როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ოქტომბრის 21 საათიდან 30 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 299 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
  • ტანკი – 5 175 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 9 758 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 7 188 ერთეული [+8]
  • MLRS – 834 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 558 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 399 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 544 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 532 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 1 012 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 517 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 392 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 006 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 170 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 902საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 760 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელებს შედარებით წარმატება ხერსონში აქვთ, დნეპრზე პლაცდარმი ჩამოაყალიბეს“ – ინტერვიუ

რუსეთის მოქალაქეების კომპანიამ ბათუმში 13 მილიონიანი ტენდერი მოიგო

ბათუმში ღამის თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციას 13-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დს კონსტრაქშენი“ დაასრულებს, რომლის მეწილეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ქალაქის მერიამ ამ შენობის რემონტი 2021 წელს დაიწყო და დღემდე ვერ დაასრულა.

ტენდერი ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 13 686 164 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. „დს კონსტრაქშენთან“ კი ხელშეკრულება 13 540 019 ლარზეა გაფორმებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა.

ტენდერის ფარგლებში „დს კონსტრაქშენმა“ ღამის თავშესაფრის შენობის დასრულების გარდა ბათუმში 3 საბავშვო ბაღიც უნდა ააშენოს და 1 სკვერი მოაწყოს.

პირობის მიხედვით:

  • ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაციის სამუშაოებისა და თამარ მეფის ქ.№20-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები კომპანიამ 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.
  • აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა, ვაჟა-ფშაველას ქ.№83-ში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ა. ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარეს საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების დასრულების ვადა კი 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდია.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „დს კონსტრაქშენ“ ბათუმში, 2018 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი გიორგი ბოლქვაძეა, ხოლო წილებს ფლობენ: შპს „ჯიდი ჯგუფი“ [40% ], ოთარ ბერიძე [10%], მალხაზ ცეცხლაძე [10%] და შპს „სტრუქტიფორმ“ [40%].

თავის მხრივ, „ჯიდი ჯგუფის“ მეწილეები არიან: ინგა გათენაძე [25%], დავით დუმბაძე [25%], გიორგი სვანიძე, ორმაგი მოქალაქე – საქართველო, რუსეთის ფედერაცია [12.5%], ნათია მურვანიძე, ორმაგი მოქალაქე – საქართველო, რუსეთის ფედერაცია [25%] და ელენა სვანიძე – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე [12.5%].

რაც შეეხება შპს „სტრუქტიფორმს“, მისი დირექტორი და მესაკუთრე რუსეთის მოქალაქე ანზორ აშკაშიძე იყო, თუმცა მან 2023 წლის ივლისში კომპანიის 100% წილი 100 ლარად მიყიდა ვიქტორია დავიდოვას, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „სტრუქტიფორმის“ მესაკუთრე და დირექტორი ვიქტორია დავიდოვაა.

შპს „დს კონსტრაქშენს“ ბოლო სამ წელში რამდენიმე ტენდერი აქვს მოგებული [ბათუმში, ი. ჯავახიშვილის ქ.N82-ში სოციალური სახლების (4 ერთეული სახლის) მშენებლობა; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ძირითადი შენობის და კამპუსის მშენებლობა; ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა; ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №127-ში, ქათამაძის ქ.№32-ში, დაბა ჩაქვი, ჭავჭავაძის ქ. №7-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობა და ხინიკაძის ქ.№7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრება.]

შპს „დს კონსტრაქშენი“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი შენობის დემონტაჟისა და სასწრაფოს ახალი შენობის აშენებას მერიის სამმართველოს 6 609 251 ლარად სთავაზობდა, თუმცა სამმართველომ ეს ტენდერი შეწყვიტა.

  • ბათუმის მერიის ინფორმაციით, უშუალოდ თავშესაფრისთვის 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სამუშაოები დაწყებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება; შენობა 70 ბენეფიციარზეა გათვლილი.

ბათუმის ღამის თავშესაფრის შენობის რემონტისთვის, რომელიც 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, 2,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა სამუშაოები არ დასრულდა. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 50 უსახლკარო ადამიანისთვის კი, ორი კერძო სახლია დაქირავებული და ქალაქის ბიუჯეტიდან მეორე წელია, ყოველთვიურად, ქირა, ჯამში 8 ათასი ლარი იხარჯება.

ბათუმში სხვადასხვა სამუშაოზე, მათ შორის ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციაზე [დასრულებაზე] ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს თავიდან 14 769 915 ლარით ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

სამმართველომ იგივე მომსახურების შესყიდვაზე შემდეგ 2 ტენდერი გამოაცხადა.

დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილი „ოცნებამ“ თანამდებობაზე აირჩია, მან პრეზიდენტი გაამტყუნა

რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადო, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

17 ოქტომბერს პარლამენტი შეიკრიბა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გოგა კიკილაშვილი აირჩია. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც აკრიტიკებენ, მათ შორის, ვენეციის კომისია.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ პარლამენტმა გადადგა დემონსტრაციული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ძალაუფლება. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ მოსამართლეებს არ მიუღიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ იმპიჩმენტს. მათ ამ დღევანდელი ნაბიჯით პირდაპირ აჩვენეს, რომ ეს არის ერთი მთლიანი სისტემა. ერთი მხრივ, ხვიჩა კიკილაშვილი იღებს პარლამენტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტი მეორე დღეს იღებს მისი ოჯახისთვის, შვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას“, – ეს ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებაა, ის „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელია.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ეს არის ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი და არღვევს, როგორც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტებს. „როდესაც ევროკომისიამ ეს პირობები საქართველოს წარუდგინა, ის არ გულისხმობდა, რომ არამოსამართლე წევრები პარლამენტს ნეპოტიზმის, გარიგების ან კლანურობის პრინციპით აერჩია,“ – დასძენს ნაზი ჯანეზაშვილი.

„კორუფციული გარიგება რომ იყო გოგა კიკილაშვილის შემთხვევა, ეს ხომ ცხადია? ეს არის მაგალითი, როგორ ყიდულობს ივანიშვილი მოსამართლის ხმას,“ –  ამბობს „ბათუმელებთან“ ეკა ბესელია, პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს კიდევ ერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება – იგი სასამართლო კლანის გავლენიანი ფიგურის – „გიორგი მიქაუტაძის საქმის“ განმხილველი მოსამართლეა.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან და თავშესაფარს ითხოვენ – ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს და საზღვარგარეთ წავიდნენ.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო 2017 – 2020 წლებში. ხვიჩა კიკილაშვილი კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო 2018 წელს, როცა მან „გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“ განაჩენი მიიღო. 2020 წლიდან გიორგი მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, ხვიჩა კიკილაშვილმა კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მანტია მოისხა.

როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას

„ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მთლიანობაში ნდობა დაიკარგა ყველაფრის მიმართ, დისკრედიტაცია მოხდა მთლიანად პროცესის,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ეკა ბესელია, რომელსაც ვკითხეთ: რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის დასუსტებაში?

პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, თუ ივანიშვილის თანაგუნდელები სხვადასხვა მეთოდს ასახელებენ, თუ როგორ მუშაობს ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირველ რიგში, მათ ფინანსური მოტივაციების შექმნა ახსენდებათ და დისკრედიტაცია.

„ჩვენთან პერსონებზე გადის მაინც პროცესის „ტვირთი“. ინსტიტუციურად ოპოზიციაც მყიფეა,“ – აღნიშნავს ეკა ბესელია.

პოლიტიკოსებს უჭირთ გადაჭრით იმის თქმა, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე რყევებსა და დასუსტებაში ურევია თუ არა ივანიშვილის ხელი.

„ამას დრო გამოაჩენს“, – გვპასუხობს ენმ-დან წამოსული ხატია დეკანოიძე.

„მე მაინც მგონია, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია. შეიძლება ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან ამას,“ – ივანიშვილს არ ასახელებს, თუმცა მისი პოლიტიკური სვლის ამოცნობას ცდილობს მისი ყოფილი თანაგუნდელი – ეკა ბესელია.

  • რა მეთოდებით ახერხებს ივანიშვილის ოპოზიციის დასუსტებას? 

„ვიღაც გადაიბირეს, ვიღაც მოისყიდეს, დაიჭირეს… ეს პროცესი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო,“ – გვიყვება ხატია დეკანოიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ენმ დატოვა და ახლა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრია: – „ხომ გახსოვთ, მაშინ, 2012 წელს, მაჟორიტარების ნაწილი როგორ გადავიდა „ოცნებაში“: ზოგი დააშანტაჟეს, ზოგთან სუსმა იმუშავა, ფული გააკეთებინეს, ან ოჯახის წევრებით დააშინეს… იგივე მეთოდებია ახლაც,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

იგი განსაკუთრებულ აქცენტს პოლარიზაციაზე აკეთებს, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს პოლიტიკური ოპონენტების დასასუსტებლად.

„პოლარიზაციას უწყობს ხელს ივანიშვილი, რომ ადამიანებს აღარ დარჩეთ სივრცე, სადაც შეიძლება აკეთო რეალური პოლიტიკა. მუდმივად გვაქვს დაპირისპირება, შეჯახება, აი, აგენტები, მოღალატეები და ამ დროს რეალურად ვერანაირ პროდუქტს საზოგადოებას ვერ სთავაზობს ოპოზიცია.

ოპოზიციას არც აქვს ნაფიქრი პროდუქტის შექმნაზე. პოლარიზაციის შედეგია ესეც. მაგალითად, გვქონდა კანონპროექტი სკოლებში დირექტორების არჩევაზე – კარგად ვხედავთ ყველა, როგორ დაიწყო „ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია სკოლებში და მიდის რეპრესიები, მაგრამ ეს კანონპროექტი მხოლოდ დილის საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა.

ჩემი პარტიიდან წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს იყო: ოპოზიციური პარტიები ხშირ შემთხვევაში ვერ ქმნიან დღის წესრიგს, მხოლოდ ერთდღიანი გზავნილებით მოქმედებენ… ჩვენ დავცილდით ადამიანების ყოფას,“ – მიიჩნევს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე

როცა ოპოზიციური პარტია ვერ პასუხობს გამოწვევებს, ეს ოპოზიციის მოქნილობის და პოლიტიკური ცოდნის პრობლემაა, თუ ივანიშვილმა შექმნა ეს მოცემულობა?

„ძირითადად სახელისუფლებო პროპაგანდა ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს,“ – ხატია დეკანოიძის დაკვირვებით ბიძინა ივანიშვილი  პროპაგანდისტული გზავნილებითაც ახერხებს ოპოზიციის დასუსტებას.

„მაგალითად, პროპაგანდამ სააკაშვილი დახატა მტრის ხატად და ამან იმუშავა წარმატებით. ჩვენ ამას ვერაფერი ვერ დავუპირისპირეთ, რადგან ღერძი მაინც იყო სააკაშვილი და ეს დღემდე მუშაობს.

ამას ახლა დაუმატა ივანიშვილმა ომის შიში, პროპაგანდა ომის შიშის კულტივაციას ახდენს და ესეც მუშაობს,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციონერის აზრით, ივანიშვილი ფინანსურ რესურსებსაც უკეტავს ოპოზიციას, ასევე მედიის ნაწილს:

„პრობლემაა დამოუკიდებელი ფინანსური წყაროებიც – ბიზნესმენებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ელით რეპრესიები, თუ ოპოზიციას დააფინანსებენ. ფინანსური დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ ტელევიზიებსაც.

პარტია უნდა იყოს დაფუძნებული იდეოლოგიაზე და ქმნიდეს გარკვეულ პროდუქტს, მაგრამ როგორც „ქართული ოცნებაა“ დამოკიდებული მხოლოდ ივანიშვილზე, ენმ სააკაშვილზე დამოკიდებული პარტიაა და ჭირს ამ მოცემულობაში პროდუქტის შექმნა. ამიტომაც აწყობს ივანიშვილს პოლარიზაცია და ეს ფონი.

საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება, მაგრამ ვერ იმატებს ნდობა ოპოზიციის მიმართ, რადგან ჩვენ ერთი და იგივე ამომრჩეველს ველაპარაკებით,“ – ისევ ოპოზიციის კრიტიკას უბრუნდება ხატია დეკანოიძე და მიჩნევს, რომ ივანიშვილის სტრატეგიას ოპოზიციამ გააზრებული სვლით უნდა უპასუხოს.

„კონკრეტულ მაგალითებს ვერ დაგისახელებთ, რადგან არ არსებობს სამხილები, ამაზე ადამიანებმა ღიად უნდა ისაუბრონ, თუმცა კორუფციული გარიგება რომ იყო გოგა კიკილაშვილის შემთხვევაში, ეს ხომ ცხადია? ეს არის მაგალითი, როგორ ყიდულობს ივანიშვილი მოსამართლის ხმას,“ – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმე ახსენდება ეკა ბესელიას, რომელსაც ასევე ივანიშვილის სტრატეგიაზე ვესაუბრეთ: რა მეთოდებით მუშაობს ოლიგარქი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ?

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი – ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გოგა კიკილაშვილის არჩევაზე გვესაუბრება – პარლამენტმა მოსამართლის შვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2023 წლის 17 ოქტომბერს აირჩია, ამ გადაწყვეტილების წინა დღით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობამ, მათ შორის, ხვიჩა კიკილაშვილმა დასკვნა დადო, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

ეკა ბესელიას აზრით, გადმობირება და მოსყიდვა, ასევე, დისკრედიტაცია მთავარი ინსტრუმენტებია ივანიშვილის ხელში პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელის დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილი მაშინვე ცდილობს ნებისმიერი ადამიანის „გაშავებას“, როცა პოლიტიკურ არენაზე კონკრეტული პირის პოლიტიკურად გაძლიერების პოტენციურ საფრთხეს ხედავს.

„ვფიქრობ, ამიტომაც გახდა სამიზნე სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც განიხილავენ, როგორც ოპონენტს და ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში საფრთხის შემცველს. იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მთავარი მიზანი იყო დისკრედიტაციის კამპანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს გაძლიერება.

ბიძინა ივანიშვილი ებრძვის ყველა შესაძლებლობას, სადაც შეიძლება გაჩნდეს კოალიციის, პოლიტიკური ერთობის შექმნის რესურსი,“ – გვიყვება ეკა ბესელია.

ეკა ბესელია

ეკა ბესელია გვახსენებს, რომ 2012 წელს ივანიშვილის გამარჯვების ფორმულა იყო დამოკიდებული არა მხოლოდ ივანიშვილის გამოჩენაზე, არამედ გამარჯვება ოპოზიციის ერთობამ განაპირობა. მისი აზრით, ივანიშვილის დამარცხება ისევ ერთობით შეიძლება.

„მაშინ [2012 წელი] გამარჯვების ფორმულა იყო დიდი ერთობა. მახსოვს, თავად [ივანიშვილმა] მითხრა, მოდი, დავუძახოთ, პატარა პარტიებსაც, ყველა შემოვიკრიბოთო. ეს არ იყო ახალი ველოსიპედი, მაგრამ იყო სწორი ფორმულა,“ – გვიყვება ეკა ბესელია.

დიდი ფინანსური და სახელისუფლებო ბერკეტების მიუხედავად, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გაძლიერებას და ნდობის მოპოვებას შეძლებს – ეკა ბესელია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ივანიშვილის ქცევა 2020 წლის არჩევნების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა, როცა მან დაინახა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები წააგო და მაჟორიტარების ხარჯზე შექმნა „ოცნებამ“ უმრავლესობა პარლამენტში.

„2020 წლამდე ივანიშვილი ჯერ კიდევ მიიჩნევდა, რომ ძალაუფლების გაყოფა შესაძლებელია. ახლა ის ასე არ ფიქრობს და ყველაფერი, რამაც შეიძლება წარმოქმნას ალტერნატიული ძალა და დააკარგვინოს ძალაუფლება, მას აფრთხობს. ის ცდილობს, რომ დაასუსტოს ოპოზიცია – ვინც ძლიერია, ცხადია, ვერ მართავ და ვერ გექნება გავლენა. მან მოახერხა და შექმნა კიდეც ასეთი გარემო.

ინსტიტუციური სიმყიფე და, ზოგადად, პოლიტიკური სისტემის არამდგრადობა  გავლენას ახდენს მთლიანად პროცესზე, თუმცა თუ გავიხსენებთ 2020 წლის არჩევნების შედეგებს, ჯამურად ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო პროპორციული არჩევნების ნაწილში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. ეს მარტივად აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა იზრდება.

ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს დღეს რამდენიმე, მაგრამ არა ბევრი და ძლიერი ალტერნატივის შექმნა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ისეთი მონსტრი, როგორიც იყო, როცა იგი ყველას ისრუტავდა, შესაძლოა, მოცემულობა შეიცვალოს. ჩემი აზრით, ახალი სახეები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, არსებული პოლიტიკური სპექტრი დაბერდა, თუმცა საჭიროა გამოცდილებაც – გაზავება უნდა მოხდეს სიახლის და გამოცდილების. სამოქალაქო სექტორში უამრავი აქტიური ადამიანია, უნდა გარისკონ და გაიმეტონ საკუთარი კომფორტის ზონა,“ – მიიჩნევს ეკა ბესელია.

ოპოზიციის ერთობის საკითხს როგორ იყენებს ივანიშვილის პროპაგანდა? – პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა გვესაუბრება:

„ოცნების“ მთავარი გზავნილი არის ის, რომ ყველა, ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეა, კოლექტიური ნაცმოძრაობაა, მაგრამ რადგან სინამდვილეში ეს ასე არ არის, ის იყენებს ოპოზიციაში არსებულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ინტერესებს იმ განწყობის წარმოსაჩენად, რომ ესენი ერთიანიც კი არ არიან, ნახეთ, ერთმანეთს როგორ უპირისპირდებიან,“ – გვიყვება პოლიტოლოგი, GIPA-ს პროფესორი ბაკურ კვაშილავა.

პოლიტოლოგს ეჭვი აქვს, რომ ივანიშვილი ხშირად „ფინანსური დაინტერესებით ახერხებს პარტიების დაშლას.“

„ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული სამხილი არ არსებობს, რომ ვთქვათ, რომ აი, თანხის გადარიცხვა დაფიქსირდა, მაგრამ ეს ვარაუდია. ვარაუდია კონკრეტული პირების გადაბირებაც. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არ ჩნდება, მაგრამ გვაქვს საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ უკან ივანიშვილი დგას და „ოცნება“ იქცევა ისე, როგორც ივანიშვილს სურს.

ფაქტი ისაა, რომ ამ დრომდე „ქართული ოცნება“ აკონტროლებს პოლიტიკური დღის წესრიგს და ოპოზიცია ელის ორშაბათის ბრიფინგს, რომ პასუხი გასცეს…“, – პოლიტიკურ დღის წესრიგზე ამახვილებს ყურადღებას ბაკურ კვაშილავა, რადგან რეიტინგის კლების მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური გუნდი ახერხებს პოლიტიკური ამინდი თავად შექმნას. პოლიტოლოგის აზრით, ამას „ოცნება“ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების პოლიტიკურად „სწორად გამოყენებით“ ახერხებს.

ბაკურ კვაშილავა

„როდესაც ეს უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვთ, ამ დროს შეიძლება შენთვის  სასარგებლო მოტივაცია შეუქმნა მოწინააღმდეგეს და ამან გამოიწვიოს პარტიის დაშლა ნაწილებად, ან საერთოდ ისეთი სტრატეგიის შექმნა კონკრეტულ პარტიაში, რომელიც ნაკლებად დააზიანებს „ქართულ ოცნებას“.

რამდენიც არ უნდა იძახოს „ოცნებამ“, რომ ოპოზიცია არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, „რადიკალური ოპოზიცია“ და სხვა, გამოგონილი ტერმინებით ისაუბროს, ფაქტია, რომ ოპოზიციაში არსებობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ლიდერები, რომლებიც რაღაც საკითხებზე შესაძლოა იზიარებენ ერთმანეთის პოზიციებს, მაგრამ მათ დამოუკიდებელი მიზნები და ინტერესები აქვთ. ამ დროს დომინანტურ ძალას შეუძლია ისე მოაწყოს ეს ინტერესები, რომ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ოცნების“ ბრძოლის ეს წესები აშკარად არ არის სამართლიანი, რადგან იგივე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ერთგულება უნდა ნიშნავდეს ქვეყნის ერთგულებას და არა კონკრეტული პარტიის ერთგულებას… „ოცნებას“ ასევე შეუძლია გაცილებით მეტი პროფესიონალის დაქირავება, რომელიც შეადგენს მედია კონტენტს, სტრატეგიულ გეგმას და დასახავს მის განხორციელებას.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ „ოცნება“ გარკვეულ მოტივაციებს უქმნის კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც აზიანებენ რომელიმე პარტიას, ან მთლიანად ოპოზიციის რეიტინგს, მაგრამ ეს არის ისეთი რამ, რაც მაშინვე შეიცვლება, როგორც კი ოპოზიციაში დაიჯერებენ, რომ „ოცნების“ დამარცხება შესაძლებელია,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 65%-ით შემცირდა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის სექტემბერში 65.81 %-ით შემცირდა. ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სექტემბერში, რუსეთიდან საქართველოში 59.47 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს.

რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო: მაისში რუსეთიდან საქართველოში 157.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, ეს 49%-იანი კლებაა საერთო მოცულობის წლიურ მაჩვენებელში. კლება დაფიქსირდა 2023 წლის ივნისშიც – 44%, აგვისტოში – 26%.

მანამდე მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა, მაგალითად, 2023 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში 267.62 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიური მაჩვენებლით 1095%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს: 2023 წლის სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან გამოაგზავნეს: 43.29 მლნ აშშ დოლარი, რაც წლიური ზრდის ტემპის მაჩვენებლის მიხედვით, 19%-იანი მატებაა.

მატებაა ფულად გზავნილებში გერმანიიდან – 21.14 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 32 %] და საბერძნეთიდანაც – 20.49 [ზრდა 11%].

აშშ-დან კი, 2023 წლის სექტემბერში 41.25 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში, ეს 43%-იანი ზრდაა წლიური ზრდის ტემპის მიხედვით.

ამ თემაზე:

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

სად ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“ – გამოყოფილია 330 ათასი ლარი

ბათუმში ნოემბრის ბოლოს სოფლის ტურიზმის ფესტივალის „განდაგანას“ ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც ჯამში 330 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან.

ფესტივალი ტრადიციულად ევროპის მოედანზე იმართება, სადაც დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ევროპის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, ფესტივალის ტერიტორია შესაძლებელია გადატანილი იქნას სხვა, ალტერნატიულ ლოკაციაზე“ – აღნიშნულია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობაში.

სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფესტივალის ჩატარების ალტენატიული ადგილის შესახებ გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის, თუმცა იმედოვნებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის მოედანზე ფესტივალის ჩატარებამდე დასრულდება.

ღონისძიების ჩატარების თარიღად 2023 წლის 24-25 ნოემბერია ჩანიშნული; ევროპის მოედანზე სამუშაოების დასასრულებლად კი კომპანიას ხელშეკრულებით ვადა 2023 წლის 20 დეკემბრამდე აქვს.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ „ევროპის მოედანზე სამუშაოები მიმდინარეობს ხელშეკრულების ვადების შესაბამისად. სამუშაოების დასრულების ვადა მიმდინარე წლის 20 დეკემბერია.“.

ბათუმი. ევროპის მოედანი / 27.10.2023

ფესტივალის ჩატარებისთვის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული:

  • სოფლის ტურიზმის ფესტივალის „განდაგანა“-ს ორგანიზებაზე – 180 ათასი ლარი
  • ფესტივალ – „განდაგანა“-ს ორგანიზებისთვის გასართობი – მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფაზე – 150 ათასი ლარით.

ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 3 ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს დასრულდება.

ამ ტენდერების მიხედვით:

  • „ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ (დუმბაძე და მემედ აბაშიძეზე) წამოდგენილი იქნება აჭარული სოფელი.
  • სპეციალურად ამ დღისთვის ტერიტორია გაფორმდება სოფლის თემატიკის შესაბამისი დეკორაციებით, ნალია და სხვადასხვა თემატური დეკორაცია. ფესტივალის ტერიტორიის ძირითად შესასვლელთან დაიდგმება დიდი ზომის აჭარული ორნამენტებით გაფორმებული თაღი, საერთო სივრცე გაფორმდება ტროსებზე გაბმული ორნამენტებით გაფორმებული დროშებით, მოეწყობა თემატური ფოტო-კუთხეები და ფოტო-კონსტრუქციები.
  • წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგმება სპეკტაკლი და ჩატარდება კოსტიუმირებული თეატრალური მსვლელობები.
  • ცალკე მოეწყობა საბავშვო სივრცე, გაფორმებული დეკორაციებით და წინასწარ შემუშავებული საბავშვო აქტივობებით.
  • მოეწყობა კვების ჯიხურები და მოსასვენებელი, კვების ლაუნჯ ზონა გაფორმებული დეკორაციებით მაგიდა და სკამებით.
  • ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა, მოეწყობა თემატური კუთხეები, როგორიცაა ღვინისა და რძის პროდუქტების კუთხეები, თაფლისა და მეფუტკრეობის კუთხე, სეზონური ხილისა და ლუდის კუთხე, ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში წამოებული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.
  • ღონისძიებას უნდა ჰყავდეს ღონისძიების სცენარისტი და რეჟისორი, ტექნიკური პერსონალი, მხატვარ ბუტაფორისტი, წამყვანი.
  • სპეციალურად ამ დღისთვის შემუშავებული იქნება მუსიკალური პროგრამა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი ფოლკლორული შემსრულებლები, ისე, ქორეოგრაფიული ნომრები, როგორიცაა საქართველოში ცნობილი პოპულარული ქართული ნაციონალური ბალეტი, სიმღერისა და ცეკვის სახ. აკადემიური ანსამბლი, რომელიც წარმოადგენს ტრადიციულ და ე.წ „მოდერნ ბალეტს“.
  • პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ტენდერით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვა და შესრულება;
  • ჩასატარებელი ღონისძიების პროგრამა, წინასწარ შემუშავებული იქნას რეჟისორისა და სცენარისტის მიერ;
  • ფესტივალის უნდა ჰყავდეს მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელი, რომელმაც უნდა შეარჩიოს ფესტივალის მუსიკალური და ფოლკლორული ბენდები და შეიმუშავოს ფესტივალის დღის და ღამის მუსიკალური პროგრამა.
  • ყველა ზემოთხსენებული პერსონალის, თუ ბენდების და ქორეოგრაფების შერჩევა უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით.“

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 298 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740]
  • ტანკი – 5 167 ერთეული [+22]
  • ჯავშანტექნიკა – 9 749 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 7 180 ერთეული [+18]
  • MLRS – 834 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 558 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 399 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 541 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 524 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 1 011 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 517 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 348 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 980 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 170 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 897 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 720 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელებს შედარებით წარმატება ხერსონში აქვთ, დნეპრზე პლაცდარმი ჩამოაყალიბეს“ – ინტერვიუ

ღარიბაშვილი მასწავლებლებს წინასაარჩევნო წელს ხელფასების ზრდას ჰპირდება

დღეს, 27 ოქტომბერს, მთავრობის მიერ დაარსებული „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ღარიბაშვილი მასწავლებლებს ხელფასის ზრდას დაჰპირდა და განაცხადა, რომ 2024 წლის განათლების ბიუჯეტიდან, 160 მილიონი ლარი მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება.

„სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება [ხელფასი]. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს, რადგან თქვენ ჩვენ შვილებს განდობთ“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ასევე, საქართველოს მთავრობის წევრთა უმრავლესობა საკუთარ შვილებს არა საჯარო, არამედ კერძო სკოლებში აძლევს განათლებას.

ღარიბაშვილი პედაგოგებს ასევე დაჰპირდა სკოლების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ყველაფერზე მასწავლებლებთან ღარიბაშვილმა ისაუბრა და არა განათლების მინისტრმა, რომელიც ცერემონიის გახსნაზე მოკლე სიტყვით შემოიფარგლა და აქედან რამდენიმე წუთი ღარიბაშვილის ქებას დაუთმო.

მასწავლებლები დიდი ნაწილი მთელია წელია ითხოვდნენ განათლების მინისტრთან შეხვედრას საბაზო ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა პედაგოგებმა ვერც მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს კონკრეტული პასუხი, გაზრდიდა თუ არა მთავრობა საბაზო ხელფასს. ამის შემდეგ, პედაგოგებმა მთავრობის ფეისბუქის გვერდზე წამოიწყეს კამპანია – „ღირსეული პენსია მასწავლებლებს“, სადაც გვერდის ადმინისტრატორმა ყველა შეტყობინება წაშალა.

მასწავლებლები და მშობლები ასევე რამდენიმე წელია ითხოვენ სკოლებში უფასო კვების დანერგვას, თუმცა ეს საკითხი ღარიბაშვილს არც დღეს უხსენებია.

„მასწავლებლის ეროვნული დღე“ მთავრობა წელს დააწესა. ეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“  მსგავსი ღონისძიება, რომელზეც წელს 600 ათასი ლარი იხარჯება, მომავალ წელს კი ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება.

მთავრობა წელს შეარჩევს ათ მასწავლებელს, რომელთაც 10-10 ათასი ლარი გადაეცემათ.

დაჯილდოვებული ათი მასწავლებლიდან, არცერთს სცენაზე სიტყვა არ უთქვამს.

სოციალურ ქსელებში ღონისძიებას კრიტიკულადა გამოეხმაურა მასწავლების ნაწილი. „მასკარადი“ – წერდა ერთ-ერთი.

„მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყველას ხმა ისმოდა მასწავლებლების გარდა. ესაა დადუმებული სასკოლო საზოგადოების სახე“- წერდა კიდევ ერთი პედაგოგი.

მასწავლებლების შესარჩევი ჟიური პროსახელისუფლებო მედიის ტელეწამყვანებით და ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით იყო დაკომპლექტებული.

„უკრაინელებს შედარებით წარმატება ხერსონში აქვთ, დნეპრზე პლაცდარმი ჩამოაყალიბეს“ – ინტერვიუ

„ყირიმიდან ოჩამჩირემდე 700 კილომეტრია, უკრაინელებს აქვთ უპილოტოები, რომელიც 1200 კილომეტრამდე დაფრინავს“ – ზელენსკის ნათქვამი რეალურად ეჩვენება გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, თუმცა მიაჩნია, რომ რუსებს სამხედრო ბაზის მოსაწყობად ოჩამჩირეში დიდი დრო დასჭირდებათ.

„მნიშვნელოვანია, საქართველო რამდენად იაქტიურებს ამ მიმართულებით, მით უმეტეს, ასეთ პირობებში, როცა რუსეთი ოჩამჩირეში აპირებს სამხედრო ხომალდების განლაგებას – რაც შეიძლება მეტი ნატოს ხომალდი უნდა გამოჩნდეს შავ ზღვაში,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინელებს წარმატება ხერსონში აქვთ. ისინი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამაგრებულან. „…შეძლეს გარკვეული პლაცდარმების ჩამოყალიბება, რასაც ისინი შემდგომში გამოიყენებენ შეტევისთვის. ეს ფორსირებისთვის ძალიან გამოადგებათ. მდინარის პირზე, მდინარის კალაპოტში არსებულ კუნძულებზეა საუბარი – უკრაინელები დნეპრის კალაპოტში არიან გამაგრებულები მარცხენა სანაპიროზე,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა სიახლეა ფრონტია ხაზზე? ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინელები ოდნავ დაწინაურდნენ დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად. ეს რა მასშტაბის დაწინაურებაა?

ლოკალურ წინსვლაზეა საუბარი, პოზიციიდან პოზიციამდე ბრძოლებია: ოცეულის პოზიცია, ათეულის საცეცხლე წერტილი, ასეთი წინსვლაა.

მე უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვლიდი უკრაინელების შედარებით წარმატებას ხერსონის რაიონში, სადაც მათ შეძლეს დნეპრის მარცხენა ნაპირზე გარკვეული პლაცდარმების ჩამოყალიბება, რასაც ისინი შემდგომში გამოიყენებენ შეტევისთვის. ეს ფორსირებისთვის ძალიან გამოადგებათ და უკრაინელები მაგრდებიან უკვე ამ პოზიციაზე. უშუალოდ მდინარის პირზე, მდინარის კალაპოტში არსებულ კუნძულებზეა საუბარი – უკრაინელები დნეპრის კალაპოტში არიან გამაგრებულები მარცხენა სანაპიროზე.

  • რაც შეეხება დანაკარგებს ავდიივკასთან – პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის მცირე წინსვლის და ძალიან დიდი დანაკარგების შესახებ. რა მდგომარეობაა ფრონტის ამ წერტილში?

დანაკარგები აქვთ რუსებს ისეთი, როგორიც აქვთ უკრაინელებს. გასაგებიცაა: ვინც შეტევაშია, მას მეტი დანაკარგი აქვს. რუსებმა შეძლეს ცნობილი ტერიკონის აღება. ეს მაღაროებიდან გამოტანილი მიწისგან შექმნილი გორაკია და გაბატონებულია ჩრდილოეთ რაიონში, ავდიივკის ჩრდილოეთით. ამ გორაკზე მაღალი მხოლოდ ავდიივკას ქარხნის მილებია. აქედან უკრაინელები ახორციელებენ თვალთვალს.

ასე რომ, ჩრდილოეთის მიმართულებით რუსები მიდიან წინ, ცდილობენ ავდიივკას შვერილის მოკვეთას, უკრაინელები კი, სამხრეთით ცდილობენ წინსვლის საშუალება არ მისცენ რუსებს. დიდი წინსვლა არ არის არც იქიდან, არც – აქედან. რუსების უპირატესობა იკვეთება ჩრდილოეთით, უკრაინელების უპირატესობა – ავდიივკის სამხრეთით ჩანს.

  • უკრაინის დღევანდელი მონაცემებით, რუსეთმა უკვე დაკარგა 297 680  სამხედრო. სავარაუდოდ დაახლოებით ამდენივე სამხედრო დაკარგა უკრაინამაც. რას ნიშნავს ეს მხარეებისთვის?

ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელები არასწორად არიან ჩაბმულები რუსეთთან გამომფიტავ ომში: რუსებს მეტი ადამიანური რესურსი გააჩნიათ. უკრაინელებისგან განსხვავებით რუსებს ასევე ნაკლები მგრძნობელობა აქვთ ადამიანური დანაკარგის მიმართ. ამიტომაც, ასეთი გაჭიანურება და ხორცსაკეპი მანქანის მოწყობა ნამდვილად არ აწყობს უკრაინას.

  • რამდენად ჩანს თქვენთვის რუსეთში ქვეითების მომზადების პრობლემა? ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულიდან Shtorm –Z ფაქტობრივად იქცა დანაყოფად, რომელიც მსჯავრდებულებით და რეგულარული ჯარის იმ მებრძოლებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც დისციპლინური გადაცდენა აქვთ. 

გასაგებია, რომ რუსებს აქვთ ეს პრობლემა, მაგრამ ერთი ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი: რუსები არიან თავდაცვაში. თავდაცვაში  რუსეთს არ უჭირს ხალხის რაოდენობა, რადგან თავდაცვაში მოუმზადებელი ხალხიც კი, მარტივად შეიძლება გამოიყენო, ვიდრე შეტევაში. თავდაცვისთვის რუსებს საკმარისი ხალხი ჰყავთ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ გარკვეულ შემოტევებს. რუსეთს, რა თქმა უნდა, ექნება პრობლემები მომზადებაში, თუმცა რუსული წყაროების მიხედვით, მოხალისეები არ აკლიათ და გაწვევაც არ ჩავარდნიათ – 160 ათასი კაცი გაიწვიეს.

  • ისევ აქტიურობენ რუსები ხარკოვის ოლქში? რამდენად შეიძლება მოახერხონ ისევ ფართომასშტაბიანი შეტევა? 

რუსები ძირითადად ავდიივკაზე არიან კონცენტრირებული ამ ეტაპზე, კუპიანსკიზე უტევდნენ და ახლა შეჩერებული არიან. შესაძლოა, გარკვეული გადაჯგუფება ხდება, ან როტაცია. როცა სიწყნარეა, ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ეს არის. არაა გამორიცხული, რომ რაღაცას ამზადებდნენ. ნიშნები არის, თითქოს რაღაც გადაჯგუფება ხდება კიდეც რუსებთან, მაგრამ აქედან მეტს ვერაფერს გეტყვით.

ამ ეტაპზე არ ჩანს ფართომასშტაბიანი შეტევის შესაძლებლობა არც რუსებისგან და არც უკრაინელებისგან, თანაც, იწყება „რასპუტიცა“. ეს დრო, ჩემი აზრით, უკრაინამ უნდა გამოიყენოს ოპერატიული პაუზისთვის და დააგროვოს შესაძლებლობები ზამთრის და გაზაფხულის კამპანიისთვის.

  • ომიდან თითქმის 2 წელში ამ ომმა რა მისცა რუსეთის თავდაცვით ძალებს, ის მსოფლიოს მეორე არმიად იქცა?

რუსების მთავარი ძალაა მისი რესურსები. რუსული არმია ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ ის ნამდვილად არ არის მეორე არმია მსოფლიოში. რატომ შეიძლება ჩავთვალოთ ის მეორე არმიად? – ტექნოლოგია აქვს, შეიარაღება, საბრძოლო მოქმედებებში აჩვენა თავისი წარმატება, თუ რატომ? როცა ყველაზე ძლიერი იყო რუსული არმია, მაშინ არ აღმოჩნდა მეორე არმია მსოფლიოში და ამხელა ომის შემდეგ როგორ იქნება მეორე არმია, მით უმეტეს, სანგრებშია ამდენი ხანი და თავს იცავს უკრაინელებისგან.

რა თქმა უნდა, არმია ამ ომში გამოიბრძმედა, ამაღლდა მათი საბრძოლო გამოცდილება, გააუმჯობესეს კიდეც ტაქტიკური მეთოდები, ასევე საჰაერო მხარდაჭერა და დრონების გამოყენება, საარტილერიო ცეცხლის მართვა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ნახტომისებური წინსვლა ჰქონდეთ.

  • აქვე რუსეთის სამხედრო ხომალდებზეც გვითხარით. დღეს, 27 ოქტომბერს, კიდევ ერთი რუსული გემის აფეთქებაზე იუწყებიან. რა ძალაა ეს რუსეთისთვის ამ ომში?

ნებისმიერი სამხედრო საზღვაო ძალები ნამდვილად არის ძალა ომში, გააჩნია, როგორ იყენებ ამ ძალას. ფაქტია, რომ რუსები ვერ იყენებენ ეფექტურად ამ ძალას. სამხედრო ხომალდი წარმოადგენს საკმაოდ რთულ პლატფორმას, რომელიც კარგადაა აღჭურვილი და რაკეტებსაც ამ პლატფორმიდან უშვებენ. ამ პლატფორმიდან შეიძლება შესაბამისი მანევრირების განხორციელებაც საჭირო დროს…

რუსების საზღვაო ძალებზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს და არც არასდროს მქონია, მით უმეტეს, შავი ზღვის ფლოტზე. რუსების საზღვაო ძალების მიერ ყველაზე დიდი საზღვაო გამარჯვება 1853 წელს იყო, როცა სინოპში დაამარცხეს თურქეთის ფლოტი, ამის შემდეგ გამარჯვებისთვის არ მიუღწევიათ რუსებს საზღვაო სივრცეში. არ მესმის, რატომ ითლებოდა უძლეველად რუსეთის საზღვაო ძალები.

რაც შეეხება ხომალდის აფეთქებას, მხოლოდ უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით რთულია საუბარი: ააფეთქეს, თუ დააზიანეს, ან რამდენ ხანში არის შესაძლებელი მისი აღდგენა. ინფორმაცია ხომალდის ჩაძირვის შესახებ ცოტა არარეალურია.

  • ზელენსკიმ თქვა, რომ ენერგოობიექტების დაბომბვას უპასუხებენ. მან თქვა ისიც, რომ რუსულ ფლოტს ოჩამჩირეშიც მისწვდებიან. რამდენ ხანშია შესაძლებელი ამ ბაზის მშენებლობა, რაც უკვე დაიწყო? 

ბაზის მშენებლობას დიდი დრო სჭირდება, მარტივი არ არის. გააჩნია, რა ამოცანის და რა ზომის ბაზას ამზადებ: ეს იქნება ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური, თუ სტრატეგიულ-ოპერატიული ბაზა. ჯერჯერობით რა ინფორმაციაც მაქვს, არ ჩანს, რომ აქტიურად დაიწყეს ბაზის მშენებლობა რუსებმა ოჩამჩირეში. ისიც არ მესმის, რატომ იძახიან საქართველოში, რომ თუ უკრაინა დაარტყამს რუსეთს აფხაზეთში, ეს იქნება საქართველოს ომში ჩათრევა. პირიქით, მივესალმები – რაც უფრო მეტს დაარტყამს უკრაინა რუსეთს გინდა აფხაზეთში და თუნდაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მით უკეთესი.

  • რამდენად აქვს ამის რესურსი ამ ეტაპზე უკრაინას, რომ მისწვდეს ოჩამჩირეში რუსების ბაზას? 

ყირიმიდან ოჩამჩირემდე არის 700 კილომეტრი. როგორც ვიცი, აქვთ უკრაინელებს უპილოტოები, რომელიც 1200 კილომეტრამდე დაფრინავს. შესაბამისად, ეს შესაძლებელია.

  • გააქტიურდა შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე დისკუსია დასავლეთში. რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს? 

შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაზეა საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიცია: რამდენად აქტიურად ჩაერთვება იგი ნატოს წევრი ქვეყნების აქტიურობაში. როგორც ჩანს, რუმინეთია მოწადინებული შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი მოდელის შემუშავებაში. მნიშვნელოვანია, საქართველო რამდენად იაქტიურებს ამ მიმართულებით. საქართველოსთვის აუცილებელია, მით უმეტეს, ასეთ პირობებში, როცა რუსეთი ოჩამჩირეში აპირებს სამხედრო ხომალდების განლაგებას, რაც შეიძლება მეტი ნატოს ხომალდი გამოჩნდეს შავ ზღვაში.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა სავარაუდოდ რუსეთისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ხდება. თქვენი ინფორმაციით, რა იარაღზეა საუბარი?

საკმაოდ დიდი რაოდენობა აქვს ჩრდილოეთ კორეას საბჭოთა კალიბრის იარაღის. ჩრდილოეთ კორეა თუ რამეს უშვებს, უშვებს საბჭოთა იარაღის კლონს. საუბარია ჭურვებსა და რეაქტიულ ჭურვებზე. არა მგონია, ტექნოლოგიურად განვითარებული თვითმფრინავები ჰქონდეთ, ან სხვა ტექნიკა.

  • ირანი ვეღარ მიაწვდის დრონებს რუსებს, რადგან, როგორც ჩანს, ეს აღჭურვილობა ღაზას სექტორში დასჭირდება? 

არა მგონია. ირანს საბრძოლო მოქმედებების შესაძლებლობები არ აქვს. ის შეიძლება დაეხმაროს „ჰამასს“, მიაწოდოს გარკვეული იარაღი, მაგრამ თვითმფრინავებით იფრინოს ღაზას თავზე, ან უპილოტოები აგზავნოს, წარმოუდგენელია.

  • რა მოცემულობაა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების კუთხით? სლოვაკეთი აღარ მიაწვდის იარაღს უკრაინას. რა მასშტაბის დახმარებას უწევდა ეს ქვეყანა უკრაინას? 

სლოვაკეთიდან ძირითადი იყო „ზუზანას“ მიწოდება, რომელიც თვითმავალი, საარტილერიო დანადგარია , „დანას გაუმჯობესებული
ვარიანტი“, 155 მმ ნატოს კალიბრი, წუთში 5 გასროლას ახორციელებს 40 კმ-მდე. სლოვაკეთს საკუთარი იარაღის საკმაოდ კარგი წარმოება ჰქონდა, საბჭოთა პერიოდიდან იქ ტანკსაშენი ქარხანაც იყო და უშვებს ჯავშანტექნიკას.

არჩევნები მოდის ბევრ ქვეყანაში და, სამწუხაროდ, ომით გადაღლის ტენდენციაც ჩანს. ნებისმიერი ასეთი მოქმედება, ისევე, როგორც ბელგიამ როცა განაცხადი უარი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების რაოდენობის გაზრდაზე, პოლიტიკურად არასასიამოვნო ფაქტია.

  • რასაც აწვდიან უკრაინას, ან დაანონსებულია, რომ მიაწვდიან, ეს იქნება საკმარისი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, თუ ამით მხოლოდ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აღჭურვილობის განახლებაა შესაძლებელი? 

ეს რაოდენობა, რასაც უკრაინას აწვდიან, ძირითადად არის შესავსებად… თუ უკრაინა მოახერხებს, რომ დასავლეთს გააზრდევინებს აღჭურვილობის რაოდენობა, ასევე მოახდენს როგორმე მიწოდებული აღჭურვილობის აკუმულირებას, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ამ დაპირისპირებაში.

„პენსიას ანაბარზე ვინახავდი და პირიქით, 4 წლის პენსია დავკარგე“ – 70 წლის ქალი ქობულეთიდან

„10 წლის წინ, როცა პენსიონერი გავხდი, ვიფიქრე, ანაბარს გავხსნი და შვილს ბინის ფულს დავუგროვებ-მეთქი, სოციალური ანაბარი გავხსენი და პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა. თანხის დაგროვების ნაცვლად, 4 წლის პენსია საერთოდ დავკარგე,“ – ამბობს 70 წლის ლილი შაქარიშვილი, რომელიც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს.

ლილი შაქარიშვილმა „ლიბერთი ბანკთან“ სოციალური ანაბრის ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა – პენსიონერის პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა იმ პირობით, რომ მის პენსიას წლიური 13 % სარგებელი დაემატებოდა. ხელშეკრულების პირობის მიხედვით, ლილი შაქარიშვილს საპროცენტო სარგებელი ყოველი პენსიის ჩარიცხვიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ დაერიცხებოდა, თუ ის პენსიას არ აიღებდა.

„გასულ წელს დავინტერესდი და მოვიკითხე, რამდენი დაგროვდა, მითხარით-მეთქი“, – გვიყვება ლილი შაქარიშვილი, – „მითხრეს, 19 700 ლარია თქვენს ანგარიშზეო. გამიკვირდა, რადგან რამდენჯერმე დამჭირდა და კი ავიღე პენსია, მაგრამ 3 ათასი ლარი იქეთ დავამატე წლების წინ ანაბარს. ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო.

შევედი მენეჯერთან. მენეჯერმა დაიანგარიშა და 20 300 ლარიაო. ასე უცებ საიდან გაჩნდა ის 600 ლარიც, ვერ მითხრეს. მერე ამიხსნეს და დადგინდა, როცა ამონაწერი მომცეს სრულად, რომ თურმე ბოლო 4 წელი პენსია აღარ მერიცხებოდა. სოციალურ სააგენტოს დააბრალეს, ალბათ გარდაცვლილი ეგონეთ ან საზღვარგარეთ წასულიო. გარდაცვლილი როგორ გეგონეთ, წელიწადში სამჯერ ჩამოვდიოდი და ხელს ვაწერდი ხელშეკრულებას-მეთქი, კონსულტანტებს ვუთხარი.

აღმოჩნდა, რომ 2018 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე გაჩერებული იყო ჩემი პენსიის ჩარიცხვა. სოცსააგენტოში გამიშვეს. იქ მითხრეს, ჩვენი ბრალი არაფერი არ არის, სადაც გინდათ, იქ გვიჩივლეთო,“ – ამბობს ლილი შაქარიშვილი.

პენსიონერმა საბანკო ჩარიცხვების ამონაწერი გვაჩვენა – წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული არ არის, თუმცა ლილი შაქარიშვილის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, მას 2018 წლამდე პენსია ყოველთვიურად ერიცხებოდა, 2018 წლის შემდეგი პერიოდის ამონაწერში კი, „პენსია“ აღარ გვხდება, აქ მხოლოდ ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესახებ მონაცემია.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეს ბანკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიუღია, ანგარიშზე არსებული თანხა აუღია. ლილი შაქარიშვილს 2022 წლის მარტიდან ასევე განუახლეს პენსიის ჩარიცხვა. პენსიონერი აპირებს „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, პენსია შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი პენსიას ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ აიღებს. კანონი ითვალისწინებს პენსიის შეწყვეტასაც რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, „პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ“.

რა ხდება ამ შემთხვევაში, როცა პენსიონერს პენსია ანგარიშიდან არ გამოაქვს, მაგრამ მას სოციალური ანაბრის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული? – „ლიბერთი ბანკს“ ჩვენ ამ შეკითხვით მივმართეთ და კონკრეტულ საქმეზე განმარტება ვთხოვეთ, თუმცა ბანკში ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ სააგენტოს მოქალაქემ უნდა შეატყობინოს, როცა ის საპენსიო ბარათს აღარ იყენებს და პენსიას კანონით განსაზღვრულ დროში არ იღებს. სააგენტოში ასევე განმარტეს, რომ პენსიის შეწყვეტიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში უნდა მიემართა მოქალაქეს სააგენტოსთვის, რომ ის პენსია მიეღო, რის ჩარიცხვაც შეწყვეტილი იყო.

სააგენტოში კონკრეტულ შემთხვევააზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებასაც დაგვპირდნენ.

___

 „ლიბერთი ბანკის“ ან სოციალური სამსახურისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

22 წლის ბათუმელი გოგო მსოფლიო ჩემპიონია მკლავჭიდში

22 წლის მარიამ ნოდიამ მკლავჭიდში უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. პირველად 18 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც არაერთგზის მოიპოვა.

სპორტი სულ უყვარდა, თამაშობდა ხელბურთს, ფრენბურთს და ფეხბურთშიც სცადა ბედი, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მკლავჭიდზე შეაჩერა.

2023 წელს მარიამმა ორივე მკლავით იასპარეზა და ორი ოქრო აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე.

გამოვიდა უფროსი ასაკის კატეგორიაშიც, სადაც მეორე საპრიზო ადგილი აიღო ევროპის ჩემპიონატზე.

„თავიდან საკმაოდ რთული იყო ვარჯიში, რადგან სიმძიმეებთან მიწევდა შეხება, თუმცა შემომძახეს – „მარიამ, არ დანებდე, შეგიძლია!“ და ნელ-ნელა ეს ეტაპიც გადავლახე.

ცხადია, იყო სტერეოტიპული დამოკიდებულებაც: „რატომ მაინც და მაინც მკლავჭიდი?“„რად უნდოდა ეს კაცების სპორტი?“

ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა დარბაზში ვარჯიშის დროს უთქვამთ ბიჭებს გაკვირვებით, „საიდან გაქვს ამხელა ძალა?“- უკვირთ, რომ ვერ მჯობნიან.

„ალბათ ძლიერი ქალების ეშინია, ვინც ასე ლაპარაკობს“ – ხუმრობს მარიამი.

ამბობს, რომ თავიდან რთული იყო ისიც, რომ დარბაზში მხოლოდ ორი გოგო ვარჯიშობდა და დანარჩენი კაცები იყვნენ, მაგრამ ბოლოს ამასაც შეეჩვია.

მარიამ ნოდია და მარინე ფუტკარაძე ევროპის ჩემპიონზე

„ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არიან, რადგან ძმებიც სპორტსმენები მყავს და არ გაჰკვირვებიათ ჩემი არჩევანი, მაგრამ მეორე დიდი მეგობარი და მასწავლებელი მარინე ფუტკარაძეა, რომელიც 15 წელია პარაჩემპიონია და ყოველთვის გულმოდგინედ მავარჯიშებდა“ – გვეუბნება მარიამი.

მარიამი პირველად მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა.

მარიამ ნოდია ვარჯიშის დროს

მანამდე იყო წარმატებები ბულგარეთში და მოლდოვაში გამართულ ჩემპიონატებზე, რომელიც დიდი მოტივაცია იყო მარიამისთვის.

მისი თქმით, მკლავჭიდის პოპულარიზაციისთვის ხელვაჩაურში სკოლაც დააარსა, სადაც მწვრთნელადაც მუშაობს.

„რვა გოგონა მყავს ამ ჯგუფში და ძალიან აქტიურად ვარჯიშობენ. 5 ნოემბერს შიდა ჩემპიონატი გვაქვს დაგეგმილი და იმედი მაქვს, რომ ევროპაზეც წავალთ.

ნელ-ნელა იზრდება ბავშვებში მკლავჭიდის მიმართ ინტერესი. სკოლებს შორისაც იმართება ხოლმე შეჯიბრებები. მხვდებიან ბავშვები პარკებში, მოსაცდელებთან რომ ეჯიბრებიან ხოლმე ერთმანეთს და ძალიან მიხარია“ – გვეუბნება მარიამი.

მისი თქმით, მკლავჭიდელების ცნობადობაც გაზრდილია და ბევრმა ბავშვმა იცის მარინე ფუტკარაძის სახელი.

რაც შეეხება მხარდაჭერას, როგორც მარიამი ამბობს, წელს პირველად დააწესა სახელმწიფომ და ფედერაციამ სტიპენდია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდელებისთვის და იმედოვნებს, რომ ინფრასტრუქტურის საკითხებიც მოგვარდება სამომავლოდ.

„რა თქმა უნდა, ეს სტიპენდიაც სიმბოლურია, დიდი თანხა არ არის, მაგრამ მაინც მოტივაციაა ჩვენთვის.

გვჭირდება ინფრასტრუქტურაც, რადგან არ გვაქვს საკუთარი დარბაზი და იმედია, პირობებიც გაგვიუმჯობესდება“ – ამბობს მარიამი.

გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გადაცემის შესახებ, რომელიც შედის IRIS-T – საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ოთხი ჯავშანტრანსპორტიორს.

დახმარების ახალ პაკეტში გერმანია უკრაინას ასევე გადასცემს რაკეტებს IRIS-T SLS კომპლექსებისთვის; საბრძოლო მასალას MARS II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის; რვა სადაზვერვო დრონს, სასაზღვრო სამსახურის 6 მანქანას, 10 ათასი უსაფრთხოების სათვალეს, სამხედრო რადარებს და ა.შ.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადება, რომლის მთავარი ელემენტი იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემები.

დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ შედის „ტავროსის“ რაკეტები, რასაც მანამდე კიევი სთხოვდა გერმანიის მთავრობას.

______________

ფოტოზე: IRIS-T

ბსუ-მ ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი 8,7 მილიონი ლარით გამოაცხადა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა [ბსუ] სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 8 781 000 ლარია.

ბსუ ახალ კორპუსს ბათუმში, ლეონიძის ქუჩის N15-ში ააშენებს.

ბსუ-ს ახალი კორპუსი ლეონიძის ქუჩაზე / რენდერი პროექტიდან / გვერდით, უკან ფონზე, მოჩანს სპორტის სასახლის შენობა

პირობის მიხედვით, „მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება და შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 თვის ვადაში, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად“.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 10 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, 2023-2026 წლების აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მათ შორის:

  • 2023 წელს – 584 040 ლარი,
  • 2024 წელს – 3 250 000 ლარი,
  • 2025 წელს – 3 000 000 ლარი
  • 2026 წელს – 1 946 960 ლარი.

ამასთან, „წლების მიხედვით განსაზღვრული თანხები დაკორექტირდება ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასების შესაბამისად“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ტენდერის მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 18 მილიონი ლარის ღირებულებით;

მათ შორის ერთი პროექტი/ობიექტი ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის (გარდა საცხოვრებელი კორპუსისა ან/და შენობისა, რომელშიც ფართობის 70% საცხოვრებელი ფართია) მშენებლობა, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში საერთო ღირებულებით არანაკლებ 8 მილიონი ლარის ოდენობით.

სამუშაო სავალდებულოდ მიწოდებული/განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია, გარდა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიისა).“

ბსუ-მ ლეონიძის 15-ში, 2020 წელს, კიდევ ერთი ახალი სასწავლო კორპუსი ააშენა, თუმცა, უნივერსიტეტის ინფორმაციით, შენობაში წყალი ჩადის. სახურავზე საგარანტიო ვადა ვრცელდება, მაგრამ ბსუ-ში ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდებიან. ამიტომ, ამ კორპუსის შეკეთებაზე უნივერსიტეტმა ცალკე ტენდერი გამოაცხადა, ხელშეკრულება კი კერძო კომპანიასთან 319 998 ლარზე გააფორმა.

რაც შეეხება სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსს, ტენდერის გამოცხადებამდე ბსუ-მ სავარაუდო ფასის დასადგენად ბაზრის კვლევა ჩაატარა. დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ ახალი კორპუსის მშენებლობისთვის უნივერსიტეტი მაქსიმუმ 8 880 630 ლარს გადაიხდიდა.

სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, ბაზრის კვლევაში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. აქედან „მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ გამოითქვა მოსაზრება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სიმცირეზე“, – აღნიშნულია ოქმში.

ამ თემაზე ვრცლად:

ბსუ ჯანდაცვის ფაკულტეტის შენობას ააშენებს – 8,8 მილიონი აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება

რუსი მეთაურები ესვრიან ჯარისკაცებს, თუ ისინი უკან იხევენ – ჯონ კირბი

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მტკიცებულება, რომ რუსი მეთაურები სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებსაც არ სურთ შეტევაზე გადასვლა ან უარს ამბობენ შეტევაზე გადასვლაზე.

ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა ბრიფინგზე.

„ტაქტიკურ წარმატებას რომ მიაღწიოს ავდიივკაში და ფრონტის სხვა ადგილას, რუსეთი აგრძელებს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლის უგულებელყოფას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ათასობით მსხვერპლია [რუსეთის მხარეს] ამ შეტევის განხორციელების მცდელობისას, ზოგიერთი ჯარისკაცი მათი ლიდერების ბრძანებით მოკლეს.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ფაქტობრივად სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ ბრძანების შესრულებაზე.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან, რომ დახვრეტენ მთელ დანაყოფებს, თუ ისინი შეეცდებიან უკან დახევას უკრაინის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

რუსი სამხედროები, როგორც ჩანს, იყენებენ იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ადამიანური ტალღის ტაქტიკას“ – უბრალოდ ყრიან ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცების მასებს პირდაპირ ბრძოლაში, არა – შესაბამისი აღჭურვილობა, არც ლიდერობა, არც რესურსი. არანაირი მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.

კირბის თქმით, რუსეთის ძალები კვლავ „მოუმზადებლები და არასაკმარისად აღჭურვილები“არიან.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი შეტევაა მოსალოდნელი უკრაინაში. „ეს არის დინამიური კონფლიქტი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს შეტევის შესაძლებლობებს და შესაძლოა გარკვეული ტაქტიკური მიღწევები ჰქონდეს უახლოეს თვეებში“.

აფთიაქებში ფსიქოტროპული წამლების უკანონო გაყიდვისთვის 60-მდე პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წელს საქართველოს მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოვლინდა, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს ყიდდნენ.

საგამოძიებო ღონისძიებები თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში  ჩატარდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები და იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით, მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალათ ფარმაცევტული საქმიანობა.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული პირების დადგენა-მხილების მიზნით“ – წერს უწყება.

„ქალებს დააჯერეს, რომ მენსტრუალური ტკივილი ნორმაა“ – კვლევა მენსტრუალურ სიღარიბეზე

მენსტრუაციაზე და მის საჭიროებებზე საუბარი დღემდე ტაბუირებულია საქართველოში. ქალებს საჯაროდ საუბარიც უჭირთ მენსტრუალური სიღარიბის ფორმებზე.

ამ საკითხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ ვრცელი კვლევა მოამზადა სახელწოდებით – „მენსტრუალური სიღარიბე საქართველოში“.

ტერმინით – მენსტრუალური სიღარიბე აღინიშნება სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ბარიერებით განპირობებული შეზღუდული წვდომა მენსტრუალურ პროდუქტებზე, განათლებაზე, წყლის/სანიტარიის ობიექტებსა და ნარჩენების მართვაზე.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტები გამოიკითხნენ როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში, კერძოდ: თბილისში, გორის მუნიციპალიტეტში, აჭარასა და იმერეთში. ცალკე ფოკუსჯგუფი ჩატარდა ლბქტ თემის წარმომადგენლებთან – სულ 7 ფოკუსჯგუფი.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების დიდი ნაწილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილის შემთხვევაშიც ვერ მიდიან ექიმთან ეკონომიკური და სხვა სახის სიდუხჭირის გამო. ამასთან, შეზღუდული წვდომა აქვთ მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე, რაც განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე მენსტრუაციასთან დაკავშირებულ ცოდნაზე ამბობს, რომ ინფორმაცია აკლია მენსტრუალური ტკივილის შესახებ: „ტკივილი რომ კაცებს ჰქონდეთ, ათასჯერ იქნებოდა ნაკვლევი. მედიკამენტებიც იქნებოდა და კვლევებიც იქნებოდა ჩატარებული…“

კვლევის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, „ქალებს დააჯერეს, რომ მენსტრუალური ტკივილი არის ნორმა“.

„გვაჯერებენ, რომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ მუშაობა. საკუთარ თავზე ზრუნვის საშუალება არ გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან ძვირია“ – ამბობს კვლევის მონაწილე. 

მენსტრუალურ პროდუქტებზე წვდომასთან დაკავშირებით კვლევის მონაწილე 46 წლის ქალი ქუთაისიდან ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს რაიმე პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეღავათიან ფასად შეიძენდნენ ქალები საფენებს, რადგან მათი ღირებულება ძვირია და მით უფრო რთული ხდება მათი შეძენა იმ ოჯახებში, სადაც რამდენიმე ქალი ცხოვრობს.

„ყოფილა შემთხვევები, რომ საფენისთვის საკმარისი ფული არ მქონია. არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ მშვიდად და კომფორტულად შევხვედროდი ამ პერიოდს. ისეთი მიზერული ხელფასებია, რომ წინასწარაც რომ გადადო, არ გამოვა…“ – ფოკუსჯგუფის მონაწილე აჭარიდან. 

კვლევაში მონაწილეები საუბრობენ შეუსაბამო პირობებზე სამსახურში, სადაც დამსაქმებლების მხრიდან არ არის გათვალისწინებული მათი მენსტრუაციული საჭიროებები:

„სამსახურში არანაირი შეღავათი არ გვაქვს. შესვენება მხოლოდ ერთი საათია და რაც არ უნდა გიჭირდეს, ყველაფერი იმ ერთ საათში უნდა მოესწროს. მაქსიმუმ ერთმანეთს რომ შევუმსუბუქებთ რაღაც საქმეს, დამსაქმებლის მხრიდან მხარდაჭერა არ გვაქვს. კლიენტი თუ არის, შეიძლება ის ერთი საათიც ვერ გამოიყენო საპირფარეშოში გასასვლელად“.

კვლევის დასკვნითი ნაწილი მოიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორისთვის.

კერძოდ, რეკომენდაციებში საქართველოს პარლამენტის მიმართ ნათქვამია, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში მენსტრუალურ პროდუქტებზე გადასახადების შემცირების მიზნით;
  • შრომით კანონმდებლობაში მენსტრუაციის მქონე ადამიანებისთვის მენსტრუალურ შვებულებასთან და სამუშაო დღის განმავლობაში დასვენების დროსთან მიმართებით;
  • პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებული იყოს სოციალურ პაკეტებში;
  • მიიღოს შესაბამისი ზომები მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებსა და სანიტარულ ობიექტებზე წვდომის ზრდისა და საჭირო რესურსების მობილიზებისთვის;
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ დაიწყოს მუშაობა მენსტრუალური სიღარიბის პრობლემის დღის წესრიგში დაყენებისა და პრობლემის აქტუალიზაციის მიმართულებით.

კვლევის ფარგლებში – „მენსტრუალური სიღარიბე საქართველოში“ მომზადდა რეკომენდაციები  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვისაც, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში სათანადო ცოდნის მიწოდება მენსტრუაციასთან დაკავშირებით, აღმოფხვრას რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა და მენსტრუაციის განხილვისას მოსწავლეების გენდერის მიხედვით განცალკევების პრაქტიკა სკოლებში, უზრუნველყოს რესურსები საგანმანათლებლო დაწესებულებების საპირფარეშოებში მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებების ხელმისაწვდომობისთვის, სასკოლო სახელმძღვანელოებში მოხდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადახედვა, შევსება და განახლება, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის დაძლევას და ა.შ.

რეკომენდაციებში, რომლის ადრესატიც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ნათქვამია, რომ სამინისტრომ უნდა მიიღოს ზომები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად; აუცილებელია, მოხდეს ფინანსური, გეოგრაფიული, ფიზიკური, ინფორმაციული და სამედიცინო პერსონალის კომპეტენციასთან დაკავშირებული ბარიერების გათვალისწინება; სამინისტრომ უნდა იმუშაოს სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლებასა და სენსიტიზაციაზე ლბტქი+ და შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებთან მიმართებით და სხვა.

კვლევის ავტორებს რეკომენდაციები აქვთ კერძო სექტორის მიმართაც: „გაითვალისწინონ მენსტრუაციის მქონე დასაქმებულთა საჭიროებები და გადაიდგას ნაბიჯები მხარდამჭერი გარემოს ფორმირებისთვის, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ჰიგიენური საშუალებების უზრუნველყოფით საპირფარეშოში და ანაზღაურებადი დასვენების დღეებით მენსტრუაციის დროს“ – წერია კვლევაში.

„ბათუმელები“ ესაუბრა „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მარიამ გულიაშვილს. მას ვკითხეთ, როგორია მათი დაკვირვება, თუ კეთდება რაიმე მენსტრუალური სიღარიბის დასაძლევად შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

„არამარტო საზოგადოებაში, სამედიცინო სივრცეშიც, გინეკოლოგებისთვისაც კი ნორმალიზებულია მენსტრუალური ტკივილი, რაც, რა თქმა უნდა, კომპეტენციის ნაკლებობის ბრალია და არსებობს თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ტკივილის მენეჯმენტის შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის საჭიროა მენსტრუალური პათოლოგიების დროული დიაგნოსტირება. ეს, ერთი მხრივ, ფინანსურად ხელმიუწვდომელია, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ადამიანისთვის, რადგან მათ უნდა გასწიონ როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე გადაადგილების და სხვა ტიპის ხარჯები. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ არასდროსაა ყურადღება გამახვილებული რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დაზღვევის პაკეტებში“, – გვითხრა მარიამ გულიაშვილმა.

„თანასწორობის მოძრაობის“ დაკვირვებით, არც მთავრობა და არც კერძო სექტორი არ არის დაინტერესებული ამ პრობლემის გადაჭრით და ამასთან, მენსტრუაციის თანმხლები გართულებები პრაქტიკულად სრულადაა უგულებელყოფილი დამსაქმებლების მხრიდან.

„ძალიან დიდი სამუშაო აქვს გასაწევი განათლების სამინისტროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. ფაქტობრივად, განათლების ეროვნულ სისტემაში არ არსებობს სქესობრივი განათლების კომპონენტები“,- ამბობს მარიამ გულიაშვილი.

კვლევაში მოყვანილია მაგალითები, თუ რას აკეთებენ სხვა ქვეყნებში მენსტრუალური სიღარიბის შესამცირებლად.

მაგალითად, 2020 წლის ნოემბერში შოტლანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებები უფასოა ყველასთვის, ვისაც სჭირდება; საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 25 წლამდე მოსახლეობისთვის უფასო იქნება მრავალჯერადი გამოყენების მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებები (მენსტრუალური ჭიქა, მრავალჯერადი გამოყენების საფენები), თუმცა აღნიშნული ინიციატივა არ ეხება 25 წელზე უფროს ქალებს, რაც პრობლემაა და საჯარო კრიტიკის საგნად იქცა; 2018 წელს ავსტრალიის მთავრობამ შეიმუშავა საჯარო სკოლებში უფასო საფენებისა და ტამპონების ხელმისაწვდომობის გეგმა და ა.შ.

„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ“ – 66 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან

„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ, ოკუპანტებო“, – ამბობს ლუდა სალია და სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო მავთულხლართებს რკინის მაკრატლით ჭრის.

„ეს ჩვენი სოფელი, ჩვენი შარაგზაა და არ გაქვთ უფლება, სოფელი შუაზე გაგვიყოთ. არც მორალური და არც არანაირი უფლება არ გაქვთ,“ – ამბობს ლუდა სალია.

ლუდას თქმით, ეს იყო პასუხი საპატრიარქოს პრესმდივნის კომენტარზე, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ქართული დროშის აფრიალების გამო გაამკაცრეს რუსებმა კონტროლი ლომისში.

„მსგავსი პოლიტიკა და მიდგომა ოკუპანტებთან არის დამღუპველი“ – ამბობს ლუდა სალია „ბათუმელებთან“ საუბარში.

66 წლის ლუდა სალია აფხაზეთიდან დევნილია. სოხუმი დაცემის შემდეგ დატოვა და მისი მეუღლის სოფელში, ხურვალეთში დასახლდა.

ყოველდღე საკუთარი თვალით უყურებს მცოცავ ოკუპაციას და იმას, როგორ იტაცებენ საკუთარი ეზოებიდან რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს.

„2018 წელს ჩემი მზარეული საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და ცხინვალის ციხეში იყო. მერე გამოვისყიდეთ, რა თქმა უნდა. ეთნიკურად ოსია ეს ქალი და ვიღაცები ჩაერივნენ, რომ გაეთავისუფლებინათ.

ღამე არ ეძინა ქალს შიშითა და ნერვიულობით. გატაცების შემდეგ ინფარქტი მიიღო და მკურნალობდა. როცა მომჯობინდა, ისრაელში, ემიგრაციაში წავიდა.

ახლა გირაოსაც აღარ თანხმდებიან და ყველას ციხეში უშვებენ, ვისაც საოკუპაციო ხაზის კვეთის გამო გაიტაცებენ“, – გვეუბნება ლუდა სალია.

მისი თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს არც გატაცებულების გამოსახსნელად და არც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად.

„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ბედი. არც ირაკლი ბებუას ეხმარება, რომელიც სოხუმის ციხეშია გამოკეტილი.

რუსეთის დროშაც იმიტომ დაწვა ბებუამ, რომ საქართველო ერთიანია და ერთი დროშის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ ქართველები და აფხაზებიო, სხვა კი არაფერი დაუშავებია.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რომ თქვა, ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა ლომისში და მაგის მერე გაამკაცრეს რუსებმა კონტროლიო, ამიტომ გავავრცელე ის ვიდეო, სადაც მავთულხლართებს ვჭრი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მე მავთულხლართებს ვჭრი. სხვა დროსაც გადამიჭრია და ყოველთვის გადავჭრი, რადგან ამ მავთულხლართებს რუსი ოკუპანტები ჩვენს მიწაზე აბამენ.

ვისაც აღიზიანებს ქართული დროშა? მოვიდეს და მითხრას, აბა, რა აღიზიანებს.

ასე კი არ უნდა თქვას ჯაღმაიძემ, რომ რუსები ღიზიანდებიან თურმე, პირიქით, საპატრიარქომ და ეკლესიამ უნდა უთხრას რუსეთის საპატრიარქოს, რომ დაგვიბრუნონ ჩვენი სალოცავები, მაგრამ არა. ამიტომ დავარქვი ამ ყველაფერს უსიტყვო კაპიტულაცია. დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას ალბათ ასე თუ გავაგრძელეთ.

მაშინ ადგნენ და გვითხრან, რომ მიეყიდნენ რუსებს“, – ამბობს ლუდა სალია.

2017-2021 წლებში, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლიდან 577 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, „საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“.

რამდენიმე ადამიანი ახლაც ცხინვალის და სოხუმის ციხეებში იმყოფება პატიმრობაში. მათ შორისაა ირაკლი ბებუა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, „მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, თუმცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ლუდა სალია მიიჩნევს, რომ მთავრობა არ იჩენს სათანადო ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გამოსახსნელად.

საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს არაერთი მოქალაქე გარდაიცვალა. მათ შორის ირაკლი კვარაცხელია და დავით ბაშარული.

საოკუპაციო ძალების მიერ იყო მოკლული არჩილ ტატუნაშვილი, ასევე გიგა ოთხოზორია, რომელიც 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში, დე ფაქტო აფხაზეთის საზღვართან, მოკლეს.

„ამ საქმეების მიმართ სამართლის აღსრულება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ  ქმედებებს“-წერს სუს-ი 2021 წლის ანგარიშში.

ლუდა სალიას საოკუპაციო ხაზთან საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვს გამოფენილი.

ლუდას სახლის წინ საქართველოს დროშის გარდა უკრაინის და ევროკავშირის დროშებიც აქვს გამოფენილი. ასე ცდილობს აჩვენოს ოკუპანტებს, თუ სად არის საქართველოს მომავალი და ადგილი.

„ერთი რიგითი ადამიანი ვარ, ქალი, რომელსაც თავისი ქვეყანა, სამშობლო უყვარს და ნამდვილად არ მინდა, აქ რუსმა ითარეშოს. ჩვენი მიწა ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს.

ძალიან შემაშფოთებელია მცოცავი ოკუპაცია. იქაც, ხურვალეთში, ორი სალოცავი წაიღეს რუსებმა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მივდივართ, შორიდან ვუყურებთ.

გააუბედურეს, არც თვითონ უვლიან, არც ჩვენ გვიშვებენ. ან როდის იყო, რუსი ქართულ სალოცავს მოუვლიდა, გადაღებვებით არის დაკავებული და ასეთი სიტუაციაა“, – გვეუბნება ლუდა.

ოკუპაციისა და მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ლუდა ცდილობს პატარა იმედი გაუჩინოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს.

მავთულხლართებთან 80 მეტრში, სადაც მისი სახლი დგას, მოხუცთა სახლი გახსნა და 16 ხანდაზმულს უვლის. საკვირაო სკოლა აქვს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის.

„რვა ადგილობრივი მყავს დასაქმებული, ორი დევნილიც მყავს სამაჩაბლოდან და ვართ, ვცხოვრობთ ასე და ვმუშაობთ.

ანწუხელიძის სახელობის საკვირაო სკოლა რეჟისორ სანდრო ელოშვილთან ერთად გავხსენი. რადგან ჯერ შენობა არ გვაქვს, ჩემ სახლში მოდიან ბავშვები.

მოხუცთა სახლი ვაუჩერული დაფინანსებითაა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო იხდის თანხას. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს სახელმწიფოსთან, მაგრამ მისი დამოკიდებულება ოკუპაციასთან უკვე თვალის დახუჭვა კი აღარ არის, კაპიტულაციამდე მიდის საქმე და ეს ძალიან ცუდია.

ჩვენ კი, აქ მყოფი მოსახლეობა, ასე ვართ აქ და ვცდილობთ, ცოტათი მაინც ავაჟრიამულოთ სოფელი“, – გვეუბნება ლუდა სალია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ფოტო: ნეტგაზეთი

სუს-ის ბოლო, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, ადამიანების გატაცების გარდა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

„უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში“-წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდებოდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, რაც გამოიხატებოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაში, ასევე „რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება დევნილობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ქონების, საცხოვრებელი სახლების განადგურება ან ქონებზე უფლების შეზღუდვა.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ნასახლარებზე ნაგავსაყრელის ამოქმედება“-წერს უსაფრთხოების სამსახური.

მათივე შეფასებით, უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას.

ფოტო: რეგინფო/ უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან. 2017 წელი.

2008 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 86 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ხელს უწყობს საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

თუმცა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სანამ რუსული საოკუპაციო ძალები დგანან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნდობის აღდგენა და მშვიდობის მიღწევა ამ რეგიონებში, ძალიან რთული იქნება.

რუსეთი ზამთრისთვის ზოგავს ფრთოსან რაკეტებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი ფრთოსან რაკეტებს უკრაინაში ამ ეტაპზე არ იყენებს, რადგან ემზადება ზამთარში ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევისთვის.

რუსეთის საჰაერო ძალების შორ მანძილზე მოქმედი მძიმე ბომბდამშენების ფლოტს [LRA] ერთ თვეზე მეტია უკრაინაში არ განუხორციელებია საჰაერო დარტყმები ფრთოსანი რაკეტებით, რაც კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი წყვეტაა – წერს დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური დღეს, 27 ოქტომბერს, X-ზე გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ, მოკლე მიმოხილვაში.

ამავე დროს მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს სხვა იარაღი დარტყმისთვის, ეს იყო ძირითადი მეთოდი ზუსტი დარტყმის განსახორციელებლად.

დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთს, დიდი ალბათობით, სჭირდებოდა შეტევების სიხშირის შემცირება ფრთოსანი რაკეტების – AS-23a KODIAK მარაგის შესავსებად.

რუსეთი, სავარაუდოდ, გამოიყენებს ახალწარმოებულ LRA საბრძოლო მასალას, რათა ზამთარში დაარტყას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, პარალელურად კი გააგრძელებს ირანული დრონების გამოყენებას შეტევისთვის – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

6 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა იმ საფრთხესთან გასამკლავებლად, რაც რუსეთმა ქვეყანას ზამთარში შეიძლება შეუქმნას. მან თქვა, რომ წელს უკრაინა არა მხოლოდ დაიცავს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, არამედ რუსეთს თავდასხმით უპასუხებს.

ქურდული გარჩევა ბათუმში ბიზნესმენთან 75 ათას დოლარზე – დაკავებულია 5 პირი

შს სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში 5 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით.

დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული მ.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ა., 1976 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული რ.ჰ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში წარმოიშვა ფინანსური დავა, რის შემდეგაც კომპანიაში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, კრიმინალურ ავტორიტეტს, 1985 წელს დაბადებულ გ.ა.-ს მიმართა.

„აღნიშნული დავის გადასაწყვეტად, ბათუმში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, სადაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს განუცხადა, რომ დავაში ჩართული იყო „კანონიერი ქურდი“ და საკითხი „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო. კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 75 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრი და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირები დაზარალებულს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისთვის დაკისრებული თანხის გადახდას მოითხოვდნენ“ – წერს შსს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ოქტომბრის 21 საათიდან 28 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„მესაზღვრე ხელს მკრავდა, წადი იომეო“ – უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

27 წლის ალექსანდრ იურევიჩი დევნილია უკრაინიდან. 2023 წლის ზაფხულიდან ბათუმში ცხოვრობს. ორი კვირის წინ ალექსანდრე ბათუმიდან თურქეთში წავიდა პროდუქტების საყიდლად. ბათუმიდან ხშირად გადადიან თურქეთის საზღვართან მდებარე მაღაზიებში საკვები პროდუქტის საყიდლად და მალევე უკან ბრუნდებიან.

ალექსანდრემ საქართველოდან დაუბრკოლებლად გადალახა საზღვარი თურქეთისკენ, მაგრამ უკან დაბრუნებისას ქართველმა მესაზღვრეებმა აღარ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ალექსანდრე სამი კვირაა სარფში [თურქეთის მხარეს] ქუჩაში ცხოვრობს და წვიმის დროს მეჩეთს აფარებს ღამით თავს, სძინავს იატაკზე. უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ ექვსჯერ სცადა საზღვრის გადმოლახვა, მაგრამ ექვსივეჯერ უარი მიიღო.

დოკუმენტში, რომელიც უარის შემდეგ გადასცეს, ნათლად არ ჩანს, რატომ არ უშვებენ მას საქართველოს ტერიტორიაზე. დოკუმენტში მითითებულია, რომ ალექსანდრ იურევიჩი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

„ქართველი მესაზღვრე ხელს მკრავდა ზურგზე და მეუბნებოდა, წადი და იომეო უკრაინაში, აქ რა გინდაო. მე ვცდილობდი მისთვის ქართულად ამეხსნა რა ხდებოდა, რუსულადაც ვეუბნებოდი, უკრაინულადაც, ყველაფერს იგებდა, მაგრამ ხელს მკრავდა და მეუბნებოდა უკან წადი, თურქეთშიო.

ვეუბნებოდი, რომ ომი გამოვიარე, ტყვედ ვიყავი რუსეთში და გამათავისუფლეს, უიარაღოს მბომბავდნენ, ვეუბნებოდი მე ჯარისკაცი არ ვარ-მეთქი, მაგრამ წამით არ მისმენდა. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, არ ვიცი რით დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება“, – ამბობს ალექსანდრე.

მან არ იცის თურქული ენა და ისევ საზღვართან იცდის, ღამით მეჩეთში სძინავს.

ალექსანდრე ცენტრალური უკრაინიდან, კიროვოგრადიდანაა, კრაპევნიცკის ოლქიდან. სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს. ჰყვება, რომ ადამიანები გამოიყვანა ხანძრიდან. მერე ტყვედ ჩავარდა ხერსონში და რუსი სამხედროები აიძულებდნენ რუსული პასპორტი აეღო, რაზეც უარი თქვა.

27 წლის კაცი ჰყვება, რომ ტყვედ წაიყვანეს რუსეთში.  იხსენებს, რომ ქალები და კაცები ტყვეობაში ცალ-ცალკე მიჰყავდათ:

„ჩვენ სიახლოვეს დააყენეს  ხერსონში თავიანთი სამხედრო ტექნიკა და ტანკები. ჩვეულებრივ ხალხს აფარებდნენ თავს. აუპატიურებდნენ ქალებს.  ტყვედ ჩავარდნილები არავის გავხსენებივართ, არავის მოვუკითხივართ. უკრაინაში გაძარცვეს პროდუქტის საცავები და ასე გვკვებავდნენ. ვჭამდით ძირითადად ფაფას.

რუსმა ჯარისკაცებმა ტექნიკა ჩვენს სიახლოვეს განალაგეს, ჩვეულებრივ ხალხს შორის იმალებოდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ, გვაწამებდნენ, ,,ხოხლებს“ და ,,ბანდერებს“ გვეძახდნენ, მერე გვთავაზბდნენ რუსული პასპორტების აღებას.

ვინც რუსულ პასპორტზე უარს ამბობდა ყირიმის ხიდის გავლით რუსეთში მიჰყავდათ. ვინც ცდილობდა გაქცეოდა რუს ჯარისკაცებს მათ კლავდნენ. ჩვენ ხერსონიდან 30 ადამიანი წაგვიყვანეს ერთ ჯერზე მანქანით, სადაც 8 ადგილი იყო, ერთმენეთზე დაწყობილები ვიყავით, ქალები ცალკე მიჰყავდათ, კაცები ცალკე.

ამბობდნენ, რომ ვინც პირველი მანქანით წაიყვანეს, ის ხალხი დაცხრილეს. ავტომატიანმა ჯარისკაცმა თავში ჩამარტყა და მითხრა ჩუმად ვმჯდარიყავი. ორი დღე და ღამე მივდიოდით, არ გვაჭმევდნენ, გვცემდნენ რუსი სპეცრაზმელები. გვშიოდა და გვციოდა, მანქანაში ვერ ისუნთქებდი, არც ფანჯრები ჰქონდა მანქანას.

მერე გაგვასამართლეს ექსტრემიზმის და უკრაინა-რუსეთის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, არადა თავად გადაგვიყვანეს რუსეთში. შესაბამისად, ჩემს პასპორტში არ არის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი ბეჭედი. გასამართლების შემდეგ დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, 5 წლით აგვიკრძალეს რუსეთში ჩასვლა და მქონდა არჩევანი წავსულიყავი ბელორუსში ან საქართველოში. მე აქ წამოსვლა ვარჩიე“, – ჰყვება ალექსანდრე.

თურქეთის მხარეს დარჩენილი უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს ამბობს, რომ აღარც საკვების ფული აქვს და ერთი ტანსაცმლითაა. ცდილობს იპოვოს სამსახური თურქეთში, მაგრამ ენა არ ესმის.

ალექსანდრე ბათუმში შემდუღებელ ქარხანაში მუშაობდა და მაკლერობასაც ცდილობდა, ბინების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარებოდა მსურველებს. შეშის დახერხვასა და ჩეხვაში ეხმარებოდა ხულოში მცხოვრებლებს.

  • რა შემთხვევაში არ უშვებენ საქართველოს საზღვარზე პირებს

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე პირი იღებს უარს იმ შემთხვევაში, როცა:

  • არ არის წარმოდგენილი საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისთვის დაწესებული ჯარიმა.
  • განმცხადებელმა საქართველოს ვიზის მისაღებად წარადგინა ყალბი ან არასრული მონაცემები/ინფორმაცია/დოკუმენტები.
  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველ უცხოელს არ აქვს სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისა და უკან დაბრუნებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრები.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.
  • საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა.
  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში ან დაარღვევს შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
  • აღარ არსებობს ან ვერ დასტურდება მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო ვიზა.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველმა უცხოელმა საქართველოში ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან დაარღვია საქართველოში უცხოელთა ყოფნის წესები.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაექვემდებარა გაძევებას საქართველოდან, მიუხედავად იმისა, გავრცელდა თუ არა მასზე საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
  • საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის დაწყების მოთხოვნილი თარიღისათვის საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველს ამოწურული აქვს 90 კალენდარული დღის ვადით საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში.
  • საქართველოს ვიზის მისაღებად დოკუმენტები/ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა არასათანადო წესით.
  • არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს

ჩამოთვლილთაგან არცერთი დარღვევა არ ჰქონდა ალექსანდრ იურევიჩს გარდა ერთი, ყველაზე ბუნდოვანი „დარღვევისა“:  არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

მანამ, სანამ ალექსანდრეს საკითხი გაირკვევა, კაცს თურქეთის საზღვართან მეჩეთის იატაკზე უწევს ძილი. აღარ აქვს ფული, საკვები, თბილი სამოსი მოახლოებული გრილი დღეებისთვის და საცხოვრებელი.

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე ამ თანამდებობაზე გიორგი ხურციამ ჩაანაცვლა. აქამდე 37 წლის გიორგი ხურცია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

გიორგი ხურცია, როგორც შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ქონებრივ დეკლარაციას 2012 წლიდან ავსებს.

რაც შეეხება დავით მაღრაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მაღრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

აჭარის საპატრულოს უფროსი

დავით მაღრაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა. მისი უშუალო ჩართულობით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმში, როცა მოქალაქეებმა 2023 წლის 31 ივლისს რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს.

დავით მაღრაძე იყო მთავარი მოწმე „24 ოპოზიციონერის“ დაკავების საქმეზეც – 2022 წლის მაისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავეს, მათ კარვები ჩამოართვეს და დაუშალეს. მაშინ დავით მაღრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც დააკავა. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პოლიციის უფროსი გააპარა.

რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი, რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე.

გიორგი 48 წლის იყო. იგი თვეების განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას.

გიორგი გოგიბერიძე 2006 წლიდან იყო „ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.

წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „თეთრი კვადრატის“ ავტორი და წამყვანი, ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელეხელოვნების დეპარტამენტს.

გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „სინაგოგა“, „სტარტი“, „რუსუდან ფეტვიაშვილი“, „ოცი საუკუნის შემდეგ“, „მემენტო მორი“, „წითელი ცხენის ბანაობა“ და ა.შ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 297 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 5 145 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 9 726 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 7 162 ერთეული [+7]
  • MLRS – 834 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 556 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 390 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 538 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 513 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 1 011 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 515 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 312 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 169 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 893 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 684 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია სამმა გემმა და უკრაინაში შევიდა – „ფორბსი“

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შეიტანეს. აქედან ბოლო ცვლილება – 2023 წლის 29 სექტემბერს.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა.

საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ მოგვაწოდა, მთავრობამ კი – თავისივე განკარგულება.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტების ნაწილი [მათ შორის მთავრობის განკარგულება] „ბათუმელებმა“ სხვა წყაროებით მაინც მოიპოვა.

ცვლილებები აღნაგობის ხელშეკრულებაში

სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „ამბასადორს“ შორის 2021 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა.

ამ ხელშეკრულებით სახელმწიფომ 1 ლარად კომპანიას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ არსებული 891 258 კვადრატული მეტრი „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“ [ფაქტობრივად ზღვა] გადასცა 65 წლით.

ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ერთი ხელოვნური კუნძულისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პირველი ცვლილება

პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 2022 წლის 25 ივლისს შევიდა. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ ცვლილებით კომპანიას დამატებით 55 ჰექტარი [551 965 კვადრატული მეტრი] ტერიტორია გადასცეს ზღვაში.

ცვლილების ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ცვლილება არ ცვლის „აღნაგობის ხელშეკრულების“ სხვა მუხლების შინაარს და „ყველა სხვა მუხლით დადგენილი მხარეთა უფლებები და მოვალეობები რჩება უცვლელი“.

ამ ცვლილების შემდეგ კომპანიაზე აღნაგობის უფლებით გადაცემულია ჯამში 1 443 223 კვადრატული მეტრი ტერიტორია ზღვაში [რეესტრის ახალ ამონაწერში უკვე დაკონკრეტებულია, რომ ეს „არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი“ არის „წყლით დაფარული ტერიტორია].

ტერიტორია შავ ზღვაში ბათუმთან, სადაც ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავენ
მეორე ცვლილება

მეორე ცვლილებით, რომელიც აღნაგობის ხელშეკრულებაში შევიდა, უშუალოდ პირობები/ვადები შეიცვალა.

  • „აღნაგობის ხელშეკრულების“ 3.1.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ საქართველოს მთავრობისათვის პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში 2023 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარედგინა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, აღნიშნული ანგარიში კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა და ხელშეკრულება ამ ვადის ამოწურვამდე წინა დღით, 2023 წლის 29 სექტემბერს შეიცვალა.

  • ახალი ცვლილებით კომპანიამ ანგარიში მთავრობას უნდა წარუდგინოს „არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელი აპრილისა“.

შეიცვალა ქონების კომპანიისთვის საკუთრებაში გადასაცემად შესაბამისი კანონპროექტის მთავრობაში ინიცირების ვადაც, რაც აღნაგობის ხელშეკრულებით „არა უადრეს 2023 წლის 30 სექტემბრისა“ უნდა მომხდარიყო.

ცვლილების მიხედვით, „ნახევარკუნძულების, კუნძულის შექმნის შემდგომ, მაგრამ არა უადრეს 2024 წლის 1-ელი აპრილისა, ამავე ნახევარკუნძულ(ებ)ზე, კუნძულზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფენ „ქონების“ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი განკარგულების პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ინიციირებას საქართველოს მთავრობის წინაშე, იმ პირობით, რომ საპრივატიზებო ქონებაზე გავრცელდება „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული, შესასრულებელი ვალდებულებები „ხელშეკრულებით“ დადგენილი ვადით.“.

  • კიდევ ერთი ცვლილებით კომპანიას დაევალა ახალი საბანკო გარანტიის წარდგენა, არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ამჯერად, არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელი აპრილისა.

ამასთან, ახალი/შეცვლილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა „აღნაგობის ხელშეკრულების“ შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 თვით, რომელიც „უზრუნველყოფს შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას [მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას“.

  • შეიცვალა ხელშეკრულების ერთ-ერთი ის პუნქტიც, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტას ითვალისწინებს.

კონკრეტულად, ხელშეკრულების შეცვლილი ვარიანტით: კომპანიის ვალდებულებები წყდება და კომპანიას გაწეული ხარჯები, მათ შორის, ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ:

„2024 წლის 1-ელი აპრილისათვის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასაშვები არ იქნება „ხელშეკრულების“ შესაბამისი ქვეპუნქტების საფუძველზე შესაქმნელი ნახევარკუნძულების/კუნძულის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან და კომპანია არ შეასრულებს ახალი/შეცვლილი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებას“.

ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს ეხება მთავრობის ის განკარგულებაც, რომელიც „ბათუმელებს“ მთავრობამ არ მოგვაწოდა.

სახელმწიფო ქონების სააგენტოდან და მთავრობიდან ის დოკუმენტებიც [მიმოწერები, განმარტებითი ბარათი და სხვა] გამოვითხოვეთ, რომლის საფუძველზეც აღნაგობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, თუმცა ეს დოკუმენტებიც ვერ მივიღეთ.

რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის პროექტი

„ამბასადორმა“ პროექტის განხორციელება ე.წ. „ნაპირდამცავი ჯებირის“ გზშ-ს გარეშე მშენებლობით დაიწყო. ეს „ჯებირი“ შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძულის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს.

ბარცხანის სანაპიროზე ამ „ჯებირის“ მშენებლობა მინიმუმ ერთი თვეა შეჩერებულია. ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდში“ სცადა, თუმცა ამჯერად დაკავშირება ვერ მოახერხა. გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალზე ატვირთული მასალების მიხედვით კი, „ამბასადორი“ გზშ-ს მომზადების ეტაპზეა.

 ხელოვნური ნახევარკუნძულის [„ჯებირის“] სამშენებლო სამუშაოები [ინერტული მასალის შეტანა ბარცხანის სანაპიროზე] ამ ეტაპზე შეჩერებულია / ფოტო: 28.10.2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მიხედვით, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს.

არსებული დოკუმენტების მიხედვით, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ვადად 3,5-4 წელია განსაზღვრული. სამუშაოების დაწყება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება გზშ-ს მომზადებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებას.

აღნაგობის ხელშეკრულების მიხედვით, „ამბასადორს“ პროექტში „არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის“ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.

ამავე თემაზე:

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

როგორ ვუმკურნალოთ ყურში წყლის ჩასვლით გამოწვეულ პრობლემებს – ექიმის რჩევები

ბანაობისა და ცურვისას ყურში წყლის ჩასვლით გამოწვეულ დისკომფორტს ოტორინოლარინგოლოგიაში გარე ოტიტი [ანთება], იგივე „მოცურავის ყური“ ჰქვია. ამ დროს ყურში იმაზე რთული პროცესები ვითარდება, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. კერძოდ, ამ დროს საქმე გვაქვს გარე ყურის ინფექციასთან, რომელიც ჯერ ყურის დაგუბებას იწვევს, მოგვიანებით კი შეიძლება ტკივილი და გამონადენიც გამოიწვიოს.

ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში მდგომარეობა შეიძლება ისე გართულდეს, რომ პაციენტს სმენის პრობლემებიც კი შეექმნას.

ექიმი ამბობს, რომ გარე ყურის არხში ინფექციის მიზეზი ხშირად ხდება ყურში დარჩენილი წყალი, რომელიც ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ, ტენიან გარემოს ქმნის.

ბაქტერიული ინფექციის გარდა გარეთა ყურის ანთება იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანმა ინფექციამაც. პროცესი ამ დროს ვითარდება გარეთა სასმენ მილში, რომელიც იწყება გარეთა ყურიდან და გრძელდება დაფის აპკამდე.

მიზეზები

ყურის არხში არსებული ტენიანობის გარდა ინფექციის განვითარება შეიძლება დაბინძურებული წყლის [აუზი, ზღვა, არასათანადოდ გაწმენდილი აბაზანა] ზემოქმედებამაც გამოიწვიოს. 

ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ყურის არხის მგრძნობიარე კანის, თხელი ფენის დაზიანება, რომელშიც შეიძლება ინფექცია შეიჭრას. 

„არც ერთი ეს ე.წ. ყურის ჩხირი, რომელსაც, სამწუხაროდ, ყურის ღრმად გამოსაწმენდად, მათ შორის წყლის ამოსამშრალებლად იყენებენ ადამიანები – არ არის რეალურად ყურისთვის განკუთვნილი. ეს არის კოსმეტიკური ჩხირები.

ამ ჩხირის პლასტმასის ღერძი საკმაოდ ბასრია, მიკროტრავმების გარდა ბევრს სერიოზულად დაუზიანებია ყური, მათ შორის ბავშვისთვისაც. 

როცა გარეთა ყური იკაწრება, ყველანაირი ინფექცია რაც გარეთ არის, იჭრება შიგნით და ეს იწვევს ბაქტერიული თუ სოკოვანი ფონის მატებას. მხოლოდ ნაცხის აღების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ მიზეზი სტაფილოკოკია, სტრეპტოკოკი თუ სოკოვანი. ეს უფრო შემდეგ ეტაპზე ხდება, როცა გარეთა ყურის ანთება იწყება“ – ამბობს ბეხრი დიასამიძე.

MayoClinic: „მოცურავის ყურის“ განვითარების რისკს ზრდის: ყურის არხის გაწმენდა ბამბის ჩხირებით, თმის სამაგრებით ან ფრჩხილებით, რაც იწვევს ნაკაწრებს ან სხვა დაზიანებას; ასევე, ყურის მოწყობილობების – ყურსასმენების ან სმენის აპარატების გამოყენება, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს მცირე დაზიანებები კანზე.

სიმპტომები

ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ „მოცურავის ყურის“ სიმპტომები თავდაპირველად მსუბუქია, იწყება უბრალოდ ყურის დაგუბებით, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ ინფექცია გავრცელდება ან დროულად არ უმკურნალებთ მას.

MayoClinic: ამ დროს ვითარდება ქავილი ყურის არხში, სიწითლე, დისკომფორტი, აღინიშნება გამჭვირვალე გამონადენიც. პროგრესირების შემთხვევაში ქავილი უფრო ინტენსიურია, ტკივილი – მზარდი, გამონადენი მატულობს, შეიძლება განვითარდეს სმენის პრობლემები, მაღალი ტემპერატურა.

მკურნალობა

ექიმი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ყოველთვის ადვილია მკურნალობა.

„ექიმთან დროული მიმართვის შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი ორ-სამ დღეში ალაგდეს, მაგრამ როცა მდგომარეობა რთულდება და იწყება დაჩირქება, მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვაც ხდება საჭირო“ – ამბობს ბეხრი დიასამიძე. 

„მოცურავის ყურის“ შინ მკურნალობის მეთოდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ყურის დაგუბებისას სამპროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის, ე.წ. პერეკისის ჩაწვეთებაა, თუმცა ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ ასე მხოლოდ გოგირდის დარბილება ხდება და შემდეგ, სულ ცოტა მეორე დღეს, ექიმს უნდა მიმართოთ, რომელსაც შეუძლია ყურის უსაფრთხო მეთოდით გასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში  ყურის წვეთების სწორად შერჩევა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით ცურვის ან შხაპის მიღების შემდეგ:

  • გაიმშრალეთ ყურები კარგად, გასაშრობად გამოიყენეთ პირსახოცი;
  • თავი გადაწიეთ წინ და უკან ისე, რომ თითოეული ყური ქვემოთ იყოს მიმართული, რათა წყალი გამოვიდეს ყურის არხიდან;
  • მოქაჩეთ ყურის ბიბილო სხვადასხვა მიმართულებით, როცა ყური ქვემოთაა მიმართული, რათა ხელი შეუწყოთ წყლის გამოდინებას. 
პრევენცია

„ზოგადად, შუა ყურში გროვდება გოგირდი, ეს ნორმალური მოვლენაა. ყურში გოგირდი უნდა იყოს. არსებობს ასევე „მშრალი ყური“- როცა იშვიათად გროვდება გოგირდი. იმ შემთხვევაში, როდესაც ყურში არის გოგირდი, სულ ერთია, რა წყალიც არ უნდა მოხვდეს ყურში (ზღვის, წყლის თუ საპნიანი), იქ ის ერევა გოგირდს და გარეთ აღარ გამოდის.

ამიტომ არის აუცილებელი ადამიანი, განსაკუთრებით ის, ვისაც ცურვა უყვარს, წელიწადში ერთხელ ეჩვენოს ექიმს, თუ გოგირდია – გამოირეცხება, თუ არა და ყურის წყლისგან გამოთავისუფლება აპრობირებული მეთოდით – გვერდზე გადაწეული თავითა და ცალ ფეხზე ხტომითაც მოხერხდება“ – ამბობს ბეხრი დიასამიძე.

MayoClinic: მკურნალობის პროცესში მოერიდეთ ცურვას და ყვინთვას; არ ატაროთ ყურსასმენი, სმენის აპარატი ან ყურის დამცავი საცობები, სანამ ტკივილი ან გამონადენი არ შეჩერდება; მოერიდეთ წყლის მოხვედრას ყურის არხში შხაპის მიღების ან ბანაობის დროს. ამ დროს ყურის დასაცავად გამოიყენეთ ვაზელინით დაფარული ბამბის ბურთულა.

„როცა ადამიანს ყურის ქრონიკული პრობლემა აქვს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ყურში წყალი არ მოხვდეს. ასეთ დროს ყურის დაცვა აუცილებელია. არსებობს სხვადასხვაგვარი საცობები, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგია სილიკონის მასალა, რომელიც ყურის ფორმას იღებს ყურში მოთავსებისას“ – ამბობს ექიმი.

რა ირკვევა ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრაზე – მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა

დღეს, 26 ოქტომბერს, მოსამართლე კოტე ჭილაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ლევან სირაბიძე გაამართლა. მას გამოძიება 24 წლის ნიკა თუთაშვილის დანით დაჭრას ედავებოდა. დაჭრილი კაცი დაჭრიდან მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.

ეს შემთხვევა 2023 წლის 11 მარტს მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მოსამართლემ ამ საქმეზე დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი გაიზიარა – „ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა“. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი, ლევან სირაბიძეს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

„ჩვენ და პროკურატურასაც ერთი და იგივე ვიდეოჩანაწერები გვქონდა წარმოდგენილი, ვიდეოკადრებიდან ჩანს მთავარი, რომ ბრალდებული ვიდრე დანით დაჭრის ნიკას, იქიდან გაქცევას ცდილობს, თავის დაღწევას: ის გარბის და მას დანით შეიარაღებული პირი მისდევს,“ – საქმის ძირითად მტკიცებულებაზე – ვიდეოჩანაწერზე გვესაუბრება ადვოკატი სალომე ღოღობერიძე.

გარდაცვლილი ნიკა თუთაშვილი და ლევან სირაბიძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ადვოკატის თქმით, 10 მარტს მეგობრები თავდაპირველად ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე შეხვდნენ, ერთ-ერთ ბარში.

„ნიკა იყო ნასვამი და მოუთხოვია ლევანისთვის, მოდი, სხვაგან წავიდეთო, რაზეც ლევანს უარი უთქვამს. ამაზე ატყდა შეხლა-შემოხლა. ლევანს ამ დროს ნიკამ დაარტყა თავი ცხვირში და ლევანს სისხლი წამოუვიდა. დადასტურებულია, რომ ნიკა ნასვამი იყო, ლევანი – არა.

საერთო მეგობრები ადასტურებენ, რომ ნიკას ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, ამიტომაც იმ ბარშიც ურჩიეს ლევანს, სხვაგან გადასულიყვნენ. უცნობია, როგორ გაიგო ნიკამ, ლევანი რომ „ადგილში“ გადავიდა, თუმცა ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ამ ბარში, აბაშიძის გამზირზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა.

ვიდრე ნიკა ლევანთან მივიდოდა, გზაში ლევანს ურეკავდა და სმს-ებს წერდა. ამოღებულია სატელეფონო მიმოწერები და ზარები. 16 სატელეფონო ზარია შესული ლევანთან, ნიკა მას შეხვედრას სთხოვდა, აგინებდა… ბრალდებულს მხოლოდ ერთი სმს აქვს ნიკასთვის მიწერილი: „მიყვარხარ, ძმა, ვიცი, შენც გიყვარვარ და ხვალ დავილაპარაკოთ, როცა გამოფხიზლდები,“ – გვიყვება სალომე ღოღობერიძე.

„ეს ყველაფერი ზღაპარია. ნიკას არასწორი საქციელის გამო სურდა ლევანთან შეხვედრა, ისე რატომ მიაკითხავდა აბა ბარში?“ – კითხულობს დაღუპული ნიკა თუთაშვილის დედა, ირა ავაკოვა. მისი აზრით, მოსამართლე კოტე ჭილაიამ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბრალდებული ლევან სირაბიძე ბათუმის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“ – რიჩარდ სირაბიძის ბიძაშვილია.

ვიდეოჩანაწერი მხარეებისთვის სადავო აღმოჩნდა – კადრში ნათლად არ ჩანს, რა ნივთი უჭირავს ხელში ნიკა თუთაშვილს, როცა ის ლევანთან „ადგილში“ მივიდა. დაცვის მხარის მტკიცებით, ეს დანაა, პროკურატურის ვერსიით კი, ეს მხოლოდ მობილური ტელეფონია.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანა არ ფიქსირდება, მეტი ფაქტი რა უნდოდა მოსამართლე კოტე ჭილაიას?“ – ამბობს ირა ავაკოვა „ბათუმელებთან“.

ადვოკატ სალომე ღოღობერიძის თქმით კი, ნიკას მოგრძო ფორმის საგანი უჭირავს ხელში. ეს საგანი რომ დანაა, დადასტურებულია ორი მოწმის ჩვენებით და ბრალდებულის ჩვენებით,“ – გვიყვება ადვოკატი სალომე ღოღობერიძე.

„მოწმეებზე მოახდინეს გავლენა… ოქროს მოწმემაც ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს,“ – ამბობს გარდაცვლილი ნიკას დედა, – „იქ 11 ბიჭი იყო, ყველამ იცის ამ ჩხუბის მიზეზი, მაგრამ არავინ ამბობს. მეც ვერ ვასახელებ, მაგრამ რამდენიმე დღეში გავასაჯაროებ.

როცა ჩემი ნიკა დაჭრეს, ლევან სირაბიძემ მაშინვე დაურეკა ბათუმის საკრებულოს წევრს, რიჩარდ სირაბიძეს და იმან უთხრა, გაჩერდი, ჩაბარდი, მე გეპატრონებიო… მე ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ბიჭები მომიყვნენ ამას, მერე თქვეს, შეგვაშინესო. მოვა დრო და ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს ირა ავაკოვა.

ადვოკატი სალომე ღოღობერიძე კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მას უმაღლესი საბჭოდან გამოუთხოვია:

„ამ ჩანაწერით დგინდება, რომ ვიდრე ნიკა მივიდოდა „ადგილში“, გაიარა ლუკა ასათიანის ქუჩაზე მეგობართან, რომელიც უმაღლესი საბჭოს წინ მდებარე კორპუსში ცხოვრობს და ლევანის მეგობარიცაა… ნიკამ მას სთხოვა სახლიდან დანა ჩამოეტანა მისთვის, ამ მეგობარს დანა ჩამოუტანია. შემდეგ ჩანს ჩხუბის კადრი, რომ ამ ბიჭს დანის მიცემა საბოლოოდ არ უნდა, ნიკამ მას დაარტყა და დანა წაართვა.

ამ კადრში არ ჩანს გამოკვეთილად დანა და არც ამ მოწმეს მიუცია სასამართლოსთვის ჩვენება, მაგრამ ჩვენი ვერსიით, სწორედ მას გამოართვა დანა ნიკამ.

ნიკას რომ დანა ჰქონდა, ეს გამოჩნდა იმითაც, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა ახალი მოწმის გამოკითხვის ოქმი, თითქოს კარაქის და არა მჭრელი დანა გაატანა მეგობარს. რადგან საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე იყო, სასამართლო, ცხადია, ამ მტკიცებულებას ვეღარ დაუშვებდა,“ – ამბობს სალომე ღოღობერიძე.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ჩვენებებზე, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად ბარში შესულ ნიკას დანა ხელში არ ეჭირა, თუმცა ის ლევანის მეგობრებმა შეამჩნიეს.

„…ბარის შესასვლელთან ლევანი მკლავებში როცა მოიქცია ნიკამ, მაშინ შეამჩნია დანა ლევანმა და დაუსხლტა, ლევანი გამორბის და რამდენიმე პირი ნიკას შეჩერებას ცდილობს. სადარბაზოდან ტროტუართან გასვლამდე დანა უკვე ხელში აქვს მომარჯვებული ნიკას… ლევანი დანას ატარებდა და ჩანს კამერაში, რომ მარცხენა ხელით ცდილობს ხელი დაუჭიროს ნიკას, მარჯვენა ხელით კი ფეხში ურტყამს დანას თავდაცვის მიზნით.

ეს იყო აუცილებელი მოგერიება და სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ეს არგუმენტი,“ – გვითხრა სალომე ღოღობერიძემ.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

„2023 წლის 11 მარტს, ბათუმში მდებარე კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება ფეხის არეში მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული რამდენიმე საათში გარდაიცვალა… ბრალდების მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის მიერ დღეს, 26 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.

77 რუსი პილოტის ტორტით მოწამვლის მცდელობისთვის უკრაინელი დააკავეს – მედია

რუსეთში, კრასნოდარში, ტერორისტული თავდასხმის ბრალდებით უკრაინელი კაცის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება – მას 70-ზე მეტი პილოტის, უმაღლესი საავიაციო სკოლის კურსდამთავრებულების ტორტითა და ვისკით მოწამვლის განზრახვაში ადანაშაულებენ.

როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, 21 ოქტომბერს კრასნოდარის ქალაქ არმავირის ერთ-ერთ რესტორანში საავიაციო სკოლის ყოფილი კურსანტები სასწავლებლის დამთავრების 20 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ, როცა რესტორანში კურიერმა 20-კილოგრამიანი ტორტი და ვისკის ყუთები შემოიტანა. მან თქვა, რომ საჩუქარი იმ კურსელისგან იყო, რომელიც ღონისძიებას არ ესწრებოდა. ეს აღნიშნული სასწავლებლის ტრადიციაა – ვინც შეკრებას ვერ ესწრება, საჩუქარს გზავნის – ტკბილეულს ან ალკოჰოლს. დარბაზში 77 ადამიანი იყო.

საჩუქრების მიტანის შემდეგ კურიერმა რესტორანი დატოვა. სასწავლებლის ემბლემით მორთული ტორტი გაჭრეს, მაგრამ ბოლო მომენტში საეჭვოდ მოეჩვენათ ის გარემოება, რომ კურიერს ტკბილეულის გამომგზავნის ვინაობა არ დაუსახელებია და პილოტები რუსეთის სპეცსამსახურებს დაუკავშირდნენ.

რუსეთის უშიშროების სამსახურის თქმით, ნამცხვარი და ვისკი მოწამლული იყო, ხოლო რუსი მფრინავების მოწამვლის მცდელობა უკრაინის უშიშროების მიერ იყო ორგანიზებული.

დააკავეს კურიერი, რომელიც უკრაინელია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ მელიტოპოლიდან და 2015 წლიდან მოსკოვის ოლქში ცხოვრობს.

ნახევარი მილიონი დანაზოგი მოსამართლე როინიშვილის ანგარიშზე – 2023 წლის დეკლარაცია

„ვალდებული ვარ, ნიღაბი მეკეთოს, მაგრამ მეღიმება ამაზე. ხანდახან მგონია, რომ კლანის მნიშვნელობა არ იცის ხალხმა. ოჯახის წევრი არა ვარ… ბევრთან ვმეგობრობ“, – ასე უპასუხა ვასილ როინიშვილმა ბრალდებას სასამართლო კლანთან დაახლოებაზე 2020 წელს, როცა მას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ნიშნავდნენ.

როინიშვილი იმ ექვს მოსამართლეს შორის არის, ვინც ევროპის ქვეყნებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

საკონსტიტუციომდე ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლედ მუშაობდა.

2006 -2008 წლებში ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

2008-09 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

საკონსტიტუციოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის მაისში შეავსო. 2 თვეში, კი მან საჯარო რეესტრს ახალი ქონების დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა.

მოსამართლემ 600 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა დუშეთში, სოფელ ჭოპორტში, სპორადული წესით დაირეგისტრირა. რეესტრში მითითებულია ისიც, რომ შენობა სამშენებლო დოკუმენტების გარეშე დაარეგისტრირეს. ამონაწერში მითითებული არ არის შენობის ფართობი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ ეს ნაკვეთი ვასილ როინიშვილმა დარეგისტრირებიდან მეორე დღესვე, 2023 წლის 21 ივლისს, სავარაუდოდ ძმას, მიხეილ როინიშვილს გადაუფორმა.

თავისივე დეკლარაციების მიხედვით, ვასილ როინიშვილი მარტო ცხოვრობს.

2023 წლის მაისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვასილ როინიშვილის ქონების ჩამონათვალს ახალი ჩანაწერი 2021 წელს დაემატა. მოსამართლეს მემკვიდრეობით მიუღია 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მცხეთაში, საგურამოში.

2020 წელს კი თავად შეუძენია ორი ბინა ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე. ერთ ბინა 100,3 კვ მეტრია, მეორე კი შედარებით მცირე ზომის – 24, 1 კვ მეტრი. დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს ბათუმში ბინების შესაძენად ჯამში 138 600 ლარი გადაუხდია.

ვასილ როინიშვილი ფლობს ასევე ბინას [130,3 კვ.მ] და ავტოფარეხს [18 კვ.მ] თბილისში ფანასკერტელის ქუჩაზე. ეს ქონება მას 2011 წელს შეუძენია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2019 წელს ვასილ როინიშვილმა თბილისში, ვარკეთილში, კიდევ ერთი ბინა – 61.30 კვ.მეტრი დაირეგისტრირა და მალევე ეს ქონება მიხეილ როინიშვილს გადაუფორმა. საფუძვლად სამკვიდრო მოწმობაა მითითებული. დარეგისტრირებიდან 2 თვეში მან ეს ქონებაც მიხეილ როინიშვილს გადაუფორმა. ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

რა შეეხება დანაზოგებს – 2023 წლის მაისის მდგომარეობით ვასილ როინიშვილს საქართველოს ბანკის ანაბარზე 305 000 ლარის, ხოლო ლიბერთი ბანკის ანაბარზე 73 310 დოლარის შეგროვება მოუხერხებია. კიდევ ორ მიმდინარე ანგარიშზე ვასილ როინიშვილს 37 951 ლარი ჰქონია დეკლარაციის შევსების მომენტისთვის.

ამ თანხებს თუ შევკრებთ აღმოჩნდება, რომ როინიშვილმა გასულ წლებში [ 2020-2022წწ] სესხების დაფარვაც მოახერხა და ნახევარი მილიონი ლარის დაზოგვაც.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვასილ როინიშვილს 2022 წელს სახელფასო შემოსავლის სახით 155 608 ლარი, ანუ თვეში 12 967 ლარი მიუღია.

___

აქვე წაიკითხეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე

ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო

ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიიდან გარიცხა ორი წევრი – ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის საკრებულოს წევრი, შოთა გოგიტიძე.

ამის შესახებ განცხადება პარტიამ დღეს, 26 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. პარტიამ ყოფილ წევრებს მმართველი პარტიის მიერ „მოსყიდული და გადაბირებული“ უწოდა.

„ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით, დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას.

სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული ადამიანების რეპუტაციას. ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის.

სწორედ ამიტომ, 2023 წლის 26 ოქტომბერს პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიღო გადაწყვეტილება, ,,ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრები – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, შოთა გოგიტიძე გარიცხოს პარტია „საქართველოსთვის“ რიგებიდან“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში“.

შოთა გოგიტიძე/facebook

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბათუმის საკრებულოს სხდომა 24 ოქტომბერს, როცა ნატალია ძიძიგური არ შეუერთდა ოპოზიციის პროტესტს, არ დატოვა სხდომა და ხმა მისცა „ოცნების“ მიერ დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა.

„მე დამოუკიდებელი ვარ და საკრებულოში კრიზისს არ დავუშვებ“ – თქვა 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგურმა.

ამავე თემაზე: 

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის ახალი დერეფანი შეაჩერა რუსული საჰაერო საფრთხის გამო

26 ოქტომბერს უკრაინამ შეაჩერა შავი ზღვის მარცვლეულის ახალი დერეფნის გამოყენება რუსული სამხედრო თვითმფრინავების საფრთხის გამო.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

„25 ოქტომბრის საღამოს უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ გემების მოძრაობა მარცვლეულის დერეფანში და მის გარეთ 2023 წლის 26 ოქტომბრიდან შეჩერდება“, – წერს მედია.

მედიის ცნობით გადაწყვეტილება მიღებულია საფრთხის გამო, რომელიც შეიქმნა რუსეთის საჰაერო აქტივობის გაზრდით.

შესაძლოა ახალ დერეფანში გემების მოძრაობის შეჩერება უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მარცვლეულის დერეფანში გემების შეჩერება ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

_____________________

ამავე თემაზე: 

შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია სამმა გემმა და უკრაინაში შევიდა – „ფორბსი“

ალექსი ახვლედიანი : ჩვენი ნავსადგურები შეძლებენ ინტეგრირებას გლობალური გადაზიდვების ჯაჭვში

25 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS HOTELS TBILISI-ში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, სამუშაო ჯგუფის წევრები და პროექტის პარტნიორების: საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის (UK GGF), აშშ-ს ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

– „საქართველო მსოფლიოს, ევროპის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ევროინტეგრაციის პროცესს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზღვაო გადაზიდვებისა და სანავსადგურე სექტორის ინტეგრაცია საერთო ევროპულ სისტემაში”, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა – „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ (MSW), რომლის დანერგვაც დასასრულს უახლოვდება, და „ნავსადგურების გაერთიანების სისტემა“ (PCS), რომლის იმპლემენტაციასაც დღეს ვიწყებთ, სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს ქართულ ნავსადგურებს. ჩვენი პორტები თანამედროვე, ციფრული სისტემების წყალობით თავისუფლად შეძლებენ ინტეგრირებას გლობალური გადაზიდვების ჯაჭვში.“

PCS-ის იმპლემენტაციის ფაზის დასრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება. სისტემის პროგრამული და მატერიალურ უზრუნველყოფისთვის, EBRD-სა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საერთაშორისო ტენდერით ერთობლივად შეირჩა კონტრაქტორი კომპანია Actual IT. საერთაშორისო კომპანია ინოვაციური პროექტებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე სპეციალიზირდება.

გლობალური მიწოდების ჯაჭვში სრულყოფილად ინტეგრირებისათვის, ქართული „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ (MSW), რომლის იმპლემენტაციაც აქტიურ ფაზაშია, სამომავლოდ, „ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას“ (PCS) დაუკავშირდება და შექნის ერთიან ელექტრონულ პლატფორმას საზღვაო სექტორში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლისთვის. საზღვაო „ერთი ფანჯრის სისტემა“ (MSW) საჯარო სერვისების: გემის შემოსვლის-გასვლის პროცესის გაციფროვნებას და პროცედურების გამარტივებას გულისხმობს, ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის დანერგვა კი – სანავსადგურე კერძო სერვისების გაციფროვნებას მოიცავს, რაც მათ ოპტიმიზაციას, მართვის გაუმჯობესებას და ავტომატიზაციას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს საზღვაო სექტორში ლოჯისტიკური ეფექტიანობის ზრდას.

წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და საზღვაო ნავსადგურების გაციფროვნების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა, მადლობა გადაუხადა ნავსადგურების გაერთიანების სისტემის დანერგვის პროცესში სააგენტოს მთავარ პარტნიორს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდს (GGF), ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს (ICS) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს.

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ხდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 26 ოქტომბერს, X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ მიუხედავად რუსეთის უარყოფისა, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ კორეიდან ჩატანილი საბრძოლო მასალები უკვე დასავლეთ რუსეთშია, საცავში, საიდანაც მარაგდება სამხედრო ოპერაციები უკრაინაში.

„თუ ჩრდილოეთ კორეა შეინარჩუნებს სამხედრო გადაზიდვების ბოლო მასშტაბს და ტემპს (1000-ზე მეტი კონტეინერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში), ის გახდება რუსეთისთვის იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოური მიმწოდებელი ირანთან და ბელარუსთან ერთად“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ამჟამად გაურკვეველია, რაზე დათანხმდა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას იარაღის სანაცვლოდ. დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს სავარაუდოდ იყო ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრისას.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, რომ შეთანხმება ამ ორ ქვეყანას შორის მოიცავს ფინანსურ კომპენსაციას, ეკონომიკურ მხარდაჭერას და თანამშრომლობას სამხედრო და მაღალ ტექნოლოგიებში.

______________

ფოტო: EPA-EFE/VLADIMIR SMIRNOV

ავდიივკასთან რუსეთმა 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგა – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] წერს, რომ 25 ოქტომბერს უკრაინული ძალები ოდნავ დაწინაურდნენ დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად.

ISW-ი ციტირებს უკრაინის გენერალური შტაბის ცნობას იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას ვერბოვოს დასავლეთით – რობოტინოდან დასავლეთით, ხოლო უკრაინის სახმელეთო ძალების სპიკერმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს კლიშჩიივკას [ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით] და ანდრიივკას [ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით] მახლობლად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 25 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა კვლავ შეუტიეს ავდიივკას და მიაღწიეს დადასტურებულ წინსვლას. ანალიტიკოსები წერენ უკრაინული წყაროების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ რუსეთმა 10-დან 20 ოქტომბრამდე ავდიივკას მახლობლად 109-ზე მეტი სამხედრო მანქანა, ჯავშანტექნიკა დაკარგა.

ასევე, ანგარიშში ISW-ი მიუთითებს რუსული წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა განაახლეს უფრო მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ხერსონის აღმოსავლეთ [მარცხენა] სანაპიროზე და ინარჩუნებენ პოზიციებს აღმოსავლეთ სანაპიროს რამდენიმე რაიონში.

ამავე დროს, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკი-სვატოვეს ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან, დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, დონეცკ-ზაპორიჟიას ოლქის სასაზღვრო რაიონში და დასავლეთ ზაპოროჟიეში, მაგრამ მათი წინსვლა არ დასტურდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 297 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 5 141 ერთეული [+29]
  • ჯავშანტექნიკა – 9 715 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 7 155 ერთეული [+30]
  • MLRS – 834 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 556 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 320 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 389 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 538 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 507 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 1 010 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 515 თვითმფრინავი
  • 253 ვერტმფრენი
  • 8 298 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 950 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 169 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 888 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 672 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

ავდიივკასთან რუსული ძალები იძულებულნი გახდნენ გადაჯგუფებულიყვნენ

Exit mobile version