საქართველოს მთავრობამ დაახლოებით ერთი კვირის წინ, 2023 წლის 5 დეკემბერს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხულოს, შუახევსა და ქობულეთს „ეთხოვა“ საახალწლო ღონისძიებების ჩატარება.
ეს სამი მუნიციპალიტეტი კი, ამ ღონისძიებების ჩასატარებლად, ჯამში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით პროექტის – „ახალი წლის დღეები საქართველოში“ გამართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების მიზნით ეთხოვოთ … მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
ამავე განკარგულებით, მთავრობა უფლებას აძლევს შესაბამის მუნიციპალიტეტებს „ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, ანუ, ტენდერის გარეშე.
მთავრობის განკარგულების საფუძველზე საახალწლო ღონისძიებები უკვე დაგეგმა აჭარის მუნიციპალიტეტებმა.
- ხულოში – ღონისძიება 2024 წლის 3 იანვარს ჩატარდება
- შუახევში – 2023 წლის 29 დეკემბერს
- ქობულეთში – 2023 წლის 25 დეკემბერს
გამარტივებული წესით შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაში კი სამივე მუნიციპალიტეტი ჯამში 560 ათას 204 ლარს დახარჯავს. აქედან:
- ხულო – 212 ათას 873 ლარს
- შუახევი – 247 ათას 330 ლარს
- ქობულეთი – 100 ათას 1 ლარს
ხულოს მერია შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ „მიმდინარე პერიოდისთვის ღონისძიებების ჩატარება აღნიშნული მასშტაბებით არ იყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტით განსაზღვრული, რის გამოც მომსახურების შესყიდვა წინასწარ არ იყო დაგეგმილი“.
212 ათას 873 ლარად კი, ხულოს მერია შემდეგი მომსახურების შესყიდვას გეგმავს: „სცენის მოწყობა; სასცენო აქტივობა; ღონისძიების სივრცე; თოვლის ბაბუას სახლი; ტერიტორიის გაფორმება; კვების ზონა; ტერიტორიაზე სხვა საჭიროებები; საორგანიზაციო ჯგუფი“.
„რადგან არ იყო წინასწარ გადაწყვეტილი ღონისძიების ჩატარება, შესაბამისად, როგორც ბიუჯეტში, ასევე შესყიდვების წლიურ გეგმაში არ გვქონდა აღნიშნული მომსახურება გათვალისწინებული, შესაბამისად ელ. ტენდერის შესყიდვის პროცედურა მოითხოვს ვადებს საიდანაც გამომდინარე ელ. ტენდერის ჩატარება წარმოადგენს რისკს შესყიდვის მოცემულ ვადაში არ განხორციელებასთან დაკავშირებით“-ო, – აღნიშნულია ხულოს მერიის განაცხადში.
შედარებით სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის შესყიდვების სააგენტოს შუახევის მერია, რომელიც 247 ათას 330 ლარს ხარჯავს.
დოკუმენტების მიხედვით, შუახევი ღონისძიების ორგანიზებისთვის 167 ათას 297 ლარს დახარჯავს. დეტალურად ნახეთ ამ ცხრილში:
შუახევში 29 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტისთვის კი 80 ათას 33 ლარი დაიხარჯება. აქედან, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ხელმძღვანელების ხელფასებში ჯამში 16 ათას 580 ლარი, ხოლო მონაწილეთა ჰონორარებში 39 ათას 125 ლარი დაიხარჯება.
შუახევში დაგეგმილია ბენდ „ნიუტონის“ გამოსვლა [ჰონორარი 16 300 ლარი], კვარტეტი „ფორტე“ [7 820 ლარი], ასევე იმღერებენ მაგალითად თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, ვერიკო ტურაშვილი და სხვები [თითოეულის ჰონორარი 1 955 ლარი].
კონცერტის ხარჯთაღრიცხვა სრულად ნახეთ ამ ცხრილში:
„საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით შუახევის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საახალწლო ღონისძიების მომსახურების შესყიდვის დაყოვნება და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება, დროის სიმცირის გამო ალბათობის მაღალი ხარისხით გამოიწვევს ღონისძიების ჩაშლას“, – წერს შუახევის მერია შესყიდვების სააგენტოს.
ქობულეთის მერიას, იმის დასამტკიცებლად, რომ 100 ათას 1 ლარს ტენდერით ვერ დახარჯავდა, დღეებიც კი აქვს დათვლილი:
„ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის პროცედურების მეშვეობით საჭიროებს დიდ დროს.
კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოცხადდეს ტენდერი, გამოცხადებიდან შერჩევა-შეფასების ეტაპზე გადასვლას სჭირდება დაახლოებით 10-14 კალენდარული დღე, შერჩევა-შეფასების ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა მოითხოვს 1-5 სამუშაო დღეს, ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია პრეტენდენტის ხელშეკრულებაზე დაბარებიდან მე-4 ან მე-5 სამუშაო დღეს, ჯამში პროცედურებისთვის საჭირო დღეების რაოდენობაა – 15-23 დღე.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა იგეგმება ერთდროულად ქვეყნის მასშტაბით არაერთ მუნიციპალიტეტში, რაც იმის რისკებს ზრდის, რომ მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზების კუთხით ბაზარზე არსებული პოტენციური მიმწოდებლების რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, რიგ მუნიციპალიტეტებში შესაძლოა ტენდერი არ შედგეს“, – წერს ქობულეთის მერია შესყიდვების სააგენტოს.
ზემოთ აღნიშნული თანხით კი ქობულეთის მერია შემდეგი მომსახურების შესყიდვას გეგმავს [ნახეთ ცხრილი]:
„საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საახალწლო ღონისძიების მომსახურების შესყიდვის დაყოვნება და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება, დროის სიმცირის გამო ალბათობის მაღალი ხარისხით გამოიწვევს ღონისძიების ჩაშლას.“ – ასკვნის ქობულეთის მერია და მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე სააგენტოს თანხმობას ელოდება.
ქობულეთის და ხულოს შემთხვევაში ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ იმღერებს საახალწლო კონცერტებზე. უცნობია ასევე ამ ღონისძიებების თანხას მთლიანად საქართველოს ბიუჯეტიდან აანაზღაურებენ თუ ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტებიდანაც.
საახალწლო ღონისძიებებზე ქობულეთის მერიას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 250 ათასი ლარით.
ამ ტენდერის ფარგლებში ქობულეთის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ერთ-ერთ პრეტენდენტს [შპს „გეოპროფი“], რომელიც მომსახურებას 229 ათას 889 ლარად სთავაზობდა მერიას. მომდევნო პრეტენდენტი კი [შპს „სივრცე], მომსახურებას ქობულეთის მერიას 238 ათას ლარად სთავაზობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
ტენდერის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
ქობულეთის მერიის წინ მოედნის „პიაცად“ გადაკეთება სურთ – კონკურსი