რატომ იწყებს ტერფი დეფორმაციას – ექიმის რჩევები

ჰალუქს ვალგუსი, იგივე ვალგუსური დეფორმაცია ტერფის საკმაოდ გავრცელებული, რთული დავადებაა, თუმცა მოსახლეობა მას ხშირად სხვა დაავადების სახელით – „პოდაგრათი“ მოიხსენიებს. ვალგუსური დეფორმაცია ზოგჯერ მტკივნეულია და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შეშლაც შეუძლია. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მამუკა თებიძე ამბობს, რომ პრობლემის სწორად იდენტიფიცირებისა და დროული მკურნალობის შემთხვევაში, სიმპტომები მნიშვნელოვნად უმჯობესდება და გართულებებიც არ ვითარდება. 

ვალგუსური დეფორმაცია გვხვდება 18-65 წლამდე ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 23%-ში და 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 36%-ში. აშშ-ში ზრდასრული ქალების გამოკვლევისას, Hallux Valgus-ის დეფორმაცია 30 პროცენტში დაფიქსირდა.

  • ბატონო მამუკა, რა მდგომარეობაა ეს?

ამ დაავადებას ახასიათებს ტერფის დეფორმაცია, ანუ ბიომექანიკის [მოძრაობის] დარღვევა. ხდება ფეხის ცერა თითის ანომალიური გადახრა, რა დროსაც წინა ტერფის სახსარი გარეთ იზნიქება, ფეხის დიდი თითი კი – შიგნით, მომდევნო თითებისკენ და მათ აწვება.

  •  რა შეიძლება გახდეს მისი გამომწვევი მიზეზი?

დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ცერა თითის გარე ზედაპირზე ზეწოლა, მაგალითად, ვიწრო ფეხსაცმლისგან, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისგან, ჭარბი წონა და ფეხის გადაჭარბებული დატვირთვა (ფეხზე ხანგრძლივად დგომისა და მუშაობის სახით), განსაკუთრებით, თუ ადამიანს ვიწრო, მჭიდრო ან/და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. რისკფაქტორია  გენეტიკა, ბრტყელტერფიანობა და ზოგადად ცნობილია, რომ ქალებში ეს დაავადება უფრო გავრცელებულია, ვიდრე კაცებში.

  • რა სიმპტომატიკა ახასიათებს?

პირველ რიგში, შეიმჩნევა ცერა თითის გარეთა ზედაპირზე, [სახსრის] ირგვლივ მდებარე კანის სიწითლე და შეშუპება; ასევე, შეიმჩნევა პირველი [ცერა] თითის გადახრა მეორე თითისკენ; ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს; დროთა განმავლობაში ცერის გარეთა კიდეზე ვითარდება ბორცვისებური ძვლოვანი წანაზარდი, რა დროსაც მჭიდრო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა აძლიერებს ტკივილს.

 

Cleveland Clinic: ვალგუსური დეფორმაციის სხვა ნიშნებია: ტკივილი და გამაგრება ფეხის პირველ თითში; გაუფერულება ან სიწითლე; დიდი თითის მოხრის ან ამოძრავების შეუძლებლობა (შეიძლება იგრძნოთ ტკივილი ან წვის შეგრძნება მოხრის დროს); გარკვეული ტიპის ფეხსაცმლის ტარების გაძნელება ან ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხსაცმლის ტარებისას; წყლულები და კოჟრები (გასქელებული კანი); დაბუჟება დიდი ფეხის თითში ან მის გარშემო.

 

  • რა არ შეიძლება ამ დროს, მდგომარეობა რომ არ  დამძიმდეს? 

ფეხსაცმელი უნდა შევარჩიოთ სწორად, ანუ ვატაროთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც ტერფი თავისუფლადაა და ზეწოლას არ განიცდის არც ცერი და არც სხვა მონაკვეთი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ უნდა ჩაიცვას პაციენტმა; დაიკლოს ჭარბი წონა, თუ კი ასეთი პრობლემა არის.

  • თუ არ ვიმკურნალებთ, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

კანის შეშუპებისა და ტკივილის შემდეგ იწყება სხვა თითების დეფორმაცია – იწყებს პირველი თითის, შემდეგ წინა ტერფის ანუ მეტატარზალური ძვლების დეფორმაციას, შემდეგ გადადის მეორე და სხვა თითებზე. 

როცა ვითარდება ცერის დეფორმაცია, ეს იწვევს მეორე თითის ჩაქუჩისებრ დეფორმაციას, ანუ მეორე თითი იხრება [სახსარში], რადგან პირველი თითი აწვება მეორე-მესამე თითების მიმართულებით.

ეს ძალიან მტკივნეული ეტაპია, წარმოიდგინეთ, ტერფი ფეხსაცმელში, როცა მეორე თითი არის მოხრილი – თავისთავად ხდება თითის მაცერაცია, ამის შემდგომ არის ფალანგის სახსრის ქვეამოვარდნილობა, რომელიც უკვე გაუსაძლის ტკივილს იწვევს. 

  • როგორია მკურნალობის მეთოდები?

მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. თავიდან მკურნალობა კონსერვატიულია და მიმართულია ძირითადად ტკივილის მოხსნისკენ. არის კიდევ ორთოპედიული ფეხსაცმელი, ასევე სპეციალური ფიქსატორები, რომლებიც პირველ და მეორე თითს შორის იდგმება და რომლებიც ასწორებენ პირველ თითს ღერძის მიმართულებით, ეს კი ხელს უშლის ცერს მეორე თითისკენ გადახრაში (ანუ ღერძი უნდა აღდგეს).

არაქირურგიული მეთოდები გვეხმარება ტკივილის სინდრომის შემცირებაში, ასევე იმაში, რომ მეტი დეფორმაცია აღარ წავიდეს, თუმცა ძვლოვანი წანაზარდის ზრდას ვერ აჩერებს. 

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, მისი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად, ისმება სპეციალური მეტალოკონსტრუქცია, ვალგუსური დეფორმაცია სწორდება, ანუ ღერძის მთლიანობა აღდგება. თუმცა კონკრეტულად რა სახის ოპერაციული ჩარევა უნდა მოხდეს, ეს რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის შემდეგ, გამოკვლევის შედეგების მიხედვით შეირჩევა.

რეციდივი ახასიათებს, მაგრამ თუ პაციენტი ოპერაციული ჩარევის შემდეგ ექიმის მიერ მიცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს გაითვალისწინებს, რეციდივის რისკი მცირდება. 

Mayo Clinic-ი წერს, რომ ბორცვისებურ წანაზარდზე ყინულის დადება მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოგიწიათ ფეხზე დგომა ან თუნდაც მაშინ, როცა ადგილზე ანთებითი პროცესია, დაგეხმარებათ ტკივილისა და შეშუპების შემსუბუქებაში. თუ გაქვთ შემცირებული შეგრძნება ან სისხლის მიმოქცევის პრობლემები ფეხებში, ცივის დადებამდე მიმართეთ ექიმს.

2.7 კილომეტრი სიგრძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე – მოსახლეობა უსაფრთხო გზას ითხოვს | ფოტო

ბათუმში მამია ვარშანიძის ქუჩა, რომლის სიგრძე თითქმის 2,7 კილომეტრია, ფაქტობრივად, ტროტუარის გარეშეა. გარდა იმისა, რომ ამ ქუჩაზე სავალი ნაწილი, როგორც ავტომანქანებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის მოუწესრიგებელია, ის ვიწრო ბილიკებიც კი ჩახერგილია, სადაც ქვეითმა შეიძლება ისე გაიაროს, რომ სამანქანო გზაზე არ აღმოჩნდეს.

„იძულებული ვართ, ტრასაზე ვიაროთ და ავტობუსს და „მარშუტკასაც“ ტრასაზე ველოდებით. ქალაქის მერიისგან ვითხოვთ ქუჩაზე ტროტუარი მოაწყონ, მანამდე კი, დროებით რამე ნიშანი მაინც განათავსონ, რომ მანქანების დგომა არ შეიძლება. არის ადგილები, სადაც ჯართადქცეული მანქანები თუ ტრაილერები მუდმივად დგას იქ, სადაც, წესით, ქვეითებმა უნდა იარონ. ზოგან მითვისებული და შემოღობილია ტროტუარები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მამია ვარშანიძის ქუჩაზე.

ამ პრობლემაზე ძირითადად უფრო ის მოქალაქეები საუბრობენ, რომლებიც მამია ვარშანიძის ქუჩის სხვადასხვა ჩიხში ცხოვრობენ ან ამ ქუჩაზე მდებარე საჯარო სკოლებში ბავშვები დაჰყავთ. ამ ქუჩაზე კი ბათუმის ორი – მე-13 და 28-ე საჯარო სკოლაა.

მამია ვარშანიძის N101-109 ნომრებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით ქალაქის მერიას წერილობითაც კი მიმართეს.

მოსახლეობის თქმით, მათთან იყვნენ მერიის სერვისცენტრისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ „ტროტუარი, მათ სახლებთან შესასვლელი ჩიხის მიმდებარედ გათავისუფლდებოდა და მუდმივ მონიტორინგს დააწესებდნენ“.

მოქალაქეებმა მუნიციპალური ინსპექციიდან წერილზე პასუხიც მიიღეს:

„ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში 20.09.2023 წ შემოსული, თქვენი N19142326311- 14 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ჩვენი ინსპექციის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების თანდასწრებით, შესწავლილი იქნა და გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ ჩახერგილი მოუწესრიგებელი ტროტუარის ავტომობილებისგან გათავისუფლების მიზნით.

ტროტუარზე მდგომი ავტომობილების მფლობელები გაფრთხილდნენ, შემდგომში აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გაუჩერებლობის თაობაზე, აგრეთვე გაცნობებთ, რომ ინსპექციის მხრიდან დაწესდება სისტემატური კონტროლი აღნიშნული დარღვევების პრევენციის მიზნით.“

პასუხი მამია ვარშანიძის ქუჩის 101-109-ში მცხოვრებებს

მოსახლეობამ მერიას წერილობით 20 სექტემბერს მიმართა, პასუხი კი ინსპექციიდან 23 ოქტომბერს მიიღეს.

„ბათუმელები“ დღეს, 25 ოქტომბერს, იყო ამ ქუჩაზე. მამია ვარშანიძის 101-109 მისამართებზე მისასვლელში, მანქანებიც დგას და ტრაილერიც:

ბათუმი, მამია ვარშანიძის ქუჩის 99 ნომერთან / ფოტო: „ბათუმელები“ 25.10.2023
ბათუმი, მამია ვარშანიძის ქუჩის 111 ნომერთან / ფოტო: „ბათუმელები“ 25.10.2023

„ჩვენ არავის ბიზნესს ხელს არ ვუშლით. უბრალოდ ტროტუარს ვითხოვთ, რომ როგორმე იქნებ უსაფრთხოდ გავიაროთ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. უნდა ითქვას, რომ მთელ ქუჩაზე ანალოგიური სიტუაციაა.

„ბათუმელები“ დღეს მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდა და ჰკითხა,  გააფრთხილეს [დააჯარიმეს] თუ არა ვინმე გარევაჭრობისთვის ან უკანონო მშენებლობისთვის მამია ვარშანიძის ქუჩაზე.

„მამია ვარშანიძის ქუჩაზე გარევაჭრობასთან დაკავშირებით მონიტორინგი ეტაპობრივად ხორციელდება. გაფრთხილებულია ყველა ობიექტი, რამდენიმეზე უკვე მიმდინარეობს საქმისწარმოება. თუ არ მოხდება სამართალდამრღვევების მიერ აღნიშნულის შესაბამის ვადებში გამოსწორება, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მშენებლობას რაც შეეხება, 3 ობიექტია დაჯარიმებული“, – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა დღეს მამია ვარშანიძის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობაა, ასევე ის, რომ მიეცეთ შესაძლებლობა, ქუჩაზე ფეხით უსაფრთხოდ გადაადგილდნენ.

„დაწყებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობას [ალ. სულაბერიძისა და მ. ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან ფრ. ხალვაშის გამზირამდე], რისთვისაც გამოყოფილია 30 999 929 ლარი. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა 15 ხიდი, სანიაღვრე არხი, ტროტუარები, ბორდიურები, საყრდენი კედლები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი მრავალწლიანია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2026 წლის მარტში უნდა დასრულდეს“, – მოგვწერეს დღეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოდან.

[შესყიდვების პორტალის მიხედვით, მამია ვარშანიძის და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება მერიის სამმართველოს შპს „ბონდი-2009“-სთან აქვს გაფორმებული 2023 წლის 3 აპრილს. სამუშაოები ხახულის ქუჩაზე მიმდინარეობს. კომპანიისთვის ამ დროისთვის 5 500 000 ლარია გადარიცხული].

ნახეთ „ბათუმელების“ მიერ დღეს, 25 ოქტომბერს, ვარშანიძის ქუჩაზე გადაღებული ფოტოები:

მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / ფოტო: 25.10.2023
მამია ვარშანიძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე / 28-ე საჯარო სკოლის შესასვლელი / ფოტო: 25.10.2023

უნდა ითქვას ისიც, რომ მერიის ბიუჯეტიდან ლუკა ასათიანის ქუჩაც გარემონტდა, ტროტუარებიც მოეწყო, თუმცა იგივე ვარშანიძის ქუჩის კვეთასთან ტროტუარზე თავისუფლად გავლა ლუკა ასათიანის ქუჩაზეც შეუძლებელია:

ლუკა ასათიანის ქუჩა ბათუმში [მ. ვარშანიძის კვეთასთან] / 25.10.2023
ამავე თემაზე:

„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ

როგორ ცხოვრობს 5 ბავშვი უფანჯრო სახლში

„ეს ჩვენი ფანჯარაა“ – ასე აღწერა მარიმ ვიდეო, რომელშიც ბეტონის კედელი და ფანჯრის ადგილას გამოკრული ქსოვილი ჩანს. ქსოვილის ზედა ნაწილიდან ბნელი ღამე მოჩანს. მარის თქმით, უფანჯრო სახლში ადვილად აღწევს სიცივე, ქარი და წვიმა.

მარი მოსიაშვილი მარტოხელა დედაა და ამჟამად მშობლებთან და თავის ხუთ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს თელავში, სოფელ ფშაველში.

„მე ერთი წლის შვილი მყავს და მარტო ვზრდი. მამა ალიმენტს არ იხდის. 25 წლის ვარ, მაგრამ არსად ვმუშაობ. ახლა პატარა ბავშვი მყავს და მასზე ზრუნვის გარდა ჩემს პატარა და-ძმებზეც მიწევს ზრუნვა.

ჩემი 16 წლის ძმა შშმ პირია, ვერ გადაადგილდება, ამიტომ მასაც მუდმივი ზრუნვა სჭირდება. ავადაა ორი წლის დაც, რომელსაც გულის სარქვლის ოპერაცია გავუკეთეთ, მაგრამ მაინც მძიმედ სუნთქავს და ხშირად სჭირდება ექიმთან ვიზიტი და კონტროლი“, – მოუყვა „ბათუმელებს“ მარი მოსიაშვილი საკუთარ ოჯახზე.

ვალერი და ხათუნა მოსიაშვილების 9-წევრიანი ოჯახი თელავში, სოფელ ფშაველში ცხოვრობს. ოჯახში სულ ცხრა ადამიანია, მათგან ხუთი არასრულწლოვანია, ერთი ბავშვი კი პირველი ჯგუფის შშმ პირია.

მარი მოსიაშვილის დედა და და-ძმა

ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. სიღარიბეში მცხოვრები ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

„ბათუმელებთან“ მარი მოსიაშვილი ამბობს, რომ ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ, რაც მთლიანობაში ათასი ლარია, თუმცა არსებულ პრობლემებსა და ოჯახის საჭიროებებს მაინც არ ჰყოფნის.

„ჩემს პატარა დას მეტყველების პრობლემაც აქვს. როგორც გვეუბნებიან, ოპერაციაა საჭირო. მამაჩემმა ერთი წლის წინ ფეხი მოიტეხა, ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მას შემდეგ ფეხზე ვეღარ დადის. კოჭთან დაჩირქებული აქვს, დედა უსვამს მალამოებს, მაგრამ მაინც არ შველის. ოპერაციის შემდეგ ექიმს არც კი მოუკითხია“, – გვეუბნება მარი მოსიაშვილი.

მოსიაშვილების სახლში კედლები დახსნილია, არ აქვს ფანჯრები და ადვილად აღწევს წვიმა და ქარი.

მარი მოსიაშვილის მონათხრობის მიხედვით, „კედლები შეულესავია და უფანჯრო. ამიტომ ღია სივრცეებში ზეწრები გვაქვს აფარებული, საიდანაც მაინც შემოდის სიცივე, წვიმა და ქარი.

კედლებს შორის ძალიან დიდი ბზარებია, ერთადერთი ოთახი გვაქვს მხოლოდ შეთეთრებული, მაგრამ ისიც კეთილმოუწყობელია.“

მოსიაშვილები მუნიციპალური სასადილოთი არ სარგებლობენ, რადგან, როგორც მარი მოსიაშვილი ამბობს, თელავის მუნიციპალიტეტს ასეთი სასადილო არ აქვს.

„ერთი პატარა ბაღჩა გვაქვს მხოლოდ და ამას ვამუშავებთ, სხვა არაფერი გაგვაჩნია“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ თელავის მერიასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა მერიას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის რაიმე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ ფინანსურად დაეხმარება, თუნდაც სახლის რეაბილიტაციის მიზნით.

მერიაში ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

მოსიაშვილებს საზოგადოების დახმარების იმედი აქვთ.

________________________

იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტთ, რომ ფინანსურად დაეხმაროთ მოსიაშვილების ცხრასულიან ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი – GE22TB7154645068100037

მიმღები: ხათუნა მოსიაშვილი

საქართველოს ბანკი – GE42BG0000000345897398

მიმღები: მარი მოსიაშვილი

მოსწავლეებს უფლებების დაცვაზე ვესაუბრები და ჩემს თავს ვერ ვიცავ – დირექტორი სკოლის მიღმა

„შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს არც მე ავერჩიე დირექტორად, მაგრამ ჩავთვლიდი, რომ სკოლას მიეცა არჩევანის უფლება, თუ მას წარუდგენდნენ ორ კანდიდატს მაინც. სკოლებს არ ჰქონდათ არჩევანი, ეს დამცირებაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტარიელ ქათამაძე, რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მას ამჯერად ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორობა სურდა.

ტარიელ ქათამაძე ჩაქვის # 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი იყო კანონით განსაზღვრული ვადით. იმის გამო, რომ კანონით იგივე სკოლაში დირექტორობის უფლება არ ჰქონდა, ტარიელ ქათამაძეს არჩევანი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაზე გაუკეთებია. იმის მიუხედავად, რომ ტარიელ ქათამაძე სერტიფიცირებული დირექტორია, 2013 წლებიდან დირექტორების ტრენერად მუშაობს და დირექტორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, განათლების სამინისტრომ მისი კანდიდატურა საერთოდ არ წარუდგინა სამეურვეო საბჭოს.

წესით, სკოლების სამეურვეო საბჭოებს განათლების სამინისტრომ დირექტორობის არაუმეტეს 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა, გამონაკლისი აღმოჩნდა: სხვა სკოლების მსგავსად, ამ სკოლასაც სამინისტრომ რეალური არჩევანის საშუალება არ მისცა და მხოლოდ 1 კანდიდატი წარუდგინა. სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევაზე უარი თქვა.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებულა ჩაქვის იმ სკოლაშიც, სადაც ტარიელ ქათამაძეა ამ დრომდე დირექტორი. ამ სკოლიდან სამმა პედაგოგმა ისურვა დირექტორობა, თუმცა სერტიფიცირებული კანდიდატებიდან ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი წარუდგინა სამინისტრომ სამეურვეო საბჭოს.

სამინისტროს მიერ შეთავაზებული კანდიდატის „არჩევაზე“ ჩაქვის პირველმა საჯარო სკოლამაც უარი თქვა.

ტარიელ ქათამაძე თავის შეფასებას გვიზიარებს, რა აჩვენა ამ პროცესმა:

„როცა არჩევნებს არქმევ პროცესს და რეალურად ასარჩევად არავის უგზავნი სკოლას, არჩევნები დიდად ნათქვამი სიტყვა გამოდის. სკოლებს წარუდგინეს მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სამინისტრომ ჩათვალა საჭიროდ, აჭარის რეგიონში, როგორც ვიცით, თითო კანდიდატი წარადგინეს ყველგან.

არ მაქვს ინფორმაცია, რატომ არ წარმადგინეს, თუმცა ამ დრომდე არანაირი შენიშვნა, ან საყვედური, როგორც დირექტორს, ამდენი წლის განმავლობაში არ მიმიღია. სკოლის სამეურვეო საბჭოს შეიძლება მეც არ ავერჩიე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამიჩნდებოდა კითხვები, რადგან სამეურვეო საბჭო კოლეგიალური ორგანოა, სადაც შედის 6 მშობელი, 6 მასწავლებელი და მოსწავლე მოსწავლეთა თვითმმართველობიდან. საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე მეცოდინებოდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო კოლეგიურმა ორგანომ.

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ სკოლის თემი არის მართალი. მათ არ აირჩიეს დირექტორი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არჩევანი არ ჰქონდათ. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება რეალურად.

ახლა ვრჩები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ არ ვიცი, ალბათ მალე მივიღებ გადაწყვეტილებას: მიუღებელია და გულდასაწყვეტია, ესაა დამცირება მთელი სასკოლო საზოგადოების, რადგან სამეურვეო საბჭო ელოდა 3 კანდიდატს და ორიც კი არ წარუდგინეს.

მინდა, მოსწავლეებს, რომლებსაც წლებია სამოქალაქო განათლებას ვასწავლი, თვალებში ჩავხედო და მართალი ვიყო მათთან. მე მათ საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ ვესაუბრები, ამ დროს კი, ჩემს თავს ვერ ვიცავ უსამართლობის გამო,“ – გვითხრა ტარიელ ქათამაძემ.

გამოცდილი დირექტორები არაერთ შემთხვევაში დატოვეს სკოლის მიღმა ისე, რომ განათლების სამინისტროს მათთვის და საზოგადოებისთვის არაფერი განუმარტავს. სერტიფიცირებულ დირექტორების ნაწილს აქვს განცდა, რომ ისინი კრიტიკული აზროვნების გამო ჩამოაშორეს განათლების სისტემას.

ეს აღარაა საჯარო, ეს სამთავრობო სკოლაა“ – სად გააქრო სამინისტრომ დირექტორობის კანიდიდატები – ეს „ბათუმელების“ ერთ-ერთი სტატიაა იმაზე, თუ როგორ მოექცა მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ საჯარო სკოლებიც.

ტარიელ ქათამაძეს ვკითხეთ, მის შემთხვევაში რატომ მოუნდა სამინისტროს მისი სისტემიდან ჩამოშორების სურვილი?

„იქნება მითხრან: განათლების სისტემას სად და რა დროს ვუღალატე? როცა კანდიდატების წარდგინებას აკეთებ და უარს ამბობ კადრზე, რომელიც წლებია დირექტორია, ერთხელაც შენიშვნა არ მიგიცია და შესაბამისი უნარები აქვს, ეს ხომ უნდა დაასაბუთო?

მე მორჩილი ვერ ვიქნები – სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობ ყოველ დღე. უპოზიციო ადამიანი არის ყველაზე საშიში ადამიანი. სოციალურ ქსელში, ჩემ გვერდზე ყოველთვის ვაფიქსირებ პოზიციას. არ მინდა დავიჯერო, რომ თუ ჩემ პირად მოსაზრებებს ვაფიქსირებ სოციალურ ქსელში, ეს არის განათლების სისტემიდან ჩემი ჩამოშორების პროცესის დაწყება. თუ ეს ასეა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში მუშაობა საერთოდ არ მინდა. მირჩევნია ვიყო „დასჯილი“და არც სკოლის დირექტორობა მინდა,“ – ტარიელ ქათამაძე ელის, რომ შესაძლებელია მეორე ტური გამოცხადდეს, რაც ასევე განათლების სამინისტროს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და მაშინ წარადგინონ იგი დირექტორობის კანდიდატად.

კანონით ასევე შესაძლებელია, საქართველოს განათლების სამინისტრომ დისკრეციული უფლებამოსილებით ისარგებლოს და პირდაპირ დანიშნოს დირექტორი სკოლაში, სადაც დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭომ ვერ, ან არ აირჩია.

რა ზიანდება ყველაზე მეტად დირექტორობის კონკურსის ამგვარად ჩატარებით, როცა სკოლებს არჩევანი არ დაუტოვეს? – ტარიელ ქათამაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მის გარდა, დირექტორობის სერტიფიცირებული სხვა კანდიდატებიც არიან, თუმცა მოცემულობაში, როცა სკოლების დიდ ნაწილში სერტიფიცირებული დირექტორები არ გვყავს და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები არიან დანიშნული, სამინისტრო რეალური რესურსის გამოყენებაზე უარს ამბობს და ადამიანებს, რომლებსაც ხელში სერტიფიკატები უჭირავთ, არც კი წარუდგენს სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად.

„ქობულეთში 46 საჯარო სკოლაა და მხოლოდ 13 სკოლას წარუდგინეს კანდიდატი. 46 სკოლიდან 33 სკოლა რჩება ამ დრომდე სერტიფიცირებული დირექტორის გარეშე.

მაგალითად, ბობოყვათშიც არის სერტიფიცირებული კანდიდატი, მაგრამ არც ის წარადგინეს… ბათუმში ზუსტი მონაცემი არ მაქვს, მაგრამ ვიცი ასევე, რომ მე-18 სკოლაში არ წარადგინეს სერტიფიცირებული ქალბატონი, ასევე ადლიის საჯარო სკოლაში იყო სერტიფიცირებული კანდიდატი და არც ის წარადგინეს კანდიდატად,“ – დასძინა ტარიელ ქათამაძემ.

რამდენია სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველი და მათგან რამდენი წარუდგინეს სამეურვეო საბჭოს? რატომ არ წარუდგინეს სკოლებს სერტიფიცირებული კანდიდატები, როცა ამის რესურსი არსებობს? რატომ თქვა სამინისტრომ, მაგალითად, ტარიელ ქათამაძეზე უარი, რომელიც გამოცდილი დირექტორია? –  აჭარის განათლების სამინისტროდან წერილობით მხოლოდ ეს მოგვწერეს:

„დირექტორების წარდგენა მოხდა ცენტრალური სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული კომისიის შერჩევით, ცენტრალური სამინისტროს მიერ. აჭარაში სულ 74 სკოლაში გაიმართა დირექტორის არჩევნები. აქედან დირექტორი აირჩიეს 71 სკოლაში. რაც შეეხება თითო კანდიდატურის წარდგენას, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი,“ – მოგვწერეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრიდან.

 

პენსიონერმა სოცსააგენტოს დავა მოუგო – კომპენსაცია 10 ათასი ლარი

ბათუმის მუსიკალური ცენტრის თანამშრომელმა, ქეთევან მღებრიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც მას სახელმწიფო პენსია შეუწყვიტა მუსიკალურ ცენტრში მუშაობის გამო, სასამართლო დავა მოუგო.

ქეთევან მღებრიშვილის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავდა, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლოში იდავა, შედეგად ქეთევან მღებრიშვილს პენსია აღუდგა.

სააგენტოს დაევალა, ქეთევან მღებრიშვილს პენსიის სახით დაახლოებით 10 800 ლარი აუნაზღაუროს.

ამ საქმის ადვოკატები ანა ბერძენიშვილი და თეონა ზაქარაშვილი იყვნენ.  ერთ-ერთ მათგანს, ანა ბერძენიშვილს ვკითხეთ, როგორ დაასაბუთეს, რომ მოქალაქე მღებრიშვილს ეკუთვნოდა როგორც ხელფასი, ასევე პენსია?

ანა ბერძენიშვილის თქმით, ქეთევან მღებრიშვილი 2007 წლიდან მუშაობს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია. 2021 წელს კი მან აღმოაჩინა, რომ პენსია შეუწყდა იმ მოტივით, რომ ის მუშაობდა საჯარო სამსახურში.

„დახმარებისთვის მოგვმართა ჩვენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონობა.

ამ საქმეში საინტერესო და პრეცედენტული ის არის, რომ სამივე სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ აღიქმება კულტურული საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში მუშაობა საჯარო სამსახურად.

ეს გამონაკლისი არ ეხება მხოლოდ კულტურულ დაწესებულებებს, ეს ეხება მუნიციპალურ ორგანოებსა და დაწესებულებებში საქმიანობას, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობას, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო, რელიგიურ და წევრობაზე დაფუძნებულ საქმიანობას“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, გამონაკლისის დაშვებით სახელმწიფომ სტიმული მისცა ხანდაზმული ადამიანების საქმიანობას.

„ბუნებრივია, დავები მანამდეც არსებობდა, მაგრამ პირველია ასე ერთიანი განმარტება, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიღო.

ამ საქმის გახმაურების შემდეგ რამდენიმე მოქალაქე დაგვიკავშირდა, რომლებმაც ისიც კი არ იცოდნენ, რომ განცხადება უნდა დაეწერათ, რათა ხელფასის პარალელურად სახელმწიფო პენსიაც მიეღოთ.

ბევრს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და თქვენი გამოცემის მეშვეობით შეგვიძლია მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ თუკი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან და სოციალური მომსახურების სააგენტო დაარღვევს მათ უფლებას, მოგვმართონ“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, რადგან ბევრმა ადამიანმა არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტო მაინც არ უნდა იღებდეს უკანონო გადაწყვეტილებებს და არ უნდა უწყვეტდეს ადამიანებს სახელმწიფო პენსიას დაუსაბუთებლად და კანონთან შეუსაბამოდ.

ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ სააგენტოს ქმედებები არა მარტო კანონთან შეუსაბამოა, არაეთიკურიცაა.

„მაშინ, როცა ქვეყანაში მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს დარეგისტრირებული, უკანონობას რომ თავი დავანებოთ, ამორალურია სახელმწიფო სოციალური სამსახურის ქმედება ამ პენსიონერების მიმართ.

სახელმწიფომ იმიტომ დაუშვა გამონაკლისი, რომ ხანდაზმულ ადამიანებს შეეძლოთ ღირსეულ პირობებში არსებობა, ასაკის გამო არ იყვნენ გარიყული და შეეძლოთ კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

მძიმე ეკონომიკურ გარემოებებში მყოფი პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პენსიის აღება. სააგენტოს გადაწყვეტილებების გამო კი ადამიანები წლების განმავლობაში ვერ იღებენ პენსიას“, – ამბობს ანა.

მისი განმარტებით, თუკი სოციალური მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ასე უკანონოდ შეუწყვეტს პენსიას, მაშინ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის არსებობას აზრი დაეკარგება.

„ბათუმელებმა“ მიმდინარე წელს გააშუქა ვეტერინარის ამბავი, რომელიც ასევე ამბობს, რომ მას სახელმწიფო პენსიას იმ მოტივით არ აძლევს, რომ დასაქმებულია და ხელფასს იღებს.

___________________

მთავარ ფოტოზე: ქეთევან მღებრიშვილი

ავდიივკასთან რუსული ძალები იძულებულნი გახდნენ გადაჯგუფებულიყვნენ

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან, რომელიც ბოლო თვეა რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, რუსეთის ჯარები იძულებულნი გახდნენ, გადაჯგუფებულიყვნენ მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო.

ამის შესახებ ტაურიდის თავდაცვის ძალების სპიკერმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.

„თავდასხმა არ შეწყვეტილა, მაგრამ გარკვეულწილად შემცირდა. მტერი გადაჯგუფების პროცესშია, რადგან მხოლოდ ბოლო კვირაში დონეცკის რეგიონში თითქმის სამი ათასი პერსონალი დაკარგეს. რუსეთისთვისაც კი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია“ – თქვა მან.

შტუპუნის თქმით, ავდიივკის მიმართულებით რუსები აქტიურად იყენებენ ავიაციას, განსაკუთრებით ღამით, ბომბავენ გარეუბანს და თავად ქალაქს. სამი დღის განმავლობაში ავდიივკის ირგვლივ 50-ზე მეტი მართვადი ბომბი გაუშვეს.

ბოლო ცნობებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ავდიივკის მიმართულებით ათამდე შეტევა მოიგერიეს.

მედია და ურბანული პოლიტიკა – ბათუმში დისკუსია გაიმართება

27 ოქტომბერს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  გაიმართება დისკუსია თემაზე – „მედია და ურბანული პოლიტიკა“.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საჯარო მოხელეები, სამოქალაქო სექტორისა და ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლები.

დისკუსიას მოხსენებით გახსნის „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე.

დისკუსია შეეხება ურბანულ პოლიტიკას, მედიის თანამშრომლობას ამ დარგის სპეციალისტებთან, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. განხილული იქნება, რა გავლენას ახდენს კვალიფიციური მედიაგაშუქება მიმდინარე პროცესებზე და რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ქალაქზე მორგებული ურბანული გადაწყვეტილებების ადვოკატირებისთვის.

დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

დისკუსია 17:00 საათზე დაიწყება და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეხვედრა ტარდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში.

_______________

ფოტოზე: ცაგო კახაბერიძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი

ოჩხამურს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

„სოკარის“ ცნობით, 26 ოქტომბერს 11:00 საათიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურს გაზის მიწოდება შეუწყდება.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება დაიწყება 26 ოქტომბერს 15:00 სთ-დან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

„წელს არა მხოლოდ თავს დავიცავთ, არამედ ვუპასუხებთ“ – ზელენსკი ენერგოობიექტებზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წელს უკრაინა არა მხოლოდ დაიცავს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, არამედ რუსეთს თავდასხმით უპასუხებს.

ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამზე წერს.

„მტერი ცდილობს განურჩევლად გაანადგუროს ყველაფერი, რასაც შეუძლია მისწვდეს.

ვემზადებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმებისთვის. წელს ჩვენ არა მხოლოდ თავს დავიცავთ, არამედ ვუპასუხებთ.

მტერმა ეს კარგად იცის. ჯერ ყირიმიდან გაიყვანეს ფლოტი, ახლა ჩვენი საზღვრიდან მოშორებით გადააქვთ ავიაცია“ – წერს ზელენსკი.

6 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა იმ საფრთხესთან გასამკლავებლად, რაც რუსეთმა ქვეყანას ზამთარში შეიძლება შეუქმნას.

„აჭარის მთავრობამ პრიორიტეტები უნდა განიხილოს ხალხთან“ – ენმ-ის კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

ფრაქციის წევრის, გია აბულაძის თქმით, ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობასა და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას.

„აჭარის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, ან სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია დახმარების მიმღებად, ან გაჭირვებულია, მაგრამ ისეთი მონაცემები არ აქვს, რომ დახმარება მიიღოს.

ყოველი ბიუჯეტის ყველა განხილვისას ვითხოვ პრიორიტეტების განხილვისას დოკუმენტში ჩაიწეროს, რომ აჭარაში არის სიღარიბე. სამწუხაროდ ვერ შევასმინე, დაინახონ გაჭირვებული მოსახლეობის არსებობა.

ახალი კანონით, აჭარის მთავრობა ვალდებული იქნება პრიორიტეტების დოკუმენტიც და ბიუჯეტიც განიხილოს მოსახლეობასთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტში, წინასწარ გამოაქვეყნონ თარიღები როდის მოხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში განხილვა და მოსახლეობა რა პრიორიტეტებსაც დაასახელებს, ისინი ვალდებული იქნებიან ყველა პრობლემა მუხლების სახით ასახონ და როდესაც უმაღლეს საბჭოში შემოვა ბიუჯეტი, ამას თან მოაყოლონ,“- განმარტავს კანონპროექტის არსს გია აბულაძე.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ხელს შეუწყობს საბიუჯეტო პროექტის მომზადების, განხილვისა და დამტკიცებისას მოსახლეობის ჩართულობის ზრდას; გააუმჯობესებს ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვის კონტროლის მექანიზმებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის კვალიფიციურად წარმოდგენას.

ახალი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გენდერული ბიუჯეტის მომზადებასა და მიღებას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

„ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა და კონკრეტული კანონპროექტი ამწუთას არაა დარეგისტრირებული საბჭოში, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რადგან ითქვა, დარეგისტრირდება.

ზოგადად მივესალმები იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოჩნდა უმაღლეს საბჭოში და რაც მთავარია, გამოჩნდა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

უმაღლეს საბჭოში მომდევნო წლის ბიუჯეტი უნდა შემოვიდეს პირველ ნოემბრამდე, რამდენიმე დღე არის დარჩენილი და ეს კანონი, რომც ჩავთვალოთ, რომ გამართულია ტექნიკურად და იურიდიულად და მივიღოთ, ვერ მოესწრება 2024 წლის ბიუჯეტისათვის.

რაც შეეხება 2025 წელს და შემდგომ პერიოდს, ეტყობა „ნაცმოძრაობა“ უკვე რიგითი მოქალაქეების პოზიციებიდან აპირებს მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას,“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე ამბობს, რომ კანონპროექტი დღეს, 25 ოქტომბერს ნამდვილად დაარეგისტრირეს უმაღლეს საბჭოში.

„დღეს დავარეგისტრირეთ უკვე კანონპროექტი. კანცელარიიდან თუ გაბაიძეს გვიან აუტანეს, რა უნდა ვქნათ. ჩვენ დავარეგისტრირეთ“, – ამბობს გია აბულაძე.

არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე

არასტანდარტულ ციტრუსზე წელს სახელმწიფო სუბსიდია აჭარის რეგიონში 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააჟღერა აჭარის მთავრობის სხდომაზე.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია, ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსე ფერმერებს გაუორმაგდებათ შესაბამისი სუბსიდია და ის შეადგენს 30 თეთრს.

წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე ციტრუსს. 20-ზე მეტი სარეალიზაციო საწარმო მიიღებს საექსპერტო მანდარინს, ასევე, ქობულეთის საკონსერვო საწარმო მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს,“ – აღნიშნა მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.

დღეიდან ამოქმედდება ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი.

აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტების შესყიდვაზე ტენდერები გამოაცხადა.

კომპანია ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის შემდეგი სოფლებისთვის:

  • შუახევის მუნიციპალიტეტი – ზედაყანა, ზამლეთი
  • ხულოს მუნიციპალიტეტი – თხილაძირი
  • ქედის მუნიციპალიტეტი – ზედა ბზუბზუ, ძენწმანი, არსენაული, გობრონეთი, ტაკიძეები
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ქედქედი, ცხემლარა, ქვედა ქოქოლეთი

პროექტირებაზე ორი ტენდერია გამოცხადებული. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 28 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს დასრულდება.

ზედაყანის, ზამლეთისა და თხილაძირის გაზიფიცირების პროექტირებაზე ტენდერი 147 ათას 366 ლარითაა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა პროექტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 38 დღეში უნდა მოამზადოს.

ზედა ბზუბზუს, ძენწმანის, არსენაულის, გობრონეთის, ტაკიძეების, ქედქედის, ცხემლარისა და ქვედა ქოქოლეთის შემთხვევაში კი, ტენდერი 312 ათას 500 ლარითაა გამოცხადებული. ამ სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტები ტენდერში გამარჯვებულმა 92 დღეში უნდა მოამზადოს.

როგორც წესი, პროექტების შესყიდვის შემდეგ, ცალკე გამოაცხადებენ ტენდერს გაზსადენი ქსელის მონტაჟზე სოფლებში, ხოლო დამონტაჟების შემდეგ ქსელი გადაეცემა გაზის მიმწოდებელ კომპანიას [ამ შემთხვევაში „სოკარს“], რომელმაც უნდა დაიწყოს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებაც [ცენტრალური მილებიდან სახლებამდე გაზის მილებს მიმწოდებელი კომპანია მიიყვანს]. შესაბამისად, კონკრეტულად, თუ როდის მიიღებს მოსახლეობა გაზს ამ სოფლებში, განსაზღვრა ძნელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქობულეთის არაერთ სოფელში გაზი 2021 წელს გაიყვანა, მოსახლეობას კი ბუნებრივი აირი დღემდე არ მიეწოდება.

ამ საკითხზე ვრცლად:

ვინ არ ურთავს გაზს და წყალს ქობულეთის სოფლებს – რა ჩანს დოკუმენტებში

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 296 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 5 112 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 9 697 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 7 125 ერთეული [+44]
  • MLRS – 833 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 554 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 372 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 538 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 474 ერთეული [+27]
  • სპეცტექნიკა – 1 007 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 515 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 271 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 930 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 169 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 875 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 662 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

რუსეთი იყენებს ყოფილ პატიმრებს „ელიტურ“ დანაყოფში – ბრიტანეთის დაზვერვა

მამა სახლში ჩაკეტვით დაემუქრა შვილს, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს – რა თქვა სასამართლომ

რა მიდგომა აქვთ მოსამართლეებს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციის მოტივი იკვეთება?  – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს ინტერნეტგვერდზე 2023 წელს მიღებულ რამდენიმე განაჩენს გაეცნო, სადაც საქმე ეხება დანაშაულის ჩადენას დისკრიმინაციის მოტივით. გამოჩნდა, რომ დისკრიმინაციით მოტივირებულ დანაშაულები ძირითადად უკავშირდება გენდერულ სტერეოტიპებს და გენდერულ იდენტობას.

დისკრიმინაციის მოტივი ძირითადად ოჯახში ძალადობის საქმეებს ეხება, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს.

ოჯახში ძალადობის საქმეების ტენდენციის მსგავსად, ამ შემთხვევებშიც თუ დაზარალებული დუმილს არჩევს, მოსამართლე დაჩაგრულის მხარეს აღარ დგას.

დისკრიმინაციის დადგენაზე ჩვენ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გავეცანით – თუ აქამდე ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები თანხმდებოდნენ, რომ ბათუმის მერიის მიდგომა დისკრიმინაციულია, უზენაესს გადაწყვეტილება არ მიუღია… საქმე განსახილველად სააპელაციოს დაუბრუნა, თუმცა მიუთითა, რომ საქმე დისკრიმინაციასთან არ გვაქვს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 2017 წლიდან „დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.

  • საქმე I: „…მამა ცდილობს, წაართვას ტელეფონი და არ უშვებს სკოლაში“ 

ერთ-ერთი საქმე, სადაც მოსამართლეებმა დისკრიმინაციულ მოპყრობაში ბრალდებული კაცი გაამართლეს, ბრალი საკუთარი, არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ეხებოდა.

„112-ში შესული შეტყობინებით დადგენილია, რომ ინიციატორს – რ. ზ-ს მამა ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და ითხოვს დახმარებას. აცხადებს, რომ მამა ცდილობს წაართვას ტელეფონი და არ უშვებს სკოლაში,“ – ეწერა დადგენილებაში ბრალის წარდგენის შესახებ.

ამ შემთხვევაშიც ისე, როგორც ოჯახში ძალადობის საქმეებზე ხშირად ხდება, პირველი და ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეებმაც გამამართლებელი განაჩენი მიიღეს და ხელი გაიშვირეს მოზარდისკენ, რომელმაც დუმილი არჩია.

გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებული ი.ზ. საკუთარ სახლში არასრულწლოვან შვილს ყელის გამოჭრით დაემუქრა, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს, რომელსაც „სოფელში ცუდი სახელი ჰქონდა“.

„…საცხოვრებელ სახლში ი. ზ-მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 2004 წელს დაბადებულ რ. ზ-ს, სტერეოტიპული შეხედულებებზე დაყრდნობით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობისა და მუშტების მოღერებით ძალადობის გამოყენების მუქარით, ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნით, უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოართვა მობილური ტელეფონი, ასევე, იგი მას ეუბნებოდა, რომ თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს, რომელსაც სოფელში ცუდი სახელი ჰქონდა, სკოლაში აღარ ივლიდა.

ი. ზ-ის მხრიდან ფსიქიკური იძულების გამო 2022 წლის 6 მაისს რ. ზ-ი არ წავიდა სკოლაში.

2022 წლის თებერვლის ბოლოს, გ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ზ-მა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 2004 წელს დაბადებულ რ. ზ-ს, რომელმაც დაიცვა დედა მამის სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მისი, როგორც კაცის – ოჯახის უფროსის უპირატესობის დემონსტრირებისა და ოჯახის სხვა წევრების დამორჩილების მიზნით, სახისა და ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტები, რის გამოც რ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.

ეს საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა. უზენაესი სასამართლო ამ საქმეში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაზარალებულს ჩვენება არ მიუცია, ანუ მოზარდს, ვისაც შეეძლო აეხსნა, იგრძნო თუ არა შიში, როცა მამა დაემუქრა.

„…მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

განჩინების მიხედვით, არასრულწლოვნის მამის მიმართ ამ დავის დაწყებამდე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც: „2022 წლის 6 მაისის №… შემაკავებელი ორდერის ოქმით დადენილია, რომ მოწმის სახით გამოკითხულმა არასრულწლოვანმა რ. ზ-მა დააფიქსირა მამის – ი. ზ-ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი. გარდა ამისა, უკონტროლებს მას გადაადგილებას, ხოლო 2022 წლის თებერვალში ფიზიკურად იძალადა მასზე,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით [ოჯახში ძალადობა] კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს – დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას.

  • საქმე II: ძალადობა შვილზე „სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“ 

მეორე საქმეშიც ბრალდებული მამაა და ისიც გაუმართლებიათ მოსამართლეებს. ამ კაცს გამოძიება შვილზე ძალადობას ედავებოდა „მისი შეხედულებით არატრადიციული ორიენტაციის, კონკრეტულად, ლესბოსელობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“.

„…გ. ჯ.–ს, 2015 წლის ბოლოდან, მისი შვილის – თ. ჯ–ს მეგობრის – თ. გ–ს გაცნობისთანავე ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ თ. ჯ–ე და თ. გ–ი იყვნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, კერძოდ, ლესბოსელები და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, შეურაცხყოფდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა თ. ჯ–ს,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

გამოძიების ვერსიით, მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო არაერთხელ იძალადა შვილზე:

„გ. ჯ–მ, 2018 წლის მარტის ბოლოს, თბილისში, თავის სამუშაო კაბინეტში, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს – თ. ჯ–ს, ხელი ჩაავლო ქურთუკის საყელოში და ძალის გამოყენებით შეეცადა მის გაყვანას მეორე ოთახში, რა დროსაც თ. ჯ–სეს ქურთუკის საყელო მიებჯინა ყელში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

გ. ჯ–მ 2018 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ. ჯ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ წააქცია დივანზე და დაუწყო ცემა სახის არეში, დაახლოებით 10-ჯერ გაარტყა გაშლილი ხელი სახეში. შემდეგ დაუმტვრია მობილური ტელეფონი. ასევე, მათ მისამართზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ, დაახლოებით 23:50 საათზე, გ. ჯ–ს კვლავ გაუმძაფრდა აგრესია, თ. ჯ–ს აიძულებდა გაეუქმებინა გამოძახება და პოლიციელთათვის ეთქვა, რომ არაფერი მომხდარა და მათ დახმარებას არ საჭიროებდა.

შემდეგ კი რამდენჯერმე, დაახლოებით ხუთჯერ გაარტყა გაშლილი ხელი სახეში. თ. ჯ–მ გ. ჯ–ს მიერ მიყენებული დარტყმების შედეგად მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი,“ – ვკითხულობთ დადგენილებაში, სადაც პროკურატურის ვერსიაა ასახული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით, გ. ჯ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა [ოჯახში ძალადობა] და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით [მუქარა ოჯახის წევრის მიმართ] წარდგენილ ბრალდებებში.

გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ისე უზენაესმა სასამართლომ.

პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა იმ არგუმენტით, რომ „გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან დაზარალებულ თ. ჯ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ. ჯ–ს ბრალეულობას.“

პროკურატურა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებებში, ასევე გამოიკითხა მოწმის სახით.

„შესაბამისად, მისი მხრიდან სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას,“ – წერდა პროკურორი მოსამართლეებს და აღნიშნავდა იმასაც, რომ მართალია, მოწმეები –  შ. კ–ე და მ. ხ–ა უშუალოდ არ შესწრებიან გ. ჯ–ს მიერ თ. ჯ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტს, თუმცა მათ მყისიერი შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელსაც ეტყობოდა რამდენიმე წუთის წინ მასზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარით გამოწვეული შიშის კვალი.

კიდევ ერთი არგუმენტი, რაზეც პროკურატურა აკეთებდა აქცენტს: დაზარალებულს მიტოვებული ჰქონდა სახლი:

„…დაზარალებულმა გაუსაძლისი პირობებისა და ორიენტაციის ნიშნით დევნის მიზეზით, არაერთხელ დატოვა საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობდა არასახარბიელო პირობებში, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. ჯ–ე მასზე ნამდვილად ძალადობდა ფსიქოლოგიურად. გ. ჯ–ს ბრალეულობას ასევე ადასტურებს შემაკავებელი ორდერი, მოწმეების ზ. ს–ს, თ. გ–ს, ჯ. გ–სა და დ. ს–ს ჩვენებები, რომლებიც თანხვედრილია დაზარალებულის განცხადებაში, გასაუბრების ოქმსა და ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან…

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი, დადასტურდა, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები“, – წერია განჩინებაში.

უზენაესი სასამართლოს შეფასებით კი, მოსამართლე ირიბი ჩვენებების საფუძველზე ვერ მიიღებდა გამამტყუნებელ განაჩენს:

„…საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში…

„ირიბი ჩვენება“ იყო ამ საქმეში, მაგალითად, დაზარალებულის მეგობრის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, „თამარმა უამბო, რომ იმის გამო, რომ სურდა ვარდისფერი ტუშის შეძენა დედასთან მოუვიდა უთანხმოება, რადგან დედის აზრით, ის ფერი აღნიშნავდა არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას.

გარდა ამისა, ოჯახი თ. ჯ–ს არ აძლევდა სწავლის სხვა სპეციალობით გაგრძელების უფლებას. მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2018 წელს დაზარალებულის მამამ გაიგო, რომ თ. არ დადიოდა უნივერსიტეტში, რის გამოც შეიკრიბა მთელი ოჯახი და თ. ჯ–ს სწავლასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით მოსთხოვეს პასუხი. ამის შემდეგ, თ. ჯ–ე წამოსული იყო სახლიდან და დაახლოებით სამი კვირა ცხოვრობდა მასთან….

2018 წლის 17 აპრილს თ. ჯ–ე საღამოს 9 საათზე მივიდა სახლში. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ მას მისწერა თ–მა და სთხოვა დახმარება, რათა დაერეკა პოლიციაში, რადგან მამამ სახეში ხელი დაარტყა და გარეთ არ უშვებდა. მან დარეკა პოლიციაში და მივიდა თამარის კორპუსთან. მეორე დილით მასთან მივიდა თ. ჯ–ე, რომელიც იყო ნამტირალევი და ეტყობოდა ნერვიულობის კვალი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თვითონ გ. ჯ–ის მხრიდან თ. ჯ–სის მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას არასდროს შესწრებია, მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში  მომხდარ ინციდენტს შეესწრო, რა დროსაც მამას თამარისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებია,“ – ეს ამონარიდია მოწმის ჩვენებიდან.

სასამართლოს ჩვენება მისცეს ასევე პოლიციელებმა, რომლებმაც თქვეს, რომ ადგილზე მისვლისას დაზარალებული იყო აღელვებული, სახეზე ეტყობოდა სიწითლის და ტირილის კვალი.

„თუმცა აღნიშნული უტყუარად არ ადასტურებს გ.ჯ-ს მიერ შვილზე ძალადობის  და მუქარის ფაქტებს“, – ჩაუწერიათ განჩინებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

„მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება განიცადა თუ არა თ. ჯ–მ ფიზიკური ტკივილი ან მუქარა აღიქვა თუ არა რეალურად,“ – იმსჯელეს და ეს დაასკვნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

ამ არგუმენტით უზენაესმა სასამართლომ პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

  • საქმე III: ბათუმის ახალი მეჩეთი – უზენაესმა დისკრიმინაციაც ვერ დაინახა იმ არგუმენტით, რომ ეკლესიები უნებართვოდ აშენდა 

უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, განიხილა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევაც – „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა და თან მიუთითა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

საქმე ბათუმში ახალი მეჩეთს აშენებას ეხება – მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, მუსლიმებს საკუთარ მიწაზე მეჩეთის აშენების უფლებას წლებია არ აძლევენ. მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაადასტურა, მან უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს ზონალური შეთანხმების მიღებაზე უარი უთხრეს, თუმცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დაავალდებულა ბათუმის მერია მშენებლობის შესაბამისი ნებართვის გაეცა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიისთვის, დისკრიმინაციული მიდგომის დადგენის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გაცემა დაევალებინა, პირიქით, იმაზე იმსჯელა, რატომ არ გვაქვს დისკრიმინაციასთან საქმე,  როცა ბათუმში ახალი ეკლესიები შენდება, მუსლიმ თემს კი, ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევენ.

ბათუმის მერიის არგუმენტი  უზენაეს სასამართლოში ის იყო, რომ მსგავს შემთხვევებზე ბათუმის მერიის ზონალური კომისია მსჯელობს, რასაც შემდეგ მერი ეყრდნობა.

„…კასატორი საკასაციო საჩივარში განიხილავს თითოეულ დასახელებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლების ზონის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი განეკუთვნება ე.წ. საძილე ადგილებს, სადაც კერძო ინტერესს წარმოადგენს მშვიდ გარემოში ყოფნის უფლება. შესაბამისად, ასეთ ზონაში არ უნდა იქნეს ისეთი ფუნქციის ობიექტი დაშვებული, რომელიც დისონანს შეიტანს ფუნქციებს შორის და დაარღვევს  სამეზობლო თმენის პრინციპს.

ხოლო საკულტო ნაგებობა, თავისი შინაარსით – ფუნქციური დანიშნულებით, წარმოადგენს ისეთ ობიექტს, რომელიც უნდა იყოს მკაცრად იზოლირებული გარემოსაგან, რადგან მას გააჩნია „თავისი ცხოვრების წესი“ – საკულტო ნაგებობა არის ხალხმრავალი ადგილი [განსაკუთრებით დღესასწაულებზე], რელიგიური რიტუალები კი, არღვევს სიმყუდროვეს,. შესაბამისად, მისი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომ დაცული იქნეს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები – „იცხოვრონ მშვიდ და საცხოვრებელ გარემოსთან შესაბამის გარემოში, არ მოუწიოთ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა“.

გარდა ამისა, საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მისი განთავსება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საკულტო ნაგებობას გააჩნდეს ე.წ. ბუფერული ზონები, მაგალითად: გამწვანებული სანიტარული ზონა [ეს შეიძლება იყოს პარკი, სკვერი და ა.შ.] და ამ ზონებით უნდა იყოს იგი იზოლირებული და გამოყოფილი საცხოვრებელი სახლებისაგან;

ბუფერული ტერიტორია კი ნიშნავს ისეთ ტერიტორიას, რომლის სამომავლოდ სამშენებლოდ განვითარება არის დაუშვებელი, ანუ იქ არ უნდა შეიძლებოდეს საცხოვრებელი სახლების აშენება სამომავლოდაც.

კასატორის მითითებით, თუკი ევროპულ მიდგომას განვიხილავთ, მაგალითად, საკულტო ნაგებობებისათვის არსებობს ცალკე ზონა, სადაც სხვა ფუნქციის მატარებელი სახეობები დაშვებული საერთოდ არ არის..

კასატორის განმარტებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ზონალური კომისიის მიერ მიჩნეული იქნა, რომ საკულტო ნაგებობის იქ განთავსება დაარღვევდა და დაარღვევს სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს, კერძოდ, გამოიწვევს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების შელახვას და მათ მოუწევთ საცხოვრებელ გარემოსთან შეუსაბამო პირობებში ყოფნა, ანუ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები [„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“] აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონი არასწორად განმარტა, როცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ „სასამართლო ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას“.

„…დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დასარღვევად, პირების მიმართ თვითნებური, სუბიექტური, დისკრიმინაციული მოპყრობისთვის. ამის დაშვება დისკრეციული უფლებამოსილების დანიშნულებას გამოაცლიდა არსს.

სწორედ ამიტომ არ არსებობს აბსოლუტური დისკრეცია და როცა ცხადია ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას განზრახ არ ახორციელებს კანონიერების პრინციპის საფუძველზე და მისი ამ განზრახვის ცვლილების ყველა რესურსი ამოწურულია, ამ დროს სასამართლოსგან დისკრეციის არშეზღუდვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე უარის ტოლფასიც შეიძლება იყოს,“ – მიწერეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

უზენაესმა სასამართლომ ბათუმის მერიის არგუმენტი გაიზიარა: ბათუმში, უშუალოდ მე-6 ზონაში, სადაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აგება სურს, ეკლესიის აშენებაზე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია.

„…საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელ ზონა 6-ში და განსაკუთრებით, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, გაცემული აქვს საკულტო ნაგებობების – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა და სამშენებლო პირობების დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია განსხვავებულ მოპყრობას.

ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმეორებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ გაცემულა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ ზონა 6-ში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაშვებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია განსხვავებულ მოპყრობაზე ხაზგასმა იმ პირობებში, როდესაც ანალოგიური მოთხოვნა არსებითად თანასწორი სუბიექტის მხრიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით არ წარდგენილა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ძირითადად დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ არის აშენებული მართლმადიდებლური ტაძრები, რის საპირწონედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „ბ…ს“ არ აძლევს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ ა(ა)იპ „ბ…ს“ „კომპარატორად“ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნია,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ზემდგომი ინსტანციის სასამართლოდან მითითებების მიღების შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს საქმე ხელახლა ჯერ არ განუხილავს  – სასამართლო პროცესი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული.

„ახალი მეჩეთის საქმეზე“ მუსლიმი თემი სამართალს მე-6 წელია ელის – მუსლიმებმა სასამართლოს პირველად 2017 წელს მიმართეს.

  • საქმე IV: „ყოფილი ცოლის ჩაცმის სტილი გამომწვევი და მიუღებელი იყო მისთვის…“

კიდევ ერთ საქმეში კი, კაცი ყოფილი ცოლს ემუქრებოდა „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“. ამ შემთხვევაშიც ბრალდებული კაცი მოსამართლეებმა გაამართლეს.

„…სამკერვალოში, მ. ი–მა ყოფილი მეუღლის, თ. თ–სის მიმართ გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით მოპყრობისას გამოწვეული სიტყვიერი კონფლიქტის ნიადაგზე, თ. თ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ დაასახიჩრებდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მ. ი.–ის აღქმით, მისი ყოფილი მეუღლე მის მითითებებს უსიტყვოდ არ ასრულებდა, მისი ჩაცმის სტილი გამომწვევი და მიუღებელი იყო მისთვის, მან თ. თ–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის, 7 წლის ს–ა-ნ–ა ი–ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ძლიერად უჩქმიტა დუნდულის მიდამოში და ასევე, მარცხენა ხელი რამდენიმე წამის განმავლობაში ძლიერად მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ბრალდებული მოსამართლეს დარბაზიდან გაუთავისუფლებია – იგი წინასწარ პატიმრობაში იყო და ორი მუხლის შესაბამისად ჰქონდა ბრალი წარდგენილი: ოჯახში ძალადობა და მუქარა ოჯახის წევრის მიმართ.

ამ საქმეშიც დაზარალებულად ცნობილ ქალს დუმილის უფლება აურჩევია, მან კანონით განსაზღვრული უფლებით ისარგებლა და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ.

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც პროკურორი საკასაციო საჩივარში უთითებს, არ არის საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ი–ს ბრალეულობას, სახელდობრ, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები – მოწმეთა გამოკითხვის ოქმები [მათ შორის – არასრულწლოვანი მოწმე ს. ნ. ი–ს გამოკითხვის ოქმი] ირიბი მტკიცებულებებია, ვინაიდან არცერთი მათგანი უშუალოდ არ შესწრებია შემთხვევას და  ისინი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან გადმოცემით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო  განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი  წყარო  არის ერთი და იგივე პირი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც მ. ი–სის მხრიდან თ. თ–ზე ფიზიკური ძალადობისა და მის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის, ასევე – მის მიმართ მუქარისა და დაზარალებულის მიერ მუქარის საფუძვლიანად აღქმის ფაქტებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

  • საქმე V: „მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ე მასთან გააგრძელებდა თუ არა ურთიერთობას…“ 

„…დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და იმ ქალების გვერდით ჩააწვენდა მიწაში, რომლებიც წარსულში ჰყავდა მოკლული, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – ვკითხულობთ კიდევ ერთი საქმის მასალებში, რომელზეც განჩინება უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს მიიღო.

ამ შემთხვევაში მოძალადე დასაჯეს და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჯერად დაზარალებულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია. მნიშვნელოვანი გარემოება იყო რეციდივიც – მოძალადე მუქარის გამო ნასამართლევი იყო. პროკურატურა ამ საქმეზე ზემდგომ ინსტანციებში სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.

„…შ. დ–ს საცხოვრებელ სახლში, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ე მასთან გააგრძელებდა თუ არა ურთიერთობას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შ. დ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

ამავე დადგენილების მიხედვით, გამოძიება ბრალდებულს ძალადობის 5 ეპიზოდს ედავებოდა, მათ შორის, ცემას:

„გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცემა შ. დ–ე, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მკერდის არეში, რა დროსაც შ. დ–სე დაეცა საწოლზე, აღნიშნულის შემდეგ, ზ. ა–მა მარცხენა ხელი ძლიერად მოჰკიდა შ. დ–ს მარჯვენა ხელს, ხოლო მარჯვენა ხელი, ასევე, ძლიერად წაუჭირა ყელის არეში. ზ. ა–სის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

ბრალდებული დაზარალებულს ასევე უკრძალავდა მეგობრებთან ურთიერთობას და რესტორანში მუშაობას. საქმის მიხედვით არ ჩანს, რა სახის ნაცნობობა აკავშირებდა დაზარალებულს მსჯავრდებულთან.

ზემდგომმა ინსტანციებმა ამ საქმეზე მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმებაზე უარი თქვეს.

„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დანაშაულის რეციდივი გაითვალისწინეს ზ. ა–სთვის სასჯელის შეფარდებისას, თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს ზ. ა–სთვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომაზე… შეფარდებული სასჯელები მსჯავრად შერაცხული დანაშაულების სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

  • საქმე VI: ცოლს მუშტი დაარტყა, რადგან შვილს სამეჯლისო ცეკვების დროს მოკლე კაბა ეცვა

„…სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, არასრულწლოვანი შვილის, 2012 წელს დაბადებული მ. თ-ს თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე – მ. ს-ზე, კერძოდ, ნ. თ-მა სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მ. თ-ს სამეჯლისო ცეკვების დროს ეცვა მოკლე კაბა.

როგორც ოჯახის უფროსმა, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ოჯახში გამოაცხადა, რომ მ. თ-ი ცეკვიდან უნდა გამოეყვანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მ. ს-ი, რის გამოც ნ. თ-მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შემდეგაც მუშტი ერთხელ დაარტყა ცხვირის არეში და სამჯერ – თავის არეში. ნ. თ-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა მ. ს-მა და მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მსჯავრდებულს სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავებოდა.

ამ შემთხვევაში პროკურორი მხოლოდ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელზე, ლუიზა შანიძეზე უნდა გიამბოთ, რომელიც ხულოში, ღორჯომში, გორგაძეების საჯარო სკოლაში ასწავლის.

ლუიზამ გორგაძეების სკოლაში წელს დაიწყო მუშაობა და საცხოვრებლად მაღალმთიან აჭარაში წავიდა. ახალგაზრდა მასწავლებელს უნდა, რომ ღორჯომის, ადგილობრივებისა და მათი ყოველდღიურობის თუ ტრადიციების შესახებ სხვებსაც მოუყვეს და ამიტომ ღორჯომში მისი ცხოვრების შესახებ „ტიკტოკზე“ ვიდეოების გადაღება დაიწყო.

ლუიზას ბევრ ვიდეოში ნახავთ დარსა თუ ავდარში, სკოლისკენ ფეხით მიმავალი მოსწავლეების კადრებს.

ლუიზა სერტიფიცირებული მასწავლებელია. მან გასულ წელს გაიარა მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა და პარალელურად ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლიდა.

მასწავლებელი მიყვება, რომ ამ პროფესიის არჩევა შემდეგ გადაწყვიტა, რაც მე-11 კლასში სკოლა გამოიცვალა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეხვდა – „ერთ კვირაში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მეც ქართულის მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი“.

ლუიზა ქვეყნის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად სახელმწიფო ენას მიიჩნევს და აბრებზე სხვა ენაზე შესრულებული წარწერების საკითხს ეხმიანება.

„არ ვსაუბრობ, როგორც ქართული ენის მასწავლებელი, ვსაუბრობ რიგითი მოქალაქის სახელით, რომელსაც აწუხებს ქვეყნის, ენის ბედი და ვისთვისაც დაუშვებელია საქართველოს ქალაქებში სხვა ენის დომინანტად წარმოჩენა, სახელმწიფო ენასთან შედარებით. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ბანერები და სხვა სახის რუსულენოვანი წარწერები.

ბათუმში რომ ვსეირნობთ მე და ჩემი მეგობრები, შევდივართ კაფეებში, ხშირად ქართულ ენაზე არ აქვთ მენიუ, რუსულენოვანია წარწერები, ბევრგან მიმტანებმა საერთოდ არ იციან ქართული ენა… ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს მიქმნის და ბევრჯერ დამიტოვებია მსგავსი სივრცეები პროტესტის ნიშნად“, – მითხრა ლუიზამ.

ლუიზას თქმით, ზუსტად იცოდა, რომ წელს მთაში უნდოდა ესწავლებინა, მაგრამ ზუსტად არ იცოდა სად.

„მთელი ზაფხული ვარკვევდი, როგორ დავსაქმებულიყავი მთაში მასწავლებლად.

არსებობს ასეთი პროგრამა – „ასწავლე საქართველოსთვის“. ამ პროგრამის ფარგლებში მინდოდა დასაქმება. როგორც გავარკვიე, პანდემიის შემდეგ არც კი აუყვანიათ „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კადრი, არადა სკოლები ითხოვენ მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლებს.

რადგან ამ პროგრამით ვერ დავსაქმდებოდი, ვაკანსიები მოვძებნე მთის სკოლებში და ყველგან გავაგზავნე განაცხადი. შემდეგ ჩემი სკოლის დირექტორი დამიკავშირდა, გავიარე საფეხურები და ასე მოვხვდი ღორჯომში, გორგაძეების 9-კლასიან საჯარო სკოლაში. არანაირი დანამატი არ მაქვს ხელფასის სახით. დედაჩემიც მასწავლებელია და ისეთივე ხელფასი მაქვს მეც, როგორც მას“, – ამბობს ლუიზა.

მასწავლებელი გვიხსნის, რომ ღორჯომში ცხოვრებაზეც თავად ზრუნავს და ქირის გადახდის ნაცვლად მასპინძელი ოჯახის სკოლის მოსწავლე შვილებს ამეცადინებს დამატებით.

„არ არის მთაში ცხოვრება მარტივი, მითუმეტეს, როცა მკაცრი ზამთარია. როცა გათოვდება, აპრილამდე იქნება თოვლი. სადღაც 1200 ლარი გაქვს ხელფასი და უნდა დატოვო ოჯახი, მეგობრები, საყვარელი ადგილები, კინო, თეატრი, კაფე და წახვიდე მთაში.

სწორედ [დაბალი] ხელფასის გამო არ უღირთ მასწავლებლებს მთებში ასწავლონ და ხშირად ირჩევენ საერთოდ მიატოვონ მასწავლებლობა და სხვა მიმართულებით დასაქმდნენ. მეც შემეძლო ასე მოვქცეულიყავი და საყვარელი ადამიანის გარემოცვაში დავრჩენილიყავი, თუმცა მე ნამდვილად ძალიან მიყვარს მთა და ჩემთვის არც მთის ცხოვრებაა პრობლემა“.

ლუიზასგან ვიგებთ, რომ გორგაძეების საჯარო სკოლაში სულ 24 მოსწავლე სწავლობს.

მასწავლებლის დაკვირვებით, ბევრი მოსწავლე აქტიურადაა სასოფლო თუ საოჯახო საქმიანობაში ჩართული და ხშირად ამიტომაც ვერ ახერხებენ გაკვეთილების სრულყოფილად მომზადებას:

„როცა 2-3 მოსწავლე გყავს კლასში, თუ რომელიმე მათგანს რაიმე შეეშლება, ან ისე ვერ მოყვება როგორც საჭიროა, იქვე ვამეცადინებ და ვასწავლი, როგორც რეპეტიტორი. ქალაქის სკოლებში იმდენად ბევრი მოსწავლეა, რომ შესაძლოა ინდივიდუალური დრო ვერც კი გამოუყო მათ.

არასდროს მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც ვერ მოვასწარი, მოსწავლემდე ვერ მივიტანე ჩემი სათქმელი.

ვხვდები, რომ სწორი პროფესია ავირჩიე. ვუყვარვარ მოსწავლეებს და თუ ისეთი მომენტია, რომ დღეს იზარმაცა და არ ისწავლა რომელიმემ, შემიძლია ისე დაველაპარაკო, რომ შემდეგი დღისთვის აუცილებლად იმეცადინოს. ერთმა მოსწავლემ ისიც მითხრა, რომ არ მესწავლა, შემრცხვებოდაო. მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ და ვიცი, რა სჭირდებათ და როგორ მივუდგე.

წარმოვიდგენ, რა ენდომებოდა პატარა ლუიზას მათ ადგილზე და ვცდილობ ამით ვიხელმძღვანელო მოსწავლეებთან კონტაქტისას. მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი და რატომაც არა. ბავშვებს შევთავაზე, ფერადი საკლასო ოთახი ხომ არ გინდათ-მეთქი. ყოველ დღე მთხოვდნენ, მალე გვეყიდა საღებავები“, – გვიყვება მასწავლებელი.

ლუიზა თავად აპირებდა საღებავის ყიდვას ოთახის გადაღებვისთვის, თუმცა ამ საკითხის დირექტორთან განხილვის შემდეგ, დირექტორმა იდეის განსახორციელებლად თანხა სკოლის ბიუჯეტიდან გამოყო: „მოსწავლეებმა ცისფერი ფერი აირჩიეს, მაგრამ ხულოში საღებავების დიდი არჩევანი არ იყო და ლურჯი კლასი გამოგვივიდა“.

ახალგაზრდა მასწავლებლის თქმით, იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს, პროექტორი სჭირდებათ.

„მოსწავლეებმა არ იცოდნენ პრეზენტაციების კეთება და ნელ-ნელა ვასწავლი. როცა პრეზენტაციის დახმარებით ვხსნი გაკვეთილებს, ჩემი კომპიუტერის ეკრანს მათი მერხებისკენ ვაჩოჩებ. ყველა სკოლას სჭირდება პროექტორი. თანხას ვაგროვებ და ვფიქრობ, ზამთარში უკვე შევძლებ პროექტორი შევიძინო ჩვენი სკოლისთვის“.

ლუიზა ფიქრობს, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის არსებობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოსწავლის განათლების ხარისხისა თუ მოტივაციის გაზრდის.

მომავალ წელს ლუიზა სხვა მთაში ფიქრობს მასწავლებლობას, ახალი გამოცდილებისა და გარემოს გასაცნობად – „მცხეთა-მთიანეთში, პატარა ხის სახლში მინდა ვიცხოვრო“.

@luissashanidze პიკნიკი ბავშვებთან ერთად ☀️ #აჭარა #ღორჯომი💚🌸 #მასწავლებელი 👩🏻‍🏫🏔️ #პიკნიკი ♬ Home – Matthew Hall

ლუიზა ღორჯომისა და ღორჯომელების შესახებაც გვიყვება. ამბობს, რომ ადგილობრივებს განსაკუთრებული იუმორი აქვთ, რასაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დიალექტური ფორმები.

„დიდმა ოჯახმა მიმასპინძლა და ოჯახის ყველა წევრი იმას ცდილობს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ვცდილობ, რაღაც საქმეებში მეც დავეხმარო და ოდნავ მაინც შევეხიდო მათ, რადგან ვხედავ, რამდენად დიდი შრომა აქვთ.

ის სტერეოტიპი ჩემში დაიმსხვრა, რომ ჩემი ჩაცმის სტილი, ან რაიმე სხვა ადგილობრივებისთვის შესაძლოა მიუღებელი ყოფილიყო“, – გვეუბნება ლუიზა.

ლუიზა თავისუფალ დროს ძირითადად კითხვას უთმობს. წვიმიანი დღეების შემდეგ კი სოკოს საკრეფად მიდის ბავშვებთან ერთად. მას სოკოს მოკრეფის გამოცდილება აქამდე არასდროს ჰქონია.

მასწავლებლის საყვარელი ადგილი ღორჯომში მასპინძლის სახლის შუშაბანდიანი აივანია, რომელსაც მზე პირდაპირ უყურებს.

„აქ ყველაფერი მოჰყავთ, თითქმის არაფერს არ ყიდულობენ. დილის 7 საათიდან ფეხზე არიან და შრომობენ, რომ მათ შვილებს არაფერი მოაკლდეთ. ყველაზე ხშირად ბავშვების მიმართ რაც მესმის ეს არის – „თქვენ ისწავლეთ“ და მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვები.

აქაური ყოველდღიურობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა დაისვენონ. 6-თვიანი ზამთრის გადაგორებისთვის ყველა პროდუქტი უნდა მოიმარაგონ, დააბინაონ და ა.შ.

მინდოდა მომეყოლა, როგორ ვცხოვრობდი სოფელში. მომეყოლა აქ მცხოვრები ხალხის შესახებ და მეთქვა საზოგადოებისთვის, რომ მთაში ცხოვრება არ არის „კატასტროფა“, როგორც ეძახიან ხოლმე. ჩემი ვიდეოების ქვეშაც ბევრი კომენტარი დაიწერა, „მანდ რამ აგიყვანა, ხულოში და თანაც ღორჯომში“. საერთოდ არ არის აქ ცხოვრება ისეთი რთული, როგორც ამბობენ ხოლმე“,- მითხრა ლუიზამ საუბრის ბოლოს.

ლუიზა მოსწავლეებთან ერთად სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

რატომ არ უყვარს მასწავლებლების ნაწილს კომპლექსური დავალება – ინტერვიუ

მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მოსწავლეების ცოდნა შეაფასონ ორი მეთოდით – განმავითარებელი შეფასებითა და კომპლექსური დავალებით. ზოგიერთი პედაგოგი კრიტიკულად აფასებს კომპლექსურ დავალებებს და მიიჩნევს, რომ ეს ზედმეტი შრომა და ქაღალდომანიაა. რატომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „თაობის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თორნიკე ზაქარაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თორნიკე, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან პედაგოგები კრიტიკულად განწყობილნი კომპლექსური დავალებების მიმართ? თქვენ თუ გაქვთ იგივე დამოკიდებულება და რატომ?

კომპლექსური დავალების მიზანია დაადგინოს, გაიგო თუ არა მოსწავლემ სრულყოფილად ის თემა, რაც გაიარა და რამდენად დაეუფლა სქემის ფარგლებში სამიზნე ცნებებს.

კარგია ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ე.წ საგნობრივი მიზნები არ არის გაწერილი ერთ წელზე, არამედ საფეხურებრივია და მასწავლებელს მთელი სამი წელი აქვს იმისთვის, რომ რაღაც შედეგზე გავიდეს კონკრეტულ საგანში.

სწორედ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება პედაგოგს კომპლექსური დავალება.

მასწავლებელს აქვს სრული ავტონომია და თავისუფლება, რომ შუალედურ მიზნებს მიაღწიოს, თავად გამოკვეთოს ეს მიზნები ინდივიდუალურად და გადაწყვიტოს, როგორ აქცევს შუალედურ თემას გრძელვადიან მიზნად.

მაგალითად, სამოქალაქო განათლების მიზნები არის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო მონაწილეობა და მდგრადი განვითარება, ხომ?! ეს ოთხი ცნება არის ჩვენი მიზანი და ამაზე ბავშვებმა უნდა იცოდნენ ბევრი რამ.

თუ მაქვს კონკრეტული თემა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, ამ თემაში ჩემი შუალედური მიზანია ის, რომ ბავშვმა გაიგოს დემოკრატიის, სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ და სწორედ ამისთვის ვადგენ კომპლექსურ დავალებას.

კომპლექსური დავალება შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, რადგან რეალურად, ეს არის რამდენიმე საშინაო და საკლასო დავალების ნაკრები.

კომპლექსური დავალებისთვის შემიძლია მოვიფიქრო ბევრი რამ. მაგალითად, ბავშვს ვუთხრა – წარმოიდგინე, რომ ხარ უფლებადამცველი, ადვოკატი ან სახალხო დამცველი და იცი, რომ დაირღვა კონკრეტული მოქალაქის უფლება. ან, ვთქვათ, გენდერულ ნიადაგზე მოხდა ძალადობა და აკეთებ ამ თემაზე საჯარო განცხადებას. მომიმზადე საჯარო სიტყვა, სადაც ისაუბრებ იმაზე, რა უფლება დაირღვა, რატომ დაირღვა, რატომ უნდა დაიცვა და რომელი ინსტანცია უნდა გაიარო ამ უფლების დასაცავად.

ეს არის კომპლექსური დავალების ძალიან მარტივი მაგალითი.

არაფერია ამაში რთული და საშიში ხომ?! რასაც ვასწავლი ადამიანის უფლებებზე, იქიდან უნდა იხელმძღვანელოს მოსწავლემ.

  • რთულად რატომ ეჩვენება ეს პედაგოგების ნაწილს?

ვფიქრობ, მასწავლებლებს თავიდანვე არ აუხსნეს პრინციპი სათანადოდ და ამან გამოიწვია გაუგებრობა.

კომპლექსური დავალება გულისხმობს სამ რამეს: ეს არის საკითხი ანუ თემა; რა არის შეფასების კრიტერიუმები – ანუ რას ვაფასებთ, როგორ ვაფასებთ ბავშვს, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს და მესამე – ეს არის პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე.

მთავარი ამ სამიდან არის შეფასების კრიტერიუმები და არა პროდუქტი, როგორც ეს გაიგეს პედაგოგებმა.

  • შეფასების კრიტერიუმსაც მასწავლებელი ადგენს, თუ უკვე დადგენილია ეს კრიტერიუმები?

მასწავლებელი არის შეუზღუდავი ამ საკითხში და ცხადია, მას შეუძლია გამოკვეთოს ეს კრიტერიუმები. თავიდან ყველამ გაამახვილა ყურადღება პროდუქტზე, რომელიც მოსწავლემ უნდა შექმნას. სინამდვილეში პროდუქტი – იქნება ეს ვიდეომიმართვა თუ საჯარო სიტყვა ან სხვა, მეორეხარისხოვანია და მთავარია პროცესი, თუ როგორ აკეთებს ბავშვი ამ დავალებას.

რადგან მოსწავლის შეფასების ძველი მოდელი აქცენტს აკეთებდა ბავშვის ნაშრომზე, ბევრი ალბათ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, აქეთკენ წავიდა და ამაზე გადაიტანა ყურადღება და არა – პროცესზე.

თუმცა ეს არ არის მხოლოდ მასწავლებლების პრობლემა, უფრო იმის ბრალია, რომ ტრენინგების ან სხვა გადამზადების დროს სათანადოდ ვერ აუხსნეს, ვერ გააგებინეს პედაგოგებს, რა უფრო მნიშვნელოვანია.

შეიძლება პრობლემად განვიხილოთ ის, რომ მასწავლებლებს არ უყვართ ზოგადად ჩარჩოები და ამბობენ, რომ სხვა ბევრი რამითაც შეიძლება შეფასდეს მოსწავლე.

ამიტომ, როცა კანონმდებლობით გვევალება რაღაც, ეს მიაჩნიათ პრობლემად. თუმცა, ჩემი აზრით, კომპლექსური დავალებისა და კურიკულუმების ანუ ე.წ. სასწავლო გეგმის შედგენა კარგია.

  • მინახავს სოციალურ ქსელებში როგორ გამოაქვთ ხოლმე მასწავლებლებს კომპლექსური დავალების ნიმუშები და ირონიულად განიხილავენ. ფაქტია, რომ ზოგიერთი არ აღიქვამს ამას სერიოზულად.

ვიღაცისთვის შეიძლება ირონიული იყოს ეს დავალება, ვიღაცისთვის – საინტერესო, მაგრამ რეალურად, მასწავლებლებს აქვთ სრული თავისუფლება ამ დავალებების შედგენისას.

ვთქვათ, დემოკრატიაზე რა წარმოდგენა უნდა შეექმნას ბავშვს, ამის განსაზღვრის ავტონომია მასწავლებელს აქვს.

ჩემთვის კომპლექსური დავალება არის ინსტრუმენტი, რომ ჩემს საგანში რაღაც მიზნებს მივაღწიო და ეს ძალიან მაგარია.

შარშან საკმაოდ კარგი საგნობრივი გზამკვლევები გამოვიდა, საკმაოდ ნორმალური ფორმებია და იქ წერია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ კომპლექსური დავალება შესრულდეს და მასწავლებელმა ეს ფორმა უნდა შეავსოს. რაღაც მხრივ, ეს კარგიცაა, იმიტომ, რომ კომპლექსური დავალების უკეთ გააზრება ხდება.

  • რამდენი კომპლექსური დავალების ვალდებულება აქვს მასწავლებელს?

სრული ავტონომია აქვს სკოლას და მასწავლებელს ამ მხრივ.

ვერავინ ეტყვის მასწავლებელს, რატომ გააკეთე, ვთქვათ, ერთი კომპლექსური ამ თემის ფარგლებში და არა ხუთი. ეს მასწავლებლის გადასაწყვეტია.

სულ რომ არ გააკეთოს, ამის უფლება არ აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე, რადგან ყველა თემაში მუშავდება სამიზნე ცნება და ეს კომპლექსური დავალების გარეშე ვერ მოხდება.

რამდენად დაფარა სამიზნე ცნებები მოსწავლემ, ამას ადგენს კომპლექსური დავალება. დახურული ტესტებით ამას ვერ დავადგენთ.

  • გადავიდეთ კურიკულუმზე, რა მოეთხოვება ამის ფარგლებში მასწავლებელს და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ართულებს მასწავლებლის შრომას?

კურიკულუმი არის სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვაქვს სამი კურიკულუმი – ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლას აქვს სასკოლო-სასწავლო გეგმა და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საგნობრივი კურიკულუმი.

მასწავლებლის მიერ შედგენილ საგნობრივ კურიკულუმზე დაყრდნობით დგება სასკოლო კურიკულუმი. მათ ეფუძნება სკოლა, წესით.

აქ ყველაზე კარგად ჩანს მასწავლებლის ინდივიდუალიზმი და კონკრეტული სკოლის ავტონომიურობა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება, მაგრამ გზა, რომელსაც გადის სკოლა ეროვნული მიზნების მისაღწევად, სხვადასხვაა და ლოგიკურიცაა, რომ ყველა სკოლას განსხვავებული კურიკულუმი შეიძლება ჰქონდეს, რადგან ყველა სკოლას ერთი საჭიროება არ აქვს და სკოლების საჭიროება ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

  • ერთი პედაგოგი ფეისბუქში წერდა, „რა კურიკულუმი უნდა შეადგინოს სკოლამ ისეთი, რომელიც განსხვავებული იქნება ესგ-გან?“ – რაში ეთანხმებით და რაში არა?

ალბათ იმიტომ, რომ ნაწილობრივ გაიგო კურიკულუმის მნიშვნელობა.

კურიკულუმი ოთხ კითხვას პასუხობს – რატომ ვასწავლი? რას ვასწავლი? როგორ ვასწავლი? როგორ ვაფასებ?

  • ამ კითხვებს ესგ არ სვამს?

ესგ [ეროვნული სასწავლო გეგმა] პასუხობს კითხვას: რატომ ვასწავლი? რას ვასწავლი, ამაზეც პასუხობს ნაწილობრივ, რადგან სავალდებულო თემების ჩამონათვალია მოცემული, თუმცა როგორ ვასწავლი და როგორ ვაფასებ, ამაზე მასწავლებელმა უნდა უპასუხოს.

  • საქართველოში რასაც მიიჩნევენ სასკოლო კურიკულუმად, ეს არის გაუგებრობა“- წერდა კიდევ ერთი პედაგოგი. რა იწვევს ამ გაუგებრობას?

ამ კრიტიკას მეც ვეთანხმები ნაწილობრივ, იმ გაგებით, რომ უფრო მეტი ავტონომიურობაც შეიძლებოდა ჰქონოდა მასწავლებელს. ესგ, რა თქმა უნდა, გვიწესებს ჩარჩოებს და მგონია, უფრო მეტია ეს ჩარჩოები, ვიდრე უნდა იყოს.

  • მაგალითად, რომელი ჩარჩო არ მოგწონთ?

სავალდებულო თემების ჩამონათვალი, საათების განაწილება… სახელმწიფოს შეუძლია შემამოწმოს, ვაღწევ თუ არა შედეგს და ამ შედეგს კვირაში ოთხი გაკვეთილით მივაღწევ თუ ორით, ეს სკოლამ უნდა გადაწყვიტოს.

  • პედაგოგები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის გამო ისინი ზედმეტად შრომობენ. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა?

მასწავლებელი არ არის ვალდებული, გაკვეთილების შემდეგ ისევ იჯდეს სკოლაში და გეგმები წეროს. ეს პრეტენზია ლეგიტიმურია, თუმცა ნახევრად, რადგან მასწავლებელი ვალდებულია სამოქმედო გეგმა დაწეროს ზაფხულში. ამისთვის იღებს ის ზაფხულის ხელფასს.

თუ მასწავლებელი ნოემბერში იწყებს მატრიცის შედგენას, ალოგიკურიცაა, დამღლელიც და არასწორიც. თან გაკვეთილები ატარო ისე, რომ დაგეგმილი არ გაქვს და თუ გეგმებსაც გზა და გზა წერ, ეს გამოიწვევს ზედმეტ შრომას.

ამიტომ, წესით და რიგით, მასწავლებელმა კურიკულუმი და თემატური მატრიცა უნდა შეადგინოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

როგორ ხდება გაუტკივარება მშობიარობის და საკეისრო კვეთის დროს – ინტერვიუ

ეპიდურული გაუტკივარება მშობიარობის ტკივილის შესამსუბუქებლად ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა. ანესთეზიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ის მშობიარობის დროს ან საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის კეთდება, ბევრი მითი არსებობს. ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანესთეზიოლოგი შავლეგ კუტალაძე პასუხობს.

  • ბატონო შავლეგ, რა მეთოდები არსებობს მშობიარობისა და საკეისრო კვეთის გაუტკივარებისთვის? 

მშობიარობა არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ცხადია, თუ უკუჩვენება არ არსებობს იმისა, რომ ქალმა იმშობიაროს [მოგეხსენებათ, ასეთი უკუჩვენება საკმაოდ ბევრია]; ყველა გინეკოლოგი ძალიან ფრთხილად განიხილავს ამ საკითხს – თუ ოდნავ მაინც არის რაიმე რისკი, არავინ რისკავს – რა თქმა უნდა, სჯობს, რომ ქალმა იმშობიაროს. 

დღეს ძალიან ბევრი მეთოდია მოწოდებული საიმისოდ, რომ ქალს გაუადვილდეს მშობიარობა. მათ შორის არის წყალში მშობიარობა, ოჯახურ გარემოში ანუ პარტნიორთან ერთად მშობიარობა – ეს ყველა მეთოდი ჩვენს ქვეყანაშიც აპრობირებულია და ამ მეთოდებთან ერთად მსოფლიოში უკვე ძალიან დიდი ხანია დანერგილია მშობიარობის გაუტკივარება.

საზღვარგარეთ არის სპეციალური აქროლვადი ნივთიერებებით მშობიარისთვის ტკივილის გაყუჩების პრაქტიკა, თუმცა ყველაზე უსაფრთხო და გამოცდილი არის ეპიდურული, ანუ რეგიონული გაუტკივარება. ის გვაძლევს სწორედ იმის საშუალებას, რომ ქალს ჰქონდეს მაქსიმალურად გაუტკივარებული მშობიარობა.

  • საკეისრო კვეთის დროს გამოყენებული ზოგადი ანესთეზიის მედიკამენტი რამდენად უსაფრთხოა ნაყოფისთვის?

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სჯობს ქალმა იმშობიაროს ფიზიოლოგიური წესით, თუმცა თუ რაიმე რისკია ან მშობიარობის დროს რაიმე რთულდება, დგება საკეისრო კვეთის საჭიროება.

ყველა ექიმი დიდი სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს.

რაც შეეხება უშუალოდ საკეისროს – ეს არის ოპერაცია და მას სჭირდება ანესთეზია. ადრე, როცა არ იყო დახვეწილი რეგიონული ანესთეზია, საკეისრო კვეთა კეთდებოდა ზოგადი ანესთეზიით, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში შეიძლება მივმართოთ ზოგად ანესთეზიას; ან იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად ვერ ხერხდება რეგიონული ანუ სპინალური ანესთეზია; ან პაციენტს აქვს ალერგიული რეაქცია იმ მედიკამენტებზე, რომლებიც უნდა შევიყვანოთ; ან მისი ხერხემლის მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩხვლეტა – პუნქცია განვახორციელოთ.

საქმე ის არის, რომ ზოგადი ანესთეზიის დროს საანესთეზიო პრეპარატები ისევე მოქმედებს ნაყოფზეც, როგორც დედაზე, ამიტომ არის პრაქტიკა, რომ რაც შეიძლება მალე ამოიყვანოს ექიმმა ნაყოფი, რათა საანესთეზიო ნივთიერებებს ნაკლები ზეგავლენა ჰქონდეთ ბავშვზე. ეს იწვევს რიგ პრობლემებს, მაგალითად, შეიძლება დედა არ იყოს სრულყოფილად ანესთეზირებული, ისე მოხდეს ნაყოფის ამოყვანა და ამან დედას მიაყენოს ტკივილი და სტრესი. დაჩქარებული პროცედურა ასევე შეიძლება გარკვეულ შეცდომებთან და გართულებებთან იყოს დაკავშირებული.

ამის შემდეგ დედა ბავშვს რამდენიმე საათი საერთოდ ვერ ნახულობს, მასთან კანით კანზე კონტაქტს ვერ ახერხებს, ძუძუს რამდენიმე საათი ვერ აჭმევს და ა.შ. ამიტომ საკეისროს თითქმის 98% კეთდება სპინალური ანუ რეგიონული ანესთეზიით.

  • რა დროს ტარდება ზოგადი ანესთეზია ორსულებთან?

პროტოკოლის მიხედვით, როცა ბავშვის გულისცემა წყდება ან ნელდება და ინიშნება გადაუდებელი საკეისრო კვეთა, სპინალურის გაკეთების დროს პროცედურაში  დრო რომ არ დაკარგო, არის რეკომენდაცია, რომ შეგიძლია დააძინო პაციენტი. თუმცა აქაც კი არის ჩანაწერი, რომ თუ ჯგუფი არის გაწვრთნილი ისე, რომ ის ნაკლებ დროს მოანდომებს სპინალურის გაკეთებას, ვიდრე დაძინებას, პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ გავაკეთოთ სპინალური ანესთეზია და არა ზოგადი.

ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ზოგადი ანესთეზიის წილი საკეისრო კვეთებში, იმიტომ, რომ ასეთი ბავშვები იბადებიან სუნთქვითი დეპრესიებით, მათ შეიძლება დასჭირდეთ ინკუბატორში ან რეანიმაციაში ყოფნა, სასუნთქ აპარატზე გადაყვანაც კი.

  • რა უპირატესობა და უარყოფითი მხარე აქვს ეპიდურულ გაუტკივარებას?

დღევანდელი მედიცინა და თანამედროვე ანესთეზია გვაძლევს საშუალებას, რომ მშობიარობა წარიმართოს მინიმალური ტკივილით, ეპიდურული გაუტკივარების ფონზე. მინიმალური ტკივილი ძალიან დადებითად მოქმედებს დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევებითაც დასტურდება, რომ რეგიონული გაუტკივარებით ნამართი უმტკივნეულო მშობიარობა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ასევე, მცირდება ნაყოფის სტრესი, სამშობიარო ტრავმებიც ნაკლებია.

რაც შეეხება უარყოფთ ეფექტებს – ტექნიკურად შეიძლება პროცედურა გართულდეს, გახანგრძლივდეს, პაციენტისთვის მტკივნეული იყოს ჩხვლეტის პროცესი. 

ერთადერთი, რაც შედარებით ხშირი გართულება შეიძლება იყოს სამედიცინო პრაქტიკაში, არის პროცედურის ტექნიკური გართულება – პროცედურის დროს თავზურგტვინის მაგარი გარსის დაზიანების სახით.

ეს იწვევს იმას, რომ შეიძლება პროცედურა შეწყდეს და საერთოდ აღარ გაგრძელდეს, ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეპიდურული გაუტკივარება პაციენტმა არ გააგრძელოს და იმშობიაროს ტრადიციული მეთოდით; ან გააგრძელოს გაუტკივარება და აუცილებლად აუხსნის მშობიარე ქალს, რომ მშობიარობიდან 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი წამოჯდომის ან წამოდგომის დროს. ამის მიზეზია ის, რომ თავზურგტვინის სითხე იღვრება ეპიდურულ სივრცეში, თავზურგტვინის სითხეში წნევა მცირდება და იწვევს ტკივილს. ეს არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, უბრალოდ ექიმი გირჩევთ წოლით რეჟიმს, რომ თავბრუსხვევის დროს არ დაეცეთ.

  • რამდენად საფუძვლიანია შიში, რომ ეპიდურული გაუტკივარებისას შესაძლოა მშობიარეს გაუჭირდეს ჭინთვების მართვა და გართულდეს პროცესი?

ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ მეტწილად ეს შეიძლება იყოს არასწორი კომუნიკაციის ბრალი. პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ჩვენი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია – მე კი გაწვდით დოზას, რომელიც განსაზღვრულია თქვენი წონისა და სიმაღლის მიხედვით, მაგრამ ჩვენი ორგანიზმები ვარიაბელურია, ეს დოზა შეიძლება იყოს ვიღაცისთვის შედარებით მეტი და ვიღაცისთვის შედარებით ნაკლები.

ნაკლები დოზის შემთხვევაში ტკივილი მოემატება პაციენტს და დავუმატებთ აღნიშნულ წამალს, ხოლო მეტმა მიწოდებამ შეიძლება ტკივილის გაყუჩებასთან ერთად გამოიწვიოს კუნთების სისუსტე.

თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, როდესაც ექიმი ბოლომდე მეთვალყურეობს მშობიარობას, მშობიარე ქალი სრულყოფილად აღიქვამს თავის მდგომარეობას და ეუბნება ექიმს – „ექიმო, მე ახლა ვგრძნობ კიდურებში სისუსტეს…“ ამ შემთხვევაში ეს გართულებაც სრულად იქნება თავიდან აცილებული.

ამიტომ აუცილებელია ანესთეზიოლოგმა ზუსტად გააფრთხილოს პაციენტი, რა შეიძლება მოხდეს და რა შემთხვევაში უნდა შეატყობინოს ექიმს რომ [შეგრძნებებში] რაღაც იცვლება. 

ჩვენ მიერ შეყვანილი წამლის მოქმედების დაწყებას უნდა 10 წუთი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ დოზა შევამციროთ და მშობიარობამდე უკვე კარგი კუნთის ტონუსით მივიდეს მშობიარე ქალი. 

ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ ეფექტი არის დოზაზე დამოკიდებული, ანუ იმ კათეტერით, რომელიც დგას, თუ წამლის მაღალ დოზას შევიყვანთ, საკეისრო კვეთაც შეგვიძლია ვაწარმოოთ, მაგრამ თუ იმავე წამალს შევიყვანთ დაბალი დოზით, მხოლოდ ტკივილს გავაუტკივარებთ და კუნთების სისუსტეს არ გამოვიწვევთ.

ეპიდურული ანესთეზიის დროს ხერხემლის არხში ნემსით იდგმება წვრილი კათეტერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ეპიდურულ სივრცეში ადგილობრივი ანესთეტიკების შეყვანა. კათეტერი ძალიან წვრილია, არ უშლის ხელს პაციენტს არც გადაადგილებაში, არც წოლაში. ანესთეტიკის დამატებითი დოზის შეყვანა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ანესთეტიკის უწყვეტი ინფუზია. 

  • რამდენად საფუძვლიანია პუნქციის დროს ზურგის ტვინის დაზიანების შიში?

მოდით, საკითხს მივუდგეთ ასე, ზურგის ტვინი არის მოთავსებული ხერხემლის არხში, ჩვენი ხერხემალი იყოფა რამდენიმე ნაწილად: ეს არის კისრის ნაწილი, გულ-მკერდის ნაწილი, წელის ნაწილი და გალა-კუდუსუნის ნაწილი. ზურგის ტვინი იწყება კისრის მიდამოდან, ანუ გულ-მკერდის კისრის ნაწილიდან და გრძელდება გულმკერდის ჩათვლით, მაქსიმუმ წელის I-II მალის დონემდე შეიძლება ჩამოდიოდეს ზურგის ტვინი – ჩვენ კი სპინალური ანესთეზიის დროს, პუნქციას ვაწარმოებთ წელის IV-V მაქსიმუმ III მალის დონეზე. ანუ იქ ზურგის ტვინი საერთოდ არ არის. იქ გადის მხოლოდ ზურგის ტვინის ფესვები და ნერვები.

თანამედროვე ნემსი იმდენად ატრავმულია, ის ფიზიკურად ვერ ახერხებს ამ ნერვის დაზიანებას. ეპიდურული გაუტკივარების დროს ჩვენ თავზურგტვინის არხს შიგნით საერთოდ არ ვეხებით, ეს ყველაფერი ხდება თავზურგტვინის გარეთა შრეში, სადაც მხოლოდ ნერვები გამოდის და ამ ნერვებთანაც ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს. რომც მოხდეს ეპიდურული ანესთეზიით ამ არხის დარღვევა, მაგ შემთხვევაშიც კი ჩვენ ზურგის ტვინთან შეხება არ გვაქვს, იმიტომ, რომ რეალურად სხვა მიდამოში ვაკეთებთ ჩხვლეტას, იქ ზურგის ტვინი არ არის.

  • რამდენ ხანში გადის წამლის მოქმედება და რა დახმარება არსებობს საკეისრო ჭრილობის ტკივილისთვის?

პირველი 4-6 საათი პაციენტები ანესთეზირებულები არიან და ვერ დგებიან, შემდგომი 5-6 საათი პაციენტს შეუძლია ფეხზე ადგომა, მაგრამ იმდენად მტკივნეულია ჭრილობა, რომ შეიძლება ძალიან გაუჭირდეს.

სწორედ ამისთვის არსებობს და ჩვენთანაც დაინერგა რეგიონული ანესთეზიის კიდევ ერთი სახე, TAB ბლოკი, რომელიც მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია, საქართველოში, სამწუხაროდ, იშვიათად კეთდება. ამ დროს მუცლის მიდამოში ორი ჩხვლეტით ხდება ოპერაციის შემდგომი ჭრილობის გაუტკივარება და უკვე 6-8 საათში მელოგინე ქალს შეუძლია ფიზიკური აქტივობის დაწყება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ტკივილის გაყუჩების მხრივ, ისე დედის დროული რეაბილიტაციისა და შვილზე ზრუნვის პროცესისთვის.

TAB ბლოკი – ეს არის მუცლის წინა კედელზე არსებული ნერვების გაუტკივარება, რაც იწვევს ჭრილობის ტკივილის მინიმუმამდე შემცირებას. შედეგად ჩვენ გვჭირდება ნაკლები ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ვიცით, რომ ზედმეტი ტკივილგამაყუჩებლები ანუ არასტეროიდები კუჭის გაღიზიანებასაც იწვევენ.

ვცდილობთ, რომ არ მივცეთ პაციენტს დიდი დოზით საძილე საშუალებები, იმიტომ, რომ ეს იწვევს საშვილოსნოს მოდუნებას, რაც სისხლდენის ალბათობას ზრდის.

რაც შეეხება მშობიარობას, მაგალითად, თუ საშვილოსნოს ყელი დაზიანდა [„ჩახევას“ რასაც ეძახიან] და საჭიროა ნაკერების დადება, ეს შესაძლებელია მოხდეს ეპიდურული გაუტკივარების ქვეშ, ანუ თუ მშობიარე ქალს ეპიდურული კათეტერი უდგას, გავაგრძელებთ ანესთეზიას და როგორც მშობიარობას აუტკივარებდა, ისე მოხდება ამ პროცედურული ჩარევის გაუტკივარებაც. 

საქართველოდან შემოსული ფაროსანა თხილს ემუქრება – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის შავი ზღვის რეგიონს ფაროსანა შეესია. მედია წერს, რომ მწერების რაოდენობა სტაბილურად იზრდება და შავი ზღვის რეგიონში საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტს, განსაკუთრებით კი – თხილს.

„მწერი, რომელიც ყოველდღიურად 30 კილომეტრს ფარავს, თურქეთში საქართველოდან 7 წლის წინ შემოვიდა“ – წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“.

მწერებთან საბრძოლველად გამოიყენება როგორც ბიოლოგიური და ქიმიური, ასევე ხელით შეგროვების მეთოდიც. თურქული მედიის ცნობით, მიმდინარე წელს მავნებელთან საბრძოლველად ართვინის რეგიონში ჩინეთიდან 30 000-ზე მეტი „სამურაი ფუტკარი“ შეიყვანეს.

თურქეთში მწერებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი ყოველწლიურად 5 მილიარდ თურქულ ლირას უტოლდება.

თურქეთის თხილის ეროვნული საბჭოს (UFK) შეფასებით, მომავალ წელს მწერის პოპულაცია იმდენად გაიზრდება, რომ, შესაძლოა, ზიანი მიადგეს თხილის 80 %-ს. UFK – ის დირექტორთა საბჭოს წევრის შეფასებით, რეგიონი, შესაძლოა, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. „მიუხედავად იმისა, რომ შედეგს სამი წლის შემდეგ ვიხილავთ, ქიმიური ომი აუცილებელია“ – ვკითხულობთ თურქულ მედიაში.

საქართველო აზიურ ფაროსანას უკვე მე-8 წელია ებრძვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დასავლეთ საქართველოში – სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დაამუშავა 227 148 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით – 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი.

____________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

როგორ შეიძლება სასამართლოს „კლანისგან“ გაწმენდა – ვეტინგი

„უნდა გვესმოდეს, რომ არაკორუმპირებული სასამართლო სისტემა გვჭირდება ინვესტიციებისთვის, ეკონომიკისთვის, იმისთვის, რომ მომავალში ხალხი გახდეს ბედნიერი და მდიდარი,“ – ამბობს ლავლი პერლინგი, ესტონელი პოლიტიკოსი და ყოფილი მთავარი პროკურორი.

იგი აქტიურადაა ჩართული მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სასამართლო რეფორმებში, რომლებიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების და ეკონომიკური გადამოწმების გზით სისტემის კორუფციისგან გაწმენდას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაასრულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებში შედის, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარეშე ძალაუფლება კვლავაც „კლანის“ ხელშია და ეს არ მიუთითებს სასამართლო რეფორმის მოთხოვნის შესრულებაზე.

ასოცირებული ტრიო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, წლებია იღებს რეკომენდაციებს სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით. სისტემაში არსებული კორუფციული სქემები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ სასამართლო სისტემის კორუფციული კონტროლი სამივე ქვეყნისთვის იდენტური გამოწვევაა.

საქართველოში მსგავს ჯგუფს „კლანის“ სახელით მოიხსენიებენ, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ამ მოვლენას „კორპორატივიზმის“ სახელით შეხვდებით.

ევროკომისიის ბოლო ანგარიშის მიხედვით, კორპორატივიზმთან ბრძოლაში საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინას.

სასამართლო სისტემის რეფორმა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე სამივე ქვეყნისთვის აუცილებელ წინაპირობადაა დასახელებული. მთავარი განმასხვავებელი საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებს შორის ისაა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მათ რეფორმის გზაზე ერთჯერადი, გამონაკლისი მექანიზმის სახით ვეტინგის გამოყენება გადაწყვიტეს.

ვეტინგი ერთჯერადი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება და მისი არაკეთილსინდისიერი წევრებისგან გაწმენდა იმგვარად, რომ სასამართლო სისტემამ შემდგომში თავად შეძლოს თვითრეგულირება.

ჰალინა ჩიჟიკი, უკრაინელი ექსპერტი, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის (INJR) წევრი თავის ანალიტიკურ ნაშრომში – „სასამართლო მმართველობა გარდამავალი დემოკრატიებში: ნასწავლი გაკვეთილები“ წერს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის ევროპულმა სტანდარტმა, რაც „მოსამართლეების მიერ მართულ სასამართლოს“ წარმოადგენს, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში არ იმუშავა.

ჰალინა ჩიჟიკი, უკრაინელი ექსპერტი, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის (INJR) წევრი

ჩიჟიკი იქვე აღნიშნავს, რომ თავად ვენეციის კომისიამაც აღიარა, რომ ზოგიერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტებმა შესაძლოა შექმნას პარადოქსი:

„დამოუკიდებლობის გარანტიების მინიჭება“ ისეთი მოსამართლეებისათვის, რომლებიც პრაქტიკაში სულაც არ გამოირჩევიან დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით, აყალიბებს კორპორატიულ მიდგომებს, რაც იწვევს ფართოდ გავრცელებულ კორუფციას, პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის ნაკლებობას“.

ვეტინგმა სისტემა ისე უნდა გაწმინდოს, რომ დამოუკიდებლობის გარანტიების მიცემა სასამართლო დამოუკიდებლობას აძლიერებდეს და არ ქმნიდეს კორპორატივიზმის საფრთხეს. ამ მიზნისთვის, მაგალითად, შესაძლოა, თავად უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სისტემიდან გაშვებაც, თუკი ისინი კეთილსინდისიერების შემოწმებას ვერ გაივლიან. ალბანეთის მაგალითზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არსებობს, სადაც სასამართლომ მომჩივანი მოსამართლის გათავისუფლება ვეტინგის პროცესში დასაშვებად მიიჩნია.

უკრაინასა და მოლდოვაში ვეტინგის კომისიებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ხდება მოსამართლეთა გავლენის ბოროტად გამოყენების რისკების დაბალანსება.

სისტემა ორივე ქვეყანაში მარტივია – პირველ ეტაპზე სწორედ ის რგოლი მოწმდება, რომელმაც შემდეგში თავად უნდა შექმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები და მოსამართლეების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები უნდა გადაწყვიტოს.

შემოწმება მოიცავს კანდიდატთა/მოსამართლეთა ფინანსურ შემოწმებასაც – რამდენად შეესაბამება აღნიშნული პირის და მისი ოჯახის ქონება და ბოლო წლების ხარჯები მის ოფიციალურ შემოსავლებს, ხომ არ რჩება განცდა, რომ ის სხვა გზებით იღებდა შემოსავალს და აგროვებდა ქონებას; გროვდება ინფორმაცია სხვადასხვა ანგარიშიდან; შემოწმებაზე ხშირად გავლენა აქვს ჟურნალისტურ გამოძიებებს კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ და ა.შ.

უკრაინაშიც და მოლდოვაშიც ბევრმა მოსამართლემ თავად დატოვა თანამდებობა და ვეტინგის სისტემაში შესვლაზე უარი თქვა. როგორც ჰალინა ჩიჟიკი გვიხსნის, მათ არ ჰქონდათ შემოწმების გავლის იმედი და გადადგომით აარიდეს თავი ამ პროცესს, ასევე, საპენსიო და სხვა ბენეფიტების დაკარგვას.

პროცესი ხანგრძლივია. ლავლი პერლინგი ამბობს, რომ ჯერ ადრეა ვეტინგის შედეგების შეფასება. ასევე ფიქრობს ჰალინა ჩიჟიკიც, რომელიც შიშობს, რომ საერთაშორისო ექსპერტები ისე კარგად ვერ გაერკვევიან ადგილობრივ სიტუაციაში, როგორც თავად უკრაინელი ექსპერტები სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს კომპრომისული შეთანხმება იყო.

ლავლი პერლინგი, ესტონელი პოლიტიკოსი და ყოფილი მთავარი პროკურორი

ვეტინგის ეფექტურობის შეფასება რომ ადრეა, ამას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძეც ადასტურებს, თუმცა ყოფილ მოსამართლეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო კლანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დასჯილთა შორის, საქართველოში არსებულ მდგომარეობაში ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მაინც ვეტინგი მიაჩნია:

„დრო შეაფასებს ამ პროცედურის ნაკლოვანებებს. შეიძლება უფრო მეტად დახვეწოს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ახლა ლოდინის შესაძლებლობა – ამის ერთი მიზეზია ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა, რა ფაზაშიც ვიმყოფებით ევროინტეგრაციის გზაზე და მეორე – შიდა ვითარება – რაც სასამართლო სისტემის არსებულ მდგომარეობაში გამოიხატება

ფაქტობრივად, საზოგადოებაში უკვე გაჯერებულია ეს [კლანის არსებობის] აზრი, ყოფილი მოსამართლეები ღიად საუბრობენ ამის შესახებ, მოქმედი მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ილახება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კორპორატივიზმზე ამერიკის მხრიდან მოსამართლეთა კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი და სავიზო სანქციების მექანიზმი იქნა გამოყენებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეების მიმართ. მკვლევრები, ჟურნალისტური გამოძიება ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს.

საერთოდ მორღვეულია ანგარიშვალდებულების მექანიზმი საქართველოს სასამართლო სისტემაში; მოსამართლეებს გასაუბრების დროს რომ ეკითხებიან, ვის წინაშეა მოსამართლე ანგარიშვალდებული, პასუხობენ, რომ არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული; ზოგი პასუხობს, რომ საბჭოს წინაშე, ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ კანონის წინაშეა… ანუ ანგარიშვალდებულების სისტემა და მექანიზმი არ არსებობს და არც არის ამისი კულტურა.

მოსამართლეების მიერ არჩეულმა მოსამართლეების მოდელმა წარმატებით ვერ იმუშავა, იქ სადაც არ არსებობს ანგარიშვალდებულების გამართული სისტემა. ნორმატიულად ჩვენთან არსებობს მოსამართლეთა შეფასების სისტემა, მაგრამ ერთია ის, რომ საერთოდ არც მუშაობს და მეორე – რომც მუშაობდეს, ისევ ამ საბჭოს წევრების და გავლენიანი მოსამართლეების ხელში ხვდება ეს შეფასება, კარგავს ობიექტურობის განცდას და არ იქნება არასოდეს სანდო და მოსამართლის მორჩილების კიდევ ერთ მექანიზმად იქცევა.

ამიტომ ვამბობთ, რომ თუ მრავალი სხვადასხვა აქტორის დასაბუთებული შეფასება იქნება და გარე აქტორებიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას, ეს იქნება უფრო სანდო პროცესი. ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც თავისი შინაარსით ერთჯერადია, შემდეგ უნდა გაგრძელდეს რაიმე შესაფერისი სისტემით,“ – აღნიშნავს მაია ბაქრაძე.

მაია ბაქრაძე, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

იგი ამჟამად დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრია. მაია ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ქვეყნის ზომაც, რის გამოც, ჰალინა ჩიჟიკისგან განსხვავებით, იგი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ სუბიექტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა დადებით შედეგს გამოიღებს:

უვადოდ გამწესება მოსამართლეს ვეტინგისგან ვერ დაიცავს. საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებითდამოუკიდებელი იურისტების ჯგუფისგან, ჩვენი მიდგომა იქითკენ იყო მიმართული, რომ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს კეთილსინდისიერების კომპონენტი.

ამაში მოიაზრება კორუფცია, შიდა კავშირები, მაგალითად, ხომ არ არის კლანური, ნეპოტისტური კავშირები? ხომ არ განუხორციელებიათ მოსამართლეზე ზეწოლა? – აი, ეს არის პრიორიტეტულად შესამოწმებელი საქართველოს ფარგლებში: საქართველოს ეს გამოწვევა უდგას და არაერთი წყაროთი დასტურდება ეს, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებით, ყოფილი მოსამართლეების განცხადებებით, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა.

ვეტინგი არ არის ქირურგიული ჩარევა, ეს არის ხელახალი გადამოწმება ფაქტების, დოკუმენტების მეშვეობით, ობიექტური მსაჯულებისაგან შემდგარი კომისიის მიერ.

რასაკვირველია, ეს უნდა მოხდეს მრავალი სუბიექტის, როგორც მოსამართლეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიის და საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

საერთაშორისო აქტორების ჩართვას ხშირად ისე აღიქვამენ, რომ თითქოს მათი ჩართვა ადგილობრივების ნაკლები კომპეტენციის გამო ხდება – ეს არ არის ამის განმაპირობებელი. საერთაშორისო სუბიექტის ჩართვა ემსახურება იმას, რომ არ გაჩნდეს კომისიის მიმართ მიკერძოებულობის განცდა.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ყოველთვის არსებობს ასეთი კავშირების დამყარების შესაძლებლობა, საერთაშორისო აქტორებთან კი ასეთი ინდივიდუალური კავშირების დამყარების ალბათობა მინიმალურამდეა დაყვანილი, ამიტომ მათი მონაწილეობა უფრო მეტად სანდოს ხდის კომისიის მუშაობას“.

ჰალინა ჩიჟიკი გვიხსნის, რომ უკრაინაში სასამართლო სისტემის რეფორმის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და მებრძოლი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლო სისტემის რეფორმებზე, ამზადებდნენ კვლევებსა და ანგარიშებს, მუდმივად ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის უფრო მკაცრად მოეთხოვათ რეფორმების შესრულება.

ჰალინა ჩიჟიკიც იხსენებს, რომ ეს არ იყო მარტივი პროცესი, ხშირად ინდივიდუალური პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები ბლოკავდნენ პროცესს, თუმცა საბოლოოდ შესაძლებელი გახდა პროცესის დაძვრა. ახლა მას ყველაზე მეტად ის აშინებს, პროცესი რამდენად წარმატებით ჩაივლის და რამდენად მოახერხებს უკრაინა საომარ მდგომარეობაში სისტემის ბოლომდე გაწმენდას. მას ასევე ეჭვი ეპარება, რომ 4 წელი, რომლის შემდგომაც სასამართლო სისტემამ თავად უნდა განაგრძოს თვითრეგულირება, საკმარისი დროა შედეგის მისაღწევად.

ლავლი პერლინგი, რომელიც მოლდოვისა და უკრაინის რეფორმებში მონაწილეობს, ამბობს, რომ რეფორმის წარმატების მთავარი წინაპირობა პოლიტიკური ნებაა. მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიებში ქვეყნებს პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მართავენ, სწორედ ამისთვის ვირჩევთ მათ და მათი პოლიტიკური ნება თუ არ არსებობს, საუკეთესო შემთხვევაში ისე უნდა გაძლიერდეს დაკვეთა და წნეხი ამომრჩევლისგან, რომ ეს ნება გაჩნდეს.

„არასდროს დანებდეთ, მთავარი ესაა. მე, როგორც ყოფილი პროკურორი, რომელიც წლების განმავლობაში ვებრძოდი კორუფციას, ვიტყოდი, რომ კორუფციასთან ბრძოლისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება, ეფექტური კანონმდებლობა და მოტივირებული მებრძოლები. ეს სამფეხა სკამივითაა და სიმყარისთვის საჭიროა, რომ სამივე ფეხი თანაბარი ზომის იყოს“, – ამბობს ლავლი პერლინგი.

მის პოზიციას პოლიტიკური ნების აუცილებლობაზე იზიარებს მაია ბაქრაძეც და ამბობს, რომ ამ ნებას პოლიტიკურ ხელისუფლებაში ვერ ხედავს, თუმცა სჯერა, რომ ვეტინგის სისტემა წარმატებული იქნებოდა საქართველოში, რადგან თავად სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც დაიღალნენ კლანური მმართველობით და სურთ ამის დასრულება. იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მოსამართლეები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან დიდი ნაწილი აქტიურობას სამაგალითო სადამსჯელო ღონისძიებების გამო ერიდება.

რატომ არ აქვს პოლიტიკური ნება საქართველოს ხელისუფლებას და რა არგუმენტებით ეწინააღმდეგებიან ვეტინგის გამოყენებას? – ვკითხეთ ყოფილ მოსამართლეს.

„ვინც ქართულ სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემას არ აღიარებს, ეს არის პოლიტიკური უმრავლესობა და თვითონ სასამართლო სისტემა. მათ გარდა ყველა შიდა და გარე აქტორი ამას აღიარებს. თუ ისინი ამ პრობლემას არ აღიარებენ, რა თქმა უნდა, არც კი განიხილავენ, რომ შემოწმება უნდა მოხდეს.

ზოგადად, სხვა ქვეყნების გამოცდილებით და, სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაც ასეთია, სასამართლოში წარმატებული რეფორმების პერიოდად მიიჩნევა ხელისუფლების არჩევიდან პირველი ორი წელი. ჩვენს სინამდვილეშიც ასეა. სასამართლოში განხორციელებული ცვლილებები ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველ წლებში მოხდა და 2007 წლიდან გაუარესდა მდგომარეობა პოზიტიური არსებითი ცვლილებები 2012-15წლებში გატარდა როდესაც ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო. და 2021 წელს განხორციელებული ცვლილებით თავისივე გაუმჯობესებული რედაქციაც კი გააუქმა უმრავლესობამ.

რაც უფრო დიდი ხნით რჩებიან ხელისუფლებაში, უფრო და უფრო უტკბებათ ხოლმე მორჩილი სასამართლო. ჩვენს სასამართლო სისტემის მმართველ რგოლს სამწუხაროდ მორგებული აქვთ ეს როლი.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება? – ვკითხეთ მაია ბაქრაძეს.

„ვეტინგი ჩვენ ვითარებაში ახლა ყველაზე რეალური გამოსავალია. ამას სჭირდება შესაბამისი კანონმდებლობა, კანონმდებლობას კი პოლიტიკური ნება. პოლიტიკურ ნებას სჭირდება ხალხის მხრიდან მისი გამოწვევა.

თუ ხალხს დააინტერესებს ეს საკითხი, გაცილებით მარტივად მივიღებთ შედეგს. თუ არა, მაშინ თვითონ პოლიტიკოსებს უნდა გაუჩნდეთ ეს პოლიტიკური ნება. ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა სყველა მათგანი დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბარს იწყებს მას შემდეგ, რაც კარგავს ძალაუფლებას. ამიტომ ძალაუფლება თუ დანაწილდა, ეს ნებაც უფრო ადვილად გაჩნდება ამბობს ყოფილი მოსამართლე.


რუსეთი იყენებს ყოფილ პატიმრებს „ელიტურ“ დანაყოფში – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 24 ოქტომბერს, X-ზე [ყოფილი ტვიტერი] აქვეყნებს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს რუსეთი ქვედანაყოფ Shtorm –Z-ს რუსეთ-უკრაინის ომში.

დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ Shtorm –Z პირველად 2022 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინაში ადგილობრივი შეტევისთვის.

„არსებობს რეალური ვარაუდი, რომ რუსეთი Shtorm –Z-ს თავდაპირველად იყენებდა, როგორც ელიტურ ორგანიზაციას, რომელსაც ტაქტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდება შეეძლო“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ცნობით, 2023 წლის გაზაფხულიდან Shtorm –Z ფაქტობრივად იქცა დანაყოფად, რომელიც მსჯავრდებულებით და რეგულარული ჯარის იმ მებრძოლებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც დისციპლინური გადაცდენა აქვთ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, მონაცემების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ Shtorm –Z გამოიყენება ფრონტზე შეტევებისთვის, მათ ლოჯისტიკურ თუ სამედიცინო დახმარებას ნაკლები ყურადღება ექცევა.

Shtorm-Z-ის არსებობა ხაზს უსვამს რუსეთში ქვეითების მომზადების სირთულეს – მიიჩნევს ბრიტანეთის დაზვერვა.

Shtorm-Z-ის შესახებ საგამოძიებო მასალა „როიტერსმა“ 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. გამოძიების თანახმად, Storm Z-ის რაზმები ძირითადად ყოფილი პატიმრებისგან შედგება, მაგრამ აქ ასევე ხვდება სამხედრო პერსონალი, რომლებიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღებისას დაიჭირეს, ან რომლებიც უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე. „თუ კომენდანტები დაიჭერენ ვინმეს, ვისაც ალკოჰოლის სუნი ასდის, მაშინვე იქ აგზავნიან“, – უთხრა ჟურნალისტებს რუსმა ოფიცერმა.

______________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს სხდომა დატოვა, 1 წევრი დარჩა – პროტესტი ჩაიშალა

დღეს, 24 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ – „ლელომ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გახარია – საქართველოსთვის“ ერთმა წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ოპოზიციის პროტესტი შეეხებოდა დღეს სხდომაზე გამოტანილ საკითხებს – კერძოდ, გადაწყვეტილებებს კონკრეტული პროექტების  K2 კოეფიციენტების გაზრდასთან დაკავშირებით. სხდომაზე დაამტკიცეს ერთი დეტალური განაშენიანების გეგმა და სამი კონცეფცია.

ოპოზიციის პროტესტის საფუძველია ისიც, რომ ეს საკითხები საკრებულოს უმრავლესობამ სხდომამდე ორი დღით ადრე დამატებითი, საკითხების  სახით მიაწოდა ოპოზიციას და დეპუტატებს მათი შესწავლის დრო ფაქტობრივად არ ჰქონდათ.

ოპოზიციამ დღეს ამ საკითხების დღის წესრიგიდან ამოღების საკითხი დააყენა, მაგრამ უმრავლესობამ ეს მოთხოვნა ჩააგდო.

ოპოზიციამ ათწუთიანი შესვენება მოითხოვა სათათბიროდ. ამ დროში „ლელო, ენმ და გახარიას პარტიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ დაეტოვებინათ საკრებულოს სხდომა და რადგან დღეს საკრებულოს უმრავლესობის ერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა, „ოცნებას“ კვორუმი არ ექნებოდა, სხდომა ჩაიშლებოდა და საკითხებს ვერ დაამტკიცებდნენ.

თუმცა ოპოზიციის ეს გეგმა ნატალია ძიძიგურმა ჩაშალა, „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა. მან თქვა, რომ სხდომაზე რჩება პირადი გადაწყვეტილებით და არ ათანხმებს პარტიას ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.

„მე დამოუკიდებელი ვარ და საკრებულოში კრიზისს არ დავუშვებ“ – აღნიშნა ნატალია ძიძიგურმა.

ოპოზიციამ აღნიშნა, რომ ნატალია ძიძიგურმა დღეს „ოცნებას“ „კომფორტი შეუქმნა“. მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა ყველა იმ საკითხს, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა.

ოპზოციის ცარიელი სავარძლები საკრებულოს სხდომაზე

ამავე თემაზე: 

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

კომპანიის კუთვნილი 1,6 მილიონი ლარის მითვისებაზე ერთი პირი ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი იქნა მიცემული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 630 000 ლარი.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 295 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 5 105 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 9 669 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 7 081 ერთეული [+24]
  • MLRS – 828 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 552 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 363 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 537 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 447 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 1 006 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 511 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 220 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 890 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 169 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 865 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 602 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინაში 508 ბავშვი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად – პროკურატურა

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

ბათუმის საკრებულომ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ახალ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, განაშენიანების დეტალური გეგმები და კონცეფციები, სხდომის წინა დღეს, ანუ დღეს, 23 ოქტომბერს დაამატა. ეს პირველად არ ხდება. შესაბამისად, საზოგადოებას მხოლოდ სხდომის წინა დღეს შეუძლია გაიგოს, ან ნაკლები შანსი აქვს, რომ სხდომამდე საერთოდ გაიგოს, დაგეგმილი მასშტაბური პროექტების შესახებ, რომლებიც მის საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს უნდა აშენდეს.

სხვათა შორის, ამ პროექტებში ყოფილი ვიცე-მერის სახელი და გვარიც ფიგურირებს: ზურაბ ბერიძე სამშენებლო ბიზნესს იწყებს. მისი კომპანია ფიროსმანის ქუჩაზე მშენებლობას გეგმავს. მასშტაბური პროექტის კონცეფციის დამტკიცება და შესაბამისი გდგ დოკუმენტის მომზადებაზე დავალების გაცემა ხვალ, 24 ოქტომბერს, საკრებულოს სხდომაზე იგეგმება.

ხვალვე საკრებულოზე დასამტკიცებელი აქვთ სამი პროექტის კონცეფცია, ერთი გდგ დოკუმენტი და ერთიც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში K2 კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნა.

მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხები, დამატების სახით დაგვიანებით ეგზავნება ოპოზიციასაც, ამას ისინი სხდომაზეც ხშირად აპროტესტებენ.

ერთ-ერთი პროექტის რენდერი, რომლის მშენებლობაც იუსტიციის სახლთან ახლოს იგეგმება

იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლის ზოგადი შესწავლაც ერთ დღეში, სხდომამდე მოვასწარით,  ბათუმში, იუსტიციის სახლთან ახლოს, კომპანიები – შპს „ბლექ სი თაუერი“ და  შპს „ცენტრალ სითი ლაინი“ გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარე 4194 კვ.მეტრ ფართობზე ორი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავენ.

ეს მეორე პროექტის რენდერია

კომპანიებმა ბათუმის მერიას ერთობლივი დოკუმენტით მიმართეს და როგორც კონცეფციის დამტკიცებას, ასევე პროექტების K2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვენ. ასევე, მერიამ უნდა გასცეს დავალება პროექტების დეტალური გეგმის მომზადებაზე, რასაც საკრებულოს თანხმობაც სჭირდება.

კონცეფციის მიხედვით, რომელიც კომპანიებმა მერიას უკვე წარუდგინეს, სამშენებლო მიწის ნაკვეთი ოთხი საკადასტრო ერთეულია, მათ შორის ერთ-ერთზე დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ასევე სასტუმრო ნომრებს, გასართობ სივრცეს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს და სხვა კომერციულ ობიექტებს, ასევე მიწისქვედა პარკინგს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ადგილის სამშენებლოდ გამოსათავისუფლებლად „ხრუშოვკის ტიპის“ სახლის დემონტაჟს გეგმავენ. დაგეგმილი პროექტის მშენებლობისთვის კომპანია K2 კოეფიციენტის გაზრდას 4.6-დან 17.0-მდე ითხოვს.

შპს „ბლექ სი თაუერის“ 76 პროცენტს ბიზნესმენი ლევან ხიმშიაშვილი ფლობს, 24 პროცენტი კი ზურა ხიმშიაშვილს ეკუთვნის. 

შპს „ცენტრალ სითი ლაინის“ 50 პროცენტის მფლობელი და დირექტორი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძეა. დარჩენილ 50 პროცენტს კი გიორგი ზოიძე ფლობს. [სავარაუდოდ, ის ბიზნესმენ ჯუმბერ ზოიძის შვილია]. 

ბათუმში, გრიგოლ ელიავას ქუჩის, ადლიის ქუჩის და ამავე სახლობის ჩიხს შორის შპს „ტემპო ჰოლდინგი“ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ, ხვალ 24 ოქტომბერს უნდა დაამტკიცოს.

კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას 9.0-მდე ითხოვს. თუ საკრებულო პროექტის გდგ-ს დაამტკიცებს, როგორც ამას კანონი ითხოვს, პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანიამ კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიას უნდა გადასცეს.  როგორც მერია განმარტავს, ფართობი პროექტირების ეტაპზე უნდა დაზუსტდეს.

პროექტის რენდერი

სამშენებლო მიწის ნაკვეთი სამ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს და ჯამში მათი ფართობი 8100 კვ მეტრია. ამ დრომდე ამ ნაკვეთებზე კერძო სახლები და გამწვანებული ეზოები იყო.

კონცეფციაში მოცემული ინფორმაციით, პროექტი ორი ბლოკისგან შედგება და თითოეულში 285 ბინა იქნება. დოკუმენტში მითითებულია, რომ პროექტს მიწისქვედა პარკინგი ექნება 40 მანქანისთვის, ხოლო მიწის ზემოთ 80 ადგილი იქნება გათვალისწინებული.

რენდერი, რომელიც ასახავს, როგორ განთავსდება კორპუსი სამშენებლო ნაკვეთზე

შპს „ტემპო ჰოლდინგის“ მფლობელები არიან: გიორგი დავითაძე [26%]ბექა გასიტაშვილი [9%]ვლადიმერ გასიტაშვილი [19%] თორნიკე ფაღავა [ 26%] ბონდო კონცელიძე [20].

უსინათლო ქალის ბრძოლა – „მე თვითონ დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება“

ავტორი: დიანა ცეცხლაძე

__________________

ტერმინ – „შშმ პირის“ უკან დგანან სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ყველა ჯგუფს თავისი საჭიროებები აქვს და ყველაზე მეტად ამ საჭიროებების შესახებ იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც თავად არიან შშმ პირები. ესმაც მათ შორისაა. იგი წლებია შშმ პირთა უფლებადამცველი და შშმ საკითხებისა და პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპიკერია საქართველოში.

მე ესმა გუმბერიძე ვარ, 28 წლის. დაბადებიდან უსინათლო. მცირე შშმ ქალთა ორგანიზაცია, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ დამფუძნებელი, შშმ ქალთა ეროვნული ქსელის გამგეობის წევრი. მიუხედავად ამისა, როგორც დამოუკიდებელი აქტივისტი, ისე ვპოზიციონირებ, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ვარ სხვადასხვა უწყებასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრი. ვწერ ბლოგებს, ძირითადად, შშმ პირების უფლებებზე, ასევე ქალთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე.

ჩემი უსინათლობა თანდაყოლილი დარღვევაა და კონკრეტულად არც მახსოვს, რა ასაკში გავიაზრე, რომ ეს დარღვევა მაქვს. ბავშვობიდან ოპერაციებს მიკეთებდნენ თვალებზე. სოფელში, ბავშვებთან ყოფნის დროს ვგრძნობდი გარიყულობას, რადგან არ შემეძლო მათთან ერთად ბურთის თამაში, მაგრამ მაინც ყოველთვის თან დავყვებოდი მათ.

8 წლის ვიყავი, როცა სპეციალურ სკოლაში მივედი და მეორე კლასის მოსწავლე გავხდი. მისვლის დროს ალბათ ყველაზე კარგად გავიაზრე ჩემი დარღვევის შესახებ.

დაბრკოლებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მხედველ გარემოში გასვლა დავიწყე: როცა ვიღებდი მონაწილეობას ოლიმპიადის ბანაკებში, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და გავიაზრეთ მეც და ჩემმა მშობლებმაც, რომ სასწავლო პროცესი არ იყო ხელმისაწვდომი, არ მქონდა საჭირო ლიტერატურა. უნივერსიტეტმა არ იცოდა რა პირობები უნდა შეექნა ჩემთვის და პირველ კურსზე, მე თვითონ, გამოუცდელმა სტუდენტმა დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება.

ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, როცა გავიაზრე, რომ შემეძლო უნივერსიტეტში დამოუკიდებლად გადაადგილება, თუ მასწავლიდნენ. შესაბამისად, ჩემი მშობლები დილით მიმიყვანდნენ იქ და მთელი დღე დამოუკიდებლად ვიქნებოდი.

დამოუკიდებლობა ძალიან უცნაური რამაა. თავიდან გინდა, მაგრამ როცა ყველა გეუბნება, რომ არ გინდა და არ გჭირდება, მერე შენც ეშვები და იმას, რომ გეხმარებიან იქ, სადაც არ უნდა გეხმარებოდნენ, იღებ, როგორც მოცემულობას და თუ შემდეგ აღარ დაგეხმარებიან, შენ ბრაზდები.

ძალიან ხშირად შშმ პირებს გვაქვს განცდა, რომ ვიღაც მუდმივად გვაკვირდება, რეალურად კი ეს ასე არ არის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გავაანალიზე, თუ როგორი უჩინარები ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ხელჯოხით გადაადგილებისას, კიბეებზე ასვლისას, იქვე მყოფი სტუდენტებისთვის არაერთხელ დამიბიჯებია ფეხი ან ხელჯოხი დამირტყამს შემთხვევით, მათ წლების შემდეგ არც კი ვახსოვდი და ჩემ შესახებ არც არაფერი იცოდნენ. არ იცოდნენ, რომ მეც თსუ-ს იმავე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როგორც ისინი.

ესმა გუმბერიძე/facebook

თუ გამჩნევენ, მხოლოდ შეცოდების გრძნობა აქვთ. მე ამას ვერ ვხედავ, შესაბამისად, თუ ვინმემ ეს სიტყვიერად არ გამოხატა, ვერ ვგრძნობ, მაგრამ არაერთი ეტლით მოსარგებლე შშმ პირისგან გამიგია, რომ ქუჩაში მათი გასვლა დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს. როცა ქუჩაში მხედველ მეგობრებთან ერთად დავდივარ, ყველა მათთან იწყებს საუბარს, აზრადაც არ მოსდით, რომ მე რაიმე მკითხონ ან მესაუბრონ.

მინახავს, როგორ ლაპარაკობენ ჩემ შესახებ, ჩემი თანდასწრებით, მესამე პირში. როცა მარტო ვარ და ჩემგან ინფორმაციის გაგება უნდათ, სხვა გზა არ აქვთ. ხშირად ადამიანები სახელს არ მეუბნებიან და ისე მესაუბრებიან – „ესმა, როგორ ხარ?’’ „კარგად“ – ვპასუხობ და დიალოგი წყდება, იმიტომ, რომ ხმებით ადამიანებს სწრაფად ვერ ვიმახსოვრებ და არ ვიცი რა ვკითხო, ისიც კი არ ვიცი შენობით უნდა მივმართო თუ თქვენობით.

იყო სიტუაცია, როცა ადამიანებს არ უთქვამთ, რომ მიდიოდნენ და ლაპარაკი ცარიელ სივრცეში გამიგრძელებია. ხშირად ხდება, როცა ქუჩაში მივდივარ და ხელს მავლებენ, თითქოს მეხმარებიან, თუმცა ეს ჩემთვის იმავეს ნიშნავს, რაც მხედველისთვის თვალზე აფარებას. ამ დროს შეიძლება დაიბნე და რაღაცას შეეჯახო.

განათლების მიღება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. დღეს, ვფიქრობ, სკოლებში უკეთესი სიტუაციაა, რადგან გაჩნდა სხვადასხვა სერვისი, სპეცმასწავლებლები, ასისტენტები და ერთიანი ხედვა ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად. იგივე ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც, თუმცა სკოლაში ერთ სპეცმასწავლებელს მიბარებული ჰყავს ხუთი შშმ პირი სხვადასხვა დარღვევით; ვიღაცას ფსიქოლოგიური დარღვევა აქვს, ვიღაცას – აუტიზმი, ვიღაც უსინათლოა. თითოეულს განსხვავებული მიდგომა სჭირდება და როცა ერთი მასწავლებელი ყველასთან მუშაობს, გამოდის, რომ ის არავისთან არ მუშაობს.

სკოლა მარტო მერხთან ჯდომა არ არის, მნიშვნელოვანია, რომ იქ მოემზადო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. კანონმდებლობით შშმ პირს შეუძლია ჩვეულებრივ სკოლაში მიიღოს განათლება, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

უმაღლესი განათლების დონეზე არანაირი ერთიანი ხედვა არ არსებობს და უნივერსიტეტის ნებაზე და სტუდენტის თვითადვოკატირებაზეა დამოკიდებული რას გააკეთებს უნივერსიტეტი იმისთვის, რომ მან ისწავლოს. სამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსიტეტებში მისაწვდომობაზე პასუხისმგებელი კადრები და თითოეულ სტუდენტს თავიდან უწევს ამ ყველაფრის გავლა, რადგან ეს გამოცდილება არსად არ გროვდება.

ესმა გუმბერიძე/facebook

სოციალური ფონიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. პირადი ასისტენტის პროგრამა, მართალია, ხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსდება მუნიციპალიტეტის ფარგლებში და რაიონიდან, სოფლიდან თბილისში ჩასულ სტუდენტს ვიღაც უნდა გაჰყვეს, რაც ორმაგ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

უსინათლოებს გვაქვს გამახმოვანებელი პროგრამები, რომელიც გვიკითხავს ტექსტს, მაგრამ მხოლოდ „ვორდის ფაილში“ აკრეფილს. ხშირად ლექტორები არიან სახელმძღვანელოების ავტორები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამ სახელმძღვანელოს „ვორდის“ ვერსია, თუმცა, ხშირად არ გვაძლევენ, მიზეზად კი საავტორო უფლებებში პრობლემის შექმნას ასახელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონით გვაქვს უფლება საავტორო უფლებების კანონის გვერდის ავლით მოვითხოვოთ ყველა სახის სასწავლო პროგრამის მოძიება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებების დარღვევაა, მაგრამ ამაზე რეაგირება ხშირად უშედეგოა და დიდ დროს მოითხოვს.

ჩემ შემთხვევაში მე მოვითხოვე წამკითხავები, უნივერსიტეტი მათ ქირაობდა და ისინი მიკითხავდნენ დასკანერებულ მასალას, მე დიქტოფონზე ვიწერდი და ასე ვმეცადინეობდი. თავიდან არ უნდოდათ ამის გაკეთება, მაგრამ ჩემი უფლებები გამოვიყენე და სწავლისთვის საჭირო გარემო მოვითხოვე.

ესმა გუმბერიძე

შშმ პირისთვის სამსახურის მოძიება უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. თავი ძალიან უძლური მგონია, როცა ვერ ვეხმარები ადამიანებს. მეც არ მაქვს სტაბილური სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში მივიღე განათლება და უცხო ენები ვიცი, ყველაზე გრძელვადიანი სამსახური იყო 13 თვე და ჩემი ყველა სამსახური არის ან იყო დაკავშირებული შშმ პირების უფლებებთან, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მათ შორის უცხოურ დაფინანსებასთანაც.

დამსაქმებლები უბრალოდ ვერ ხედავენ შშმ პირებს, როგორც კონკურენტუნარიან კადრს და არ უნდათ მათი აყვანა.

ძალიან ბევრ უცხოურ ქვეყანაში ვალდებულია კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს, პირობითად, 50 პირზე მეტი, ასევე დაასაქმოს შშმ პირი და თუ ამას არ შეასრულებს, არის გარკვეული გადასახადები. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი რამ არ არის, თუმცა არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შშმ პირის სამი თვის ხელფასის ნახევარს ასუფსიდირებს.

ბევრმა შშმ პირმა არ იცის მათი უფლებების შესახებ. მაგალითად, უფასოა იურიდიული დახმარება, ადვოკატის დანიშვნის უფლება. წელიწადში 6000 ლარის შემოსავლის ფარგლებში შშმ პირებს აქვთ უფლება, რომ საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადონ. ჩვენ გვაქვს ასევე უფლება გამოვიდეთ საპენსიო სქემიდან, ასაკის მიუხედავად. მე ვსარგებლობ ამ შეღავათით.

ესმა გუმბერიძე/facebook

ფაქტია, რომ სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებს შშმ პირების ცხოვრების გასამარტივებლად, შშმ პირები არ გვხვდებიან ხშირად ქუჩებში, სამუშაო ადგილებსა და გასართობ სივრცეებში, რაც მათ ჩაკეტილობაზე მიუთითებს.

ქალაქები არ არის კეთილმოწყობილი, 10 წელი დასჭირდა ავტობუსში გაჩერების გამოცხადებას. ყველაზე ელემენტარულიც კი, ხმოვანი შუქნიშნების გაკეთება თბილისში ახლა დაიწყო და დიდი პრობლემებიც მოჰყვა. ადამიანები თვითნებურად აზიანებენ, ამბობენ, რომ ის ხმაურს იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ სავსეა ქუჩები ბარებით და მანქანების ხმაურით. სახელმწიფო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას არ ცდილობას და შუქნიშნების ღამღამობით გამორთვას ამჯობინებს, თითქოს უსინათლოს ღამე სიარულის უფლება არ აქვს.

ყოველთვის ვცდილობ ჩემი გამოცდილებები გავაზიარო, იმიტომ, რომ მგონია, ეს ძალიან ბევრ ტაბუს გატეხს, ვატარებ ტრენინგებს, როგორ ხდება შშმ პირებთან კომუნიკაცია.

ჩემი ოცნებაა წიგნი დავწერო, რომელიც არ შეეხება შშმ პირებს, ოცნებაა, შემეძლოს ოდესმე სხვა საკითხებზეც ვიმუშაო და არამხოლოდ შშმ პირების თემაზე.

________________

ჩაწერილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – „ციფრული მედია და ინოვაციები“ – ფარგლებში მომზადებული ჟურნალისთვის – „მედიალაბორატორია”.

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება.

პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა.

ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროსთან დაყრას, ამჟამინდელი გათვლებით, 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.

დაგეგმილ საქმიანობას სჭირდება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასება [გზშ-ს], ამის დასადგენად სამმართველომ სკრინინგის პროცედურა უკვე დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროცედურის გავლის საფუძველზე მიიღებს.

რატომ არის აუცილებელი ბათუმის კონცხიდან ჭარბი ნატანის ამოღება

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს.

ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.

„პერიოდულად კანიონის სანაპირო ზონაში, ძირითადად წყალქვეშა ფერდის ლოკალურ უბნებზე, აკუმულირდება ნატანის დიდი მოცულობა. კრიტიკული მასის ჩამოყალიბების შემთხვევაში იგი გადაადგილდება სიღრმეებისაკენ და თან გაიყოლებს წყალზედა პლაჟის ნაწილს, პრაქტიკულად ზვავის ან მეწყრული პროცესის ანალოგიურად.

პროცესის პროვოცირება შეუძლია ნებისმიერ უმნიშვნელო შემაშფოთებელ ფაქტორს: შტორმის ხანგრძლივობა, მიმართულება, სიძლიერე, კრიტიკულ მასაში არაერთგვაროვანი ნატანის [წინა წლებში ხშირ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნაგვისა და სამშენებლო ნარჩენების შემცველობა] გაუწყლოვნების განსხვავებული პირობები და ასევე მრავალი სხვა…

ცხადია, ნეგატიური პროცესის ჩამოყალიბება დამოკიდებულია აღნიშნულ შემაშფოთებელ ფაქტორებზე, მათ შორის ბუნებრივ ფაქტორებზე [კერძოდ, მიწისძვრის რეზონანსული ბიძგები]. ზემოთ აღწერილი პროცესის განვითარების დრო და შედეგების პროგნოზი შეუძლებელია“, – აღნიშნულია სამმართველოს მიერ მომზადებულ სკრინინგის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბათუმის კონცხზე პლაჟის მოწყვეტის მაპროვოცირებელი 1999 წელს „თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონის რაიონში [ბათუმიდან 250-270 კმ.-ში] მომხდარი მიწისძვრის [3 მაგნიტუდა, დამოწმებულია თურქეთის მხარესთან] რეზონანსული მცირე ბიძგები“ გახდა.

სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია „ვივარაუდოთ, რომ 2012 წლიდან დღემდე ადგილი ჰქონდა წყალქვეშა ფერდის განტვირთვას ლოკალურ უბნებზე, ცხადია, არა იმ მასშტაბით, როგორც 1999 წელს.“

„კონცხზე შეიძლება მოხდეს მასალის დაგროვება და ჩაზვავება იმ სიღრმეზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. აქედან გამომდინარე, იმ პლაჟზე, რომელზეც უკვე მოხდა ნიადაგის ჩაქცევა, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ყოველგვარი მშენებლობა.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

პლაჟის ფართობის ზრდა ბათუმის კონცხთან წლების მიხედვით / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

„დაგეგმილი საქმიანობის ადგილი განსაზღვრა ბუნებრივად განვითარებულმა კონცხის უკონტროლო ზრდამ და მახინჯაურის სანაპიროზე შექმნილმა კრიტიკულმა ვითარებამ.“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

წარეცხვის უბანი ბათუმის კონცხთან 2000 წელს და ნაწილობრივ აღდგენილი იგივე უბანი 2007 წელს / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

რატომ მახინჯაურის სანაპირო

„აჭარის ზღვისპირეთიდან ბოლო 150 წლის განმავლობაში წაირეცხა დაახლოებით 400 ჰექტარი [ხმელეთი], აქედან მხოლოდ 1930-1980 წლებში დაახლოებით 200 ჰექტარი: გონიო-ბათუმის სანაპიროდან – 40 ჰექტარი; მახინჯაური-ჩაქვი-ქობულეთის სანაპიროდან კი – 150 ჰექტარი. დროის მოკლე პერიოდში ასეთი მასშტაბის ნეგატიური პროცესი ძალზე უარყოფითად აისახა მცირემიწიანი აჭარის სოციალურ და ეკონომიკურ პირობებზე“, – ვკითხულობთ სკრინინგის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ვინაიდან ბათუმის სანაპირო ზოლზე 2022-2023 წლებში განხორციელდა პლაჟების აღდგენითი და ნაპირგასწვრივი სატრანზიტო ნაკადისთვის აუცილებელი რაოდენობის მასალის შეტანა, ჩვენ შესაძლებლად ჩავთვალეთ წინა წლების გამოცდილების შესაბამისად, კონცხიდან ამოღებული მასალა შეგვეტანა მახინჯაურის სანაპიროზე.“

აქ, „2022-2023 წლებში პლაჟების აღდგენით სამუშაოებში“ იგულისხმება ხრეშის ხელოვნურად შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ და ახალ ბულვართან.

ამ ავარიულ უბნებზე 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, რისთვისაც კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 5 568 487 ლარზე იყო გაფორმებული.

ამ ადგილებში ხრეშის ხელოვნურად შეტანა მომავალშიც აუცილებელი იქნება პლაჟების შესანარჩუნებლად. მეტიც, ახალ ბულვართან სანაპიროს ფოლადის ხიმინჯებით გამაგრებაც კი გადაწყვიტეს, რისთვისაც 15,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მცურავი სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით საშუალება გვაქვს ახლოს მივიტანოთ ნაპირთან კონცხიდან ამოღებული მასალა და შევავსოთ ამ მასალით მახინჯაურის წყალაქვეშა ტრავერსები.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ რაოდენობის მასალის შეტანა დიდად ვერ შეცვლის მახინჯაურის პლაჟის პარამეტრებს, თუმცა გარკვეულ დადებით გავლენას მოახდენს არსებული პლაჟწარმომქნელი მასალის დეფიციტის შევსებაში.

მახინჯაურში პლაჟის აღდგენითი სამუშაოები 20 წელზე მეტია არ ჩატარებულა“, – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

მახინჯაურის სანაპირო ზოლი / 15.09.2023

დაგეგმილი სამუშაოები

სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის კონცხთან „სამუშაოები განხორციელდება არა საკურორტო სეზონის დროს; ამასთან, მასალის მოპოვების ადგილის პირდაპირ აუცილებელია პლაჟზე, დროებით, მხოლოდ მოპოვების დროს აიკრძალოს პლაჟით სარგებლობა.

კონცხიდან მასალის ამოღების და მახინჯაურის პლაჟების რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს მცურავი სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით.

კერძოდ, მასალის ამოღება 3-10 მეტრი სიღრმეებიდან მოხდება მცურავი ამწის [15-16 ტ] საშუალებით. ამოღებული მასალა დატვირთული იქნება თვითმავალ ბარჟებზე, რომლებიც 5 კმ მანძილზე გადააადგილებენ ამოღებულ მასალას მახინჯაურის სანაპირო ზოლამდე. შემდეგ ბარჟებიდან განთავსდება მასალა მახინჯაურის სანაპიროზე.

მცურავი ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დროს. მცურავი ამწის მუშაობა იკრძალება წყლის 2 ბალზე მეტი ღელვის დროს.

მშენებლობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია კალენდარული გრაფიკით და შეადგენს 170 კალენდარულ დღეს“.

„ეს ღონისძიება უნდა გაგრძელდეს მომავალ წლებშიც, ვინაიდან მდინარეული მასალის დეფიციტის პირობებში. კონცხის წყალქვეშა ფერდიდან მოპოვებული მასალის, ისევ პლაჟების დასაცავად გამოყენება და წყალქვეშა ფერდის ჭარბი მასალისგან განტვირთვა ძალზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშს ახლავს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წერილიც, სადაც აღნიშნულია, რომ კონცხთან ამოსაღები მასალა წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, მაგრამ მისი ამოღება და ჩაყრა ისევ ზღვაში, მახინჯაურის სანაპირო ზოლის პრობლემურ უბანზე, 4-5 მეტრის სიღრმეზე, არ ითვლება ლიცენზირებად საქმიანობად.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „არ უნდა მოხდეს ამოღებული ინერტული მასალის გამოტანა ხმელეთზე, ან მისი სხვა დანიშნულებით გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება ჩაითვლება წიაღით უკანონო სარგებლობად.“

  • 2019 წელს ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანას ახალი ბულვარისკენ გეგმავდნენ სპეციალური მილებით, თუმცა ამ კონსტრუქციამ არ იმუშავა და ხრეში ძველი ბულვარიდან მანქანებით გადაიტანეს და ლოდებით მოწყობილ დამცავ ნაგებობასთან ჩაყარეს.

ამავე თემაზე:

3,5 მილიონი სჭირდება ნატანის ამოღებას, რომელიც ბათუმის კონცხთან პლაჟს საფრთხეს უქმნის

მთავარი ფოტო: ბათუმის კონცხი / 28.10.2023

 

რა საფრთხეზე ჰყვებიან ბათუმში მცხოვრები ბელარუსები, რომლებიც რეჟიმს გამოექცნენ

ვლასი ბელარუსიდან 2020 წლის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ბელარუსში აღარ დაედგომებოდათ. 2020 წლის საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ვლასის თქმით, პოლიციას მათი ოჯახი აღრიცხვაზე ჰყავს.

ბათუმში მცხოვრები მიგრანტი ანონიმურად საუბარზე დაგვთანხმდა, რადგან ღიად საუბარი მისთვის საფრთხისშემცველია.

2023 წლის სექტემბერში ამოქმედდა ბელარუსის დიქტატორის, ლუკაშენკოს 278-ე ბრძანება  „დოკუმენტების გაცემისა და მოქმედებების განხორციელების პროცედურის შესახებ“.

ამ ბრძანებით ქვეყნის ყველა მოქალაქე, რომელსაც პასპორტის ვადა ეწურება, ვალდებულია ჩავიდეს ბელარუსში ახალი დოკუმენტის მისაღებად.

საქართველოში ჩამოსული ბელარუსების უმრავლესობა ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეა და დევნილი. ბათუმში მცხოვრები ბელარუსები ამბობენ, რომ ახალი კანონის ძალით ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკოს სურს დააბრუნოს უკან და დასაჯოს ის ბელარუსები, რომლებიც მის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან:

„მე, ჩემს ცოლსა და ბავშვს პასპორტის ვადა გვეწურება, მე ოთხ თვეში, ჩემს ცოლს უფრო მალე. ბავშვის პასპორტს ზრდასრულისგან განსხვავებით წელიწადში ერთხელ სჭირდება განახლება. ბელარუსში რომ დავბრუნდეთ ახალი პასპორტის ასაღებად დაგვიჭერენ ან ჯარიმებს დაგვაკისრებენ.

ყველა აღრიცხვაზეა, ვინც აქციებზე იდგა და აპროტესტებდა რეჟიმს, ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი იქ სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა და ამ მუხლით უამრავი ადამიანი ზის ციხეში. ერთი შეხედვით, გაურკვეველია, რატომ სდევნის დიქტატორი ქვეყნის გარეთ გაქცეულებს, მაგრამ კარგად ვიცით, რატომ უშლის ლუკაშენკოს სერიოზულად ხელს დიასპორა.

მის რეჟიმს ვერ წარმოედგინა, რომ გაქცეული ხალხი ამხელა გავლენას მოახდენდა რეჟიმზე. ჩვენ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ვეწევით მთელ მსოფლიოში.

ჟურნალისტები დაიჭირეს, უფლებადამცველი ორგანიზაციები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადეს და ციხეში ჩასვეს. დაიხურა ყველა არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ლუკაშენკომ აღარ იცის, ვის ებრძოლოს და ახლა გვებრძვის ჩვენ, რეჟიმს გამოქცეულებს“, – ამბობს ვლასი.

პასპორტის ვადის გასვლის შემდეგ ვლასი, მისი მეუღლე და 14 წლის შვილი საქართველოში არალეგალურ მიგრანტებად ჩაითვლებიან და თუ შეამოწმებენ, დეპორტაცია ემუქრებათ. რუსი მიგრანტები მაგალითად, ვისაც საქართველოში ბინადრობის უფლება არ აქვს, ამ პრობლემას მარტივად აგვარებენ, წელიწადში ერთხელ, როცა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა უმთავრდებათ, გადადიან ძირითადად თურქეთში და მალევე უკან ბრუნდებიან. თუმცა ბელარუსი მიგრანტები ასე ვერ იქცევიან, რადგან თურქეთის საზღვარს ვადაგასული პასპორტით ვერ კვეთენ.

ვლასის ოჯახმა საქართველოში თავშესაფარი მოითხოვა, პასუხი ერთი წლის განმავლობაში უნდა მიიღონ, მაგრამ ის ამბობს, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს. ოჯახი პარალელურად პოლონეთის ჰუმანიტარული ვიზის მოლოდინშია.

ვლასის ოჯახი 2 წელია საქართველოში ცხოვრობს, აქტიურ მონაწილეობას იღებენ დიასპორის ცხოვრებაში და ხშირად მონაწილეობენ უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციებში. ვლასი ამბობს, რომ ბელარუსებისთვის გაცილებით მარტივია ლეგალიზაცია პოლონეთში საქართველოსთან შედარებით.

ანტონიც ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა ცოლთან ერთად და ბათუმში ცხოვრობს. ღიდ საუბარს ისიც ვერ რისკავს. ამბობს, რომ თუ ბელარუსში დაბრუნება მოუწევს მედიასთან კავშრის გამო შესაძლოა ცხოვრება გაურთულოს.

მასაც მალე მოუწევს საქართველოს დატოვება პასპორტის ვადის ამოწურვის გამო. პროფესიით ხმის რეჟისორია და ბათუმში სამსახური ჩამოსვლისთანავე იპოვა. ამბობს, რომ ქალაქში არ არის მისი პროფესიის ბევრი ადამიანი და შეკვეთებიც ხშირად აქვს. ნებისმიერი ღონისძიებისთვის აქირავებს ძვირადღირებულ, ხარისხიან აპარატურას, რომელსაც თავად არეგულირებს. ამბობს, რომ ამ საქმისთვის კარგად უხდიან.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბათუმის დატოვება გვიწევს, შევეჩვიეთ საქართველოს, ეს საოცარი ქვეყანაა, მაგრამ აღარ დაგვედგომება. ჩემი ცოლი პროგრამისტია და დისტანციურად მუშაობს. მეც ვმუშაობ, ქალაქში უამრავ ადამიანს ვიცნობ უკვე, ორი წელია აქ ვართ.

დიასპორის წევრი ვარ და ბევრ ბელარუსს ვიცნობ. ისინი ძირითადად უცხოური კომპანიებისთვის მუშაობენ და ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვთ, ამ ფულს საქართველოში ხარჯავენ, ბინებს ქირაობენ. რატომ არ აძლევს ქართული მხარე ასეთ მიგრანტებს ბინადრობის უფლებას გაურკვეველია. ყველა ქვეყანა დაინტერესებულია დარჩნენ მათ ქვეყანაში პროფესიონალი, მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები“, – ამბობს მიგრანტი ბელარუსიდან.

მისი თქმით, ბათუმში ბევრი ისეთი ბელარუსია, ვის წინააღმდეგაც ლუკაშენკოს რეჟიმმა გამოძიება დაიწყო, ბევრ ასეთ მიგრანტს ეწურება პასპორტის მოქმედების ვადა. მათთვის, ანტონის თქმით, ბელარუსში ჩასვლა დაპატიმრებას ნიშნავს.

ანტონი 2023 10 სექტემბერს გეგმავდა ბელარუსის საკონსულოში მისვლას და პასპორტის განახლებას, თუმცა კანონი 7 სექტემბერს შეიცვალა, რის შემდეგაც ბელარუსის ფარგლებს გარეთ ახალი პასპორტის მიღება შეუძლებელია.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს ბელარუსი ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობა 13 361 იყო.

2024 წელს საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ატარებს, რის შემდეგაც ზუსტად გვეცოდინება საქართველოში მუდმივად მობინადრე ბელარუსების რაოდენობა. ამ აღწერისას საქსტატი ქვეყანაში მუდმივად მობინადრედ მოიაზრებს ყველას, ვინც საქართველოში ერთსა და იმავე ადგილზე ცხოვრობს 12 თვის განმავლობაში და მეტ ხანს.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2023 წლებში საქართველოს სახელმწიფოს 1925-მა ბელარუსმა მიმართა, მათგან ეს უფლება 61%-მა მიიღო.

ბათუმში ბელარუსთა დიასპორის ინფორმაციით, დაახლოებით 5000 ბელარუსი ცხოვრობს. მათი ნაწილი, ვისაც პასპორტის ვადა ეწურება, დიასპორისვე ინფორმაციით ქალაქს მალე დატოვებს.

ვადაგასული პასპორტით ბელარუსის მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ ბინადრობის უფლების მოთხოვნა, საბანკო ანგარიშს გახსნა და მოგზაურობა.

დოიჩე ველესთან ბელარუსი იურისტი ანტონ გაშინსკი განმარტავს, რომ ქვეყნის გარეთ მყოფ ბელარუსებს, რომლებსაც პასპორტის მოქმედების ვადა ეწურებათ, პრობლემა შეექმნებათ ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, მანქანების ყიდვა-გაყიდვის დროსაც.

გონიოსა და აჭარის რამდენიმე სოფელში ხვალ შუქი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ხვალ, 24 ოქტომბერს, გონიოში და აჭარის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

კერძოდ, შუქი გაითიშება:

  • შუახევის სოფლებში: ჩანჩხალოში, შუბანსა და მიმდებარე სოფლებში, მთა შუამთასა და მთა ჯინალზე – აქ შუქი 12:00-დან 17:00 საათამდე გაითიშება;
  • გონიოს დასახლებაში – სიმონ კანანელის, პეტრე იბერის, მატათა მოციქულის და მიმდებარე ქუჩებზე – 12:00-დან 18:00 საათამდე;
  • ხულოში: სოფელ კვატიაში, მთა მაჭარელთაზე, ქვაბიჯვარსა და მიმდებარე სოფლებში – 12:00-დან 20:00-მდე.

კომპანიის განმარტებით, შუქის გათიშვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანიაში აზუსტებენ, რომ აღნიშნულ მისამართებზე შუქი გაითიშება მონაცვლეობით.

„ალტას“ ბათუმის ფილიალში განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებთ

🥳 ბათუმში განსაკუთრებული შეთავაზება დაიწყო!

💜 მხოლოდ 29 ოქტომბრის ჩათვლით, გვეწვიე ალტას მაღაზიაში და ისარგებლე 40%-მდე ფასდაკლებით შერჩეულ პროდუქციაზე!

📍 ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ, #31

📞 *3838

ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო

ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.

ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის პირველ დეკემბერს აირჩია პარლამენტმა – 90 ხმით.

მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 2015 წლის 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში არჩევას.

გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა, როგორც „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართული“ პირი.

2021 წლის შემდეგ, თითქმის ნახევარმილიონ ლარად ღირებული კომერციული ობიექტი დაამატა მოსამართლე ევა გოცირიძემ საკუთარი უძრავი ქონებების ჩამონათვალს. 150.4 კვ მეტრი კომერციული ფართობი დიღომში, ცამეტი ასურელი მამის ქუჩაზე, მას 450 223 ლარად შეუძენია. [წინა დეკლარაციის მიხედვით, ამ ქონების ფასი დოლარში აქვს მითითებული და წერს, რომ 141 960 დოლარი გადაიხადა].

დეკლარაციის მიხედვით, შეძენილი ფართობი მან იჯარით გასცა, თუმცა, როგორც თავად წერს, ხელშეკრულება დროზე ადრე შეუწყვიტეს, 2022 წლის თებერვალში. მოსამართლეს დეკლარაციაში მითითებული აქვს ასევე, რომ კომერციული ფართობი კრედიტით შეისყიდა.

ამავე, 2023 წლის დეკლარაციაში იძებნება ინფორმაცია მნიშვნელოვანი ფულადი საჩუქრის შესახებაც. საკონსტიტუციოს მოსამართლისთვის გასულ წელს 19 600 ევრო უჩუქებიათ. ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო, თუმცა კონკრეტულად ვინ აჩუქა ევა გოცირიძეს სოლიდური ფულადი თანხა, ეს არ ჩაუწერია.

ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მოსამართლედ ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – შვილი ჰყავს შეყვანილი. ამავე დეკლარაციის მიხედვით, 23 წლის გივი უგრეხელიძე არ მუშაობს და არც სხვა რაიმე შემოსავალი აქვს.

თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება ევა გოცირიძეს 2016 წელსაც შეუსყიდია. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 223.75 კვ.მეტრ საცხოვრებელ ფართობში [ბინა] მას 227 111 დოლარი გადაუხდია.

მცირე ზომის ფართობი მას ადამ მიცკევიჩის ქუჩაზეც აქვს. ევა გოცირიძემ დეკლარაციაში შენიშვნის სახით ჩაწერა ასევე, რომ ზემოთ მითითებული ქონება სინამდვილეში 2000 წელს არის შეძენილი.

2014 წელს ევა გოცირიძეს მემკვიდრეობით მიუღია ბინა სან-ზონაში [71,86 ].

ამავე წელს მისთვის ასევე უჩუქებიათ 1300 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი გარდაბანში, სოფელ თელეთში. როგორც 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მოსამართლე თავად მიუთითებს, ეს ნაკვეთი მან უსასყიდლოდ მიიღო სახელმწიფოსგან.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადმომეცა სახელმწიფოსაგან უზენაესი სასამართლოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, აგარაკისთვის 1994-96 წლებში, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მოხდა გვიან – რამდენიმე წლის შემდეგ“, – წერს ევა გოცირიძე.

2011 წელს კი მან თანამესაკუთრესთან, ოლან გოცირიძესთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო ასევე 3338 კვ.მეტრი ფართობი ამბროლაურში, სოფელ ხოტევში.

სესხის მომსახურებისთვის გასულ წელს ევა გოცირიძეს 40 974 დოლარი გადაუხდია. ამ ხარჯის გარდა გასულ წელს მოსამართლემ  8000 ლარი დახარჯა რემონტისთვის. წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში კი მან სარემონტო ხარჯის სახით 20 000 ლარი მიუთითა.

ამ ხარჯების პარალელურად ევა გოცირიძემ დანაზოგის შეგროვებაც მოახერხა. 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, როცა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, მას დანაზოგის სახით 10 000 ევრო ჰქონდა. ლარის ანგარიშებზე კი – ჯამში 12 000-ზე მეტი ლარი. მან მიუთითა ასევე, რომ bank postal-ის ანაბარზე 21 000 ლარს ფლობს.

რაც შეეხება შემოსავლებს, ევა გოცირიძეს გასულ წელს შემოსავლის სახით 105 032 ლარი მიუღია, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან კი მას ხელფასის სახით 30 360 ლარი აქვს მიღებული.

უფრო ადრე, 2014 წლიდან შევსებულ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, ევა გოცირიძე ფლობდა ბინას საფრანგეთში, სტრასბურგში. ეს ბინა შემდეგი წლების დეკლარაციებში აღარ იძებნება, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ქონება. თუმცა მომდევნო დეკლარაციებში არც ამ ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალია მითითებული.

2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით შვილის, გაგი უგრეხელიძის სწავლისა და ქირის გადასახადის სახით გაღებულ ხარჯებში ევა გოცირიძემ 27 000 ევროზე მეტი მიუთითა. მისი წლიური ხარჯი სწავლის გადასახადისა და ბინის დაქირავებისთვის ერთ წელში დაახლოებით 7000 ან მეტი იყო. რამდენიმე დეკლარაციაში მითითებულია ისიც, რომ გაგი უგრეხელიძე სტიპენდიასაც იღებდა – 1800 ევროს.

2018 წლიდან დღემდე ევა გოცირიძეს რემონტისა და საოჯახო ნივთების შესაძენად 143 833 ლარი აქვს დახარჯული.

ნაცნობი ქალის ინტიმური კადრები კაცმა „ტიკ ტოკზე“ გამოაქვეყნა – მას 8 წლით პატიმრობა ემუქრება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოიღო ბოლო სამი თვის განმავლობაში, დანაშაულში 14 პირი ამხილა და 7 მათგანი დააკავა.

უწყების ცნობით, საუბარია 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებზე.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეომასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ, ქალბატონის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიომასალა საჯაროდ სოციალურ ქსელ TIK TOK-ზე განათავსა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებოს ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დაკავებული იქნა ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 2000 წელს დაბადებული ქალის facebook-ის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა.

2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს, გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა და ასევე, საჯაროდ facebook-ის გვერდზე განათავსა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.

უწყების ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიოფაილი ამოიღო, მასალის განადგურება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდება.

სოფლის სკოლებში გათბობა ჩართულია – რესურსცენტრები

საქართველოს მაღალმთიანეთში უკვე აცივდა და სკოლებში გათბობის საჭიროებაზე საუბრობენ.

„ბათუმელებს“ გასულ კვირას მშობელი დაუკავშირდა მაღალმთიანი აჭარიდან, რომლის თქმითაც სკოლაში გათბობა არ იყო ჩართული და ბავშვებს ცივ საკლასო ოთახებში უწევდათ ყოფნა. მოგვწერეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდანაც – მარნეულელმა პედაგოგმა გვითხრა, რომ სიცივის მიუხედავად, სკოლის ადმინისტრაცია გათბობას არ რთავს.

„ამბობენ, რომ 15 ნოემბრიდან უნდა ჩაირთოს გათბობა. სად წერია, ვინ გადაწყვიტა, რომ ნოემბერში უნდა ჩაირთოს? უკვე ძალიან ცივა“, – გვითხრა მასწავლებელმა.

„ბათუმელები“ რამდენიმე რესურსცენტრს დაუკავშირდა და ჰკითხა, ჩართულია თუ არა მაღალმთიანი სოფლის სკოლებში გათბობა და თუ არა, რატომ?

ხულოს რესურსცენტრში გვითხრეს, რომ სკოლებში გათბობის ჩართვას თავად სკოლა წყვეტს და მას სამინისტროს ან სხვა უწყების მითითება არ სჭირდება.

შუახევის რესურსცენტრში ამბობენ, რომ სკოლებმა უკვე ჩართეს გათბობა. იგივე გვითხრეს ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრშიც.

„ჩვენთან კარგა ხანია ჩართული გვაქვს, რადგან მოგეხსენებათ, რომ მთის ზონა ვართ და ძალიან ცივა. წინა დღეებში ჩამოთოვა ახლოს და რომ არ ჩავრთოთ, გავიყინებით. ღუმელი უნთიათ სოფელში და ჩართულია ცენტრალური გათბობაც“, – გვითხრა ნინო მეტრეველმა, ონის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ბოლო წლებია, როგორც კი აცივდება, მაშინვე რთავენ დირექტორები გათბობას.

რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტს, აქ რესურსცენტრის იურისტმა გვიპასუხა ტელეფონზე, რომელიც ასევე ირწმუნება, რომ სკოლებში გათბობა ჩართულია.

„წესით, 15 ნოემბრიდან იწყება ზამთრის სეზონი, მაგრამ თუ ცივა, სკოლას შეუძლია ჩართოს გათბობა“, – გვითხრა მან.

საქართველოს მაღალმთიან სოფლებში სკოლები, ძირითადად, შეშის ღუმლით თბება.

ზოგიერთ სკოლას გასულ ზამთარში გათბობის პრობლემა ჰქონდა, რადგან სისტემა ხარვეზებით მუშაობდა და მოსწავლეებს ქურთუკებით უწევდათ საკლასო ოთახში ყოფნა.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

უკრაინაში 508 ბავშვი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად – პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად 508 ბავშვი დაიღუპა.

საუბარია 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდზე. ამავე პერიოდში ომის შედეგად 1138-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, გუშინ, 22 ოქტომბერს, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკში, რუსული არმიის მიერ დაბომბვის შედეგად 15 წლის გოგონა და 17 წლის ბიჭი დაიჭრა.

უკრაინაში ომის შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაშავდა.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან მარიუპოლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია. 

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

__________

ფოტოზე: ბაბუა რუსეთის დაბომბვისას დაღუპული 9 წლის შვილიშვილის ცხედრის წინ. 1-ელი ივნისი, 2023 წელი. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

Exit mobile version