მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ გვტკივა კისერი – ექიმის რჩევები

08.12.2023 • 7238
რატომ გვტკივა კისერი – ექიმის რჩევები

კისრის ტკივილი ანუ ცერვიკალგია, მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე დღიდან, რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ნევროლოგი, თამარ თურმანიძე ამბობს, რომ ყველაზე ხშირად, კისრის ტკივილის მიზეზი ფიზიკური დატვირთვა და უხერხული/ცუდი პოზაა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პრობლემის მიზეზი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაც ხდება. 

  • ქალბატონო თამარ, რა შეიძლება იყოს კისრის ტკივილის მიზეზები?

უმეტესად კისრის ტკივილს იწვევს კისრის კუნთების დაჭიმულობა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან (კისრის კუნთების გადაჭარბებული გამოყენება განმეორებითი ან დაძაბული აქტივობების დროს), შეიძლება იყოს ტრავმული დაზიანების ან კისრის უხერხული მოძრაობის შედეგი, მიზეზი შეიძლება გახდეს უხერხული წოლაც.

ამას გარდა, არის ჯანმრთელობის ბევრი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია მეორადად გამოიწვიოს კისრის კუნთების დაჭიმულობა და კისრის ტკივილი.

ტკივილი კისრის არეში ვითარდება ხერხემლის პრობლემების დროს. ადამიანის ხერხემალი შედგება 33 მალისგან, კისერს ეკუთვნის 7 მალა. ხერხემლის მალებს შორის განთავსებულია მალთაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზებას, ანუ მალების თავისუფალ მოძრაობას უწყობს ხელს.

სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვის ან ტრავმის შედეგად შეიძლება ისინი დაზიანდეს, რა დროსაც ქვეითდება ამორტიზაციის უნარი, ვითარდება ტკივილის შეგრძნება, რაც იწვევს კუნთების დაჭიმულობას – ეს  ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი სიგნალია, რომელიც არ გაძლევს მოძრაობის საშუალებას.

კისრის ტკივილი თავის ტვინის პათოლოგიებმაც შეიძლება გამოიწვისო, მაგალითად ინფექციურმა მენინგიტმა, მას აქვს მენიგიალური სინდრომი, რომელსაც კისრის კუნთების დაჭიმულობა შეიძლება ახლდეს; ასევე თავის ტვინში სისხლჩაქცევამაც შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი,  თავის ტვინის უკანა ფოსოში მიმდინარე პათოლოგიურმა ცვლილებებმაც.

ადვილი სადიფერენციაციო ნამდვილად არ არის ტკივილი საიდან მოდის, ამას სჭირდება ექიმის მიერ დეტალური გასინჯვა და გარკვეული კვლევები.

Cleveland clinic წერს, რომ კისრის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზია ფსიქიკური სტრესი. „სტრესის გამო კისრის კუნთების დაჭიმვამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი და დაჭიმულობა. ბევრი ადამიანი, რომელიც ჭიმავს ამ კუნთებს სტრესის დროს ან აღელვებულ მდგომარეობაში, ვერ ხვდება, რომ ამას აკეთებს მანამ, სანამ კისერი არ ასტკივდება“.

  • როგორ ვნებს კომპიუტერსა და ტელეფონთან ხანგრძლივად თავდახრილი ყოფნა ხერხემალს? 

ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ადრე კისრის ტკივილი ძირითადად ასაკოვანი ადამიანების პრობლემად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან გაახალგაზრდავდა და დღეს ბავშვებშიც კი გვხვდება. ამის უხშირესი მიზეზია კომპიუტერი და სმარტფონი, რომლებთანაც დღეს დიდებიც და პატარებიც საკმაოდ დიდ დროს ატარებენ კისრის მოხრილი მდგომარეობით; ამან ძალიან მოახშირა კისრის ტკივილის სინდრომი მოსახლეობაში.

კისრის ტკივილის მიზეზი ხდება კისრის დატვირთვა, მაგალითად, როცა თავი 30 გრადუსით არის დახრილია წინ, კისრის მალებზე და მალთაშუა დისკებზე ზეწოლა იზრდება ორჯერ, როცა 60-70 გრადუსით იხრება თავი, სამ-ნახევარჯერ და მეტჯერ იზრდება ზეწოლა.

ასეთი დატვირთვა სერიოზულად ზრდის დისკომფორტის, კისრის ტკივილისა და დაჭიმულობის რისკებს. გარდა ამისა, ხანგრძლივად ამ პოზიციაში თავისა და კისრის გაჩერება ჭიმავს კუნთებს, რაც ასევე ხდება ტკივილის მიზეზი.

Cleveland clinic: ცერვიკალგია არის ტკივილი ხერხემლის არეში ან თავის ქვეშ. უფრო ზუსტად, თქვენ შეიძლება გქონდეთ კისრის ღერძული ტკივილი (ძირითადად იგრძნობა კისერში) ან კისრის რადიკულური ტკივილი (ტკივილი, რომელიც ვრცელდება სხვა ადგილებში, მაგალითად მხრებში ან მკლავებში). ის შეიძლება იყოს მწვავე (გრძელდება ერთი დღიდან ექვს კვირამდე), ან ქრონიკული (გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს).

  • გრძელვადიან პერსპექტივაში, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სმარტფონსა და კომპიუტერთან ხანგრძლივად თავდახრილ ყოფნას?

ხერხემალში ასაკთან დაკავშირებული (მალების) დეგენერაციული ცვლილებები ყველა ადამიანთან მიმდინარეობს. ეს არის პროცესი ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივადაც მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც ამას ემატება არასწორი ფიზიკური დატვირთვა, თავის და კისრის უხერხული პოზიცია – ეს პროცესები უფრო ჩქარდება, იწყება ტკივილები: შეიძლება გამოიწვიოს ხელებში დაბუჟება, ამას მოჰყვეს ხელებში ძალის დაქვეითება, მსუბუქი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა და თუ ტკივილები არ გადადის, დროულად მივმართოთ ექიმს, რაიმე სერიოზული მდგომარეობა რომ არ გამოგვეპაროს.

კისრის ტკივილის მკურნალობა კომპლექსურია, შესაძლებელია, რაღაც ნაწილში საკმარისი იყოს ტკივილის გაყუჩება და კუნთის მოდუნება მიორელაქსანტებით, სხვას შესაძლოა მასაჟი დასჭირდეს, ვიღაცას ფიზკულტურა, ფიზიოპროცედურები; არის შემთხვევები, როცა ქირურგიული ჩარევაა საჭირო, მაგალითად, როცა მალთაშუა დისკი ზიანდება და აწვება ზურგის ტვინს.

  • რა რეკომენდაციები არსებობს კისრის ტკივილის შესამცირებლად ან ასაცილებლად?

პრევენცია, პირველ რიგში, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი – ზომიერი ვარჯიში, ფეხით სიარული და ცურვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მასაჟი, ფიზკულტურა და ცურვა კარგია, მაგრამ არა მწვავე პერიოდში (ანუ ძლიერი ტკივილის დროს), ეს ყველაფერი შეიძლება რემისიის პერიოდში, როცა ტკივილი მოიხსნა მედიკამენტის საშუალებით;

ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერსა და ტელეფონთან, თუ მაინც გიწევთ, მაქსიმალურად შეეცადეთ თავი გეჭიროთ სწორ პოზიციაში;

რეკომენდებულია ორთოპედიული ბალიშების გამოყენება, რომელიც [ზურგზე თუ გვერდზე წოლის დროს] თავის სწორად დადებაში გვეხმარება. შესაბამისად, ძალიან მაღალი ბალიშები არ არის კარგი.

Mayo clinic:

  • დგომისა და ჯდომისას, დარწმუნდით, რომ თქვენი მხრები სწორ ხაზზეა თეძოებთან და ყურები მხრებთან;
  • მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და სხვა პატარა ეკრანების გამოყენებისას თავი მაღლა ასწიეთ და მოწყობილობა დაიჭირეთ პირდაპირ, ნაცვლად იმისა, რომ კისერი მოხაროთ, რომ მოწყობილობას ზემოდან უყუროთ;
  • დაარეგულირეთ თქვენი მაგიდა, სკამი და კომპიუტერი ისე, რომ მონიტორი იყოს თვალის დონეზე. მუხლები უნდა იყოს ოდნავ დაბლა ვიდრე თეძოები. გამოიყენეთ თქვენი სკამის სახელურები;

Cleveland clinic:

  • შეინარჩუნეთ სწორი პოზა ძილის დროს – თუ ზურგზე ან გვერდზე გძინავთ, გამოიყენეთ პატარა ბალიში იმისთვის, რომ თავი და კისერი იყოს სხეულთან ერთ ხაზზე. თუ ზურგზე გძინავთ, დაიდეთ ბალიში მუხლების ქვეშ, რათა დამატებითი ზეწოლა მოიხსნას ზურგიდან. თავი აარიდეთ მუცელზე დაძინებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: