განათლება,სიახლეები

„ზამთარში სიცივისგან მერხთანაც ვერ ვსხდებოდით“ – აჭყვისთავის სკოლის მოსწავლე

20.03.2023 • 1841
„ზამთარში სიცივისგან მერხთანაც ვერ ვსხდებოდით“ – აჭყვისთავის სკოლის მოსწავლე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა ხარვეზებით მუშაობს, რის გამოც მოსწავლეებმა, ფაქტობრივად, მთელი ზამთარი სიცივეში გაატარეს.

ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სიცივის გამო თებერვალში ორი კვირა სკოლის გაცდენაც კი მოუწია, რადგან კლასი გაყინული იყო და გაციების შეეშინდა.

„ხშირად მერხთანაც ვერ ვსხდებოდით სიცივისგან და ფეხზე ვმდგარვარ. თებერვალში ორი კვირა მე და ჩემი მეგობრები ვერ დავდიოდით სკოლაში სიცივის გამო, რადგან არ გვინდოდა გაცივება“, – გვითხრა მოსწავლემ.

მისი თქმით, სკოლაში რამდენიმე წელია გათბობის პრობლემაა, მაგრამ წელს ყველაზე მეტად ციოდა.

„წელს საერთოდ გაფუჭდა ცენტრალური გამათბობელი და მთელ სკოლაში სიცივეა. იყიდეთ ელექტროქურები და გათბითო – გვეუბნებოდნენ ბავშვებს. როცა კითხვებს ვსვამდით, რა ხდებოდა, რატომ ითიშებოდა გათბობა, გვეუბნებოდნენ – არ ვიცით, გაფუჭებულია.

ჩვენს კლასში ისედაც არ მუშაობდა ბატარეა და შარშან ელექტროქურით ვთბებოდით, მაგრამ გაფუჭდა და წელს აღარ ვიყიდეთ. საჯარო სკოლაა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, წესით, გათბობა“, – გვითხრა მოსწავლემ.

მისი თქმით, სხვა საკლასო ოთახებშიც იგივე მდგომარეობაა და მხოლოდ დაწყებითის რამდენიმე კლასშია ელექტროქურა. „მშობლებმა იყიდეს და დადგეს. მაღალ კლასებში არსად არის ელექტროქურები“.

მოსწავლის თქმით, სკოლაში საწვავი მიიტანეს, თუმცა გათბობა მაინც არ არის. „დილით ათ საათზე იწყება სკოლა, ჩართავენ ათზე და 11 საათზე უკვე ცივია ბატარეები. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის კლასების გასათბობად.“

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს მიხეილ გრიგოლიასაც ესაუბრა.

დირექტორი არ უარყოფს, რომ სკოლაში გათბობის პრობლემაა, თუმცა დასძენს, რომ ბავშვები „მთლად გაყინულიც არ არიან“.

„სიცივეში ისხდნენ, უტრირებული ნათქვამია, იმიტომ, რომ ელექტროპლეტები დაიდგა და სითბო არის ხარისხობით. ახლა, გაღუღუნებული სხვაა, სითბო – სხვაა. 600-700 ლარს ვიხდით ელექტროენერგიაში.

დიზელზე ვართ და დიზელის გაძვირების გამო ვეღარ ვახერხებთ, არ ჰყოფნის. ამას ისეთი სისტემა აქვს, რომ 24 საათი უნდა იყოს ჩართული, თუ გვინდა, რომ შენობა გათბეს. ეკონომიურად ვახდენთ ხარჯვას“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, სკოლას აქვს თავისი ბიუჯეტი, რომლითაც იხდის ხელფასებს, საკანცელარიო და სხვა მიმდინარე ხარჯებს. საწვავისთვის გათვალისწინებული იყო ათი ათასი ლარი, თუმცა მიხეილ გრიგოლიას თქმით, ეს საკმარისი არ არის.

„ასეთი გამათბობლები დღეში წვავს დაახლოებით 80 ლიტრს, ამიტომ საკმარისი არ არის და ეს პრობლემა აქვს ყველა სკოლას, რომელიც დიზელზეა, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი“, – ამბობს დირექტორი.

მას ვკითხეთ, იყო თუ არა განათლების სამინისტრო ინფორმირებული ამის თაობაზე და რა ზომებს მიმართა. დირექტორმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას და დასძინა, რომ „ასეთი პრობლემა ზოგადად არსებობს“.

„მარტო გათბობის პრობლემა ხომ არ არის. როცა სკოლა სარეაბილიტაციოა, იქ ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს, მაგრამ ჩასმულია სარეაბილიტაციო სკოლების სიაში და როგორც ვიცით, 2027 წლამდე ყველა სკოლა უნდა იყოს კეთილმოწყობილი“, -გვითხრა დირექტორმა.

აჭყვისთავის სკოლა, წესით, სამი წლის წინ უნდა გარემონტებულიყო, თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, პანდემიამ შეუშალათ ხელით. „ყოველ წელს მცირე ტენდერებით რემონტდება, მაგრამ ჩასმულია კაპიტალურ რემონტში და ველოდებით“.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სოფელ აჭყვისთავში ბუნებრივი აირი ორი წელია შეყვანილია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელს მაინც არ ურთავენ გაზს. „როგორც ჩანს, არჩევნებს ელოდებიან“, – ამბობს მოსახლეობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: