გონიოში, ისტორიული ციხის მიმდებარედ, ზღვის მხარეს, ბათუმის მერია სკვერის მოწყობას გეგმავს.
სამუშაოები აფსაროსის გზატკეცილის მესამე შესახვევში რამდენიმე მისამართზე უნდა ჩატარდეს. ქალაქის ბიუჯეტიდან ამისათვის 8,6 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში [გონიოში], აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევის N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 8 664 698 ლარით გამოაცხადა.
სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე“.

გონიო. ტერიტორია აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევი N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის [ზემოთ ფოტო პროექტიდან. ქვემოთ წითელი ხაზით მონიშნულია საპროექტო ტერიტორია.
გათვალისწინებულია: გამწვანება, განათება, სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონებისა და ტრენაჟორების განთავსება, მინი-სტადიონი და სხვა [პროექტი ძირითადად არსებული ინფრასტრუქტურის [ბორდიურები, ფილები, სტადიონი, განათების ბოძები] რეაბილიტაცია-ახლით შეცვლას ითვალისწინებს].
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.


