მთავარი,სიახლეები

„ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ ეს ფეიერვერკებია“ – ქართველი ებრაელი აშდოდიდან

12.10.2023 •
„ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ ეს ფეიერვერკებია“ – ქართველი ებრაელი აშდოდიდან

7 ოქტომბრის დილას ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

„ბათუმელები“ ესაუბრა ანი ხუნდიაშვილს [ანი ეფრატი], ისრაელის მოქალაქეს, რომელიც სამხრეთ ისრაელში, ქალაქ აშდოდში ცხოვრობს. მან გვიამბო, როგორია ახლა ისრაელში ცხოვრება:

„ღაზასთან ხშირად მძაფრდებოდა კონფლიქტი, მაგრამ ისრაელში თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი. ყველაფერი სირენებით დაიწყო. სამსახურებში ფრთხილად დავდიოდით, რამდენიმე დღის სამყოფ საჭმელს ვიმარაგებდით და ღმერთის და რკინის გუმბათის იმედი გვქონდა.

მთელი ამ კონფლიქტის ისტორიის მანძილზე დედები მარხავდნენ პატარა ბავშვებს, ჯარისკაცების დედები – ჯარისკაცებს, ცოლები – ქმრებს, ამ ადამიანებს ფულს უგროვებდა მერე საზოგადოება, რომ დედებს ეზრუნათ შვილებზე, დედობა და მამობა ერთდროულად გაეწიათ გადარჩენილი შვილებისთვის. ასე იყო ყოველ ჯერზე.

ახლაც, იმ შემზარავი კადრების შემდეგ, რაც მსოფლიომ ნახა, ადამიანებს რწმენა ძირფესვიანად შეერყათ, თუმცა ერთ დღეში მოეგო გონს ისრაელი და ერთმანეთისთვის გაძლიერდნენ.

ჯარისკაცებს უამრავ საკვებს, საჭირო ნივთებს და გამამხნევებელ, სახალისო ბარათებს უგზავნიან ადამიანები.

„ამ ისრაელ ხაი“ – „ებრაელი ერი ცოცხალია“, ამ ფრაზას შეხვდებით ყველგან ისრაელში: მანქანებზე, სუპერმარკეტებში თუ სოციალურ ქსელებში. არ მოვყვები არც ერთი მხარის გამართლებას, მთავარი ახლა ეს არ არის.

სადღაც წავაწყდი ფრაზას – „ეს არის სულისშემძვრელი სიძულვილი შენ მიმართ შენს გაუცნობლად” – ესაა ამ ყოფის ყველაზე მარტივი განმარტება.

მე აშდოდში ვცხოვრობ, ისრაელის სამხრეთ ნაწილში, თუმცა ღაზისგან მოშორებით.

ჩემს ქალაქში არც ისე ხშირია სირენები, დღეში 2-3 თუ იქნება. ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ ეს ფეიერვერკებია, ასე ვეუბნებით, თუმცა თვალებში შიში და გაუგებრობა აწერიათ ყოველ ჯერზე, როცა სირენა ირთვება და თავშესაფარში ვიკეტებით.

გუშინ, შებინდებულზე ჩავედი მაღაზიაში სამზარეულოს დანით მას შემდეგ, რაც ჰამასმა უამრავ წერტილში მოახერხა საზღვრის გარღვევა, ამოწყვიტა მშვიდობიანი მოსახლეობა, ტყვედ ჩაიგდო ხალხი, წამებით ამოხოცა 5 წლამდე ბავშვები, ფეხმძიმეები გაფატრა და შეუწყნარებელი სისასტიკე ჩაიდინა.

მაღაზიის გამყიდველი თავიდანვე გავაფრთხილე, დანით ვარ და არ შეგეშინდეს-მეთქი, რაზეც ჩუმი ამოოხვრით მიპასუხა და დარდიანი თვალებით შემომხედა. ჯერ კიდევ თავს ვერ ვუყრი შეგრძნებებს და პასუხს ბევრ კითხვაზე ვერ ვპოულობ.

დაბომბვების დროს, როცა სირენები ირთვება. თავშესაფარში შევდივართ. თავშესაფარი ბავშვის ოთახია. დაცული ოთახი, სადაც ოთხნი ვიმალებით ხოლმე: მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ორი შვილი.

ხმაური რომ მიწყდება, გამოვდივართ.

ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა, მე ვერ დავდივარ სამსახურში, ბავშვები არ დადიან ბაღში და სკოლაში, რადგან მდგომარეობა ძალიან საშიშია. ერთადერთი, რისთვისაც გარეთ გავდივართ, საყიდლებია, სახლისთვის.

სკოლა და ბაღი არ ფუნქციონირებს, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა თავშესაფარი. არის საშიშროება, რომ შემოიჭრნენ ტერორისტები და ნებისმიერ დროს გამოჩნდნენ. ვრჩებით სახლებში, ვინარჩუნებთ კავშირს ზუმით სკოლისა და ბაღის მასწავლებლებთან.

შაბათიდან მოყოლებული სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეჩერებულია. ახლა ფიქრობენ, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც საშიშროება ნაკლებია, დაიწყონ მოკლე გაკვეთილების ჩატარება სკოლებში, ნაწილობრივ აღდგეს სწავლა ბაღშიც. საუბრობენ ამაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ყველაფერი ერთ წუთზე, ერთ წამზეა დამოკიდებული.

მე თვითონაც ჯარში ვმსახურობდი, ჩემი ჯარის ნაცნობებიც ომში არიან ახლა, წინა ხაზზე არ იბრძვიან, მაგრამ ლოგისტიკურ ნაწილში მსახურობენ. საომარ დანაყოფებს ეხმარებიან ბრძოლაში.

არ არსებობს ოჯახი, ვისი ნათესავი ან ახლობელი მაინც არ იყოს გაწვეული ომში.

კომპანიებმა ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა. ვისაც დისტანციურად მუშაობა შეუძლია, სახლიდან მუშაობს. გასართობი ადგილები დაკეტილია, კაფე-ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ თან წაღების მომსახურება აქვთ, ადგილზე ვერ დაჯდები.

მე ახლა ვერ ვმუშაობ. შესაბამისად ხელფასსაც ვერ მივიღებ. საყოველთაო დაზღვევა გვაქვს, რაც მხოლოდ სამედიცინო დახმარებას არ გულისხმობს და თუ ომი თვეობით გაგრძელდება ალბათ დახმარების სერვისს აამოქმედებენ უხელფასოდ დარჩენილებისთვის, სამხრეთით მცხოვრები ხალხისთვის, ვისაც სახლების დატოვება და ბინის სხვაგან დაქირავება მოუწია.

როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ებრაელ ხალხს ექნება გლოვის, ჭრილობების მოშუშების და ყველაფრის თავიდან დაწყების დრო, თუმცა საყოველთაო დეპრესიის ფუფუნების უფლებას თავს ვერ მივცემთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: