მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში ავარიული სახლების გასამაგრებლად 3 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

10.12.2023 •
ბათუმში ავარიული სახლების გასამაგრებლად 3 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე სამი დღის წინ ტენდერი 2 999 999 ლარით გამოაცხადა.

მერიის სამმართველო პირობაში მიუთითებს, რომ სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რომელი სახლების გამაგრებაა გადაწყვეტილი ამ ტენდერის ფარგლებში.

ბოლო პერიოდში სამმართველოსთვის ასეთი ფორმით ტენდერების გამოცხადება [მაგალითად, პროექტირებაზე და სხვა] ჩვეულებრივ წესად იქცა. სამმართველოში ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს განგვიმარტეს, რომ „ასე დროს იგებენ. გამარჯვებული გამოვლენილი როცა ჰყავთ, სამუშაოებზე დავალების მიცემა და მისი შესრულება უფრო მარტივდება“.

აღნიშნული ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 3 ობიექტზე მუშაობა; საჭიროების შემთხვევაში კი, ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24-საათიან რეჟიმში.

„სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ“, – აღნიშნულია პირობაში.

ანუ, სამმართველო თავიდანვე აცხადებს, რომ შესაძლოა ეს 3 მილიონამდე ლარიც არ აითვისოს მომდევნო 1 წლის განმავლობაში. არადა ქალაქში 170-ზე მეტი კორპუსია უკვე, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით ავარიულია და ამას ქალაქის მერიაც აღიარებს.

ავარიული სახლების ჩამონათვალი ბათუმის მერიას საკუთარ ვებგვერდზეც აქვს გამოქვეყნებული.

ავარიული სახლების „ოფიციალური სიის“ სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე.

მერიის სამმართველო იღებს ვალდებულებას, რომ ტენდერში გამარჯვებულს „წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და წინასაპროექტო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შენობის ავარიულობის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.“

მიმწოდებელი კი, „ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია.“

ამავე ტენდერის პირობის მიხედვით:

  • „შემსყიდველისგან საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია, „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებით დასკვნასთან ერთად, ამასთან საპროექტო ხარჯები და გაწეული სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურდება სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
  • … სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები.
  • შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
  • ასევე, წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების ინსპექტირების და პროექტთან შესაბამისობის „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა. კონკრეტულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
  • შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.“

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 3 იანვარს დაიწყება და 8 იანვარს დასრულდება.

„ავარიული შენობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებზე“ ტენდერი მერიის სამმართველოს, თითქმის ანალოგიური თანხით – 2 999 973 ლარით, 2022 წელსაც ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ურბან სინერგისთან“ კი, ხელშეკრულება 2 249 979 ლარზე იყო გაფორმებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, საბოლოოდ კომპანიისთვის 2 109 658 ლარია გადარიცხული.

„ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების პროგრამის“ გარდა მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაც აქვს, რომლის მიხედვითაც ავარიული სახლის ადგილზე კერძო კომპანია მერიასთან შეთანხმებით ახალ კორპუსს აშენებს.

—–

ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ბათუმში პერიოდულად აქციებსაც მართავენ და მერიას პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ.

ერთ-ერთი ასეთი აქცია ბათუმში, ბაგრატიონის N127-ში მცხოვრებლებმა 2023 წლის 22 ნოემბერს გამართეს.

ამ თემაზე:

„გადავკეტავთ ქუჩას“ – ბათუმში ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: