რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე – მთავრობამ ჩამონათვალი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“ დაამტკიცა.

ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:
  • „ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;
  • საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;
  • ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;
  • ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;
  • გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
  • არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;
  • ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;
  • ელექტრომოწყობილობების მომსახურება;
  • პოტენციურად მავნე  ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
  • კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.“

18 წლამდე მეზღვაურისთვის გემზე აკრძალული სამუშაოების ჩამონათვალი მთავრობამ 2023 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა და ის 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია ასევე, რომ ეს ჩამონათვალი დამტკიცებულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება კანონს „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, ის საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მაისში მიიღო. ეს კანონიც სრულად 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

  • აღნიშნული კანონი „განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს;
  • აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.“

ამავე კანონში აღნიშნულია, რომ „მეზღვაურთა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“:

  • II თავი – „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“;
  • IX თავი – „შრომის პირობების დაცვა“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
  • XI თავი – „გაერთიანების თავისუფლება“;
  • XII თავი – „კოლექტიური ხელშეკრულება“ იმ პირობით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.“

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. გია ჭყონია მათ შორის არის, ვინც გასულ წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა.

გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან სამი: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს.

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.
  • შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან

კვლევის მიხედვით, შპს „გზამ“ 30 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 9 589 953 ლარი და მოგებული 95 ტენდერიდან 325 765 401 ლარი. ამ შემოსავლების 67% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.

შპს „ბათუმი ცენტრალმა“ [ყოფილი შპს „GEORGIA INN”] 10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 17 430 ლარი შემოსავალი.

შპს „შატო კვირიკემ” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”) 220 286 ლარი მიიღო 36 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან და 45 649 ლარი 2 მოგებული ტენდერიდან, საიდანაც 1 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ და 1 – კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად.

  • გადაცემული ქონება და მხარდაჭერა „აწარმოე საქართველოდან“

შპს „შატო კვირიკეს“ [ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”], რომლის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეს მიმდებარედ, 26 870 კვ.მ მიწის ნაკვეთი [სახელმწიფო ტყის ფონდი], 2020 წლის 17 იანვარს, სარგებლობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა.

შპს „ნექსთ ქოლექშენმა“ [ყოფილი შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“, შპს „თაუერ ჯგუფი გრინ რეზიდენსი“], რომლის 50% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე, 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 დანგრეული შენობა-ნაგებობა 2017 წლის 6 ოქტომბერს იყიდა სახელმწიფოსგან (ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).

ბანკმა „ქართუმ“ 2020 წლის 4 მარტს უძრავი ქონების ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან მიიღო მცხეთაში მდებარე 34 492 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წლის 7 მაისს მიყიდა გიორგი ჭყონიას, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2023 წლის 11 ივლისს საკუთრებაში არსებულ და მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „შალე კვირიკემ“, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, 5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო „აწარმოე საქართველოდან“. რამდენიმე წლის წინ სწორედ „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა „შატო კვირიკეს” კომპლექსი, რომელიც ასევე გიორგი ჭყონიას საკუთრებაა.

სსიპ „აწარმოე საქართველოს” ჩვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია რომ მოეწოდებინა, რომელიც მათ მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებულ პროექტებს ეხებოდა, შესაძლებელია გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიების სხვა საბიუჯეტო დაფინანსებების შესახებაც მიგვეღო ცნობები.

საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ გიორგი ჭყონიას ბიზნესპარტნიორია „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ალა კახნიაური. მათ ერთობლივად შექმნეს კომპანიები – შპს „კრიპტომ ჰოუმი“ და შპს „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტი“.

  • მბრუნავი კარი – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ჭყონიას კომპანიაში

კვლევის თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელსაც უფლებამოსილება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე  ბრალის წარდგენის გამო შეუწყდა, სასჯელის მოხდიდან დღემდე შპს „თაუერ ჯორჯიას” დირექტორია.

ამ კომპანიის 100% წილს ფლობს შპს „ბათუმი ცენტრალი“, ხოლო, თავის მხრივ, შპს „ბათუმი ცენტრალის“ 45% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, 55% წილს კი – შპს „გზა“.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „გზას“ 100% წილის მფლობელი თავად გიორგი ჭყონიაა.

თენგიზ პეტრიძე ვიცე-მერად დანიშვნამდე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად მუშაობდა. ის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის დროს თითქმის მუდმივად იყო სატენდერო კომისიის წევრი, რა დროსაც გიორგი ჭყონიას კუთვნილმა კომპანიამ, შპს „გზამ“ მოიგო 15 576 976 ლარის ტენდერი.

თითოეულ ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებას თავისი ხელმოწერით ადასტურებს თენგიზ პეტრიძე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი. ეს ყველაფერი ე.წ. „მბრუნავი კარის“ ნათელი მაგალითია.

  • უნებართვო მშენებლობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე

გიორგი ჭყონიამ ლუკა ასათიანის #21-ში, ბათუმის მერიის შენობიდან 100 მეტრის მოშორებით, კუთვნილ საცხოვრებელ ფართობს ახალი სართული იმგვარად დააშენა, რომ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არ აუღია [შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ფასადს ეხება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა სჭირდება].

რენდერი

„ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უნებართვოდ მიიჩნია, მშენებელი დააჯარიმა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი) მოსთხოვა.

ამის მიუხედავად, ბიზნესმენმა გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, ინსპექციის ჯარიმა და მითითება კი სასამართლოში გაასაჩივრა. კანონმდებლობის თანახმად, ინსპექციის დადგენილება ძალაში ვერ შევა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გიორგი ჭყონიას კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული 250 მილიონზე მეტი ლარი, სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში მიღებული 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება, მისი და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ მმართველი პარტიის და მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გაღებული მილიონზე მეტი ლარი შემოწირულება და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობები, პრივილეგირებული მდგომარეობის და შესაძლო კორუფციული გარიგებების მაჩვენებელია.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ჩვენ მიერ მოკვლეული ფაქტები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

იზრდება იმ პატიმრის ხელფასი, ვინც ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს

2024 წლის იანვრიდან იზრდება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ მსჯავრდებულის ანაზღაურება, რომელიც ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს ასრულებს. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 2 დეკემბერს გამოსცა.

მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესში“, რომელიც 2015 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.

ამ წესის მიხედვით, „სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს სამუშაო ჯგუფის უფროსი და სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილე.“

შესაბამისად, ახალი ბრძანების მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, თუ მსჯავრდებული ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს ასრულებს იმ დაწესებულებაში, რომელშიც

  • 1000 და მეტი ბრალდებულია/მსჯავრდებულია – სამუშაო ჯგუფის უფროსის ანაზღაურება თვეში შეადგენს 450 ლარს, სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილის – 425 ლარს, ხოლო სამუშაო ჯგუფის წევრი სხვა მსჯავრდებულის ანაზღაურება – 400 ლარს;
  • თუ დაწესებულებაში 1000-ზე ნაკლები ბრალდებული/მსჯავრდებულია, მაშინ სამუშაო ჯგუფის უფროსის ანაზღაურება თვეში შეადგენს 350 ლარს, სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილის – 325 ლარს, ხოლო სამუშაო ჯგუფის წევრი სხვა მსჯავრდებულის ანაზღაურება – 300 ლარს.
დღეს მოქმედი წესის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ასრულებს ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს, მას ენიშნება ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
  • სამუშაო ჯგუფის უფროსს – თვეში 250 ლარის ოდენობით.
  • სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილეს – თვეში 225 ლარის ოდენობით.
  • სამუშაო ჯგუფის წევრ მსჯავრდებულს – თვეში 200 ლარის ოდენობით.

მოქმედი წესის მიხედვით, სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის ანაზღაურება მსჯავრდებულს ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე.

ახალი წესის მიხედვით „სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულების რეესტრს აწარმოებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, ხოლო ტაბელს – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება.“

5 გბ 1 ლარად – შეთავაზება hi app-ის მომხმარებლებისთვის

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობისთვის თიბისიმ, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი აპლიკაცია – hi app შექმნა, რომლის საშუალებით  მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. 

აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.

რამდენიმე დღეა რაც მოსწავლეებს hi app-იდან შეუძლიათ 1 ლარად შეიძინონ 5 გბ ინტერნეტი.  შეთავაზება მოქმედებს მაგთის, სილქნეტის და სელფის აბონენტებისთვის. hi app-ის მომხმარებლებს შეთავაზების გააქტიურება მხოლოდ საკუთარ ნომერზე, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ hi app-ით მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ისეთი ოპერაციების შესრულება, როგორიცაა: 

  • ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • ისეთი შეთავაზებების მიღება, რომლებიც მათზეა მორგებული
  • ბალანსის შემოწმება
  • გადახდის დღიური ლიმიტის გაკონტროლება

hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.

გადმოწერე hi app: https://link.tbc.ge/HiApp 

ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

ის შეეხო მასწავლებლის პროფესიულ სქემასაც. ამილახვრის თქმით, სქემა კი არ გაუქმდება, არამედ გაუმჯობესდება.

„მასწავლებლები ამბობენ, რომ სქემაში იმიტომ ერთვებიან, რომ სჭირდებათ მაღალი ხელფასი. ჩვენ ეს ორი პროცესი გვინდა გავყოთ და ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა და ცალკე – კარიერული განვითარება.

ყველა პედაგოგს განესაზღვრება ღირსეული ანაზღაურება სტატუსის მიუხედავად და ცალკე, პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

იმ მასწავლებლებს, რომლებსაც არ აქვთ სრული დატვირთვა სკოლაში, მათი ხელფასების ზრდა იქნება საათების პროპორციულად“, – თქვა ამილახვარმა.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი კვალიფიკაცია.

„ჩვენ ვერ წავალთ ხარისხის კომპრომისზე და, შესაბამისად, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მასწავლებლებს, რომ განვითარდნენ და შევთავაზოთ სამართლიანი წინსვლის მექანიზმები“, – ამბობს მინისტრი.

ამილახვარმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მასწავლებლის ხელფასი სრული დატვირთვის შემთხვევაში 2024 წლის პირველი ივლისიდან „500 ლარით და მეტით გაიზრდება“.

ამილახვარი შეეხო საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევის საკითხსაც. მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც ვერ მოხერხდა დირექტორების არჩევა, ახალ კონკურსებს გამოაცხადებენ.

„840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს დირექტორები სამინისტროს ჩაურევლად. აქ პასუხი გაცემულია ყველა კრიტიკოსზე, რომლებიც არაობიექტურობაზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, დარჩენილ 1000 სკოლაში კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი და თუ აქამდე ვერ მოხდა დირექტორების არჩევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას“, – განაცხადა მინისტრმა.

თუმცა მას არც ამჯერად უხსენებია ის სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც კონკურსში გამარჯვების მიუხედავად არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს. „უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა დირექტორების შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება ან უნდა, რომ მოიპოვოს სერტიფიცირება, მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში“, – განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, 2-3 თვეში ყველა სკოლას ახალი დირექტორი ეყოლება.

სკოლებში ახალი, ეროვნული შეფასება უნდა დაბრუნდეს – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს განათლების მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზენტაცია გამართა.

გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ სისტემა გადავა მასწავლებლის მოსმენასა და უკუკავშირზე.

მინისტრის თქმით, სკოლებში უნდა დაბრუნდეს ეროვნული შეფასება.

„ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, სისტემისთვის. ამიტომ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას მისცემს სურათს, როგორ ვითარდება და რა დახვეწა, რა სჭირდება ბავშვს.

მე-12 კლასში იყოს განმსაზღვრელი შეფასება და ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს განათლებაში ან პროფესიულ განათლებაში, აქაც იქნება ცვლილება და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის მოდელს.

თუმც აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამის პილოტირება დაიწყება მე-6, მე-9 კლასში 2025 წელს, 2026 წელს დაიწყება მე-12 კლასის პილოტირება და სრულად ეს სისტემა ამოქმედდება 2027 წლიდან.

ამილახვარმა ბუნდოვანი დატოვა აღნიშნული საკითხი, ბოლომდე არ გაშალა თემა მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალი საგანმანათლებლო მოდელი დააანონსა.

მან ამავე პრეზენტაციაზე პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სქემის გაუქმებაზე კი არა, გაუმჯობესებაზეა საუბარი.

__________________

ამავე თემაზე:

ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

კაცმა ცოლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღო და გაუვრცელა – რა თქვა მოსამართლემ

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით თანაცხოვრების პერიოდში მის მეუღლეს მ. მ-ს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდა მისი არასრულწლოვანი შვილის ძიძის – ნ. ბ-სათვის,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 მაისს მიღებულ განჩინებაში.

საქმის მასალების მიხედვით, კაცმა ყოფილ ცოლს თანაცხოვრების პერიოდში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფეისბუქით გაუვრცელა.

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით, თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ. მ-ს, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რასაც ინახავდა თავად. მასსა და მ. მ-ს შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ. ბ–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა-მ, ერთობლივად განიზრახეს, რომ მ. მ-სის დისკრედიტაციის მიზნით, მოეხდინათ ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ ,,………..-ის’’ საშუალებით გავრცელება.

რ. ბ-სმა, მ. მ-სის პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელ „………-ის’’ მომხმარებელის ,,R. M-i-ის’’ სახელით რეგისტრირებულ გვერდზე, განათავსა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი. ა-მ, რომელიც ამავე ქსელში დარეგისტრირებულია ,,I. A–a-ს’’ სახელით, 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და გაავრცელა თავის გვერდზე, იმავდროულად, ი. ა-ს მიერ ხსენებული ჩანაწერის აღწერისას, მითითებული იქნა მ. მ-ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი,“ – აღნიშნულია ბრალდების არსში.

ამ ფაქტის შემდეგ კაცის გადაღებული ვიდეო მათი შვილის ძიძას – ნ.ბ.-საც გაუვრცელებია: „ნ. ბ-სი, იმყოფებოდა რა კონფლიქტურ ურთიერთობაში მ. მ–სთან, შურისძიებისა და ამ უკანასკნელის დისკრედიტაციის მიზნით, განიზრახა მოეხდინა ხსენებული ჩანაწერის სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 1-ელ თებერვალს, ნ. ბ–სმა საკუთარ ,,……-ის’’ გვერდზე – პროფილის სახელით – „K. M–d’’, განათავსა რ. ბ-ს მიერ გადაღებული ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბავშვის ძიძა 5 ათასი ლარით დაუჯარიმებიათ, რ.ბ.-ს კი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენებას და გავრცელებას“.

განაჩენი შვილის ძიძას გაუსაჩივრებია და გამამართლებელი განაჩენის მიღება მოუთხოვია:

„საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის – მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მტკიცებას მისი უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სადავო ვიდეოჩანაწერი მას არ გაუვრცელებია [არ აუტვირთია სოციალურ ქსელში] და გამოაქვეყნა თავად დაზარალებულმა, რომელსაც ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივი და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული, რომ სოციალურ ქსელს პროფილის სახელით – „K. M.-ი’’ იყენებდა ნ. ბ–სი და სადავო ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა IP მისამართიდან, რომელიც ემთხვევა მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლის მისამართს“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

მასწავლებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ

დღეს, 12 დეკემბერს, პრეზიდენტის სასახლესთან პედაგოგების აქცია-მსვლელობა იგეგმება.

აქცია 12:00 საათზე დაიწყება პირველი კლასიკური გიმნაზიიდან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პედაგოგი დათო ფერაძე კი თავის კოლეგებს მოუწოდებს, გამოვიდნენ და ღიად დაიცვან მასწავლებლის უფლება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პედაგოგი მაია ეკალაძეც, რომელიც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს განათლების სამინისტროსთან. მან პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობასაც მიმართა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო შიმშილობა შეწყვიტა. ის პროტესტს დღემდე აგრძელებს.

„ბათუმელები“ მაია ეკალაძეს ესაუბრა და აქციის დეტალები გამოჰკითხა.

„აქციის სლოგანია – „არ შეგეშინდება მასწავლებელო, იბრძოლე მოსწავლისთვის“. აი, ამ მოწოდებით მოივლის დათო თბილისის ცენტრალურ სკოლებს და მეგაფონით მოუწოდებს მასწავლებლებს, რომ გამოვიდნენ და 15:00 საათზე დაგეგმილ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა.

აქცია შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება, ეს არ იქნება ერთჯერადი პროცესი. ყველა უბანს მოვივლით და ვფიქრობთ, რომ რეგიონებშიც ჩავიდეთ“, – ამბობს მაია ეკალაძე.

მისი თქმით, ყოველდღიურად უკავშირდებიან მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან სოლიდარობის ნიშნად, თუმცა ბევრი მათგანი ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად, აქციაზე გასვლას ვერ ბედავს.

„აი, ახლაც მივიღე მესიჯი ზუსტად ამ შინაარსის, სადაც პედაგოგი მწერს: ვუერთდები აქციის მოთხოვნებს, მაგრამ მეშინია, რადგან სტატუსი არ მაქვს, ამიტომ არ ჩამქოლონ და ლუკმაპურის გარეშე არ დამტოვონო. ასეთი მესიჯი მომდის უამრავი და კიდევ ბევრი სხვა მიზეზია, რის გამოც პედაგოგებს უჭირთ აქციაზე გამოსვლა“, – ამბობს მაია ეკალაძე.

პროტესტში მონაწილე პედაგოგებმა ორგანიზაცია „განათლების დამცველთა ასოციაცია – განათლების ომბუდსმენი“ დააარსეს და ფიქრობენ, რომ ამ ორგანიზაციის სახელით ძალიან ბევრი მასწავლებლის ხმა გაჟღერდება.

„თავების დათვლა არ არის მნიშვნელოვანი, პრობლემა რომ არის, ეს მინისტრმაც და პარლამენტარებმაც ძალიან კარგად იციან და ნუ მოითხოვენ ადამიანებისგან, სოციალურად დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანებისგან იმის კეთებას, რაც არ შეუძლიათ.

მაინცადამაინც აქტივიზმში უნდა გადავიდეს მასწავლებელი და აქციებით უნდა ცხოვრობდეს? უკვე მერამდენე კვირაა ვცხოვრობ აქტივისტის ცხოვრებით და ეს ძალიან რთულია. მე ზრდასრული შვილები მყავს, მაგრამ ბევრს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და სჭირდებათ ყურადღება.

სულაც არ მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ამ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა. 2014 წლიდან ვიბრძვი და არანაირად არ იცვლება მდგომარეობა. მაინც ისე ხდება, როგორც ხდება.

ამიტომ, მე რაღაცას, ვიღაცას გადავაბიჯე“, – გვეუბნება მაია.

მისი თქმით, რამდენი პედაგოგი მოვა აქციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთი ადამიანის ხმაც მნიშვნელოვანია.

„როცა ერთ მოსწავლეს უჭირს, მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს ერთ მოსწავლეს, მაგრამ ერთ მასწავლებელს როცა უჭირს, ამ დროს უჭირს 200 მოსწავლეს.

აქედან გამომდინარე, ერთი მასწავლებლის ხმა არ არის ხელწამოსაკრავი“, – გვითხრა მან.

მაია ეკალაძე, დათო ფერაძე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე სკოლის დირექტორობის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გაუქმებას და განმეორებითი კონკურსის ჩატარებას მოითხოვენ.

მაია ეკალაძემ დირექტორობის სასერტიფიკატო გამოცდა მაღალ ქულებზე ჩააბარა, გასაუბრების ეტაპი კი ვერ გაიარა. ეკალაძის თქმით, გასაუბრება გაიარა, თუმცა რა მიზეზით დააკლეს ქულები, მისთვის გაუგებარია.

რაც შეეხება გიორგი ჭაუჭიძეს, მან გასაუბრების ეტაპიც გადალახა და სერტიფიკატიც აიღო, თუმცა სამინისტრომ ის არც ერთ მითითებულ სკოლაში არ წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიცირებული დირექტორების დეფიციტია სკოლებში.

განათლების სამინისტრომ 2000-ზე მეტი სკოლიდან საჯარო სკოლების უმრავლესობაში ისევ არასერტიფიცირებული კადრები დანიშნა. 500-ზე მეტი კანდიდატი ჰყავთ სერტიფიცირებული, მაგრამ ისინი მაინც არ წარადგინეს სკოლებში.

მაია ეკალაძეს ვკითხეთ, საპროტესტო მსვლელობის გამართვამდე ხომ არ ჰქონიათ საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია. ეკალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს პედაგოგების წერილი გადასცეს და ელოდებოდნენ მისგან მხარდაჭერას.

„პრეზიდენტი არ არის საქართველოში, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, რომ მივიდეთ. ჩვენ გუშინაც მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებს და ვთხოვეთ, რომ მხარი დაეჭირათ პედაგოგებისთვის. მათგან სოლიდარობას ველოდებით.

ვფიქრობ, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, დეპოლარიზაცია, რადგან შეუძლებელია ასეთ გარემოში ცხოვრება და მუშაობა.

ჩვენ, პედაგოგები, ხომ არ ვარჩევთ გაკვეთილზე ვინ გვიზის კლასში – „ნაციონალის“ შვილი გვიზის, „ოცნების“ წარმომადგენლის, ფაშისტის შვილი გვიზის თუ ლიბერალის. არ ვარჩევთ და არც უნდა გავარჩიოთ, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის ხდება ადამიანების დაყოფა პოლიტიკური მრწამსის თუ სხვა ნიშნით, რაც მიუღებელია.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სამთავრობო პარტიებს, რომ განათლების ირგვლივ გაერთიანდნენ – ჩვენ მოქალაქეები მათ ხმას ვაძლევთ და ამას ვავალდებულებთ.

ჩვენ კონკრეტულ აქციაზე ვითხოვთ კონკურსებთან დაკავშირებული დანაშაულებისა და ხარვეზების გამოსწორებას. ამის გარდა, სხვა უამრავი პრობლემაც გვიდგას სკოლებში. როგორიცაა ბავშვების კვების პრობლემა, მასწავლებლების ხელფასები და ბევრი სხვა, მაგრამ სახელმწიფომ არც ერთ პრობლემას ყურადღება არ მიაქცია.

ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – ამბობს მაია ეკალაძე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 დეკემბრის 21 საათიდან 13 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: ღამით 2-3 ბალი, დღისით 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14-15 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

10 წლის ბიჭი ქობულეთში პიროტექნიკით დაშავდა – ბავშვს დამწვარი აქვს სახე, კისერი, ზედა კიდურები 

ქობულეთში,  პიროტექნიკით დაშავებული ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური, თუმცა ძალიან საყურადღებო, რადგან პაციენტს დამწვარი აქვს სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დამწვრობის ცენტრში.

შემთხვევა ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში გუშინ, 11 დეკემბერს მოხდა.

პიროტექნიკით დაშავებული 10 წლის ბიჭი ჯერ ქობულეთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, საიდანაც თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

აჭარის რეგიონში მოქმედ სამედიცინო კლინიკებში ძლიერი დამწვრობის მკურნალობის სერვისი დღემდე არ მოქმედებს. კლინიკებში მხოლოდ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. რეგიონში არც დამწვრობის სპეციალისტია.

პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციაა შექმნილი, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 20 ათასზე მეტი ადამიანი აწერს.

პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ.

მიმდინარე წლის მარტში „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშიც შეიტანეს, თუმცა 9 თვეა პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრ შეზღუდვას ემხრობა, თუმცა ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს უმრავლესობას მხარს არ დაუჭერს:

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 340 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 5 664 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 10 579 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 8 073 ერთეული [+3]
  • MLRS – 919 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 163 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 596 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 650 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 1 170 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 655 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 999 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 311 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 222 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები და რა კავშირშია მასთან სტრესი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი [გნს] საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, იგი წარმოადგენს სიმპტომების ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და იწვევს არასასიამოვნო ან მტკივნეულ სიმპტომებს მუცელში – ყაბზობა, დიარეა, გაზები და შებერილობა ამ პათოლოგიის საერთო საერთო სიმპტომატიკაა.

„ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი, ხათუნა ციცქარავა განმარტავს, რომ ეს არ არის ორგანული პათოლოგიით მიმდინარე დაავადება, ის არ აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მაგრამ ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის მართვაშიც წამყვანი როლი აქვს ცხოვრების წესის შეცვლას, მათ შორის დიეტითა და სტრესის მართვის ტექნიკების დასწავლით.

 

  • ქალბატონო ხათუნა, რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი? 

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებაა და ის ორგანული პათოლოგიით არ მიმდინარეობს. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელშიც საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ფსიქო-ემოციურ ფაქტორებს. ამასთან, ეს არის ის დაავადება, რომელიც მუცლის ტკივილით და ნაწლავური მოქმედების ცვლილებებით მიმდინარეობს; ნაწლავური მოქმედების ცვლილებები ნიშნავს, რომ აქ არის დიარეის და ფაღარათის მონაცვლეობა, ან აქვს [მათი] შერეული ფორმა.

ეს მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული პრობლემაა და ბოლო წლებია საქართველოშიც საკმაოდ აქტუალური გახდა. აღსანიშნავია ის, რომ ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ამ სინდრომით, ვიდრე კაცები. რაც შეეხება ასაკს, ბავშვობის ასაკშიც შესაძლებელია გამოვლინდეს, თუმცა იშვიათად, ძირითადად ვლინდება 24-დან 60 წლამდე ასაკში.

  • რა სიმპტომები ახასიათებს?

პაციენტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომატიკას ყოველთვის არ განიცდის. სიმპტომები პერიოდულად ქრება და გარკვეული პერიოდის, ან მაპროვოცირებელი ფაქტორების შემდეგ ისევ ბრუნდება.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:

მუცლის ტკივილსა და კრუნჩხვა/სპაზმს [დეფეკაციის სურვილთან დაკავშირებული];

ჭარბი გაზები და შებერილობა;

დიარეა, ყაბზობა ან მათი მონაცვლეობა;

ლორწო განავალში;

გარდა ამისა, შეიძლება იყოს არასრული დაცლის შეგრძნება [დეფეკაციის შემდეგ].

  • როგორ ჩნდება?

Clevlend Clinic წერს: უცნობია,ზუსტად რა იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, თუმცა მკვლევრებმა აკლასიფიცირებენ მას, როგორც ნეიროგასტროინტესტინურ დარღვევას. ასეთი მდგომარეობების დროს, დარღვეულია ნაწლავისა და ტვინის ურთიერთქმედება, კერძოდ დარღვეულია ნაწლავებსა და ტვინს შორის კოორდინაცია, რომელიც უნდა დაეხმაროს თქვენს მომნელებელ სისტემას გამართულად მუშაობაში. 

მიზეზებს რაც შეეხება, ზუსტად რომ გითხრათ, მაინცდამაინც ეს ერთი მიზეზი იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ასეც არ არის – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროს დარღვევები არ ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ანუ ორგანული პათოლოგიები არ არის (იქნება ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, სიმსივნეები თუ სხვა).

დაავადება შეიძლება დაკავშირებული იყოს კვებით ალერგიებთან/აუტანლობასთან, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევასთან [დისბაქტერიოზი], გასათვალისწინებელია გენეტიკური წინასწარგანწყობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ შეიძლება ეს დაავადება გამოვლინდეს მწვავე ნაწლავური ინფექციების შემდგომ. 

MayoClinic: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ან გადახდენიათ სტრესული მოვლენები ცხოვრებაში, განსაკუთრებით ბავშვობაში.

  • რა აპროვოცირებს გნს-ს ეპიზოდს?

ეს ეპიზოდი ბევრ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კვებითი ფაქტორია, რომლის გამოც შეიძლება განვითარდეს ფაღარათი ან/და ყაბზობა. სწორედ ამის გამოა, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს საკმაოდ მკაცრი დიეტით უნდა იცხოვროს ადამიანმა; ამ დროს რაციონიდან ხდება პარკოსნების, ბროკოლის, კომბოსტოს, ხილის [დღის მეორე ნახევარში], მარცვლეულის, კარტოფილის, რძის, ღვინის, შოკოლადის, მჟავეს, ცხარესა და ცხიმიანი საკვების ამოღება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესიც (მხოლოდ ბავშვობის ტრავმაზე არ არის საუბარი), ცხოვრების დღევანდელი რეჟიმიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დოზით სტრესს ყველა ვექვემდებარებით, ნაწლავი და ნერვული სისტემა კი მკვეთრად რეაგირებს ამ ყველაფერზე. 

Clevlend Clinic: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს შემდეგმა ფაქტორებმა: მენსტრუალური ციკლი; ზოგიერთი საკვები – მაგალითად რძის პროდუქტები, გლუტენის შემცველი პროდუქტები (ხორბალი) და ის პროდუქტები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ გაზების დაგროვებას; სტრესი – ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გნს არის ნაწლავების პასუხი სტრესზე.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ატყობთ, რომ დღეს შეკრულობა გაქვთ [როცა ნაწლავი არ არის დაცლილი 48 საათის განმავლობაში] და ხუთი დღის შემდეგ ფაღარათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ექიმს უნდა მიმართოთ. ჩვენი პოპულაციისთვის დამახასიათებელი არ არის ერთი კვირის პრობლემის გამო ექიმს მიმართოს, თუმცა რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება მიმართოთ.

საქმე ის არის, რომ გარდა სერიოზული დისკომფორტისა, შესაძლოა განვითარდეს უშუალოდ ამ სიმპტომატიკასთან დაკავშირებული გართულებები, მაგალითად, როგორიცაა ბუასილის გამწვავება ფაღარათის დროს და ა.შ.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ამ პრობლემას ფაქიზი კვლევა და დიაგნოსტირება სჭირდება. იცით რაშია საქმე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, როგორც ერთი დაავადება არ არსებობს, მისი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ სიმპტომების ეს ჯგუფი გასამიჯნია სხვა არსებული დაავადებების სიმპტომებისგან, რაც შეიძლება გასტროენტეროლოგიურ სისტემაში არსებობდეს – დაწყებული მარტივი დაავადებებიდან, სიმსივნის ჩათვლით.

ეს იმიტომ, რომ ერთნაირი სიმპტომატიკით მიმდინარეობს. გამიჯვნა კი ხდება ანამნეზით, კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. თუ იქ ორგანული დაზიანებები არ არის, თუ ეს ცალკე აღებული დიარეა, ცალკე აღებული ყაბზობა არ არის, მივდივართ ამ დიაგნოზამდე. 

  • რას მოიცავს მკურნალობა?

მას შემდეგ რაც გამოირიცხება სხვა გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები ან თანმხლები დაავადებები, ექიმი ურჩევს პაციენტს მკურნალობას. პირველი ეს არის სწორი კვების რეჟიმი, რაც მოიცავს ბოჭკოთი მდიდარ საკვებს; ირთვება მკურნალობაში სპაზმოლიტიკები, ასევე საჭიროების მიხედვით – ფაღარათის ან ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატები; შეიძლება ჩაერთოს ანტიპროტოზოული პრეპარატები, ასევე პრე და პრობიოტიკები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მკურნალობაში ჩაერთოს ფსიქოლოგი/ფსიქიატრი, რომელიც თერაპიული ან მასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობით დაასტაბილურებს პაციენტის მდგომარეობას, დაეხმარება მას სტრესთან გამკლავების მექანიზმების შემუშავებაში.


MayoClinic-ის რეკომენდაციები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს:

  • ნუ გამოტოვებთ კვებას და შეეცადეთ მიირთვათ ყოველ დღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რათა ხელი შეუწყოთ ნაწლავის ფუნქციონირებას. თუ დიარეა გაქვთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მცირე, ხშირი კვებით, თავს უკეთ გრძნობთ. მაგრამ თუ ყაბზობა გაქვთ, ბოჭკოვანი საკვების უფრო დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს საკვების გადატანას ნაწლავებში.
  • რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს დეპრესიისა და სტრესის მოხსნას, ასტიმულირებს ნაწლავების შეკუმშვას და გეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი.

რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას

„რეგლამენტი, დავიცვათ რეგლამენტი“, „პატივი ვცეთ რეგლამენტს“, „არ ვარღვევ, ბატონო თავმჯდომარევ“ – ამ სიტყვებს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხშირად მოისმენთ. ერთი შეხედვით შეიძლება ამომრჩეველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საკრებულო რეგლამენტს ზედმიწევნით იცავს.

რეგლამენტის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება მწვავე დაპირისპირების საგანიც გამხდარა ოპოზიციასა და „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია კონკრეტული საკითხის დამატებას და მის კენჭისყრას ითხოვს.

ბათუმის საკრებულოს რეგლამენტი, რომელსაც თვითმმართველობის კოდექსის თანახმად თავად საკრებულო ამტკიცებს, საკრებულოს მუშაობისა და სხდომაზე ქცევის წესებს არეგულირებს.

რეგლამენტის 103-ე თავის მიხედვით საკრებულომ ღია კარის სხდომა, იგივე „ამომრჩევლის მოსმენა“, 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროს. იმავე მუხლის მიხედვით ამომრჩეველთან შეხვედრა სხდომათა დარბაზში უნდა შედგეს.

ამომრჩეველთა მოსმენა უნდა ჩატარდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. რეგლამენტის მიხედვით, ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც.

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, 7 დღით ადრე ღია კარის სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება საკრებულოს ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე შესაბამის ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში.

ამომრჩეველთა მოსმენას უნდა დაესწრონ საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, მერი ან მერიის სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

2022 წლის მაისიდან, როცა ბათუმის საკრებულომ შეკრება და სხდომის გამართვა მოახერხა, ერთი წელი და შვიდი თვე გავიდა. დღემდე საკრებულოს ღია კარის სხდომა არ ჩაუტარებია.

2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ბათუმის სხვადასხვა უბანში ამომრჩეველმა განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა. ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველს ბევრი აქვს სათქმელი.

საკრებულოს სხდომებზე ამომრჩევლის ადგილი ფაქტობრივად არ არის. სხდომაზე განსახილველი საკითხების სიმრავლის გამო, რიგითი სხდომის დროს, ისიც წინასწარი შეთანხმებით, მაქსიმუმ სიტყვით გამოსვლა შეძლოს ამომრჩეველმა. აქ პრობლემური საკითხების განხილვის შესაძლებლობა არ არსებობს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ, ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ღია კარის სხდომა, მისი საჭიროება, მისი ჩატარების აუცილებლობა არც კი უხსენებიათ ამ მოწვევის საკრებულოში. მისივე თქმით, ამ სხდომის ჩანიშვნა „ოცნების“ პრეროგატივაა, რადგან უმრავლესობა მის ხელშია და გადაწყვეტილებასაც ის იღებს.

„ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი. აი, მაგალითად, შენიშვნები გავაგზავნეთ მერიაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გაითვალისწინებენ, თუმცა ადრე თუ გვიან მაინც უწევთ გათვალისწინება. მაგალითად, რეზო ხარაზი თითქმის ყოველ სხდომაზე აყენებდა ბენზეს ხიდის გაფართოების საკითხს. არ იმჩნევდნენ, მაგრამ მაინც მოუწიათ. ასე მოუწევთ სხვა საკითხების გათვალისწინებაც.“

ნოდარ დუმბაძეს ვკითხეთ, როგორც მაჟორიტარი, თავად რა გზებს იყენებს ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის. გვითხრა, რომ დღეში 4-5 საათს თავის სამაჟორიტარო უბანში ატარებს:

„გარდა ამისა, მათთან კონტაქტი მაქვს როგორც ტელეფონით, ასევე სოციალური ქსელით“.

„ლელოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩიაც ესწრებოდა 2024 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტის განხილვებს მოსახლეობასთან და მისთვის ცნობილია იმ საკითხების შესახებ, რაც ამომრჩეველმა შეხვედრებზე დღის წესრიგში დააყენა:

„მე და საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ არაერთხელ მოვითხოვეთ ღია კარის სხდომის გამართვა, მაგრამ უშედეგოდ – „ოცნება“ არ მიდის ამაზე.“

ასეთ შემთხვევაში, როცა საკრებულო თავად არ იჩენს ინიციატივას, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნის შესაძლებლობა ამომრჩეველსაც აქვს.

რეგლამენტის 104-ე მუხლის მიხედვით, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ.

განცხადება საკრებულოში უნდა შევიდეს წერილობითი, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ ინიციატორები. განცხადებას თან უნდა ერთოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია, სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის ასახვით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი განმარტებით ბარათებთან ერთად.

საკრებულოს აპარატმა რეგისტრაციაში დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს განცხადება და განცხადების შემტან პირს ხელმოწერების შეგროვებისათვის  გადასცეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მხარდამჭერთა სიის ბლანკები, რომლის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს საკრებულო.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორებს ევალებათ, მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვონ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდება.

ხულო, შუახევი და ქობულეთი ახალი წლის ღონისძიებებს მთავრობის დავალებით ჩაატარებენ

საქართველოს მთავრობამ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 2023 წლის 5 დეკემბერს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხულოს, შუახევსა და ქობულეთს „ეთხოვა“ საახალწლო ღონისძიებების ჩატარება.

ეს სამი მუნიციპალიტეტი კი, ამ ღონისძიებების ჩასატარებლად, ჯამში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროექტის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გამართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების მიზნით ეთხოვოთ … მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებით, მთავრობა უფლებას აძლევს შესაბამის მუნიციპალიტეტებს „ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, ანუ, ტენდერის გარეშე.

მთავრობის განკარგულების საფუძველზე საახალწლო ღონისძიებები უკვე დაგეგმა აჭარის მუნიციპალიტეტებმა.

  • ხულოში – ღონისძიება 2024 წლის 3 იანვარს ჩატარდება
  • შუახევში – 2023 წლის 29 დეკემბერს
  • ქობულეთში – 2023 წლის 25 დეკემბერს

გამარტივებული წესით შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაში კი სამივე მუნიციპალიტეტი ჯამში 560 ათას 204 ლარს დახარჯავს. აქედან:

  • ხულო – 212 ათას 873 ლარს
  • შუახევი – 247 ათას 330 ლარს
  • ქობულეთი – 100 ათას 1 ლარს

ხულოს მერია შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ „მიმდინარე პერიოდისთვის ღონისძიებების ჩატარება აღნიშნული მასშტაბებით არ იყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით განსაზღვრული, რის გამოც მომსახურების შესყიდვა წინასწარ არ იყო დაგეგმილი“.

212 ათას 873 ლარად კი, ხულოს მერია შემდეგი მომსახურების შესყიდვას გეგმავს: „სცენის მოწყობა; სასცენო აქტივობა; ღონისძიების სივრცე; თოვლის ბაბუას სახლი; ტერიტორიის გაფორმება; კვების ზონა; ტერიტორიაზე სხვა საჭიროებები; საორგანიზაციო ჯგუფი“.

„რადგან არ იყო წინასწარ გადაწყვეტილი ღონისძიების ჩატარება, შესაბამისად, როგორც ბიუჯეტში, ასევე შესყიდვების წლიურ გეგმაში არ გვქონდა აღნიშნული მომსახურება გათვალისწინებული, შესაბამისად ელ. ტენდერის შესყიდვის პროცედურა მოითხოვს ვადებს საიდანაც გამომდინარე ელ. ტენდერის ჩატარება წარმოადგენს რისკს შესყიდვის მოცემულ ვადაში არ განხორციელებასთან დაკავშირებით“-ო, – აღნიშნულია ხულოს მერიის განაცხადში.

შედარებით სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის შესყიდვების სააგენტოს შუახევის მერია, რომელიც 247 ათას 330 ლარს ხარჯავს.

დოკუმენტების მიხედვით, შუახევი ღონისძიების ორგანიზებისთვის 167 ათას 297 ლარს დახარჯავს. დეტალურად ნახეთ ამ ცხრილში:

შუახევში 29 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტისთვის კი 80 ათას 33 ლარი დაიხარჯება. აქედან, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ხელმძღვანელების ხელფასებში ჯამში 16 ათას 580 ლარი, ხოლო მონაწილეთა ჰონორარებში 39 ათას 125 ლარი დაიხარჯება.

შუახევში დაგეგმილია ბენდ „ნიუტონის“ გამოსვლა [ჰონორარი 16 300 ლარი], კვარტეტი „ფორტე“ [7 820 ლარი], ასევე იმღერებენ მაგალითად თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, ვერიკო ტურაშვილი და სხვები [თითოეულის ჰონორარი 1 955 ლარი].

კონცერტის ხარჯთაღრიცხვა სრულად ნახეთ ამ ცხრილში:

„საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით შუახევის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საახალწლო ღონისძიების მომსახურების შესყიდვის დაყოვნება და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება, დროის სიმცირის გამო ალბათობის მაღალი ხარისხით გამოიწვევს ღონისძიების ჩაშლას“, – წერს შუახევის მერია შესყიდვების სააგენტოს.

ქობულეთის მერიას, იმის დასამტკიცებლად, რომ 100 ათას 1 ლარს ტენდერით ვერ დახარჯავდა, დღეებიც კი აქვს დათვლილი:

„ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის პროცედურების მეშვეობით საჭიროებს დიდ დროს.

კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოცხადდეს ტენდერი, გამოცხადებიდან შერჩევა-შეფასების ეტაპზე გადასვლას სჭირდება დაახლოებით 10-14 კალენდარული დღე, შერჩევა-შეფასების ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა მოითხოვს 1-5 სამუშაო დღეს, ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია პრეტენდენტის ხელშეკრულებაზე დაბარებიდან მე-4 ან მე-5 სამუშაო დღეს, ჯამში პროცედურებისთვის საჭირო დღეების რაოდენობაა – 15-23 დღე.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა იგეგმება ერთდროულად ქვეყნის მასშტაბით არაერთ მუნიციპალიტეტში, რაც იმის რისკებს ზრდის, რომ მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზების კუთხით ბაზარზე არსებული პოტენციური მიმწოდებლების რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, რიგ მუნიციპალიტეტებში შესაძლოა ტენდერი არ შედგეს“, – წერს ქობულეთის მერია შესყიდვების სააგენტოს.

ზემოთ აღნიშნული თანხით კი ქობულეთის მერია შემდეგი მომსახურების შესყიდვას გეგმავს [ნახეთ ცხრილი]:

„საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საახალწლო ღონისძიების მომსახურების შესყიდვის დაყოვნება და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება, დროის სიმცირის გამო ალბათობის მაღალი ხარისხით გამოიწვევს ღონისძიების ჩაშლას.“ – ასკვნის ქობულეთის მერია და მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე სააგენტოს თანხმობას ელოდება.

ქობულეთის და ხულოს შემთხვევაში ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ იმღერებს საახალწლო კონცერტებზე. უცნობია ასევე ამ ღონისძიებების თანხას მთლიანად საქართველოს ბიუჯეტიდან აანაზღაურებენ თუ ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტებიდანაც.

საახალწლო ღონისძიებებზე ქობულეთის მერიას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 250 ათასი ლარით.

ამ ტენდერის ფარგლებში ქობულეთის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ერთ-ერთ პრეტენდენტს [შპს „გეოპროფი“], რომელიც მომსახურებას 229 ათას 889 ლარად სთავაზობდა მერიას. მომდევნო პრეტენდენტი კი [შპს „სივრცე], მომსახურებას ქობულეთის მერიას 238 ათას ლარად სთავაზობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

ტენდერის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ქობულეთის მერიის წინ მოედნის „პიაცად“ გადაკეთება სურთ – კონკურსი

„ნაკლები ინტერესი იგრძნობა შშმ ადამიანების მიმართ“- ექსპერტი აშშ-დან

„სამწუხაროდ, ცივი დამოკიდებულება იგრძნობა საქართველოში შშმ პირთა მიმართ როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან,“ – ამბობს ჰარი ვაისმენი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის კონსორციუმის ადვოკატირების პროგრამის დირექტორია და აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში მუშაობს.

ჰარი ვაისმენმა შშმ პირთა ადვოკატირების საკითხებზე შეხვედრა ბათუმში გამართა. ამერიკელ ექსპერტს შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: რა ქმნის ყველაზე მეტად პრობლემას საქართველოში შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით და რამ შეუწყო ხელი შშმ თემის გაძლიერებას ამერიკის შეერთებულ შტატებში?

„საქართველოში იგრძნობა ნაკლები ინტერესი შშმ ადამიანების ცხოვრების მიმართ: როგორ ცხოვრობენ ისინი, რა პრობლემებს აწყდებიან,“ – განაგრძობს ჰარი ვაისმენი. – „პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს კარგი პროგრამები, ჯანდაცვის დაზღვევის სტრუქტურები და მომსახურება, რომ გაუმჯობესდეს შშმ პირების ცხოვრება.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამერიკაც არ იყო ისეთი ქვეყანა წლების წინ, როგორც ახლაა. წლების წინ აშშ-შიც ძალიან ცუდად ექცეოდნენ შშმ პირებს, მათ მიმართ ზიზღი იყო, გამოხატავდნენ დისკრიმინაციას, კეტავდნენ ცალკეულ ინსტიტუტებში. დრო სჭირდება ყველაფერს და გამოცდილება.

ჩემს კონსორციუმში დასაქმებულთა 80 %-ზე მეტი შშმ პირია. პირველ რიგში, რასაც ვცდილობთ, არის ცრუ რწმენებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა. აქტიურად ვთანამშრომლობთ ცალკეულ კომპანიასთან და სახელმწიფო ორგანოებთან, რომ შეიცვალოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, დაიხვეწოს პროგრამები. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილების მიღებამდე, რომელიც ეხება შშმ პირებს,  დაეკითხონ მათ.

აშშ-ში ძალიან ხშირია ბრძოლა პროტესტით და დემონსტრაციებით. გეცოდინებათ მჯდომარე აქციები, მათ შორის, კაპიტოლიუმში როცა ჩატარდა ხოხვის მასობრივი აქცია, რომ გვეჩვენებინა მობილობის პრობლემა. როცა რაღაც არ იცვლება, ჩვენ მშვიდობიანი პროტესტით ვცდილობთ მიზნის მიღწევას, ეს შეიძლება იყოს შენობის პიკეტირება, ვკეტავთ გზას, ვაფერხებთ მოძრაობას… მაგალითად, 2017 წელს აპირებდნენ დაზღვევის წესების შეცვლას, რაც ყველაზე მწვავედ შშმ პირებზე აისახებოდა. მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ეს დებულება გაუქმდა,“ – გვითხრა ჰარი ვაისმენმა.

ამერიკელ ექსპერტს კანონის მოთხოვნების ფორმალურ დაცვაზეც ვკითხეთ – შშმ პირთა უფლებების შესახებ „ბათუმელების“ ერთ-ერთი ბოლო ვიდეოსიუჟეტი ბათუმში პანდუსების ფასადურად დამონტაჟებას ეხებოდა.

„სამწუხაროა ეს შემთხვევა. ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას მეტი ინტეგრაციისთვის.

აშშ-შიც გვაქვს პრობლემა, როცა არსებობს ჩამონათვალი კანონში, თუმცა იგი ხშირად პრაქტიკაში არ სრულდება. მაგალითად, ბოლო დავა, რაც გვქონდა, შეეხებოდა ეტლებით სარგებლობას: კონკრეტული კომპანია იყო პასუხისმგებელი ეტლების შეკეთებაზე, მაგრამ ადამიანებს უწევდათ დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი, ასევე გაუარესდა ხარისხი. ადვოკატირების ფარგლებში ჩვენ მოვითხოვეთ საგარანტიო პირობების გაზრდა ხელშეკრულებაში.

ამ ეტაპზე ვითხოვთ კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვით სახელმწიფო და საჯარო ორგანოების გარდა კერძო დამსაქმებლებსაც უნდა დაევალოს ადაპტირებული გარემოს შექმნა. ჩვენი შტატის კანონმდებლობის მიხედვით როცა ახალ შენობას აშენებენ, მაშინ უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ ადაპტირებული გარემო, დასრულებულ შენობებზე კი, ამ პირობებს არ ითვალისწინებენ. ეს ჯერ კიდევ მიმდინარე დისკუსიაა, რაც არ დასრულებულა. გვპასუხობენ, რომ ეს ძვირი დაჯდება.

მე უხილავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ, გარკვეული დისფუნქცია მაქვს, რომელიც ხელს მიშლის, მაგალითად, დავალების დროულად შესრულებაში. იღბლიანი ვარ, რომ ვმუშაობ იმ ორგანიზაციაში, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობს, სხვაგან ალბათ მოთმინება არ ექნებოდათ, მხედველობაში მიეღოთ ჩემი სიტუაცია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჰარი ვაისმენმა.

კანონი როგორ დაგიცავდათ, სხვა კომპანიაში რომ გემუშავათ? – ვკითხეთ ჰარის.

„კანონი ძირითადად დამეხმარებოდა, მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამ დროს იქმნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა: არც იქეთ და არც – აქეთ. ბევრი სირთულე არსებობს კანონის არსებობის მიუხედავად.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დისტანციური დასაქმების შესაძლებლობა არსებობს, შესაძლოა, ეტლით მოსარგებლეებს მაინც უარი უთხრან დასაქმებაზე, რადგან ის სამუშაო ადგილზე მისასვლელი შეიძლება დარჩეს პერიოდულად, კომპანიას კი, ამ დროს ეტლით მოსარგებლისთვის ადაპტირებული გარემო არ ჰქონდეს,“ – გვითხრა ჰარი ვაისმენმა.

სასწავლო პროგრამა ძალიან დიდია – მასწავლებელი მათემატიკის სწავლებასა და PISA-ს შედეგებზე

რატომ ვერ იღებენ ქართველი ბავშვები მაღალ შეფასებას საერთაშორისო კვლევებში და რა უშლის ხელს მათემატიკის კარგად სწავლებას სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ლალი ჯაყელს ესაუბრა.

  • ქალბატონო ლალი, ალბათ იცით, რომ დიდი განხილვა მოჰყვა PISA-ს შედეგებს საქართველოში. ხომ არ გინახავთ ეს ტესტები, რაზეც ბავშვებმა იმუშავეს და თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის მიზეზები, რის გამოც ქართველ ბავშვებს არ გამოსდით წარმატების ჩვენება?

უშუალოდ PISA-ს ტესტი არ მინახავს, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველი პრობლემა, რაც მოდის მათემატიკის სწავლებაში, იწყება დაწყებითებიდან და რატომ?

მე მაღალ კლასებს ვასწავლი და ის, რომ აქაც კი უჭირთ ბავშვებს წაკითხულის სწორად გააზრება, ამაზე მეტყველებს ის, რომ სათავეშია პრობლემა. ამოცანას კითხულობენ და შინაარსი ვერ გამოაქვთ. ცხადია, კომპლექსურია ეს პრობლემა და პრობლემის ნაწილია ის, რომ ბავშვებს არ უყვართ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა.

მე კერძოდაც ვამზადებ მოსწავლეებს და პირველი რასაც გასაუბრებაზე ვეკითხები არის ეს – „რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული?“

შემდეგი პრობლემაა ძალიან დიდი სასწავლო პროგრამა. სჯობს იყოს მცირე დოზით მიწოდებული, რომ უფრო ხარისხიანად ვასწავლოთ.

მნიშვნელოვანია შინაარსობრივი სწავლება. მექანიკურად ბევრი რამ შეიძლება დაიზეპიროს მოსწავლემ, მაგრამ როცა ვსვამ შეკითხვას – „რატომ?“, აი ამ „რატომ“-ზე პასუხი ნაკლებად აქვთ.

ვფიქრობ, სასკოლო პროგრამა დღეს ლოგიკურ-მათემატიკური უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას ნაკლებად იძლევა.

ასევე, პრობლემად ვთვლი იმას, რომ ეროვნულ გამოცდებზე მოიხსნა უნარების გამოცდა. როცა უნარების გამოცდას ბავშვები აბარებდნენ, ეს გამოცდა მათ აიძულებდა ამ მიმართულებით ემუშავათ საკუთარ თავზე.

  • მაშინ მოსწავლეებს ჰქონდეთ პრეტენზია იმაზე, რომ ის, რაც არ ისწავლებოდა სკოლაში, არც გამოცდაზე უნდა მოეთხოვათ და ალბათ მათი პრეტენზიაც იყო სამართლიანი, არა?

მესმის, მაგრამ როცა პირველად უნარების გამოცდა გამოჩნდა, არ არსებობდნენ სპეციალისტები ქალაქში. შემდეგ, თითქმის მინიმუმი იყო ჩაჭრილთა პროცენტული მაჩვენებელი უნარებში.

ციფრული აქტივობებიც არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უყვართ ბავშვებს კითხვა. ბოლო პერიოდში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი კვალი დააჩნია მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარებას.

ამიტომ მიმაჩნია, რომ თითოეული საკლასო აქტივობა მოსწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა იმაზე, რომ თვისობრივად რაღაც მასალა დავასწავლოთ და დავაზეპირებინოთ ბავშვს.

  • სინგაპურსა და იაპონიაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ ამ დღეებში არაერთხელ ვახსენეთ ესტონეთის მიღწევები ამ მხრივ. იყო საუბარი იმაზე, რომ ესტონური მოდელი უნდა დაგვენერგა, მაგრამ ფაქტია, რომ არ მოხერხდა. თქვენ, რას ანიჭებთ უპირატესობას მათემატიკის სწავლებისას და თუ ჰგავს ესტონურ მოდელს რაიმეთი?

მე ვცდილობ, რომ სწავლების ის მეთოდები გამოვიყენო, რომლებსაც ჩემი პედაგოგები იყენებდნენ.

  • რა მეთოდებია ეს?

აი, მაგალითად მათემატიკაში როცა ვასწავლი საკითხს, აუცილებლად, თითოეული საკითხის ირგვლივ ვსვამ კითხვას „რატომ?“ ვცდილობ კითხვებით მივიყვანო მოსწავლე პასუხამდე, ვცდილობ ყველა საკითხი ვასწავლო დამტკიცებით, რატომ არის ეს ასე?

გამზადებულ ფორმულას დაფაზე არასოდეს არ ვწერ. ვთვლი, რომ მიზეზ-შედეგობრივი სწავლება ყოველთვის მომგებიანია. შემდეგ მოსწავლე თვითონ ქმნის ლოგიკურ სქემებს, რითაც საკუთარ თავს ეხმარება, რომ სამომავლოდ მსგავსი ან ცოტა უფრო რთული პრობლემა გადალახოს. აი ამ მიკრო სქემების გამომუშავება გონებაში არის აუცილებელი.

პრობლემაა ის, რომ ჩვენ მოსწავლეებს უჭირთ წერა. რამდენად კარგადაც არ უნდა ფლობდნენ საკითხს, შემაჯამებელ ტესტზე როგორც კი დავსვამთ, 10-ქულოსანი მოსწავლეც კი მაქსიმუმ 8-ბალიან შეფასებას გვაძლევს.

  • რატომ, როგორ ფიქრობთ?

იმიტომ, რომ სტრესულ სიტუაციაში არ შეუძლიათ ემოციების მართვა. არ შეუძლიათ ცოდნის სწორად რეალიზება. აქვთ დროის სწორად განაწილების პრობლემა და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ეს იმიტომაც ხდება, რომ გამოცდები არ არის სკოლებში. მე ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვმუშაობ და გვაქვს ქვიზები. როცა მოსწავლე დაბალ შეფასება იღებს, ცდილობს მომდევნო ქვიზი გადალახოს, რომ გარკვეული რაოდენობა მაინც დააგროვოს ქულების და ბარიერი გადალახოს.

შესაძლოა მოსწავლემ საერთოდ ვერ აჩვენოს ქვიზში შედეგი, მაგრამ თუნდაც ის ქვიზი, რომელიც საგამოცდო ოთახში ტარდება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს, მოსწავლეს აჩვევს, რომ ისწავლოს დროის მართვა.

  • მსგავსი მეთოდები სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ შეიმუშაონ და როგორც ვიცი, არ არის აუცილებელი სამინისტროსთან ყველაფრის შეთანხმება. არ იყენებენ ხოლმე სკოლები მსგავს პრაქტიკას?

დიახ, რა თქმა უნდა, სკოლებს აქვთ ინდივიდუალურ მიდგომებში თავისუფლება და ბევრი რამ შეუძლიათ გამოიყენონ მოტივაციის შესაქმნელად.

ჩემ დროს, წელიწადში ოთხჯერ გვიტარდებოდა გამოცდა, რაც ნიშნავდა განვლილი მასალის ოთხჯერ გამეორებას ხარისხიანად.

სოცქსელებზე დამოკიდებულება კი ბავშვების მეხსიერებაზეც აისახა, არ აქვთ ნებისყოფა მიწოდებული ინფორმაცია ბოლომდე მოისმინონ, რადგან მიჩვეული არიან ძალიან მოკლე დროში ინფორმაციის მიღებას. ესეც სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, ამაზეც ღიად უნდა დაიწყოს დისკუსია, რადგან გაკვეთილის კი არა, ვრცელი წინადადების მოსმენის ნებისყოფაც კი აღარ აქვთ.

  • ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

ამ ყველაფრის წამალი, პირველ რიგში არის ის, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ კითხვის უნარების გამომუშავებით. ეს აუცილებელია.

კითხვის ცოდნა არ ნიშნავს მხოლოდ ასო-ბგერების ამოცნობას, როგორც ეს ზოგიერთ მშობელს ჰგონია. ინტეგრირებულად უნდა ვიმუშაოთ პედაგოგებმაც, რომ ეს პრობლემა დარეგულირდეს, პროგრამა უნდა შეიცვალოს მათემატიკაში და რაც მთავარია, პროგრამა უნდა იყოს უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე გათვლილი.

  • ამაში გულისხმობთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ორიენტირებულ სწავლებას?

მარტივად გეტყვით, თითოეული მათემატიკური ამოცანა არის თუნდაც ამბის მოყოლა. შენ უყვები ამბავს, მოსწავლემ კი გამოსავალი უნდა მოძებნოს. აი, ეს უნარ-ჩვევა უნდა გამოუმუშავდეს ბავშვს. გამოსავლის ძიება. შეძლოს ნაცნობის დაკავშირება უცნობთან.

ლოგიკური უნარები ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არქონაც გვიქმნის პრობლემას.

როცა ეუბნები ბავშვს – „ამას გეუბნებოდა ამოცანა“, ის უკვე ფიქრს იწყებს. ასე, რომ მთლად დაკარგულები არ ვართ.

და კიდევ, რაც არ უნდა გვითხრან, რომ აი ციფრული პროგრამები და გამოიყენონ, რომელიც 3D განზომილებაში ეხმარება მოსწავლეს რაღაცების კეთებაში, მე, პირადად, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ხაზვის სწავლება სკოლაში და ეს არის ჩემი, როგორც პედაგოგის მოთხოვნა. ხაზვის გაკვეთილები უნდა დაბრუნდეს სკოლაში.

ჩემ დროს, როცა მერვე კლასში ვსწავლობდით ხაზვას და ციფრულ ფიგურებს, ანუ სტერეომეტრიის სწავლას ვიწყებდით, მეათე კლასიდან, უკვე გამომუშავებული გვქონდა წარმოდგენაც და სიტუაციის აღქმაც შეგვეძლო 3D განზომილებაში. მერე ვიწყებდით უკვე ხაზვის შესწავლას.

ამიტომ ჩემი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ხაზვის გაკვეთილები სკოლაში დაბრუნდეს, რადგან ძალიან დაგვეხმარება მათემატიკის პედაგოგებს. მე როგორც არ უნდა ვისაუბრო და პროექტორით გავუშუქო ნახაზები, ეროვნულ გამოცდაზე საკუთარი ხელით უნდა დახაზოს ბავშვმა.

აი, ავიღოთ ფიზიკა, მოსწავლეები ფიზიკაში იწყებენ იმ საკითხების შესწავლას, რომელშიც იმ კონკრეტული საკითხებისთვის სჭირდებათ, მაგრამ მათემატიკაში ჯერ ეს ნასწავლი არ აქვთ.

მოსწავლემ როგორ უნდა გააკეთოს ლოგიკური ბმა? ვერ გააკეთებს. ესე იგი ვაიძულებთ, რომ გაიზეპიროს.

  • რატომ არ მიჰყვება ფიზიკის და მათემატიკის პროგრამა ერთმანეთს. სახელმძღვანელოს შედგენისას არის ეს შეცდომები დაშვებული?

არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმძღვანელოებში ეს თემატიკური ბმა არ არის გათვალისწინებული. ეს ძალიან სამწუხაროა.

ჩვენი სკოლა ინოვაციური, თანამედროვე მიდგომების გამოყენებას ცდილობს და ხშირად განვიხილავთ ხოლმე საკითხებს, როგორ შეიძლება მივაწოდოთ ბავშვს საკითხი ისე, როგორ დავგეგმოთ სწორად გაკვეთილები, რომ ნათლად გაიგოს ბავშვმა, მაგრამ ის შედეგი მაინც არ გვაქვს, რაც გვინდა.

მესამე თაობის სასწავლო გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილები და სხვა საგნის პედაგოგებიც ჩავრთოთ სწავლების პროცესში, მაგრამ ის, რომ ფიზიკაში ვექტორი ჯერ არ აქვს ნასწავლი ბავშვს და ვექტორულ სიდიდეებს სწავლობს, მაინც დიდი პრობლემაა.

განათლების ექსპერტები უნდა შეიკრიბონ და თითოეულ საგანთან მიმართებაში მოხდეს სწორად ორიენტირება – რა, როდის უნდა ისწავლებოდეს.

კიდევ ერთი პრობლემა: მოსწავლეს არ აქვს ინსტრუქციის სწორად გაგების უნარი. დავუშვათ ხსნი მასალას და ეუბნები როგორ იმოქმედოს. ალბათ  ხუთი პროცენტი თუ იქნება, ვინც ინსტრუქცია სწორად გაიგო.

  • ამ პრობლემის სათავეც დაწყებით განათლებაშია?  

დაწყებით საფეხურზე არსებული ხარვეზები, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ იჩენს ხოლმე თავს შემდეგ საფეხურებზე და გვიწევს ამ პრობლემებთან ბრძოლა.

ასევე დიდი პრობლემაა დამოკიდებულება.

ხარისხიანი განათლების ფორმულაა: სკოლა – მოსწავლე – მშობელი. ეს სამეული უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად. მშობლის დამოკიდებულება კი დღეს ხშირად ასეთია – „არა უშავს. მე-12 კლასში მოვამზადებ  და ჩააბარებს“.

და ამ დროს რა ხდება? – რეპეტიტორები, უმრავლეს შემთხვევაში თავად წერენ დავალებებს და ბავშვი იწერს. დავალება გაწიკწიკებული აქვს, კითხვას დაუსვამ, ვერ გპასუხობს. მშობელი იძახის – „ვამზადებ, რატომ აქვს დაბალი შეფასება?“.

ბავშვმა განათლება უნდა მიიღო სკოლაში, უმაღლესში კონკრეტულ სპეციალიზაციაში ვითარდები და როცა მშობელს ასეთი დამოკიდებულება აქვს, ბავშვის დამოკიდებულებაც იგივეა.

მეც რეპეტიტორი მასწავლებელიც ვარ, მაგრამ მშობელს ყოველთვის ვეუბნები, – „მიეცი საშუალება განვითარდეს“, თვითონ მიაგნოს, აღმოაჩინოს, ცოტა იწვალოს“.

  • თუმცა პროვოცირება მასწავლებელმა უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი დაინტერესდეს, არა?

რა თქმა უნდა, მაგრამ როცა სასკოლო სივრცეში მასწავლებელი თავს არ ზოგავს და მშობელს აქვს დამოკიდებულება, რომ შვილი უნდა მოამზადოს, ამ დროს ბავშვი სკოლაში აღარ ისმენს.

ამიტომ, ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს მშობელმა სკოლას.

  • როგორ სპეციალისტები ამბობენ, არაფორმალური განათლება ძალიან ეხმარება ბავშვებს გარკვეული საკითხების უკეთ გააზრებაში. თქვენ თუ იყენებთ ამ მეთოდს რომ მოგვიყვეთ?

მე ვცდილობ, მოსწავლემ საკითხი ყოველთვის შეისწავლოს მიზეზ-შედეგობრივად. ხანდახან, ახსნის პროცესში გავაადამიანურებ ხოლმე საკითხებს და ამით ვცდილობ, რაღაც კავშირი დაინახონ.

არაფორმალურ განათლებას რაც შეეხება, როცა მოსწავლეს ვთქვათ კითხვა უჭირს, ვაძლევ რაღაც ტექსტს და ვეუბნები, რომ წაიკითხოს, შემდეგ გასცეს პასუხები და ვნახოთ რა იქნება.

ხანდახან ამბობენ ხოლმე ბავშვები, რომ ქართულის დავალებას გვაძლევს მათემატიკის მასწავლებელიო, რაც ასე არ არის. ვაძლევ დავალებას, რომელიც ხვალ იმაში დაგვეხმარება, რომ ჩემ საგანში მივაღწიო წარმატებას.

  • თქვენ ისაუბრეთ ტელეფონების პრობლემაზე? რატომ ვერ იყენებენ ჩვენი სკოლები ტელეფონს როგორც საგანმანათლებლო რესურს. ბავშვისთვისაც უფრო საინტერესო არ იქნება მუშაობა? და მეტი ჩართულობაც ექნებათ. 

არის უამრავი აქტივობა, თუნდაც „კახუტი“, რომლითაც შესაძლებელია მოსწავლე ტელეფონით ჩართო სასკოლო აქტივობაში. ჩვენ ყველა საკლასო ოთახში გვაქვს პროექტორი და როცა გვჭირდება ვრთავთ ხოლმე ციფრულ ტექნოლოგიებსაც სასწავლო პროცესში, მაგრამ ბევრი სკოლაა, რომლებიც არ არიან აღჭურვილი ტექნიკურად.

ცხადია, ტექნოლოგიები კარგად მუშაობს, მაგრამ ის, რომ მოსწავლეს გამუდმებით ტელეფონი ეჭიროს ხელში, ამის მომხრე არ ვარ, რადგან ბავშვი ვერც დროს მართავს და ვერც ინფორმაციას.

ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვები უფრო მეტად გავხადოთ აკადემიურები, აღვზარდოთ სწორად.

ბავშვი მოძრავია, გაკვეთილზე იცუღლუტებს კიდეც, მაგრამ მასწავლებლის ვალდებულებაა, ამ დროს შემოაბრუნოს საკლასო სივრცე ისე, რომ გაკვეთილის ჩაშლის სურვილი საერთოდ დაკარგოს ბავშვმა.

საშინაო დავალებები საერთოდ არ აქვთ ფინეთის სკოლებში ბავშვებს, მაგრამ იქ ბავშვებს გაცნობიერებული აქვთ, რა არის მისთვის აუცილებელი, საჭირო და ზუსტად იმის მიხედვით მოქმედებს.

ჩვენ აქამდე არ ვართ მისული.

  • როგორ უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი? 

ცუდია, როცა ყველაფრის კეთებას ვიწყებთ სახურავიდან და მერე ვყრით საძირკველს. ასე გვემართება ნებისმიერი რეფორმის დროს, ჯერ სახურავს ვაშენებთ და მერე ვიწყებთ საძირკველს.

ეს საძირკველი კი იყრება თუნდაც ბაღიდან, რა თქმა უნდა დაწყებითი საფეხურიდან.

მშობელსაც და მოსწავლესაც უნდა გამოუმუშავდეს დამოკიდებულება, რომ განმსაზღვრელი ნიშანი კი არ არის, რეალურად, მთავარი ჯილდო რაც მან სკოლიდან უნდა წაიღოს, არის ცოდნა და განათლება.

მესმის, რომ ცოტა ტრივიალურად ვსაუბრობ, მაგრამ მთავარია ამ ცნობიერებამდე მისვლა.

ერთ კონკრეტულ ხაზს უნდა გავყვეთ რასაც ავირჩევთ, ჩვენ შუა გზაზე მივატოვებთ და ვამბობთ, რომ ეს არ ვარგოდა. ამიტომ, ჯერ კარგად დავგეგმოთ და თუ კომპლექსურად დავიწყებთ რაღაც ახლის კეთებას და ბოლომდე მივიყვანთ, ის აუცილებლად შედეგიანიც იქნება.

სტრასბურგში ქართველი უსახლკაროები შენობაში თვითნებურად შესახლდნენ – მედია

სტრასბურგის სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობიდან უკანონოდ შესახლებული უსახლკაროები უნდა გამოასახლონ – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

მედიის ცნობით, უსახლკაროებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. შენობა სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე, ნეუჰოფის უბანში მდებარეობს.

„მე არ ვიცი, რას ვიზამთ და სად დავიძინებთ“, – ამბობს მედიასთან ლალი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოჯახის რამდენიმე წევრიც ახლავს თან. ლალის და მისი ოჯახის წევრების გარდა სარლას ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებას კიდევ 20-მდე უსახლკარო ელოდება.

ამ სოციალურ სახლში თავიდან 150 ადამიანი იყო შესახლებული, მაგრამ ისინი ნაწილ-ნაწილ გამოასახლეს.

უსახლკაროები სტრასბურგის სოციალური სამსახურის კუთვნილ შენობაში თვითნებურად 2023 წლის აპრილიდან შესახლდნენ. ეს სოციალური სამსახური ქალაქ სტრასბურგის ადმინისტრაციას ექვემდებარება.

სტრასბურგი, სარლას ქუჩაზე მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი საცხოვრებელი/ ფოტო: Rue89 Strasbourg

„გამოსახლებები სტრასბურგში 20 ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში ტემპერატურა თანდათან ეცემა და ოჯახები ზამთრის სიცივეში ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე არიან“ – წერს სტრასბურგის გაზეთი.

სტრასბურგის მერის მოადგილე, ლუსეტ ტისერანი ჟურნალისტებთან არ ასახელებს უსახლკაროების გამოსახლების ზუსტ თარიღს.

ზემოხსენებული გაზეთი წერს, რომ გამოსახლებების დროს ხშირად არ სახელდება, სად იგეგმება უსახლკაროების გადაყვანა, თუმცა ამჯერად სტრასბურგის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უსახლკაროებს სპორტდარბაზში გადაიყვანენ, სადაც ემიგრანტთა უფლებადამცველი სახელმწიფო სამსახურები შეისწავლიან მათ მდგომარეობას. უსახლკაროთა ნაწილს სოციალურ საცხოვრებლებში გადაიყვანენ, ნაწილს დაყოვნების ადმინისტრაციულ ცენტრში, ზოგს კი წარმოშობის ქვეყანაში დააბრუნებენ.

შენობა, სადაც უსახლკაროები შესახლდნენ, სტრასბურგის სარეკონსტრუქციო უბანს ეკუთვნის და მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამისთვისაა გამოყოფილი:

„ჩვენ შეზღუდული რესურსი და ფიქსირებული ბიუჯეტი გვაქვს,რაც მეტის გაკეთების შესაძლებლობას არ გვაძლევს. უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ქვეყანაში მათი სტატუსის მიუხედავად, სახელმწიფოს მოვალეობაა, მიუხედავად ამისა სოციალურმა სამსახურმა მოვახერხეთ და შევქმენით 600 დამატებითი ადგილი უსახლკაროებისთვის“ – ამბობს სტრასბურგის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ფლორიან ვარიერასი.

საქართველოს მოქალაქის, ლალის შვილი უკვე სტრასბურგის სკოლაში სწავლობს, მიუხედავად ამისა, მას მიუვიდა ცნობა, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს. ლალი ფრანგულ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მის შვილს შეჩვეული სკოლის დატოვება მოუწევს.

გაზეთი წერს, რომ საფრანგეთი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ მისდის ცნობა ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს, რომ მათ საფრანგეთის ტერიტორია უნდა დატოვონ:

„ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაც კი, როგორიცაა Amnesty International-ი, აღიარებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების რღვევის უამრავი, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია“ – წერს ფრანგული გამოცემა.

საქართველოს მოქალაქემ, ლალიმ, ოც უსახლკაროსთან ერთად, კარავში ცხოვრების დროს სხვა შენობის დაკავებაც სცადა სტრასბურგში, გენერალ ლიბერმანის ქუჩაზე.

ქალი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ამ შენობის ინვესტირებას გეგმავდნენ, პირველი შენობა რომ გაერემონტებინათ, ისე, რომ საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო.

შენობას, სადაც უსახლკაროები, მათ შორს საქართველოს მოქალაქეებიც შესახლდნენ, ფრანგულმა პოლიციამ ალყა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შემოარტყა, ამის უფლებას საფრანგეთში ახალი კანონი იძლევა 2023 წლის 27 ივლისიდან – შენობის მფლობელს შეუძლია გამოასახლოს იძულებით შესახლებული თავისი საკუთრებიდან და ამის შემდეგ მფლობელს შეუძლია პირდაპირ მიმართოს პრეფექტს. ახალი კანონის მიღებამდე საკუთრების მფლობელს დამოუკიდებლად არ ჰქონდა უფლება შენობიდან გამოეძევებინა უსახლკარო, სასამართლო განხილვის გარეშე.

ფრანგულ გამოცემასთან, Rue89 Strasbourg-თან საუბრისას ასოციაცია „საცხოვრებლის უფლების“ წარმომადგენელი, ჟან პატისტს ეირო ამბობს, რომ შეშფოთებულია ახალი კანონით, რომელიც საკუთრების მფლობელს უსახლკაროთა დაუყოვნებლივ გამოსახლების უფლებას აძლევს. იგი ამბობს, რომ საჭიროა ცარიელი სახლების ნაწილის რეკვიზიცია. საფრანგეთში მისი თქმით 3, 1 მილიონი ცარიელი სახლია.

საქართველოს მოქალაქე, ლალი ირწმუნება, რომ თუ მას და მის მდგომარეობაში მყოფ უსახლკაროებს შენობაში დატოვებენ, ისინი თავად გაარემონტებენ და მოუვლიან ნებისმიერ შენობას, ქალი ამბობს, რომ მათთვის ეს ქუჩაში ცხოვრებაზე გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში სტრასბურგის მერმა, ჟანა ბარსაგიანმა გააკრიტიკა სახელმწიფო უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზების გამო.

საფრანგეთის ხუთი ქალაქის: რენის, ბორდოს, პარიზის, გრენობლისა და სტრასბურგის მემარცხენე მერებმა 2023 წლის ოქტომბერში უსახლკაროთა მზარდი მაჩვენებლის გამო სახელმწიფოს მიმართეს და მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა მოითხოვეს. მათი წინასწარი შეფასებით, ასე ისინი უსახლკაროების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას შეძლებენ.


მთავარ ფოტოზე: სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობა/ფოტო: Rue89 Strasbourg

ბათუმის მერის ხელფასი იზრდება და 6 600 ლარამდე იქნება

ახალი წლიდან დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება მერიაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო]. მათ შორის იზრდება მერისა და მისი მოადგილეების ხელფასებიც.

ბათუმის მერის ხელფასი მიმდინარე, 2023 წელსაც დაახლოებით 10 პროცენტით [550 ლარით] გაიზარდა და 6 050 ლარი იყო.

  • ანალოგიური გათვლებით, 2024 წელს ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 600 ლარი იქნება [თუ არსებული ხელფასის ზუსტად 10 პროცენტს დაამატებენ, მაშინ მერის ხელფასი 6 655 ლარამდე გაიზრდება].

რაც შეეხება ბათუმის ვიცე-მერის და მერის მოადგილის თანამდებობებს:

  • 2024 წლისთვის ვიცე-მერის ხელფასი დღეს არსებული 5 170 ლარიდან 5 640 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მერის მოადგილის ხელფასი – 4 565 ლარის ნაცვლად 4 980 ლარი იქნება.

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტში, რომელიც საკრებულოში უკვე გადაგზავნილია, ხელფასების დაახლოებით 10-პროცენტიანი ზრდა გათვალისწინებულია.

ამ პროექტის მიხედვით, 2024 წელს იმ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის, რომლებიც ხელფასს ბათუმის ბიუჯეტიდან აიღებენ, მთლიანობაში 43 882 300 ლარია გაწერილი, რაც მიმდინარე, 2023 წელთან შედარებით, 5 მილიონ 640 ათასი ლარით მეტია.

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი კი, კორექტირებული პროექტის მიხედვით, მთლიანობაში 382 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ ცვლილება უნდა შეიტანოს „თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ შესაბამის დადგენილებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დადგენილების პროექტი, რომელიც ხელფასების გაზრდას ასახავს და რომელშიც დაზუსტებული იქნება თითოეული მოხელის თანამდებობრივი სარგო, ბათუმის მერიას საკრებულოში ჯერ გადაგზავნილი არ აქვს.

ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 98-ით იზრდება მერიაში მომუშავეთა რაოდენობაც და ჯამში 2 827 -ით არის განსაზღვრული, თუმცა ამავე პროექტით, ძირითადად იზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა რაოდენობა  [მერია 2024 წლისთვის 3 ახალი საბავშვო ბაღის გახსნას გეგმავს].

ქალაქის მერიამ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებიც დაასრულა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ჯავახიშვილის ქუჩაზე გაიმართა.

ამ თემაზე ვრცლად:

„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

დღეს, 11 დეკემბერს, ზესტაფონის მერიის წინ მოქალაქემ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. ფატიმა ხიჯაკაძე აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს.

„დღეს დავიწყე შიმშილობა და გავაგრძელებ, სანამ ვიცოცხლებ.

საგზაო დეპარტამენტმა გამომიტანა ტყუილი დასკვნები, გვირაბი გავიდა [სახლიდან] 16 მეტრში და სახლს ემუქრება დანგრევა. კომპენსაციას არ მაძლევს ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანზე მუშაობს. გასახლება მეკუთვნის, წესით, და არაფერი. 4 შვილიშვილი მყავს და შვილები. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

სახლის ყველა კედელი ოთხივე მხარეს დაბზარულია, ზედა სართულიც. ქვევით იატაკია ჩავარდნილია. სახლს ემუქრება დანგრევა და როცა დასრულდება გვირაბის მშენებლობა, სახლი საერთოდ აღარ დარჩება. დამტოვეს ასე გაუბედურებული“, – გვითხრა მოქალაქემ.

ქალის თქმით, მის ზოგიერთ მეზობელს  კომპენსაციის მიღებაზე თანხმობას ეუბნებიან, ზოგიერთს კი – უარს.

ფატიმა ხიჯაკაძე ამბობს, რომ სამი წელია ატყუებენ.

„მეუბნებიან, შეისყიდიან სახლსო [„გუიჯოუ ჰაივეი ენჯინეარინგ გრუფ“კომპანია, რომელიც ავტობანზე მუშაობს]. მერე გაიტანეს კომისიაზე და კომპანიამ უარი თქვა, ექსპერტი წერს, რომ სავარაუდოდ მშენებლობის ბრალიაო და სავარაუდოს მეკამათებიან, გაიგეთ?

100% დასკვნა იმიტომ ვერ დადეს, რომ სახლის პირვანდელი მონიტორინგი არ აქვთ ჩატარებული. ჯერ დაბზარეს სახლი და მერე მოვიდა ექსპერტიზა“.

ქალის თქმით, მან საგზაო დეპარტამენტისგან დახმარებაზე საბოლოო უარი მიიღო.

„მარტო გამგეობამ მითხრა, რომ ჩვენ შეგვამოწმებინე და გადაგიხდითო. გამგეობა გადამიხდის 500 ლარს, რას გადამიხდის?!

ხელშეკრულება გამაფორმებინეს წლების წინ, ვითომ იქირავეს ჩემი სახლი, 500 ლარს მიხდიდა კომპანია და ეს ჩათვალეს კომპენსაციად. მპირდებოდნენ, შევისყიდით სახლსო,  მომატყუეს“, – გვითხრა ფატიმა ხიჯაკაძემ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე კომენტარისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტისგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ალტაში ყოველი 99-ე იგებს!

🎄 მხოლოდ ალტას მაღაზიებში! 🎅 გახდი იღბლიანი 99-ე და მოიგე სუპერ საახალწლო პრიზი – PlayStation 5 ან DeLonghi-ს ყავის აპარატი! 😱

🎮☕ აქცია ვრცელდება 500₾-ის ზემოთ შენაძენზე, ალტას ნებისმიერ მაღაზიაში.

🎄❄ დამდეგ ახალ ტექნიკას 💜

ფრონტზე 98 სამხედრო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ფრონტზე 98 სამხედრო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის 11 დეკემბრის განცხადებით, ავდიივკის მიმართულებით უკრაინული ძალები აგრძელებენ რუსების შეკავებას, რომლებიც არ თმობენ ავდიივკის ალყაში მოქცევის მცდელობას.

გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს 49 თავდასხმა ნოვობახმუტოვკის, სტეპნოის, ავდიიკის რაიონებში, სევერნის სამხრეთით და ტონენკოიეს, დონეცკის ოლქის პერვომაისკის რაიონებში.

გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას მარინკისა და ნოვომიხაილოვკის რაიონებში, სადაც უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 18 თავდასხმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა 3 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა და 67 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. არიან დაშავებულები,დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ასევე გამოიყენეს 18 „შაჰედის“ დრონი, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18-ვე დრონი ჩამოაგდეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 339 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
  • ტანკი – 5 655 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 10 560 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 8 070 ერთეული [+6]
  • MLRS – 919 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 154 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 586 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 636 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 1 168 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 632 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 979 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 297 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 192 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ფრონტზე 98 სამხედრო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

ბათუმში ავარიული სახლების გასამაგრებლად 3 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე სამი დღის წინ ტენდერი 2 999 999 ლარით გამოაცხადა.

მერიის სამმართველო პირობაში მიუთითებს, რომ სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელი სახლების გამაგრებაა გადაწყვეტილი ამ ტენდერის ფარგლებში.

ბოლო პერიოდში სამმართველოსთვის ასეთი ფორმით ტენდერების გამოცხადება [მაგალითად, პროექტირებაზე და სხვა] ჩვეულებრივ წესად იქცა. სამმართველოში ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს განგვიმარტეს, რომ „ასე დროს იგებენ. გამარჯვებული გამოვლენილი როცა ჰყავთ, სამუშაოებზე დავალების მიცემა და მისი შესრულება უფრო მარტივდება“.

აღნიშნული ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 3 ობიექტზე მუშაობა; საჭიროების შემთხვევაში კი, ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში.

„სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ“, – აღნიშნულია პირობაში.

ანუ, სამმართველო თავიდანვე აცხადებს, რომ შესაძლოა ეს 3 მილიონამდე ლარიც არ აითვისოს მომდევნო 1 წლის განმავლობაში. არადა ქალაქში 170-ზე მეტი კორპუსია უკვე, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით ავარიულია და ამას ქალაქის მერიაც აღიარებს.

ავარიული სახლების ჩამონათვალი ბათუმის მერიას საკუთარ ვებგვერდზეც აქვს გამოქვეყნებული.

ავარიული სახლების „ოფიციალური სიის“ სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე.

მერიის სამმართველო იღებს ვალდებულებას, რომ ტენდერში გამარჯვებულს „წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და წინასაპროექტო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შენობის ავარიულობის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.“

მიმწოდებელი კი, „ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია.“

ამავე ტენდერის პირობის მიხედვით:

  • „შემსყიდველისგან საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია, „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებით დასკვნასთან ერთად, ამასთან საპროექტო ხარჯები და გაწეული სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურდება სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
  • … სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები.
  • შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
  • ასევე, წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების ინსპექტირების და პროექტთან შესაბამისობის „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა. კონკრეტულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
  • შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.“

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 3 იანვარს დაიწყება და 8 იანვარს დასრულდება.

„ავარიული შენობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე“ ტენდერი მერიის სამმართველოს, თითქმის ანალოგიური თანხით – 2 999 973 ლარით, 2022 წელსაც ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ურბან სინერგისთან“ კი, ხელშეკრულება 2 249 979 ლარზე იყო გაფორმებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, საბოლოოდ კომპანიისთვის 2 109 658 ლარია გადარიცხული.

„ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების პროგრამის“ გარდა მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაც აქვს, რომლის მიხედვითაც ავარიული სახლის ადგილზე კერძო კომპანია მერიასთან შეთანხმებით ახალ კორპუსს აშენებს.

—–

ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ბათუმში პერიოდულად აქციებსაც მართავენ და მერიას პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ.

ერთ-ერთი ასეთი აქცია ბათუმში, ბაგრატიონის N127-ში მცხოვრებლებმა 2023 წლის 22 ნოემბერს გამართეს.

ამ თემაზე:

„გადავკეტავთ ქუჩას“ – ბათუმში ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

რატომ არ აკონკრეტებს მთავრობა, ვის და როდის გადასცემს ბინებს „ოცნების ქალაქში“

აჭარის მთავრობა დღემდე არ სცემს პასუხს კითხვას, კონკრეტულად როდის დაიწყებს ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“. მთავრობა არც იმას ამბობს, როდის ჩაიბარებს „ოცნების ქალაქში“ აშენებულ სოციალურ სახლებს, რომლებშიც ჯამში 582 ბინაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ითხოვენ იმ 582 ოჯახის სიას, ვისაც ამ ბინებს გადასცემენ, დანარჩენი ოჯახები კი საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. აჭარის მთავრობა არც სიას აქვეყნებს და არც ხელშეკრულებებს აფორმებს.

„ოცნების ქალაქში“ 1740 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა ნაწილი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებით პერიოდულად აქციებსაც კი მართავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს ბინების გადაცემის ვადებზე და სიის შედგენაზე კითხვა ოპოზიციამ უმაღლეს საბჭოში 8 დეკემბერს, ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენის დროსაც დაუსვა. მინისტრმა ვადები არც აქ დააკონკრეტა.

„რაც შეეხება ბინების გადაცემას, ყველა, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღებს ბინას. იცით, რომ კრიტერიუმებით პრიორიტეტი ენიჭება ოჯახს, სადაც არის მაგალითად შშმ პირი, მრავალშვილიან ოჯახს და სხვა. ეს კრიტერიუმები არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამა თუ იმ ოჯახის მდგომარეობა ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ამიტომ, დღეს რომ სია შევადგინოთ, ხვალ შეიძლება ის შესაცვლელი გახდეს… შესაბამისად, ვიდრე არ დასრულდება მშენებლობა და არ გაფორმდება მიღება-ჩაბარება, სიაც არ იქნება“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ს ფრაქციამ მთავრობას ანალოგიური კითხვა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნის სახითაც გადაუგზავნა.

ენმ-ს შენიშვნა მთავრობას „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით:

„2019 წელს ქართული ოცნების ხელისუფლება აცხადებდა, რომ 2022 წელს დასრულდებოდა ოცნების დასახლებაში საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ყველა მაცხოვრებლისთვის, თუმცა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში 582 საცხოვრებელი ბინა, მაშინ როცა მცხოვრებთა რაოდენობა 1700-ზე მეტია.

ჩვენ ვაცხადებდით, რომ წარმოდგენილი გეგმა და პროგრამის ბიუჯეტი არარეალისტური იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდი არ ითვალისწინებდა ჩვენ შენიშვნებს.

ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება წარმოდგენილ ბიუჯეტზე, რომელიც ითვალისწინებს 582 საცხოვრებელი ბინის გადაცემის შემდეგ დარჩენილ ოჯახებისათვის ბინების მშენებლობას.

აუცილებლად მიგვაჩნია დაიგეგმოს ბენეფიციართა გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა… დღემდე უცნობია 582 საცხოვრებელი ბინის ბენეფიციართა ნუსხა.“

აჭარის მთავრობის პასუხი:

„ქალაქ ბათუმში მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სატენდერო პროცედურით მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, სოციალური
და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

პროექტით განსაზღვრულია სამშენებლო მოედანზე სამი დამოუკიდებელი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლებშიც განთავსდება 582 საცხოვრებელი ბინა. პროექტი იძლევა შესაძლებლობას განხილულიყო ცალკე მდგომი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დასრულებისას, მათი ეტაპობრივად ექსპლუატაციაში გაშვება, რაც შესაბამისად გულისხმობდა მშენებლობა დამთავრებულ კორპუსში ბენეფიციარებისათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემას საცხოვრებლად გამოყენებისათვის.

ვინაიდან ეტაპობრივი შესახლება წინააღმდეგობრივ საკითხებთან კავშირს წარმოადგენდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინების გადაცემა დაგეგმილიყო კომპლექსის სრულად დასრულების შემდგომ. საკითხის მეტად ორგანიზებულად წარმართვის, სამართლიანობის პრინციპების დაცვისა და შემდგომში აღნიშნული კვარტლის ჯანსაღი ურბანული განვითარების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნა მითითებული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა.

შესყიდვის საგანს წარმოადგენდა როგორც ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, ასევე ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომლის მშენებლობით სრულად დაკმაყოფილდება სამიზნე ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

მეორე ეტაპის განხორციელებით დაგეგმილია 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. პირველი ეტაპის (582 ბინა) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. კონტრაქტორ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო.“

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის და შენიშვნებზე პასუხების მიღებიდან, როგორც ოპოზიცია ამბობს, მალევე [ისე, რომ მათ პროექტის გაცნობაც ვერ მოასწრეს], დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უმრავლესობამ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამისთვის კი, 108 მილიონი ლარია გაწერილი:

  • 2024 წელს – 17 მილიონი
  • 2025 წელს – 35 მილიონი
  • 2026 წელს – 35 მილიონი
  • 2027 წელი – 21 მილიონი

პროგრამა ითვალისწინებს „ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“, – აღნიშნულია ბიუჯეტის კანონში.

2024 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი შედეგების გრაფაში კი, ჩაწერილია შემდეგი:

  • „დასრულებულია ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპის მშენებლობა (582 ბინა);
  • შემუშავებულია ქალაქ ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი;
  • დაწყებულია ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპის მშენებლობა“.

ამავე პროგრამის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აჭარის მთავრობის პროგნოზი ასეთია: „2027 წელი – გაუმჯობესებულია სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობები – 1077 ოჯახი“.

ანუ, მთავრობის პროგრამის მიხედვით 582 ოჯახს ბინებს საარჩევნო, 2024 წელს გადასცემენ, დამატებით 1077 ოჯახს კი – 2027 წელს.

„ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

მახინჯაურის სკოლის ეზოში ახალ კორპუსს ააშენებენ – გამოყოფილია 2,6 მილიონი ლარი

ხელვაჩაურის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში დამატებით ახალი სასწავლო კორპუსისა და სპორტული დარბაზის აშენებაა დაგეგმილი.

მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 635 873 ლარია.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა შედგება ორი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი – ძირითადი სკოლის სამსართულიანი შენობა; მეორე ბლოკი — სპორტული დარბაზი.

მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი / ესკიზი პროექტიდან

პროექტის შინაარსობრივი აღწერიდან:

  • „სასწავლო კორპუსი სამსართულიანია, რომელთანაც შერწყმულია სპორტული ბლოკი, ასევე პროექტით ტერიტორიაზე განთავსებულია საინჟინრო ნაგებობები და 7 ადგილზე გათვლილი ავტოსადგომი.
  • სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე მოხვედრა შესაძლებელია ჩრდილოეთ მხარეს შენობის შესასვლელებთან მოწყობილი კიბეებისა და პანდუსების საშუალებით. სასწავლო კორპუსი ასევე უკავშირდება ეზოს, კიბის უჯრედებში მოწყობილი ორი გასასვლელით.
  • თავის მხრივ სპორტული ბლოკიც დაკავშირებულია ეზოსთან.
  • შენობა ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მოთხოვნებისადმი. მათ პირველ სართულზე მოხვედრა შეუძლიათ შენობაში შესასვლელი პანდუსებით.
  • I სართულის სარეკრეაციო სივრცისა და დერეფნების საშუალებით მისაწვდომია ასევე სპორტული ბლოკი, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია შიგა ეზოსთან პანდუსის მეშვეობით.
  • ყველა სართულზე მოხვედრას უზრუნველყოფს მისაწვდომი ლიფტი.
  • პირველ, მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია შშმ პირების სან-კვანძი.
  • ინტერიერში ვიტრაჟებთან უსაფრთხოებისათვის მოწყობილია ანოდირებული მეტალის დამცავი მოაჯირები. დაპროექტებისას გათვალისწინებულია ინსოლაცია, რაც გეგმარებაშია გამოხატული, კერძოდ კი, საკლასო ოთახები განთავსებულია სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო ჩრდილოეთით მხოლოდ კლას-კაბინეტები.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 31 დეკემბერს დაიწყება და 2024 წლის 5 იანვარს შეწყდება.

მშენებლობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს.

პირობაში აღნიშნულია, რომ „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.“

მახინჯაურის საჯარო სკოლა – არსებული [მარჯვნივ] და ახალი [მარცხნივ] სასწავლო კორპუსები / ფოტომონტაჟი პროექტიდან
ტენდერის მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებაზე არის ის, რომ მას „2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის, მათ შორის ერთი შესყიდვის ფარგლებში არანაკლებ 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები“.

ამასთან, „გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია.“

მთავარი ფოტო: მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი და არსებული კორპუსები / ფოტომონტაჟი პროექტიდან

აჭარის განათლების სამინისტროს ბოლო პერიოდში ბათუმის №14 და №18 საჯარო სკოლების დამატებითი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზეც ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 37 944 034 ლარით, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

სამინისტრო ახალი კორპუსის მშენებლობას ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორიაზეც გეგმავს.

ამავე თემაზე ვრცლად:

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბრის 21 საათიდან 11 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 13 დეკემბერს კი – დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი

ბათუმში რესტორან „სან რემოს“ შენობა და პირსი უკვე დანგრეულია.

ამ ადგილზე ახალი შენობისა და პირსის მშენებლობაა დაგეგმილი. ტერიტორია ბათუმის მერიას იჯარით აქვს გაცემული.

2023 წლის 9 დეკემბერს, პლაჟზე დემონტაჟის და მშენებლობის სამუშაოები შეიძლება ითქვას, ერთად მიმდინარეობდა [გრძელდება დემონტაჟი, პარალელურად ეწყობა სამშენებლო ღობე, პლაჟზე შეაქვთ ლოდები, პერიოდულად იკეტება ბულვარში ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკი…]

„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023
„სან რემოს“ დემონტაჟი / ბათუმი / 9.12.2023

„სან რემოს“ პირსი დანგრევამდე:

„სან რემო“ / პირსი დანგრევამდე
„სან რემოს“ დემონტაჟი ბათუმში / ნოემბერი, 2023 წ.
შპს „ხიდი-2006“-ზე იჯარით გადაცემული ტერიტორია ბათუმის პლაჟზე / მონიშნულია მწვანე ფერით

ბათუმის ბულვართან, რუსთაველის ქუჩის ბოლოში, 11 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი [პლაჟი] და 1 416,7 კვადრატული მეტრი შენობა [რესტორანი „სან რემო“ პირსის ჩათვლით] შპს „ხიდი-2006“-ზე 2068 წლამდე იჯარითაა გადაცემული. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „ხიდი-2006“ ბათუმში 2006 წელსაა რეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელი ედნარ პაპუნაიშვილია, დირექტორი კი – ჯუმბერ ჭყონია.

კომპანია „სან რემოს“ ადგილზე ორსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა ეს პროექტი არ დაუმტკიცეს. კომპანიამ პროექტი შეცვალა.

პროექტის პირველი ვერსია შენობის მასშტაბის გაზრდას ითვალისწინებდა / ეს პროექტი კომპანიას არ დაუმტკიცეს

„სან რემოს“ ტერიტორიაზე გამზადებულია საინფორმაციო დაფა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას 2023 წლის სექტემბერში აქვს გაცემული. ნებართვა მოქმედია 2025 წლის აგვისტომდე.

ამ დაფაზე განთავსებული ესკიზის მიხედვით, „სან რემოს“ ადგილზე ახალ ნაგებობას შეცვლილი პროექტის მიხედვით ააშენებენ. თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო პროექტი ჩვენთვის უცნობია.

ბათუმის მერიასა და „ხიდი 2006“-ს შორის ხელშეკრულება ქონების იჯარით გაცემაზე 2018 წლის 18 მაისს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბრისა და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.

„სან რემოს“ შენობის/პირსის რეკონსტრუქციის დაწყების ვადა ბათუმის მერიამ რამდენჯერმე გადაწია.

ამ თემაზე ვრცლად:

ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 338 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +700]
  • ტანკი – 5 636 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 10 529 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 8 064 ერთეული [+6]
  • MLRS – 919 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 136 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 586 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 623 ერთეული [+25]
  • სპეცტექნიკა – 1 162 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 608 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 955 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 293 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 147 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბათუმში პატარა ხერსონელმა ბიჭმა პუტინისთვის სასაფლაო ქვიშაში მოაწყო – უკრაინელი ფსიქოლოგი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

 

სასტუმრო „ფრანციას“ 5 ფოტო ძველი ბათუმიდან

ძველი ბათუმი არასდროს უჩიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელების სიმცირეს და სასტუმროებზე დიდი მოთხოვნა იყო.

ძველ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო „ფრანცია“ იყო, იგივე HOTEL DE FRANCE, რომელიც, სავარაუდოდ, 1883-1884 წლებში აშენდა.

სასტუმრო მიხეილის ქუჩაზე მდებარეობდა [ამჟამად ზვიად გამსახურდიას ქუჩა] და იგი 32-ნომრიანი იყო. ცნობილია ერთი დღე-ღამის აქ გატარების ფასიც – 1 მანეთი და 50 კაპიკი. სასტუმროს ჰქონდა აბაზანა, რესტორანი და სატელეფონო ხაზიც კი – თუ დარეკავდით ნომერზე – 33, სასტუმრო „ფრანციაში“ გიპასუხებდნენ.

სასტუმროს მფლობელი კახიანი იყო.

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა პირველი კლასის სასტუმრო „ფრანცია“ ბათუმში.

სასტუმრო „ფრანცია“ – დიმიტირი ერმაკოვის ფოტო. წყარო: iverieli.nplg.gov.ge
დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. ამ ფოტოზე უფრო ფართოდ ჩანს ქუჩა და სასტუმროს გვერდით მდებარე შენობა. წყარო: iverieli.nplg.gov.ge
სასტუმრო „ფრანცია“, ღია ბარათი
სასტუმრო „ფრანციაში“ გარდაიცვალა პოლიტიკური მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე. 1913 წელი.„სახალხო გაზეთის“ სურათებიანი დამატება. წყარო: iverieli.nplg.gov.ge

 

ბათუმში პატარა ხერსონელმა ბიჭმა პუტინისთვის სასაფლაო ქვიშაში მოაწყო – უკრაინელი ფსიქოლოგი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ბათუმსა და თბილისში უკრაინის რამდენიმე ათასი მოქალაქე ჩამოვიდა ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, მარიუპოლიდან და აღმოსავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება.

ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების პირველი ტალღის შემოსვლისთანავე საქართველოში გაჩნდა ომით დაზარალებული მოქალაქეების მხარდამჭერი და დასახმარებელი მექანიზმები. უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სახელმწიფომ სხვადასხვა ტიპის მომსახურება დანერგა, მოხალისეობრივად მოქმედებდა საზოგადოების ნაწილიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით.

ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული უკრაინელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა, თუმცა ბათუმი ამ მხრივ შედარებით მოქნილი ქალაქია, განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა ქალაქში ბევრი ტურისტია და კარგად მუშაობს კაფეები, ბარები, მაღაზიები ან ტაქსი.

უკრაინელი იანა ფედანი ბათუმში ჩამოსვლისთანავე დასაქმდა. მისი შემთხვევა გამონაკლისია. პროფესიით ფსიქოლოგმა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი გახსნა რუსულენოვანი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. ცენტრის ამოქმედებიდან ორ თვეში უკვე იმდენი ადამიანი მიმართავდა, რომ ვეღარ ახერხებდა ყველას მიღებას. იანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედანაა და ბათუმში ომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა.

იანა გვიყვება, რომ ომისშემდგომი სტრესი უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს დღემდე აქვთ, რაზეც დიდი მუშაობა უწევს.

„ომის სტრესი დიდხანს რჩებათ ბავშვებს. ვმუშაობდი პატარა გოგონასთან, რომელიც მარიუპოლიდან იყო და ოცნებობდა ძეხვზე, სოსისზე და საკვებთან იყო ძირითადად მისი ოცნებები დაკავშირებული. ვმუშაობდი პატარა ბიჭთან ხერსონიდან, ქვიშაში სასაფლაო მოაწყო, სასაფლაო, სადაც ერთ-ერთი საფლავი იყო პუტინის.

ფსიქოლოგები ბავშვებთან ვიყენებთ თამაშის მეთოდს, როგორც განკურნების საშუალებას, როცა თამაშით აკეთებენ იმას, რაც სურთ. მერე ეს ფიქრები ქრება. ხშირად ბავშვებთან უსასყიდლოდ ვმუშაობ, უბრალოდ ვეხმარები მათ. არის ხალხი, ვისაც აქვს გადახდის შესაძლებლობა, არის ხალხი ვისაც ფასდაკლებით ვემსახურებით, ზოგს უსასყიდლოდ ვუწევთ კონსულტაციებს, როცა ეს საჭიროა. ვცდილობ, ადამიანი, რომელიც მოდის ჩემამდე არ დარჩეს დახმარების გარეშე“, – ამბობს იანა.

სათამაშოების კუთხე

იანას სამუშაო ენა რუსულია. ამბობს, რომ ინგლისური ყველას კარგად არ ესმის, ქართული ჯერ თავად არ იცის კარგად, უკრაინული კი ასევე არავინ იცის საქართველოში. გარდა ამისა, ოჯახები, რომლებსაც იანა დახმარებას უწევს, ხშირად სხვადასხვა ეროვნების წევრებისგან შედგება და რუსულია სასაუბრო ენა, რაც ყველას ესმის.

„ჩემთვისაც არ არის სასიამოვნო ეს რეალობა. ვისურვებდი ქართული ვიცოდე ძალიან კარგად და ვსაუბრობდე ქართულად, მაგრამ ჯერ ენის სწავლის ეტაპზე ვარ, ჩემი შვილიც ახლა სწავლობს ენას, ძალიან კარგი შედეგი აქვს.

იმის გამო, რომ ძირითადად რუსულად მიწევს ყველასთან ურთიერთობა, ქართველებს რუსი ვგონივარ და დიდი აგრესიაა ჩემს მიმართ. მეძახიან ფაშისტს, ოკუპანტს, მაგრამ მერე ვუხსნი მათ, რომ რუსულად რახან ვლაპარაკობ არ ნიშნავს იმას, რომ პუტინის მომხრე რუსი ვარ. ვიხსნი, რომ სხვა გზა არ მაქვს და იმიტომ ვსაუბრობ რუსულად. ამის მერე შედარებით ლაგდება ჩვენი ურთიერთობა.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ სამეზობლო დავა გვქონდა და პატრული მოვიდა, მომიწია რუსულად ამეხსნა პატრულისთვის რა მოხდა, სხვა სასაუბრო ენა, რომელიც ყველას თანაბრად გვესმოდა, უბრალოდ არ გვქონდა“, – ამბობს იანა.

ომი რომ დაიწყო იანა ფედანი ბულგარეთში ატარებდა შვებულებას მეუღლესთან და შვილთა ერთად. თხილამურებით სასრიალოდ წავიდა ოჯახი ბულგარეთში იმ ზამთარს. ომის დაწყების შესახებ იანამ ოჯახის წევრების სატელეფონო შეტყობინებებიდან გაიგო. ბიძაშვილები, დეიდა, დები და მეგობრები სწერდნენ, რომ ქალაქი ტანკებით იყო სავსე და იბომბებოდა.

„ორი გრძნობა მქონდა ერთდროულად: სიმსუბუქის, იმიტომ რომ მე, ჩემი შვილი და მეუღლე ომისგან შორს აღმოვჩნდით და უზარმაზარ შიშის: რადგან ოჯახის ყველა ჩემი დანარჩენ წევრი, ახლობლები და მეგობრები იყვნენ უკრაინაში, საფრთხის ქვეშ: ორი და, დეიდა და დეიდაშვილები. ისინი იმალებოდნენ სარდაფში და გასაქცევი არ ჰქონდათ.

უზარმაზარი ტკივილის და შოკის შეგრძნება იყო. დავდიოდი ბულგარეთის ქუჩებში და ვტიროდი. მივხვდი ვერ გაგრძელდებოდა ასე ცხოვრება და ბულგარეთში დავიწყე ადამიანების ძებნა, ვინც ჩემსავით იქ აღმოჩნდა ომის დაწყებისას. მინდოდა მათთვის ფსიქოლოგიური დახმარება გამეწია და თან სამსახურზეც მეფიქრა.

ჩვენ საკურორტო ქალაქში ვიყავით და ზამთარში ეს ადგილები ცარიელდება. ბევრი ვერავინ ვიპოვე, აქ ვერ დავსაქმდებოდი და დავიწყეთ ფიქრი, სად წავსულიყავით“, – იხსენებს იანა.

ასე აღმოჩნდა საქართველოში. ახსოვდა, რომ თბილისში იყო დიდი ხნის წინ ნამყოფი და ბათუმი არ ჰქონდა ნანახი, ამიტომ ოჯახმა ბათუმში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

იანამ ბათუმში ერთადერთი უკრაინელი ფსიქოლოგის, ნიკოლაი კორენის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი აღმოაჩინა, რომლის შესახებაც ბათუმის უკრაინულ ტლეგრამარხებზე ხშირად წერდნენ.

იანამ სწორედ მასთან ერთად იქირავა ფართობი აბუსერიძის ქუჩაზე და მუშაობას შეუდგა. თავიდან საკუთარი პროფესიის და საქმიანობის შესახებ სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა განცხადებას, რომ იყო ბავშვთა ფსიქოლოგი და მათთვის დახმარების გაწევა შეეძლო. იანა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე და სპეციალური საჭიროებების ბავშვებთანაც მუშაობს.

დარეგისტრირებული აქვს საკუთარი საქმიანობა და იხდის გადასახადებს.

„მე მაქვს პროფესია, აქამდეც ამ საქმეს ვაკეთებდი უკრაინაში და ადვილად დავიწყე საქმე ბათუმშიც, თან გვქონდა ბინის საყიდლად გადანახული დანაზოგი მე და ჩემს ოჯახს, რაც თან გვქონდა. ეს დაგვეხმარა ოფისი დაგვექირავებინა ბათუმში. რომ არა ეს რესურსი, რთული იქნებოდა ყველაფრის დაწყება.

ბათუმში ძალიან კარგად ვცხოვრობთ. აქ ზღვაა, პალმები და ბულვარი, ხალხი ძალიან გვეხმარება. ბათუმში ბინა რომ ვიქირავეთ პირველად, ამ ბინის მეპატრონე ახლო მეგობარივით მოგვექცა, გვიყიდა ტელეფონის ნომრები, გაგვყვა ბანკში, რომ ანგარიში გაგვეხსნა, პირველად გვყავდა ეს ადამიანი ნანახი“, – ამბობს იანა.

2022 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაგან დაახლოებით 4 500 იყო ბავშვი. ამის შესახებ 2022 წლის აპრილში საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი იუწყებოდა.

როგორ გამოიყურება ქობულეთის სანაპირო შტორმის შემდეგ | ფოტო

ასე გამოიყურება ქობულეთის სანაპირო დღეს, 9 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც შტორმმა სანაპირო დააზიანა.

27 ნოემბერს, ძლიერი შტორმის შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, დააზიანა ინფრასტრუქტურა და დატბორა სახლები.

ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“
ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“
ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“
ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“
ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“
ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“
ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“
ქობულეთის სანაპირო. ფოტო: „ბათუმელები“

სარფში ოქროს უკანონოდ შემოტანისთვის მოქალაქე 7500 ლარით დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს  საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ოქროს ნაკეთობების საერთო წონა 487,55 გრამი იყო.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7 509 ლარით დაჯარიმდა.

რუსული ენისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში შემცირდა – Duolingo-ს ანგარიში

2023 წელს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსული ენისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში შემცირდა. ახლა სულ უფრო მეტი ადამიანი სწავლობს უკრაინულს – წერს „დოიჩე ველე“.

გამოცემა ეყრდნობა Duolingo-ს, უცხო ენების შემსწავლელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უფასო მობილური აპლიკაციის წლიურ ანგარიშს, რომელიც ეფუძნება აპლიკაციის მილიონობით მომხმარებლის მონაცემებს მთელს მსოფლიოში და იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ენებია ყველაზე პოპულარული და როგორ იცვლება მათ მიმართ ინტერესი.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ხშირად სწავლობენ: ინგლისურს, ესპანურს, ფრანგულს, გერმანულს, იაპონურს, კორეულს, იტალიურს, ჰინდის, ჩინურსა და პორტუგალიურს.

2015 წლიდან, როცა Duolingo-ზე რუსული ენის კურსის გახდა ხელმისაწვდომი, რუსული ენა მუდამ იყო ტოპ-ათეულში, თუმცა, წელს ასე არ არის, პორტუგალიურმა ენამ რუსული ენა ათეულს მიღმა დატოვა.

ექსპერტების აზრით, ეს ფაქტი ასახავს ორ მნიშვნელოვან ცვლილებას: რუსული ენისადმი ინტერესის შემცირებას რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო და გაზრდილ ინტერესს ბრაზილიისა და პორტუგალიის მიმართ, განსაკუთრებით ტურისტებში.

ამავე დროს, ომი უკრაინაში აისახა უკრაინული ენისადმი ინტერესის ზრდაზე. 2023 წელს ყველაზე ხშირად უკრაინულ ენის სწავლობდნენ შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, რუსეთი და თავად უკრაინა.

ანგარიშის თანახმად, სამი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი სწავლობს სამ ენაზე მეტს, არის: ფინეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

______________

ფოტოზე: კრემლი. მოსკოვი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

ესტონური სასკოლო განათლება ევროპაში კვლავ საუკეთესოა – PISA-ს კვლევა

მოსწავლეთა შეფასების სისტემის – PISA-ს 2022 წლის კვლევაში ესტონეთი საერთო მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა ევროპულ ქვეყნებს შორის.

81 ქვეყანას შორის ესტონეთი მეშვიდე ადგილზეა მათემატიკის მაჩვენებლით. ათეულის პირველ პოზიციებზეა ჩინეთის ავტონომიური ერთეულები, იაპონია და სამხრეთ კორეა. პირველ ათეულში ესტონეთის შემდეგ არის შვეიცარია, კანადა და ნიდერლანდები.

წაკითხულის გააზრებაში ესტონეთი ათეულში მეექვსე ადგილზეა. ევროპული ქვეყნებიდან ამ ათეულში ესტონეთს უსწრებს მხოლოდ ირლანდია, რომელსაც მესამე ადგილი უჭირავს.  ათეულში, აზიური ქვეყნების გარდა, შედიან კანადა და ახალი ზელანდია.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ესტონეთი მეექვსე ადგილზეა საუკეთესო ათეულში. ამ ათეულში, აზიური ქვეყნების გარდა, ასევე არიან კანადა, ფინეთი და ავსტრალია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა PISA-ს კვლევა აჩვენებს, რომ ესტონეთის სასკოლო სწავლება ყველაზე წარმატებულია ევროპაში.

კვლევა 3 წელიწადში ერთხელ ტარდება. 2019 წელს გამოქვეყნებულმა PISA-ს კვლევამ აჩვენა, რომ ესტონეთი პირველ ადგილზე იყო ევროპულ ქვეყნებს შორის მათემატიკის, წაკითხულის გააზრების/კითხვის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაჩვენებლებით.

რაც შეეხება საქართველოს, მოსწავლეთა შეფასების სისტემის [PISA] 2022 წლის კვლევაში ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და კითხვა/წაკითხულის გააზრებაში 8 და 6 ქულით გაუარესდა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 1 ქულით გაუმჯობესდა.

PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 15 წლის მოსწავლეები და ტესტს აბარებენ სამ კატეგორიაში –წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

____________

ფოტოზე: ტალინი, ესტონეთის დედაქალაქი

ამავე თემაზე: 

რატომ ასწავლიან ესტონურ სკოლებში ჩვენზე უკეთ – რას ჰყვება ქართველი პედაგოგი ესტონურ მოდელზე

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 338 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900]
  • ტანკი – 5 632 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 10 519 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 8 058 ერთეული [+1]
  • MLRS – 919 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 136 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 585 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 598 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 1 159 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 588 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 924 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 284 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 096 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთს ტყვეობაში ჰყავს უკრაინის 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე – ომბუსდმენი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

რატომ გვტკივა კისერი – ექიმის რჩევები

კისრის ტკივილი ანუ ცერვიკალგია, მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე დღიდან, რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ნევროლოგი, თამარ თურმანიძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად, კისრის ტკივილის მიზეზი ფიზიკური დატვირთვა და უხერხული/ცუდი პოზაა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პრობლემის მიზეზი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაც ხდება. 

  • ქალბატონო თამარ, რა შეიძლება იყოს კისრის ტკივილის მიზეზები?

უმეტესად კისრის ტკივილს იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან (კისრის კუნთების გადაჭარბებული გამოყენება განმეორებითი ან დაძაბული აქტივობების დროს), შეიძლება იყოს ტრავმული დაზიანების ან კისრის უხერხული მოძრაობის შედეგი, მიზეზი შეიძლება გახდეს უხერხული წოლაც.

ამას გარდა, არის ჯანმრთელობის ბევრი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია მეორადად გამოიწვიოს კისრის კუნთების დაჭიმულობა და კისრის ტკივილი.

ტკივილი კისრის არეში ვითარდება ხერხემლის პრობლემების დროს. ადამიანის ხერხემალი შედგება 33 მალისგან, კისერს ეკუთვნის 7 მალა. ხერხემლის მალებს შორის განთავსებულია მალთაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზებას, ანუ მალების თავისუფალ მოძრაობას უწყობს ხელს.

სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის ან ტრავმის შედეგად შეიძლება ისინი დაზიანდეს, რა დროსაც ქვეითდება ამორტიზაციის უნარი, ვითარდება ტკივილის შეგრძნება, რაც იწვევს კუნთების დაჭიმულობას – ეს  ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი სიგნალია, რომელიც არ გაძლევს მოძრაობის საშუალებას.

კისრის ტკივილი თავის ტვინის პათოლოგიებმაც შეიძლება გამოიწვისო, მაგალითად ინფექციურმა მენინგიტმა, მას აქვს მენიგიალური სინდრომი, რომელსაც კისრის კუნთების დაჭიმულობა შეიძლება ახლდეს; ასევე თავის ტვინში სისხლჩაქცევამაც შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი,  თავის ტვინის უკანა ფოსოში მიმდინარე პათოლოგიურმა ცვლილებებმაც.

ადვილი სადიფერენციაციო ნამდვილად არ არის ტკივილი საიდან მოდის, ამას სჭირდება ექიმის მიერ დეტალური გასინჯვა და გარკვეული კვლევები.

Cleveland clinic წერს, რომ კისრის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზია ფსიქიკური სტრესი. „სტრესის გამო კისრის კუნთების დაჭიმვამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი და დაჭიმულობა. ბევრი ადამიანი, რომელიც ჭიმავს ამ კუნთებს სტრესის დროს ან აღელვებულ მდგომარეობაში, ვერ ხვდება, რომ ამას აკეთებს მანამ, სანამ კისერი არ ასტკივდება“.

  • როგორ ვნებს კომპიუტერსა და ტელეფონთან ხანგრძლივად თავდახრილი ყოფნა ხერხემალს? 

ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ადრე კისრის ტკივილი ძირითადად ასაკოვანი ადამიანების პრობლემად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან გაახალგაზრდავდა და დღეს ბავშვებშიც კი გვხვდება. ამის უხშირესი მიზეზია კომპიუტერი და სმარტფონი, რომლებთანაც დღეს დიდებიც და პატარებიც საკმაოდ დიდ დროს ატარებენ კისრის მოხრილი მდგომარეობით; ამან ძალიან მოახშირა კისრის ტკივილის სინდრომი მოსახლეობაში.

კისრის ტკივილის მიზეზი ხდება კისრის დატვირთვა, მაგალითად, როცა თავი 30 გრადუსით არის დახრილია წინ, კისრის მალებზე და მალთაშუა დისკებზე ზეწოლა იზრდება ორჯერ, როცა 60-70 გრადუსით იხრება თავი, სამ-ნახევარჯერ და მეტჯერ იზრდება ზეწოლა.

ასეთი დატვირთვა სერიოზულად ზრდის დისკომფორტის, კისრის ტკივილისა და დაჭიმულობის რისკებს. გარდა ამისა, ხანგრძლივად ამ პოზიციაში თავისა და კისრის გაჩერება ჭიმავს კუნთებს, რაც ასევე ხდება ტკივილის მიზეზი.

Cleveland clinic: ცერვიკალგია არის ტკივილი ხერხემლის არეში ან თავის ქვეშ. უფრო ზუსტად, თქვენ შეიძლება გქონდეთ კისრის ღერძული ტკივილი (ძირითადად იგრძნობა კისერში) ან კისრის რადიკულური ტკივილი (ტკივილი, რომელიც ვრცელდება სხვა ადგილებში, მაგალითად მხრებში ან მკლავებში). ის შეიძლება იყოს მწვავე (გრძელდება ერთი დღიდან ექვს კვირამდე), ან ქრონიკული (გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს).

  • გრძელვადიან პერსპექტივაში, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სმარტფონსა და კომპიუტერთან ხანგრძლივად თავდახრილ ყოფნას?

ხერხემალში ასაკთან დაკავშირებული (მალების) დეგენერაციული ცვლილებები ყველა ადამიანთან მიმდინარეობს. ეს არის პროცესი ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივადაც მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც ამას ემატება არასწორი ფიზიკური დატვირთვა, თავის და კისრის უხერხული პოზიცია – ეს პროცესები უფრო ჩქარდება, იწყება ტკივილები: შეიძლება გამოიწვიოს ხელებში დაბუჟება, ამას მოჰყვეს ხელებში ძალის დაქვეითება, მსუბუქი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა და თუ ტკივილები არ გადადის, დროულად მივმართოთ ექიმს, რაიმე სერიოზული მდგომარეობა რომ არ გამოგვეპაროს.

კისრის ტკივილის მკურნალობა კომპლექსურია, შესაძლებელია, რაღაც ნაწილში საკმარისი იყოს ტკივილის გაყუჩება და კუნთის მოდუნება მიორელაქსანტებით, სხვას შესაძლოა მასაჟი დასჭირდეს, ვიღაცას ფიზკულტურა, ფიზიოპროცედურები; არის შემთხვევები, როცა ქირურგიული ჩარევაა საჭირო, მაგალითად, როცა მალთაშუა დისკი ზიანდება და აწვება ზურგის ტვინს.

  • რა რეკომენდაციები არსებობს კისრის ტკივილის შესამცირებლად ან ასაცილებლად?

პრევენცია, პირველ რიგში, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი – ზომიერი ვარჯიში, ფეხით სიარული და ცურვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მასაჟი, ფიზკულტურა და ცურვა კარგია, მაგრამ არა მწვავე პერიოდში (ანუ ძლიერი ტკივილის დროს), ეს ყველაფერი შეიძლება რემისიის პერიოდში, როცა ტკივილი მოიხსნა მედიკამენტის საშუალებით;

ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერსა და ტელეფონთან, თუ მაინც გიწევთ, მაქსიმალურად შეეცადეთ თავი გეჭიროთ სწორ პოზიციაში;

რეკომენდებულია ორთოპედიული ბალიშების გამოყენება, რომელიც [ზურგზე თუ გვერდზე წოლის დროს] თავის სწორად დადებაში გვეხმარება. შესაბამისად, ძალიან მაღალი ბალიშები არ არის კარგი.

Mayo clinic:

  • დგომისა და ჯდომისას, დარწმუნდით, რომ თქვენი მხრები სწორ ხაზზეა თეძოებთან და ყურები მხრებთან;
  • მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და სხვა პატარა ეკრანების გამოყენებისას თავი მაღლა ასწიეთ და მოწყობილობა დაიჭირეთ პირდაპირ, ნაცვლად იმისა, რომ კისერი მოხაროთ, რომ მოწყობილობას ზემოდან უყუროთ;
  • დაარეგულირეთ თქვენი მაგიდა, სკამი და კომპიუტერი ისე, რომ მონიტორი იყოს თვალის დონეზე. მუხლები უნდა იყოს ოდნავ დაბლა ვიდრე თეძოები. გამოიყენეთ თქვენი სკამის სახელურები;

Cleveland clinic:

  • შეინარჩუნეთ სწორი პოზა ძილის დროს – თუ ზურგზე ან გვერდზე გძინავთ, გამოიყენეთ პატარა ბალიში იმისთვის, რომ თავი და კისერი იყოს სხეულთან ერთ ხაზზე. თუ ზურგზე გძინავთ, დაიდეთ ბალიში მუხლების ქვეშ, რათა დამატებითი ზეწოლა მოიხსნას ზურგიდან. თავი აარიდეთ მუცელზე დაძინებას.
Exit mobile version