ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის N338-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი.
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი იუსტიციის სახლს გამოცხადებული აქვს, რომლის პირობის მიხედვითაც, ფილიალის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერი იუსტიციის სახლს 26 959 642 ლარით აქვს გამოცხადებული და ამ ტენდერის ფარგლებში ხელვაჩაურის გარდა ფილიალები კიდევ 7 ადგილზე უნდა ააშენონ. ეს ადგილებია: მცხეთა, გლდანი, საგარეჯო, შროშა, ცაიში, ზოტი და ტოლები.

ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის 338-ის მიმდებარე ტერიტორია [მონიშნულია ღია მწვანე ფერით] სადაც იუსტიციის სახლის ხელვაჩაურის ფილიალი უნდა ააშენონ
- „ტერიტორიას დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვება საცხოვრებელი სახლი და სპორტული მოედანი. სამხრეთ აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, ხოლო ჩრდილო აღმოსავლეთით საავტომობილა გზა [ხალვაშის გამზირი]. პროექტი ითავლისწინებს ახალი მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობას. ნაკვეთზე იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც.
- მიწის ნაკვეთზე იგეგმება ერთსართულიანი იუსტიციის სახლის მშენებლობა, გაბარიტული ზომებით 21,40 X 13.60 მეტრი.
- შენობაში განთავსდება იუსტიციის სახლისთვის საჭირო სივრცეები, მათ შორის: მომსახურების დარბაზი, საკონსულტაციო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი, რწმუნებულისა და რწმუნებულის აპარატის ოთახი, არქივისა და სკაიპის ოთახები, ბიბლიოთეკა და სხვა დამხმარე სივრცეები.
- გათვალისწინებულია პარკინგი თანამშრომლებისთვის. დაგეგმილია ტრიტორიის განათება.
- პროექტი ითვალისწინებს შშმ-პირთა მისაწვდომობას ყველა სივრცეში, შესაბამისად გათვალისწინებულია შშმპ სან-კვანძი და ავტოსადგომი.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.
ტენდერის პირობის მიხედვით „პრეტენდენტს 2018 – 2023 წლების პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, დასრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოები, (შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწის, საძირკვლისა და რკიბა-ბეტონის მოწყობის, გადახურვისა და ფასადის სამუშაოებს), არანაკლებ 4 ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულებაც არ უნდა იყოს 10 მილიონ ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით…“

იუსტიციის სახლის ფილიალის შენობა ხელვაჩაურში / რენდერი პროექტიდან