რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ტემპერატურას სხვადასხვაგვარად გრძნობენ? მაგალითად, შეიძლება ერთ ოთახში ზოგს ძალიან სცხელოდეს, ზოგს პირიქით – სციოდეს? ეს თემა განსაკუთრებით ხშირი განხილვის საგანია საერთო სამუშაო სივრცეებში.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე სხეულის ტემპერატურის მარეგულირებელ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ, მაგალითად, სიმხურვალის შეგრძნება შეიძლება საკვების მიღებამაც გამოიწვიოს, ფიზიკურმა აქტივობამ და სტრესმაც კი, თუმცა თუ შეგრძნებები იმდენად მძაფრია, რომ ფაქტობრივად სიცხის (ან სიცივის) აუტანლობასთან გვაქვს საქმე, შესაძლოა მიზეზი ჯანმრთელობის რომელიმე მდგომარეობიდან, მაგალითად, ენდოკრინული პათოლოგიიდან მომდინარეობდეს.
MayoClinic: თერმორეგულაცია არის სხეულის ტემპერატურის ფიზიოლოგიური ტემპერატურის შენარჩუნება, სითბოს წარმოქმნისა და სითბოს გაცემის გზით. სითბო გამომუშავდება მეტაბოლური პროცესების გზით და გაიცემა აორთქლებით, ოფლის გამოყოფითა და დაბალი ტემპერატურის მქონე საგნებთან შეხებით.
„ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა საშუალოდ 36-დან 37.2 C-მდე მერყეობს. მისი მერყეობა შეიძლება დამოკიდებული იყოს ბევრ ფაქტორზე, მაგალითად, დღის მონაკვეთი, ასაკი, სქესი, ფიზიკური აქტივობა, სტრესი, საკვები, ზოგიერთი მედიკამენტი… თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ადამიანს ოთახის [სხვებისთვის მისაღები] ტემპერატურის ატანა ძალიან უჭირს, უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიასთან, კერძოდ, ჰიპერთირეოზთან [მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია; გამოიმუშავებს ნორმაზე მეტ ჰორმონს, ჩქარდება მეტაბოლიზმი] ან ჰიპოთირეოზთან [ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია].
ეს შეიძლება უკავშირდებოდეს D ვიტამინისა და მიკროელემენტების დეფიციტსაც“ – ამბობს გიზო გორგილაძე.
Mayo Clinic: ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონების უფრო ნაკლებ რაოდენობას, ვიდრე თქვენ სხეულს სჭირება მეტაბოლიზმისა და სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად. ეს თერმორეგულაციის ნაწილია. მაგალითად, როცა გძინავთ, თქვენი სხეული ანელებს მუშაობს ენერგიის დაზოგვის მიზნით და თქვენი სხეული გრილდება. ჰორმონების საჭირო რაოდენობის გარეშეც, იგივე ხდება გაღვიძებულზეც – თქვენი მეტაბოლიზმი ნელდება, რაც იწვევს ორგანიზმში პროცესების შენელებას და შედეგად – სხეულის დაბალ ტემპერატურას.
გარდა ამისა, ექიმის თქმით, სიცივის აუტანლობა, ანუ სიცივისადმი ჭარბი მგრძნობელობა, ჰიპოთირეოზის გარდა, შესაძლოა სიმპტომურად სისხლძარღვოვან პრობლემაზე, მაგალითად, პერიფერიულ სისხლძარღვოვან დაავადებაზე მიანიშნებდეს.
ე.წ. ალებისა და ღამით ოფლიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია მენოპაუზა. მენოპაუზის დროს მენსტრუაცია ჩერდება, რადგან საკვერცხეები წყვეტენ ჰორმონების – ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებას.
Cleveland Clinic: მენოპაუზა საშუალოდ იწყება 45-დან 55 წლამდე ასაკში, მაგრამ სიმპტომები, მათ შორის ალები, შეიძლება დაიწყოს რამდენიმე წლით ადრე – ამ პერიოდს პერიმენოპაუზა ეწოდება. მისი შემსუბუქება მედიკამენტური თერაპიით არის შესაძლებელი. ამ დისკომფორტის მოსახსნელად არსებობს ეფექტური მკურნალობის მეთოდები.
გიზო გორგილაძის თქმით, სხეულის ტემპერატურაზე აისახება საკვები და სტრესიც.
საკვები – ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ ის, რასაც სვამთ ან ჭამთ ბევრნაირად აისახება ორგანიზმზე, მათ შორის საყურადღებოა, რომ ყავაში, ჩაისა და გაზიან სასმელებში შემავალი კოფეინი აძლიერებს გულისცემას და მეტაბოლიზმს, რის გამოც შესაძლოა დაგცხეთ.
Cleveland Clinic: ალკოჰოლი აძლიერებს ოფლიანობას და კანში სისხლის მიმოქცევას, რაც სითბოს გაგრძნობინებთ. ცხარე საკვები აიძულებს თქვენს სხეულს იფიქროს, რომ თბილა, რაც ააქტიურებს ოფლის გამომუშავებას გაგრილებისთვის.
სტრესი – მეტაბოლური აქტივობის ზრდაში და მასთან ერთად სითბოს წარმოქმნაში მონაწილეობენ სტრესის ჰორმონები, ამ დროს გამომუშავდება 30-ზე მეტი ჰორმონი, მათგან მნიშვნელოვანია კორტიზოლის, ადრენალინის, ასევე გლუკაგონის და ცხიმოვანი მჟავების მატება სისხლში.
სტრესის დროს თავის ტვინიდან სიგნალი მიდის თირკმელზედა ჯირკვალში, რომ გამოიმუშაოს კორტიზოლი [ეს ჰორმონი თავის მხრივ პასუხისმგებელია სისხლში გლუკოზის გამოყოფაზე], რათა ტონუსში მოსულ კუნთებს უფრო მეტი ენერგია გაუგზავნოს, ენერგიას კი ჩვენთვის წარმოადგენს გლუკოზა; შესაბამისად კორტიზოლის გამოყოფის ფონზე აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება გლუკაგონის ჰორმონის გამომუშავება, ეს ხელს უწყობს მეტი გლუკოზის გამოყოფას, რათა მოამარაგოს კუნთების მასა ენერგიით და საბოლოო ჯამში, მოხდეს სითბოს მასიური გამოყოფა.
Cleveland clinic: სტრესის ან საფრთხის საპასუხოდ თქვენი ნერვული სისტემა იწვევს რეაქციას – „შეებრძოლე ან გაიქეცი“. ეს პასუხი ანელებს სხეულის ნაკლებად მნიშვნელოვან ფუნქციებს და აძლიერებს თქვენს გრძნობებს, რაც გეხმარებათ დარჩეთ ცოცხალი. თუ თქვენ გაქვთ შფოთვა და დეპრესია, თქვენმა ტვინმა შეიძლება გითხრათ, რომ საფრთხეში ხართ მაშინაც კი, როცა არ ხართ. როდესაც თქვენი ნერვული სისტემა რეაგირებს სტრესზე, თქვენი გულის და სუნთქვის სიხშირე იზრდება, ამ დროს შეიძლება იგრძნოთ სითბო და სიწითლე.
აღსანიშნავია, რომ ბავშვების, მოზრდილებისა და ასაკოვანი ადამიანების სხეულის ტემპერატურის სიდიდე, რომელიც ნორმად მიიჩნევა – განსხვავებულია,
„ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო აქტიურად კარგავენ სხეულის ტემპერატურას – ისინი გასცემენ უფრო მეტ სითბოს, ვიდრე წარმოიქმნება. ასევეა ხანდაზმული ადამიანები, სითბოს გაცემასა და გამომუშავებას შორის ბალანსი მათთანაც შეცვლილია, ამიტომ მათ ხშირად უჭირთ სიცივესთან ან სიცხესთან შეგუება.
ხანდაზმული ადამიანები ნაკლებად ოფლიანობენ, ვიდრე ახალგაზრდები, რასაც განსაზღვრავს ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი, ჰორმონალური ფონი, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში არსებული დარღვევები, მათ შორის სისხლის ცირკულაცია, ასევე ორგანიზმში არსებული ყველა ასაკობრივი ცვლილება ან პათოლოგიური მდგომარეობა, რაც აისახება თერმორეგულაციაზე” – ამბობს გიზო გორგილაძე.
Cleveland clinic: ცივი ხელ-ფეხი რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი სიმპტომია. ასევე, ასეთ დროს, ადამიანს აღენიშნება დაღლილობა და ზოგადი სისუსტე, შესაძლოა შეამჩნიოთ კანის სიფერმკრთალე. რკინადეფიციტურმა ანემიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვეა.
თუმცა, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს ოფისში აუტანლად ცხელა ან ცივა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.
„ყურადღება მიაქციეთ სხვა ნიშნებსაც” – ამბობს გიზო გორგილაძე, „თუ ამჩნევთ, რომ ხშირად გაწუხებთ სიცხისა თუ სიცივის აუტანლობა, მასთან ერთად ჭარბი ოფლიანობა, უძილობა, ან/და ემოციურობა; გაწუხებთ ჭარბი წონა, ან გაქვთ ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვოვანი პათოლოგია ან მკურნალობის ფარგლებში იღებთ რამე მედიკამენტებს, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ზემოხსენებული დისკომფორტის მიზეზი, რა დროსაც საჭიროა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია, შესაბამისი კვლევებისთვის, პრობლემის დროულად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად მოგვარებისთვის“.
- ამავე თემაზე: რატომ გვეყინება ხელები და ფეხები | ექიმის რჩევები