„რა ეკონცერტება მთავრობას? კონცერტის ფულით ბინა მოგვცენ“ – უსახლკაროებმა ბათუმში აქცია გამართეს

„რა ეკონცერტება მთავრობას?“ – იკითხეს უსახლკაროებმა, რომლებმაც ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. წინა აქციებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოჩნდა და ბათუმის ვიცე-მერიც.

დღეს ბათუმში „ქართული ოცნება“ კონცერტს მართავს. დაგეგმილია მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრაც მოსახლეობასთან.

უსახლკაროების თქმით, მათ ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან 2 წელია მართავენ აქციებს და მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია, განცხადებებით კი, ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. უსახლკაროები ბინების გადაცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები გოგოლის ქუჩაზე შეიკრიბნენ, სადაც ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქიმ კორპუსები უკანონოდ ააშენა. ისინი ითხოვენ, ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს და თუ სხვა მისამართზე არ აძლევენ ბინას, უკანონოდ აშენებული კორპუსები გოგოლის ქუჩაზე დემონტაჟის ნაცვლად მათ გადასცენ. უსახლკაროები ამბობენ, რომ ის ფული, რასაც ახლა ქირაში იხდიან, ბიზნესმენს გადაუხდიან.

უსახლკაროებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, მერაბ ბლადაძე ეუბნება, რომ ოზთურქის ეს პირობა აწყობს, თუმცა „ბათუმელებთან“ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა და უშუალოდ ოზთურქის ადვოკატმა თქვეს, რომ არანაირი მსგავსი მოლაპარაკება არ არსებობს და ის, რასაც მერაბ ბლადაძე აქციის მონაწილეებს ეუბნება, მხოლოდ „ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

უსახლკაროების აქცია გოგოლის ქუჩაზე

„გვითხრეს მოდით გოგოლის ქუჩაზე, თუ არ შეგვიშვეს, ძალდატანებით დავიკავოთ ადგილებიო,“ – გვითხრა ქეთევან ფუტკარაძემ. ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოვიდა დღევანდელ აქციაზე.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ორგანიზატორები ეუბნებიან, რომ ოზთურქს ეს ქონება ჩამოართვეს და აშენებული კორპუსები უნდა დაინგრეს.

„ასე კერძო საკუთრების ჩამორთმევა და ბინების გადაცემა არ ხდება, ჩვენ ამ ოჯახებს ვთავაზობთ, რომ ინდივიდუალურად განვიხილავთ, სამუშაო ფორმატში მათ საჭიროებებს. ვთავაზობთ, რომ განხილვის პროცესში ჩაერთვებიან ის უფლებადამცველები, რომლებსაც ისინი ენდობიან,“ – გვითხრა ბათუმის ვიცე-მერმა, ნუკრი დეკანაძემ.

რატომ არ შეისწავლა ამ დრომდე, ამდენი წელი ამ ადამიანების საჭიროებები ბათუმის მერიამ? – ვკითხეთ თანამდებობის პირს.

ნუკრი დეკანაძე

„გარკვეულწილად შესწავლილია, ჩვენ გვქონდა პირველი ეტაპი განცხადებების მიღების, ათეულობით ოჯახმა დააკმაყოფილა კრიტერიუმი, დიდმა ნაწილმა კი ვერ დააკმაყოფილა. ეს გავითვალისწინეთ და გავამარტივეთ კრიტერიუმები, გავამარტივეთ იგივე ოჯახის შემოსავლების შესახებ კრიტერიუმი, ასევე მოთხოვნა საზღვრის კვეთაზე, ოჯახის წევრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კრიტერიუმები, ავტომობილის ყოლა-არყოლასთან დაკავშირებული კრიტერიუმები…

გამარტივებული კრიტერიუმების საფუძველზე ხელახლა უნდა მოხდეს რეგისტრაცია. შესაძლებელია, ბევრი აქ მყოფი ოჯახებიდან აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ამიტომაცაა საჭირო ინდივიდუალური განხილვა,“ – გვიპასუხა ნუკრი დეკანაძემ.

„კიდევ რამდენი წელიწადი გჭირდებათ?“ – ბათუმის ვიცე-მერს მიმართა მოქალაქე დანიელ ბურკაშვილმა, რომელიც ნუკრი დეკანაძის კომენტარს ისმენდა.

„შეგიძლიათ ჩაერთოთ პოლიტიკაში და მოხვიდეთ,“ – მიმართა უსახლკაროს ბათუმის ვიცე-მერმა და აქციის სხვა მონაწილეებთან გადაინაცვლა.

„თქვენ ზურგი შემაქციეთ, ეს გამოსავალი არ არის,“ – მიმართა ჩინოვნიკს უსახლკარომ.

დანიელ ბურკაშვილი

„აქამდე ვერაფერი გაუკეთებიათ და რაღა ახლა გააკეთებენ? ჩვენ მერიას ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ შედეგი ნულია, რაც თავი მახსოვს, სულ ნაქირავებში ვართ,“ – გვიპასუხა დანიელ ბურკაშვილმა.

„იაფი სახლის“ პროგრამა, რაზეც ბათუმის ვიცე-მერი აქციის მონაწილეებს ესაუბრა, იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვინც დასაქმებულია, შემოსავალი აქვს და ყოველთვიურად კონკრეტული თანხის გადახდას შეძლებს. ამ პროგრამის შეცვლილ კრიტერიუმებზე ინფორმაციას ნახავთ აქ.

უსახლკაროების აქციაზე კი დგანან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ადამიანები…

„ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ, შუახევის სოფელ გოგინაურში დამასაქმეს 300-ლარიან პროგრამაში, სოფლის გზას ვალაგებთ, დღეში 2-3 საათი მიწევს მუშაობა, ეს პროგრამაც სრულდება, როგორც გავიგე. მაზლის სახლში ვცხოვრობ, 8-სულიანი ოჯახი ვართ, წასასვლელი არსად მაქვს, სადმე თუ არ ვიმუშავეთ, ლუკმა-პურის ფულს ვერ ვშოულობთ, რამე ხელობას ვისწავლი და ქალაქში დავსაქმდები, ბინა რომ მქონდეს,“ – გვითხრა ქეთევან ფუტკარაძემ.

„12 წელია ამ ხელისუფლებისგან ისმის პროგრამები და დაპირებები, მაგრამ ეს ყველაფერი მიუწვდომელია უსახლკაროებისთვის. აქ არიან ოჯახები, რომლებსაც 20-ჯერ აქვთ შეტანილი მერიაში განცხადებები. მათ მიიღეს პასუხი, რომ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. პროგრამები კი არა, მერიის ბალანსზე რომაა ბინები ჩაკეტილი, ის ბინები მიეცით ხალხს,“ – ამბობს ნაილე ბეჟანიძე, ის ორგანიზაციას „ხმა ერისა, გზა ხსნისა“ წარმოადგენს.

ეს ორგანიზაცია იმ უსახლკაროების ინტერესებს იცავს, რომლებიც 2024 წლის 29 სექტემბერს შეიჭრნენ ქობულეთში, ბუკნარში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.

„25 ოჯახია იქ შეჭრილი და დღეს მე-13 ღამეს გაათენებენ იქ, არავინაა პასუხისმგებელი, იქ არც შუქია და არც წყალი. ერთი სანუგეშო სიტყვა იმ ხალხისთვის ხელისუფლებიდან არავის უთქვამს.

დღეს მისულან ქობულეთის მერი და სხვა წარმომადგენლები, ორი თვის ბინის ქირას გადაგიხდითო. არავითარი ქირა. იქ შეჭრილ ოჯახებს ყველას ეკუთვნის საცხოვრებელი ფართობი და ღირსეული ცხოვრების გარემო, რასაც კანონი ითვალისწინებს.

დღეს ბიძინა ივანიშვილი ხვდება ხალხსო. მასთან მიახლოების საშუალებას არ მოგვცემენ, მაგრამ ჩვენს ხმას მას აუცილებლად გავაგონებთ. რა ეკონცერტება ამ მთავრობას? მაგ ფულით ხალხი დააკმაყოფილეთ,“ – გვითხრა ნაილე ბეჟანიძემ.

ნაილე ბეჟანიძე

„მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ დემოკრატია ასეთი ბავშვების გვერდში დგომით იწყება, ის მთავრობა შემირცხვენია, რომელიც უსახლკაროების გვერდით არ დადგება“ – ეტლიანი უსახლკარო ბიჭის გვერდით დგება მოქალაქე დავით აზნაურიშვილი. ის სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა დღევანდელ აქციას.

„პენსიონერი ვარ, კიდევ სოციალურს ვიღებთ და ასე ვიხდით ქირის ფულს, შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ ნაქირავებში. იმათაც არ აქვთ სახლ-კარი, ხან სად არიან, ხან – სად. მინდა სადმე სიმშვიდე ვნახო და ერთი პატარა ოთახი მომცენ.

ჩემს შვილიშვილს ერთი სათამაშოც არ აქვს,“ – ეს კიდევ ერთმა უსახლკარომ, მაყვალა ვაშაყმაძემ გვითხრა.

მაყვალა ვაშაყმაძე

უსახლკარო ადამიანების ნაწილს დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ხელახლა მიმართავენ განცხადებებით ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას.

EU-სთან ვიზის გაუქმების საფრთხის პარალელურად, პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოა

„ქართული ოცნების“ მიერ დისკრიმინაციული და რეპრესიული კანონების მიღების შედეგად, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს.

დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რითაც გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და გასვლის პროცედურა. ცვლილებები შევიდა 2023 წლის 10 მაისს გამოქვეყნებულ განკარგულებაში, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა.

განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში დროებით, 90 დღეზე მეტი ხნის ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

რუსეთის პროპაგანდისტული მედია ინტერფაქსი განმარტავს, რომ აქამდე, კონკრეტულად ამ კატეგორიის [შრომითი მიგრანტები და სტუდენტები] საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ ვიზის გარეშე რუსეთში შესვლის ან რუსეთი დატოვების უფლება.

დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

„ამიერიდან მოქალაქეთა მითითებულ კატეგორიებს შეუძლიათ ეწვიონ რუსეთს „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დაბრუნებისთვის)“, – წერს ინტერფაქსი.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გაჩერება შეუძლიათ გადაბმით -365 დღის განმავლობაში.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში

დღეს, 10 ოქტომბერს, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის თემაა სტიგმა და დისკრიმინაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ. თუმცა საქართველოში, ამ პრობლემაზე მწვავედ დგას წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემები.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სწორედ სისტემური პრობლემებია, რაც არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საქართველოში:

„ამ დრომდე მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია საწოლ ფონდის დეფიციტთან და თანამედროვე თემზე დაფუძნებული სერვისების ნაკლებობასთან. 

არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დაწესებულებების დიდ ნაწილში გამოკვეთილი მძიმე თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და პაციენტთა ღირსეული მკურნალობის პირობებს. თემზე დაფუძნებული ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისები გეოგრაფიულად არათანაბრადაა განაწილებული და სრულად ვერ ფარავს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირს” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები:

არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს არ
შეესაბამება.

„ბენეფიციარებისთვის დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება და გვერდითი ეფექტების მართვა; გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება“, – წერია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის მიმოხილვაში, რომელიც 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა.

გთავაზობთ სახალხო დამცველის ანგარიშებში გამოყენებულ რამდენიმე ფოტოს, საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი| თბილისი | 2024 წელი:

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი | 2023 წელი:

 


მთავარ ფოტოზე: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. 2023 წელი

ამავე თემაზე:

პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან მხოლოდ 6-ს აქვს პროტოკოლები – აუდიტი ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროზე

როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – აქცია მოსამართლეებს, რომლებმაც რუსული კანონი არ შეაჩერეს

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – სტუდენტებმა ამ და სხვა ლოზუნგებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია დღეს, 10 ოქტომბერს გამართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე.

სტუდენტების აზრით, მოსამართლეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.  მათ მოსამართლეებს დაუტოვეს აქციაზე გამოტანილი პლაკატები.

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ. არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ვიდრე სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს კანონის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ამ უწყებამ ეს არ გააკეთა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლიდან ორ მოსამართლეს – გიორგი კვერენჩხილაძეს და თემურ ტუღუშს განსხვავებული აზრი ჰქონდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის მოქმედება უნდა შეეჩერებინა.

რუსული კანონი ძალაში დატოვეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა.

რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები [სულ 38 დეპუტატი], „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები [სულ 122 მოსარჩელე]], შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და „სტუდია მონიტორი“.

ამ თემაზე:

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

 

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.

შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა იგრძნობა… ზოგს ჰგონია, წარსულს მივტირით, არადა მხოლოდ გაშარჟება და დაცინვაა. დღემდე იუმორით ვუდგებით ამ ყველაფერს“, — აღნიშნავს ოთო მგალობლიშვილი.

ამის მიღმა კი „შემომეჭამას“ კონცეფცია ღია სამზარეულოს პრინციპზეა აგებული. თითოეულ ობიექტში ისეა სივრცე განაწილებული, რომ მომხმარებლები ხედავენ, რა ხდება სამზარეულოში. ასე მეტი ნდობა ჩნდება: ჩვენი მიდგომაა, მომხმარებელს მივცეთ ის, რასაც იმსახურებს. როცა ადამიანი ფულს იხდის, მხოლოდ მაღალი ხარისხის, გემრიელი პროდუქცია უნდა მიაწოდო“.

საინტერესოა, რომ „შემომეჭამას“ სამზარეულოში პროფესიონალი მზარეულები არ მუშაობენ. სანაცვლოდ, დიასახლისები უფრო არიან, რომელთაც პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. საკვებიც ასეთია ‚ ყველაფერი ხელით მზადდება, ცომი ხელით იზილება და ბრტყელდება. ამიტომაცაა, რომ სიმყუდროვე და სითბო „შემომეჭამასთვის“ განუყოფელი ცნებებია. თუკი მომხმარებელს რაიმე არ მოეწონა, აუცილებლად ახლიდან უმზადებენ კერძს და ცდილობენ, ისე კომფორტულად აგრძნობინონ თავი, როგორც სახლში. ვცდილობთ, მეგობრულად ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, რადგან გვესმის, რომ მათ გარეშე ვერ ვიარსებებდით. ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაცოცხლებთ“.

რა თქმა უნდა, „შემომეჭამას“ განვითარება სწორხაზოვანი არ ყოფილა, არამედ დროთა განმავლობაში გარკვეული გამოწვევები იჩენდა თავს. მათ შორისაა პანდემიის პერიოდი, როდესაც ახლად გახსნილი ობიექტის დახურვა მოუწიათ დროებით, მაგრამ პირველ ფილიალს არცერთი დღით არ შეუწყვიტავს მუშაობა. მიტანის სერვისზე ვმუშაობდით, რადგან მაშინ მხოლოდ ამის საშუალებას გვაძლევდა იმდროინდელი რეგულაციები და კანონი. არც თანამშრომლები გაგვიშვია, პირიქით, დავიმატეთ და მალევე ხელფასების გაზრდაც მოვახერხეთ“. 

რეალურად, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება „დაეხმარა“ კიდეც „შემომეჭამას“ ცნობადობის გაზრდაში. ასე ვთქვათ, სირთულეები სათავისოდ შემოატრიალეს და პროგრესის მუხტად აქციეს. უბრალოდ, როგორც ოთო აღნიშნავს, თავისი ბიზნესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, თითქოს შვილს ზრდის და უვლის. იმავენაირი ზრუნვა სჭირდება ყველას და ყველაფერს, თანამშრომლები დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ნერვიულობ, თან იმდენ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული… ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია. სხვების სამსახური 9-დან 6-მდე გრაფიკში თუა მოქცეული, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. თან სულ გიწევს მომხმარებლებთან ურთიერთობა — ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი უკმაყოფილოა, ვიღაცას დაუგვიანეს, ვიღაცისთვის ზედმეტად მარილიანია. როგორც ექიმი ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაახლოებით ასეთივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მუდმივად“.

საგულისხმოა, რომ განვითარების ამგვარ ტემპში უდიდესი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამ. „შემომეჭამას“ დაარსების დღიდანვე დაიწყო ამ ორი ბრენდის პარტნიორობა და დღემდე აქტიურად გრძელდება. ორი ბიზნეს სესხი გვაქვს აღებული — ორივე შემთხვევაში საკმაოდ ოპერატიულად და მარტივად გავიარეთ ეს პროცესი, ბევრი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის გარეშე. სწორედ თიბისის მხარდაჭერით გავხსენით მესამე ფილიალი, შემდეგ კი „აწარმოე საქართველო“-სთან მოლაპარაკებაშიც დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, სამომავლო წინსვლაშიც ყოველთვის დაგვეხმარებიან“.

რაც შეეხება სახელს, არ უნდოდათ, ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული სახელწოდება შეერჩიათ. კონცეფციიდან და ინტერიერის დიზაინიდა გამომდინარე, მიხვდნენ, რაღაც იუმორისტული ვერსია უნდა შეერჩიათ. ამიტომაც, მოიწონეს „შემომეჭამა“ — თან ლამაზი და თან სახალისო სიტყვა.

დღეისათვის კი ეს სახელი უკვე ოთხი ფილიალით ამაყობს. როგორც ოთო ამბობს, ამგვარ ზრდასთან ერთად, შრომისა და თავდადების დონემაც იმატა, რადგან ძალიან რთულია, 4 ობიექტში ისეთივე ხარისხის შენარჩუნება, როგორც ამას ერთი რესტორნის შემთხვევაში აკეთებ. ცნობილია, რომ რაოდენობაში ხარისხი იკარგება. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმები გავზარდოთ, მაგრამ ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ჩვენს თაობაში რაღაც სტანდარტი დავაწესეთ გემოებში და გვსურს, ეს სიმაღლე შევინარჩუნოთ“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 665 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 8 945 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 17 765 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 19 263 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 225 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 976 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 767 ერთეული [+49]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 314 ერთეული [+74]
  • სპეცტექნიკა – 3 386 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 335 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 560 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 908 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 098 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოდესაში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ივანიშვილი ჩიხშია – შესაძლოა დასავლეთში დაკარგოს ყველაფერი, რუსებთან კი არხეინად ვერ იცხოვრებ | ინტერვიუ

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა უზრუნველყოს „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“.

„ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის მოგვიყვა, რა შანსი რჩება ახლა ივანიშვილს პოლიტიკურ ველზე მოქმედებისთვის.

„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, რას აჩვენებს ევროპარლამენტისგან მკაფიო გზავნილი „ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე“? 

ეს ტერმინი „გადაბარება“ არ უნდა იყოს აპრიორი ისე გაგებული, თითქოსდა „ქართული ოცნება“ წააგებს არჩევნებს და სხვა მოვა. ევროპარლამენტისთვის მთავარია, არ იყოს წინააღმდეგობა, როცა ძველი ხელისუფლება ამთავრებს ფუნქციონირებას და ახალი მოდის.

არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული და არ უნდა იყოს წინააღმდეგობა ხელისუფლების გადაბარებაზე. მათ ეს სიმპტომები დაინახეს – „ქართული ოცნება“ შეიძლება გაუძალიანდეს ნებისმიერი სახის ცვლილებას.

  • ევროპარლამენტი მომხრეა ბიძინა ივანიშვილის პერსონალური დასანქცირების. შესაძლოა, არჩევნებამდე დაასანქცირონ ივანიშვილი? 

არჩევნებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეეცდებიან, არ შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში სანქციების გამო – შესაძლოა, განაწყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ აღარ შემოუშვას დამკვირვებლები ქვეყანაში და აბსოლუტურად შეიცვალოს გარემო.

ევროპარლამენტის რეზოლუცია უფრო გაფრთხილებაა, ეს არის ევროკავშირის განწყობის მაჩვენებელი. საუბარია არა მარტო განწყობაზე, არამედ იმაზე, რეალურად რა მოხდება არჩევნების შემდეგ.

რეალურად არჩევნებამდე არანაირ სანქციებს არ დააწესებენ, რადგან მთავრობები მოქმედებენ არა განზრახვებით, არამედ მიზანშეწონილობით – ამ დროს ძალიან ბევრი რამ იწონება, მათ შორის, სტაბილურობა არჩევნების დროს.

  • თქვენ აღნიშნეთ „გაფრთხილება“. რა შედეგზეა გათვლილი ევროპარლამენტის ასეთი მკაცრი გაფრთხილება? 

ევროპარლამენტი აჩვენებს, რომ მზად არიან ევროკავშირის ქვეყნები „ქართულ ოცნებასთან“ გაწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა და მოაქციონ იზოლაციაში მთელი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება გამჭვირვალე არჩევნები. მეორეა ის, რომ ოპოზიცია შეაგულიანონ და რაც მთავარია: მოსახლეობას მკაფიოდ დაანახონ , რომ რა სისულელეებსაც ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, აშშ-ს შესახებ, არ რჩება ევროკავშირს უყურადღებოდ. ევროპარლამენტი ცდილობს, საქართველოში ამომრჩეველს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.

როდესაც „ქართული ოცნება“ მანიპულირებს და რაღაცას აბრალებს ევროკავშირს, თუ ის უპასუხოდ დარჩება, ამ მანიპულაციამ შესაძლოა გაჭრას. ამიტომაც მნიშვნელოვანია საქართველოში საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს „ქართულ ოცნებასთან“.

  • რა გამოჩნდა „ქართული ოცნების“ რეაქციებიდან, მათთვის რამდენად ანგარიშგასაწევია ევროპარლამენტის გაფრთხილება? 

შეუძლია „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაუწიოს ანგარიში, მაგრამ მოიმკიან ქარიშხალს. ევროპარლამენტი სახუმარო არ არის. ის ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია თავისი რანგით. ევროპარლამენტის უგულებელყოფა ისევ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაა.

  • რეზოლუციაში ამჯერადაც მოხვდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლების საკითხი. ამ მოთხოვნის გააქტიურება რას უკავშირდება? 

მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მოქმედებს პარტიული სოლიდარობა. ევროპის სახალხო პარტია უდიდესი ფრაქციაა ევროპარლამენტში და, როგორც ჩანს, მოითხოვეს კატეგორიულად, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციაში.

  •  ფიქრობთ, რომ რეზოლუციაში მითითებულ სხვა საკითხებსაც არ გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“? მაგალითად, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დაშინება, ან შეწყდეს ანტიდასავლური გზავნილები… 

საქართველოს ხელისუფლება არჩევნებამდე არაფერს არ გააკეთებს. არჩევნების შემდეგ კი, იმედი გამოვთქვათ, რომ ხელისუფლება შეიცვლება. თუ არ შეიცვლება ხელისუფლება, უკვე სხვა პირობებში აღმოჩნდება ქვეყანა. შესაძლოა, ევროკავშირმა საერთოდ დახუროს ურთიერთობები საქართველოსთან.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები, „გორბის“ კვლევას თუ არ ჩავთვლით, რაც მართლაც ძალიან არასერიოზულია, აჩვენებს, რომ ოპოზიცია იგებს ჯამურად ამ არჩევნებს. თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მივიღებთ სხვა სახის რეზოლუციებს, რომელიც იქნება ბევრად მწვავე. მივიღებთ სანქციებსაც.

შესაძლოა, შეჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაც, რადგან არავინ დაიჯერებს დასავლეთში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციებისა და ძალადობის გარეშე მოახერხა ხელისუფლებაში დარჩენა მეოთხე ვადით.

  • ევროპარლამენტი ასე ხედავს „ქართული ოცნების“ შანსს, რომ ის არჩევნებს აგებს? 

კი, რეზოლუციაში ეს იკითხება.

თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებში და გააჯანჯლებს ხელისუფლების გადაცემას, შექმნის ბარიერებს და გამოიყენებს ძალადობას, მაშინ ჩვენ უკვე გვექნება სხვა რეაქცია ევროკავშირიდან. მაშინ იქნება სანქციები ევროკავშირიდან.

თუ „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ გადასცემს ოპოზიციას ხელისუფლებას, ჩვენ მივიღებთ სულ სხვა ვითარებას და ვნახავთ საქართველოს სწრაფ დაახლოებას ევროპასთან, ამ შემთხვევაში შესაძლოა, „ქართული ოცნებაც“ დარჩეს ოპოზიციის სახით პარლამენტში.

ბევრი სცენარია, რომლის წინასწარმეტყველება ძნელია, მაგრამ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში. ჩემი აზრით, სანქციები იქნება მიღებული ყველა შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში.

  • ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ესე იგი, არჩევნები გაყალბდა? 

კი, ამას ნიშნავს, რომ მან გააყალბა არჩევნები, გამოიყენა რაღაც ისეთი მეთოდები, ძალადობრივი, რომლითაც მიიღო ეს შედეგი. ისინი უყურებენ კვლევებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ „ოცნებას“ დიდი ჩამორჩენა აქვს.

ამავდროულად, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამის აღიარებას. ის ეძებს გზებს გაყალბებისთვის. ეს რომ ასე არ იყოს, არ დაიწერდა 60 %-ს „გორბის“ მეშვეობით. ის ამზადებს თავის ამომრჩეველსაც იმისთვის, რომ შემდეგ თქვას, გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, გამოკითხვის შედეგს დაემთხვა არჩევნების შედეგიო.

ეს ყველაფერი ძაბავს სიტუაციას და ძაბავს პოლიტიკოსებს ევროკავშირშიც. მათაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას.

ევროკავშირი გვეუბნება, რა მოხდება, თუ მაინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს ამომრჩეველი მხარს დაშინებით და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ საქართველოს შეუწყდება ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. საზოგადოებამ უნდა მოინდომოს მოგება. მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ამის თქმა, რომ სტატუს-კვო ამ შემთხვევაში ვერ შენარჩუნდება – წავა გაუარესებისკენ.

  • რა ბერკეტია ევროკავშირის ხელში სანქციები, ეს შეაჩერებს ივანიშვილს? 

რეზოლუციაში ჩანს, რომ ევროკავშირი მზადაა, ივანიშვილს დაუწესონ ძალიან სერიოზული სანქციები. რა თქმა უნდა, ივანიშვილს აქვს ორბანის და ფიცოს იმედი, მაგრამ ეს არის ამ ეტაპის მოცემულობა. თუ არჩევნები გაყალბდა საქართველოში და  ევროკავშირმა პრაქტიკულად დაკარგა საქართველო, ეს იმდენად სერიოზული საკითხია, როგორც აიძულეს ორბანს უკრაინასთან მიმართებით დათმობაზე წასულიყო, იგივე მოხდება აქაც.

იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი გახდება საქართველო, ივანიშვილი ვერ გაექცევა ევროკავშირის და აშშ-ს სანქციებს. ამის ჩვენება, რა თქმა უნდა, ღიად და დაუფარავად ხდება ამ რეზოლუციით და იმით, რომ 17 ოქტომბერს ასევე იქნება ევროსაბჭოს  დასკვნაც საქართველოზე.

ამ მინიშნებამ გარკვეულწილად შესაძლოა დააფიქროს ივანიშვილი: ღირს თუ არა არჩევნების გაყალბება მასშტაბურად, ღირს თუ არა ხელისუფლების უზურპაცია.

  • გამოდის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა იძალადოს, სხვაგვარად ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება? 

კი, უნდა იძალადოს, შედეგად კი ის დაკარგავს მთელ ფინანსურ სახსრებს, რაც გააჩნია, მისი ბიზნესი ბევრი დაიხურება, ინვესტორებიც დაიწყებენ ფულის გატანას. ამ შემთხვევაში, ივანიშვილი ჩამოეკიდება რუსეთის ბიზნესგარემოს, რაც მას რეალურად არ სურს.

ეს იმოქმედებს საინვესტიციო კლიმატზე, პროექტებზე, საქართველოს ერთადერთი გამოსავალი დარჩება, რომ აი, ომში მყოფ რუსეთს ბოლომდე ჩაეხუტოს. ეს იქნება კატასტროფა ეკონომიკურად, რადგან ეკონომიკურად რუსეთიც გაჭირვებულ დღეშია.

მოსახლეობაც გაახელს თვალს და დაინახავს, რაც ხდება. ამ კატასტროფაზე თავის არიდება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით: ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბაროს, რასაც ეუბნებიან ივანიშვილს ამ რეზოლუციაში.

სხვა შემთხვევაში ვითარდება ძალიან ცუდი სცენარით ვითარდება მათთვის და საქართველოსთვისაც.

  • გამოდის, ჩიხშია ივანიშვილი? ევროკავშირი მასთან პარტნიორობას გამორიცხავს, რუსეთმა კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი არცკი განიხილებაო… 

დიახ, ეს სრული ჭეშმარიტებაა. ივანიშვილმა თავისი თავი შეიყვანა ჩიხში, თუმცა მას იმდენი ფული აქვს, სადღაც შეაფარებს თავს. მისი პარტიის წევრები, პარტნიორები, ვინც ხელი მოითბეს, ისინი დარჩებიან მოწყვლად მდგომარეობაში.

ამ კონტექსტში მთელი „ოცნება“ აღმოჩნდა ჩიხში.

  • თქვენ ახსენეთ უზურპაცია. როგორ შეძლებს ივანიშვილი ძალაუფლების მისაკუთრებას, თუ მას ქვეყნის შიგნით არ ექნება მხარდაჭერა და არც ქვეყნის გარეთ რუსეთის გარდა? 

საქართველოში ძალაუფლების უზურპაცია დღევანდელ დღეს მარტივად ვერ მოხდება, თუ არ იქნება რუსეთიდან ძალიან დიდი ჩარევა. ეს კი დროებითი და ცუდი გამოსავალია, რადგან რუსეთი აგებს ომს.

ვგულისხმობ მოდელს, რაც გაითამაშა ლუკაშენკომ ბელარუსში, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოების დიდმა რაოდენობამ: ჟურნალისტებმა, ოპოზიციონერებმა დატოვეს ქვეყანა, ან მოხვდნენ ციხეებში… ასეთი სცენარი საქართველოში საეჭვოა, რადგან ბელარუსში მოსახლეობის 50 % ეთნიკურად რუსია. მათი იდენტობა უფრო რუსულია, ვიდრე ის, რომ ევროპაში უნდათ. მათთვის რუსებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ღირებულებები. საქართველოში კი ასე არაა, არავის არ უნდა საქართველოში რუსეთის ნაწილი გახდეს საქართველო.

თუ ამ გზას აირჩევენ, ცუდ მდგომარეობაში ჩადგებიან, რადგან მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ. არანაირი მხარდაჭერა საქართველოს რუსიფიკაციას არ ექნება ამ ქვეყანაში. მით უმეტეს, რუსული ინტერვენციის შემთხვევაში არც ჯარი არ გაჩერდება და მოითხოვს წინააღმდეგობის გაწევას.

ეს გზა არ იმუშავებს საქართველოში ბელარუსისგან განსხვავებით, თუმცა დიდ პრობლემებს კი შეუქმნის ქვეყანას. რაღაც მომენტში რუსებმა აღარც კითხონ შეიძლება ივანიშვილს, ისე აიღონ ხელში მმართველობა. თუმცა რუსეთი ახლა დასუსტებულია საკმაოდ.

ქვეყნის შიგნით სერიოზული მხარდაჭერის გარეშე, რუსეთმა რომ დააპიროს ინტერვენცია და მარიონეტული რეჟიმის ძალით დამკვიდრება, ეს მათთვის ძალიან სარისკო შეიძლება იყოს, რადგან მარტივად ამის ძალა მას შეიძლება არ ეყოს. სამხედრო ძალაც შეიძლება არ ეყოს. არა მგონია, რუსები მაინცა და მაინც ასეთ სცენარზე გაჰყვნენ ივანიშვილს.

ივანიშვილსაც ურჩევნია, ისევ ივაჭროს დასავლეთთან, რომ არ დაუწესონ სანქციები და ყველაფერი არ წაართვან. ამიტომაც, მას შეუძლია თქვას, რომ დარჩება საქართველოში და უბრალოდ პოლიტიკას შეეშვება, ან წავა საქართველოდან და დარჩება თავისი ბიზნესები.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დავალებას შეასრულებს მთლიანად, ივანიშვილი რისკის ქვეშ დგება – პრაქტიკულად უნდა დაკარგოს ყველაფერი, რაც აქვს დასავლეთში, რუსეთი კი არ არის ადგილი, სადაც იფიქრებ, რომ აი, რუსებთან გავაგრძელებ ცხოვრებას არხეინად. ვხედავთ, რომ რუსეთი უკვე ართმევს ბევრ ოლიგარქს ფულს საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. ივანიშვილმა იცის, რომ პუტინი მასაც წაართმევს ფულს, რადგან მას თავისი იდეაფიქსი აქვს: უნდა ომი მოიგოს უკრაინაში.

ამიტომაც, არ მგონია, რომ ივანიშვილს აწყობდეს მთლიანად რუსეთზე ჩამოკიდება.

  • თქვენი აზრით, თავად რუსეთმა რატომ შეუწყო ხელი ივანიშვილს ახალი პოლიტიკური მანიპულაციის შექმნაში? ივანიშვილმა თქვა, ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო, ლავროვმა კი, ეს საკითხი არ განიხილებაო. 

იმიტომ, რომ რუსეთი ახლა ბევრად უფრო დარდობს სტაბილურობაზე ჩრდილო კავკასიაში. აფხაზეთი და ოსეთი მას სჭირდება ჩრდილო ოსეთის ლოიალურობისთვის. თუ რუსეთი ასე მარტივად უღალატებს აფხაზებს და ოსებს, რუსეთის მხარდაჭერით შეიქმნა ეს მისწრაფებები დამოუკიდებლობაზე, მაშინ რუსეთმა შეიძლება მიაყენოს საკუთარ თავს ზიანი. რუსები ფიქრობენ, რომ ახლა წამგებიანია საქართველოსთან ისევ რაღაც ავანტიურისტული თამაში გააბან.

ეს ძალიან ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მათ აღარ აქვთ ევროინტეგრაციის საპირწონე იდეა – მაგალითად, სანაცვლოდ ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვიბრუნებთ. ამ არჩევნებზე „ოცნება“ დავით-გარეჯის გარეშე დარჩა, რამაც მას წინა არჩევნები მოაგებინა. ეტყობა, აზერბაიჯანელებმაც დაუქნიეს თითი საქართველოს მთავრობას, ხომ არ გაგიჟებულხართო. აფხაზეთსა და ოსეთზე კი, ყველა უკვე კარგად მიხვდა, რომ „ოცნების“ გზავნილები ბლეფია.

რუსეთს უკრაინაში რეალურად ძალიან უჭირს. მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოში ახალი კონფლიქტის დაწყება კი, მარტივი საკითხი არ არის. რუსები იმასაც ხვდებიან, რომ მცირედი დახმარება საქართველოს ხელისუფლებას ვეღარ უშველის. შესაძლოა, რუსები უკვე ეძებენ ახალ გზებს ახალ ხელისუფლებასთან. ისინი სააკაშვილსაც არ უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მოდის ხელისუფლებაში, ივანოვი გამოუგზავნეს.

„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

„ეს ყველაფერი, ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – ამ ფრაზებით აშინებდა 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმში პატარა ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მოსასმენად. შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო.

ბავშვებს ომსა და „იძულებით ომში ჩათრევაზე“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, კობალაძის ქუჩაზე, სპორტულ მოედანზე ესაუბრა.

რატომ აშინებს „ოცნება“ ბავშვებს ომით და რატომ ჰყავთ ისინი ასე აქტიურად ჩართული იმ აგრესიული პროპაგანდის მსმენელებად, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ აწარმოებს?

„ბათუმელები“ ტიტე აროშიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა იყო ბავშვების ომით დაშინების მიზანი.

რატომ აშინებთ მცირეწლოვნებს ომით, რატომ ესაუბრებით მათ ტყვიის გავარდნაზე, ომი იწყება ქვეყანაში, თუ ბავშვები თქვენი ამომრჩევლები არიან? – ვკითხეთ მას სატელეფონო საუბრისას.

„ჯერ აიღეთ ნებართვა, რომ ინტერვიუს მართმევთ? მკითხეთ, რომ ინტერვიუ მინდა? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს“, – გვითხრა ტიტე აროშიძემ და ტელეფონი გათიშა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატებს საარჩევნო აგიტაციის პროცესში აჭარის მთავრობის მინისტრებიც დაჰყვებიან. მაგალითად, ტიტე აროშიძის გვერდით იმ დროს, როცა ის ბავშვებს ტყვიის გავარდნაზე ელაპარაკებოდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც იდგა.

შესაბამისად, „ბათუმელებმა“ მასაც ჰკითხა, რამდენად გამართლებულია ბავშვებთან ომსა და ომით გამოწვეულ ტრავმებზე საუბარი? რამდენად მისაღებია მისთვის, როცა პოლიტიკოსები ამ ლექსიკით ესაუბრებიან ბავშვებს, თუნდაც არჩევნების წინ.

ნინო ნიჟარაძეც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„შეხვედრას ესწრება ყველა ასაკის ადამიანი და ყველა თემაზე არის ხაზგასმა. კონკრეტულად ბავშვებს ომზე არავინ ესაუბრება“, – გვითხრა მან.

დავუკავშირდით აჭარის განათლების მინისტრსაც, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კამპანიაში, თუმცა მაია ხაჯიშვილმა „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მინისტრს ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ და ვკითხეთ, რამდენად ამართლებს ის იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ომის დაწყებით აშინებს მმართველი პარტიის წარმომადგენელი და მათი ფსიქიკისთვის მატრავმირებელ თემაზე ელაპარაკება?

თუმცა მაია ხაჯიშვილმა ამ კითხვებს არც წერილობით უპასუხა.

ბათუმის მერი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, სადაც ბავშვებს ომსა და „ტყვიის გავარდნაზე“ ესაუბრებიან/ფოტო: „ბათუმელები“.

ადამიანის უფლებების ადვოკატი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბავშვებს აქვთ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები და მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო უფლებები.

იმავე სამართლის თანახმად, უფროსები ვალდებულები ვართ, მათი პოლიტიკური უფლებები დავიცვათ და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო სამართლის ნორმისა და კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთა უფლებების დაცვას. თუმცა ის, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზეა ასახული, უხეშად არღვევს ბავშვთა უფლებებს.

„ეს არის ბავშვის სამოქალაქო, პოლიტიკური უფლების დამახინჯება, რადგან თუ ბავშვს მისთვის შეუსაბამო ინფორმაციას შეუსაბამო ფორმით და გაუგებრად აწვდი, ეს ნიშნავს, რომ არღვევ მის სამოქალაქო  უფლებებს. ბავშვს არ ესმის რაზეა ლაპარაკი, მისთვის გაუგებარი ფორმატით აწვდი, პირდაპირ არ მიმართავ მას. კადრებში ვხედავთ, რომ უფროსებისთვის გათვალისწინებულ ტექსტს ეუბნება ბავშვებს და ამით არღვევს მათ სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, მსგავსი ფორმით ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება არასწორია, რადგან მათ ვესაუბრებით დამაშინებელი კონტექსტით, „რომელიც ასევე ძალიან ახლოსაა დეზინფორმაციასთან“.

„ჩვენ, ევროკავშირისგან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ომის რიტორიკა არ არის დასაბუთებული და ეს არის ყალბი ინფორმაცია.

შესაბამისად, გამოდის, რომ რადგან ბავშვი პატარაა და ვერ გეწინააღმდეგება, ვერ გისვამს კრიტიკულ კითხვებს, ამით სარგებლობ და ამიტომ არის ეს ბავშვის უფლებების დარღვევა.

მესამე ასპექტია ის, რომ როდესაც ბავშვს არ ესმის საკითხი, მაგრამ ამ დროს იძულებულია გაჩერდეს იმ გარემოში, სადაც ომზე ელაპარაკები, რა თქმა უნდა, ბავშვი ისტრესება, რადგან ხდება გაუგებარი აგრესიის სამიზნე.

ომი, სროლა, იარაღი – მისთვის გაუგებრად იყენებ ამ ტერმინებს და ეს შეიძლება იყოს ემოციური წუხილის გამომწვევი ბავშვისთვის.

ის ვერ გადაამუშავებს ასეთი ფორმატით მიწოდებულ ინფორმაციას და შესაძლოა დასჩემდეს შფოთვა, არა მარტო ამ ინფორმაციასთან კავშირში, არამედ მის ყოველდღიურ საქმიანობებს შეუშალოს ხელი. ამიტომ, რაც ამ ვიდეოში ხდება, ბავშვის უფლებებს ნამდვილად არღვევს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბავშვთან სასაუბროდ მიდის, ის ვალდებულია მას ესაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც უშუალოდ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება.

„ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში საარჩევნო ასაკი 16 წლამდე ჩამოვიდა და ბავშვებს შეუძლიათ 16-17 წლიდან უკვე ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში. მაგრამ ბავშვებს უნდა ესაუბრო იმაზე, რას გააკეთებ, მაგალითად, მათი უკეთესი განათლებისთვის, როგორ იზრუნებ მათ ჯანმრთელობაზე, გარემოზე, იმაზე, რაც რეალურად აწუხებს ბავშვს და ვალდებულებაც გაქვს, რომ მათ ამაზე ესაუბრო.

მაგრამ შენ თუ დაამახინჯებ და სადღეგრძელოებად მიაწვდი ამ თემებს ან შიშს ჩაუნერგავ, ეს იქნება სრული მანიპულაცია. ტოკენიზმს ვუწოდებთ ამას (ტოკენიზმი (Tokenism) – ინგლისური სიტყვაა და უმცირესობების ცრუ ჩართულობასა და ფორმალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ნიშნავს), როდესაც ბავშვებს იყენებენ ფასადურად და არა იმიტომ, რომ მათ აზრს პატივს სცემ. ეს არის ბავშვის უფლებების დამახინჯება.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ სამოქალაქო პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა, ასე იყო მარტის აქციების დროსაც  და ეს თემა ძალიან მანიპულაციურად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ამის გამო ბავშვებს შეეძლოთ ეჩივლათ კიდეც მათთვის.

გარდა ამისა, როცა ბავშვი მონაწილეობს აქციაში, მისი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.

აი, ამ ყველაფრის გათვალისწინება იქნებოდა რეალური მონაწილეობა ამ ბავშვებისთვის და არა ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რადგან ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

________________

მთავარი ფოტო: „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ბათუმში, სადაც ტიტე აროშიძე ბავშვებს ომის დაწყებით აშინებს. მარჯვნივ – ფატი ხალვაში [უმაღლესი საბჭოს დეპუტატი], არჩილ ჩიქოვანი [ ბათუმის მერი] და ნინო ნიჟარაძე [აჭარის ჯანდაცვის მინისტრი] /ფოტო: „ბათუმელები“.

დამანგრეველი ეფექტი – შშმ აქტივისტი „ოცნების“ ანტიგენდერულ გზავნილებზე

ანტილიბერალური დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში, საზოგადოებაში გენდერული როლებისა და იდენტობების შესახებ მავნე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.

შშმ აქტივისტის, დეა ერემაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო ნეგატიურად ზემოქმედებს საქართველოში მცხოვრებ შშმ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მოიაზრება.

ანდიგენდერული პროპაგანდა, ანტილიბერალურ და ღიად ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, აქამდე საქართველოში კონსერვატიული ულტრამემარჯვენე ჯგუფების პრეროგატივა იყო, დღეს კი ამ ნარატივის მთავარ მწარმოებლად უშუალოდ მმართველი ხელისუფლება გვევლინება. 

დეა ერემაშვილი სამი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსს“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია, რომლის წევრების უმრავლესობაც შშმ ქალები ან მათი ოჯახის წევრები არიან, შშმ ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

დეა ამბობს, რომ ქვეყანაში თანასწორობის პრინციპები არც აქამდე იყო სათანადოდ დაცული, მაგრამ ბოლო დროს მთავრობის მიერ გაჟღერებული ანტიგენდერული და ჰომოფობიური ნარატივები, რეპრესიულ და დისკრიმინაციულ კანონების სერიასთან ერთად, კიდევ უფრო საგანგაშო პერსპექტივას სახავს ქალების, მათ შორის შშმ ქალების კეთილდღეობის თვალსაზრისით: 

„ის ფაქტი, რომ მთავრობის წარმომადგენლები გენდერსა და სქესზე აკეთებენ ნეგატიურ აქცენტს, მიმართულია ქალების დისკრედიტაციისკენ. კვოტებიც გააუქმეს, ქალებს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტში და რეაქცია იყო ნული. ეს ჩვენც გვეხება. 

აი, რომ გვეუბნებიან, თითქოს დასავლეთი გვახვევს გენდერულ თანასწორობას თავს და ამის გამო ინგრევა ოჯახები. მაგალითს გეტყვით, ჩვენ გვქონდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ვიდეო გაკეთებული, რაზედაც მოგვწერეს, ოჯახებს ანგრევთო, ანუ ქალებს თუ აღარ ვტოვებთ ძალადობაში და ვცდილობთ გავარიდოთ – „ოჯახებს ვანგრევთ“.

დეა ეხმიანება ბოლო დროს მთავრობის მიერ წინასაარჩევნო გამოსვლებსა თუ საკანონმდებლო ცვლილებებში პროპაგანდირებულ ანტიგენდერულ ნარატივს და ამბობს, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკა ახალისებს მკაცრად განსაზღვრული გენდერული როლების და მასთან ერთად – „კარგი ქალის“ კრიტერიუმების არსებობას საზოგადოებაში.

ეს კი განსაკუთრებით უსამართლო პირობებში აყენებს შშმ ქალებს, ვინაიდან, როდესაც ქალის მთავარ ღირსებად ზრუნვა და საოჯახო საქმე განიხილება, შშმ ქალები, რომლებმაც შეიძლება ვერ შეასრულონ საზოგადოების ასეთი დაკვეთა, ავტომატურად საზოგადოების ნაკლებ ფასეულ წევრებად მოინიშნებიან. 

„ზრუნვა მხოლოდ ქალის საქმედ არის აღქმული. სამწუხაროდ, პატრიარქატი, რელიგია საზოგადოებას კარნახობს, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი, იზრუნოს ოჯახის დანარჩენ წევრებზე… თითქოს ქალი, რომელმაც ოჯახი არ შექმნა, არ არის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. მთავრობა ამას უკვე პირდაპირ ამბობს.

ახლა შშმ ქალებზე დავფიქრდეთ. ასეთი რეალობა გვაქვს დღეს: როცა ოჯახები ხედავენ, რომ შშმ ქალი ვერ ზრუნავს ისე ოჯახის წევრებზე, როგორც „სტანდარტია“, ვერც „თხოვდება“ და ვერ ასრულებს „ბუნებრივ მოვალეობას“ – ვერ აჩენს შვილს, არ თვლიან საჭიროდ, მასში ინვესტიცია ჩადონ და, მაგალითად, რაღაც განათლება მისცენ. თვლიან, რომ ვერ გამოიყენებს და რატომ უნდა „დახარჯონ რესურსი“.

დეა ერემაშვილი ასევე ამბობს, რომ შშმ ქალებისთვის პერსონალური ავტონომიის ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რისი მიზეზიც საზოგადოებაში დამკვიდრებული ეიბლისტური [უარყოფითი სოციალური წინასწარგანწყობა და დისკრიმინაცია შშმ პირების მიმართ] დამოკიდებულებებია: მაგალითად ის, რომ შშმ ქალები ყოველთვის სხვებზე არიან დამოკიდებული და არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარ სხეულსა და ცხოვრებაზე.

„ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევა აჭარაში, სოფელს არ დავასახელებ, დაახლოებით 20 წლის გოგო არის სენსორული შეზღუდვის მქონე და იმის ნაცვლად, რომ ესწავლა სპეცსკოლაში, მიეღო განათლება და არსებული მწირი რესურსი გამოეყენებინა საკუთარი თავისთვის, დღეს მან წერა-კითხვაც არ იცის, არც ჟესტური ენა. ის ოჯახში არის სხვა ბავშვების ძიძა. მამამ გადაწყვიტა, რომ მას განათლება არ სჭირდება. დედა კი ხვდება, რომ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ რადგან გარემო ასე კარნახობს, არ ეწინააღმდეგება მას.

ესეც ხომ რეალურად იმ პოლიტიკის გაგრძელება და შედეგია, რასაც თუნდაც სასულიერო და საერო მთავრობები ტირაჟირებენ“, – ამბობს დეა.

დეა განმარტავს, რომ „შშმ ქალთა ალიანსის“ შექმნის მიზანი სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებაა, რის წინაშეც დღეს რეგიონში მცხოვრები შშმ ქალები და გოგოები დგანან. თუმცა, მიუხედავად ამ უნიკალური, სპეციფიკური საჭიროებებისა, შშმ ქალებს სხვა ქალებთან საერთო ჩაგვრა აერთიანებთ.

„შშმ ქალები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქალები, რა თქმა უნდა, განიცდიან სექსუალურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას. შშმ ქალებს თანმდევი გამოწვევებიც აქვთ მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო და ინტერსექციურ, ანუ ერთი მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების, მეორე მხრივ კი გენდერის ნიშნით ჩაგვრას განიცდიან.

სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო არ აწარმოებს ზუსტ/სეგრეგირებულ სტატისტიკას, რომ გაგვეგო, რამდენი შშმ ქალია ძალადობის მსხვერპლი. ჩვენი გამოცდილებით რომ ვისაუბრო, ამჟამად ძალადობის 7 ქეისი გვაქვს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სექსუალური ძალადობაა, ორი შემთხვევა კი – ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა.

მიუხედავად შშმ ადამიანების უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის ვალდებულებისა, რომელიც საქართველოს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტით აქვს ნაკისრი, შშმ ქალები და გოგოები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება საქართველოში.

სხვადასხვა კვლევისა თუ ანგარიშის თანახმად, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა, რომელიც გამოწვევებს დაუპირისპირდებოდა და გააუმჯობესებდა შშმ ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობას.

ნაცვლად ამისა, საქართველოს მთავრობამ რუსული კანონი მიიღო, რომელიც სრულად ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას და ეს იმ დროს, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებებია – ძირითად სამუშაოს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწევიან.

„რუსულმა კანონმა კარგად გამოავლინა, თუ რას ფიქრობს შშმ თემზე მთავრობა, როცა ტყუოდა თითქოს შშმ თემის წევრებს არ ეხებოდათ ეს კანონი. მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს შშმ თემის წევრები ვერ ვაცნობიერებდით, როცა რუსული კანონის წინააღმდეგ ვაწერდით ხელს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

აქტივისტის შეფასებით, ქვეყანაში სუსტი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი, პოლიტიკაში ქალების დაბალი წარმომადგენლობაა. გენდერული დეზინფორმაციაც საჯარო სივრცეში აქტიური პირების, განსაკუთრებით კი ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად არის ქცეული.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ „სექსისტური შინაარსის შემცველი კომენტარების/პოსტების ყველაზე დიდი წილი, როგორც ტრადიციულ, ასევე, სოციალურ მედიაში პოლიტიკას უკავშირდებოდა და უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე, ქალ აქტივისტებს და უფლებადამცველებს მიემართებოდა“. 

დეა ასევე ამბობს, რომ შშმ თემი საკმაოდ მოწყვლადია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ, სანდო ინფორმაციის წყაროებზე კი ფიზიკური ბარიერების გამო ხელი არ მიუწვდებათ:

„ინკლუზიური განათლება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, მხოლოდ სიტყვიერადაა ინკლუზიური, რეალურად კი მაინც კერძო პირის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად ხარისხიან განათლებას მიიღებს ბავშვი. არ გვაქვს პოლიტიკური სტანდარტი, რეგულაცია.

შესაბამისად, შშმ თემი დეზინფორმაციის მიმართ არის ძალიან მოწყვლადი – არ აქვს უნარები, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, გადაამოწმონ ესა თუ ის ინფორმაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ინტერნეტიც ცუდი ხარისხისაა.

ხშირია ჰომოფობიური ნარატივები. ანტიგენდერული ნარატივიც კარგად ფესვგადგმულია შშმ თემში. როდესაც ქალების უფლებებზე ვიწყებდი მუშაობას, ხშირად გაშარჟებული იყო ეს მიმართულება თუნდაც შშმ კაცების მიერ. იყო პერიოდი, მეც ვერ ვაცნობიერებდი, რაში სჭირდება შშმ ქალებს ცალკე დაცვა“, – ამბობს დეა. 

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც 2010 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე ტრადიციად იქცა, ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

მემორანდუმს ხელი დღეს იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილმა მოაწერა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გავლილი აქვთ რეგისტრაცია. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა იქნება ღია და დარეგისტრირების შემდგომ ყველა მსურველს ექნება საშუალება შემოუერთდეს მას.

ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამ სლოგანით გაიმართება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მარში ბათუმში 20 ოქტომბერს.

მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა“.

„სურვილი გვაქვს, რომ დედაქალაქის მარშს შევუერთდეთ, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.

რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამბობს ლინდა ცინცაძე, ახალგაზრდული მოძრაობის წევრი.

მისი თქმით, მოძრაობის წევრები სოციალური მედიის საშუალებით, ასევე პირისპირ შეხვედრისას მოუწოდებენ ადამიანებს, რომ შეუერთდნენ ევროპულ მარშს.

„ასევე, წინასაარჩევნოდ დავდივართ ქალაქში კარდაკარის პრინციპით, ვხვდებით საზოგადოებას, ახალგაზრდებს და ვაწვდით ინფორმაციას ევროპული მარშის შესახებ“ – ამბობს ლინდა.

ევროპული მარში ბათუმში 18:00 საათზე დაიწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, 19:00 საათზე კი მარში გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე.

____________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ ბათუმში, 2024 წლის გაზაფხულზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ენმ: ბათუმში „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ხალხის პარტიულ შეხვედრაზე მისაყვანად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბათუმში პარტიულ ღონისძიებაზე მისაყვანად ხალხს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აგროვებს.

ამის თაობაზე დღეს, 9 ოქტომბერს, პარტიაში ბრიფინგი გამართეს.

პარტიის წევრის, ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში ხელმძღვანელები დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ აღრიცხავენ, თუ ვინ დაესწრება და ვინ არა პარტიულ შეხვედრას:

„ამაზე ინფორმაცია ამ სტრუქტურებში დასაქმებულმა ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვაწოდეს, თუმცა მათ დაფიქსირება არ სურთ, რომ სამსახურში პრობლემები არ შეექმნათ“ – განაცხადა ნიკა ქაშიძემ.

მისი თქმით, „ხელისუფლება ცდილობს ძალადობით გამოიყვანოს ხალხი ივანიშვილთან შესახვედრად. საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებზე, სკოლების მასწავლებლებზე და საჯარო მოხელეებზე ახორციელებენ ზეწოლას, რომ 10 ოქტომბერს წავიდნენ ქართული ოცნების აქციაზე.

ზეწოლა ხორციელდება მუნიციპალიტეტების მერების, მინისტრების, უმაღლესი სასწავლებლების რექტორების, რესურსცენტრების ხელმძღვანელების, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელების მხრიდან.

გუშინ თორნიკე რიჟვაძე შეხვდა სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელს და უშუალოდ გასცა დავალება, რათა ყველა საჯარო მოხელე გავიდეს ივანიშვილთან შესახვედრად.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა სტუდენტს, მასწავლებელსა და საჯარო მოხელეს, რომლებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე და აქციაზე გასვლაზე.

მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეფასება მიეცეს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე.

ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც ბავშვს სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – პროკურატურა

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურა ეხმიანება ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გუშინ, 8 ოქტომბერს გაავრცელა.

პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – წერს პროკურატურა.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი  წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.

დღეს მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის  კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას  და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. მივცეთ  ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები უკვე აქტიურად ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას და მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს.

6 ოქტომბრის მდგომარეობით 3031 საარჩევნო უბანში სულ არჩეულია/დანიშნულია  საუბნო საარჩევნო კომისიების 51 256 ხელმძღვანელი პირი/წევრი. აქედან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეულია 26 044 (3031 კომისიის თავმჯდომარე, 3029 თავმჯდომარის მოადგილე, 3028 მდივანი, 16 956 წევრი), ხოლო შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია 25 212 წევრი.

აქედან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანიშნულია 3030 წევრი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიერ – 3024, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ -2952, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3002, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 3013; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ („გირჩი“) – 1295; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 3015; „ევროპელი სოციალისტები“ – 2997; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – 2884.

ამასთან, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, ირჩევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეც-ჯგუფის 2-2 წევრს იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც ერთზე მეტი გადასატანი ყუთი მოემსახურება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჯამში არჩეულია სპეც-ჯგუფის 1245 წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას – თამარ კორძაია

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას,“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას რუსული კანონის არ შეჩერებასთან დაკავშირებით.

დღეს, 9 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს, როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით.

ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე. თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის პერსპექტივას ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით,“ – თქვა თამარ კორძაიამ.

 

ამავე თემაზე:

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი დააკავეს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, მკვლელობის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში – საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატე“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება. ამასთან არსებით განხილვაში მიიღო ოთხივე საკონსტიტუციო სარჩელი.

იურისტი საბა ბრაჭველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონის არ შეჩერებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად აფასებს და მუხლობრივად გამოყოფს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომლებიც საკონსტიტუციოს ამ გადაწყვეტილებამ გამოკვეთა.

გთავაზობთ იურისტის მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

საბა ბრაჭველი: „საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის შეჩერებაზე. სასამართლოს არგუმენტები ასეთია:

  1. მოსარჩელეთა რეპუტაციულ ზიანზე – არსებითი განხილვების (თვეების, შეიძლება წლების) შემდეგ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციური იყო, გავაუქმებთ მას და ზიანიც აღმოიფხვრებაო. ანუ, ჩვენს გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება დამდგარი შედეგების უკუქცევა, მოსახლეობას მყისიერად აღუდგება ნდობა ამ ორგანიზაციებისადმი, თანამშრომლობას ისევ დაიწყებს და ზიანიც აღარ იარსებებსო (II-57);
  2. მონიტორინგის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით – რაკი აქამდე მონიტორინგი არავის მიმართ არ დაწყებულა, ვერ ვხედავთ ამის გამო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების საფრთხესო (II-64);
  3. ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით – ანალოგიურად, რაკი აქამდე ჯარიმა არც ერთ ორგანიზაციას არ დაკისრებია, სასამართლომ პრობლემა ვერც იმაში დაინახა, რომ მომავალში დაკისრებული ჯარიმის გამო მრავალი ორგანიზაცია საქმიანობას ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებს (II-65);
  4. მთავრობას რომ უჩნდება ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა – სასამართლო, კანონის ტექსტის ნაცვლად, საჯარო რეესტრის უფროსის ზეპირ განმარტებას ენდო (II-69) და მიუთითა, რომ ორგანიზაციები, ვინც დეკლარაციის შევსებისას ფიზიკური პირების მონაცემები სრულად არ მიუთითეს, აქამდე არ დაჯარიმებულანო (II-70-72);
  5. ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით – სასამართლომ აქ ორი არგუმენტი თქვა. პირველი: ევროკავშირი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს მართალია აღარ გამოთქვამს, მაგრამ პროცესის რომელი ტექნიკური მხარე ზიანდება, ეს ვერ დავინახეთო. მეორე არგუმენტი იმდენად საოცრებაა, რომ უნდა დავაციტირო: “სასამართლომ, რომც შეაჩეროს კანონის მოქმედება, იგი მას სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს. შესაბამისად, არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს”. ანუ საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს იმის გაცნობიერებაზე, რომ ხელისუფლების შტოს წარმოადგენს და ისეთივე პასუხისმგებლობა გააჩნია რუსული კანონის არშეჩერებასთან დაკავშირებით, როგორც – პარლამენტს, რომელმაც ეს კანონი მიიღო (II-73).

საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა:

  1. საკონსტიტუციო სასამართლო (კონკრეტულად ის 6 მოსამართლე, ვინც ამას ხელი მოაწერა), რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა;
  2. სასამართლომ იმიტომ დააგვიანა გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომ საჯარო რეესტრისთვის მიენიშნებინა, დროებით რბილად მოექეცი ორგანიზაციებს, ვინც დარეგისტრირდნენო. ამის შემდეგ, კანონის ჩანაწერის ნაცვლად, რეესტრის ერთთვიან პრაქტიკას დაეყრდნო და მწვანე შუქი აუნთო მას სამომავლო მონიტორინგისთვის;
  3. საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში – შეგნებული დამნაშავე და საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატეა;
  4. ჩვენ ისევ კვლავინდებურად გავაგრძელებთ საქმიანობას არჩევნებამდე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. არა უშავს, თუ 6 მოსამართლე ამბობს უარს რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 17 დღეში“.

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება.

„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარეების შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, – წერია სასამართლოს დადგენილებაში.

ამავე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად  მიიღო ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სასამართლოში იყო შესული.

რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, 8 მოსამართლიდან ორს ჰქონდა განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ.

„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე,“ – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

შესაბამისად, რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მხოლოდ ამ ორმა მოსამართლემ – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დაუჭირეს მხარი.

კიდევ ერთ მოსამართლეს კი განსხვავებული აზრი აქვს დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში.

„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით,“ – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

მოსამართლეთა მიერ დაწერილი განსხვავებული მოსაზრებები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არაა.

რუსული კანონის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა.  

კიდევ ერთი მოსამართლე – ირინა იმერლიშვილი სარჩელის განხილვაში არ მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე სამი დღის განმავლობაში, 29-31 აგვისტოს, უსმენდა მოსარჩელეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ და სცადეს სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ოთხივე მოსარჩელე ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა რუსული კანონი. მოსარჩელეთა თქმით, ამ შემთხვევაში გადარჩებოდა სამოქალაქო და მედიასექტორში მომუშავე ასობით ორგანიზაცია.

ოდესაში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

რუსეთის შეიარაღებული ძალები ზედიზედ მესამე დღეა დრონებით უტევენ ოდესას.

ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ოდესის რეგიონში თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა ცხრასართულიანი შენობა და, ასევე, სამედიცინო დაწესებულების ფასადი, გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობაც მეხანძრეებმა სწრაფად შეძლეს.

____________________

ფოტო: ოდესის პროკურატურა/ტელეგრამი

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 664 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
  • ტანკი – 8 944 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 17 751 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 19 222 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 223 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 973 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 718 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 618 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 240 ერთეული [+55]
  • სპეცტექნიკა – 3 385 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 130 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 559 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 858 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 074 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა ისევ დაარტყა ხარკოვს – არიან დაშავებულები, ნანგრევებს ქვეშ ადამიანებს ეძებენ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს. ინფორმირებული პირის თქმით, ეს ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და „ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა“.

სქრინი ვიდეოკადრებიდან

მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გვითხრეს, მას აქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

მომხდარის შესახებ ბავშვის ოჯახმა ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა. ბავშვის მამა ოპოზიციური პარტიის წევრია, აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და გვითხრა, რომ არ სურს ეს ამბავი ვინმემ გამოიყენოს.

ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ინციდენტის დღეს, ცეკვის გაკვეთილის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს ბიცოლამ მიაკითხა, ბავშვი მას ატირებული დახვდა და უთხრა, რომ მასწავლებელმა სცემა, ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანების კვალიც.

მეორე დღეს, დილით, დედა ბავშვის მამიდასთან ერთად მასწავლებელთან დასალაპარაკებლად მივიდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ მასწავლებელი მათთან „აგრესიულ შეტევაზე ისე გადავიდა, დიალოგიც კი არ დაწყებულა. შემდეგ კი მან ქალებისკენ ხელით გაიწია, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას“.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ, ვითარება რომ განემუხტათ. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც. დაიწყო გამოძიება. შენობაში განთავსებულმა კამერებმა ეს ინციდენტიც დააფიქსირა. გავიგეთ ისიც, რომ მერაბ დოლიძე თავადაც ადანაშაულებს და უჩივის ბავშვის მამიდას „მასზე ძალადობისა და პერანგის შემოხევისთვის“.

მომხდარის შესახებ მასწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, თამარ მესხიძეს ვკითხეთ, მან ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ დაუყოვნებლივ მიიღო მასწავლებლის გათავისუფლების გადაწყვეტილება:

„პოლიცია იყო გამოძახებული, ამოიღეს კადრები, მაშინვე მქონდა რეაგირება. მანამდე ამ მასწავლებლის მიმართ საჩივარი, განცხადება, რაიმე მსგავსი არ მოსულა ჩემამდე. როცა არის შინაგანაწესის უხეში დარღვევა, არის ძალადობა, მე მოვიქეცი კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერების შესწავლას, ჩანაწერები ჩვენთან ინახება ათი დღით. რა თქმა უნდა, ჩატარდა მოკვლევა, კადრები ამოღებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე კადრები, სწორედ ამის საფუძველზე გავათავისუფლეთ მასწავლებელი“.

გვითხრეს ისიც, რომ მერაბ დოლიძე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. ეს დაწესებულების დირექტორმაც დაგვიდასტურა:

„დიახ, მეც გავიგე, რომ რაღაც დოკუმენტები წაიღო. პირადადაც მითხრა, ვაპირებ გავასაჩივრო თქვენი გადაწყვეტილება, ადვოკატმა მირჩიაო. მეც ვურჩიე ადვოკატი სწორად შეარჩიე-მეთქი. არანაირი საფუძველი არ აქვს და ეს არასწორი ქმედებაა. სასამართლოდან ჯერ არაფერი მოსულა, თუმცა მე მზად ვარ ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომ გავცე პასუხი სამართალდამცავებსაც და მომჩივანსაც.

ეს მოხდა საღამოს 6 საათის შემდეგ, მე სამსახურში ვარ ცხრამდე, ვიდრე ყველაფერი არ დამთავრდება. იმ დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდა, სტუმრები მყავდა თბილისიდან და ექვსი საათის შემდეგ წავედი, სწორედ მაშინ მომხდარა. დამირეკეს და მივედი მალევე, პატრული ჯერ კიდევ არ იყო მოსული.

ისევ ვამბობ, უარესი კადრებია მეორე დღის, ოღონდ აქ ქალბატონები არიან – დედა და მამიდა. ის არ გავიდა დიალოგზე მშობელთან. როცა მშობელი მოდის და პასუხს გთხოვს ძალადობასთან დაკავშირებით, უნდა დაელაპარაკო. პირდაპირ აგრესიაზე გადავიდა.

მანამდე, იმ საღამოსვე [როცა ფაქტი მოხდა], ჰქონია აგრესიული სატელეფონო საუბარი მშობელთან. ქალბატონები მოვიდნენ რეპეტიციის დროს. როცა ძალადობის ფაქტი გაქვს, შეგიძლია პირდაპირ მიიღო გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ შემთხვევაზე, როცა ვიღაც შემოვიდა საჩივრით, აქ ფაქტები არსებობს“, – ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი.

ბავშვის უფლებებს ადვოკატი გიორგი მახარაძე იცავს:

„მე არ ვესწრებოდი აღკვეთ ღონისძიებას. როცა დაზარალებული დაიკითხება სასამართლო პროცესზე, დავიცავ მის ინტერესებს. როგორც ვიცი, ბრალდებულს შეეფარდა გირაო, რადგან პროკურორს არ ჰქონდა პატიმრობის შუამდგომლობა. ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით კონკრეტული პირი დამნაშავეა თუ არა, მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. იმედი მაქვს პროკურატურა შეძლებს ბრალდების დამტკიცებას, ამაზე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრეთ“.

დაზარალებული მოზარდის ადვოკატის ვთხოვეთ შეეფასებინა ის მტკიცებულებები, რაც საქმეში არსებობს. ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტი:

„მტკიცებულებების შეფასება, არის თუ არა პირი დამნაშავე, სასამართლოს პრეროგატივაა“ – თქვა ადვოკატმა.

ჩვენ დავუკავშირდით ცეკვის მასწავლებელს, მერაბ დოლიძესაც. მან გვითხრა, რომ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ნახეთ ვიდეო: 

YouTube video player

შეხვედრა ცესკოში სახალხო დამცველთან და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით უკვე განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მან დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეთნიკურ უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა არჩევნებში თანაბარ მონაწილეობას ეხებოდა. მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, მათი ინფორმირების, ტრენინგების, სწავლების ცენტრთან ერთად ადმინისტრირებული სერტიფიცირების პროცესის შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ახალი საინფორმაციო ბროშურები, ასევე მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი.

რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება

აქვს თუ არა უფლება რომელიმე პარტიას, ამომრჩეველს დაურეკოს და ჰკითხოს, არის თუ არა მისი მხარდამჭერი? – არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს და ჰკითხეს: ხართ თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერი?

„ბათუმელებმა“ სცადა ერთ-ერთ კოორდინატორთან დაკავშირება, ვინც ამომრჩეველს დაუკავშირდა, თუმცა ტელეფონზე არ გვიპასუხეს.

ჟურნალისტმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს, კოორდინატორთან სატელეფონო საუბარი ჩაიწერა. ის აპირებს კოორდინატორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლოს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია.

YouTube video player

საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების დიდი გამოცდილების მქონე იურისტი, სამოქალაქო ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასიის“ დამფუძნებელი – ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რა სახის პასუხისმგებლობა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, ან რა უნდა უპასუხოს მოქალაქემ ზარს პოლიტიკური პარტიიდან?

„თუ პარტიიდან დარეკავენ, ამომრჩეველმა უნდა უთხრას, საიდან მოიპოვა პარტიამ მის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, როცა მას თანხმობა არ გაუცია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე, თუ პირმა კანონის დარღვევით მოიპოვა და ამუშავებს პირის პერსონალურ მონაცემებს.

მეორე საკითხია ის, რომ ამომრჩევლის ნება ფარულია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ამომრჩეველზე  იმგვარი ზემოქმედება ან ნებაზე კონტროლი, რომელიც ამომრჩეველს შეუქმნის მოლოდინს, რომ მას გააკონტროლებენ,“ – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი

იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ფიზიკურმა პირმაც, რომელიც პარტიის სახელით ურეკავს მოქალაქეს, უნდა იცოდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ:

„თუ პერსონალური მონაცემები პირის თანხმობის გარეშეა მოპოვებული და ასევე თანხმობის გარეშე მუშავდება, ამას სჭირდება შესწავლა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას.

მსგავს შემთხვევებს სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების უფლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის დაცვით. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნების ფარულობა ნიშნავს არამხოლოდ იმის ფარულობას, თუ რომელ კონკრეტულ სუბიექტს უჭერს მხარს კონკრეტული ამომრჩეველი, ასევე მივიდა თუ არა, მაგალითად, არჩევნებზე, ან აპირებს თუ არა მისვლას არჩევნებზე. არჩევნებზე მისვლა არის უფლება და არა ვალდებულება.

ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით საჯაროა ის მონაცემი, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს, რომელთაც უფლება აქვთ იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში, შეუძლიათ, რომ გამოითხოვონ და კანონიერების ფარგლებში მოახდინონ ამ მონაცემების დამუშავება. როცა საუბარია სატელეფონო ზარებსა და ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ამომრჩევლის თანხმობის გარეშეა მოპოვებული, მნიშვნელოვანია, რა გზებით მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება“, – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

ქობულეთში 65 წლის კაცი მოკლეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 65 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა. კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს.

ქობულეთის მერის რწმუნებული სოფელ ლეღვაში, არჩილ რომანაძე ამბობს, რომ 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები.

„ბათუმელები“ ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

„ქმარი ორსულზე ძალადობდა, ნაყოფი მკვდრად იშვა“ – როგორ გაამართლა მოსამართლემ ბრალდებული?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელსაც პროკურატურა ორსულ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმაც მისცა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განჩინებაში ეს ჩაწერეს:

„დაზარალებული ნ. მ–ი ნამდვილად იყო ორსულად და მის ნაყოფს აღენიშნებოდა ზრდის ჩამორჩენა, თუმცა იმის უტყუარად მტკიცება, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხება და დაზარალებულის ნაადრევი მშობიარობა მიზეზობრივად უკავშირდება ლ. კ–ს რაიმე ქმედებებს – შეუძლებელია.

მიუხედავად ნ. მ–ს მტკიცებისა, რომ მეუღლე სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად, რადგან მას ოჯახის შენარჩუნება სურდა, ლ.-მ კი ორსული მიატოვა, რისი გადატანაც ძალიან გაუჭირდა და  ნაადრევად იმშობიარა, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მონათხრობს დაადასტურებდა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მამუკა ვასაძემ 2024 წლის ივლისში მიიღეს. ამ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2023 წლის სექტემბერში გამოიტანა.

საქმის მასალების მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს შველა საჯაროდ, სოციალურ ქსელში უთხოვია. განცხადება კონკრეტულ პირს უნახავს და პოლიციისთვის მიუმართავს. სასამართლო განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს „გაჩენილ ეჭვებზე“, რადგან პოლიციას საშველად უშუალოდ დაზარალებულმა ქალმა კი არა, სხვა პირმა მიმართა, რომელიც შემდეგ მოწმის სახით დაუკითხავთ.

„აქვე საყურადღებოა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო არა დაზარალებულის, არამედ – მოწმის სახით დაკითხული თ. თ–ს განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში ნახა ნ. მ–ს საჯარო შეტყობინებები 2022 წლის თებერვალსა და აპრილში მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ლ. კ–ს სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მას შემდეგ, რაც ცოლზე ძალადობაში ბრალდებული კაცი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა, რუსთავის პროკურატურის პროკურორს, ლაშა მერაბიშვილს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. პროკურორმა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვა და ბრალდებული კაცის დამნაშავედ ცნობა.

„…გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მისი ბრალეულობა. დაზარალებულმა ნ. მ–მა დაადასტურა, რომ ლ. ორსულობის პერიოდში ძალადობდა მასზე, რის გამოც, ნაყოფმა შეწყვიტა ზრდა და მკვდრად იშვა.

დაზარალებულის მონათხრობი თანხვდენილია დედამისის – ჟ. მ–ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, ლ. კ–ს მათ სახლში გამოჩენა ყოველთვის უკავშირდებოდა მის ქალიშვილზე ძალადობას. მოწმე მ. წ–მ დაადასტურა, რომ ნ. მ–ი 2022 წლის თებერვალ-აპრილში ნამდვილად იყო ორსულად და მასთან გადიოდა კონსულტაციას. აპრილში გამოიკვეთა ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა.

დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ასევე მიუთითებს ლ. ს მიერ ოჯახური დანაშაულების ჩადენას,“ – მიუწერია პროკურორს მოსამართლეებისთვის.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კაცს პროკურატურამ ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში დასდო წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

„…საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ. კ.-მ, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. მ.-ს გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.

„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. კ.–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ბოლო წლებში საიას სასამართლოების მონიტორინგიც აჩვენებს ტენდენციას, რომ სასამართლოში მკვეთრად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მოსამართლეები ხშირად გამამართლებელი განაჩენის მიღების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დაზარალებული ქალი სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს და დუმილს არჩევს.

ამ შემთხვევაში კი დაზარალებულად მიჩნეულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია.

___

ამ თემაზე:

კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან

 

რუსეთმა ისევ დაარტყა ხარკოვს – არიან დაშავებულები, ნანგრევებს ქვეშ ადამიანებს ეძებენ

დღეს, 8 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვზე ისევ განახორციელა შეტევა.

ბოლო ცნობებით, რუსეთის დარტყმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შეტევა განხორციელდა ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონზე.

ოფიციალური ცნობებით, დარტყმის შედეგად დაზიანებული შენობის ნანგრევებში 6 ადამიანია და მათ გადასარჩენად მაშველები მუშაობენ.

________________

ფოტოზე: ხარკოვი, დარტყმის ადგილი/ტელეგრამი

 

 

ბათუმში 1302 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 7610 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 3694 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1449 – ქუთაისში, 1302 – ბათუმში, 1165 კი – ქალაქ რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 7610 სამართალდამრღვევიდან 6629 ფიზიკური პირია, ხოლო 981 – იურიდიული პირი.

4706 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2597 – მიკროავტობუსის, 298 – სატვირთო ავტომობილის, 9 კი – ავტობუსის მძღოლების სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კანონი საქართველოში 2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის – ხანძარი 2500 კვ მეტრზე გავრცელდა

ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, მეორე დღეა იწვის ნავთობის საცავი, სადაც ცეცხლი, სავარაუდოდ, უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად გაჩნდა.

რუსული მედიის ცნობით, ხანძარი 2 500 კვ.მეტრზე გავრცელდა, იწვის ნავთობპროდუქტით სავსე სამი რეზერვუარი.

მედიის ცნობით, ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა ნავთობსაცავის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

7 ოქტომბერს, ღამით, ფეოდოსიაში ნავთობის საცავს ცეცხლი, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად გაუჩნდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

___________

ფოტო: tass

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის 21 საათიდან 9 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 22– 27 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 10-11 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 662 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
  • ტანკი – 8 940 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 17 740 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 19 203 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 223 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 973 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 686 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 618 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 185 ერთეული [+83]
  • სპეცტექნიკა – 3 373 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 013 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 544 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 743 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 020 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია ბათუმში გადამზიდავი კომპანიებისთვის

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – განვიარების და ზრდის პერსპექტივები  – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის.

  • კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია  „გრანთ თორნთონი“ იყვნენ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“  ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო გადამზიდავი  კომპანიებისთვის კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება – გაიმართა.

ღონისძიებაზე სპიკერებმა  სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სექტორის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გადამზიდავი  კომპანიების  როლსა და განვითარების პერსპექტივებზე შუა დერეფანში,სტუმრებს საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი , ირაკლი ნემსაძე ესაუბრა. კონფერენციაზე  ხაზი გაესვა დაზღვევის  – როგორც ფინანსური რისკებისგან დაცვის საკითხის მნიშვნელობას. ექსპედიტორებს საშუალება ჰქონდათ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შეთავაზებას  გასცნობოდნენ, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო გადამზიდავების საჭიროებებს ითვალისწინებს და მათზეა მორგებული.

მონაწილეებს სიტყვით „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა მიმართა და საწვავის ბაზრის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

კონფერენციის ბოლოს ექსპედიტორებს, საშუალება მიეცათ  ინდივიდუალური საკონსულტაციო სესიები განეხილათ ექსპერტებთან, რისკების მართვის და საბაჟო-საგადასახადო საკითხებზე.


კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება

კონსტანტინე მანჯგალაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე: „ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი საგრძნობლად გაიზარდა და უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სექტორის განვითარებას აფერხებს.   სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუნქციონირებისთვის  აუცილებელია რისკების  მინიმუმამდე დაყვანა. ერთადერთი მექანიზმი კი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს ფინანსურ ზარალს ააცილებს, დაზღვევაა. ამ შეხვედრაზე ჩვენ განსაკუთრებით გავუსვით ხაზი მცირე და საშუალო კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობას, რადგან დღეს ეს პრობლემა ყველაზე მეტად აფერხებს სექტორს. იმისთვის, რომ ტვრთი სრულად დაზღვეული იყოს უშუალოდ ტვირთის და კონტეინერის დაზღვევასთან ერთად, აუცილებელია დაზღვეული იყოს იმ გადამზიდავის პასუხისმგებლობაც, რომელსაც ის გადააქვს. დიდი კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საქმე დაიჭიროს ისეთ გადამზიდავთან, რომელიც ზრუნავს საოპერაციო რისკებზე და ლოგისტიკას უპრობლემოდ მიხედავს და შესაბამისად, ითხოვენ სრულყოფილ ფინანსურ გარანტიებს. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ , მცირე გადამზიდავებს და ავუხსენით რა როლი აქვს მათი პასუხისმგებლობის დაზღვევას და რა სარგებელი მოაქვს დაზღვევას მათთვის, რომ გაზარდონ კლიენტების ბაზა და გაიუმჯობესონ კომერციული მდგომარეობა. მიგვაჩნია, რომ სადაზღვევო მექანიზმების სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას და მეტი ტვირთის მოზიდვას. ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდას ჩვენ მომავალშიც შევუწყობთ ხელს სხვადასხვა აქტივობით.

კონფერენციაში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოში მოქმედმა 200-მდე მცირე და საშუალო გადამზიდავმა კომპანიამ მიიღო. კონფერენციის მხარდამჭერები   „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია  „გრანთ თორნთონი“ იყვნენ.

ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და შესასწავლი საკითხების შესახებ

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი.

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს დაქვემდებარებული საკითხების შესახებ.

კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:

პირველ ეტაპზე:

  • კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ.
  • სრულად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
  • ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახით იდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია თუ არა აპარატი, რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით.
  • კომპანია კიდევ ერთხელ მოიკვლევს, ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.
  • დამატებითი შესწავლილის საგანი იქნება ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი. მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია, მხოლოდ ის მონაცემები რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის განმავლობაში. ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე, კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
  • სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან, შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა. ასევე, აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია შეცვალოს შედეგები.

მეორე ეტაპზე:

  • „Pro V&V”-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია, შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის,  პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.

მესამე ეტაპზე:

  • „Pro V&V”-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად, კენჭისყრის დღეს, ყოველ უბანზე ამოიბეჭდება  ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად.

ამასთანავე, პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.

ხელოვნურად შექმნილი მიწა ზღვაში [ერთ-ერთი ნახევარკუნძული], რომელსაც „ამბასადორი“ აშენებს
ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამ ეტაპზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსგან ითხოვს.

ამ განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში კი განსახილველად და სკოპინგის დასკვნის მისაღებად გარემოს ეროვნულ სააგენტოშია გადაგზავნილი.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ თვლის, რომ სკოპინგის დასკვნის მიღებამდე შესაძლებელია 4-5 შენობის მშენებლობა უკვე მოწყობილ [ხელოვნურად შექმნილ] ნახევარკუნძულზე, ხოლო დანარჩენი ფართობს აითვისებს სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ.

„ორ ნახევარკუნძულზე, ერთ კუნძულზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებამდე შესაძლოა განხორციელდეს არაუმეტეს 4-5 შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დანარჩენი ფართობის ათვისება განხორციელდება აღნიშნულ დოკუმენტზე სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

ამ დოკუმენტების მიხედვით, ეს 4-5 შენობა-ნაგებობა ჯამურად განთავსდება 8,4 ჰექტარზე, ხოლო 1.3 ჰექტარი გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დანიშნულების პარკის მოსაწყობად [ამჯერად სულ საუბარია 99 797 კვ.მ ფართობზე]:

სიტუაციური ნახაზი / ყვითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია [99 797 კვ.მ] სადაც „ამბასადორი“ 5 ცათამბჯენის მშენებლობის დაწყებას გეგმავს მანამდე, ვიდრე ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ეს ტერიტორია უკვე ხელოვნურად მოწყობილ მიწაზეა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
„გთხოვთ სიტუაციური ნახაზის შესაბამისად წარმოდგენილ ტერიტორიაზე ჯამური ფართობით 99 797 კვ.მ. დაფიქსირდეს შესაძლებლობა დავიწყოთ სანებართვო პროცედურები განაშენიანების დეტალური გეგმის ამ ნაწილზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად მონიშნულ ტერიტორიაზე [ჯამური ფართობით 99 797 კვ.მ.] განაშენიანების დეტალურ გეგმაში შესაძლებლად დააფიქსიროთ 5 შენობა-ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო პროცედურების წარმოება.

გარემოს ეროვნილი სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის შემდგომ დაგვიმტკიცოთ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, ხოლო განაშენიანების დეტალური გეგმა დაგვიმტკიცოთ პირობიანი ვალდებულებით. კერძოდ ის გავრცელდეს ხსენებული სექტორის მოცემულ არეალზე და დანარჩენ ნაწილზე გდგ ძალაში შევიდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სგშ-ს დამტკიცების შემდეგ“, – წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2024 წლის 27 სექტემბრით დათარიღებულ წერილში.

ზოგადად, განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში ეხება მთლიანად როგორც ასაშენებელი ნახევარკუნძულებისა და კუნძულის ტერიტორიას, ასევე ორ მიწის ნაკვეთს ბარცხანა-ბენზეს სანაპირო ზოლში. ამ ნაკვეთებიდან ერთი ბათუმის მერიის საკუთრებაშია, ხოლო მეორე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

1. ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოსაწყობად „ამბასადორზე“ გადაცემული 1 443 223 კვ/მ ტერიტორია ზღვაში [იასამნისფერი]; 2. აჭარის საკუთრებაში და „ამბასადორზე“ იჯარით გადაცემული 3 445 კვ/მ ტერიტორია [წითელი ფერით] და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პლაჟის ზოლი – 27 046 კვ/მ [ყვითელი ფერით]
პროექტის მიხედვით, „ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის [მიწის] ფართობი ჯამში იქნება 84 ჰა, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად. შეიქმნება 84 ჰა ფართობის, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნებისაგან იზოლირებული, ახალი ტერიტორია.“

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანების კონცეფცია / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

განაშენიანების კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „ხელოვნური კუნძულის ტერიტორიის გამოყენება მოხდება კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.“

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანების კონცეფცია / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

„ამბასადორის“ კონცეფციის მიხედვით, „ურბანული განვითარების კოეფიციენტებისა და ბაზრის ათვისების მაჩვენებლების გათვალისწინებით, კუნძულზე მოაზრებულია 2.36 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის განვითარება“.

ნახევარკუნძულებზე ჯამში 24 მაღალსართულიანი [40-50 სართული] შენობის აშენებაა დაგეგმილი. უშუალოდ კუნძულზე კი დაბალი განაშენიანება იქნება [ვილებისთვის].

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანების კონცეფცია / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერადაც და ადრეც დოკუმენტებში ხშირად მიუთითებს, რომ ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის შექმნა „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილი მყარი ნატანის მკვეთრად შემცირების ფონზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის და სანაპირო ტერიტორიის მიტაცების პროცესი.“

აქ აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია მდინარის [განსაკუთრებით ჭოროხის დელტასა და მის მიმდებარედ არსებული] ნატანი მასალა [ქვიშა/ხრეში] აუცილებლად იქნას გამოყენებული მხოლოდ ბათუმის სანაპირო ზოლისა და პლაჟების შესანარჩუნებლად.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ მშენებლობისთვის ხრეშის მოპოვების უფლება ჭოროხიდანაც მისცა.

ამ თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები არამხოლოდ საუბნო კომისიებში მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან, არამედ უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც გაკონტროლებენ ვითარებას, როგორც ამას საარჩევნო კოდექსი ითხოვს. ყველას არა, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციას და პოლიტიკურ გაერთიანებას დამკვირვებელი უბანთან 100 მეტრის რადიუსშიც ეყოლება.

როგორც გვეუბნებიან, გარე პერიმეტრის დამკვირვებლები შესაბამისი ტექნიკითაც აღჭურვეს, რომ დარღვევების შემთხვევაში მათი დაფიქსირება შეძლონ, გადიან ტრენინგებსაც. გარდა ამისა, კოალიციები ამზადებენ მობილურ ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულად მივლენ უბნებზე ვითარების გასაკონტროლებლად.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ეს ჩანაწერი კოდექსში ვერ სრულდებოდა, რადგან როგორც კონტროლი, ასევე რეაგირებაც არ იყო ეფექტური.

გარე პერიმეტრთან დაკავშირებით კოდექსი კიდევ ერთ შეზღუდვას აწესებს. კერძოდ, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება და მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას ექვემდებარება.

აქამდე არსებული პრაქტიკით, სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლების მობილიზებას საარჩევნო უბანთან ახლოს, მათ შორის ამომრჩევლის აღრიცხვას ვერც საარჩევნო კომისია და ვერც პოლიცია აკონტროლებდა სათანადოდ. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა თითქმის ყველა უბანზე და რეაგირება იმდენად არაეფექტური იყო, რომ დარღვევის დაფიქსირების მიუხედავად, უბანთან ამომრჩეველს კოორდინატორები უბნის დახურვამდე უპრობლემოდ აღრიცხავდნენ. ე.წ. უბნის ბიჭები კი თავის საქმეს აკეთებდნენ.

იყო შემთხვევები, როცა დამკვირვებლებმა უბანთან შეკრების დაშლის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს, ზოგ შემთხვევაზე გამოძიებაც კი დაიწყო, თუმცა რა შედეგი დადგა არ ვიცით.

„სამართლიანი არჩევნების“ ანალიტიკოსის, შოთა ნარსიას ინფორმაციით, ორგანიზაციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები უბნების გარე პერიმეტრზეც ეყოლება. კოალიციებს კი ეყოლებათ დამკვირვებლები, რომლებიც გარე პერიმეტრსაც გააკონტროლებენ და მობილური ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ უბნებზე პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში, მათივე დამკვირვებლის შეტყობინების საფუძველზე გამოჩნდებიან.

უბნიდან 100 მეტრის რადიუსში პროცესის დაკვირვების გამოცდილება ამ დრომდე მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს. ვგულისხმობთ ისეთ გამოცდილებას, როცა დამკვირვებლები საარჩევნო დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში და შედეგები ანგარიშებში ასახეს:

„გარე დაკვირვება პირველად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე განვახორციელეთ. ვგულისხმობ მთელი დღის განმავლობაში სტატიკურ დაკვირვებას, გარე პერიმეტრზე გვყავდა დამკვირვებელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა მიმდინარე ტენდენციებს და გვაწვდიდა ინფორმაციას.

წელს ვაპირებთ გაზრდილი მასშტაბით დავაკვირდეთ გარე პერიმეტრებს. ვაკვირდებოდით შუალედურ არჩევნებზეც და მიგნებები გვაქვს ამ მხრივ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია პირთა შეკრება საარჩევნო უბნის შენობიდან 100 მეტრის რადიუსში. ეს, ცხადია, არ ნიშნავს ამომრჩევლის შეკრებას, რომლებიც ხმის მისაცემად არიან მისული – იგულისხმება სხვა პირების შეკრება, რომლებიც აღრიცხავენ ამომრჩეველს ან აგიტაციას ატარებენ.

როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში გამოვავლინეთ, რომ უბნების მნიშვნელოვან ნაწილთან შეინიშნებოდა საეჭვო პირთა შეკრება. საეჭვო შეკრებაში ჩვენ სწორედ ისეთ შეკრებას მოვიაზრებდით, რაც იყო ხანგრძლივი, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, იყო კოორდინირებული და მიზნად ისახავდა აღრიცხვას, კონტროლს ან მობილიზებას. ამომრჩევლის აღრიცხვას კრძალავს საარჩევნო კანონი და მსგავსი შემთხვევებიც გამოვავლინეთ.

ასევე გამოვავლინეთ უბანთან სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და ეს გამოიხატებოდა ე.წ. ტალონების გადაცემით, განსაკუთრებით მეორე ტურისთვის, ასვე ბათუმის საარჩევნო ოლქში შეინიშნებოდა ეს ტენდენცია. სავარაუდო ფულის გადაცემის გარკვეული შემთხვევები, ეს არის ჩვენი მიგნებების ის ნაწილი, რაც სამართალდარღვევებს შეიცავს“, – გვიყვება შოთა ნარსია, „სამართლიანი არჩევნების“ უფროსი მკვლევარი.

ისევე როგორც ყოველ არჩევნებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ [საია] დააკვირდება. ამისთვის ორგანიზაცია უკვე ემზადება, თუმცა მთელი დღით უბნიდან ასი მეტრის რადიუსში დამკვირვებელი არ ეყოლება და უბნის დამკვირვებლის ინფორმაციას დაეყრდნობა. საჭიროების შემთხვევაში კი ადგილზე გავა მობილური ჯგუფი.

„დავაკვირდებით ისე, როგორც ამ დრომდე ვაკვირდებოდით, გვეყოლება უბნის დამკვირვებელი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მიმდებარედ არსებულ პროცესებსაც და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს მობილურ ჯგუფს.“

საიას ანალიტიკოსის, ნიკა ოდიკაძის თქმით, უბანთან კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ დაინტერესებული პირების კონტროლს ართულებს ისიც, რომ ხშირად კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებლები დამკვირვებლებად არიან რეგისტრირებულები და ბეიჯებით მოძრაობენ უბანთან.

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განმარტებით, წელს დამკვირვებლებს განსაკუთრებული როლი ექნებათ, რადგან „განსაკუთრებული არჩევნებია და განსაკუთრებულად იგრძნობა, რომ განსაკუთრებული ზეწოლა ხდება ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე.“

„ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ უბნებთან ყოველთვის არიან კოორდინატორები, თუ გაურკვეველი მენტალობის მქონე ადამიანები, ე.წ. ძველბიჭებს ვისაც ეძახიან, არ ვიცი მათ ნორმატიულ დონეზე რა შეიძლება ვუწოდო. ისინი რეკავენ და აიძულებენ ადამიანებს მოსვლას უბანში ან აკონტროლებენ, რომ ოპოზიციის მომხრეები არ მოვიდნენ.

ბუნებრივია, ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები აფიქსირებენ ამას, ჩვენ ვაკეთებთ შეტყობინებას და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. 100 მეტრის რადიუსში თუ არის განხორციელებული, ეს, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევაა. 100 მეტრის რადიუსს რომც გასცდეს, თუ ჩვენ დავაფიქსირებთ, რომ არის ამომრჩეველზე ზემოქმედება, ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას – ჩვენ, საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა უბანზე გვეყოლება წარმომადგენელი და ყველას ექნება ინფორმაცია, რომ მსგავსი ქმედებები დააფიქსირონ და ამაზე მოვახდენთ რეაგირებას“.

მობილური ჯგუფები ეყოლება, როგორც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, ასევე კოალიციას „ცვლილებებისთვის“.

___

ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 661 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 8 933 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 17 710 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 19 156 ერთეული [+64]
  • MLRS – 1 223 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 972 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 643 ერთეული [+65]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 615 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 102 ერთეული [+96]
  • სპეცტექნიკა – 3 364 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 013 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 544 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 743 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 020 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version