერკავკასიელ ბოლშევიკებს მისცა არარეალური გეგმა პურის და სიმინდის დამზადების შესახებ.
სპეციალურად გააკეთა ისე, რომ უნდა ჩატარებულიყო მასობრივი კოლექტივიზაცია, რის წინააღმდეგაც მასობრივად გამოდიოდა გლეხობა, ქართველი გლეხობაც და განსაკუთრებით აზერბაიჯანელი და სომხური გლეხობაც, რამაც გამოიწვია დიდი უკმაყოფილება.
ამიერკავკასიელ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ საშუალება უშუალოდ წინააღმდეგობა გაეწიათ სტალინისადმი, მაგრამ ჰქონდათ საშუალება, როგორღაც შეესუსტებინათ ასეთი გავლენა.
საბჭოთა კავშირის ცეკას პირველმა მდივანმა, სამსონ მამულიამ, ჩემმა ბაბუამ, მიმართა სტალინს წერილით და პირდაპირ განუცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს საშუალება საქართველოში ჩავატაროთ მასობრივი კოლექტივიზაცია და უზრუნველვყოთ პურის და სიმინდის დამზადების ის ტემპები, რასაც ჩვენგან მოითხოვს მოსკოვი. ჩვენ ვართ მცირემიწიანი რესპუბლიკა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სპეციფიკა და შესაბამისად, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ“.
მართლაც, საკავშირო მოსკოვი იძულებული იქნა შეემცირებინა საკუთარი მოთხოვნები, მაგრამ სტალინმა ისარგებლა ამით, რათა მთლიანად მოეხდინა ძველი ბოლშევიკების ჩამოშორება ხელისუფლებისგან.
ჩამოვიდა პირადად თბილისში, შეხვდა მათ შორის სამსონ მამულიასაც და სხვებსაც და პირდაპირ ჰკითხა – როგორ მიდის თქვენთან კოლექტივიზაცია?
მან მიიღო ადგილობრივი ბოლშევიკებისგან პასუხი, რომ კოლექტივიზაცია კარგად ვერ მიდის, იმიტომ, რომ გლეხობა არის კატეგორიული წინააღმდეგი, ჩვენ არ შეგვიძლია პურის დამზადების ის ტემპები განვახორციელოთ, რასაც ჩვენგან ცენტრი და მოსკოვი მოითხოვს. ამან გამოიწვია სტალინის აღშფოთება, რა თქმა უნდა ფარისევლური – „როგორ, ე.ი. თქვენ ცუდი კომუნისტები ხართ, თქვენ არ შეგიძლიათ გაატაროთ ის პოლიტიკა, რასაც მოითხოვს თქვენგან მოსკოვი, სად არის გენერალური ხაზის მორჩილება რომელსაც მე მოვითხოვ?“
ამის საფუძველზე ძველი ბოლშევიკები მოხსნეს პოსტებიდან და გაფანტეს მთელს საბჭოთა კავშირში მეორეხარისხოვან თანამდებობებზე. ზოგი ციმბირში გადაიყვანეს, ზოგი – უკრაინაში.
ფაქტობრივად სტალინმა გაუხსნა გზა ლავრენტი ბერიას, რომელიც, მოგეხსენებათ, მანამდე იყო ამიერკავკასიის ჩეკას გეპეუს ხელმძღვანელი. მანამ, სანამ ძველი ბოლშევიკები ხელისუფლებაში იყვნენ, მლიქვნელობასიჩენდა მათ მიმართ, მაგრამ ამავე დროს ატარებდა საკუთარი ხაზს. რეგულარულად აწვდიდა ცნობებს სტალინს ადგილობრივი ხელისუფლების ე.წ. შეცდომების შესახებ.
როგორც ჩანს გრძნობდა, რომ სტალინი იყო უკმაყოფილო ძველი ბოლშევიკებით და იმედი ჰქონდა, რომ სტალინი დააწინაურებდა.
მართლაც, 1931 წელს ბერია დაინიშნა ამიერკავკასიის ენკავედეს უფროსად და ამავე დროს საქართველოს ცეკას პირველ მდივნად. ამის შემდეგ იწყება პირდაპირი გზა სტალინურ რეპრესიამდე, იმიტომ, რომ სტალინი ითვალისწინებდა ერთ რამეს – მართალია ,ძველი ბოლშევიკები მოხსნილები არიან საკუთარი თანამდებობებიდან, მაგრამ ისინი უარყოფენ იმ თეზას, რის დამკვიდრებასაც ის ცდილობდა საბჭოთა კავშირში – რომ სტალინი არის ხალხთა მამა, რომ სტალინი არის ერთადერთი და შეუცდომელი, მარქსიზმის ერთადერთი სწორი ინტერპრეტატორი…
შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ უკვე 1934 წლის შემდეგ სტალინის მთავარი გეგმა იყო არამხოლოდ მოეხსნა თანამდებობიდან, რაც მან განახორციელა კიდევაც 1930-31 წლებში, არამედ ფიზიკურად მოესპო მისი მმართველობით უკმაყოფილო ყველა ელემენტი, რომელიც იყო კომუნისტურ პარტიაში.
რატომ? იმიტომ, რომ ეშინოდა.
იცოდა, რომ ძველი ბოლშევიკები იყვნენ დამოუკიდებელი ადამიანები. მათ თავად შექმნეს საკუთარი კარიერა და გარდა ამისა, მათ ჰქონდათ საკმაოდ სოლიდური გამოცდილება მმართველობის. დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოსა და ამიერკავკასიის მმართველობაში.
შესაბამისად, თუკი სტალინს გაურთულდებოდა სიტუაცია, სრული პოტენციალი ჰქონდათ, რომ ამ შემთხვევაში მოეხდინათ გამოწვევა მისი ცენტრალისტური პოლიტიკისადმი.
ფაქტობრივად, 1937 წლის რეპრესიებს საბაბი დაუდო კიროვის მკვლელობამ, რომელიც მოხდა 1934 წელს მოსკოვში და რომელიც ორგანიზებული იყო უშუალოდ სტალინის მიერ.
სტალინმა დაგეგმა კიროვის მკვლელობა და ამან მისცა საბაბი ელაპარაკა იმაზე, რომ კომუნისტურ პარტიაში არის შეთქმულება, რომ შეთქმულებს სურთ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის, უშუალოდ სტალინის და მისი უახლოესი გარემოცვის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და გენერალური ხაზის შეცვლა.
ვინ იყო სერგეი კიროვი და რა როლი ჰქონდა მას სტალინის გარემოცვაში, რომ მისი მკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორის საფუძველი გახდა?
სერგეი კიროვი იყო ცეკას ერთ-ერთი მდივანი, სტალინთან დაახლოებული პირი, მაგრამ გამოირჩეოდა დამოუკიდებლობით და ძალიან პოპულარული იყო რუსეთში.
ხრუშჩოვი თავის მემუარებში იმასაც კი ამტკიცებდა, რომ კიროვი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე სტალინი, რომ თითქოსდა და პლენუმების დროს კიროვს უფრო მეტი ხმა ჰქონდა მიღებული, ვიდრე სტალინს.
ამიტომ სტალინის მთავარი მიზანი იყო მოეშორებინა კიროვი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან კარგად იცნობდა ამიერკავკასიას, იმიტომ, რომ კიროვი იყო საბჭოთა რუსეთის პირველი ელჩი ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში. შემდგომში იგი ამიერკავკასიის გასაბჭოების უშუალო ხელმძღვანელიც კი იყო.
სტალინმა ამ ერთი დარტყმით ფაქტობრივად ორ მიზანს მიაღწია – მოიშორა კიროვი და ოპოზიციას დააბრალა კიროვის მკვლელობა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ უნდა ითქვას, რომ სტალინმა ასეთი მზაკვრული გეგმა გამოიმუშავა. ქართველი კომუნისტები ორ ბანაკად დაყო. პირველ ბანაკში იყვნენ ე.წ. ტროცკისტები და მეორე ბანაკში – ე.წ. მემარჯვენეები. ეს იყო ხალხი, რომელიც გაერთიანებული იყო ბუდუ პოლიკარპ მდივანის გარშემო. რატომ? – იმიტომ, რომ 1922 წელს, სწორედ ბუდუ მდივანის გარშემო გაერთიანებული ბოლშევიკები წინააღმდეგობას უწევდნენ სტალინს საქართველოს რუსეთში ავტონომიური სტატუსით შესვლაზე.
ეს სტალინმა ბუდუ მდივანს და მის გარემოცვას არ აპატია.
ე.წ. მემარჯვენეებში იყო ყველა ის ძველი ქართველი ბოლშევიკი, რომელიც შედიოდა უშუალოდ სერგო ორჯონიკიძის კლანში.
რეპრესიები დაიწყო 1937 წლიდან, როდესაც საკავშირო ცეკას პლენუმზე სტალინი გამოვიდა და განაცხადა, რომ პარტიაში არის დიდი შეთქმულება, რომ ფაქტობრივად ხალხის მტრებმა შეძლეს ყველა პარტიულ ორგანიზაციაში, ყველა თანამდებობებზე და ფაქტობრივად ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ არსებობს რაღაცა თანამდებობები და პოზიციები, რომელიც არ შეიძლება იყვნენ ინფილტრირებული ე.წ. ხალხის მტრების მიმართ.
ანუ სტალინი ფაქტობრივად ამზადებდა დიდ ტერორს და პარტიის ტოტალურ წმენდას.
რისთვის? – რომ ძველი ბოლშევიკები მოეშორებინა და მათ ადგილზე საკუთარი უსახური და საკუთარი ნების შემსრულებლები დაესვა. ბერიას ტიპის მაგალითად, რომელიც იყო კარიერისტი, თან ახალგაზრდა კაცი იყო და სურდა კარიერა, სურდა ისიც, რომ საქართველოში მოწინავე პოზიციებზე საკუთარი კლიენტურა დაესვა და ამის გამო იყო, ფაქტობრივად, სტალინის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი.
აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1937 წლის ოქტომბრამდე ძირითადი საქმეები ძველი ქართველი ბოლშევიკების წინააღმდეგ არ განიხილებოდა უშუალოდ სამეულის სხდომებზე. ამ საკითხებს უშუალოდ წყვეტდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლითი სხდომა.
ანუ უშუალოდ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ იგზავნებოდა წარმომადგენლები საქართველოში და ამიერკავკასიაში და უშუალოდ ისინი აწარმოებდნენ ძველი ბოლშევიკების დაკითხვას.
მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ამ ორგანოს არ შეუძლია რეპრესიების ისეთი ტემპების უზრუნველყოფა, რასაც მოითხოვდა სტალინი.
სტალინი მოითხოვდა ათასობით ადამიანის დახვრეტას და განადგურებას.
ამიტომ 1937 წლის ოქტომბერში ბერიამ უშუალოდ მიმართა სტალინს და ცენტრალურ ცეკას იმისთვის, რომ ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანის საქმე ყოფილიყო განხილული იმ დროისთვის უკვე შექმნილი სამეულების მიერ, „ენკავედეს“ განსაკუთრებული სამეულების მიერ.
რა იყო ეს სამეული, ვისგან შედგებოდა და რა ძალაუფლება ჰქონდა?
„ენკავედეს“ ანუ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეული იყო სპეციალური ორგანო, რომელიც შექმნილი იყო სტალინური ხელისუფლების მიერ, დიდი ტერორის რეპრესიების გატარებისთვის, რომელიც ატარებდა სრულიად ანტიკონსტიტუციურ ხასიათს.
იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაც კი, რომელიც სრულებითაც არ იყო დემოკრატიული, არ ითვალისწინებდა სამეულის არსებობას.
სამეული შედგებოდა რესპუბლიკის შინსახკომის თავმჯდომარისგან, მისი მოადგილისგან და რესპუბლიკის პროკურორისგან.
პირველ ეტაპზე საქართველოში სამეულს თავმჯდომარეობდა შინსახკომის თავმჯდომარის მოადგილე ავქსენტი რაფავა, მისივე კოლეგა შალვა წერეთელი და რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე.
1937 ოქტომბერში, ლავრენტი ბერიამ მიიღო სტალინისგან თანხმობა იმაზე, რომ ძველ ბოლშევიკთა საქმეები, რომლებიც შედიოდნენ ე.წ. სტალინურ სიებში, წაეყვანა სწორედ სამეულს.
რა იყო სტალინური სიები და როგორ შედგა ის?
1937 წლის თებერვალში სტალინმა გამოიძახა ბერია მოსკოვში. რაზე ისაუბრეს ცნობილი არაა, ჩვენ გვაქვს მხოლოდ მისი მოადგილის, სერგი გოგლიძის ჩვენებები, რომელიც ამტკიცებს, რომ სტალინმა გამოიძახა ბერია და დაავალა უშუალოდ, მისივე მითითებით, შეედგინა იმ ძველ კომუნისტთა სიები და არამარტო მათი, არამედ ყველა იმ ადამიანის სია, რომელთაც 1921-31 წლებში რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა ამიერკავკასიის ფედერაციაში. არამხოლოდ ცეკას პირველი მდივნების ან მათი მოადგილეების, არამედ ქარხნის დირექტორების, სამმართველოს უფროსების და სხვა ადამიანების განადგურება დაავალა.
მან მოინდომა მთლიანად საქართველოს სახელმწიფო აპარატის და პარტიული აპარატის გაწმენდა 20-იანი წლების ძველი მუშაკებისაგან.
სტალინური სიების შედგენა უშუალოდ მიმდინარეობდა სტალინის მითითებით.
ბერიას არ ჰქონდა არავითარი ავტონომია. სტალინი ავალებდა, ბერია ადგენდა ამ სიებს და დასამტკიცებლად აგზავნიდა მოსკოვში.
ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პირი, რომელიც გაანადგურეს 1937-38 წლებში, იქნა განადგურებული ამ სიების მიხედვით. დახვრეტას უშუალოდ სტალინმა მოაწერა ხელი. ეს სიები არსებობს, გამოქვეყნებულია კიდევაც “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ და ამტკიცებს იმას, რომ თავიდან ბოლომდე რეპრესიები იმართა სტალინის მიერ. ბერიას არ ჰქონდა ამ შემთხვევაში თითქმის არავითარი ავტონომია.
რა თქმა უნდა, ბერიას შეეძლო ეს გამოეყენებინა ანგარიშის გასასწორებლად პირად მტრებთან, მაგრამ ამ მტრების პოზიციები უნდა ყოფილიყო საკმაოდ დაბალი, რომ სტალინი არ ყოფილიყო ამით დაინტერესებული. ყველა მნიშვნელოვან პირის გადასახლებასა და დახვრეტაზე სანქციას იძლეოდა სტალინი.
როგორ მუშაობდა სამეული და საბოლოოდ, რა ბედი ეწიათ მის წევრებს?
სამეულის ყველა წევრი დახვრიტეს ხრუშოვის დროს როგორც ბერიას უშუალო ქვეშევრდომები და ბერიასთან დაახლოებული პირები, 1953-56 წლებში.
სერგო გოგლიძე და შალვა წერეთელი, როგორც ბერიას უშუალო დამქაშები და უახლოესი პირები, ბერიასთან ერთად დახვრიტეს 1953 წელს.
1955 წელს დახვრიტეს ავქსენტი რაფავა, რომელიც იყო შინსახკომის კომისარი ანუ მინისტრი.
რაც შეეხება ილარიონ ტალახაძეს, რომელიც იყო პროკურორი, მას ემუქრებოდა პარტიიდან გარიცხვა, როგორც კონსტიტუციის დამრღვევს და არაკონსტიტუციურ ორგანოში მომუშავეს.
რა თქმა უნდა, ტალახაძე იყო ძალიან შეშინებული და ამიტომ ცდილობდა თავი გაემართლებინა.
მან დაწერა უნიკალური მემუარები, თუმცა მემუარები პირობითად ჰქვია, ესაა მოხსენებითი ბარათი იმის შესახებ, როგორ ხდებოდა სამეულის ფუნქციონირება. აღმოჩნდა, რომ სამეული იკრიბებოდა ძირითადად ღამის პირველ საათზე, უშუალოდ შინსახკომის კომისრის, ანუ მინისტრის, სერგო გოგლიძის კაბინეტში.
კრებები იმართებოდა სამი-ოთხი საათის განმავლობაში და თითო კრება განიხილავდა 150-200 საქმეს. ანუ ყოველი საქმის განხილვა იკავებდა ერთ-ორ წუთს.
რა ხდებოდა – შემოდიოდნენ უშუალოდ შინსახკომის განყოფილების უფროსები, ახსენებდნენ სამეულის წევრებს თუ რის საფუძველზე იქნა დაპატიმრებული ესა თუ ის პიროვნება და რა ბრალი ჰქონდა წაყენებული მას.
სამეული იყო ფორმალური ორგანო, რადგან წინასწარი განაჩენი გამოტანილი იყო სტალინის მიერ, რადგან სტალინს უკვე ჰქონდა ხელი მოწერილი ამ ხალხის დახვრეტის ან გადასახლების შესახებ.
დახვრეტა – ეს იყო პირველი კატეგორია, გადასახლება – მეორე კატეგორია, რაც ითვალისწინებდა ათი წლით რესპუბლიკიდან გასახლებას ძალიან მძიმე პირობებში. ბევრი არც დაბრუნებულა, ძირითადად ჩრდილოეთ ყაზახეთში მიმდინარეობდა გასახლება.
ტალახაძე წერს: „მე, როგორც რესპუბლიკის პროკურორს, არ მქონდა საშუალება წინასწარ გავცნობოდი საქმეებს ან რაიმე მეთქვა. შემოდიოდა ადამიანი, ამბობდა, რომ ამ ადამიანს ბრალი წარდგენილი აქვს ამა და ამ მუხლის მიხედვით, ამის შემდეგ საკითხი წყდებოდა ხმების უმრავლესობით“.
ხმების უმრავლესობაც ფორმალური იყო, რადგან მათ წინასწარ იცოდნენ სტალინის მიერ გამოტანილი განაჩენი და შტამპური წესით ამტკიცებდნენ ამ განაჩენებს.
და, აი, ამ სტალინური სიების მიხედვით 1937-38 წლებში რეპრესირებული იქნა 3600 ადამიანი. მათგან 3500 – პირველი კატეგორიით, ანუ დახვრეტით და მხოლოდ ასი ადამიანი, ძირითადად ქალები, იყვნენ გადასახლებულები, რომელთა უმეტესობა დაიღუპა გადასახლებაში.
სტალინის სიებით ჩატარებული რეპრესიების მიხედვით საქართველო იყო ერთ-ერთ პირველ ადგილზე საკავშირო რესპუბლიკებს შორის.
პროცენტულად, სტალინის სიებით, საქართველო იყო მესამე ადგილას რუსეთის და უკრაინის შემდეგ. სად რუსეთის და უკრაინის მასშტაბი და სად საქართველო. და თუ გავითვალისწინებთ სტალინის სიების შეფარდებას პროცენტულად მოსახლეობის რაოდენობასთან , საქართველო იყო პირველ ადგილზე.
უკვე ამით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველოში რეპრესიები აღწევდა უზარმაზარ მასშტაბს.
ეს იყო განპირობებული პირადად სტალინის დამოკიდებულებით ძველი ქართველი ბოლშევიკების და უშუალოდ ქართველი ხალხისადმი. მას სურდა მოესპო არამხოლოდ ძველი ქართველი ბოლშევიკები, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მათთან იყო დაკავშირებული: მათი ნათესავები, მეგობრები, მათ მიერ თანამდებობებზე დაწინაურებული ხალხი. მთლიანად, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი იქნა განადგურებული საქართველოში სტალინური რეპრესიების ჩარჩოებში.
ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ სტალინის პერიოდში საქართველო სარგებლობდა რაღაცა პრივილეგიებით, რომ რაღაც უპირატესობა ჰქონდა სხვა რესპუბლიკებთან, არის უბრალოდ სამარცხვინო და სასაცილო.
ერთადერთი პრივილეგია საქართველოს რაც ჰქონდა იმით, რომ სტალინი საქართველოდან იყო, საქართველო იყო პირველ ადგილზე რეპრესიების მხრივ.
სსრ კავშირი იყო ფაქტობრივად სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა დამნაშავე რეჟიმის მიერ, ეს დამნაშავე რეჟიმი იყო კომუნისტური რეჟიმი.
უშუალოდ სტალინის ბრალი არის უზომო, იმიტომ, რომ სტალინმა შექმნა ის სსრ კავშირი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.
მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ თვითონ კომუნიზმის და კომუნისტური იდეოლოგიის დამნაშავე ბუნება, იმიტომ, რომ კომუნისტური იდეოლოგია, რომელიც ეფუძნებოდა ე.წ. კლასთა ბრძოლას, უარყოფდა ისეთ ელემენტარულ ცნებებს, როგორიც არის კერძო საკუთრება, პიროვნების ხელშეუხებლობა… აწამებდა და სიკვდილით სჯიდა ადამიანს არა მის მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის მიხედვით, არამედ უბრალოდ განზრახვის მიხედვით.
კომუნისტებისთვის არ იყო აუცილებელი, ადამიანს, რომელსაც სიკვდილზე აგზავნიდნენ, ჩადენილი ჰქონოდა რამე კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. საკმარისი იყო უბრალოდ არალოიალური ყოფილიყო.
1937-38 წლებში სჯიდნენ რეჟიმისადმი არალოიალურ ხალხს. უნდოდათ იმდენად დაეშინებინათ მოსახლეობა, რომ შემდგომში აზრადაც არავის მოსვლოდა წინააღმდეგობა გაეწიათ კომუნისტური რეჟიმისთვის.
შიშმა დაისადგურა 1937-38 წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანში. მანამ ამ შიშის რესურსი არსებობდა, სანამ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენდა ხალხი, რომელმაც გამოიარა აი, ეს შიში, მანამ არსებობდა საბჭოთა კავშირი.
საკმარისი იყო ის თაობა წასულიყო და მოსულიყო ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ეს ტერორი, ეს შიში და ეს ყველაფერი გამოვლილი არ ჰქონდა, საბჭოთა კავშირის დღეები დათვლილი იყო. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი იყო არაბუნებრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, არაბუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო საფუძველზე დაფუძნებული. ამან გამოიწვია ის, რომ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაშლა მოხდა ისე ადვილად, როგორც არავინ არ მოელოდა.
უბრალოდ იმიტომ, რომ შიშის რესურსი, რომელიც ხალხს გამოჰყვა 1937-38 წლების რეპრესიების შემდეგ, დასრულდა. უბრალოდ, აღარ იყო.
სტალინისტებში გავრცელებულია მითი, რომ რეპრესიების შესახებ „სტალინმა არ იცოდა“. სინამდვილეში რამდენად იყო რეპრესიებში სტალინი ჩართული, რა იყო მისი როლი?
სტალინის როლი იყო ცენტრალური.
სტალინმა ჩაატარა უზარმაზარი წმენდა კომუნისტურ პარტიაში, გაწმინდა პარტია იმ ხალხისგან, ვინც უკმაყოფილო იყო მისი გენერალური ხაზით და მისი პოლიტიკით და ჩაანაცვლა ისინი უსახური, მლიქვნელი, ყველაფერზე წამსვლელი ახალგაზრდა კარიერისტებით.
სტალინი ამ რეპრესიების დამკვეთი და შემსრულებელი იყო.
ყველა ადამიანი, რომელიც დაიხვრიტა, დაიხვრიტა სტალინის მითითებით. ეს არის უპრეცედენტო, იმიტომ, რომ ფაქტობრივად უზარმაზარი საბჭოთა იმპერიის მოსკოვში მჯდომი ლიდერი, ცეკას პირველი მდივანი, აწერს ხელს რეპრესიებს, დავუშვათ, საქართველოში რომელიღაც ქარხნის დირექტორის ან რომელიღაც სამმართველოს უფროსის დახვრეტის შესახებ.
ეს ამტკიცებს, რამდენად იყო დაინტერესებული სტალინი, რომ მთლიანად გაეწმინდა საქართველო თავისი მოწინააღმდეგეებისგან.
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ სტალინური სიებით გასამართლებულ, დახვრეტილ და გადასახლებულ ადამიანებზე და რამდენი იყო ადამიანი, რომელიც თან გადაჰყვა ამას ყველაფერს… ამ ხალხის ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, პროფესიონალები, რომლებიც იყვნენ დაწინაურებული მათ მიერ და ასევე გადაჰყვნენ ამ რეპრესიებს.
როგორ მიაღწია ამ ტერორმა რიგით ადამიანებამდე, უდანაშაულო გლეხობამდე?
კვოტების მიხედვით. იმიტომ, რომ სტალინი უშუალოდ აძლევდა დახვრეტის კვოტებს. მიაჩნდა, რომ საქართველოში უნდა დაიხვრიტოს მაგალითად, 20 ათასი ადამიანი. კვოტების შესავსებად შინსახკომი ხშირად დაავლებდა ხელს უდანაშაულო ადამიანს, მიაწერდა რაღაცა სისულელეს და ხვრეტდა.
ბევრი ადამიანი დახვრეტილი იქნა მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ კვოტები შეესრულებინათ.
აქ უნდა ვისაუბროთ იმ მეთოდებზე, რასაც იყენებდნენ „ენკავედეს“ გამომძიებლები მსხვერპლის მიმართ. არსებობდა ყოველდღიური კვოტები. შინსახკომს ჰქონდა კვოტა, ყოველდღე უნდა დაესრულებინა ათი საქმე, რომელიც ადამიანების დახვრეტას ითვალისწინებდა.
ვინაიდან ძალიან ძნელი იყო ადამიანისგან მიეღოთ ინფორმაცია, რომ ის არის მართლა მტერი, რომ აპირებდა საბჭოთა კავშირის დამხობას, სტალინის ან ბერიას მოკვლას, ერთადერთი გამოსავალი იყო წამება.
წამებამ მიიღო მასობრივი ხასიათი. თითო გამომძიებელს რომ ეიძულებინა ათი ადამიანი დაებრალებინათ რაღაც, ერთადერთი გამოსავალი იყო წამება, რომ მსხვერპლს ბოლოს და ბოლოს ეთქვა – დახვრეტა მირჩევნია ამ წამების გაგრძელებას.
ბევრი ოქმი მინახავს, რომელიც არის სრულიად აბსურდული, სრულიად ფალსიფიცირებული, სიმართლესთან არაფერი საერთო რომ არ აქვთ და ხელმოწერილია. ზოგი ხელმოწერა ნამდვილია, ზოგი არის ფალსიფიცირებული. ხანდახან თვითონ გამომძიებლებიც აწერდნენ ხელს და აყალბებდნენ.
დღეს ამ ინტერვიუს ვწერთ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ IDFI-ის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე – „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები“. რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის კონფერენციას საბჭოთა წარსულის გააზრებისათვის?
ამ ტიპის კონფერენციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთია, როცა ვლაპარაკობთ თეორიულად, როცა წარვადგენთ რეპრესიების სტატისტიკას, რომელიც შეიძლება არის საზარელი და საშინელი, მაგრამ ცალკე სტატისტიკა და ცალკე თემაა, როდესაც ვხედავთ სამარხებს და მსხვერპლებს.
ჩვენ ერთი წუთით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ამ მსხვერპლთა როლში, რას გრძნობდა ადამიანი, რომელიც მიჰყავდათ დახვრეტაზე და რომელსაც ხვრეტდნენ კეფაში ტყვიით…
ამ კონფერენციაზე ეს ყველაფერი ძალიან კარგად იქნა ნაჩვენები. ჩემი აზრით, აუცილებელია ამ სახის კონფერენციების გაგრძელება, აუცილებელია მუშაობა სხვა სამარხების აღმოჩენაზე. მარტო თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, აი, ამ მიდამოებში იქნა დახვრეტილი ათასამდე მსხვერპლი. ყოველ შემთხვევაში ასეთია ვარაუდი. ეს ადამიანები არსად არ წასულან, ისინი მიწაში არიან და ელოდებიან იმ დღეს, როდესაც მოხდება სამართლიანობის აღდგენა და როცა გამოამზეურებენ დანაშაულს, რომელიც სტალინურმა საბჭოთა კავშირმა და საბჭოთა კავშირმა ზოგადად, ჩაიდინა ქართველი ხალხისა და სხვა ხალხთა წინააღმდეგ.
„საქართველოს განვითარების ფონდი“ [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] მის საკუთრებაში არსებული მთლიანი საინვესტიციო ქონების, მათ შორის ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთის შეფასებას გეგმავს.
ქობულეთში ფონდის საკუთრებაშია ფიჭვნარის პლაჟსა და საავტომობილო გზას შორის მდებარე 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
ამ 7 ჰექტარ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ფონდი 2019 წლიდან ეძებდა. ფონდმა საინვესტიციო ნაკვეთი მაშინაც შეაფასა.
საინვესტიციო ქონების შეფასებაზე ფონდს ტენდერი ამჯერად 70 ათასი ლარით აქვს გამოცხადებული, თუმცა, ერთ-ერთი პრეტენდენტი, შპს „ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები“ მომსახურებას 37 ათას ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
ტენდერში გამარჯვებულს, პირობის მიხედვით, შესაფასებელი ექნება „ფონდის საოფისე შენობა, ქობულეთში მდებარე მიწა, ბორჯომში მდებარე მიწის ნაკვეთები, შპს „საპარტნიორო ფონდი – მწვანე განვითარების“ საინვესტიციო და ფონდის სხვა ქონება“.
კონკრეტულად, „ფონდის და მისი შვილობილი საწარმოს, შპს „საპარტნიორო ფონდი – მწვანე განვითარების“ საკუთრებაში არსებული საინვესტიციო უძრავი ქონებისათვის სამართლიანი ღირებულების განსაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით“.
შესაფასებელი ქონების ჩამონათვალშია ასევე ქობულეთში, ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლიც, თუმცა, ეს ქონება ფონდმა უკვე დაუბრუნა სახელმწიფოს, სახელმწიფომ კი, საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.
ტენდერის პირობის მიხედვით, „შემფასებელი აგრეთვე ვალდებულია შეფასების პროცესშიც და ანგარიშის წარდგენისას გაითვალისწინოს შემსყიდველის გარე აუდიტორის შენიშვნები ან/და მითითებები. მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარება გაფორმდება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი წერილობით დასტურს მიიღებს KPMG საქართველოსგან, რომ შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მისაღებია გარე აუდიტორისთვის“.
შპს „KPMG Georgia“-თან, როგორც გარე აუდიტორთან, ფონდს ხელშეკრულება ამჯერად 3 493 328 ლარზე აქვს გაფორმებული. KPMG Georgia ადრე საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტორადაც იყო არჩეული.
რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი – კახა რუხაძე, გენერალური დირექტორი კი – სერგეი დემენტიევია [ყაზახეთი]. კომპანიის მეწილეებიდან სამი ყაზახეთის მოქალაქეა, ერთი დანიის, ერთიც – ყაზახური კომპანიაა.
საქართველოს განვითარების ფონდის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ფიჭვნარში [შემოსაზღვრულია წითელი ხაზით]რაც შეეხება ფონდის რეორგანიზაციას. „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, ამ სახელმწიფო ფონდის დასახელება შეიცვალა და ჩამოყალიბდა როგორც „საქართველოს განვითარების ფონდი“.
ცვლილება ძალაში 2023 წლის 10 სექტემბრიდან შევიდა.
2023 წლის 2 ოქტომბრის ამონაწერით „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: თავმჯდომარე/წევრი – დავით საგანელიძე; თავმჯდომარის მოადგილე/წევრი – მერაბ კაკულია; წევრები – ავთანდილ სილაგაძე, ნანა ადეიშვილი და ვაზილ ჰუდაკი[ჩეხეთის რესპუბლიკა].
ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ბესიკ ბუგიანიშვილი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კი – ვახტანგ ჯორბენაძე.
რეორგანიზაციამდე, 2023 წლის 7 სექტემბრის ამონაწერით, „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, წევრები კი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე ფინანსთა მინისტრები.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 10 სექტემბრამდე დავით საგანელიძე იყო, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კი – ვახტანგ ჯორბენაძე.
„ცვლილებები, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და ფონდის სახელწოდების ცვლილებასთან ერთად, მოიცავს დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებისა და ფონდის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმების დაზუსტებას“ – აღნიშნულია ფონდის ანგარიშგების დოკუმენტში.
ფონდის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარე პლაჟი დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა, აქ საპლაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რაიმე პროექტი ქობულეთის მერიას ჯერ დაგეგმილი არ აქვს.
როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინის ფრონტზე და შეასუსტებს თუ არა ისრაელის მოვლენები დასავლეთის ყურადღებას უკრაინის მიმართულებით? – „ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალს ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ,ბოლო დღეებია უკრაინული მედია წერს ანდრიივკასთან მიმდინარე მძიმე ბრძოლების შესახებ. დღეს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ანდრიივკასთან რუსები ძალიან ბევრნი არიან და „ტარაკნებივით მოძვრებიან“. როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდა რუსეთი ამ ქალაქთან და თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია ანდრიივკას დაკარგვის საფრთხე უკრაინელებისთვის?
რუსები გააქტიურდნენ იმიტომ, რომ ანდრიივკა, ეს ტერიტორია, რუსეთის თავდაცვის სიღრმეშია და იქ გარკვეული პლაცდარმი შეიქმნა შეტევისთვის.
ვინაიდან უკრაინელები ვეღარ აგრძელებენ შეტევას სხვა მიმართულებაზე ამჟამად, რადგან ძირითადი ყურადღება გადატანილი ჰქონდათ სამხრეთისკენ, რუსები ახლა ცდილობენ, რომ ალყაში მოაქციონ უკრაინული დაჯგუფება, ორი მხრიდან – ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოკვეთოს ეს დაჯგუფება ძირითად ნაწილს და ალყაში გაანადგუროს.
ეს საკმაოდ ძლიერი უკრაინული დაჯგუფებაა.
ამჟამად რუსები ცდილობენ გაიმყარონ ჩრდილოეთის ფლანგი, რათა არ მოხდეს ალყის შემკრავი დანაყოფებისთვის უკრაინელების მხრიდან ზურგში დარტყმა.
ექნებათ წარმატება, თქვენი შეფასებით, ამ მიმართულებაზე უკრაინელებს, თუ ჯერ ადრეა ამის პროგნოზი?
პროგნოზი დამაიმედებელი არ არის, მაგრამ ეს დამოკიდებულია უკრაინაზე. თუ უკრაინა შეიყვანს რეზერვებს ანდრიივკას მიმართულებაზე, რა თქმა უნდა, ის შეძლებს დაიცვას აღნიშნული ტერიტორია. თუ აქ რუსების კონცენტრაცია მოხდება და უკრაინელები არ გაამაგრებენ ტერიტორიას, მაშინ შეიძლება დაკარგოს უკრაინამ ეს მიმართულება.
აქ უკრაინა დგას დილემის წინაშე, რადგან, გარდა იმისა, რომ რეზერვები სჭირდება ჩრდილოეთის მიმართულებით, ასევე ძალები უნდა შეინარჩუნონ სამხრეთით, ძირითად მიმართულებაზე, რომელიც არის აზოვის ზღვისკენ, მარიუპოლისკენ, რომ აქ გააგრძელონ შეტევა.
უკრაინული მხარე ოფიციალურად აცხადებს, რომ კონტრშეტევას აგრძელებს, თუმცა წერს რუსეთის შეტევებზეც. რა სურათი იკვეთება ბოლო ცნობების თანახმად ფრონტზე, თქვენი შეფასებით?
სამხრეთ მიმართულებაზე უკრაინელები აგრძელებენ შეტევას, ცდილობენ გააგრძელონ ნაკლები ინტენსივობით. ჩანს, რომ უკრაინა უკვე უახლოვდება კულმინაციის წერტილს ამ ეტაპისთვის და მას უფრო მეტი ძალები და შეიარაღება სჭირდება, რომ პრაქტიკულად განავითაროს შეტევა.
ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, კუპიანსკის მიმართულებაზე რუსები ცდილობენ შეინარჩუნონ ინიციატივა და შეტევას ახორციელებენ.
ბრძოლის ბედი ვისკენ გადაიხრება, ჯერ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ახლა ორივე მხარე ცდილობს გაიმყაროს პოზიციები.
ვინაიდან იწყება წვიმების სეზონი, რაც გამოიწვევს გარკვეული აქტიური მოქმედებების შეფერხებას, ამჟამად რუსეთს არ გააჩნიათ ძალა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს და არც უკრაინელებს აქვს ძალა, რომ ამ ეტაპზე იგივე ინტენსივობით გააგრძელონ შეტევა.
უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წვიმამ და ნისლიანმა ამინდმა შეიძლება გაართულოს დრონების და ავიაციის გამოყენება, უკრაინული ძალები გააგრძელებენ ბრძოლას ზამთრის განმავლობაში. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რამდენად მოსალოდნელია ამ ზამთარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ვნახოთ ფრონტზე?
ყველა სეზონს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ერთმნიშვნელოვნად ყველაფრისთვის კარგი პერიოდი არ არსებობს და იგივეა ამ შემთხვევაშიც.
თუ ზამთარში ღრუბლიანობის გამო რთულდება ვთქვათ, დრონების და თვითმფრინავების გამოყენება, სამაგიეროდ ადვილდება ინფრაწითელი, სითბური დეტექტორებით ადამიანის ან ტექნიკის აღმოჩენა.
ყოველ შემთხვევაში, კარგი ჯარებისთვის არ არსებობს ცუდი და კარგი ამინდი.
როგორ აისახება ისრაელში მიმდინარე მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომზე? ხომ არ არის მოსალოდნელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირება?
მე მგონი, დასავლეთის ყურადღება გარკვეულწილად გადასულია ისრაელისკენ. გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება ისრაელში, თუმცა არა მგონია მნიშვნელოვნად დააკლდეს უკრაინას მხარდაჭერა, რადგან ეს მხარდაჭერა დაგეგმილი და გათვლილია დიდი ხნის წინ.
მაგრამ თუ ისრაელში კონფლიქტი დროში გაიწელება, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად იმოქმედებს უკრაინის მდგომარეობაზეც.
ჯერჯერობით იმის ნიშნები არ იკვეთება, რომ უკრაინის მხარდაჭერას ეს რაიმე ფორმით შეაფერხებს.
დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ზელენსკი ჩავიდეს ისრაელში. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ასეთი ვიზიტის მიზანი?
თუ ჩავა, ბუნებრივია ეს იქნება სოლიდარობის გამოცხადება ებრაელი ხალხის მიმართ და ჩემი აზრით, ზელენსკის პიროვნებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ეს მან გააკეთოს.
კახეთის პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის, ა.ა.-ს სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო, ა.ა.-ს შვილის – ბ.ა.-თვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს“ – იუწყება შსს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ა.ა. და ბ.ა. ბრალდებულების სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გუშინ, 12 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინის მოქალაქეს, ოლექსანდრ იურევიჩს სარფის საბაჟოზე შემოსვლის უფლება არ მისცეს.
როგორ მისი მეგობარი, ლიკა დიასამიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ის და იურევიჩი 7 ოქტომბერს თურქეთში გადავიდნენ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, თუმცა იმავე დღეს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, მას საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება აღარ მისცეს.
„ჩემი საქმრო ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას და არ უშვებენ. წვიმაში, ქარში გარეთ უწევს ყოფნა. არაფერი აქვს – არც საკვები, არც ფული. მშიერ-მწყურვალია დარჩენილი და ვცდილობ როგორ დავეხმარო.
ძლიერი წვიმების დროს, საზღვარზე ახლოს მეჩეთს შეაფარა თავი და ღამითაც, მეჩეთის კარებთან სძინავს.
ოთხჯერ სცადა შემოსვლა, მაგრამ ყველა ჯერზე უარი უთხრეს. კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, თუ რატომ არ უშვებენ საზღვარზე, თუმცა ფურცელი, რომელიც საბაჟოზე მოგვცეს, მონიშნულია მუხლი, სადაც წერია, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თუმცა, კონკრეტულად რას, არ გვეუბნებიან“ – ამბობს ლიკა დიასამიძე.
მისი თქმით, ოლექსანდრ იურევიჩი საქართველოში ოთხი თვის წინ, პოლონეთიდან შემოვიდა და ამ მხნის მანძილზე აქ იმყოფებოდა.
„როცა პირველად შემოვიდა ქვეყანაში, ლტოლვილის სტატუსი მაშინ უნდა მოგეთხოვათო, გვითხრეს. მას ჰყავს დედა და და, რომლებიც პოლონეთში იმყოფებიან. ოლექსანდრს კი საქართველოში აქვს გადაწყვეტილი ცხოვრება, მუშაობდა კიდეც, ქართულსაც სწავლობს და სერტიფიკატიც კი აიღო ელექტრო-შემდუღებლის.
ვაპირებთ დაქორწინებასაც, თუმცა ახლა ასეთი პრობლემები შეგვიქმნა სახელმწიფომ“ – გვეუბნება ლიკა დიასამიძე.
მისი თქმით, ოლექსანდრ იურევიჩი ითხოვს თავშესაფარს საქართველოში და სთხოვს ქართულ სახელმწიფოს მისცეს საზღვრის კვეთის შესაძლებლობა.
„ბათუმელები“ შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არც შს სამინისტროში აკეთებენ და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური, საზღვაო ძალებთან ერთად, ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის პორტთან ექსპერიმენტული საზღვაო დრონებით თავს დაესხა გემ „პაველ დერჟავინს“ და რაკეტმზიდ ბუქსირ „ბუიანს“.
უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრი პლეტენჩუკმა მედიასთან განაცხადა, რომ „პაველ დერჟავინმა“ მეორე დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა.
„შორს არ წასულა, ველით შემდეგ მოქმედებას“ – თქვა მან.
უკრაინული მედიის ცნობით, გამოყენებული იყო საზღვაო დრონი სახელად – „ზღვის პატარა“, რომელმაც 14 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დააზიანა. ესაა საზღვაო დრონის ექსპერიმენტული მოდელი, რომელსაც შეუძლია ქარიშხალში ფრენა და მაღალ ტალღებში დამალვა.
„პაველ დერჟავინის“ დაზიანების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 12 ოქტომბერს გავრცელდა.
გემის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ტელეგრამზე ადასტურებსპრორუსული არხი „რიბარიც“.
„დერჟავინის“ დასახმარებლად ბუქსირი გაიგზავნა, რომელიც ასევე მოხდა მტრის შეტევის ქვეშ. ზარალის ოდენობა უცნობია. ამ სიტუაციაში საინტერესოა ის, რომ აფეთქების ეპიცენტრი წყალქვეშ იყო. ეს შეიძლება მიუთითებდეს სრულად წყალქვეშა დრონების გამოყენებაზე. ეს განმარტავს გემის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის არარსებობას“, – წერს „რიბარი“.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს თავდასხმის შესახებ ცნობებზე და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სევასტოპოლის ყურეში წვრთნები მიმდინარეობს.
ქართულ-ებრაული ინოვაციური სამედიცინო ცენტრი BIRTH აცხადებს განცხადებას:
„უმძიმესია ისრაელში მიმდინარე მოვლენების ხილვა. წარმოუდგენელია ძალადობის და ტანჯვის ის მასშტაბი, რომლის მსხვერპლნიც გახდნენ უდანაშაულო მოქალაქეები.
შემზარავია ტერორისტული აქტების სისასტიკე ყველაზე მოწყვლადი მოსახლების – მცირეწლოვანი ბავშვების, მოხუცების, ქალების მიმართ. ჩვენი მთელი გუნდი, მთელი თავისი მრავალფეროვანი ეროვნული წარმომადგენლობით მხარდაჭერას ვუცხადებთ ებრაელ ხალხს!
ინოვაციური სამედიცინო კლინიკა BIRTH ვაცხადებთ მზადყოფნას უფასოდ გავუწიოთ რეპროდუქტოლოგიური სამედიცინო მომსახურება ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ჰამასის ტერორისტული აქტების შედეგად დაზარალდნენ!
მთელი მსოფლიო უნდა დადგეს ფეხზე ტერორიზმის დასამარცხებლად! “ – წერია განცხადებაში.
სამედიცინო სფერო ბაჩო გიგინეიშვილის ოჯახის ტრადიციაა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფარმაცევტი გამხდარიყო და უკვე 8 წელია ხალხს საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ეხმარება. ბაჩოს აბაშაში, თავისუფლების N56-ში მდებარე პსპ-ს აფთიაქში შევხვდით და ფარმაცევტის პროფესიაზე ვესაუბრეთ.
ბაჩო, მოგვიყევით თქვენ შესახებ. ვინ ხართ და რა განათლება გაქვთ ?
მე ვარ ბაჩო გიგინეიშვილი. პსპ-ს აფთიაქის მენეჯერი. დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფარმაციის მიმართულებით.
როგორ მოხვდით პსპ-ში და რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ? ამჟამად თქვენი საქმე რა არის?
პსპ-ში მოვედი 2016 წელს. გავიარე ყველა საფეხური, თავიდან სტაჟიორი ვიყავი, დღეს კი აფთიაქის მენეჯერი ვარ. ვმუშაობდი პსპ-ს წარმატებულ აფთიაქებში თბილისში, ქუთაისში, გუდაურში, ხობში, სამტრედიაში და ამჟამად აბაშაში ვარ.
ფარმაცია ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. უკვე ოთხი თაობაა, რაც გვარში ექიმები და ფარმაცევტები გვყავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ფარმაცევტი და დიდი სურვილი მქონდა ამ მხრივ საუკეთესო კომპანიაში მოვხვედრილიყავი. ბედმა გამიღიმა და უკვე მერვე წელია ამ დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ.
რამდენად მნიშვნელოვანია ფარმაცევტის კომპეტენცია?
ფარმაცევტის კომპეტენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ ვართ ბოლო რგოლი ექიმსა და პაციენტს შორის. იყო ხალხის სამსახურში, უდიდესი პასუხისმგებლობაა, მადლიერი მომხმარებელი არის სწორედ ის მუხტი, რომელიც მაძლევს დიდ სტიმულს და ენერგიას. მსიამოვნებს, რომ ჩემი ცოდნით მომხმარებლის ნდობას ვიმსახურებ და პსპ-ს იმ აფთიაქებში, რომლებშიც მიმუშავია, უამრავ ადამიანს დავხმარებივართ.
ასეთ დროს კომპეტენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ცოდნის გარეშე შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ.
რას ნიშნავს თქვენთვის პსპ?
პსპ ჩემთვის არის დიდი ოჯახი და დიდი იმედი.
რა არის მთავარი ფარმაცევტისა და მომხმარებლების ურთიერთობაში?
ფარმაცევტისა და მომხმარებლის ურთიერთობაში მთავარია ნდობა. ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. როცა მომხმარებელი შემოდის და ხედავს მცოდნე ფარმაცევტს, რომელიც მას სათანადო მომსახურებას უწევს და არაფერი ეშლება, იწყება ნდობის ჩამოყალიბება.
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა პსპ?
პსპ-ში მრავალფეროვანი არჩევანია, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ყველას შეუძლია მისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება ხელმისაწვდომ ფასად. ასევე, ყოველთვიურად მრავალფეროვანი აქციები გვაქვს, მომხმარებლებს კი მაღალკვალიფიციური ფარმაცევტები და კონსულტანტები ემსახურებიან, რომელთათვის მთავარი ადამიანების კმაყოფილება და ჯანმრთელობაა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ხანძრის გაჩენამდე 20 წუთით ადრე დატოვეს საცხოვრებელი, შესაბამისად ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო -სამაშველო სამსახური, თუმცა სახლის ერთი სართული ხის იყო და შენობა სწრაფად დაიწვა.
ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა ოთხწევრიანი ოჯახი. მათ შორის არის ჩვილიც.
„ბათუმელებს“ სოფელში უთხრეს, რომ ხელვაჩაურის მერიამ ოჯახს ქირის თანხა 500 ლარი შესთავაზა, ვიდრე საცხოვრებლის პრობლემა არ გადაწყდება.
თმის ცვენა, როგორც თმის ზრდის ციკლის ნაწილი, ბუნებრივი პროცესია. ადამიანი დღეში საშუალოდ თმის 50-100 ღერს კარგავს, რომელიც შემდეგ ისევ იზრდება, მაგრამ ასაკის მატებამ, მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ, ასევე, გარკვეულმა დაავადებებმა და ჰორმონალურმა ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თმის ზრდის ციკლს, რის შედეგადაც ახალი თმა არ ცვლის ჩამოცვენილ თმას.
„სოლომედის“ ენდოკრინოლოგი, ლია ჯაში „ბათუმელებთან“ თმის ცვენის ენდოკრინულ მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში თმის კარგვის მიზეზი შესაძლოა სტრესიც კი გახდეს.
ქალბატონო ლია, რამდენად რეალურია, რომ თმის ცვენა გარკვეულ სეზონებზე უფრო ინტენსიური ხდება?
დიახ, გარკვეული სეზონური ცვენა არის, დღეში დაახლოებით 50-100 თმის ღერის დაკარგვა მიიჩნევა ბუნებრივად. თუ იმატებს თმის დანაკარგი, მიიჩნევა პათოლოგიურ თმის ცვენად. გარკვეულ დროს კი – გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება უფრო გამოხატულია სეზონური ცვენა.
რა ენდოკრინული მიზეზები შეიძლება განაპირობებდეს თმის ცვენას?
თმის ცვენა ძალიან ბევრ პათოლოგიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, პირველ რიგში – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სასქესო ჰორმონების შემოწმება. ტესტოსტერონის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენული ალოპეცია ქალებში. ასევე, თუ არის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, სიმპტომად ითვლება თმის ცვენა. ასეთ დროს საჭიროა გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის ჩართულობა.
როდესაც შეიცვლება ჰორმონალური ფონი, თმის ცვენა შეიძლება ალაგდეს.
ასევე, მშობიარობის შემდეგ ქალს შეიძლება დაეწყოს თმის ცვენა, ესეც ჰორმონალურ ფაზებთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადებები, შეიძლება იყოს ბუდობრივი ალოპეცია, სისტემური დაავადებები… საჭიროა დიაგნოსტიკა და დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა მოხდეს ადეკვატური მკურნალობის ინიცირება, რა თქმა უნდა, დერმატოლოგთან ერთად.
ასევე, თმის ცვენა შესაძლოა განაპირობოს ორგანიზმში მიკროელემენტების დეფიციტმაც.
რა მიკროელემენტების ნაკლებობა შეიძლება გახდეს თმის ცვენის მიზეზი?
პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის რკინის დეფიციტი, ვინაიდან რკინა ზოგადად ორგანიზმში და ასევე, თმის ფორმირებაშიც თამაშობს ძალიან დიდ როლს. ასეთ დროს უნდა შემოწმდეს კალციუმი, ასევე D ვიტამინი. ეს ელემენტები დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. აუცილებელია სელენის, თუთიის შემოწმება.
თმის ცვენას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს არასაკმარისი ცილის მიღებამ, A ვიტამინისა და ბიოტინის [B ჯგუფის ვიტამინი] დეფიციტმა.
ამავდროულად მიკროელემენტების დეფიციტმა შეიძლება სხვა გამოხატული პრობლემებიც შექმნას: შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვლილება, წონაში ცვლილებები, რა დროსაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა გადაწყდეს, სჭირდება თუ არა ჩარევა თმის ზრდის პროცესს.
გარდა ამისა, არსებობს სოკოვანი დაავადებები, ქერტლი, რომელიც თმის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას. გარე ფაქტორებიდან შეიძლება აღვნიშნოთ თმის შეღებვაც, რამაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას თმის სიჯანსაღეს.
Cleveland Clinic: ზოგიერთ შემთხვევაში თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს თმის მჭიდრო ვარცხნილობები – წვრილი ნაწნავები, თმის დაგრძელება, ხშირად და მჭიდროდ შეკრული თმა.
რა კავშირშია სტრესი თმის კარგვასთან?
სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) სიჭარბე, რის ფონზეც შესაძლოა განვითარდეს თმის კარგვა – ანდროგენული ალოპეცია.
რა გამოკვლევები ინიშნება ამ დროს?
პირველ რიგში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის და მიკროელემენტების დონის შემოწმება: რკინა, ფერიტინი, D ვიტამინი, კალციუმი, მაგნიუმი, B ვიტამინი; ასევე საჭიროა თუთია-სელენის დონის შემოწმება, რომ განვსაზღვროთ, ხომ არ არის მიზეზი მათი დეფიციტი. ასევე, თუ თმის ცვენა დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის ცვლილებასთან, აუცილებელია სასქესო ჰორმონების შემოწმება.
Mayo Clinic: მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ თმის მუდმივი ცვენა და ატყობთ, რომ თმა შეთხელდა. ექიმს უნდა მიმართონ ქალებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შუბლზე თმის ხაზის უკან გადაწევა (შუბლის ფიბროზული ალოპეცია). ასევე, გაესაუბრეთ ექიმს, თუ დაბანის ან/და დავარცხნის დროს შეამჩნევთ უეცარ ან ბუდობრივ თმის ცვენას; ან ჩვეულებრივზე მეტ თმის ცვენას. თმის უეცარი ცვენა შეიძლება მიუთითებდეს სამედიცინო მდგომარეობაზე, რომელსაც სჭირდება მკურნალობა.
უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში უკვე მეოთხე დღეა მძიმე ვითარებაა: რუსული ძალები ინტენსიურად ბომბავენ ქალაქს და ჯავშანტექნიკით მიიწევენ წინ, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს არ თმობენ.
ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი ბარაბაშმა საინფორმაციო მარათონის ეთერში განაცხადა, რომ ბრძოლა სასტიკი და უწყვეტია, მუშაობს არტილერია და ავიაცია, ამ დღეებში ასობით შეტევა განხორციელდა:
„თავდასხმები არ წყდება არც დღე და არც ღამე, რუსები ტარაკნებივით მოძვრებიან, ძალიან ბევრნი არიანი“.
ბარაბაშის თქმით, ოკუპანტებს სურთ ავდიივკას ალყა შემოარტყან, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები 4 დღეა უცვლელად იცავენ პოზიციებს.
ავდიივკაზე თავდასხმის შესახებ წერენ ტელეგრამის პრორუსულ არხებზეც, სადაც აღნიშნავენ, რომ რუსული არმია ახორციელებს უკრაინული პოზიციების ყველაზე მასიურ დაბომბვას ბოლო თვეების განმავლობაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის 21 საათიდან 14 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 3 –8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 ოქტომბერს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 285 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
ტანკი – 4 931 ერთეული [+26]
ჯავშანტექნიკა – 9 313 ერთეული [+49]
საარტილერიო სისტემა – 6 807 ერთეული [+44]
MLRS – 811 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 546 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 264 ერთეული [+17]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 531 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 203 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 967 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
488 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 790 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 546 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 753 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
14 143 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და აჭარის სოფლებიდან ქალები ხან მარტო, ხანაც ოჯახებით ხშირად მიდიან ერაყში სამუშაოდ. ერაყში სამუშაო ვიზის მიღება ადგილზეა შესაძლებელი და ემიგრანტებს არალეგალურად ცხოვრების შიში არ აქვთ. სწორედ ამ ნიშნით გახდა ეს ქვეყანა საინტერესო იმ ქართველებისთვის, ვისაც სხვა ქვეყანაში სურდათ სამსახურის შოვნა.
ერაყში ქართველები ძირითადად დამლაგებლებად მუშაობენ ოჯახებში, სასტუმროებსა და კაფე-ბარებში. მოხუცების მომვლელებად აქ ნაკლებად საქმდებიან.
ირმა კობახიძე ერაყში 10 წლის წინ წავიდა სამუშაოდ. და და სიძე დაეხმარნენ თავიდან, რომლებიც ასევე ერაყში მუშაობდნენ.
„არ ვიცოდი ენა, არ ვიცოდი სად მივდიოდი, ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, ტირილით ღამდებოდა და ტირილით თენდებოდა. სამი პატარა შვილი დავტოვე, 1 ბიჭი და 2 გოგო. ჩემი გოგო ისე შევიდა პირველ კლასში, რომ მე არ ვიყავი.
ჩემი გოგოები გაიზარდნენ, დაქორწინდნენ, ბიჭმაც ოჯახი შექმნა, სამი შვილიშვილი მყავს. ვერცერთი შვილის ქორწილში ვერ ჩამოვედი. ვერც ახლა ვხედავ ჩემი შვილიშვილები როგორ იზრდებიან, ჩამოვდივარ ერთი თვით და უკან მივდივარ, ვერ ვიპოვე საქართველოში ისეთი სამსახური, რომ თავი ვირჩინო. კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი საქართველოში“, – ამბობს ირმა კობახიძე.
ქალის თქმით, ბევრი ემიგრანტის მსგავსად მასაც ყველაფერი გამოეცალა ხელიდან, რაც საქართველოში დატოვა. ემიგრანტის ცხოვრება ყველაფრისთვის ბრძოლააო ამბობს: ბრძოლა, რომ შორს წასულმა ოჯახი შეინარჩუნო, ბრძოლა, რომ შვილებთან ურთიერთობა არ გაცივდეს, ბრძოლა იმისთვის, რომ უცხო გარემოს შეეთვისო, ახალი ენა ისწავლო.
23 წლის დისშვილი დაეღუპა ცოტა ხნის წინ. გლოვისთვის რამდენი დღე სჭირდებოდა, ამდენი ხნითაც კი ვერ შეძლო ჩამოსვლა, ვერც 42 წლის ძმა იგლოვა, რომელიც ირმას ემიგრაციაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.
რატომ წავედი
ბევრი სხვა ქალის მსგავსად ირმამაც ემიგრაციაში წასვლა სიღარიბის გამო გადაწყვიტა. სამ შვილს სჭირდებოდა ჭამა, ჩაცმა, ცეკვაზე, სხვადასხვა მასწავლებელთან სიარული, სახლი იყო გასარემონტებელი და ყველაფერს მე ვერ ვუმკლავდებოდი, ერთი ჩვეულებრივი მუსიკის მასწავლებელი ვიყავიო, იხსენებს ირმა. ოჯახს ბანკის ვალიც ჰქონდა. სანამ ირმას დედამთილი და მამამთილი იყვნენ ცოცხლები, ქალს ყველაფერში ეხმარებოდნენ.
„მერე ორივე გარდაიცვალა და მარტო დავრჩი პასუხისმგებლობების წინაშე. ჩემს ქმარს არც ვახსენებ, გვერდით არასდროს მედგა, არ უხაროდა და არ უყვარდა არასდროს მუშაობა, თუ სადმე წავიდოდა, გართობაში ხარჯავდა ყველაფერს და ჯობდა სახლში მჯდარიყო ისევ, ამიტომ მე წამოვედი ემიგრაციაში“, – ამბობს ირმა.
ოჯახი ზესტაფონის სოფელ საზანოში ცხოვრობდა. ჰყავდათ ძროხები, ქათმები, ჰქონდათ ყანა, ირმა ყველაფერს უვლიდა. ფიქრობდა, რომ სახლს გაარემონტებდა, შვილებს ,,გზაზე დააყენებდა“, სწავლის ფულს შეუგროვებდა და მერე საქართველოში დაბრუნდებოდა.
ემიგრაციიდან 10 წლის შემდეგ ირმას საქართველოში დასაბრუნებელი ადგილიც კი არ აქვს. სახლი, რომელიც ემიგრაციაში ყოფნის დროს წლობით არემონტა, ეკუთვნის ირმას ყოფილ ქმარს:
„ემიგრაციაში რომ წავედი, ჩემმა ქმარმა საყვარლები გაიჩინა და ერთ-ერთთან წავიდა. როცა ჩამოვდიოდი, აქეთ მეჩხუბებოდა, ხელი გავაწეროთო. ატეხდა ჩხუბს, მერჩოდა, გამოვიძახებდით ზესტაფონის პოლიციას, წაიყვანდნენ და მალევე უკან უშვებდნენ, ყველას იცნობდა ზესტაფონში და ერიდებოდნენ. სულ ჩაგვრის მსხვერპლი ვიყავი. ერთხელ მანქანით ვმოძრაობდით, დაგვედევნა და ბენზინი უნდა გადაგასხათ და დაგწვათო, გვემუქრებოდა. ქუთაისის პოლიციამ დააკავა და სამთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მერე ისევ ჩემი შვილი იყო ცუდ დღეში, ბიჭი, რომელიც მამასთან ცხოვრობს თავისი ოჯახით. შემეცოდა, ჩამოვედი და პოლიციაში შევცვალე ჩვენება.
კიდევ ერთი ჩამოსვლისას საბერძნეთის და საქართველოს პასპორტები დამიზიანა, დახვრიტა. ამის გამოც დაკავებული იყო. ორწლიანი პირობითი სასჯელი აქვს ახლა. განქორწინებულები ვართ უკვე ოფიციალურად.
შვილი ამიმხედრა – ბიჭი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, არ მელაპარაკება. მკითხულობს მხოლოდ თვეში ერთხელ, როცა ფული სჭირდება. თუ ვერ გავუგზავნი, ბრაზდება და აღარ მელაპარაკება, არ კითხულობს ჩემ ამბავს, სად ვარ, როგორ ვარ. გულმოკლული ვარ. შვილიშვილსაც კი არ მაჩვენებს, ასე მსჯიან, თუ ფულს ვერ ვგზავნი.
ერთადერთი იმედი ჩემთვის გოგოები არიან. არასდროს მტოვებენ უყურადღებოდ, ჩემს ამაგს არ ივიწყებენ.
სახლში, რომლის რემონტსაც წლები შევალიე, აღარ მიმესვლება. ათწლიანი ემიგრაციის შემდეგ ახლა უნდა დავიწყო საკუთარ ჭერზე, თუნდაც ერთოთახიანი სახლის ყიდვაზე ფიქრი, რომ წასასვლელი მქონდეს სადმე, სადაც დავიძინებ. აღარც წასასვლელი მაქვს, აღარც ოჯახი“, – ამბობს 43 წლის ემიგრანტი.
„საქართველოში ვიმუშავებდი, ასეთივე ანაზღაურება რომ იყოს“
ირმა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბინას იყიდის, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. მიიჩნევს, რომ ემიგრაციაში სიბერემდე არ უნდა უწევდეთ ქალებს დარჩენა.
„ერაყში ჩამოდიან წყვილებიც, ერთად მუშაობენ და მათთვის შედარებით ადვილია რესურსის შეგროვება საქართველოში რამე საქმის დასაწყებად. ქალები, რომლებიც აქ მარტო მუშაობენ და საქართველოში გზავნიან ფულს, ძალიან ცუდ დღეში არიან. თუ ეს ფული უბრალოდ იხარჯება საქართველოში, მერე ყველა ერთ კითხვას გისვამს: კი, მაგრამ რა გააკეთე, რისთვის წახვედი?
აღარავის ახსოვს, რომ გზავნიდი, რასაც გიხდიდნენ და ყოველდღიურ საჭიროებებში ხარჯავდნენ. საქართველოშიც ვიმუშავებდი ასე, როგორც აქ ვმუშაობ, ასეთივე ანაზღაურება რომ იყოს, სიბერემდე ემიგრანტი ხომ არ ვიქნები? შვილიშვილები როგორ იზრდებიან, როგორ გაჩნდნენ ვერ ვნახე, მაგრამ სიბერეში მაინც ხომ მინდა მათ ვუყურო?“ – ამბობს ემიგრანტი.
ირმა დილის რვიდან საღამოს 4 საათამდე სასტუმროს ნომრებს ალაგებს ერაყში, ალაგებს სამზარეულოსაც, რვასაათიანი სამუშაო დროის დასრულების შემდეგ მეორე სამსახურში, ოჯახში მიდის დასალაგებლად. ბინას ქირაობს ერაყში. ქირის, კომუნალური გადასახადების და ყოველდღიური საჭიროებებისთვის მცირე თანხას გადადებს, დანარჩენს კი საქართველოში გზავნის. ასე იცხოვრა 10 წელი.
„აქ საქართველოს ელჩი არ არის, უყურადღებოდ ვართ ემიგრანტები“
ირმა გვიყვება, რომ ერაყში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა განახევრდა, რადგან სამუშაო ვიზის მოსაკრებლის ფასი ორჯერ გაიზარდა და გაძვირდა პასპორტის დამზადების საფასურიც.
მისი თქმით, ემიგრანტებს აღარ უღირთ ყოველწლიურად იხადონ სამუშაო ვიზის მოსაკრებელი და არ უღირთ ერაყში სამუშაოდ დარჩენა. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები ისევ უკან, ერაყში მიდიან, რადგან სამშობლოში ვერ საქმდებიან ან ძალიან დაბალი ანაზღაურება არაფერში ჰყოფნით და ისევ ემიგრაციის გზას ირჩევენ.
„რაღაც პერიოდი სამუშაო ვიზების გაცემა საერთოდ შეჩერდა და ახლაც ასეა, თითქმის აღარავის აძლევენ. მე ძველი სამუშაო ვიზა მაქვს და იმას თუ განვაახლებ. კითხვა რომ დასვა, საქმის კურსში რომ იყო, რა რატომ ხდება, ამის შესაძლებლობა არ არის ერაყში, უამრავი ქართველი ემიგრანტია აქ, მაგრამ საქართველოს საელჩო არ არის, ელჩი არ გვყავს, უყურადღებოდ ვართ ემიგრანტები“, – ამბობს ირმა კობახიძე.
სამუშაო ვიზის მიღებისა და პასპორტის განახლების პროცესს ქართველი ემიგრანტებისთვის ერაყში ისიც ართულებს, რომ ახლა ამ ქვეყანაში საჭიროა დასაქმების მსურველმა იპოვოს მეურვე, ერაყის მოქალაქე, რომელიც დაადასტურებს, რომ თანახმაა ემიგრანტს ერაყში ყოფნის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდეს, ამავე მეურვემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ემიგრანტი დანაშაულს არ ჩაიდენს ერაყის ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მეურვეს ეკისრება.
7 ოქტომბრის დილას ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
„ბათუმელები“ ესაუბრა ანი ხუნდიაშვილს [ანი ეფრატი], ისრაელის მოქალაქეს, რომელიც სამხრეთ ისრაელში, ქალაქ აშდოდში ცხოვრობს. მან გვიამბო, როგორია ახლა ისრაელში ცხოვრება:
„ღაზასთან ხშირად მძაფრდებოდა კონფლიქტი, მაგრამ ისრაელში თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი. ყველაფერი სირენებით დაიწყო. სამსახურებში ფრთხილად დავდიოდით, რამდენიმე დღის სამყოფ საჭმელს ვიმარაგებდით და ღმერთის და რკინის გუმბათის იმედი გვქონდა.
მთელი ამ კონფლიქტის ისტორიის მანძილზე დედები მარხავდნენ პატარა ბავშვებს, ჯარისკაცების დედები – ჯარისკაცებს, ცოლები – ქმრებს, ამ ადამიანებს ფულს უგროვებდა მერე საზოგადოება, რომ დედებს ეზრუნათ შვილებზე, დედობა და მამობა ერთდროულად გაეწიათ გადარჩენილი შვილებისთვის. ასე იყო ყოველ ჯერზე.
ახლაც, იმ შემზარავი კადრების შემდეგ, რაც მსოფლიომ ნახა, ადამიანებს რწმენა ძირფესვიანად შეერყათ, თუმცა ერთ დღეში მოეგო გონს ისრაელი და ერთმანეთისთვის გაძლიერდნენ.
ჯარისკაცებს უამრავ საკვებს, საჭირო ნივთებს და გამამხნევებელ, სახალისო ბარათებს უგზავნიან ადამიანები.
„ამ ისრაელ ხაი“ – „ებრაელი ერი ცოცხალია“, ამ ფრაზას შეხვდებით ყველგან ისრაელში: მანქანებზე, სუპერმარკეტებში თუ სოციალურ ქსელებში. არ მოვყვები არც ერთი მხარის გამართლებას, მთავარი ახლა ეს არ არის.
სადღაც წავაწყდი ფრაზას – „ეს არის სულისშემძვრელი სიძულვილი შენ მიმართ შენს გაუცნობლად” – ესაა ამ ყოფის ყველაზე მარტივი განმარტება.
მე აშდოდში ვცხოვრობ, ისრაელის სამხრეთ ნაწილში, თუმცა ღაზისგან მოშორებით.
ჩემს ქალაქში არც ისე ხშირია სირენები, დღეში 2-3 თუ იქნება. ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ ეს ფეიერვერკებია, ასე ვეუბნებით, თუმცა თვალებში შიში და გაუგებრობა აწერიათ ყოველ ჯერზე, როცა სირენა ირთვება და თავშესაფარში ვიკეტებით.
გუშინ, შებინდებულზე ჩავედი მაღაზიაში სამზარეულოს დანით მას შემდეგ, რაც ჰამასმა უამრავ წერტილში მოახერხა საზღვრის გარღვევა, ამოწყვიტა მშვიდობიანი მოსახლეობა, ტყვედ ჩაიგდო ხალხი, წამებით ამოხოცა 5 წლამდე ბავშვები, ფეხმძიმეები გაფატრა და შეუწყნარებელი სისასტიკე ჩაიდინა.
მაღაზიის გამყიდველი თავიდანვე გავაფრთხილე, დანით ვარ და არ შეგეშინდეს-მეთქი, რაზეც ჩუმი ამოოხვრით მიპასუხა და დარდიანი თვალებით შემომხედა. ჯერ კიდევ თავს ვერ ვუყრი შეგრძნებებს და პასუხს ბევრ კითხვაზე ვერ ვპოულობ.
დაბომბვების დროს, როცა სირენები ირთვება. თავშესაფარში შევდივართ. თავშესაფარი ბავშვის ოთახია. დაცული ოთახი, სადაც ოთხნი ვიმალებით ხოლმე: მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ორი შვილი.
ხმაური რომ მიწყდება, გამოვდივართ.
ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა, მე ვერ დავდივარ სამსახურში, ბავშვები არ დადიან ბაღში და სკოლაში, რადგან მდგომარეობა ძალიან საშიშია. ერთადერთი, რისთვისაც გარეთ გავდივართ, საყიდლებია, სახლისთვის.
სკოლა და ბაღი არ ფუნქციონირებს, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა თავშესაფარი. არის საშიშროება, რომ შემოიჭრნენ ტერორისტები და ნებისმიერ დროს გამოჩნდნენ. ვრჩებით სახლებში, ვინარჩუნებთ კავშირს ზუმით სკოლისა და ბაღის მასწავლებლებთან.
შაბათიდან მოყოლებული სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეჩერებულია. ახლა ფიქრობენ, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც საშიშროება ნაკლებია, დაიწყონ მოკლე გაკვეთილების ჩატარება სკოლებში, ნაწილობრივ აღდგეს სწავლა ბაღშიც. საუბრობენ ამაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ყველაფერი ერთ წუთზე, ერთ წამზეა დამოკიდებული.
მე თვითონაც ჯარში ვმსახურობდი, ჩემი ჯარის ნაცნობებიც ომში არიან ახლა, წინა ხაზზე არ იბრძვიან, მაგრამ ლოგისტიკურ ნაწილში მსახურობენ. საომარ დანაყოფებს ეხმარებიან ბრძოლაში.
არ არსებობს ოჯახი, ვისი ნათესავი ან ახლობელი მაინც არ იყოს გაწვეული ომში.
კომპანიებმა ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა. ვისაც დისტანციურად მუშაობა შეუძლია, სახლიდან მუშაობს. გასართობი ადგილები დაკეტილია, კაფე-ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ თან წაღების მომსახურება აქვთ, ადგილზე ვერ დაჯდები.
მე ახლა ვერ ვმუშაობ. შესაბამისად ხელფასსაც ვერ მივიღებ. საყოველთაო დაზღვევა გვაქვს, რაც მხოლოდ სამედიცინო დახმარებას არ გულისხმობს და თუ ომი თვეობით გაგრძელდება ალბათ დახმარების სერვისს აამოქმედებენ უხელფასოდ დარჩენილებისთვის, სამხრეთით მცხოვრები ხალხისთვის, ვისაც სახლების დატოვება და ბინის სხვაგან დაქირავება მოუწია.
როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ებრაელ ხალხს ექნება გლოვის, ჭრილობების მოშუშების და ყველაფრის თავიდან დაწყების დრო, თუმცა საყოველთაო დეპრესიის ფუფუნების უფლებას თავს ვერ მივცემთ“.
ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც კანსა და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლამდე ასაკის, დაახლოებით 3,7 მილიარდი ადამიანი (67%) მსოფლიოში ინფიცირებულია ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის ტიპი 1-ით (HSV-1), რომელიც ე.წ. ტუჩის ჰერპესის წამყვანი მიზეზია.
Clevelandclinic-ი წერს, რომ ადამიანების უმეტესობა ამ ტიპის ჰერპესვირუსით ავადდება ბავშვობაში და ვრცელდება ვირუსის მქონე ზრდასრული ადამიანის ბავშვთან მჭიდრო კონტაქტის დროს, მაგალითად, როდესაც ოჯახის წევრი კოცნის ბავშვს.
„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი როსტომ ცინცაძე ამბობს, რომ ჰერპეს ვირუსის გამონაყარის დროს უფროსები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ ბავშვებთან კონტაქტს, რადგან შესაძლოა პატარებს ეს ვირუსი გადაედოთ და ჩუტყვავილას მსგავსი ფორმით გამოუვლინდეთ.
ბატონო როსტომ, რა არის ტუჩის ჰერპესი?
ჰერპესი ძალიან გავრცელებული ვირუსია, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ეს ვირუსი. მისი ორი ძირითადი ტიპი არსებობს – ე.წ. მარტივი ჰერპეს ვირუსი I და II ტიპი. სწორედ I ტიპის ჰერპესი არის სახის არეში გამონაყარის მიზეზი, II ტიპს ახასიათებს გამონაყარი გენიტალიებზე.
არსებობს სხვა ჰერპესებიც, მათ შორის [ჩუტყვავილას გამომწვევი] ვარიცელა ზოსტერი, შემოსარტყლული ჰერპესი, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, შეიძლება განვითარდეს თავის სხვადასხვა არეში; ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი.
თქვით, რომ მორეციდივე დაავადებაა, რა აპროვოცირებს მის ხელახალ გამოვლენას?
ჰერპეს ვირუსებს შეიძლება ჰქონდეთ ფარული მიმდინარეობა ანუ ვირუსი იყოს ლატენტურ ფორმაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ვირუსი, მაგრამ ვერ მიხვდეს, სანამ არ გამწვავდება.
პროვოცირება შეიძლება მოხდეს იმუნური სისტემის დაქვეითების, ნერვული სტრესის და ბევრი ანტიბიოტიკისა და ჰორმონალური მედიკამენტების მიღების შედეგად.
MayoClinic-ი წერს, რომ ტუჩის ჰერპესის გამწვავება შეიძლება ასევე დააპროვოციროს შემდეგმა ფაქტორებმა: ვირუსული ინფექცია ან ცხელება; ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია მენსტრუაციის პერიოდთან; სტრესი; დაღლილობა; მზეზე ან ქარში ყოფნა; ცვლილებები იმუნურ სისტემაში; კანის დაზიანება.
ჰერპეს ვირუსი ორგანიზმიდან მკურნალობის შედეგად არ ქრება, შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს მწვავე პერიოდები. იმას, თუ რა სიხშირით ექნება ადამიანს რეციდივი, განაპირობებს იმუნური სისტემის მდგომარეობა, ზოგიერთთან ეს შეიძლება წელიწადში ერთხელ მოხდეს, ზოგთან – უფრო ხშირად.
როგორ ვლინდება, რა სახასიათო სიმპტომატიკა აქვს?
ძირითადად ვითარდება ტუჩზე, პირის ირგვლივ და პირის ღრუს ლორწოვან გარსშიც შეიძლება განვითარდეს.
თავიდან შესაძლოა ადამიანი გრძნობდეს ჩხვლეტას, წვასა და ქავილს იმ ადგილზე, სადაც უნდა განვითარდეს კერა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთ-ორ დღეში ჩნდება პატარა მტკივნეული ლაქა და წარმოიქმნება ბუშტუკები. სითხით სავსე პატარა ბუშტუკები ძირითადად ჯგუფურად არის განლაგებული, ხშირად ჩნდება ტუჩების საზღვრის გასწვრივ. ზოგჯერ ჩნდება ცხვირის, ლოყების გარშემო ან პირის ღრუშიც. შესაძლოა ბუშტუკები გაერთიანდნენ. ახასიათებს ტკივილისა და წვის შეგრძნება. საბოლოოდ ბუშტუკები სკდება და ქერქით იფარება.
როგორია გადაცემის გზები?
ტიპი I ჰერპეს ვირუსი ვრცელდება ვირუსის მქონე ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით ან ნერწყვით – ხშირად კოცნით; ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს კანსა და ნერწყვში. ასევე, შესაძლოა გავრცელდეს საერთო ნივთების, მაგალითად, იმ ადამიანის ჭურჭლის, კოვზის, ე.წ. საწრუპის გამოყენებით, ვისაც აქვს ჰერპესის გამონაყარი. ასევე, შეიძლება გადადება მოხდეს სხვისი სიგარეტის ან ტუჩსაცხის გამოყენებით.
თუ გაქვთ მარტივი ჰერპესი, დიდი ალბათობით, ვირუსს სხვა ადამიანს გადასცემთ მაშინ, როცა წყლულები [ბუშტუკების შემდეგი ფაზა] გაქვთ. მაგრამ დაინფიცირება შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჩვილ ბავშვებთან, რადგან გადადების შემთხვევაში შესაძლოა ჰერპესი გამოვლინდეს ჩუტყვავილას მსგავსადაც. ცხადია, პატარებს შესაძლოა ბაღიდან და სკოლიდან, თანატოლებთან კონტაქტის დროსაც გადაედოთ, მაგრამ ჰერპესის გამწვავების დროს უფროსებს მართებთ სიფრთხილე, ისინი უნდა მოერიდონ ბავშვის კოცნას და ეს არა მარტო ჰერპესის გამო, არამედ ძალიან ბევრი, მაგალითად, გრიპის და სხვა ვირუსების გადადების თავიდან ასაცილებლად.
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ჰერპესს?
ზოგადად ჰერპეს ვირუსებს ახასიათებთ გართულებები, თუმცა ჩვეულებრივი ჰერპეს ვირუსი (I ტიპი) რომ ავიღოთ, რომელსაც ახლა განვიხილავთ, მას იშვიათად ახასიათებს გართულება, თუმცა მაინც, შეიძლება მოხდეს მეორადი ინფექციის განვითარება, შეიძლება განვითარდეს იმპეტიგო [კანის ინფექცია].
მაგალითად, თავიდან ბუშტუკები არის გამჭვირვალე, ორი-სამი დღის შემდეგ გამჭვირვალიდან უკვე გადადის მოყვითალო ფერში, ანუ ხდება ჩირქოვანი, მერე იკეთებს ქერქს და მერე შორდება. ამ დროს შეიძლება მიიერთოს მეორადი ინფექცია, ანუ სტრეპტოდერმიები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები), ამას კი სჭირდება უკვე სხვაგვარი მკურნალობა.
ClivlandClinic: მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ჰერპესის გართულებები იშვიათია, ის შეიძლება გავრცელდეს თვალზე, თუ ხელით ჯერ ჰერპესის წყლულს შეეხებით და შემდეგ თვალს, რამაც მოგვიანებით, შესაძლოა, თვალის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს; გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კანის დაავადება – ატიპიური დერმატიტი (ეგზემა), ვირუსის მთელ სხეულზე გავრცელების უფრო მაღალი რისკი აქვთ.
როგორია მკურნალობა?
პირველი გამონაყარი სანამ გამოჩნდება, იქამდე იწყება ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება. მკურნალობა უნდა დაიწყოს ბუშტუკების გამოჩენისთანავე, ანუ პროცესის გამწვავებიდან სამი, მაქსიმუმ 5 დღის შემდეგ.
მკურნალობა მოიცავს პირველ რიგში ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას, ანტიჰისტამინური ანუ ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებასა და ადგილობრივ მკურნალობას მალამოების დახმარებით. ასევე, საჭირო ხდება მკურნალობა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
მკურნალობის არ ქონის შემთხვევაში შეიძლება ალაგება დაიწყოს ერთი-ორი კვირის შემდეგ, გაჩნია როგორი იმუნიტეტი აქვს ადამიანს, მაგრამ ასეთ დროს ბუშტუკოვანი გამონაყარი შეიძლება იყოს უფრო გაფართოებული. მკურნალობის შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით, შეიძლება საერთოდ არ მივცეთ ჰერპესს განვითარების საშუალება და 3-5 დღეში დაიწყოს ალაგება, გამონაყარიც სუსტია ასეთ დროს.
მნიშვნელოვანია, ჰერპესის მქონე ადამიანები მოერიდონ ბავშვებთან ერთად [ბაღი,სკოლა] ყოფნას და ვინაიდან ეს არის გადამდები დაავადება, კარგი იქნება, ატარონ პირბადე.
ბათუმში ზღვის სეზონი ფაქტობრივად მიილია, თუმცა ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩები დარჩა, დარჩა მოძრაობისა და პარკირების წესების დარღვევებიც.
ქალაქის მერიის მხრიდან პარკირების პრობლემის გამოსწორებაზე რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა, მერიის შესაბამისი სამსახური კი ერთგვარ „გამოსავალს“ დამრღვევი მძღოლების დაჯარიმებაში ხედავს.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადრე დაჯარიმების სტატისტიკასაც ყოველდღიურად აქვეყნებდა, რასაც ამჯერად აღარ აკეთებს.
ინსპექციამ დაჯარიმების სტატისტიკა ბოლოს დაახლოებით თვენახევრის წინ, აგვისტოში გამოაქვეყნა:
რამდენი მძღოლი დააჯარიმეს აგვისტოდან დღემდე ბათუმში მოძრაობისა და პარკირების წესების დარღვევისთვის? – ამ მონაცემების მოწოდება „ბათუმელებმა“ მუნიციპალურ ინსპექციას სთხოვა, თუმცა აქ გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.
რა დარღვევებისთვის და რამდენით აჯარიმებს მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია:
პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – ჯარიმა 10 ლარი
ტროტუარზე დგომა – 10 ლარი
დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა – 10 ლარი
ავტობუსის გაჩერებაზე დგომა – 100 ლარი
BUS LANE-ზე დგომა – 100 ლარი
ველობილიკზე არასწორი პარკირება – 100 ლარი
შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა – 200 ლარი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მუნიციპალურ ინსპექციას უფლება აქვს, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანოს ავტომანქანა იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ამასთან, „ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას მისი ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, იგი მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე“.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 2023 წლის აგვისტოში აცხადებდა, რომ „პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ავტოპარკი კიდევ ერთი ევაკუატორით განახლდა. დამატებითი ტექნიკა, ქალაქში მომატებული არასწორი პარკირების პრობლემას უფრო ეფექტურად აღმოფხვრის.“
„არასწორი პარკირების პრობლემას აღმოფხვრაზე“ ზოგიერთი სპეციალისტი მერიის სამსახურისგან განსხვავებით, სხვაგვარად ფიქრობს.
მაგალითად, ლაშა ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ ბათუმში პარკირების პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი რეფორმის გასატარებლად გარკვეული გამბედაობაა საჭირო:
თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23-29 ოქტომბერს ბათუმში Data Bootcamp-ი გაიმართება.
მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ მიმართულებებს: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML) და კომპიუტერული ხედვა (CV).
პროექტის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩართვებიან ტრენინგებსა და მენტორშიფ სესიებზე, ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.
Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი, რომელიც რჩეულ მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსში ჩაერთონ და თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/iny15
Data Bootcamp-ი ჩატარდება ბათუმის ტექნოპარკში გ. ლეონიძის ქ. N15.
ბათუმში, ახალგახსნილი სავაჭრო მოლის ესკალატორზე ცხრა წლის ბავშვი დაშავდა.
როგორც ბავშვის დედა, ირა წივწივაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა შენობაში და მეოთხე სართულიდან ჩამოსვლის დროს ესკალატორმა ბავშვი დააზიანა.
შემთხვევა 6 ოქტომბერს, სავაჭრო მოლის გახსნის დღეს მოხდა.
„წიგნის მაღაზიაში ვიყავით და მეოთხე სართულიდან როცა ჩამოვდიოდით, მომესმა ხმა, რკინა როცა იღუნება, აი, ისეთი. ესკალატორის პლინტუსმა მიიღო დეფორმაცია და ბავშვს პირდაპირ მუხლში მოხვდა. კინაღამ ჩაიყოლა ბავშვი.
ბავშვმა დაიწყო კივილი და ჩავარდა. როცა ამოვიყვანე, უკვე გასისხლიანებული იყო. ბავშვი ჩავარდა პანიკაში, დაკარგა გრძნობა და როცა აზრზე მოვედით, მაშინ დავინახე, რომ გვეხმარებოდნენ ადამიანები. გახადეს ფეხსაცმელი, ვიღაცამ გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია“ – გვიყვება ირა წივწივაძე.
მისი თქმით, დაშავებულ ბავშვთან ერთად ის გაიყვანეს დაცვის კაბინეტში, სადაც აჩვენეს ვიდეოკადრები.
„რომელ სართულზე მოხდა შემთხვევაო – მკითხა დაცვამ, მერე ჩართო კამერები და თქვა – უი, ეს რა დაგემართათ, გადარჩენილხართო.
თუმცა ახლა, როცა ვითხოვ ამ ჩანაწერებს, გვეუბნებიან, რომ ჩანაწერი არ არის. ცდილობენ დამითანხმონ იმ ვერსიაზე, თითქოს ბავშვი თვითონ წაიქცა და ასე დაშავდა. მე არ მოვაწერე ხელი ამ განცხადებას“ – გვეუბნება 9 წლის ბავშვის დედა.
მისი თქმით, ესკალატორზე მიყენებული ტრავმის შემდეგ ბავშვს 6 ნაკერი დაადეს.
„მინიმუმ სამი კვირა ფეხი უნდა ჰქონდეს ყალიბში. მერე სულ ცოტა ერთი თვე ვერ გაასწორებს ფეხსო – მითხრა ექიმმა და დასჭირდა ფიზიოთერაპია, მასაჟები, რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარებაც, ყოველ ღამით ტირის, აქვს შიშები“ – ამბობს დედა.
დაშავებული ბავშვის მშობელი აპირებს კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით სასამართლოს მიმართოს, რადგან „გრანდ მოლის“ ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
„რამდენიმე დღის წინ პლანშეტი გამოუგზავნეს ბავშვს საჩუქრად და ამით ცდილობენ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. უნდათ ამით დასრულდეს ეს ისტორია.
ვაპირებ, მოვითხოვო ფინანსური კომპენსაცია, სიმბოლურ თანხას ვითხოვ, 8 ათას ლარს, რადგან მკურნალობის ხარჯები ხომ უნდა დავფარო?
მე მარტოხელა დედა ვარ, ერთ-ერთი კლინიკის მისაღებში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა სამსახურის გარეშე დავრჩი. ჩემს შვილს მომვლელი, მეთვალყურე სჭირდება და ვეღარ ვმუშაობ. თავზე უნდა ვადგე ყოველდღე.
რჩენა ხომ უნდა ბავშვს, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ეს ხარჯები რით დავფარო? აღარ მაქვს სამსახური და უკვე ვალებში ვარ “-ამბობს ირა წივწივაძე.
მისი თქმით, „გრანდ მოლის“ ადმინისტრაციის გარდა პოლიციაც ცდილობს არ დაიწყოს გამოძიება.
„ტაბიძეზე პოლიციის განყოფილებაში ვიყავი მისული, მინდოდა განცხადების დაწერა, მაგრამ მითხრეს, იქნებ მოილაპარაკოთო. ყველანაირად ცდილობენ, გადავიფიქრო ჩივილი“ – ამბობს დედა.
„გრანდ მოლის“ გახსნაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მერიის წარმომადგენლები. ბავშვის დედას ვკითხეთ, ხომ არ დაინტერესებულა რომელიმე მათგანი ბავშვის მდგომარეობით. თუმცა, როგორც დედამ გვითხრა, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „გრანდ-მოლი“ ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან ამ თემაზე კომენტარი მთელი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ.
„ბათუმელები“ „გრანდ მოლის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ამ დროისთვის როგორც მფლობელის, ასევე პიარის სამსახურის მობილურები გამორთულია, პასუხისმგებელი პირები არც ადგილზე მისვლისას დაგვხვდნენ. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ჯერჯერობით პოლიციაში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ფაქტზე დაწყებული გამოძიება.
განახლება:
სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს, ანუ 13 ოქტომბერს, „გრანდ მოლმა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა.
„გრანდ მოლის“ განცხადებით, სავაჭრო ცენტრში განთავსებული ესკალატორები საექსპლუატაციოდ ტექნიკურად გამართულია და გავლილი აქვს შესაბამისი ინსპექტირება.
„მშობელი ინფორმირებულია, რომ „გრანდ მოლი“ მზად არის სრულად დააფინანსოს ყველა ტიპის სამედიცინო ხარჯი. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ოჯახშიც მოინახულეს გოგონა. ბავშვის მშობელთანაც გამოითქვა მზადყოფნა სამედიცინო ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით.
გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანახარჯებზე“ – წერს ადმინისტრაცია.
თუმცა, როგორც ესკალატორზე დაშავებული ბავშვის დედა ამბობს, კომპენსაციის საკითხზე ჯერ არ შემდგარა შეთანხმება ცენტრის ადმინისტრაციასთან.
„აქ არ დგას მარტო სამედიცინო ხარჯების საკითხი, მე დავკარგე სამსახური და შესაბამისად, მე და ჩემს შვილს გვჭირდება ფინანსური დახმარება. ასევე ბავშვი საჭიროებს ფსიქოლოგის დახმარებასაც“ – გვეუბნება დედა.
13 ოქტომბერს, პარასკევს, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ეზოში 12:30 საათიდან 14 საათამდე შეგიძლიათ მიუსაფარი ლეკვი ან კნუტი იჩუქოთ ან გააჩუქოთ.
მიუსაფარ ცხოველთა (კნუტებისა და ლეკვების) გამოფენა-გაჩუქება – პირობითად ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორებიც მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა ყურშუბაძე და სკოლის სასწავლო ნაწილი აღმზრდელობით დარგში, მედეა ცინცაძე არიან. პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეებიც.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ბავშვობის ასაკიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიონ ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და რომ ეს არის ქუჩაში მიუსაფარ ცხოველთა შემცირების უმთავრესი გზა.
ასევე, პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში, მოზარდებში და ზოგადად, საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების ხელშეწყობასა და ცხოველების მიმართ შიშის დაძლევას.
დასწრება თავისუფალია. ადგილზე შეგიძლიათ შეარჩიოთ და იჩუქოთ ლეკვი/კნუტი ან თავად მიიყვანოთ მიუსაფარი ცხოველი და მის გაჩუქებას შეეცადოთ.
ცხოველი გაჩუქდება მხოლოდ სრულწლოვან ადამიანზე.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მიმდინარეობისას შესაძლებელია მათ საჩუქრად გადასცეთ ცხოველების მშრალი საკვები ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფარ ცხოველთა გამოსაკვებად.
მისამართი: ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა #19, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა.
ფოტოზე: გასაჩუქებელი ცხოველები. ფოტო: მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში/facebook
„სოკარის“ ცნობით, 13 ოქტომბერს ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ მსხვილ კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.
გაზი შეუწყდება 13 ოქტომბერს საღამოს 18:00 საათიდან ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე მდებარე მსხვილ კომერციულ ობიექტებს:
ლერმონტოვის 80
ივანე ჯავახიშვილის 71
მაიაკოვსკის 4
მაიაკოვსკის 53 სართული 1
ჟღენტის 1
პუშკინის 154ბ
ბაგრატიონის-ჯავახიშვილის 121-64
გრიბოედოვის 11
აკაკი წერეთლის 2ა
26 მაისის 62
გოგებაშვილის 12 ფართი 399.10 კვ.მ.
ქათამაძის 11
იმედაშვილის 16
ბაგრატიონის 62
მიხეილ შარაშიძის 76ბ
ბესიკის 36
თამარ მეფის გამზირი 24
გიორგი ბრწყინვალის 42
ფალავანდიშვილის 8
ლერმონტოვის 10 სართული 1
ნონეშვილის 28
ვახტანგ გორგასლის 1
მემედ აბაშიძის 33
ნინოშვილის 1
ბაღის 10 – მწვანე კონცხი,
ორბელიანის ქუჩა სახლი 5
პუშკინის 134
მამია ვარშანიძის ქუჩა, სახლი 79 შენობა 2
შაფათავას 10
ურეხი, მამია ვარშანიძის 85
გრიბოედოვის 9-7
ვახტანგ გორგასლის 151
გოგებაშვილის 46 და მელაშვილის 1-3
„სოკარის“ ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება 14 ოქტომბერს დილის 10 საათიდან ეტაპობრივად და
სრულად აღდგება 14 ოქტომბერს დღის 12 საათამდე.
გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომი 2025 წლამდე „უპრობლემოდ გააგრძელოს“.
ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია თავისი არმიის შევსება სამხედრო პერსონალით დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მისი ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობები არც ისე ძლიერია.
„ეკონომიკური შეფასებით, რუსეთს უპრობლემოდ შეუძლია აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლამდე. აღჭურვილობის მხრივ – მაქსიმუმ 2026 წლამდე. შესაძლოა, ცოტა უფრო ახლო დრომდე, რადგან ტექნიკის აღდგენის მაჩვენებელი, რომელიც ამჟამად აქვთ, არც ისე მაღალია. ანუ სადღაც 2025 წლამდე მივდივართ. ადამიანური რესურსი, აშკარაა, რომ საკმაოდ დიდხანს ექნებათ“ – ამბობს ბუდანოვი.
მან დასძინა, რომ უკრაინას ასევე აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არმიის შესავსებად.
„ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარაა. სხვა საქმეა, არის თუ არა მზად რუსეთის ფედერაცია ზედა ზღვრამდე, ბოლომდე იაროს? ფაქტობრივად, მობილიზებულებით იბრძვიან, გრძნობენ საბრძოლო მასალისა და იარაღის ნაკლებობას“, – განაცხადა ბუდანოვმა.
„უკრიანსკა პრავდამ“ მას ჰკითხა, როგორ აისახება ისრაელში მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.
„თუ კონფლიქტი დროში შეზღუდული იქნება, რამდენიმე კვირამდე, მაშინ სანერვიულო არაფერია.
მაგრამ თუ სიტუაცია გაჭიანურდება, ცხადია, რომ საჭირო იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება არა მხოლოდ უკრაინაში“ – თქვა ბუდანოვმა.
კითხვას, ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის ზღურბლზე? – ბუდანოვმა ასე უპასუხა:
„ამაზე პასუხი არც ისე მარტივი იქნება.
ეს არის ჩემი სუბიექტური შეფასება: გეოგრაფიის მთლიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ რამდენიმე კონფლიქტს, რომელიც ერთი შეხედვით რეგიონული ჩანს, გარდა უკრაინისა, მაგრამ ყველა მათგანს აკავშირებს ერთი და იგივე ქვეყნები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესებში.
ასე რომ, მე მჯერა, ჩვენ მაინც საკმაოდ სწრაფად ვუახლოვდებით გლობალურ ომს“.
ინტერვიუში ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საჰაერო თავდაცვაა, „რადგან ყველაფერი, რითაც გვირტყამენ, ასე თუ ისე დაფრინავს“.
კითხვაზე, რას ცვლის პრიგოჟინის სიკვდილი ომის კონტექსტში, ბუდანოვმა თქვა, რომ ეს იძლევა იმედს, რომ „ვაგნერი” როგორც ერთიანი ჯგუფი, უკრაინაში არ იბრძვის.
„ეს უკრაინისთვის მართლაც დიდი პრობლემა იყო. რაც არ უნდა ეთქვა ვინმეს, ბრძოლა იცოდნენ“ – აღნიშნა ბუდანოვმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელმა რუსმა სამხედრომ შეუქმნა უკრაინას ყველაზე მეტი პრობლემა, ბუდანოვმა თქვა, რომ ეს არის გენერალი სერგეი ბესედა, რუსეთის „ეფესბეს“ სამსახურის უფროსი. „ძალიან პრობლემური ადამიანი. მან ბევრი ბოროტება ჩაიდინა უკრაინისთვის. არა უშავს, დრო დაალაგებს ყველაფერს“ – თქვა ბუდანოვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 12 ოქტომბრის ცნობების თანახმად, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს რუსების თავდასხმები დონეცკის ოლქის სოფელ ანდრეევკასთან.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის სამხრეთით და ჰქონდათ წარმატება კლეშჩეევკას აღმოსავლეთით და ანდრეევკას აღმოსავლეთით.
ამავე დროს, ლიმანის მიმართულებით უკრაინელები ცდილობენ შეაკავონ რუსეთის შეტევა მაკეევკას რაიონში. „აქ უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 15-ზე მეტი შეტევა“ – წერს გენშტაბი.
ასევე, 12 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა მორიგი საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის მასშტაბით „შაჰედებით“.
გენშტაბის ცნობით გასულ 24 საათში უკრაინაში 95 შეტაკება მოხდა.
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის N338-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი.
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი იუსტიციის სახლს გამოცხადებული აქვს, რომლის პირობის მიხედვითაც, ფილიალის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერი იუსტიციის სახლს 26 959 642 ლარით აქვს გამოცხადებული და ამ ტენდერის ფარგლებში ხელვაჩაურის გარდა ფილიალები კიდევ 7 ადგილზე უნდა ააშენონ. ეს ადგილებია: მცხეთა, გლდანი, საგარეჯო, შროშა, ცაიში, ზოტი და ტოლები.
ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის 338-ის მიმდებარე ტერიტორია [მონიშნულია ღია მწვანე ფერით] სადაც იუსტიციის სახლის ხელვაჩაურის ფილიალი უნდა ააშენონპროექტის მიხედვით:
„ტერიტორიას დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვება საცხოვრებელი სახლი და სპორტული მოედანი. სამხრეთ აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, ხოლო ჩრდილო აღმოსავლეთით საავტომობილა გზა [ხალვაშის გამზირი]. პროექტი ითავლისწინებს ახალი მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობას. ნაკვეთზე იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც.
მიწის ნაკვეთზე იგეგმება ერთსართულიანი იუსტიციის სახლის მშენებლობა, გაბარიტული ზომებით 21,40 X 13.60 მეტრი.
შენობაში განთავსდება იუსტიციის სახლისთვის საჭირო სივრცეები, მათ შორის: მომსახურების დარბაზი, საკონსულტაციო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი, რწმუნებულისა და რწმუნებულის აპარატის ოთახი, არქივისა და სკაიპის ოთახები, ბიბლიოთეკა და სხვა დამხმარე სივრცეები.
პროექტი ითვალისწინებს შშმ-პირთა მისაწვდომობას ყველა სივრცეში, შესაბამისად გათვალისწინებულია შშმპ სან-კვანძი და ავტოსადგომი.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.
ტენდერის პირობის მიხედვით „პრეტენდენტს 2018 – 2023 წლების პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, დასრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოები, (შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწის, საძირკვლისა და რკიბა-ბეტონის მოწყობის, გადახურვისა და ფასადის სამუშაოებს), არანაკლებ 4 ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულებაც არ უნდა იყოს 10 მილიონ ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით…“
იუსტიციის სახლის ფილიალის შენობა ხელვაჩაურში / რენდერი პროექტიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 284 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
ტანკი – 4 905 ერთეული [+42]
ჯავშანტექნიკა – 9 264 ერთეული [+44]
საარტილერიო სისტემა – 6 763 ერთეული [+32]
MLRS – 811 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 545 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 247 ერთეული [+21]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 531 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 9 170 ერთეული [+25]
სპეცტექნიკა – 966 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
488 თვითმფრინავი
250 ვერტმფრენი
7 748 უპილოტო საფრენი აპარატი
441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
12 528 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
6 738 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
14 115 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, საჯარო სკოლებში ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ იმიტომ ტარდება, რომ თავად კანდიდატებმა გააკეთეს თითო სკოლაზე განაცხადი.
თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ კანდიდატების საკმაოდ დიდ ნაწილს რამდენიმე სკოლაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, თუმცა სამინისტრომ მათი კანდიდატურები მითითებული სკოლებიდან არც ერთ სკოლაში არ წარადგინა.
ასეთია, მაგალითად, გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი და ასევე, დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატი.
„ბათუმელები“ კიდევ ერთ კანდიდატს, ქეთი ცირეკიძეს ესაუბრა, რომელსაც გიორგისგან განსხვავებით ერთ სკოლაში ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, თუმცა გასაუბრების წარმატებით გავლის მიუხედავად, სამინისტრომ მაინც არ წარუდგინა ის სკოლას.
რატომ დატოვა სამინისტრომ სერტიფიცირებული და წარმატებული კანდიდატები სკოლების გარეშე? – ამ კითხვაზე კანდიდატებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა დასძენენ, რომ პროცესი ბევრ კითხვას აჩენს და ეწინააღმდეგება საჯაროობის პრინციპს.
„ეს საჯარო სკოლები, სინამდვილეში, საჯარო კი აღარ არის, ჩვეულებრივი სამთავრობო სკოლებია, რომლებშიც დირექტორებს მთავრობა ნიშნავს“- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
„მე, პირადად, სამი სკოლა ხომ მქონდა მითითებული? მინიმუმ ორ სკოლაში ხომ შეიძლებოდა ჩემი წარდგენა.
იმას ვერ ვიტყვით, რომ ყველა სკოლაშია საკონკურსო ვითარება, მაგალითად, თბილისში უფრო მაღალი იყო კონკურენცია, მაგრამ დანარჩენ 29 პროცენტში ხომ იყო ორი ან მეტი კანდიდატი, რატომ არ წარადგინეს ისინი არც ერთ სკოლაში?“- კითხულობს გიორგი ჭაუჭიძე.
მას ვკითხეთ, მისი კანდიდატურის დაბლოკვას აქვს თუ არა პოლიტიკური მოტივი. მაგალითად, ის, რომ სხვა პოლიტიკური პარტიის წევრია და არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი?
„ყველამ იცის, რომ მე ვარ „გირჩის“ წევრი. ამავდროულად ისიც ვიცით, რომ დირექტორს უფლება აქვს იყოს რომელიმე პარტიის წევრი.
ყველაზე ძალიან ეს მოჩვენებითობა მაწუხებს, ბარემ დავაწესოთ ღია თამაშის წესები და ვთქვათ, რომ სხვა პარტიის წევრებს ან მხარდამჭერებს არ დავნიშნავთ საჯარო სკოლებში.
ან გამოვაცხადოთ, რომ სკოლის დირექტორებს მხოლოდ განათლების სამინისტრო არ არჩევს და ამაში მონაწილეობს, მაგალითად, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, ვიდრე ამ „დემოკრატიული“ წესებით ვიტყუებდეთ თავს“ – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
როცა მიიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში, თუ გქონდათ განცდა, რომ ვთქვათ, ფარსის ან „დემოკრატიის თამაშის“ მონაწილე ხდებოდით? – ვკითხეთ მას.
გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მას გარკვეული იმედი მაინც ჰქონდა, რომ პროცესები შესაძლოა სამართლიანად წარმართულიყო.
„არ გამოვრიცხავდი, რომ შეიძლება წარდგენილი ვყოფილიყავი. უფრო იმის ფიქრი მქონდა, რომ სამეურვეო საბჭოები არ ამირჩევდნენ. მაგრამ ჩემ წარდგენას რა უშლიდა ხელს?!
ასეთი დახურული და დაუწერელი წესები რომ არის, ეს არის შემაწუხებელი და ამაზე მიჩნდება ყველაზე დიდი პროტესტი“- გვითხრა მან.
განვითარების რა შანსი აქვთ ასეთ მოცემულობაში სკოლებს, თუნდაც ახალი დირექტორების პირობებში?
გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ მას ცვლილების მოლოდინი არ აქვს:„რადგან ასეთი სისტემა – საკუთარი კადრების დანიშვნის მცდელობები „ოცნების“ მოგონილი არ არის, წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ეს სურვილი იქნება მომავალშიც.
მე, პირადად, გამოსავალს ვხედავ სხვა რამეში. საზოგადოების, კერძოდ, მშობელთა იმედი მაქვს, რომლებიც თანდათან და უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთი შვილების განათლებაზე, რომ თავიანთ შვილებს მიაბარებენ არა ამ სამთავრობო, არამედ კერძო სკოლებს.
მშობლებმა ასევე უნდა დაინახონ ის, რომ მათი შვილებისთვის 500 ლარი კი არ იხარჯება ბიუჯეტიდან (დაახლოებით ამდენია ვაუჩერის ფასი), მთავრობა გაცილებით დიდ თანხას ხარჯავს საგანმანათლებლო სისტემაში.
მაგალითად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ორი მილიარდი ლარია და შესაბამისად, ერთი მოსწავლისთვის ეს თანხა 2000 ლარი უნდა იყოს მინიმუმ და ეს თანხა ბავშვმა უნდა გამოიყენოს კერძო სკოლაში, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლებისა და რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ინტერესები.
ეს სეგმენტი თუ გაჩნდება და უნდა გაჩნდეს, აი, აქ იქნება ჩვენი გამოსავალი“- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
ქეთი ცირეკიძემ წელს ჩააბარა დირექტორთა სასერტიფიკატო გამოცდა და წარმატებით გაიარა გასაუბრება კომისიასთან.
„კომისიას წარვუდგინე ჩემი ხედვა, რას და როგორ გავაკეთებდით სკოლაში დირექტორის პოზიციიდან. ჩემი და კომისიის წევრების დიალოგი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან კვალიფიციური, დადებით კონტექსტში იყო და იქვე მივიღე კომისიისგან ძალიან დადებითი სიტყვიერი შეფასება.
თუმცა როცა გამოქვეყნდა სკოლებში წარსადგენი კანდიდატების სია, აღმოჩნდა, რომ მე ამ სიაში არ ვარ“- გვეუბნება ის.
ქეთი ცირეკიძის თქმით, ჩაბარებული გამოცდა, სერტიფიკატი ადასტურებს იმას, რომ კანდიდატი არის საგანმანათლებლო ლიდერი, სამინისტრო აღიარებს კანდიდატის კომპეტენციას, შესაძლებლობებს და უნარებს, რომ მას შეუძლია მართოს სკოლა. ამიტომ, რატომ დატოვა სამინისტრომ კვალიფიციური კანდიდატები პროცესების მიღმა, ბევრ კითხვას აჩენს.
ქეთი ცირეკიძეს განაცხადი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლაში ჰქონდა წარდგენილი დირექტორობაზე, თუმცა ამ სკოლაში მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა სამინისტრომ.
„ეს კანდიდატი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნებზე იყო კომისიის თავმჯდომარე ჩვენს სოფელში.
მრცხვენია კიდეც ამ პროცესების პოლიტიკურ სარჩულზე რომ გვიწევს საუბარი, მასწავლებელი ვარ, განათლების სფეროს ვემსახურები და ძალიან არ მინდა პოლიტიკურად დაგვყოს ვინმემ აპლიკანტები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნიშნები დაინახა საზოგადოებამ და დავინახეთ ჩვენც“ – გვეუბნება ქეთი ცირეკიძე.
მისი თქმით, პროცესია ალოგიკურია, რადგან, ერთი მხრივ, სამინისტრომ აღიარა კანდიდატების კვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი, მათ არ მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ ლიდერები.
„გამოდის, სამინისტრომ იმ კომისიის კომპეტენცია და სანდოობა გამორიცხა, ვინც ჩვენ დადებითი შეფასება მოგვცა? ჩვენ არ უნდა გვიწევდეს სამართლებრივი დავა ამ ყველაფერზე და თუ მაინც დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, ეს უკვე პრობლემაა.
ამ პროცესებს არა მხოლოდ ჩვენ – დასჯილი, დაწუნებული დირექტორები ვაფასებთ ობიექტურად, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებიც იმავე კითხვებს სვამენ და იმედია, განათლების სამინისტრო სკოლის სამეურვეო საბჭოებს საბოლოოდ არ წაართმევს ისედაც წართმეულ და დაკარგულ ფუნქციას და მისცემს შესაძლებლობას, რამდენიმე კანდიდატს შორის გააკეთონ არჩევანი.
მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი იყო ისეთი სკოლა, სადაც 5, 6 და მეტი – 16 კანდიდატიც კი იყო ერთ-ერთ სკოლაში და სად წავიდნენ ეს კანდიდატები? რატომ არც ერთი მათგანი არ წარადგინა სამინისტრომ“ – ამბობს ქეთი ცირეკიძე.
მისი თქმით, შექმნილია სერტიფიცირებული დირექტორების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ელოდება განათლების მინისტრთან შეხვედრას, რომ გასცენ სერტიფიცირებულ კანდიდატებს პასუხი კითხვაზე – „რატომ დავრჩით ამ პროცესებს მიღმა?“
„იმედია, შეგვხვდება მინისტრი და პასუხს გაგვცემს ამ შეკითხვაზე“ – ამბობს ქეთი ცირეკიძე.