საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს


საქართველოს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე ეძებს ინვესტორს, ვისაც ქობულეთის ზღვისპირას, ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის შესთავაზებს. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს.

70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის მდებარეობს. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახური კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო.

საპარტნიორო ფონდის განცხადებით, „ფონდმა 2018 წლის ივნისში გამოისყიდა „კმგ-სერვის საქართველოს“ [იგივე შპს „ბორჯომი ლიკანი“] 100%-იანი წილი და მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილი იქნა „ყაზმუნაიგაზსერვისსა“ და „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ შორის არსებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. „კმგ-სერვის საქართველოს“ მფლობელობაში იყო ორი ძირითადი აქტივი – „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50% [მეორე 50% უკვე ეკუთვნოდა საპარტნიორო ფონდს] და მიწა ქობულეთში [ფიჭვნარში – ავტ.]“.

ზემოთ ხსენებული ორივე ძირითადი აქტივი საპარტნიორო ფონდმა ამოიღო „კმგ-სერვის საქართველოს“ კაპიტალიდან და თვითონ გახდა პირდაპირი მესაკუთრე.

აქედან გამომდინარე, საპარტნიორო ფონდი აცხადებს, რომ სჭირდება როგორც კონსოლიდირებული, ისე ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის ყველა ამ განხორციელებული ტრანზაქციის შეფასება ერთიანად და ცალ-ცალკე, მათ შორის:

  • მთლიანად გამოსყიდული ორივე აქტივის შეფასება;
  • „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ გაერთიანებული 100% აქციების შეფასება;
  • ქობულეთის უძრავი ქონების [ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთის“ შეფასება [როგორც ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის, ასევე საბაზრო მიზნებისთვის]. ასევე, ტრანზაქციიდან გამომდინარე სხვა საჭირო შეფასებები.

„საპარტნიორო ფონდმა“ აღნიშნული აქტივების შეფასების მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 114 ათას 460 ლარია.

„საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შეკვეთილის მხრიდან ესაზღვრება პლაჟსა და მდინარე ჩოლოქს შორის მდებარე 104 294 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „აკვაცენტრის“ საკუთრებაშია [აკვაცენტრი მიწას მდინარის მეორე ნაპირზეც ფლობს].

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, „აკვაცენტრის“ დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100% წილის მფლობელია „ვენითი ოუვერსიზ [Vanity Overseas] ლიმითედი / ვირჯინიის კუნძულები [ბრიტანეთი].

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, Vanity Overseas ერთ-ერთი ოფშორული კომპანიაა, რომლის საშუალებითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საქართველოში სხვადასხვა კომპანიას ფლობს, მათ შორის შპს „აკვაცენტრს“.

ქობულეთის მხრიდან კი, „საპარტნიორო ფონდის“ ნაკვეთს ფიჭვნარში, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრებაში არსებული 24 911 კვ.მ. ტერიტორია ესაზღვრება.

შემდეგ 70 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ამ ნაკვეთიდან, ვიდრე ქობულეთის მოსახლეობამდე [აღმაშენებლის ქუჩის ბოლო] კი, გარკვეული ნაკვეთები უკვე გასხვისებულია. დარჩენილია ერთი ნაკვეთი – 11 235 კვ.მ ფართობი, რომელიც ოთხჯერ გამოცხადებული აუქციონის მიუხედავად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 60%-იანი ფასდაკლებითაც ვერ გაყიდა.

როცა ეს ნაკვეთებიც გასხვისდება, ფიჭვნარის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ნაკვეთი აღარ იქნება. აქ მხოლოდ პლაჟის ვიწრო ზოლი რჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

მთავარი ფოტო: ფიჭვნარი, 2019 წლის მაისი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com