ბათუმში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წელს უნდა დაესრულებინა კომპანია „არალს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს რამდენიმე მიზეზით უკავშირებენ. ამ კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სამუშაოები ჯერაც არ დაუსრულებია.
ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში წერს, რომ შპს „არალმა“ 6 თვეში გათვალისწინებული დაფინანსების მხოლოდ 20-23 პროცენტი აითვისა. საქმე ისაა, რომ კომპანიას 10 მილიონ 763 521 ლარად ორი საბავშვო ბაღები უნდა აეშენებინა ივანე მესხის პირველი ჩიხი #7-ში და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის #33დ-ის მიმდებარედ.
მერია ირწმუნება, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ახლა კერამიკული ფილის დაგების, ფასადისა და სახანძრო სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ადგილზე შენობების დათვალიერებით ირკვევა, რომ აქ საქმე უფრო რთულადაა. შესაბამისად, მშენებლობა ოქტომბერში, დიდი ალბათობით, ვერ დასრულდება. დოკუმენტებში სწორედ ეს თარიღია მითითებული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კომპანია „არალმა“ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა [მაგალითად, მისი დაგებული გზა მალევე დაზიანდა სოფელ ივლიტაში]. თუმცა, არც ბათუმში ბაღების პროექტების გაჭიანურებისა და არც სხვა ტენდერების პირობების ვერ შესრულების გამო, მას მნიშვნელოვანი პრობლემები სახელმწიფოსთან არ შეჰქმნია.
მაგალითად, 2025- 2026 წლებში შპს „არალმა“ 25 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო.
გასულ წლებში გამოიკვეთა ასევე ფაქტები, როცა შპს „არალს“ ხელშეკრულება კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ გაუფორმეს.
რატომ უკავშირებენ კომპანიისთვის „სასათბურე პირობების“ შექმნას ბიძინა ივანიშვილთან მისი დამფუძნებლის ნაცნობობას? – საქმე ისაა, რომ სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, შპს „არალის“ ანგარიშებზე თანხა რამდენიმე ათეული მილიონით მას შემდეგ გაიზარდა, როცა დამფუძნებელმა, ოთარ თათეშვილმა ბიძინა ივანიშვილს [კონკრეტულად კი ეკატერინა ხვედელიძეს] აბასთუმანში მიწის ნაკვეთი გადაუფორმა [ამონაწერში საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაა მითითებული].
ჯერ „ქართუს“, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უწყებების მრავალმილიონიან დაკვეთებს კომპანია ერთმანეთის მიყოლებით 2019 წლიდან, ანუ მას შემდეგ იღებს, რაც ოთარ თათეშვილმა ბიძინა ივანიშვილი გაიცნო და კურორტ აბასთუმანში „რომანოვების სასახლესთან“ სასურველი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.
ამის შემდეგ კომპანია „არალმა“ ააშენა აბასთუმნის „ფილტვის ცენტრი“ და აქტიურად იყო ჩართული სანატორიუმების „ზეკარისა“ და „ცისარტყელას“ ადგილებზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმროების მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში.
ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვიდან მალევე შვილმა და ამ დროისთვის უკვე კომპანიის დირექტორმა, დემეტრე თათეშვილმა აბასთუმანში 3883 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამონაწერის მიხედვით, ქონება სახელმწიფომ უპირობო აუქციონზე გაყიდა.
ეს ნაკვეთი დემეტრე თათეშვილმა 2020 წელს სახელმწიფოს უკან დაუბრუნა და გაცვლის ხელშეკრულებით დაირეგისტრირა [ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება] 4660 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფ მერიოტთან“.
შპს „არალი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის წილებს დემეტრე, მარგალიტა, ეკა და ბექა თათეშვილები ინაწილებენ, კომპანიას დემეტრე თათეშვილი ხელმძღვანელობს. 2012 წლიდან კი ერთპიროვნულად ოთარ თათეშვილი ფლობდა. ის 2020 წელს გარდაიცვალა. შესაბამისად, კომპანიას მისი შვილები მართავენ.
ოთარ თათეშვილი თავის სიცოცხლეში უარყოფდა ბიძინა ივანიშვილთან ნაცნობობას და მისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვას, თუმცა ამას საჯარო მონაცემები ადასტურებს.
- რა მოხდა ბათუმის საბავშვო ბაღების შემთხვევაში
ბათუმის მერია ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში განმარტავს, რომ კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის დარღვევით ჩაატარა. შესაბამისად, ვერ შეძლო კვარტალური გეგმით გათვალისწინებული დაფინანსების სრულად ათვისება, რის გამოც პირგასამტეხლო დააკისრეს.
დოკუმენტის მიხედვით, ივანე მესხის პირველი ჩიხი #7-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 2 მილიონ 196 360 ლარი უნდა აეთვისებინა. აითვისა 649 292 ლარი.
„1503 კვ.მ. ფართობის, 16-ოთახიანი საბავშვო ბაღის კონსტრუქციული ნაწილის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და სახანძრო სისტემის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს“, – წერს მერია ანგარიშში.
კომპანიას ბაღის მშენებლობა დასრულებული უნდა ჰქონდეს ასევე ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის #33დ-ის მიმდებარედ.
დოკუმენტების მიხედვით, რომელიც შესყიდვების სააგენტოს პორტალზეა ატვირთული, კომპანიამ სამუშაოები ორივე შემთხვევაში 2026 წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს.
ივანე მესხის #7-ისა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის #33 დ-ს მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი ბათუმის მერიამ 2024 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 10 მილიონ 763 601 ლარი იყო. გამარჯვებულს, შპს „არალს“ ხელშეკრულება 2024 წლის 13 ნოემბერს თითქმის იგივე ფასით, 10 763 521 ლარზე გაუფორმეს. თავდაპირველი ვერსიით, კომპანიას სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა.
მშენებლობის ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებმა „ბათუმელებთან“ საუბარი და კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს – ჩვენ დასაქმებულები ვართ, კომპანიის ხელმძღვანელებს დაუკავშირდითო. აქ მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ სამუშაოების შესრულება იმის გამო დაგვიანდა, რომ მაღალი ხარისხი მიეღოთ: „ამ სამუშაოებს 5 წლიანი გარანტია აქვს, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხით იყოს შესრულებული, თუნდაც დაგვიანდეს.“

მშენებარე საბავშვო ბაღი მუსხელიშვილის ქუჩაზე

მშენებარე ბაღი მესხის ქუჩაზე
„ბათუმელებმა“ არაერთხელ სცადა კომპანიის დირექტორთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ინფორმირებული პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, „დაგვიანება მხოლოდ კომპანიას არ უნდა დავაბრალოთ, თუნდაც ის ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული, „მერიის ცოდვებიც შეისწავლეთო“.
„გაიგეთ, როდის მოგვაწოდა მერიამ პროექტი, მუშაობა რომ დაგვეწყო. ისიც მოიკითხეთ, რატომ ვერ მოგვაწოდა. გაარკვიეთ თანამედროვე სტანდარტული ბაღის პროექტი სახანძრო უსაფრთხოებას რატომ არ ითვალისწინებდა, ან ის მაინც გაიგეთ, იყო თუ არა პროექტში მითითებული, სად უნდა დაგვეერთებინა საკანალიზაციო სისტემა, რომელიც საერთოდ არ არსებობს უბანში.“
- რა გაირკვა დოკუმენტებით
„ბათუმელებმა“ ინფორმირებული პირის მონათხრობი დეტალურად გადაამოწმა და გამოარკვია, რომ მერიამ პროექტი ორი ბაღისთვის არაერთი ხარვეზით შეისყიდა. შემდგომში ეს ხარვეზები თავად შენობების პროექტის ავტორ კომპანიასთან – შპს „Georgianhouse“-სთან შეთანხმებით გაასწორეს [შპს „Georgianhouse“-მა ბაღების პროექტები მერიის დაკვეთით სხვა ტენდერის ფარგლებში მოამზადა, შემდეგ სწორედ ამ პროექტებით გამოაცხადა მერიამ ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე].
თავდაპირველად პროექტით გაურკვეველი იყო, სად უნდა დააერთებინათ ბაღის საკანალიზაციო სისტემა ე.წ. შამბოს დადგმა კი თავიდანვე გათვალისწინებული არ ყოფილა. დოკუმენტით დასტურდება ისიც, რომ მოგვიანებით გაახსენდათ სახანძრო უსაფრთხოების აუცილებლობის საკითხი და ისიც, რომ სხვანაირად ბაღი აკრედიტაციას ვერ გაივლიდა.
ბათუმის მიუხედავად ამისა, მერია თავის ანგარიშებში არასოდეს აანალიზებს შეცდომებს, რომელიც მისმა სამსახურებმა დაუშვეს და მარტივად წერს, კომპანიამ გეგმა-გრაფიკის დარღვევით აწარმოვა სამუშაოები, რისთვისაც დავაჯარიმეთო.
ბათუმის საკრებულო კი, რომელსაც ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი ევალება, მსგავს საკითხებს სიღრმისეულად არ სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ სხდომებზე არაერთხელ დააყენა საკითხი ოპოზიციამ ბაღების დეფიციტსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობა არასდროს დაინტერესებულა და სხდომაზე მერიის წარმომადგენლისთვის არ დაუსვამს კონკრეტული კითხვები პროექტების გაჭიანურების თაობაზე.
- სახანძრო უსაფრთხოება – რა დასტურდება დოკუმენტებით?
დოკუმენტებში არსად წერია, რომ პროექტით გაურკვეველია, სად უნდა დაეერთებინათ საკანალიზაციო სისტემა, რომელიც სამშენებლო ტერიტორიაზე არ არსებობს და არც მიმდებარე ქუჩაზე. თუმცა ამას შეთანხმებული ცვლილებები „ამბობს.“
„მუშაობის პროცესში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლინდა შიდა ტიხრების ზომების, კარ-ფანჯრების ნომინაციის და სხვა რიგი უზუსტობები, რომლის კორექტირების შეთანხმებას პროექტის ავტორთან დასჭირდა გარკვეული დრო. გარდა ამისა, სამუშაოების შეფერხების მიზეზი გახდა მაღალი ძაბვის გადატანაც“, – ვკითხულობთ ერთ-ერთი ცვლილების დოკუმენტში.
შესწორებების ოდენობისა და მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტის ავტორი ადგილზე არც მისულა ისე მოამზადა საბავშვო ბაღის პროექტი, ან თუ მივიდა ადგილზე ვითარება სათანადოდ არ შეისწავლა.
„მოგახსენებთ, რომ სკვერის ტერიტორიას ესაზღვრება ე.წ. ელ. ქვესადგური [„ტეპე“), რომლის მოპირკეთების სამუშაოები ვერ ხორციელდება, ვინაიდან აღნიშნულ ქვესადგურზე არსებობს მაღალი ძაბვის გამავალი საჰაერო ხაზები, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი საჭიროა ელ. მომარაგების სადგურის გათიშვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით ეცნობა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, რომელთა მხრიდანაც რეაგირება არ მომხდარა“, – წერდა კომპანია მერიას.
ერთ-ერთ დოკუმენტში ცვლილების შეთანხმების თაობაზე მერია ადასტურებს პროექტის სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას:
ამონარიდი დოკუმენტიდან:
„მიმდინარე წლის 10 თებერვალს შპს „არალმა“ განმეორებით მოგვმართა წერილობით (10/142604122-90), რომ ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი შეჩერებულია მათგან დამოუკიდებელი, ხელშემშლელი გარემოებების გამო. აღნიშნული საჭიროებს დროულ გადაწყვეტილებას, რამაც გამოიწვია სამუშაოების ტემპის შენელება და დღის წესრიგში დააყენა საპროექტო ცვლილებების აუცილებლობა, კერძოდ:
ივანე მესხის პირველ ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს მხოლოდ ლოკალური კვამლის დეტექტორებისა და სართულებზე 4 ერთეული ჰიდრანტის მოწყობას. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული მინიმალური მოთხოვნები არ არის საკმარისი სპეციფიკური დაწესებულებისთვის, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, საჭიროა ორივე ობიექტის ყველა სათავსოში მოეწყოს წყლის ავტომატური საშხეფეები (ე.წ. სპრინკლერული სისტემა).“
შემსრულებელმა მერიას შეახსენა ისიც, რომ ბაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ საჭირო იქნებოდა ავტორიზაცია, რაც შეიძლებოდა შენობას იმ სახანძრო უსაფრთხოების სისტემით ვერ გაევლო, რაც ტენდერით იყო მოთხოვნილი და შესაბამისი ხანძარმქრობის დამონტაჟება შესთავაზა:
„აღნიშნული სისტემა ხანძრის კერის გაჩენისთანავე მოახდენს მის ლოკალიზებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევაკუაციის დროის სიმცირის პირობებში. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო სისტემა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის ერთ-ერთი უალტერნატივო წინაპირობაა.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მომართვისა (11-1426040678, 09/02/2026) და „საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის თანახმად, აუცილებელია შენობაში დამონტაჟდეს ავტოსაშხეფი სისტემა, შესაბამისი სატუმბო სადგურითა და წყლის რეზერვუარით. ასევე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით სამუშაო სივრცეები, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით ხანძრის დეტექტორებითა და საგანგაშო სისტემებით.
წარმოდგენილი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ობიექტებზე სამუშაოების შეჩერება გამოწვეულია ობიექტური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორებით. ვინაიდან საბავშვო ბაღების ავტორიზაცია სავალდებულო პროცესია, ნებისმიერი გადახრა სტანდარტებიდან გამოიწვევს დაწესებულების ფუნქციონირების შეჩერებას ექსპლუატაციაში მიღებისთანავე.“
მეორე ბაღთან დაკავშირებით, რომელიც მუსხელიშვილის ქუჩაზე შენდება, კომპანია მერიას ასევე წერდა:
„ობიექტზე მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა ქმნის სახიფათო გარემოს. მოქმედი რეგულაციებით, ასეთ ზონებში მძიმე ტექნიკის მუშაობა და კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება მკაცრად შეზღუდულია ან აკრძალულია სპეციალური უსაფრთხოების დერეფნების დაცვის გარეშე“.
დოკუმენტებში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ პროექტში კრიტიკული შეუსაბამობები ფიქსირდებოდა:
-

ამონარიდი დოკუმენტებიდან
ბათუმის მერიას ვკითხეთ, რამდენად მართალია, რომ მერიას დათმობაზე წასვლა და ბაღების მშენებლობის დასრულების გადავადება პროექტში არსებული ხარვეზების გამო მოუწია. აი რა მოგვწერს მერიიდან:
„გასულ პერიოდში საბავშვო ბაღებზე სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. აღნიშნული გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობებით, რომლებშიც მითითებული იყო უხვნალექიანი დღეების რაოდენობა, როდესაც სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, საპროექტო დოკუმენტაციაში სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპზე გამოვლენილი რიგი საჭირო ცვლილებების გათვალისწინებით.
საბოლოოდ, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 25 აგვისტო. თუმცა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი რესურსებისა და მუშახელის საჭირო მობილიზება, რის შედეგადაც, დღეის მდგომარეობით, სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
შესაბამისად, კომპანიას 25 აგვისტოდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე ერიცხება ყოველდღიური პირგასამტეხლო.“

საბავშვო ბაღი მესხის ქუჩაზე – მიმდინარე სამუშაოები






