მთავარი,სიახლეები

„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

11.12.2023
„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

დღეს, 11 დეკემბერს, ზესტაფონის მერიის წინ მოქალაქემ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. ფატიმა ხიჯაკაძე აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს.

„დღეს დავიწყე შიმშილობა და გავაგრძელებ, სანამ ვიცოცხლებ.

საგზაო დეპარტამენტმა გამომიტანა ტყუილი დასკვნები, გვირაბი გავიდა [სახლიდან] 16 მეტრში და სახლს ემუქრება დანგრევა. კომპენსაციას არ მაძლევს ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანზე მუშაობს. გასახლება მეკუთვნის, წესით, და არაფერი. 4 შვილიშვილი მყავს და შვილები. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

სახლის ყველა კედელი ოთხივე მხარეს დაბზარულია, ზედა სართულიც. ქვევით იატაკია ჩავარდნილია. სახლს ემუქრება დანგრევა და როცა დასრულდება გვირაბის მშენებლობა, სახლი საერთოდ აღარ დარჩება. დამტოვეს ასე გაუბედურებული“, – გვითხრა მოქალაქემ.

ქალის თქმით, მის ზოგიერთ მეზობელს  კომპენსაციის მიღებაზე თანხმობას ეუბნებიან, ზოგიერთს კი – უარს.

ფატიმა ხიჯაკაძე ამბობს, რომ სამი წელია ატყუებენ.

„მეუბნებიან, შეისყიდიან სახლსო [„გუიჯოუ ჰაივეი ენჯინეარინგ გრუფ“კომპანია, რომელიც ავტობანზე მუშაობს]. მერე გაიტანეს კომისიაზე და კომპანიამ უარი თქვა, ექსპერტი წერს, რომ სავარაუდოდ მშენებლობის ბრალიაო და სავარაუდოს მეკამათებიან, გაიგეთ?

100% დასკვნა იმიტომ ვერ დადეს, რომ სახლის პირვანდელი მონიტორინგი არ აქვთ ჩატარებული. ჯერ დაბზარეს სახლი და მერე მოვიდა ექსპერტიზა“.

ქალის თქმით, მან საგზაო დეპარტამენტისგან დახმარებაზე საბოლოო უარი მიიღო.

„მარტო გამგეობამ მითხრა, რომ ჩვენ შეგვამოწმებინე და გადაგიხდითო. გამგეობა გადამიხდის 500 ლარს, რას გადამიხდის?!

ხელშეკრულება გამაფორმებინეს წლების წინ, ვითომ იქირავეს ჩემი სახლი, 500 ლარს მიხდიდა კომპანია და ეს ჩათვალეს კომპენსაციად. მპირდებოდნენ, შევისყიდით სახლსო,  მომატყუეს“, – გვითხრა ფატიმა ხიჯაკაძემ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე კომენტარისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტისგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: