მთავარი,სიახლეები

სტრასბურგში ქართველი პაციენტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – ფრანგული გამოცემა

13.10.2023 • 4187
სტრასბურგში ქართველი პაციენტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – ფრანგული გამოცემა

სტრასბურგში ყოველდღიურად იზრდება საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურები და ექიმები ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი და მოძებნონ გზა პაციენტთა მიგრაციის დიდ ნაკადთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ადგილობრივი მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი  წერს 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში.

გამოცემის ცნობით, მიგრანტების რიცხვი სტრასბურგში განსაკუთრებით გაიზარდა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს შენგენის ქვეყნებთან.

მიგრანტებს შორის არიან საქართველოს მოქალაქეები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. სტრასბურგის სახელმწიფო ჰოსპიტლის ნეფროლოგიის განყოფილების მონაცემებით, კოვიდპანდემიამდე ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების 15% მიგრანტი იყო, მათ შორის 50%-ზე მეტი საქართველოდან.

„კაცები, ქალები და ბავშვები გარბიან საქართველოდან, სადაც სამედიცინო მომსახურება ძვირი, არასაიმედო და არაკომპლექსურია.

სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები ძირითადად თბილისში, საქართველოს დედაქალაქშია თავმოყრილი. ქართველების უმრავლესობას ენის ბარიერის პრობლემა აქვს სტრასბურგში. ცუდად ან საერთოდ ვერ საუბრობენ, ცხოვრობენ მძიმე სანიტარულ პირობებში, აქვთ საცხოვრებლის პრობლემები და ბევრს არ აქვს არანაირი დოკუმენტი“ – წერს მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, რეკორდულად მაღალი იყო 2023 წლის ზაფხულში საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სტრასბურგში სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ, განსაკუთრებით ჰემატოლოგია-ონკოლოგიის განყოფილებებში.

მედიაგამოცემის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა სტრასბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების გაერთიანება, ჯანდაცვის რეგიონული სააგენტო, სტრასბურგის პრეფექტურა და ქალაქის კანცეროლოგიის ინსტიტუტი. შეხვედრის თემა იყო მიგრანტების გაზრდილი ნაკადი საქართველოდან, რომლებსაც მკურნალობის გაგრძელება სტრასბურგში სურთ.

გამოცემის ცნობით, საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს, როგორი უნდა იყოს საქართველოდან ჩამოსული მიგრანტი პაციენტების მხარდაჭერის სქემა, როგორ უზრუნველყონ მკურნალობის ხარისხი და უსაფრთხოების გარანტიები მიგრაციის მაღალი ტალღის პირობებში.

ჯანდაცვის რეგიონული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საკითხი ძალიან დელიკატურია. პრეფექტურის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს გამოცემის შეკითხვას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს შეხვედრაზე სტრასბურგში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე სტრასბურგის კანცეროლოგიის ინსტიტუტმა წერილობით გასცა პასუხი ჟურნალისტებს:

„მრავალი წელია ვიღებთ პაციენტებს სტრასბურგში საქართველოდან. 2023 წლის ზაფხულს 85 საწოლი დავამატეთ ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში, მოვახერხეთ შეგვექმნა ადაპტირებული გარემო ისე, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოების გარანტიები და სტანდარტის შესაბამისი სამუშაო გარემო მედპერსონალისთვის შენარჩუნებულიყო.

ქართველი პაციენტების მკურნალობას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ადგილობრივი პაციენტების მდგომარეობაზე, არ შეუზღუდავს მათი ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე. არ ყოფილა ადგილობრივებისთვის მკურნალობის დაგვიანების შემთხვევა, არ გვქონია რესურსების უკმარისობის მაგალითები“.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთმა ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად შექმნა პროგრამა საქართველოში დაბრუნების მსურველთა დასახმარებლად.

პროგრამა სატესტო რეჟიმში განახორციელა 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და ემიგრაცია-ინტეგრაციის საფრანგეთის სააგენტომ (OFFII).

პროგრამა ფრანგული და ქართული მხარის თანხმობით განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში დასაბრუნებლად დახმარება გაეწიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში სურდათ დაბრუნება, მაგრამ ჰქონდათ დაავადება, რაც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

გაეროს ინფორმაციით, პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:

  1. მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ბრიგადების მიერ განმცხადებლის პირადი მდგომარეობის შეფასება და სამედიცინო დახმარების გეგმის შემუშავება საქართველოში.
  2. ფინანსური დახმარება საქართველოში სამედიცინო ხარჯების დასაფარად. დაბრუნების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში არაუმეტეს 1500 ევროს ოდენობით.
  3. დახმარება აეროპორტში განმცხადებლის საჭიროებების გათვალისწინებით: საქართველოში გამგზავრების, ტრანზიტისა და ჩამოსვლის დროს.
  4. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო, ან სხვა ტიპის დახმარება მოგზაურობის დროს საფრანგეთიდან საქართველოში გამომგზავრებისას. განმცხადებლის ოჯახის ახლო წევრებისთვის ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება საფრანგეთიდან საქართველომდე.

21 თვის განმავლობაში ამ პროგრამით ისარგებლა დაავადების მქონე 86-მა მოქალაქემ (47 კაცი და 39 ქალი) 56 თანმხლებ პირთან ერთად.

„განაცხადი დაბრუნებაზე 176-მა კანდიდატმა შემოიტანა, მაგრამ მათგან 70-მა რეალურად არ დატოვა ქვეყანა. 8 განმცხადებელს არ ჰქონდა პროგრამით გათვალისწინებული მდგომარეობა, 12 მოქალაქე წასვლამდე გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი კანდიდატურა მოხსნეს“ – ამბობს საფრანგეთის ემიგრაცია-ინტეგრაციის სააგენტოს სამედიცინო განყოფილების დირექტორი ჰან ლე ლუონგი ფრანგულ გამოცემასთან.

პროგრამის ბენეფიციართა 80%-ს შეადგენდნენ ის ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩამოვიდნენ. ბენეფიციართა უმრავლესობა იყო 40-დან 60 წლამდე. 33% 60 წელზე ზევით, 83% კი – 40 წელს გადაცილებული.

86 ადამიანიდან, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ პროგრამის ფარგლებში, 10 გარდაიცვალა. ჰან ლე ლუონგის განმარტებით საქმე ეხება უკიდურესად მძიმედ დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს.

„სიმსივნის მძიმე ფორმებით დაავადებულებს ხშირად აქვთ მოლოდინი, რომ საფრანგეთში უახლესი, სასწაულებრივი მეთოდით გამოაჯანმრთელებენ, ხშირად კი მოლოდინი არ მართლდება. ხანდახან ისინი აქ სიცოცხლის ბოლო დღემდე რჩებიან, რადგან სხვა გზა არ აქვთ. როცა ექიმები მათ სიმართლეს ეუბნებიან, შემდეგ შინ დაბრუნების გზას ირჩევენ, რომ საკუთარ ქვეყანაში, უახლოესი ადამიანების გვერდით გაატარონ ბოლო დღეები“ – ამბობს ჰან ლე ლუონგი.

საფრანგეთის ემიგრაცია-ინტეგრაციის სამსახურის მონაცემებით პროგრამის მონაწილე 86 ქართველს შორის მხოლოდ 17-მა მიიღო ონკოლოგიური დახმარება საფრანგეთში და განიკურნა სიმსივნისგან.

პროგრამა ამჯერად დასრულებულია. საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის სამედიცინო მიმართულების დირექტორი ამბობს, რომ პროგრამა ისევ ამოქმედდება, გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდება და შეეხება არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა სამიზნე ქვეყნების მოქალაქეებსაც. საემიგრაციო სამსახური დასრულებული პროგრამის შეფასებებს და დაფინანსებას ელოდება.

გამოცემა Rue 89 Strasbourg-ი წერს, რომ ქართველებს არასტაბილურ გარემოში უწევთ ცხოვრება, სადაც დაუცველად გრძნობენ თავს და ტოვებენ საკუთარ ქვეყანას.

ალზასის საემიგრაციო სამსახურის და ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმების“ შეფასებით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების იმედით ჩადიან.

სტრასბურგში ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მიმართულების ხელმძღვანელი, სოფი დარიუსი სტრასბურგულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახლა მათი მისიაა უზრუნველყონ სამედიცინო თვალსაზრისით რთული მდგომარეობა და სტრასბურგში ჩასული ქართველი მიგრანტებისთვის, რომლების საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან არიან, შეინარჩუნონ სამედიცინო დახმარების მაღალი ხარისხი.

______________

ფოტოზე: ქართველი პაციენტების დიდ ნაწილს, რომლებიც სტრასბურგის საუნივერსიტეტო კლინიკებში მკურნალობენ, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. 2022 წლის დეკემბერი. ფოტო: ამელი შეფერი/Rue 89 Strasbourg

გადაბეჭდვის წესი


ასევე: