განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ

12.12.2023 • 8114
მასწავლებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ

დღეს, 12 დეკემბერს, პრეზიდენტის სასახლესთან პედაგოგების აქცია-მსვლელობა იგეგმება.

აქცია 12:00 საათზე დაიწყება პირველი კლასიკური გიმნაზიიდან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პედაგოგი დათო ფერაძე კი თავის კოლეგებს მოუწოდებს, გამოვიდნენ და ღიად დაიცვან მასწავლებლის უფლება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პედაგოგი მაია ეკალაძეც, რომელიც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს განათლების სამინისტროსთან. მან პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობასაც მიმართა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო შიმშილობა შეწყვიტა. ის პროტესტს დღემდე აგრძელებს.

„ბათუმელები“ მაია ეკალაძეს ესაუბრა და აქციის დეტალები გამოჰკითხა.

„აქციის სლოგანია – „არ შეგეშინდება მასწავლებელო, იბრძოლე მოსწავლისთვის“. აი, ამ მოწოდებით მოივლის დათო თბილისის ცენტრალურ სკოლებს და მეგაფონით მოუწოდებს მასწავლებლებს, რომ გამოვიდნენ და 15:00 საათზე დაგეგმილ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა.

აქცია შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება, ეს არ იქნება ერთჯერადი პროცესი. ყველა უბანს მოვივლით და ვფიქრობთ, რომ რეგიონებშიც ჩავიდეთ“, – ამბობს მაია ეკალაძე.

მისი თქმით, ყოველდღიურად უკავშირდებიან მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან სოლიდარობის ნიშნად, თუმცა ბევრი მათგანი ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად, აქციაზე გასვლას ვერ ბედავს.

„აი, ახლაც მივიღე მესიჯი ზუსტად ამ შინაარსის, სადაც პედაგოგი მწერს: ვუერთდები აქციის მოთხოვნებს, მაგრამ მეშინია, რადგან სტატუსი არ მაქვს, ამიტომ არ ჩამქოლონ და ლუკმაპურის გარეშე არ დამტოვონო. ასეთი მესიჯი მომდის უამრავი და კიდევ ბევრი სხვა მიზეზია, რის გამოც პედაგოგებს უჭირთ აქციაზე გამოსვლა“, – ამბობს მაია ეკალაძე.

პროტესტში მონაწილე პედაგოგებმა ორგანიზაცია „განათლების დამცველთა ასოციაცია – განათლების ომბუდსმენი“ დააარსეს და ფიქრობენ, რომ ამ ორგანიზაციის სახელით ძალიან ბევრი მასწავლებლის ხმა გაჟღერდება.

„თავების დათვლა არ არის მნიშვნელოვანი, პრობლემა რომ არის, ეს მინისტრმაც და პარლამენტარებმაც ძალიან კარგად იციან და ნუ მოითხოვენ ადამიანებისგან, სოციალურად დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანებისგან იმის კეთებას, რაც არ შეუძლიათ.

მაინცადამაინც აქტივიზმში უნდა გადავიდეს მასწავლებელი და აქციებით უნდა ცხოვრობდეს? უკვე მერამდენე კვირაა ვცხოვრობ აქტივისტის ცხოვრებით და ეს ძალიან რთულია. მე ზრდასრული შვილები მყავს, მაგრამ ბევრს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და სჭირდებათ ყურადღება.

სულაც არ მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ამ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა. 2014 წლიდან ვიბრძვი და არანაირად არ იცვლება მდგომარეობა. მაინც ისე ხდება, როგორც ხდება.

ამიტომ, მე რაღაცას, ვიღაცას გადავაბიჯე“, – გვეუბნება მაია.

მისი თქმით, რამდენი პედაგოგი მოვა აქციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთი ადამიანის ხმაც მნიშვნელოვანია.

„როცა ერთ მოსწავლეს უჭირს, მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს ერთ მოსწავლეს, მაგრამ ერთ მასწავლებელს როცა უჭირს, ამ დროს უჭირს 200 მოსწავლეს.

აქედან გამომდინარე, ერთი მასწავლებლის ხმა არ არის ხელწამოსაკრავი“, – გვითხრა მან.

მაია ეკალაძე, დათო ფერაძე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე სკოლის დირექტორობის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გაუქმებას და განმეორებითი კონკურსის ჩატარებას მოითხოვენ.

მაია ეკალაძემ დირექტორობის სასერტიფიკატო გამოცდა მაღალ ქულებზე ჩააბარა, გასაუბრების ეტაპი კი ვერ გაიარა. ეკალაძის თქმით, გასაუბრება გაიარა, თუმცა რა მიზეზით დააკლეს ქულები, მისთვის გაუგებარია.

რაც შეეხება გიორგი ჭაუჭიძეს, მან გასაუბრების ეტაპიც გადალახა და სერტიფიკატიც აიღო, თუმცა სამინისტრომ ის არც ერთ მითითებულ სკოლაში არ წარადგინა, მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიცირებული დირექტორების დეფიციტია სკოლებში.

განათლების სამინისტრომ 2000-ზე მეტი სკოლიდან საჯარო სკოლების უმრავლესობაში ისევ არასერტიფიცირებული კადრები დანიშნა. 500-ზე მეტი კანდიდატი ჰყავთ სერტიფიცირებული, მაგრამ ისინი მაინც არ წარადგინეს სკოლებში.

მაია ეკალაძეს ვკითხეთ, საპროტესტო მსვლელობის გამართვამდე ხომ არ ჰქონიათ საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია. ეკალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს პედაგოგების წერილი გადასცეს და ელოდებოდნენ მისგან მხარდაჭერას.

„პრეზიდენტი არ არის საქართველოში, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, რომ მივიდეთ. ჩვენ გუშინაც მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებს და ვთხოვეთ, რომ მხარი დაეჭირათ პედაგოგებისთვის. მათგან სოლიდარობას ველოდებით.

ვფიქრობ, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, დეპოლარიზაცია, რადგან შეუძლებელია ასეთ გარემოში ცხოვრება და მუშაობა.

ჩვენ, პედაგოგები, ხომ არ ვარჩევთ გაკვეთილზე ვინ გვიზის კლასში – „ნაციონალის“ შვილი გვიზის, „ოცნების“ წარმომადგენლის, ფაშისტის შვილი გვიზის თუ ლიბერალის. არ ვარჩევთ და არც უნდა გავარჩიოთ, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის ხდება ადამიანების დაყოფა პოლიტიკური მრწამსის თუ სხვა ნიშნით, რაც მიუღებელია.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სამთავრობო პარტიებს, რომ განათლების ირგვლივ გაერთიანდნენ – ჩვენ მოქალაქეები მათ ხმას ვაძლევთ და ამას ვავალდებულებთ.

ჩვენ კონკრეტულ აქციაზე ვითხოვთ კონკურსებთან დაკავშირებული დანაშაულებისა და ხარვეზების გამოსწორებას. ამის გარდა, სხვა უამრავი პრობლემაც გვიდგას სკოლებში. როგორიცაა ბავშვების კვების პრობლემა, მასწავლებლების ხელფასები და ბევრი სხვა, მაგრამ სახელმწიფომ არც ერთ პრობლემას ყურადღება არ მიაქცია.

ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – ამბობს მაია ეკალაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: