2 000 ლარია ჯარიმა გზიდან და ავტობანიდან 100-200 მეტრში შეუთანხმებელი მშენებლობისთვის – ახალი კანონი

საავტომობილო გზებზე ან გზების გასწვრივ სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც გზების დეპარტამენტთან არ იქნება შეთანხმებული, ჯარიმა 2 ათასი ლარია.

საუბარია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ გზებზე.

შესაბამის კანონს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 2026 წლის 16 სექტემბერს მოაწერა და ის ძალაში 2026 წლის 19 სექტემბრიდან შევიდა.

სამშენებლო სამუშაოების წარმოება ან მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად გამოიწვევს დაჯარიმებას – საავტომობილო გზაზე ან გზის გასწვრივ, ორივე მხარეს 100 მეტრის მონაკვეთში, ხოლო ავტობანის გასწვრივ ორივე მხარეს – 200 მეტრში.

გზების დეპარტამენტს მასთან შეუთანხმებელი სამუშაოების შეჩერების, შეწყვეტის, ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟის უფლებაც მიეცა.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე, გზისპირა ზონაში მასთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 194​2 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთანავე სამართალდამრღვევს, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება − ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლეს აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას − არაუმეტეს 1 თვისა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან აღნიშნულ დეპარტამენტთან შეუთანხმებლად განხორციელებული/მიმდინარე სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების შეჩერების/შეწყვეტის ან/და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის დემონტაჟის მიზნით,“ – აღნიშნულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულ კანონში.

ამავე კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

  • „სამართალდამრღვევის მიერ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე მიიღოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება) სამშენებლო საქმიანობის/ნაგებობის განთავსების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების/ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის თაობაზე;
  • მითითების მიცემის გარეშე მიიღოს აღნიშნული დადგენილება, თუ სამართალდამრღვევი ვერ დგინდება და სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა;
  • საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახორციელოს შესაბამისი საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის აღდგენითი/სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • აღნიშნული დადგენილება საჩივრდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება მის მოქმედებას/აღსრულებას აჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.“

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 194​2 მუხლის მიხედვით კი:

  1. საავტომობილო გზაზე ან გზისპირა ზონაში [გზების დეპარტამენტთან] შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
  2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
  3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რასაც შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
  4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“

აღნიშნულ მუხლს ახლავს შენიშვნაც:

„1. ამ მუხლის მიზნებისთვის სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს:

ა) მშენებლობის ნებართვის/შეთანხმების მფლობელი;

ბ) შეუთანხმებელი მშენებლობის განმახორციელებელი პირი;

გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან ამ შენობა-ნაგებობით ან მიწის ნაკვეთით მოსარგებლე − თუ მშენებლობის განმახორციელებელი პირი ვერ დგინდება;

დ) შეუთანხმებელი მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე.“

  • საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად მშენებლობა რომ აიკრძალებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2026 წლის თებერვალში გაავრცელა.

ამ თემაზე:

ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს

აფეთქება ათენში – ბოლო ცნობებით დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტები

საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ბოლო ცნობებით 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბერძნული მედიის თანახმად, ორსართულიანი სახლის ჩამონგრევა ათენის ტურისტულ ზონაში, პლაკაზე, შესაძლოა, გაზის აფეთქებას მოჰყვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალისტები მიზეზის დასადგენად მუშაობენ.

შემთხვევა პარასკევს, 25 სექტემბერს მოხდა. დღეს, 26 სექტემბერს, ბოლო ცნობების თანახმად, სახლის ჩამონგრევის შედეგად 4 ამერიკელი ტურისტი და 2 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. მაშველებმა ცხედრები ნანგრევებიდან ამოასვენეს.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, ჩამონგრეული სახლის მეზობელი შენობებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GEORGE VITSARAS

„ლელო“ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება გონიოს პოლიგონის გასხვისებაზე – „ამის უკან დგას ივანიშვილი“

დღეს, 26 სექტემბერს, გონიოში ბრიფინგი გამართა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

„ლელო“ ითხოვს გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ოცნების“ მთავრობამ გონიოს ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 258,8 ჰექტარი, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიმდინარე წლის ივლისში უზუფრუქტით გადასცა.

„იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67 პროცენტის მესაკუთრე არაბული კომპანია „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედია“, ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის, რომლის მმართველი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.

„ეს არის გონიოს პოლიგონის ყოფილი ტერიტორია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ – არაქართულმა ოცნებამ სინამდვილეში, მიიღო გადაწყვეტილება, გონიოს ეს უნიკალური ტერიტორია და კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია გადასცეს არაბულ კომპანიას, რომელმაც თითქოსდა 6-მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ერთი წელი გავიდა ამ აფიორის და ტყუილის შემდეგ, რაც პრომო-ბიჭუნად იქცა ირაკლი კობახიძე არაბული კომპანიისა, საუბრობდა 2 თუ 3 ბინის გაყიდვაზე და ამ დროს არაფერი ხდება, არც ინვესტიცია ჩანს.

ეს არის ხელშეკრულება, რომელიც არის გასაიდუმლოებული. რატომ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გარიგება, რომელზეც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში „არაქართულ ოცნებას“ აქვს აღებული ისეთი ვალდებულებები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი?!“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ირაკლი კუპრაძემ ასევე განაცხადა, რომ „არაბული ინვესტიციის“ არავითარი ეკონომიკური დასაბუთება არ არსებობს და მაგალითად დაასახელა უნგრეთი:

„რეალურად, ეს ეყრდნობა ტყუილს. მსგავსმა პროექტებმა, მაგალითად, არ იმუშავა უნგრეთში, ბუდაპეშტთან ახლოს, სადაც მსგავსი პროექტი, ამავე კომპანიის, ჩავარდა, კრახით დასრულდა და არაფერი საერთო არ გააჩნია არც ეკონომიკასთან, არც განვითარებასთან.

ყველაფერი ჰგავს მხოლოდ და მხოლოდ კორუფციულ გარიგებას, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, ვერ იდგებიან ეს პატარა ბიჭები, მდინარაძე და კობახიძე, ამის უკან დგას პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხეირობს ქართული მიწების გასხვისებით იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ მოუტანენ.

გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება თავად ამხელს ივანიშვილს და მის არაქართულ ოცნებას არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებში და გადაწყვეტილებებში“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

იგი ასევე შეეხო რისკებსაც, რაც, მისივე თქმით, ამ ინვესტიციის შედეგად ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებამ შეიძლება გამოიწვიოს.

„ბათუმში ვხედავთ რამდენად შეცვლილია რუსეთის მოქალაქეების შემოდინებით სოციალური სურათი, რაც, სავარაუდოდ, მომავალში გამოიწვევს ძალიან მძიმე კრიზისს. მათ შორის პოლიტიკურ კრიზისს, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე ხდება – როცა რუსეთის მოქალაქეები მასიურად ჩამოდიოდნენ საქართველოში, იღებდნენ ბინადრობის უფლებებს, შემდეგ პუტინის რეჟიმი იღებს ამ პროცესს არგუმენტად, ცუდი, ბოროტი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად“ – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობას „არაბული ინვესტიცია“ აქვს დაანონსებული, 2026 წლის აგვისტოში კი გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ, „ოცნების“ მთავრობამ ზღვაში ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა 82 ჰექტარი ტერიტორია არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად.

ზღვაში დარეგისტრირებული ტერიტორიაც სავარაუდოდ „არაბულ ინვესტიციას“ უკავშირდება, ვინაიდან აქ „იგლ ჰილსის“ ესკიზის მიხედვით ნავმისადგომი და იახტების შესასვლელი უნდა მოეწყოს.

სახელმწიფომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის არაბულ-ქართულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც გაასაიდუმლოვა.

„ბათუმელებმა“ უზუფრუქტის ხელშეკრულების ასლი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდანაც გამოითხოვა 2026 წლის 20 ივლისს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამავე თემაზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

უკრაინის შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობის ქარხანაში

26 სექტემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

დარტყმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

შეტევის შესახებ წერენ რუსული წყაროებიც ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ცნობით, არის მსხვერპლი.

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6.6 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა იღებს, ინახავს და ამუშავებს ნახშირწყალბადის ნედლეულს და აწარმოებს ნავთობპროდუქტებს.

გენერალურმა შტაბი წერს, რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული ჯარების მოსამარაგებლად გამოიყენება.

____________________

ფოტო: ტელეგრამი/Exilenova+

 

ვილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლს შეცვლის.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.

სანიოლი გუშინ, 25 სექტემბერს, ერთა ლიგის მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნაკრების ცნობით, რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

“დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა” – წერს შსს.

უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 527 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 376 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 25 435 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 50 371 ერთეული [+96]
  • MLRS – 2 160 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 673 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 534 020 ერთეული [+1 445]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 748 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 153 728 ერთეული [+576]
  • სპეცტექნიკა – 4 749 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 118 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ნავთობის კიდევ ერთი ქარხანა გაჩერდა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

შს სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი.

„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, რესტორანი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“ – წერს სააგენტო.

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი

დღეს, 25 სექტემბერს, უკრაინაში, კიევის სოლომიანსკის რაიონში რუსული დრონების განხორციელებული თავდასხმის შედეგად საოფისე შენობა დაზიანდა. ვრცელდება ცნობები ოთხი დაღუპულის შესახებ.

წინასწარი ინფორმაციით, 15:30 საათის მონაცემებით, საოფისე შენობის მახლობლად, სადაც დრონი დაეცა, ავტოსადგომზე მანქანები იწვის და 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

25 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით ჯერ კიდევ გამთენიისას შეუტიეს და თავდასხმა გაგრძელდა დღისითაც. რუსული დარტყმის შედეგად დაშავდა მინიმუმ 27 ადამიანი, ბოლო ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი.

_______

ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური/telegram

რა გვესმის, როცა აღარ გვესმის – მეორე იმპლანტის ამბავი

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი

___

„გავიმარჯვე-ბ!”

ვუთხარი ჩემს თავს დილის 04:17 საათზე სადარბაზოს სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაციისთვის ჩავიარე. სამახსოვრო ფოტო გადავიღე და შევამოწმე, ხომ ნამდვილად ისევ ის  ვიყავი, აქამდე რომ მომიყვანა.

საკუთარი ხმა ჯერ კიდევ ჩამესმა – ბუნებრივად, თან რაღაცნაირად ძალდაუტანებლად. გამოსათხოვარივით. მარცხენა მხარეს ნარჩენი სმენა სტეროიდების მეშვეობით ოდნავ გააცოცხლეს და ბოლო ადამიანური ჟღერადობა, არამკაფიოდ, თუმცა მაინც ისმოდა.

ოპერაციის დღეს, 17 სექტემბერს, დილის 06:00 საათზე, ბრაიანტ პარკთან ახლოს, კლინიკის სარეგისტრაციოში უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ხელმოწერით დამეფიქსირებინა თანხმობა – გადაიკვეთოს მოსმენის ყველა ადამიანური, ბუნებრივი შესაძლებლობა. რომ ამიერიდან მთლიანად მივენდობი ტექნიკას, ტექნოლოგიას, მედიცინას, ცივილიზაციას. 

რეალურად, ხელს ვაწერ სრულ აკუსტიკურ სიყრუეს.

„შეხედე, როგორ მოგექცა ცხოვრება!“ –  გავიფიქრე სადარბაზოს კარის გამოღებამდე. ვერც მივხვდი, საიდან გაჩნდა ეს წინადადება და, ჩემდა უნებურად, ისევ სარკესთან მივბრუნდი. არ მინდოდა საკუთარი თავი შემცოდებოდა. არ მინდოდა აზრის შეცვლა ან ტირილი ოპერაციამდე… სარკეში კი ისევ მე ვიყავი – ნათია კაპანაძე, უშიშარი ქალი, იურისტი, უფლებადამცველი, მედიამენეჯერი და ცოტა ჟურნალისტიც.

თითქოს ყველაფერი გავიარე, მაგრამ წინ ახალი თავია. მთების უკან სხვა მთები დაგხვდება. თან ამ გზაზე ჯერ ყველაფერი არ გაგივლია – ვუთხარი ჩემს თავს – ბევრი რამ არ იცი. არ იცი, რა გვესმის, როცა აღარ გვესმის.

  • 05:05 საათი – კლინიკამდე

თაიმ სქვერთან, პარკის კუთხეში ამოვედი. ჯერ ძალიან ადრეა რეგისტრაციამდე, თუმცა მინდა უფრო დიდხანს ვიყო ჩემს ამჟამინდელ თავთან მარტო. ჩემდა უნებურად, სოლო მოგზაურობას დაემსგავსა ეს მეოთხე ოპერაცია. თუ მე შევძელი, სხვაც შეძლებს.

უბრალოდ ვსეირნობ.

დილის ბინდში, ის-ის არის ქუჩის კონტეინერებს აღებენ გარემოვაჭრეები. ნიუ-იორკის ცნობილი ბეიგელების, კროასანების და სხვადასხვა დასახელების, თუმცა საბოლოოდ ერთი გემოს მქონე ყავის შანსები ანათებს. ჩემთვის იმ დილით შინაარსი დაკარგა ყველაფერმა – ყველა ბრენდულმა მაღაზიამ, გალერეამ, სამკაულმა თუ ტკბილეულმა, ხელის გაწვდენაზე რომ გთავაზობს ნიუ-იორკი. არაფრის ჭამას, არაფრის თვალიერებას, არაფრის ყიდვას აზრი აღარ აქვს, საოპერაციოდ მივდივარ.

„ანუ ამ დღის შემდეგ ადამიანურად ვეღარ გავიგონებ. რაღაცები დაიხვეწება, შევეჩვევი, სიგნალების გაშიფრას შევძლებ და ნელ-ნელა…“ –  ვიმხნევებ ჩემს თავს ათასჯერ წაკითხული ინფორმაციით.

ღმერთო ჩემო, აქამდე როგორ არ გამახსენდა – მოდი, რაც მიყვარს, ბოლოჯერ მოვუსმენ! არ შემრცხვება და ვიტყვი, როგორ ამომივარდა გული ამის მოფიქრებისას. ავნერვიულდი კიდეც – როგორ უნდა მოვასწრო კლინიკამდე მისასვლელ 19 წუთში ყველა საყვარელი მუსიკის ბოლოჯერ მოსმენა? დროს ვკარგავ, სჯობს პირველი ჩავრთო და მერე – სხვები!

პირველი რა იყოს, ადგილებს როგორ მივანიჭებ? სინატრას My Way ჩავრთე. განა ვუსმენ, ვფიქრობ: შემდეგი რა იქნება, როგორ იქნება? სხვა გზა არ მაქვს, მუსიკა ძალიან ხმამაღალზეა, მაგრამ ნიუ-იორკს ვერ გააღვიძებ, მართლა არასდროს სძინავს. მეორე… მეორე რა მოვასწრო – „ჩაკრულო“.

ზუსტად იმ კუთხეში, Bread Bakery-ს წითელ ჯიხურში ჩემი საყვარელი ნუშის კროასანები და კაპუჩინო რომ აქვთ. „ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია…“ – ჩაესმათ ბრაიანტ პარკის უსახლკაროებს, ბეიგელების გამყიდველებს და მეც, ცოტათი, მაგრამ მაინც.

ბეთჰოვენის მეცხრე თუ მთვარის სონატა? მეცხრე დავიწყე, მაგრამ გრძელია და დანარჩენს გონებაში აღვიდგენ. მოდი, უშიკიშვილის „მრავალჟამიერი“ იყოს. ნინო ქათამაძეც, მაგრამ რომელი? ნინოს ყველა სიმღერას მომავალში გონებაში აღვიდგენ, მის ხმას რა დამავიწყებს! გიული ჩოხელი – ჰო, „მზე ჩემი კარგი მეგობარია“! ჯერ მზე არ ანათებს, მაგრამ სულში ჩამეღვარა ქარვისფერი ძალა. ნანი… ნანისაც აღვიდგენ, დრო არ მეყოფა, „სულს მოგცემ“ – ვასწრებ! ისე მიხარია, ცრემლები მდის. თან ვერც ვჩერდები, მივდივარ და მივდივად, კლინიკამდე ცოტა დრო დამრჩა.

რამე ძალიან სასიამოვნო, რაც ძალიან, ძალიან მიყვარს… რაც ახლა ჩემ სულში ჩაანათებს – როლებში შევედი – ჩემი და ჩემი დისშვილების საერთო სიმღერა! ვასწრებ Twist Again! ცოტას ვცეკვავ, როგორც თბილისში ჩემ გოგოებთან ერთად. გეფიცებით, ეს სიმღერა უხდება თოჯინობანას, კაფეობანას, სამსახურობანას… მოკლედ, ყველა შესაძლო თამაშს, თვით სახლის დალაგებას ან სახლური შაურმის გამოგონებასაც კი. აგერ, პაციენტობანასაც. დაე, ვისაც ყურები აქვს, ისმინოს.

მე ვწყვეტ. ნეტავ როდის გავაგრძელებთ ამ მუსიკას ერთად? ახლა კი მეგობარი მირეკავს, თურმე მანქანა დააყენა და მოსაცდელში ერთად ავდივართ.

  • 07:06 საათი – მოსაცდელი და განსაცდელი

უკვე საოპერაციო ტანსაცმელი მაცვია. ცისფერი ქუდი მოვირგე, იასამნისფერი წინდებიც. მეცინება ჩემს თავზე: შემოსასვლელში საკუთარი წონა რომ დაავიწყდა, გვარისა და სახელის ჩაწერა აერია. რომ მკითხოს ვინმემ – არ ვღელავ. არააა, სულაც არა!

მე ხომ ვიცი, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ოპერაცია. იურისტისთვის, ვისი მთელი პროფესიაც სიტყვასა და მოსმენაზეა აგებული, სმენის დაკარგვა ბევრად სცილდება ბიოლოგიას, ქირურგიას და მედიცინას – ეს არის დარტყმა პროფესიულ იდენტობაზე. დაავადება კი თითქოს გეჯახება, დეციბალ-დეციბალ განგრევს, ძალას გაცლის, გცდის.

თუმცა არასდროს შევჩერებულვარ. ვიცი, ჩემამდე ბევრმა გაიარა ეს გზა, ვიცი – მხოლოდ მე არა ვარ ის, ვინც სიჩუმეს ხმად აქცევს: მოსამართლე თეოდორ ბურცოსი, სმენის დაკარგვის შემდეგაც კარიერაზე რომ არ თქვა უარი, ტექსტი მისივე თვალწინ რომ იბეჭდებოდა სასამართლო დარბაზში – ის ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ მართლმსაჯულება აკუსტიკაზე მაღლა დგას.

ჰელენ კელერი, ხელით რომ „ისმენდა“ ლაპარაკს და ამის მიუხედავად მთელი მსოფლიო შეაძრწუნა თავისი ხმით. ბობ გარფილდი NPR-ზე, ჩემსავით იმპლანტით რომ განაგრძობდა ეთერს. ევლინ გლენი, ბარაბანზე რომ უკრავს არა ყურით, არამედ იატაკის ვიბრაციით, ფეხების ტერფებით. ისინი ყველანი, თავიანთი დროისა და ადგილის მიუხედავად, ერთსა და იმავეს გვასწავლიან: მოსმენა და უფლებების დაცვა ბევრად უფრო ღრმა, შინაგან სივრცეებში ვიბრირებს. ეს სინამდვილეში, მთელი ჩვენი არსია.

მეოთხე ოპერაციის დილას, ყველაზე ნათლად ვიცოდი, რატომ გამოვიარე ასეთი გრძელი გზა, რატომ ვეძებდი შესაძლებლობებს თურქეთში, გერმანიაში… როგორ და რის ფასად აღმოვჩნდი ნიუ-იორკში და ახლა თხელი სამედიცინო ხალათით, ცისფერი ქუდით და იასამნისფერი წინდებით ერთი ნაბიჯიღა დამრჩა, ხელის გაწვდენაზეა ჩემი ოცნება – გავაგრძელო ჩემი თავი საუკეთესო ვერსიით, გეგმითა და სურვილებით.

განსაცდელია, გავცდები და მორჩა!

  • 07:20 საათი – ქირურგიული გუნდი

ტრადიციულად, საოპერაციო ჯგუფის თითქმის ყველა წევრი გავიცანი – შემოდიან, მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ეს მეორე იმპლანტია, შესაძლოა მეტი თავბრუსხვევა მქონდეს და უნდა გავუმკლავდე.

ბოლოს ჩემი ქირურგიც გამოჩნდა. შედარებით ახალგაზრდაა. ზოგიერთი პაციენტის შეფასებით, მას მკვეთრად გამოხატული ნიუ-იორკული ეგო აქვს, მაგრამ ეს ახლა გადამწყვეტი არ არის. სიმართლეს – ჩემი სმენა რომ მცირდებოდა და დაავადება პროგრესირებდა, ზუსტად ამ ექიმთან შეხვედრისას შევეჯახე. ამდენად, ვენდობი ამ ადამიანებს, ამ სამედიცინო სისტემას და ცივილიზაციის განსაკუთრებულ მიღწევას – კოხლეარულ იმპლანტს.

  • 07:26 საათი – საოპერაციო ბლოკი

საოპერაციოსკენ გადანაცვლების დროა. თეთრი დერეფნის მინებზე ვხედავ ჩემს თავს, რომელიც ასეთი აღარასდროს იქნება. თითქოს უკან მომყვება ყველა დაღლილობა, ტკივილი, იმედგაცრუება, ბრძოლა და მე წინ ვარ. თითქოს ერთი ჩაძინებაღა დამრჩა ძველი სიმძიმეების გადასაჭრელად და ახალ გამოწვევებთან ადაპტირებისთვის.

გადანათებულ საოპერაციოში ყველა სახე ნაცნობია. მე ღრმად, ძალიან ღრმად ჩავისუნთქე. ისინი კი იწყებენ ფეხებისა და ხელების დამაგრებას საოპერაციო მაგიდაზე. ვგრძნობ ფეხებზე დამცავებს, მაფარებენ თბილ პლედებს, ვენაში წამალი შედის. ჯერ ქუდს მისწორებს ძალიან სასიამოვნო ღიმილის ქერა ანესთეზიოლოგი და შემდეგ სახესთან მიახლოვდება მართვის მომწვანო აპარატი.

ღმერთო, ვინ ვარ – იცი, რა მინდა – იცი, დანარჩენი შენ იცი… – გადამწყვეტ მომენტამდე კიდევ ერთხელ შევახსენე. 

ისეთი ლამაზია საოპერაციოს ზედა განათება – ალბათ, ოდესმე დავხატავ, სხვებმაც რომ იცოდეთ.

  • 10:30 საათი – ოპერაციის შემდეგ

გაგიკვირდებათ და Whole Foods-ის ყავის რიგში ვდგავარ. თუ ყოველდღიური ყავის აღმოჩენა უნდა ვინმეს, მაგათი კაპუჩინო ნუშის რძითა და სულ ცოტა დარიჩინით საოცარია. ხანდახან რიგში დგომა მოგიწევთ, მაგრამ ამად ღირს. მეც ველოდები, ჩემი ჭიქა ავიღო, მოვსვა… და ვიღაც ხელზე მექაჩება, ყავას მართმევს:

„გილოცავ, ნათია, შენი ოპერაცია წარმატებით დასრულდა!“ – ასე ვკითხულობ ტუჩების მოძრაობას და ვხედავ ორ ადამიანს; აღარც ყავაა და აღარც რიგი.

მარჯვენა იმპლანტს მაწვდიან, თავზე რომ მივიმაგრო. ჩემი კერძო მაუწყებლობა ჩავრთე და სამყაროსთან კავშირი აღდგა.

„გამარჯობა, – ვუპასუხე მშვიდად, – ახლახან ყავის რიგი დამაკარგვინეთ“. „რა სამწუხაროა, სამაგიეროდ სხვა შემოთავაზებები გვაქვს, – იცინის ექთანი კეთილი ღიმილით. – მოდი, დავიწყოთ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა მთავარია, მშვიდად გაიაროთ შემდეგი პროცესი: აკრძალულია სიმძიმეების აწევა, მკვეთრი მოძრაობები, არ არის ნებადართული ცურვა ექვსი კვირის განმავლობაში, არც იოგა; ნებადართულია მხოლოდ ფეხით სიარული, იმოძრავეთ უსაფრთხო ადგილებში… საჭიროებისას დარეკეთ 911-ში… მოძრაობისას ჭრილობა დაიცავით, მაგალითად, თხელი შარფით…“

„შარფი? შარფი მაქვს! – გამეხარდა ეს რომ მითხრა. – იცით, ჩემმა უფროსმა დამ გამომიგზავნა თბილისიდან. რაღაცნაირად სულ იცის, რა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და უკვე გამომიგზავნა. ისეთი ლამაზია და ისეთი თხელია. იცით, ჩემი და ახლა თბილისშია, არაფერი არ იცის ამ ოპერაციაზე. საერთოდ, არავინ იცის. რა საჭიროა სხვების ნერვიულობა. იმპლანტის აქტივაციისას ვეტყვი. ძალიან მენატრება…“ – ექთანს ჩემი ცივი ხელი ეჭირა და იღიმებოდა.

„თქვენ გყავთ დები?“ – ვკითხე და ჩამეძინა.

„შოკოლადის თუ ვანილის?“ – ამ კითხვამ გამომეღვიძა. „შოკოლადის თუ ვანილის პუდინგი, რომელს აირჩევთ?“ „ვანილის, რა თქმა უნდა,“ – ვუპასუხე ღიმილით, მაგრამ ჭამის ძალა არ მქონდა. „მე გაჭმევთ. მეორესაც ხომ არ შეძლებთ?“ – გამახსენდა, რომ ჩემი და ჩატის გათვლებით, ერთი პუდინგის ენერგია საკმარისი არ არის. მეორეც! წვენიც ორი მჭირდება – სადღაც 530 კალორიამდე უნდა ავიდე, რომ მოძრაობა შევძლო, თან გული არ ამერიოს.

„თქვენ საიდან ხართ?“ – ვკითხე. „ფილიპინელი ვარ“. „მართლა? მგონია, ყველა ფილიპინელი მიყვარს ერთი მამაცი ქალის გამო, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ რომ დაწერა“. ვინ არის ავტორი? 30 წამი დამჭირდა და გავიხსენე. ისე გამეხარდა: „რესა, მარია რესა!“ „არ ვიცნობ, მაგრამ დავინტერესდები. ახლა კი თქვენი პირველი ტესტის – სიარულის დროა. მეორე იმპლანტის მთავარი რისკი თავბრუსხვევაა. ამაზე ყველამ გაგაფრთხილათ. მე ახლა თქვენ გვერდით ვარ, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობაა, მშვიდად და უსაფრთხოდ მართოთ გადაადგილების პროცესი ახლაც და მომავალშიც“.

როდესაც კოხლეარული იმპლანტის ოპერაციას იკეთებ, სამედიცინო პერსონალი მართლაც ხაზგასმით გაფრთხილებს: ემზადე ძლიერი თავბრუსხვევისთვის, გულისრევისთვის, წონასწორობის დაკარგვისა და რამდენიმედღიანი სრული უღონობისთვის. თუმცა, 2026 წლის 17 სექტემბერს, ოპერაციიდან რამდენიმე საათში, ჩემმა ფილიპინელმა ექთანმა კორიდორში რომ გამიყვანა, გაოგნებული დარჩა. თავბრუსხვევა თითქმის არ მქონია, მხნედ და მყარად დავდიოდი. მე კი მეგონა, ჩემ გვერდით მარია რესა იდგა, მასწავლიდა, როგორ დავამარცხო დიქტატორი, და უკვირდა, როგორ არ ვეცემოდი.

  • სხეულის გაძლიერების ალგორითმი – ხუთი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ჩემნაირ გზას გაივლის

ეს პირველი წარმატებული ტესტი უბრალო „იღბალი“ არ ყოფილა. ეს იყო თვეების განმავლობაში შეგნებულად აგებული, სხეულისა და გონების მომზადების შედეგი – ვიცი, ბოლომდე ვერასოდეს დავადგენ, რომელმა ნაბიჯმა რამდენად შეუწყო ხელი საბოლოო შედეგს. ამის მიუხედავად, თუ ვინმე ჩემნაირ გამოწვევებს ებრძვის, მინდა იცოდეს, რა ვცადე მე.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შევისწავლე სმენადაქვეითებული ადამიანის ყველა შესაძლო გამოწვევა და ადამიანის ბიოლოგიური რესურსების ალგორითმები. ChatGPT, Gemini და Claude, Google-თან ერთად, გახდა ჩემი მთავარი ინსტრუმენტი – მათში დავამუშავე ჯანსაღი კვება, ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პროტოკოლები, მენტალური მზადება, კოორდინაციისა და ვესტიბულური კომპენსაციის ვარჯიშები. ვიპოვე უახლესი კვლევები, პაციენტთა პროფილები, გამოცდილებები სოციალურ ქსელებში.

თავად მზადება 2024 წლის 10 დეკემბრიდან დავიწყე, როცა საბოლოოდ დადასტურდა სმენის პროგრესირებადი რეგრესი. ორი ოპერაციის ფონზე, წარმატების ნაცვლად, უკუსვლა დაიწყო. შოკისა და იმედგაცრუების ტალღის ჩაცხრომის შემდეგ, ძალა მოვიკრიბე და ხუთი მიმართულება გამოვკვეთე, რომლებზეც ერთდროულად ვმუშაობდი:

  1. შინაგანი რესურსების მართვა – კულტურული თერაპია და სტოიციზმი აქტიური საჯარო და უფლებადამცველის საქმიანობის გამო არაერთ ტოქსიკურ ამბავში გავიარე – ვხუმრობდი, ზურგში დანა რომ აღარ მხვდება, რკინის ნაკლებობა დამეწყო. ისე მოხდა, რომ ხელახლა მომიწია გააზრება, რატომ და რა მინდა მესმოდეს. წინასაოპერაციო მზადებაში არაერთი დანაკარგი შემხვდა, თუმცა საბოლოოდ სტოიციზმსა და მარკუს ავრელიუსს დავუბრუნდი – ვისწავლე ფოკუსირება მხოლოდ იმაზე, რაც ჩემს კონტროლქვეშ იყო. მეცნიერება ადასტურებს, რომ სასიამოვნო აქტივობები ააქტიურებს დოფამინს და ამცირებს სტრესის ჰორმონებს – ოპერა, ნიუ-იორკის შოუები და მუზეუმებში ხეტიალი, მჯეროდა, სწორედ ასე თრგუნავდა ჩემს ნეირონულ სტრესს.

თუ ამ გზას გაივლით: მოძებნეთ ის, რაც თქვენს ტვინს ასაზრდოებს, უბრალოდ ამოისუნთქეთ

  1. დისციპლინირებული კვება და უჯრედული მეტაბოლიზმი 2025 წლის მაისიდან ხორცისა და თევზის მიღება შევწყვიტე. ჩემი კახური წარსულის გამო, მწვადთან განშორება ადვილი არ იყო, მაგრამ ბოლოს ჯანმრთელობის სასარგებლოდ დასრულდა. 500 დღის განმავლობაში, მინიმუმ 1500 კალორიის შენარჩუნებით, სრულად გარდავქმენი გემოვნება. მცენარეული, ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი მეცნიერულად უკავშირდება სისტემური ანთების შემცირებას – და მჯეროდა, რომ ეს ხელს უწყობდა ორგანიზმის საერთო მზაობას.

თუ ამ გზას გაივლით: ცვლილებას უკიდურესობა არ სჭირდება – საკმარისია სწორი მიმართულება.

  1. ვესტიბულური აპარატის ვარჯიში წყალში წონასწორობის დაცვა მთავარი გამოწვევა გახდა. ზაფხულის 3 თვის განმავლობაში, დილის 6 საათიდან, ყოველდღიურად 2 საათს ვუთმობდი წყალში ვარჯიშს – ეს არის ვესტიბულური რეაბილიტაციის აღიარებული ფორმა: ჰიდროსტატიკური წნევა და უწონადობა ასტიმულირებს და საშუალებას გაძლევს, ისწავლო წონასწორობის კომპენსაცია, დაცემის შიშის გარეშე. მჯეროდა, რომ სწორედ ამან შეამსუბუქა მეორე ოპერაციის შემდგომი ვესტიბულური შოკი – თუმცა ეს ცალკე, ინდივიდუალურად გაზომვადი არ არის.

თუ ამ გზას გაივლით: წყალი გასწავლით ხელახლა, როგორ ენდოთ საკუთარ სხეულს.

  1. გამძლეობა და სისხლის მიმოქცევა ვარჯიშისა და ცურვის პარალელურად, ყოველდღიურმა 19 000-22000 ნაბიჯმა ორგანიზმს კარგი რეზერვი მისცა. რეგულარული აერობული აქტივობა ცნობილია, რომ აუმჯობესებს პოსტოპერაციულ აღდგენას. მე დავიჯერე, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი დამეხმარა, მხნედ დამედგა ფეხი მიწაზე ოპერაციის შემდეგ.

თუ ამ გზას გაივლით: იცოდეთ, არ არსებობს იდეალური ციფრი. მთავარია, თანმიმდევრობა.

  1. მომავლის პოზიტიური მოტივაცია ჩემთვის ცხოვრება გემოა. გემო და გემოვნება. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ოპერაციამდე საკუთარ თავთან უამრავი პირობა დავდე – ახალი მუზეუმი, ახალი ყავის ბარი, გამოფენა თუ პროექტი. ამ გეგმით საკუთარ თავს ვაძლევდი მკაფიო სიგნალს: წინ მხოლოდ აღდგენა და გამარჯვება ელოდა.

თუ ამ გზას გაივლით: დაუდეთ საკუთარ თავს პატარა-პატარა პირობა – უბრალოდ, წარმოიდგინეთ კონკრეტული სასიამოვნო რამ, რაც წინ გელოდებათ.

  • 10:59 საათი – გამარჯვების ტესტი

„გაოცებული ვარ თქვენი გამძლეობით“, – გამიმეორა ჩემმა ფილიპინელმა ექთანმა, როცა სკამზე დამსვა. „ახლა კი მომზადების და სახლში წასვლის დროა. დაგეხმაროთ თუ მეგობარს დავუძახოთ?“ „თავად შევძლებ“. „წარმოუდგენელია, რომ შეძლებთ“. თუ ორ წუთს მომცემთ, ორივე დავრწმუნდებით… მეორე ტესტიც ჩავაბარე. წარმატების მიზეზი მხოლოდ მე ვიცოდი.

  • 11:06 საათი – ავტოსადგომი

როცა ავტოსადგომთან დაბალ აგურის კედელზე ჩამოვჯექი, იმ წუთში მართლა გავიაზრე, რომ შემდეგ ეტაპსაც გავუმკლავდი. მაგრამ „თავში არ უნდა ამვარდნოდა“ და კიდევ უფრო ფრთხილად უნდა მევლო. იმ მომენტში ძლივს დავიჯერე, რომ მესამე სართულიდან ლიფტით მეგობართან ერთად ჩამოვედი და ახლა მანქანაში ჩავჯდები.

რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს შემდეგ, მანქანის სალონში ვუყურებდი ჩემს თავს. რამდენადაც გული მწყდებოდა, რომ Whole Foods-ის ყავა არ მქონდა, იმდენად მიხაროდა, რომ სიზმარიც კი მახსოვს.

  • 12:06 საათიდან – 23:56 საათამდე

შუადღისას უკვე საკუთარ საწოლში ვიყავი. თეთრი პლასტმასის დამცავით, ყვითელი სმაილი რომ მიაკრეს, ვენაზე პატარა ნაჩხვლეტით და ძილის აუტანელი სურვილით. საწოლის თავთან მომარაგებული წყალი, ბანანები და წამლებია. ყველა პროდუქტი, ოდენობა და შემადგენლობა საჭიროებების მიხედვით მაქვს გადამოწმებული მინიმუმ ორ ჩატთან. მთელი ეს გარემო კი სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის.

17 სექტემბერი იმდენად სწრაფად გავიდა, იმდენ ძილსა და გაღვიძებაში, რომ ყველა ჯერზე მარცხენა მხარეს პლასტმასის თეთრ დამცავს ვეხებოდი. ხელახლა დარწმუნება მჭირდებოდა, რომ ნამდვილად ჩაიარა ოპერაციამ.

საღამოსკენ ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა. მივხვდი, რომ საწოლში ვზივარ და ოთხ ბალიშზე მძინავს. თავთან წყალი, ბანანები და წამლებია ხელუხლებელი. გამაყუჩებელი მჭირდება. ეს ცისფერი აბი რაღაცნაირად გადადის და ერევა სხეულს ნისლად, სითბოდ, შემსუბუქებად.

პირველ სიზმარს ვხედავ – მწვანე ტყავის ბოტასებსა და ჯინსებზე ვცნობ, მზია ამაღლობელია. რაღაცნაირი ჭარხლისფერი და ლურჯი კუბიკებიანი ზედა აცვია, აეროპორტში ვხვდები. ამბობს, რეაბილიტაციისთვის ჩამოვედიო. ვეხუმრები: ვადამდე გამოშვება ჰქვია ამას თუ უდროოდ, თუ დროულად? რეაბილიტაციის მეტი რა ვიცი და ცოდნას გაგიზიარებ-მეთქი, ვპირდები. მეღვიძება და ჭარხლისფერ და ლურჯ წიგნებს ვხედავ ტუმბოზე.

შემდეგ სიზმარში ჩემ სახლში ვარ აივანზე, ბათუმში. ზღვიდან ნიავი უბერავს. უცებ სანაპიროსკენ მივრბივარ – როგორც ჭეშმარიტი ბათუმელი სექტემბრის მზიან დღეს, მთელი დღით შეზლონგზე ვწვები. მზის, ზღვისა და ქვების სუნს ვგრძნობ. ჩემი სახლის სუნს. ჰაერი მთელ სხეულზე მოძრაობს და მთელ სხეულშია. თვალს რომ ვახელ, ჭერზე დაკიდებულ ამერიკულ ფენს ვხედავ.

მესამე სიზმარში მაკდონალდსში ვართ მე და ჩემი ძმიშვილები. ის თეთრი ზედები აცვიათ, გუშინ სკოლაში მისვლის სურათში, ფეისბუქიდან რომ ჩამოვტვირთე. მათ ლოყებსა და კისრებში ჩემსავე სურნელს ვგრძნობ. თითქოს მათ თვალებში დანახულ ჩემს თავს ხელახლა ვიყვარებ… მინდა მართლა ისეთი ვიყო, მათ რომ ვგონივარ, და მეღვიძება ჩემს ხელებს შორის, წეღან ბარიერად რომ დავიმაგრე თავის დასაფიქსირებლად.

ადგომის ძალა მაქვს.

  • 23:53 საათი

გავიმარჯვე! ვუთხარი ჩემ თავს 17 სექტემბერს, საღამოს 23:53 წუთზე, ტუმბოზე დამაგრებულ სარკეში, როცა მეორე კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია ნამდვილად გადავიტანე. პირველი აპარატიც არ გამიაქტიურებია – დასვენება მჭირდებოდა და მეგონა, ვერაფერს გავიგონებდი. მეგონა, იმპლანტის აქტივაციამდე საერთოდ, საერთოდ ვერაფერს გავიგონებდი.

მოულოდნელად კი ვიგრძენი სხეულის შიგნიდან ამოხეთქილი ბგერების ტალღა, როგორ დაეტაკა ნესტოებს. დაეტაკა და გაარღვია აქამდე დაფარული გზა. შეაღწია ისე, როგორც ჰაერი შედის ჩვენ ფილტვებში – გვავსებს და გვაცოცხლებს. მე ჩემი ხმა ჩემი საკუთარი სახის ძვლებით მესმოდა. სულ რომ არაფერი გვესმოდეს, საკუთარი თავის მაინც გვესმის. 

გავიგონე! ნამდვილად გავიგონე სიტყვა – გავიმარჯვე.

მესმოდა ზუსტად ისე, ახლა თქვენ ცხვირზე ხელს რომ მოიჭერთ და გესმით. თანაც ეს არ იყო გონებაში დაბადებული სიტყვა, ეს იყო სხეულში არსებული განცდები. გულიდან ამოსულიო, რომ იტყვიან. თითქოს ამ ნაკადს ტვინამდე უნდა მიეღწია და დაერწმუნებინა – ასეთი გრძელი და მძიმე გზის მიუხედავად, მთელი სხეული იძახდა: მე გავიმარჯვე და შენ გესმისო.

მეგონა, მომეჩვენა. გავიმეორე ათჯერ, ასჯერ, უთვალავჯერ. და უფრო მეტიც – როცა გავჩუმდი, მესმოდა ის ხმები, რომელმაც ძალა მომცა ამ გზაზე მევლო. მესმოდა ის სიტყვებიც, წინ რომ მელოდება. მესმოდა ის გამარჯვებები, სხვა სმენადაქვეითებულებს რომ დახვდებათ ამ მძიმე გზაზე. მესმოდა ცივილიზაციის, ხვალ და ზეგ უკეთეს სმენის აპარატებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებს რომ შექმნის ტკივილების დასამარცხებლად.

უბრალოდ, მომავლის მესმოდა!

  • საჭირეობისამებრ:

თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში – თუ მიწაზე დანარცხების ტკივილისგან ძვლები გემსხვრევათ, თუ დაიღლებით და ძალა სულ გამოგეცლებათ, თუნდაც მართლაც არაფერი გესმოდეთ – ღრმად ჩაისუნთქეთ, შემდეგ ცხვირზე ხელი ოდნავ მოიჭირეთ და ერთადერთი სიტყვა უთხარით საკუთარ თავს: გავიმარჯვე-ბ!

შედეგი გარდაუვალია.

სასულიერო კლუბები აჭარის 13 საჯარო სკოლაშიც გახსნეს

2026 სასწავლო წელს, აჭარის 13 საჯარო სკოლაში სასულიერო კლუბები გაიხსნა, სადაც ე.წ „ღირებულებით გაკვეთილებს“ ჩაუტარებენ მოსწავლეებს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 8 სასულიერო კლუბია გახსნილი ბათუმის საჯარო სკოლაში, 2 – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და 3 კლუბი, ქობულეთის საჯარო სკოლებში.

„სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული კლუბების რაოდენობის გაზრდა“-გვწერენ განათლების სამინისტროდან.

სასულიერო კლუბები სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. კერძოდ, სახელმწიფო აფინანსებს სასულიერო პირის ხელფასს, – 650 ლარის ოდენობით თვეში, რომელიც ამ კლუბშია დასაქმებული.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სასულიერო კლუბები 141 საჯარო სკოლაშია გახსნილი, [სულ 175 კლუბი იყო ივლისის მონაცემებით] თუმცა, ამ რიცხვში შედის თუ არა აჭარაში გახსნილი სკოლები, დაზუსტებული არ არის.

განათლების სამინისტრო 2026 წლის ივლისში წერდა, რომ სასულიერო კლუბებში 4 375 მოსწავლე იყო ჩართული.

კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირების ხელფასებზე თვეში 113 750 ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც წელიწადში მინიმუმ 1 მილიონ ლარზე მეტია.

________________

ამ თემაზე:

„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე

პროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაჰპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა.

„აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 365 273 ლარს“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურისვე ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ჯგუფის მეორე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ნავთობის კიდევ ერთი ქარხანა გაჩერდა

რუსეთში, როსტოვის რეგიონში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დროებით შეაჩერა მუშაობა.

მედიის ცნობით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ტონა ნავთობს, ანუ დღეში დაახლოებით 100 000 ბარელს ამუშავებს. მისი წარმოების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.

ასევე, 25 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქებში: ულიანოვსკსა და პერმში აფეთქებები გაისმა. დრონები თავს დაესხნენ როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

__________

ფოტოზე: აფეთქება პერმში, 25 სექტემბერი. წყარო: telegram

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბერს დღის ბოლოს და შემდეგი ორი დღე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად წვიმა. 

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გურიაში პოლიციამ სამი პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

გურიაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის  ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსია ასეთია:

„ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.

უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.

ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს“ – წერს უწყება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ და ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„დარიალის“ გამშვები პუნქტიდან განხორციელდა ევაკუაცია -შსს

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დარიალიდან განხორციელდა, როგორც მოქალაქეების, ისე მებაჟეებისა და პოლიციელების ევაკუაცია:

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 525 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 590. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 369 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 415 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 50 275 ერთეული [+35]
  • MLRS – 2 157 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 669 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 532 575 ერთეული [+1 223]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 736 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 153 152 ერთეული [+370]
  • სპეცტექნიკა – 4 741 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 118 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუბიო პროგნოზირებს, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სულ იმის ჯავრი მაქვს, აფხაზეთი და სამაჩაბლო არ გააჩუქონ“ – რეპორტაჟი აფხაზეთის ქუჩიდან

– სად მივდივართ?

– აფხაზეთის ქუჩაზე.

– ვისთან?

– აფხაზეთიდან დევნილებთან.

– რაზე უნდა ვესაუბროთ?

– აფხაზეთზე, დევნილობაზე … იმაზე, რაც აწუხებთ.

– წავედით.

„და მაინც, რაზე უნდა ვესაუბროთ?” – ვფიქრობ გზაში – “დარჩა რამე, რაც დევნილობის 33 წლის მანძილზე არ უთქვამს ამ ხალხს? და რაზეც ისაუბრეს, ის მოვისმინეთ? გავიგეთ? ან გაგება კმარა? დარდს შემსუბუქება, პრობლემას მოგვარება, დაკარგულს დაბრუნება არ უნდა? ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნება შესაძლებელია: განვლილ წლებს ვერ დავაბრუნებთ, ვერც ომში მოკლულ ადამიანებს. თუმცა, ვინც ომს გადაურჩა ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და თუ აქვთ სათქმელი, მინიმუმ, უნდა მოვუსმინოთ”.

ამ ფიქრებით მივედით „ბენზეში“, ბათუმის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე, დევნილთა დასახლებაში. თითქმის 14 წელია აქ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.

ეჭვნარევი ფიქრი – „თუ აქვთ სათქმელი” მაშინვე გამიქრა, როგორც კი მივედით. შეთანხმებული 5-6 ვეტერანის ნაცვლად ადგილზე 20-მდე ადამიანი დაგვხვდა. კორპუსის ეზოში, ტირიფისა და თუთის ხეებს შორის, ძელსკამებზე სხედან.

სათქმელი ყველას აქვს. წუხილიც. მოლოდინებიც. ზოგი თავის აზრს აქტიურად აზიარებს; ზოგი მხოლოდ რეპლიკებს ისვრის; ზოგი შორიახლოს დგას, საუბარში არ ერთვება, მაგრამ მიმიკებზე ეტყობა არა მხოლოდ ის, რომ ყურადღებით უსმენს საუბარს, არამედ ისიც, ვის ეთანხმება და ვის არა.

საუბარი ფრთხილად იწყება. ყველა არჩევს სიტყვებს და სათქმელს წინასწარ ზომავს. ჩემ მცდელობას, რომ ღიად და გულწრფელად ვისაუბროთ, იუმორით ბანზე აგდებენ:

„აბა სიმართლე რომ ვთქვათ აქ, სულ ყველას დაგვიჭერენ” – ამბობს ერთ-ერთი და ყველა იცინის.

თუმცა, როცა ამდენი ვეტერანი ერთადაა შეკრებილი, მოზომილად, ემოციებისა და აღელვების გარეშე საუბარი რთულია.

აღელვებისთვის პერიოდულად ბოდიშს იხდიან, რთულ ცხოვრებას, ომს, ტყვეობას, უსახლკარობას, იმედგაცრუებას და დაუფასებლობის შეგრძნებას იმიზეზებენ. ეს გამოცდილება ყველასთვის საერთოა, ამიტომ კამათისა და ზოგიერთ საკითხზე მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ერთმანეთის კარგად ესმით.

შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილებთან, თამარის დასახლებაში

საუბარი იმ იმედისა და მოლოდინების განხილვით დავიწყეთ, რომლითაც ეს ადამიანები აგერ უკვე 33 წელია ცხოვრობენ – აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივა.

დისკუსია მალევე ქვეყნის უახლესი ისტორიის სწავლების მნიშვნელობას შეეხო, შემდეგ კი სოციალური პრობლემების განხილვას.

  •  „მთავრობა უნდა ლაპარაკობდეს აფხაზეთზე“… „ას ლარს გვაძლევენ ვეტერანებს, მათხოვარივით“ 

„ჩვენი დაბრუნების პერსპექტივა არის დამოკიდებული მთავრობაზე. მთავრობა არ ეწევა არანაირ პროპაგანდას. არც ტელევიზიაში, არც წიგნებში … თუ არსებობს აფხაზეთი, ამბობს ვინმე?! არ ამბობენ. აგიტაცია არ არის, არაფერი არ არის”, – ამბობს ვაგული დოლბაძე – „ტელევიზიაში უნდა გადიოდეს სიუჟეტები, მთავრობამ, ხალხმა, ვეტერანებმა და ყველამ უნდა ილაპარაკოს, ახალგაზრდა თაობას უნდა ვასწავლოთ, რა არის აფხაზეთი, ვინ ცხოვრობდა, ახლა ვინ ცხოვრობს, როგორ ვიყავით, როგორ ვცხოვრობდით … ჰკითხე აბა მე-10 კლასელს, თუ იცის რამე. აფხაზეთში სკოლიდანვე ასწავლიან, რომ ქართველები მტრებია, აქ რატომ არ ასწავლიან რამეს?”

„ახალი ისტორიის წიგნში შეიტანა ვინმემ ის ფაქტები, რაც გადაიტანა 1992 წელს ხალხმა?” – გაბრაზებით სვამს რიტორიკულ კითხვას ირაკლი ტყებუჩავა.

ისტორიის სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა თამაზ გელენიძისთვისაც.

„ქართულის, ან ისტორიის წიგნი აიღეთ, არავინ არ ამბობს იმას, აფხაზეთის ომში რა იყო და რა არა. ისევ იმ აფხაზეთის ომის მეომრები, ვინც ვიყავით, გამოდიან, ვხედავ ტელევიზორში რაღაცას რომ ამბობენ დღესასწაულებზე. სხვა დროს არავინ არაფერს ამბობს.

საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტია, არის ბატონი გენერალი კობა კობალაძე, იმან არ იცის რა ხდებოდა აფხაზეთში? იქ რომ არიან, ის ხალხი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ისინი ვერ გამოვლენ, იმიტომ, რომ ამ მთავრობას ემხრობიან, მათ უკრავენ ტაშს. მე არავის არ ვუკრავ ტაშს – არც ეს მთავრობა მინდა, არც ვინც იყო და ვინც მოვა, ისიც არ მინდა” – ამბობს ის.

„აბა, რა გინდა?” – აწყვეტინებს მეზობელი.

„მთავრობა რომელია ჩემთვის კაი?! არც ერთი. 100 ლარს მაძლევენ მე, მათხოვარივით. წადი ამერიკაში ან სადმე, ნახეთ ვეტერანებს რა პატივს სცემენ. ჩვენ ჯერ 22 ლარი გვქონდა, ახლა 100 ლარი – სამათხოვრო”, – ამბობს თამაზი და საუბარი ისევ იცვლის მიმართულებას.

  • „როგორც დევნილს, გაძლევენ 45 ლარს. რა უნდა ელაპარაკო ამ მთავრობას?!”

„ისე, 22 ლარი არის ვეტერანის ფული. 100 ლარი იცი ვის აქვს? – ვინც პენსიაზე გავიდა, მაგას მისცენ. თუ შშმ პირია ვეტერანი, 100 ლარს კი არა, 22 ლარს აძლევენ” – განმარტავს მადონა კოპალიანი – „ასეთი უკუღმა კანონი საიდან მოვიდა? ჩემი ძმა მივიდა და ეუბნება, ვეტერანი ვარო და ჯგუფი მაქვსო [მე-2 ჯგუფის შშმ პირი], პენსიაზე რომ გახვალ, მერე მოგცემთო. 22 ლარი აქვს ახლა. შშმ პირს უფრო არ სჭირდება ის 100 ლარი?“

ვეტერანის პენსია, დევნილების დახმარება, ჯანდაცვის დაფინანსება და სხვა სოციალური თემები ყველაზე მტკივნეული საკითხებია დევნილებისთვის.

ვაგული დოლბაძე

„როგორც დევნილს, თავი რომ ირჩინო, გაძლევენ 45 ლარს. რა უნდა ელაპარაკო ამ მთავრობას?!” – ამბობს მურმან კოპალიანი.

„ეს 45 ლარი ვერაფრით ვერ გაიზარდა. 45 ლარით რა ვიყიდო ახლა – შაქარი, ზეთი, პური, კარტოფილი, ხახვი?” – საუბარში ერთვება ველოდი გოგუა.

„100 ლარს აძლევ ვეტერანს, რომელსაც ხვალ რომ საქმე საქმეზე წავიდეს, ის ვეტერანები, ნახევარზე მეტი, ისევ იარაღს აიღებს ხელში” – ბრაზობს თამაზ გელენიძე.

„შენ რომ გაძლიოს ის ფული, მერე ოქროს ზოდებს ვინ შეინახავს?“ – გამოეპასუხა მას მეორე თამაზი, ჩაკვეტაძე.

„მიხვალ ვეტერანი საავადმყოფოში და იმას უნდა უცადო, როდის დაგაფინანსებენ და როდის არა. იქნებ სული ამოგდის უკვე?!“ – ამჯერად ჯანდაცვის პრობლემებზე წუხს ველოდი გოგუა.

„33 წელი გავიდა და რაღაცნაირად გადავიტანეთ ყველაფერი. ვინც ვერ გადაიტანა, დაიხოცა. ჩვენ, ვინც ვართ, ახლა ყველაზე მეტად ეს გვიჭირს [ჯანმრთელობის დაფინანსება]”, – სინანულით ამბობს მადონა კოპალიანი.

„ჩვენ ბათუმის მერია უფრო მეტ პატივს გვცემს, ვიდრე საქართველოს ვეტერანთა სამსახური: უფასო მგზავრობა გინდა, დაფინანსება გინდა მერიიდან, წამლები გინდა თუ რა გინდა,” – ამბობს თამაზი.

„რაში გვჭირდება აფხაზეთის მთავრობა? არაფერში არ გვჭირდება!” – წამოიძახა საუბარში ახალშემოსწრებულმა კაცმა.

„ტყუილად არიან იქ, ჩვენთვის არ არის არავინ“ – შეაგება თემურ უგრეხელიძემ.

„ტყუილად კი არ არიან – ჭამენ, სვამენ და კისერს ვერ აბრუნებენ აქეთ. ჩვენთან არც მოდიან, არც გვკითხულობენ – გიჭირს, არ გიჭირს, რას შვრები, რა გინდა…

სამსახურს ვეძებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? შვილები მყავს, შვილიშვილები. რაში მჭირდება მე დათო ფაცაცია [აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი] და ან ჯინჭარაძე [გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე]? საერთოდ გასაუქმებელია” – მეზობელს ეთანხმება ველოგი გოგუა.

„არ არის ცხინვალის მთავრობა და არ იყოს არც აფხაზეთის, მუქთახორებია ყველა” – ისევ იმეორებს ახალშემოსწრებული ჭაღარა კაცი.

„შექმნიან შტაბებს, პარტაქტივს მიიყვანენ და მერე პარტაქტივით აქვთ ხმები, რაღაც ციფრებს გვაჩვენებენ” – გამოეხმაურა მეზობელს ხის ძირას, დაბალ სკამზე მჯდომი კაცი, რომელიც აქამდე მხოლოდ უსმენდა დანარჩენებს.

„ყველაფერს თავი გავანებოთ, მაგრამ ეკლესიაზე [აშენებაზე] პირობა დადეს, 12 კაცი იყო მოსული პარტიიდან, შარვალ-კოსტიუმში ჩაცმული, რა გიჭირთო ბიჭებოო, თქვენ გვერდში ვდგავართო და გადაგვაგდეს და იმის მერე გადაგდებული ვართ. ეკლესია გადააგდეს და იმის მერე რა უნდა დავიჯეროთ?! არ გვწამს, არ გვჯერა” – ამბობს ირაკლი ტყებუჩავა.

„ჰო, დაპირება იციან“, „აბუჩად აგდებაა“ – გამოეხმაურნენ მას მეზობლები.

„აფხაზეთის მთავრობას ფუნქცია არ აქვს. ფორმალურად არიან, ხელფასებს იღებენ, პრემიებს და საქმეს საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. რის კულტურის სამინისტრო ჰყავს აფხაზეთის მთავრობას? რომელი ერთი კულტურული ღონისძიება ჩაატარეს ერთი… მანდ უნდა დაინიშნოს ვინ იცი?! ასეთი დასახლებული პუნქტები რომაა და კარგად გათვითცნობიერებული რომაა აქაურ პრობლემებზე, ისეთი ადამიანი უნდა დანიშნონ. ის კი არა, ესტაფეტასავით რომ გადასცემენ თანამდებობებს – „აჰა შენ და აჰა შენ“. აზრზე არ არიან ხალხს რა უჭირს. მე ვიცი რა გაჭირვება აქვს ხალხი, შენ იცი. ჩვენგან აიყვანონ თითო კადრი” – ამბობს ირაკლი.

„შავი ზღვა ამოავსეს, მილიარდები დახარჯეს და 20 ბინა ვერ ააშენეს, რომ ლტოლვილები შეესახლებინათ”, – გაიხსენა მის გვერდით მდგომმა კაცმა აფხაზეთის ქუჩიდან 15-20 წუთის სავალზე მიმდინარე ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა.

„ამდენ მილიონიან და ამდენ მილიარდიან ქონებებში რომ იხრჩობიან და ვერ არკვევენ, ვინ ჭამა და ვინ გადაჭამა, ვის პრემიის სახით დაუნიშნეს, ვინ ქორწინების საჩუქრად მიიღო და ამ დეკლარაციებს როგორც უნდა, ისე რომ ავსებენ … ხალხის სიტყვა რომ იქნება გაგონებული, აი, მაშინ ბევრი პრობლემა მოგვარდება”, – აფხაზეთის დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას დეკლარაცია გაიხსენა ირაკლი ტყებუჩავამ.

ფაცაცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დის ქმარია 2019 წლიდან. სწორედ ამ პერიოდში გადმოინაცვლა მან კერძოდან საჯარო სექტორში და ამ ხნის განმავლობაში, უკვე 7 წელია, ყოველ წელს საქორწინო საჩუქრად იღებს ფულს, რომლის ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, თუ 2019 წელს, ანუ ქორწინებიდან მალევე მან საქორწინო საჩუქრის სახით 54 ათასი ლარი და 14 500 დოლარი მიიღო, შარშან, 2025 წელს საჩუქრის ღირებულებამ 105 ათასი ლარი და 34 000 დოლარი შეადგინა.

  • „სულ იმის ჯავრი მაქვს, ნეიტრალიტეტი არ იძახონ და აფხაზეთი და სამაჩაბლო არ გააჩუქონ“

სოციალურ პრობლემებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან საუბარი საგარეო პოლიტიკაზე გადავიდა. აბესალომ კოპალიანმა დიდხანს ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და შიშებზე, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან მიმართებით აქვს.

ის შიშობს, რომ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მშვიდობის სანაცვლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმის იდეა.

თუ სოციალურ პრობლემებზე აქ ყველა ერთად საუბრობდა, ყველას სურდა საკუთარი გამოცდილების გაზიარება, საგარეო პოლიტიკის ცვლილებასა და მის თანმდევ რისკებზე საუბრისას გაჩუმდნენ და გულისყურით უსმენდნენ მეზობელს და პერიოდულად, თავის დაქნევითა და თანხმობის გამომხატველი შორისდებულებით აგულიანებდნენ.

„აფხაზის და ქართველის დამოკიდებულებაზე თუ ვლაპარაკობთ, როგორი იყო საუკუნეების მანძილზე, რუსეთის ფაქტორს ვერ გამორიცხავ. ქართველებს და აფხაზებს შორის რაც კი მოხდა, ეს რუსებისგან არის ყველაფერი. რუსეთს სულ ჰყავდა საქართველოში საყრდენი. ახლა ოფიციალურად ჰყავს.

მე არ გამიკვირდება, ახლა ნეტრალიტეტს რომ იძახიან ვიღაცები, პარტიები, ხვალ ივანიშვილიც გამოვა და იტყვის ნეიტრალიტეტს, ზეგ გამოვა და იტყვის – დავთმოთ აფხაზეთი, დავთმოთ სამაჩაბლო და იქნება მშვიდობა. კი, გვინდა მშვიდობაო, იტყვის ხალხი, ოღონდ არ ვიომოთ და აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი არ იყოსო – ბრიყვი ხალხი ასე იტყვის.

მე ერთი კაცი ვარ, მაგრამ სულ იმის ჯავრი მაქვს, რომ როგორმე ეს მთავრობა მოვიშოროთ, რომ ასეთი რამე არ მოხდეს – ნეიტრალიტეტი არ იძახონ და აფხაზეთი და სამაჩაბლო არ გაასაჩუქრონ”, – დაასრულა სიტყვა აბესალომ კოპალიანმა.

აბესალომ კოპალიანი და ველოდი გოგუა

პრორუსული პარტიების მიერ დღის წესრიგში დაყენებული საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის განხილვიდან საუბარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის იდეაზე გადავიდა. დევნილთა დასახლების ეზოში შეკრებილი ვეტერანები ისევ ახმაურდნენ. მათთვის ამაზე საუბარიც კი კატეგორიულად მიუღებელია.

„ბოდიში რატომ უნდა მოვუხადოთ, მაინც ვერ ვხვდებით“ – ამბობს ლარა უგრეხელიძე. 33 წლის წინ მან ჭუბერის გზა 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოიარა.

„რა დავაშავეთ ჩვენ ისეთი, რომ აფხაზებს და ოსებს ბოდიში მოვუხადოთ?“ – ვერ გაუგია ველოდი გოგუას.

„ბოდიში მოვუხადო, რომ შვილი მომიკლა?“ – მოულოდნელად ყველას ხმა გადაფარა ხის უკან მდგარი მაღალი კაცის კითხვამ.

აფხაზეთის ომში მას 19 წლის შვილი მოუკლეს.

ყველა გაჩუმდა. ყველამ თავი დახარა.

  • „ყველაფერში ურევია რუსეთის ხელი. რუსეთს ვებრძოდი, მე აფხაზებს არ ვებრძოდი“

საუბარი იმასაც შეეხო, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ომამდე და როგორც წარმოუდგენიათ აფხაზებთან თანაცხოვრება მომავალში.

„რუსები რომ არა, ვერც გაბედავდნენ ომს აფხაზები” – ამბობს ველოდი გაგუა.

„ყველაფერში ურევია რუსეთის ხელი. გამსახურდია მოკლეს, კოსტავა მოკლეს, ჩამოიყვანეს შევარდნაძე … ეს რუსს აწყობდა.

რუსეთმა საქართველოსთვის შეარჩია ისეთი დრო, როცა ერი იყო გახლეჩილი, რომ არ ეომათ. ვინც ვიომეთ – მე არ ვიცი საქართველოს რამდენი პროცენტი იყო, მაგრამ ცოტა ვიყავით და ვინც ვიომეთ, საქართველოს ღირსება დავიცავით. წავაგეთ ომი, მაგრამ მე მეამაყება, რომ ვებრძოდი რუსეთს. რუსეთს ვებრძოდი, მე აფხაზებს არ ვებრძოდი”, – ამბობს აბესალომ კოპალიანი.

„კონფლიქტი ხელოვნური იყო, აბა ქართველები და აფხაზები ძალიან კარგად ცხოვრობდით, ვმეგობრობდით, ამხანაგები ვიყავით … მაგრამ რუსს უნდოდა შავი ზღვა, კურორტები უნდა… როცა საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს, რუსეთს აღარ დარჩა შავი ზღვა. გააკეთა ეს და წაგვართვეს ჩვენ” – საუბარში ერთვება თამაზი.

იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანური გამოცდილებები ეთნიკური კუთვნილებით არ უნდა შეფასდეს, ველოდი გოგუა საკუთარი ტყვეობის ისტორიას ჰყვება.

„ტყვეობაში ვიყავი და თვითონ აფხაზმა მიშველა – არასდროს არ დამავიწყდება. შენი ცოდვა არ მინდაო და იმან გამომიყვანა, გამომაპარა. თორემ იქ იყო ჩემი მოგვარე, იმან ცხვირი დამინგრია, სიკვდილის კარზე მომაყენა. შენო, რა გვარისა ხარო. გოგუა-მეთქი. მეც გოგუა ვარო. გამიხარდა – ჩემი მოგვარეა, გადავრჩი-მეთქი ტყვეობას. რა ნაცია ხარო, ვუთხარი ქართველი ვარ-მეთქი, ქართველი რაფერ ხარ, შენ მეგრელი ხარო. ისიც მითხრა, ჩვენი წარმოშობა, გოგუების, ჩხოროწყუდან არისო. მე ვუთხარი, მე თუ მეგრელი ვარ, აბა შენ რომელი აფხაზი ხარ-მეთქი და ამის გამო სიკვდილის კარს მიმაყენა. როგორ გამლახავდნენ ახლა – ვერ ვდგებოდი, პირს ვერ ვაღებდი კაცი და მიძახოდენ грузинский обезьян [ქართველი მაიმუნი]. მე ახლა მივიდე და მას გადავხვიო ხელი, შენი ჭირიმე-მეთქი ვუთხრა? არ გამოდის ასე”, – ამბობს ის.

„აბა, არ გდომებია დაბრუნება. იყავი მაშინ აგერ” – გამოეხმაურა მას მეზობელი.

„თავის ერს რომ არ ცნობს ადამიანი, ის ყველასთვისაა მტერი. ის აფხაზებისთვისაც არის მტერი და ქართველებისთვისაც” – თავის პოზიციას განმარტავს ველოდი გოგუა.

„ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. უნდა იცოდეს დიდმაც, პატარამაც, მეომარმაც და ყველამ, რა იყო ზუსტად. ის ჩვენი მოღალატე თუ იყო, ისიც უნდა იცოდე და ვინც გადაგვიმტერა რუსმა – ისიც”, – ასკვნის მურმან კოპალიანი.

ფოტო: „ბათუმელები“

„უფროსები რომ წავა, მერე ახალგაზრდობა მოვა. მე რომ მაქვს ნანახი, ის რომ არ აქვს ჩვენ შვილებს ნანახი, უფრო შერიგდებიან” – ამბობს თამაზი.

მისმა ნათქვამმა საუბრის მიმართულება კიდევ ერთხელ შეცვალა – ყველა თანხმდება, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ომის შემდეგ დაბადებულ თაობას უფრო გაუადვილდება, ვიდრე მათ – ვისაც შვილი მოუკლეს, ვინც თავად იბრძოდა ომში, ვინც ტყვეობაში იყო, ვინც საკუთარი თვალით ნახა ომი.

თუმცა, აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა:

  • დაბრუნდებიან თუ არა აფხაზეთში მეორე თაობის დევნილები, ისინი, ვინც დევნილ ოჯახებში, თუმცა ენგურს გამოღმა საქართველოში დაიბადნენ?!

სოხუმელი, გაგრელი თუ გულრიფშელი დევნილები ისე მსჯელობენ შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე, თითქოს ენგურის ხიდთან რუსი სამხედროები არ იდგენენ და მათ თავისუფლად შეეძლოთ არჩევა, ბათუმში ურჩევნიათ ცხოვრება, თუ, მაგალითად, ოჩამჩირეში.

„აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, აქ გახდნენ სტუდენტები, აქ ჰყავთ მეგობრები, თანაკურსელები, თანაკლასელები … სულ არ უნდათ აფხაზეთი. ეს ჩვენ გვაქვს სიყვარული აფხაზეთის” – ამბობს თამაზ გელენიძე.

„არ იცის და იმიტომ“, „შვილი უფროსმა თუ არ წაიყვანა, ისე ის არ წავა იქ“ – გამოეპასუხნენ აქეთ-იქედან.

„ბიჭო, რომ წავიყვანთ, რომ ჩავიყვანთ, რომ ნახავს აფხაზეთი რა არის, ყველას მოუნდება ცხოვრება იქ“ – ამბობს ვაგული დოლბაძე – „ერთი ჩასვლა უნდა და აღარ წამოვლენ იქიდან, რას ლაპარაკობ?!“

„არავის არაფერი არ ექნება და წასვლა მოუნდებათ?! სახლი გვაქვს თუ კარი იქ?!“ – ერთვება საუბარში ლარა უგრეხელიძე.

„მოუნდებთ, მოუნდებათ“ – იმედს არ კარგავს აბესალომ კოპალიანი და ხუმრობით აგრძელებს – „სოხუმში გოგო რომ ჩამოვიდოდა სასწავლებლად, უკან დაბრუნება არ უნდოდა, იქ უნდოდა გათხოვება. ბიჭი რომ იყო, იმას იქაური ცოლი უნდიდა.

გეუბნებით მე თქვენ – როგორც ებრაელებისთვის არის იერუსალიმი, ისე არის ჩვენთვის სოხუმი“.

„სამოთხეა“ – დაიძახა ვიღაცამ შორიდან.

„ახალგაზრდობამ არ იცის, რომ სამოთხეა. ვიცით ჩვენ, ჩვენზე უფროსმა თაობამ, თორემ 25-30 წლის რომ არიან, იმათ არ იციან აფხაზეთი რა არის. არც სოხუმი, არც გაგრა, არ იციან. თუ არ ჩაიყვანე, თუ არ აუხსენი… აქ დაიბადა, სკოლა აქ დაამთავრა, ინსტიტუტი აქ დაამთავრა, ცოლი აქ მოიყვანა, გათხოვდა, რად უნდა იმას აფხაზეთი?!” – რიტორიკულ კითხვას სვამს ველოდი გოგუა.

„რომ გამოვიხურეთ კარი და წამოვედით, მაშინ დაიღუპა ჩვენი საქმე” – ამბობს მურმან კოპალიანი.

დევნილებისთვის ეს ყველაზე სევდიანი საკითხი აღმოჩნდა. ამ სევდამ ჩაანაცვლა ყველა ბრაზი, სინანული, გულის წყვეტა, ნოსტალგია და მოლოდინი, რაც იქამდე გამოხატეს.

საუბარი დასასრულს მიუახლოვდა.

სამომავლო პერსპექტივებზე დაწყებული საუბარი ამავე თემით დასრულდა, ეს პერსპექტივა კი აფხაზეთის ომის ვეტერანებს უკრაინის გამარჯვების გარეშე არ წარმოუდგენიათ:

„რუსეთ-უკრაინის ომზე არის დამოკიდებული დღეს საქართველოს ბედი. რად უნდა ამას პოლიტიკოსობა?! მე წარმომიდგენია ასეთი ვარიანტი: რუსეთმა ომი წააგო, აფხაზებში გამოჩნდება ვინმე, ვინც დაგველაპარაკება… ბოდიშს მოვიხდით, თუ არ მოვიხდით, ეს კაცი [შვილმკვდარი მამა] ახლა რომ გაგიჟებულია, რომ ნახავს, რომ აფხაზეთში ბრუნდება ხალხი, შეურიგდება, მისი ხნის აფხაზს შეურიგდება“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.

„ღმერთმა ნუ ქნას და უკრაინამ თუ წააგო …“

„ჩვენი ამბავი დამთავრებულია“

„მეორე დღესვე საქართველო ჩაბარდება რუსეთს“

„ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს, არის ის, რომ უკრიანამ მოიგოს”.

ამ იმედით დავემშვიდობეთ აფხაზეთიდან დევნილებსა და ომის ვეტერანებს. ისინი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას კორპუსებისკენ, რომელიც მათი ახალი საცხოვრებელი გახდა, ოღონდ, როგორც ისინი იმედოვნებენ, დროებით – აფხაზეთში დაბრუნებამდე.

„ტყუილად ვილაპარაკეთ ამდენი ნეტა?! თუ წაიკითხავს ვინმე ამ ჟურნალისტის დაწერილს?!” – მომესმა გადალაპარაკების ხმა, როცა ბოლო ვეტერანს დავემშვიდობე და მანქანისკენ გამოვბრუნდი.

ამავე თემაზე:

“ჩემს სიზმრებში ყოველთვის სოხუმში ვარ” – აფხაზეთიდან დევნილი ისტორიკოსის ამბავი

„ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წელს არ განახლებულა. 200-მდე მოსწავლეს სწავლა ონლაინ უწევს.

„დისტანციურზე ვართ 15-იდან პირველ ოქტომბრამდე“- ამბობს სკოლის დირექტორი ლელა გათენაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, სკოლა სარემონტოა, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდა. დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმაც იცოდნენ, რომ სწავლა ახალ სასწავლო წელს სკოლაში არ განახლდებოდა.

„დამრიგებლებმა ჩაატარეს კრებები ყველა კლასში და არსებობს ამის ოქმები და გაგებით შეხვდნენ, რომ 15 დღე ონლაინ ვიქნებოდით“- ამბობს დირექტორი.

საკლასო ოთახი 27-ე სკოლაში.
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა

დღეს, 24 სექტემბერს ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ სკოლაში სარემონტო სამუშაოები დახვდა. სამსართულიანი სკოლის საკლასო ოთახებში ახლა მიმდინარეობს ჭერის და კედლების შეკეთება. ოთახები სარემონტო მტვრითაა დაფარული.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება სკოლაში, თუმცა აშკარაა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა, ამის საფუძველს ნაკლებად იძლევა.

„მესამე სართულის ჭერი იყო საგანგაშო, ბზარები ჰქონდა და შესაკეთებელი იყო, თუმცა რემონტი სამივე სართულზე მიმდინარეობს.

სკოლის ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა რომ მოვიდა, შემდეგ დავიწყეთ, მათ გვითხრეს რომ არ შეიძლებოდა აქ ბავშვების შემოყვანა. იატაკს პრობლემა არ აქვს, იყო ექსპერტი და შეამოწმა, მაგრამ სადაც დაზიანებულია, იქ შევცვლით“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, სკოლაში ჭერის დაზიანება გამოიწვია იმან, რომ დაზიანებული სახურავიდან შენობაში წყალი ჩადიოდა.

ბათუმის 27- ე სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა ვერ განახლდა.

რამდენი ხანი იყო სკოლა ასეთ მდგომარეობაში? – ვკითხეთ მას. დირექტორი დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ „დიდხანს არა“. მისი თქმით, სახურავის შეკეთებაც წელს მოხდა.

დირექტორს ვკითხეთ, თუ რატომ არ დაიგეგმა სარემონტო სამუშაოები იმ დროს, როცა სკოლაში არდადეგები იყო. ლელა გათენაძე ამბობს, რომ სამუშაოები ზაფხულში დაიწყეს, მაგრამ ვერ მოასწრეს.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, თუმცა არ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას, სამუშაოები ტენდერით ტარდება თუ უტენდეროდ. „ტენდერით იქნება, ალბათ“- გვითხრა დირექტორმა.

სწავლა დაიწყო, თუმცა 27-ე სკოლაში, სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში არ არის კვების ბლოკი და მოსწავლეებს ძირითადად ცომეულის შეძენა უწევთ კერძო პირებისგან. „არ არის მაღალკონტინგენტიანი სკოლა და არ უღირთ, რომ გახსნან კვების ბლოკი. მოაქვთ მზა საკვები, ძირითადად უზეთოდ მომზადებული და ყიდულობენ ბავშვები“ – ამბობს დირექტორი.

2026 სასწავლო წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სწავლა ათზე მეტ სკოლაში ვერ განახლდა.

ბათუმის გარდა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ვერ განახლდა ხაშურის, წყალტუბოს, სენაკის, ზესტაფონის, ნიჩბისის, ალისუბნის, შუხუთის და სხვა საჯარო სკოლებში. სამაგიეროდ, განათლების სამინისტრომ 49 მილიონი ლარი დახარჯა სასკოლო ფორმებზე, რომლის აუცილებლობაც არ დამდგარა. მშობლებს კი სულ ცოტა 90 ლარის გადახდა მოუწიათ ფორმაში, რომლის დაკვეთაც მათი მხრიდან არ ყოფილა.

ამავე თემაზე: ათზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლა დაიწყო და შემდეგ შეჩერდა

მოსწავლეების და მშობლების დაკვეთაა ბავშვები სწავლობდნენ უსაფრთხო, ადაპტირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ და გამართულ სკოლებში, სადაც ხარისხიანი განათლების მიღება იქნება შესაძლებელი. ფაქტია, რომ ამ დაკვეთას განათლების სამინისტრო ვერ ასრულებს.

ვიდეო:

ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვრის შეცვლაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფი ვადაში ვერ ეტევა

ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.

აღნიშნულ ჯგუფს საზღვრების შეცვლაზე შუამდგომლობა სამი თვის ვადაში, ოქტომბრამდე უნდა მოემზადებინა, თუმცა ეს ვადა ერთი თვით კიდევ გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეა.

ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება კი ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე უნდა მიიღოს. შესაბამისი განკარგულების პროექტი მზადაა და საკითხი საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

რა ხდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები განიხილავენ.

საუბარია თავის დროზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული [ქალაქს შემოერთებული] ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მდებარეობს ხელვაჩაურის მერიის/საკრებულოს და სხვა ადმინისტრაციული შენობები. მათ შორის ხელვაჩაურის სასამართლო, პოლიციის განყოფილება, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი და სხვა.

ბათუმის საკრებულოში შექმნილმა ჯგუფმა ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა უნდა მოამზადოს. ეს შუამდგომლობა კი შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება.

ამ თემაზე ვრცლად: ხელვაჩაური ბათუმს 145 ჰექტარს სთხოვს – საკრებულოები „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ

ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის დროებითი სამუშაო ჯგუფი ბათუმის საკრებულოში 2026 წლის 30 ივნისის განკარგულებით შეიქმნა.

„ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხის სათანადოდ შესწავლა საჭიროებს საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევას, შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიებას, დამუშავებასა და ანალიზს, აგრეთვე მიღებული მონაცემების ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას.

შესასწავლ გარემოებათა მოცულობისა და სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის სრულყოფილად შესწავლის აუცილებლობის გათვალისწინებით, საჭიროა დამატებითი დრო მოძიებული მასალების დამუშავების, შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შეჯამებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება 1 თვით.“ – აღნიშნულია იმ პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საკრებულომ 30 სექტემბერს უნდა განიხილოს.

ვადის გაგრძელების შემთხვევაში კი – თუ კიდევ რამე არ შეცვალეს – საზღვრის შეცვლაზე შუამდგომლობა 2026 წლის ნოემბრამდე უნდა იყოს მზად.

არადა საკრებულო დარწმუნებული იყო, რომ 3 თვის ვადაში ჩაეტეოდნენ.

„განისაზღვრა დროებითი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირების სამთვიანი ვადა, რაც წარმოადგენს გონივრულ ვადას საჭირო ფაქტობრივი გარემოებების შესასწავლად, კარტოგრაფიული მასალების დასამუშავებლად, მოსახლეობასთან კონსულტაციების ასახვისა და შესაბამისი შუამდგომლობის პროექტის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად.“  – წერდა ბათუმის საკრებულო 2026 წლის 30 ივნისს.

30 ივნისიდან დღემდე, აღნიშნული ჯგუფის მუშაოების შესახებ ინფორმაცია ქალაქის საკრებულომ მხოლოდ ერთხელ, 11 სექტემბერს გაავრცელა. ამ ინფორმაციით კი, ჯგუფის წევრებმა სამუშაო მიმართულებები გადაინაწილეს და მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზების საკითხი განიხილეს.

„…დღესვე სხდომაზე სამუშაო მიმართულებები გადანაწილდა. ასევე, განიხილეს მოსახლეობასთან საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზების საკითხი. დროებითი სამუშაო ჯგუფი ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხზე მუშაობას და შესაბამისი შუამდგომლობის მომზადების პროცესს განაგრძობს.“ – წერდა 11 სექტემბერს საკრებულო, თუმცა, მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრ[ებ]ის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა-არშეცვლაზე წერია ბათუმის გენგეგმის პროექტშიც, თუმცა გენგეგმის დამტკიცების საკითხიც დროში საკმაოდ გაწელეს.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

სამტრედია–გრიგოლეთის ავტობანის ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე განახლდა – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთზე მოძრაობა განახლდა.

სამუშაოები 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა და ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი დაგეგმილზე ადრე გაიხსნა.

„ამ ეტაპზე, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი გახდა ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციები. ეს მონაკვეთი 2 თვის წინ გახსნეს.

ამავე თემაზე: 

ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობის სამსახურს აუქმებს – ვინ გასცემს სამშენებლო ნებართვებს?

ბათუმის მერია ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს აუქმებს.

მერიის გადაწყვეტილებით, ამ სამსახურის ფუნქციებს გადაიბარებს ახალი სსიპ -ი, რომელიც მერიამ უკვე შექმნა. ამასთან, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული საქმისწარმოების წესი. მზად არის სანებართვო მოსაკრებელთან დაკავშირებული ცვლილების პროექტიც.

ახალი სსიპ-ის შექმნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მერია საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების გადახედვა-დაზუსტებასაც სთხოვს, შესაბამისი ცვლილება შედის სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ დადგენილებაში და სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესშიც.

საქმე ისაა, რომ ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი სსიპ-ი შექმნა. განაცხადებს ვერ ავუდივართო – ასე დაასაბუთა მერიამ ახალი სსიპ-ის შექმნის გადაწყვეტილება, გარდა ამისა, კვალიფიციური კადრების მოსაზიდად ხელფასების გაზრდა გვჭირდება, რასაც სსიპ-ის შემთხვევაში მოვახერხებთო. 

მერიამ მაშინ საკრებულოს განუმარტა ისიც, რომ ახალი სსიპ-ი ახალ შემოსავალს მოუტანდა ბიუჯეტს, რადგან მერია აპირებს დაჩქარებული მომსახურების ფასიანი სერვისის დანერგვას.

მიუხედავად იმისა, რომ ქაოსური განაშენიანება ქალაქში უამრავ პრობლემას ქმნის მერიაში „ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობა წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-­ერთ მნიშვნელოვან საფუძველს, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით გაზრდილ მომართვიანობას განაპირობებს“ – განმარტეს მერიაში.

ახალი სსიპ-ის მოვალეობა ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება, მართვა და კონტროლია. რიგ შემთხვევებში ამ სამსახურში გადავიდა სფეროები, რომლებიც ამ დრომდე მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენცია იყო, როგორიც არის, მაგალითად, პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ახალი სსიპ-ის დასაკომპლექტებლად მერიას ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს 16 პოზიციაზე.

აპლიკანტებისგან მერია არქიტექტურის, მშენებლობისა და დიზაინის სფეროში მინიმუმ ერთწლიან გამოცდილებას ითხოვს.

კონკურსის პირობების მიხედვით, პირველი კატეგორიის სპეციალისტს მერია ხელფასის სახით 4480 ლარს, ხოლო მეორე კატეგორიის სპეციალისტებს 3520 ლარს შესთავაზებს; მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი კი 2880 ლარი იქნება. განყოფილების უფროსის ხელფასი 6400 ლარი იქნება. 

განაცხადების მიღება 18 სექტემბერს დასრულდა, კონკურსი სამეტაპიანია, რაც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებას და გასაუბრებას მოიცავს.

წარდგენილ ცვლილებებს საკრებულო 30 სექტემბერს განიხილავს.

ბათუმში ბრიტანეთის ელჩი და მოძრავი საელჩო მოსახლეობას შეხვდა

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი და ბრიტანეთის მოძრავი საელჩო ბათუმს 23 სექტემბერს სტუმრობდნენ.

„მოძრავი საელჩოს“ ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ბათუმში ვიზიტისას ბრიტანეთის ელჩი და NATO-ს წარმომადგენელი ალექსანდრ ვინნიკოვი ახალგაზრდებსაც შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ნატო-ს და საქართველოს, ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობის შესახებ.

ფოტო: დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
ფოტო: დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

„შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და შტორმული ღელვა“ – სააგენტო ამინდზე გაფრთხილებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი.

„აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – იუწყება სააგენტო.

_________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 523 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 367 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 402 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 50 240 ერთეული [+24]
  • MLRS – 2 154 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 669 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 531 352 ერთეული [+792]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 727 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 152 782 ერთეული [+229]
  • სპეცტექნიკა – 4 740 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

თურქეთი გამოსავალს ეძებს – გახშირებული თავდასხმები გემებზე შავ ზღვაში

რუბიო პროგნოზირებს, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ხულო-თაგოს საბაგირო მესამე წელია გაჩერებულია, უგზოობის გამო კი სოფელი იცლება

მესამე წელია ხულო-თაგოს საბაგირო გზა გაჩერებულია და მოსახლეობას ერთადერთი საავტომობილო, შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა.

ამ სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ არათუ ტენდერი ვერ გამოაცხადა აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტისა და შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, არამედ ჯერ საპროექტო წინადადებაც კი არ აქვს მზად.

ადგილობრივები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ საბაგიროს გაჩერებამ და პრობლემურმა სამანქანო გზამ ხელი შეუწყო სოფლიდან მიგრაციის პროცესის დაჩქარებას, შედეგად კი სკოლა დაიცალა და მიმდინარე [2026-27] სასწავლო წლის დასაწყისში თაგოს სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს.

„დიახ დაიცალა სკოლა, ხალხი გარბის, სოფლები იცლება, შემოვლითი გზა არ არის მარტივი გზა, მსუბუქ მანქანებს უჭირთ გადაადგილება, ჯიპი გინდა იქ. ტაქსით, რომ ისარგებლო ძალიან ძვირია, სწორედ ამ ცუდი გზის გამო და საბაგიროს გაჩერების გამო მოხდა ეს“ – ამბობს ხულოს საკრებულოს წევრი „ლელოდან“, რომან ქედელიძე „ბათუმელებთან“.

გასული წლის ბოლოს აჭარის მთავრობა ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წერდა, რომ წინასაპროექტო კვლევისათვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშავა და უახლოეს მომავალში ბაზრის კვლევას დაიწყებდა, შემდეგ კი ტენდერს გამოაცხადებდა პროექტის შედგენასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით.

„შემუშავდა ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევისათვის საჭირო დოკუმენტაცია. სამშენებლო ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოების შემსრულებელი პოტენციური კონტრაქტორის შერჩევა რთულად წარიმართა, ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი მსგავსი ობიექტების მიწოდებით ფაქტობრივად არაა დაფარული. აღნიშნული ობიექტი მომეტებული საფრთხის შემცველია და მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური გადაწყვეტილების საკითხები დამუშავდეს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით“ – წერდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის ანგარიშში.

რა ბედი ეწია პროექტს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშში ვერ ვიპოვეთ. როგორც ჩანს მინისტრმა ედნარ ნატარიძემ არ ჩათვალა საჭიროდ ინფორმაცია მიეწოდებინა მაღალმთიან სოფელში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებისთვისაც ამ გზის დროულად გახსნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

შესაბამისი კვლევის მომზადების მიზნით კი აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში 200 000 ლარია გათვალისწინებული.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არსებული მონაცემებით ირკვევა, აჭარის მთავრობამ ბაზრის კვლევა რამდენჯერმე სცადა, ბოლოს – 2026 წლის ივლისში, ოღონდ არა მხოლოდ ხულო-თაგოს საბაგიროს პროექტზე, არამედ კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვაზე.

ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა დასრულებულია, თუმცა მთავრობამ რა შეთავაზება და ვისგან მიიღო, ამის იდენტიფიცირება არ ხდება.

ხულოს საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია 2024 წლამდე. ეს საბაგირო წლების განმავლობაში დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი – 280 მეტრი. საბაგიროთი მგზავრობისას ხულოს ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი, რის გამოც ის ტურისტების დიდ ინტერესს იწვევდა.

საბაგიროს განახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა. თავდაპირველი ვერსიით ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 368 000 ლარი იყო.

ჯარიმებით და მოსაკრებლებით ბათუმის ბიუჯეტში 75 მილიონი შევიდა – 6 თვის მონაცემები

2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშის მიხედვით 6 თვეში ბათუმის ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ ნაწილში 30 მილიონი ლარით მეტი შევიდა, საპროგნოზო მოცულობა 55 მილიონ 920 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 75 მილიონ 287 000 ლარი შეადგინა, ანუ გეგმის 134.6% .

„სხვა შემოსავლები“ ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლების და საჯარიმო სანქციების შედეგად ასახულ გადასახადებს აერთიანებს და ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 30.0%-ს შეადგენს.

2026 წლის ორ კვარტალში „სხვა შემოსავლებში“ ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და სახდელების სახით 50 მილიონ 316 300 ლარი აისახა.

მათ შორის ყველაზე მეტი, 35 მილიონ 125 700 ლარი ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით აისახა, რაც კვარტალური გეგმის 98 პროცენტია.

სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით 6 თვეში, ბიუჯეტში მობილიზებულია 14 მილიონ 280 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიონ 500 ათასი ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულება 185.2% პროცენტია.

ჯარიმები ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშში დიფერენცირებული არ არის. მსგავსი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ წინა წლის მონაცემების შეჯამების შემდეგ, ახალი წლის დასაწყისში ქვეყნდება ანგარიშის სახით, რომელსაც ბათუმის მერია საკრებულოს წარუდგენს.

გასული წლის ანგარიშის გათვალისიწნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი ჯარიმებით შეგროვდება.

მოსაკრებელმა მშენებლობის ნებართვაზე 6 თვეში 11 მილიონ 612 400 ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით წლის ბოლომდე სერიოზულ მატებას ისევ უნდა ველოდოთ, რადგან მერიამ ცოტა ხნის წინ სამშენებლო ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი ფასიანი სერვისი შექმნა, ამ სერვისის და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გასაწევად კი ახალი სიპის დაფუძნებას დაეთანხმა ბათუმის საკრებულო.

ამავე თემაზე: მომართვიანობა გაიზარდა – ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალ სსიპ-ს ქმნის

მერიას ისევ უჭირს დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. ამჯერად ბიუჯეტში 2 მილიონ 640 200 ლარი აისახა, რაც ორი კვარტლის გეგმის, 4 მილიონი ლარის 66 პროცენტია.

ხულოში, სოფელ თაგოს სკოლას წელს არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს სკოლაში წელს არც ერთი ბავშვი არ მისულა. სკოლამ სასწავლო წელი ფაქტობრივად ვერ განაახლა, რადგან სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს.

მიუხედავად ამისა, სკოლა ინარჩუნებს ადმინისტრაციას. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

გასულ წელს თაგოს სკოლაში 12 მოსწავლე სწავლობდა. ისინი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

ფაქტი დაგვიდასტურა ასევე ხულოს საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, რომან ქედელიძემ. ის მიიჩნევს, რომ სოფლიდან მიგრაციის პროცესს ხელი შეუწყო თაგოს საბაგირო გზის გაჩერებამ:

„შემოვლითი გზაც არის პრობლემური და რთული, უჭირს ხალხს და გარბის, დაგვეცალა სოფლები“ – გვითხრა მან.

სოფელი თაგო მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. სოფელი საბაგირო გზით უკავშირდებოდა დაბა ხულოს, თუმცა საბაგირო უკვე მესამე წელია გაჩერებულია.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილს იკავებდა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრი იყო. საბაგირო ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალება იყო,  საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა ასევე ტურისტული დანიშნულება.

საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთში იყო შესაძლებელი.

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

ექვსი გუნდი და რაგბის გზაჯვარედინი – 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი და ავჭალის სარაგბო სტადიონი პირველად უმასპინძლებს ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპს.

სამხრეთაფრიკული „ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკ პუმასი“ და „სუზუკი გრიქასი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“, ესპანური „იბერიანსი“ და ქართული ფრენჩაიზი – „შავი ლომი“ თავს საქართველოში, თბილისის თასის ფარგლებში მოიყრიან.

ტურნირი 24 სექტემბერს, 6 გუნდის მონაწილეობით დაიწყება. ავჭალის სტადიონი თითო სათამაშო დღეს სამ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ევროპული გუნდები სამხრეთაფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდებიან.

„შავი ლომი“ პირველ თამაშს „სუზუკი გრიქასთან“ გამართავს (24 სექტემბერი 20:00); მეორე მატჩი „აირლინკ პუმასთან“ ექნება (29 სექტემბერი, 17:00); მესამე შეხვედრა კი, „ტოიოტა ჩიტასთან“ (4 ოქტომბერი 20:00).

ტურნირზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურ მატჩებზე, ისე – დღიურ აბონემენტების სახით. შეგახსენებთ, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.

სხვადასხვა სარაგბო კულტურების თბილისურ გზაჯვარედინზე შერკინება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და საქართველოს, როგორც მდიდარი სარაგბო ტრადიციის მქონე ქვეყნის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

თიბისი ქართული რაგბის განვითარებას და მის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებას წლებია მხარს უჭერს. მსგავსი ტურნირები კი, ქართველ მორაგბეებს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების ახალ შანსებს აძლევს.

ბათუმში ტურნირს პუტინისტი სპორტსმენი დაესწრება, რომლის შვილიც აზერბაიჯანის სახელით გამოდის

24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის ყინულის სასახლეში გაიმართება ახალგაზრდული გრან პრი ფიგურულ ციგურაობაში – ISU Junior Grand Prix Batumi 2026.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ეს საერთაშორისო ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ვარსკვლავებს გააერთიანებს.

ბათუმში გრან პრის დაესწრება რუსი მოციგურავე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევგენი პლუშენკო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხურვალე მხარდამჭერი და ნდობით აღჭურვილი პირია.

სხვადასხვა დროს პლუშენკომ პუტინს უწოდა „ყველაზე სპორტული პრეზიდენტი“, რომელმაც „ქვეყანა ფეხზე დააყენა“, ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამართულ არჩევნებზე, 2024 წელს, მან ღიად დაუჭირა მხარი პუტინს და თქვა, რომ მასთან ერთად მხოლოდ „წინსვლა და სტაბილურობა“ იქნება.

პლიუშენკო წერს, რომ ბათუმშია და წვრთნებს ატარებს.

პლუშენკო ინსტაგრამზე წერს, რომ ბათუმშია და ყინულის სასახლიდან ვიდეოსაც აქვეყნებს.

ტურნირ – ISU Junior Grand Prix Batumi 2026-ს ფედერაცია ატარებს. აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტურნირზე სპორტსმენები, რომლებიც რუსეთს წარმოადგენენ, არ მონაწილეობენ.

„აქ არავინ არავის არ იწვევს, საერთაშორისო ფედერაციამ თუ დაუშვა რუსეთი იქნებიან. ჩვენთან ამ ეტაპზე არ არიან, რადგან არ მოხვდნენ განაწილებით.

თუმცა, სადაც გაანაწილა საერთაშორისო ფედერაციამ, იქ იქნებიან და ამას ჩვენ ვერ შევზღუდავთ. პლუშენკო არის მწვრთნელი აზერბაიჯანელი სპორტსმენის და დროშაც იქნება აზერბაიჯანის“-გვითხრეს ფედერაციაში.

ევგენი პლუშენკო ამჟამად შვილის, ალექსანდრე პლუშენკოს მწვრთნელია. 13 წლის მოციგურავე ალექსანდრე პლუშენკო წელს ტურნირზე აზერბაიჯანის სახელით მონაწილეობს. მედიის ცნობით, ალექსანდრე პლუშენკო აზერბაიჯანის ნაკრებში 5 წლით გადავიდა.

ევგენი პლუშენკოს შვილის აზერბაიჯანის ნაკრებში გადასვლას მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. სპორტსმენს, რომელიც პუტინის ნდობით აღჭურვილი პირია, შეახსენეს, რომ თავად არაერთხელ გამოსულა რუსი სპორტსმენების სხვა ქვეყნების სახელით გამოსვლის წინააღმდეგ.

ბათუმში ISU Junior Grand Prix-ის პროგრამა მოიცავს ქალთა და ვაჟთა ერთეულთა კატეგორიებსა და სპორტულ ცეკვებს. ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატზე დაახლოებით 39 ქვეყნიდან 180 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო იუნიორთა გრან-პრის ტურნირს პირველად მასპინძლობს.  SU Junior Grand Prixის ღონისძიებები რამდენიმე ქვეყანაში იმართება, ბათუმი ტურნირის მეხუთე ადგილია.

თურქეთი გამოსავალს ეძებს – გახშირებული თავდასხმები გემებზე შავ ზღვაში

თურქეთი შეშფოთებულია შავ ზღვაში კომერციულ გემებზე დრონების გახშირებული თავდასხმების გამო და რუსეთსა და უკრაინასთან შეთანხმებას ცდილობს.

სამშაბათს, 22 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რუსეთი ახორციელებს მათ თუ უკრაინა.

„შავ ზღვაში კომერციულ გემებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები მიუღებელია, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მათზე პასუხისმგებელი“, – თქვა ერდოღანმა.

ბოლო დღეებია შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებზე წერს თურქული მედიაც.

მედიაგამოცემა „ჰურიეთი“ თურქეთის საზღვაო ვაჭრობის პალატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და ომი დაიწყო, შავ ზღვაში თავს დაესხნენ 226 სამოქალაქო და კომერციულ გემს, 2026 წელს კი, ბოლო ორ თვეში, მინიმუმ 22 თურქული გემი დაზიანდა საომარი მოქმედებების შედეგად.

„ჰურიეთი“ ასევე წერს, რომ თურქეთის მეზღვაურთა პლატფორმამ რუსეთი და უკრაინა სამოქალაქო პირთა სიცოცხლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„ორივე სახელმწიფო უგულებელყოფს მეზღვაურთა სიცოცხლეს მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს ეკონომიკური ინტერესები დაუზიანონ“, – განაცხადა მეზღაურთა პლატფორმის წარმომადგენელმა, აჰმეთ ბარან ჯანმა და მანვე აღნიშნა, რომ ბევრი მეზღვაური უარს ამბობს შავ ზღვაში მუშაობაზე.

„თუ გემს დარტყმა მიადგება, გემის მფლობელი სადაზღვევო ანაზღაურებას იღებს, თუ არა – ევროპაში მიღებულ შემოსავალზე ათჯერ მეტს გამოიმუშავებს. მაგრამ დარტყმის ქვეშ ჩვენ, ბორტზე მყოფნი ვექცევით“, – ციტირებს „ჰურიეთი“.

გამოსავლის ძიებაში თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მიმართავს წინადადებით, რომელიც შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას ითვალისწინებს. ანკარა დიპლომატიური გზით ცდილობს, ასე დაიცვას მარცვლეულის ექსპორტი და აღადგინოს უსაფრთხოება კომერციული ნაოსნობისთვის.

22 სექტემბერს კრემლის პრესსპიკერმა, პესკოვმა დაადასტურა, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი მნიშვნელოვნად გართულდა, მან ამაში უკრაინა დაადანაშაულა და ასევე აღნიშნა, რომ პუტინის დავალებით რუსული მარცვლეულისთვის ალტერნატიული მარშრუტები იქმნება.

თურქული მედია წერს, რომ ანკარამ ორივე მხარეს მემორანდუმის პროექტი გაუზიარა, რომელიც 2022 წლის „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ გამოცდილებას ეფუძნება.

ეს მიდგომა უკრაინის მიერ უკვე არსებულ საზღვაო მარშრუტს დაეყრდნობა, რომელიც რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროების გასწვრივ გადის.

„კიდევ ერთი მარშრუტი, შესაძლოა, საქართველოსა და თურქეთის სანაპიროების გასწვრივ იყოს, რაც დაინტერესებულ ქვეყნებთან თანამშრომლობას მოითხოვს“, – წერს გამოცემა.

8,6 მილიონი ლარი დაიხარჯება გონიოში სკვერის მოსაწყობად

გონიოში, ისტორიული ციხის მიმდებარედ, ზღვის მხარეს, ბათუმის მერია სკვერის მოწყობას გეგმავს.

სამუშაოები აფსაროსის გზატკეცილის მესამე შესახვევში რამდენიმე მისამართზე უნდა ჩატარდეს. ქალაქის ბიუჯეტიდან ამისათვის 8,6 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში [გონიოში], აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევის N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 8 664 698 ლარით გამოაცხადა.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე“.

გონიო. ტერიტორია აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევი N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის [ზემოთ ფოტო პროექტიდან. ქვემოთ წითელი ხაზით მონიშნულია საპროექტო ტერიტორია.
ტენდერს თან ახლავს პროექტიც, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

გათვალისწინებულია: გამწვანება, განათება, სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონისა და ტრენაჟორის განთავსება, მინისტადიონი და სხვა [პროექტი ძირითადად არსებული ინფრასტრუქტურის [ბორდიურები, ფილები, სტადიონი, განათების ბოძები] რეაბილიტაცია-ახლით შეცვლას ითვალისწინებს].

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

 

აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში მეორე საჩივარი წარადგინეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა.

საქმე ეხება 2026 წლის აპრილში ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას.

3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, 4 აპრილს ის საკუთარ სახლში დააკავეს.

რამდენიმე საათში სასამართლომ მას 2 000 ლარის ჯარიმა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა შეუფარდა. იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

„სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მივუთითეთ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზე. ჩვენი პოზიციით, ფეისბუქის პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა“ – განმარტავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი:

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საჩივარი დამოუკიდებელია იმ საქმისგან (განაცხადი №36296/24), რომელიც ამჟამად ევროპულ სასამართლოში განიხილება და რომელიც საექსტრადიციო პროცედურებს, ჟურნალისტის პატიმრობასა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაძლო დარღვევას შეეხება“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • აფგან სადიგოვის საქმის ქრონოლოგია:

2026 წლის 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინა აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ჟურნალისტის მიმართ გამოყენებული გირაოსა და სხვა დროებითი ღონისძიებების, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა იმავე დღეს, 3 აპრილს დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ აფგან სადიგოვი გეგმავდა ჰუმანიტარული ვიზის პროცედურების დაჩქარებულად გავლას და მის ოჯახთან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გამგზავრებას, სადაც მათ პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ მიღებული.

თუმცა, 3 აპრილის გადაწყვეტილებიდან ერთ დღეში, 4 აპრილს, გვიან ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო ჯგუფის ათობით თანამშრომელი მივიდა და ის ადგილზევე დააკავა.

„აფგან სადიგოვი იხსენებს, რომ დაკავების მანერა საკმაოდ აგრესიული იყო, თუმცა მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა აფგან სადიგოვის ადგილსამყოფელის დადგენას. ამ პროცესში, მათ შორის, ჩართული იყო საქართველოს სახალხო დამცველი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით გამომძიებელი მათ 2 საათის შემდეგ დაუკავშირდა:

„გვაცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა აფგან სადიგოვის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველის ვინაობის შესახებ საგამოძიებო უწყება ინფორმირებული იყო და თავად დაკავებული ჟურნალისტიც ითხოვდა ადვოკატების საქმეში ჩართვას, თუმცა სასამართლომ საქმეზე მაინც მოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი. მხოლოდ ამ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი მოგვიანებით ჩვენთან დაკავშირება“.

როგორც სასამართლოში გაირკვა, აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო დაწყებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ შეურაცხყოფას გულისხმობს.

როგორც სასამართლოში გაირკვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე წარმოების საფუძველი გახდა აფგან სადიგოვის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტი, რომელშიც აფგან სადიგოვი წერს: „სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან გაყიდონ და გათელონ ყველაფერი ხელფასისა და პოლიციის ფორმის სანაცვლოდ და ამას სიყვარულით, თავდადებითა და სიამაყით აკეთებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პოსტი პირველი აპრილით თარიღდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში პოსტის გამოქვეყნების თარიღად 3 აპრილი იყო მითითებული. ამასთან, სასამართლოზე წარმოდგენილი იყო პოსტის არაოფიციალური თარგმანი, რომელიც სათანადოდ არ იყო გაფორმებული.

სასამართლო პროცესზე შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხთან ერთად ითხოვდა აფგან სადიგოვის მიმართ დამატებითი სახდელის სახით გაძევების გამოყენებას. გაძევების დასაბუთებისას შსს, ერთი მხრივ, უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ არის სამართალდამრღვევად ცნობილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროტესტებთან კავშირში გზის გადაკეტვის გამო, ხოლო მეორე მხრივ აპელირებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დასკვნაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ „2026 წლის 13 მარტს აზერბაიჯანული კოლეგებისგან მათ მიიღეს წერილობითი (საიდუმლო) ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სადიგოვი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და არსებული რისკებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის აღნიშნული პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მიზანშეწონილია, მან დატოვოს საქართველოს ტერიტორია“.

სასამართლო განხილვის პროცესში სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტები ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს აკრძალული ჰქონდა აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმის არსებითად განხილვამდე, ექსტრადიციის პროცესის გაძევების პროცესით ჩანაცვლება კი არ ცვლიდა აზერბაიჯანისთვის მისი არგადაცემის მოთხოვნას.

„საქმის განმხილველმა სასამართლომ ამის შესახებ პრაქტიკულად არ იმსჯელა და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე დართვის უფლებაც კი არ მოგვცა.

მოსამართლემ სრულად უგულებელყო ჩვენი ფორმალურ-სამართლებრივი განმარტებაც, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ევროპულ სასამართლოს შეეძლო, ახალ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით კი, რაც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას უკავშირდება, ევროპულ სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად არ შეუფასებია დროებითი ღონისძიების შეწყვეტის/გაგრძელების საკითხი“ – წერს ორგანიზაცია და დასძენს:

„უფრო მეტიც, ჩვენი მხრიდან სასამართლოზე დაყენებულ იქნა ასევე შუამდგომლობა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე, ვინაიდან სწორედ ეს უწყება წარმოადგენს საქართველოს მთავრობას ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავებში და შესაბამისად მათ შეეძლოთ დროებითი ღონისძიების ფარგლებისა და პროცედურების შესახებ ოფიციალური განმარტებების გაკეთება სასამართლოსთვის. სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა“.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, სასამართლოს ასევე უთითებდნენ აფგან სადიგოვის მიმართ ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობის მიცემის აუცილებლობაზე და იმ პროცესზე, რომელიც მისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული ვიზის და პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხებს უკავშირდებოდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აპელირებდა შსს-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მისი პასპორტი დეაქტივირებული იყო და შესაბამისად სხვა ქვეყანაში გასვლა შეუძლებელი იქნებოდა.

საბოლოდ, 04:00 საათზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რისი აღსრულებაც შესაბამისმა უწყებებმა იმავე წუთებში დაიწყეს და ჟურნალისტი სახმელეთო საზღვარზე რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცეს.

„ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის დადგენილებით, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა“ – განმარტავს ორგანიზაცია.

  • რას ასაჩივრებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის ევროპულ სასამართლოში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტავს, რომ აფგან სადიგოვის სახელით სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი მიმართეს, ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-18 მუხლების დარღვევაზე მითითებით.

„ფეისბუქ-პოსტის გამო, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცეოდა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა სანქცია ერთდროულად — 2 000 ლარის ჯარიმა, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვა კანონით დადგენილი მაქსიმალური, სამწლიანი ვადით შეეფარდა.

პოსტი ეხებოდა პოლიციის ქმედებებს მშვიდობიან აქციებზე, ანუ საჯარო ინტერესის საკითხს, და წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, რომელსაც თან ერთოდა ავტორის მიერვე გადაღებული ვიდეომასალა. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, საჩივარში მივუთითეთ, რომ აღნიშნული ფეისბუქ-პოსტის გამო სადიგოვისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგების დაკისრებითა და ქვეყნიდან გაძევებით, დაირღვა მისი კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლების უფლება.

საჩივარში ასევე მივუთითეთ, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ წარმართული თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სხდომაზე სადიგოვის სამართლიანი სასამართლოს უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი) დაირღვა.

ადვოკატს პროცესის შესახებ შუაღამისას აცნობეს, საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ ოცდაათი წუთი მიეცა, სხდომის გადადების შუამდგომლობა კი დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა. ასევე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილებები მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მესამე, ჩვენ მივუთითეთ, რომ სადიგოვის გაძევებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში. მოვლენათა თანმიმდევრობა ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არ იყო რეალური რეაგირება ფეისბუქ-პოსტზე, არამედ გამოყენებულ იქნა როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლისა და ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მიზნით.

საქმის შემდგომმა განვითარებამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტი არაერთხელ დააკავეს, 26 მაისს მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, ხოლო 8 ივნისს ბაქოს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა 1 აპრილს მიღებული დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება და იმავე დღეს ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა — ზუსტად იმ ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე ექსტრადიცია მოითხოვებოდა. მისი პატიმრობა 2026 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორივე საქმეზე და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და უზრუნველყოს მისი დაცვა წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან.

„აფგან სადიგოვის იმავე საქმეზე დაპატიმრება ცხადია, რომ ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ტრანსნაციონალური რეპრესიის მიზნით მაღალი დონის კოორდინაციისა და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პრაქტიკად მიიჩნევა და მოიცავს შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების მიღმაც ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური ოპონენტების გადაადგილების, საქმიანობისა და უსაფრთხოების კონტროლს. აფგან სადიგოვის საქმე სწორედ ასეთი პრაქტიკის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს, რადგან მისი დევნა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს იურისდიქციით და მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის თანმიმდევრულ მოქმედებებს, რომელთა საბოლოო შედეგი ჟურნალისტის თავისუფლების აღკვეთა გახდა.

განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საქმე ეხება იმავე სისხლის სამართლის ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წარსულში მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა, მოგვიანებით კი თავად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირობებში სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გააქტიურება და ჟურნალისტის დაპატიმრება აჩენს სერიოზულ კითხვებს სისხლის სამართლის მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების და კონვენციური ვალდებულებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის შესახებ.

ამ ეჭვებს ჯერ კიდევ აპრილის თვეში ამძაფრებდა ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება დაემთხვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, ასევე ცნობილი გახდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის შესახებ, რომლის თანახმადაც სრულ ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი. ამასთან, გაფორმდა 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითადი პირობების შესახებ.

მოვლენათა ქრონოლოგია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლის სამართლის პროცედურები გამოყენებული იქნა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური შედეგის მისაღწევად.

თავდაპირველად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამ შესაძლებელი გახადა საქართველოდან აფგან სადიგოვის მიმართ მოქმედი სამართლებრივი შეზღუდვების მოხსნა და მისი ქვეყნიდან გაძევება, ხოლო შემდგომ იმავე საქმის ხელახალმა გააქტიურებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი დაკავების შესაძლებლობა მისცა. ასეთი თანმიმდევრობა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ სამართლებრივი მექანიზმები გამოყენებული იყო არა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

სამწუხაროდ, საქართველო უკვე მრავალი წელია აზერბაიჯანის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს და, მათ შორის, არ ერიდება ადამიანის უფლებათა დაცვის აბსოლუტური პრინციპების უგულებელყოფას. აფგან სადიგოვის საქმეში კი საქართველომ პირველად უახლოეს ისტორიაში ღიად და დემონსტრაციულად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სავალდებულო გადაწყვეტილების მიუხედავად, დევნილი ჟურნალისტი აზერბაიჯანს გადასცა“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

ქედაში კაცს 190 ათასი ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს – 1 პირი დააკავეს, 3 ბრალდებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარაში ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია.

„ბრალდებულები, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ბიზნესსაქმიანობის იძულებით შეჩერებითა და კუთვნილი ქონების განადგურებით.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მუქარისა და დაშინების მეთოდით, მეწარმეს სხვადასხვა დროს, 190 000-მდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს“, – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი, წარსულში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნება.

„პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო გამოძალვის გზით უკანონოდ დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ასევე, მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით შეძენილი 2 ავტომობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს შსს.

Exit mobile version