მთავარი,სიახლეები

როგორ დაეხმარა ტრენინგები დასაქმებაში ქედაში მცხოვრებ შშმ გოგოს

14.10.2023 •
როგორ დაეხმარა ტრენინგები დასაქმებაში ქედაში მცხოვრებ შშმ გოგოს

ქეთი მახარაძე მათ შორისაა, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა, რომ მოკლევადიან სწავლებებს, ტრენინგებსა და ონლაინ გადამზადებებს შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს, როცა სამსახურს ეძებ.

ქეთი ამბობს, რომ იმდენად ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ზოგჯერ ვეღარც კი იხსენებს, ვისგან რა ისწავლა და რა გამოცდილება მიიღო. მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქეთიმ შეძლო და ორ სხვადასხვა სფეროში მოსინჯა თავისი შესაძლებლობები.

ახლა ის ფარმაციას სწავლობს და ამ სფეროში დასაქმდა კიდეც.

„შშმ ქალთა ალიანსის წევრი ვარ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დეა ერემაშვილმა მითხრა ონლაინ ტრენინგების შესახებ. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ტრენინგკურსზე აღმოვჩნდი.  გავხდი LInks პროექტის წევრი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორცილედებოდა. გავიარე ინგლისური ენის 6 თვიანი კურსი, კომპიუტერული უნარების და მეწარმეობის კურსები. ჩავერთე სტაჟირების პროგრამაში და ქედის ტურიზმის განვითარების ცენტრში დავიწყე მუშაობა“ – გვიყვება ქეთი

24 წლის ასაკში ეს სამსახური ქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ ეს ახალი სფერო საინტერესო იყო მისთვის, სამუშაო გამოცდილებაც უნდა დაეგროვებინა: „ჩემს სახლთან ახლოსაც იყო ოფისი, სადაც უნდა მემუშავა. შესაბამისად დავსაქმდი ქედის ტურიზმის განვითარების ცენტრში“.

ქეთი გვიყვება, როგორი იყო მისი ცხოვრება ვიდრე ტრენინგებს გაივლიდა და საჭირო ცოდნას მიიღებდა:

„დასაქმებული არ ვიყავი, მაქვს შშმ პირის სტატუსი. გადაადგილებისა და სხვა ყველაფრის შესაძლებლობა მქონდა, რაც დასაქმებულს სჭირდება, მაგრამ მაინც. იმ დროს, როცა ტრენინგების შესახებ გავიგე, ვმკურნალობდი და არ იყო შესაძლებელი, რომ მემუშავა. მანამდე ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე სამუშაო“.

ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრში ქეთი სტაჟიორად აიყვანეს, შემდეგ კი ოფისმენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა:

„გვევალებოდა ქედის სოფლების პოპულარიზება, ახალი კოტეჯების, სასტუმროების გახსნის პიარი“.

სტაჟირების დასრულების შემდეგ ქეთიმ ფარმაციის შესწავლა გადაწყვიტა: „ახლა ვმუშაობ, პრაქტიკანტი ვარ აფთიაქში, ჯერ სწავლა არ დამისრულებია“.

თავისუფალ დროს კითხულობს და სწავლობს ფარმაციას, უსმენს მუსიკას.

ამბობს, რომ შშმ სტატუსის მქონე ადამიანებისთვის მეტი მხარდაჭერაა საჭირო:

„მეგობარი მყავს, რომელსაც უჭირს გადაადგილება, მინდა, რომ ისწავლოს, ქედის გარეთაც რომ გავიდეს“.

ქეთი ახლა ფარმაციას სწავლობს, მეორე კურსზეა. შეიძლება ეს მის მთავარ საქმედ აირჩიოს, შესაძლოა სხვა რამემაც გაიტაცოს. ამბობს, რომ ახლა ძიების პროცესშია და ეს მოსწონს.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქეთი გადაამზადეს გაეროს ასოციცაციისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ ხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: