მთავარი,სიახლეები

ჩემი შვილი ესკალატორმა დააზიანა ბათუმის „გრანდ მოლში“ – მშობელი

12.10.2023
ჩემი შვილი ესკალატორმა დააზიანა ბათუმის „გრანდ მოლში“  – მშობელი

სტატია განახლებულია. 

ბათუმში, ახალგახსნილი სავაჭრო მოლის ესკალატორზე ცხრა წლის ბავშვი დაშავდა.

როგორც ბავშვის დედა, ირა წივწივაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა შენობაში და მეოთხე სართულიდან ჩამოსვლის დროს ესკალატორმა ბავშვი დააზიანა.

შემთხვევა 6 ოქტომბერს, სავაჭრო მოლის გახსნის დღეს მოხდა.

„წიგნის მაღაზიაში ვიყავით და მეოთხე სართულიდან როცა ჩამოვდიოდით, მომესმა ხმა, რკინა როცა იღუნება, აი, ისეთი. ესკალატორის პლინტუსმა მიიღო დეფორმაცია და ბავშვს პირდაპირ მუხლში მოხვდა. კინაღამ ჩაიყოლა ბავშვი.

ბავშვმა დაიწყო კივილი და ჩავარდა. როცა ამოვიყვანე, უკვე გასისხლიანებული იყო. ბავშვი ჩავარდა პანიკაში, დაკარგა გრძნობა და როცა აზრზე მოვედით, მაშინ დავინახე, რომ გვეხმარებოდნენ ადამიანები. გახადეს ფეხსაცმელი, ვიღაცამ გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია“ – გვიყვება ირა წივწივაძე.

მისი თქმით, დაშავებულ ბავშვთან ერთად ის გაიყვანეს დაცვის კაბინეტში, სადაც აჩვენეს ვიდეოკადრები.

„რომელ სართულზე მოხდა შემთხვევაო – მკითხა დაცვამ, მერე ჩართო კამერები და თქვა – უი, ეს რა დაგემართათ, გადარჩენილხართო.

თუმცა ახლა, როცა ვითხოვ ამ ჩანაწერებს, გვეუბნებიან, რომ ჩანაწერი არ არის. ცდილობენ დამითანხმონ იმ ვერსიაზე, თითქოს ბავშვი თვითონ წაიქცა და ასე დაშავდა. მე არ მოვაწერე ხელი ამ განცხადებას“ – გვეუბნება 9 წლის ბავშვის დედა.

მისი თქმით, ესკალატორზე მიყენებული ტრავმის შემდეგ ბავშვს 6 ნაკერი დაადეს.

„მინიმუმ სამი კვირა ფეხი უნდა ჰქონდეს ყალიბში. მერე სულ ცოტა ერთი თვე ვერ გაასწორებს ფეხსო – მითხრა ექიმმა და დასჭირდა ფიზიოთერაპია, მასაჟები, რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარებაც, ყოველ ღამით ტირის, აქვს შიშები“ – ამბობს დედა.

დაშავებული ბავშვის მშობელი აპირებს კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით სასამართლოს მიმართოს, რადგან „გრანდ მოლის“ ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

„რამდენიმე დღის წინ პლანშეტი გამოუგზავნეს ბავშვს საჩუქრად და ამით ცდილობენ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. უნდათ ამით დასრულდეს ეს ისტორია.

ვაპირებ, მოვითხოვო ფინანსური კომპენსაცია, სიმბოლურ თანხას ვითხოვ, 8 ათას ლარს, რადგან მკურნალობის ხარჯები ხომ უნდა დავფარო?

მე მარტოხელა დედა ვარ, ერთ-ერთი კლინიკის მისაღებში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა სამსახურის გარეშე დავრჩი. ჩემს შვილს მომვლელი, მეთვალყურე სჭირდება და ვეღარ ვმუშაობ. თავზე უნდა ვადგე ყოველდღე.

რჩენა ხომ უნდა ბავშვს, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ეს ხარჯები რით დავფარო? აღარ მაქვს სამსახური და უკვე ვალებში ვარ “-ამბობს ირა წივწივაძე.

მისი თქმით, „გრანდ მოლის“ ადმინისტრაციის გარდა პოლიციაც ცდილობს არ დაიწყოს გამოძიება.

„ტაბიძეზე პოლიციის განყოფილებაში ვიყავი მისული, მინდოდა განცხადების დაწერა, მაგრამ მითხრეს, იქნებ მოილაპარაკოთო. ყველანაირად ცდილობენ, გადავიფიქრო ჩივილი“ – ამბობს დედა.

„გრანდ მოლის“ გახსნაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მერიის წარმომადგენლები. ბავშვის დედას ვკითხეთ, ხომ არ დაინტერესებულა რომელიმე მათგანი ბავშვის მდგომარეობით. თუმცა, როგორც დედამ გვითხრა, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „გრანდ-მოლი“ ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან ამ თემაზე კომენტარი მთელი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ „გრანდ მოლის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ამ დროისთვის როგორც მფლობელის, ასევე პიარის სამსახურის მობილურები გამორთულია, პასუხისმგებელი პირები არც ადგილზე მისვლისას დაგვხვდნენ. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ჯერჯერობით პოლიციაში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ფაქტზე დაწყებული გამოძიება.

განახლება: 

სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს, ანუ 13 ოქტომბერს, „გრანდ მოლმა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა.

„გრანდ მოლის“ განცხადებით, სავაჭრო ცენტრში განთავსებული ესკალატორები  საექსპლუატაციოდ ტექნიკურად გამართულია  და გავლილი აქვს შესაბამისი ინსპექტირება.

„მშობელი ინფორმირებულია, რომ „გრანდ მოლი“ მზად არის სრულად დააფინანსოს ყველა ტიპის სამედიცინო ხარჯი. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ოჯახშიც მოინახულეს გოგონა. ბავშვის მშობელთანაც გამოითქვა მზადყოფნა სამედიცინო ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით.

გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანახარჯებზე“ – წერს ადმინისტრაცია.

თუმცა, როგორც ესკალატორზე დაშავებული ბავშვის დედა ამბობს, კომპენსაციის საკითხზე ჯერ არ შემდგარა შეთანხმება ცენტრის ადმინისტრაციასთან.

„აქ არ დგას მარტო სამედიცინო ხარჯების საკითხი, მე დავკარგე სამსახური და შესაბამისად, მე და ჩემს შვილს გვჭირდება ფინანსური დახმარება. ასევე ბავშვი საჭიროებს ფსიქოლოგის დახმარებასაც“ – გვეუბნება დედა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: