რა საქმეებს დაუდებენ ექსპრეზიდენტის სიძეს პროკურატურაში

გენერალური პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიზნესმენს გია ჯოხთაბერიძის [ედუარდ შევარდნაძის სიძე] დაკავება გამოიწვია მისმა საეჭვო საქციელმა, კერძოდ მას აკრძალული ჰქონდა საქართველოს დატოვება. მიუხედავად ამისა, ჯოხთაბერიძემ აეროპორტის სამთავრობო გასასვლელით ისარგებლა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და უპრობლემოდ დაჯდა აირზენას კუთვნილ თვითმფრინავში. სამართალდამცავებმა მისი ქმედება გაქცევის მცდელობად შეაფასეს და ჯოხთაბერიძეს მოსთხოვეს ლაინერის დატოვება. იგი ამ მოთხოვნას არ დასთანხმდა და მას თვითმფრინავი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

გია ჯოხთაბერიძის დაკავებას წინ უსწრებდა მისი გამოძახება პროკურატურაში და ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვა. შევარდნაძის ქალიშვილი მანანა ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახი ფიქრობს, რომელიმე ქვეყნას პოლიტიკური თავშესაფარისთვის მიმართოს.

გია ჯოხთაბერიძე იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც ბაზარზე კომპანია „ჯეოსელის“ ძირითადად კონკურენტად ითვლებოდა, გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი კი წლების მანძილზე „ჯეოსელის“ ინტერესებს იცავდა და, სავარაუდოდ, „მაგთის“ საქმიანობის შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაციაც ექნება შემონახული. კულუარული წყაროს ცნობით, ჯოხთაბერიძეზე მასალები გამოძიებამ პატიმრობაში მყოფი რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფისაგან, აკაკი ჩხაიძისაგან მიიღო. როგორც ამბობენ, პროკურატურა ჯოხთაბერიძეს მხოლოდ რამდენიმე საქმეში შეიძლება მოედავოს.

პირველი და ყველაზე მთავარი ეს არის ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიებზე ზეწოლა. თუ ადრე ჯოხთაბერიძე პრეზიდენტის სიძე იყო და რაღარც-რაღაცეები ეპატიებოდა, ახლა ის უკვე რიგითი ბიზნესმენია, სხვებისგან არაფრით გამორჩეული და ამიტომ მას პასუხისგება ძველი „შეღავათების“ გამოც მოუწევს. პროკურატურამ უკვე დაკითხა „ტელეკომის“ ხელმძღვანელი გურამ ხმალაძე, რომელმაც დაადასტურა, ჯოხთაბერიძის მხრიდან ზეწოლა, რამაც „ტელეკომის“ გაკოტრება გამოიწვია. პროკურატურის კულუარებში ტრანსპორტის ექს-მინისტრის, მერაბ ადეიშვილის გვარსაც ასახელებენ. ადეიშვილს ერთ-ერთ მოადგილედ ჯოხთაბერიძემ ახლობელი დაანიშვნინა და სწორედ მისი მეშვეობით აკონტროლებდა კომუნიკაციების ბაზარს. სიტუაცია რომ არ არეულიყო, ჯოხთაბერიძე გაფართოებას და დამატებითი სიხშირეების შეძენას აპირებდა.

ჯოხთაბერიძეს და „მაგთის“ პროკურატურა, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან დადებული კაბალური ხელშეკრულებების გამოც შეიძლება მოედავოს.

ამ ხელშეკრულებებით მხოლოდ „მაგთი“ ხეირობდა, სახელმწიფო ორგანიზაციები კი კაბალურ პირობებში ვარდებოდნენ, მაგრამ რაკი პრეზიდენტის სიძის ბიზნესი იყო, ხმას არავინ იღებდა.

მეორე და ყველაზე გახმაურებული ბრალდება კომპანია „აზოტს“ უკავშირდება. „აზოტი“ ჯოხთაბერიძესთან დაახლოებულმა კომპანიამ, „ალსოტრანს ინტერნეიშნლმა“ შეიძინა.

როგორც ამბობენ, ამ კომპანიის გამოყენებით ჯოხთაბერიძემ ხელი შეუწყო „აზოტის“ ვალების გაზრდას. „ალსოტრანს ინტერნეიშნლი“ „აზოტს“ სხვადასხვა პროდუქციას აწვდიდა, მაგრამ აზოტი მას ამ პროდუქციაში ფულს ვერ უხდიდა. საბოლოოდ კი, აზოტს ვალი, ჯარიმების ჩათვლით, 70 000 მილიონი დაუგროვდა და ის გაიყიდა. მყიდველის უკან ჯოხთაბერიძეს მოიაზრებდნენ.

გია ჯოხთაბერიძე არის „მაგთი“ ჯგუფის მფლობელი, მისი კომპანია სამ სექტორში მოღვაწეობს:

  1. „მაგთი კომი“, რომელიც საქართველოში მობილური სატელეფონო კავშირის უძლიერესი კომპანიაა, იგი დაარსებულია ამერიკული კომპანია „მეტრომედიის“ მონაწილეობით.
  2. კომპანია „მაგთი ენერჯი ენდ ქიმიკალს“ – ენერგეტიკის სფეროში აქტიურად მოქმედებდა და მონაწილეობას რუსეთიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებაში საშუამავლო ფირმა „კატეკის“ მეშვეობით.

„მაგთი ენერჯი ენდ ქიმიკალს“ ცდილობდა მონაწილეობა ქიმიურ წარმოებაშიც მიეღო – კონკრეტულად იგი ცდილობდა „აზოტის“ ქარხნის შეძენას. მან ერთხელ მოიგო ტენდერი აზოტის პრივატიზებაზე. თანხა იმდენად მინიმალური იყო (100. 000 დოლარი), რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ტენდერის შედეგები გააუქმა.

მაგთი ჯგუფის კიდევ ერთი განშტოებაა ფრანგებთან ერთობლივი კომპანია „მაგთი-ენტრაპოზი“, რომელმაც სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი მოიგო.

მაგთის ერთ-ერთი პატარა განშტოებაა „მაგთივინი“, რომელიც მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს ამზადებს.

თბილისში აბაშიძის მხარდამჭერები დააკავეს

12-კაციანი ჯგუფი თავისი აზრის დასაფიქსირებლად თბილისში ჩავიდა და იქედან, უფრო კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, როგორც თავად აცხადებდნენ – გადაწყვეტილი ჰქონდათ „ხმა მიეწვდინათ ფართო საზოგადოებისათვის“ და ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად გზები ერთობლივად დაესახათ. „ყველა რევოლუციას თითო ავტონომია შეეწირა. აჭარის დაკარგვის საშიშროებასაც ქმნიან. ყოველგვარი მოწოდება „ძირს აბაშიძე“, „ძირს სააკაშვილი“ უკანონოა… რა ჯობს ახალგაზრდების გაერთიანებას? ვერაფერი აღვიდგება ჩვენ წინ“ – განაცხადა ახალგაზრდული კავშირის  „მშვიდობის“ წევრმა ბექა გოგოსაშვილმა.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდების დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი სასტუმრო „აჭარადან“ „აღორძინების“ ოფისისაკენ მიემართებოდნენ, საიდანაც დაგეგმილი ჰქონდათ ბათუმში გამომგზავრება. გზაში მათ სამმა მანქანამ გზა გადაუკეტა, რომლებიდანაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები გამოვიდნენ და ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ბრალდების გარეშე წაიყვანეს სამმართველოში. თვითმხილველების თქმით, ეს მოვლენა უფრო გატაცებას ჰგავდა. დაკავებულ პირებს შორის იყვნენ: მარიამ გუდავა, ანა კალანდაძე, სულხან ხაბაძე, მერაბ მიქელაძე და ლაშა ჩახვაძე. რამდენიმე საათში გუდავა, კალანდაძე და ხაბაძე გამოუშვეს, ხოლო დანარჩენი ორი სავარაუდოდ გენპროკურატურაში გადაიყვანეს.

როგორც გუშინ, „დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ თბილისის ორგანიზაციაში განმარტავდნენ, მიქელაძე და ჩახვაძე სასტუმრო „აჭარასთან“ ავტომატით შეიარაღებულმა სამმა სამართალდამცველმა დაახლოებით 12.30 საათზე დააკავა. მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

გუშინვე გავრცელდა, რომ პოლიციას ინფორმაცია ამ ახალგაზრდების შესახებ ბათუმელმა „კმარელებმა“ მიაწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს ის პირები არიან, რომლებიც ბათუმში „კმარას“ ოფისებს არბევდნენ და იარაღსაც ატარებენ.

თბილისში ახალგაზრდების დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას არც აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში ფლობდნენ. „ჩვენ ვეძებთ ამ ბავშვებს. მათ ადგილსამყოფელს ვერ მივაგენით. სხვა სტუდენტების თქმით, ისინი პროკურატურაში მიიყვანეს. დავუკავშირდით პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ეს ახალგაზრდები აქ არ არიან. მე მათ ვთხოვე, გარკვეულიყვნენ საქმეში. შეიძლება გატაცებულებიც არიან. გოგონები, ვინც ამ ორ ბიჭს ახლდნენ ამტკიცებენ, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან, თუმცა ფორმით არ იყვნენ. მე ვესაუბრე ბატონ შოთა ასათიანს და ვთხოვე დაედგინათ ბავშვების ადგილსამყოფელი“, – განაცხადა გუშინ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ.

მოგვიანებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დაადასტურეს, რომ აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის მხარდამჭერი ორი ბათუმელი სტუდენტი მერაბ მიქელაძე და ლაშა ჩახვაძე იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

ვაკე-საბურთლოს შს სამმართველოს უფროსის ზურაბ გავაშელაშვილის თქმით, პოლიციას „ელსმენით მოქალაქემ შეატყობინა, რომ ერთ-ერთი მანქანით გადაადგილდებიან მოქალაქეები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ჰქონოდათ“. გავაშელაშვილის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს აღმოაჩნდა „მაკაროვის“ სისტემის იარაღი, მეორეს „ნაგანის“  სისტემის რევოლვერი. თუმცა, დაკავებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი სანქციის გარეშე დააპატიმრეს.

ბოლო ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ მიქელაძე და ჩახვაძე „ბუკიას ბაღთან“ დააკავეს. მათი ადგილსამყოფელი კი რამდენიმე საათის მანძილზე უცნობი იყო.

მიქელაძესთან და ჩახვაძესთან ერთად მყოფმა ბათუმელმა ახალგაზრდებმა პრესკონფერენცია გამართეს „დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ თბილისის ორგანიზაციაში და საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ. როგორც პარტიის თბილისის ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს ფაქტი „ბათუმში მიმდინარე მოვლენების გამო ერთგვარი სამაგიეროს გადახდაა“.

„ეს არის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ აჭარის მიმართ გამოცხადებული ომი“ – ამბობს ბექა გოგოსაშვილი და ირწმუნება, რომ უდანაშაულო ხალხის დაჭერა ბინძური  პოლიტიკური შეკვეთაა.

სხვათა შორის, გუშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამაც გააკეთა. „ჩემთვის უცნობია ვინ არიან დაკავებულები. ამ საკითხს შევისწავლი, ალბათ აღნიშულ ქმედებას საფუძველი ჰქონდა“, – თქვა პრემიერმა.

ბერძენიშვილსა და ჟვანიას აბაშიძის რეჟიმი აერთიანებს

ზურაბ ჟვანიას მიერ გაკეთებული განცხადებით ის, ვინც მის შესახებ „ამ ბოლო პერიოდში გესლიან განცხადებებს აკეთებდა, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება“. იგი მათგან ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვს. ჟვანიამ პირველ რიგში მინიშნება დავით ბერძენიშვილზე გააკეთა. არსებობს თუ არა დავით ბერძენიშვილის სიიდან ამოვღების შესაძლებლობა? – „გაზეთი ბათუმელები“ დავით ბერძენიშვილს ესაუბრება:

ეს არა მხოლოდ მინიშნება იყო, არამედ პირდაპირ დამასახელა კიდეც. მე არ ვაპირებ სიტუაციის გამწვავებას, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არის პოლიტიკური ძალების ერთიანობის საჭიროება, რომელთაც აიღეს პასუხისმგებლობა რევოლუციაზე. ამიტომ ელემენტარული წესია პოლიტიკის, უნდა ვცნოთ ერთმანეთის უფლება. განსხვავებულ პოლიტიკურ წარსულზე, მითუმეტეს რევოლუციის შემდგომ პერიოდში, რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები მე მისთვის არ წამიყენებია. მე ვვარაუდობ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება და ამ გაერთიანებაში იქნებიან, როგორც ჟვანიას გუნდის წარმომადგენლები, ისე „რესპუბლიკელები“. ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ, ყველაზე რთულ და გადამწყვეტ სტადიაში, გაუგებარი იქნებოდა აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩემი არ ყოფნა ამ სახელისუფლო გაერთიანებაში. მოლოდინი ბათუმში დიდია იმისა, რომ ასლან აბაშიძე აღარ იქნება უახლოეს ხანებში და, რა თქმა უნდა, ბათუმელებისათვის ჩემი ყოფნა ამ გაერთიანებაში მნიშვნელოვანი დამაიმედებელი ფაქტორი იქნება. ის მბჟუტავი იმედი, რაც ასლან აბაშიძეს და მის გარემოცვას გაუჩნდა ჟვანიას ამ განცხადების შემდეგ, ვფიქრობ ხვალვე ჩაქრება.

თქვენ აჭარის ხელისუფლებასთან ყველაზე შეურიგებელი პოლიტიკური პერსონა ხართ, ამის გამო ხომ არ დაუპირისპირდით თქვენი და ჟვანიას ერთმანეთს?

მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჟვანია ბათუმელების წინაშე. სრულიად გაუგებარი იქნება წარსულში რაღაც გაუგებრობაზე საუბარი, როცა წინ არის ბრძოლა აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჟვანიას მხრიდან აბაშიძესთან გარიგება არ არის შესაძლებელი, შესაძლოა ზურაბ ჟვანიას მისი პოლიტიკური წრის წარმომადგენლების უზრუნველსაყოფად, [რამდენიმე მათგანზე არის პრეტენზიები „ნაციონალური მოძრაობიდან“], დასჭირდა კენჭი ესროლა ჩვენს ბანაკში. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მაინც გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ასლან აბაშიძის რეჟიმი. ჩემს ინტერესებში შედის ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან მქონდეს პარტნიორული ურთიერთობები აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რამდენად სტაბილურიანაცმოძრაობადღეს და კობა დავითაშვილის შემდეგ, ხომ არა არის მოსალოდნელი მისი გახლეჩა?

ბუნებრივია, მტკივნეული პროცესია, როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შედის „გაერთიანებული დემოკრატების“ საკმაოდ დიდი ჯგუფი. პრაქტიკულად „გაერთიანებული დემოკრატები“ პარტიულად უერთდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ პროცესს ახლავს მისი პრობლემები. მაგრამ ეს პრობლემები „რესპუბლიკელებს“ არ გვეხება. ჩვენ ვიყავით სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ უახლესი პარტნიორები და ჩვენ ვრჩებით სააკაშვილის გაფართოებული „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორებად. მითუმეტეს აბაშიძის რეჟიმთან მიმართებაში სრულიად ნათელია ჩვენი ერთობის საჭიროება.

რამდენად ქმედითუნარიანია ახალი ხელისუფლება?

მე მაქვს სრული ნდობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აბაშიძის რეჟიმთან დამოკიდებულებაში. ყველა ის საკითხი, რაც პრეზიდენტის პრეროგატივაა, საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯარის გაძლიერება მიდის იმ მიმართულებით, რომელსაც მე ვიზიარებ. სააკაშვილთან ერთად 2 წელი წარმატებით ვთანამშრომლობდით, ჩვენ ერთად მოვიგეთ საკრებულოს არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, ერთად ჩავატარეთ მიტინგი ბათუმში 23 ოქტომბერს და ერთად ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს.

საარჩევნო სიებზე რას გვეტყვით, რა სიებით ჩატარდება აჭარაში არჩევნები?

არავინ არ ჩაატარებინებს აბაშიძეს არჩევნებს 300 ათასი ამომრჩევლით, რადგან ასეთი სიები არ არსებობს. ეს არის აბაშიძის მორიგი მცდელობა, რომ მიითვისოს ხმები. აბაშიძე იძულებული იქნება ან შეეგუოს იმას, რომ არჩევნები გამჭვირვალე იყოს, ეს მისთვის ძალიან მძიმე იქნება, ან ამუშავდება საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ამ დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

აჭარაში განვითარებულ მოვლენებზე რას იტყვით და რა შედეგები მოყვება აქ მიმდინარე პროცესებს?

აბაშიძე მოვიდა ნოდარ იმნაძის სისხლით, ჩვენ მას გავისტუმრებთ უსისხლოდ. ასლან აბაშიძე სისხლის ღვრის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.

რას იტყვით თბილისში დაკავებულიაღორძინებისმომხრე სტუდენტების თაობაზე?

მე მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რასაც აცხადებენ ბათუმელი „კმარელები“, რომ ეს ხალხი მათ დარბევაში მონაწილეობდნენ და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ იარაღი. მე არ მაქვს შესაძლებლობა შევამოწმო ეს ინფორმაცია. ისე, ბათუმში ჯერ კიდევ სხედან პოლიტპატიმრები და უპირველეს ყოვლისა მათი ბედით უნდა დაინტერესებულიყო ის ხალხი, ვინც პრეტენზიებს უყენებს ცენტრალურ ხელისუფლებას.

თუკი გაგრძელდება ზურაბ ჟვანიას მხრიდან თქვენი იგნორირება, როგორ  გააგრძელებთ ბრძოლას?

მე არ განვიხილავ იმ ვარიანტს, რომ არ ვიქნები საპარლამენტო სიაში, რადგან ეს დააზარალებს აბაშიძის საწინააღმდეგო მოძრაობას, თორემ მე პარლამენტშიც ვყოფილვარ და მის გარეთაც. საზოგადოებრივი აქტიურობა არ არის მაინცდამაინც პარლამენტზე დამოკიდებული. მე მაინც შევინარჩუნე ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა ჩემდამი. მაგრამ დღეს არის სხვა ეტაპი. აბაშიძის რეჟიმის ჩამოშორებას განსაზღვრავს ის, თუ ჩვენი წრე, „რესპუბლიკელების“ ჯგუფი, რამდენად მძლავრად იქნება წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ბათუმი იქნება აბაშიძის გარეშე.

ეროსი კიწმარიშვილს დაუფასეს – სავაჭრო პალატაში გადაიყვანეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ პალატის პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომაზე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი აირჩიეს.

კიწმარიშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე ერთადერთი იყო, ვინაიდან ორშაბათს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი გეგეშიძემ მოხსნა.

ეროსი კიწმარიშვილი პირადად წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

მისი თქმით, კიწმარიშვილის წარდგენის საქმეში მთავარი როლი ითამაშა იმ ფაქტმა,  რომ იგი არის ენერგიული, თანამედროვე პირობებს მორგებული ბიზნესმენი, რომელიც ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალე ბიზნესს აწარმოებდა

ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილის როლი „ვარდების რევოლუციაში“ მნიშვნელოვანია, თუმცა იქვე დასძინა, რომ იგი ის ადამიანია, ვინც შეძლებს სავაჭრო სამრეწველო პალატის საჭირო სიმაღლეზე დაყენებას და მთავარი  პრიორიტეტი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება.

როგორც სხდომაზე გამოსვლისას ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, მას, მეგობრებთან ერთად, ალბათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის „ვარდების რევოლუციაში“ და მიაჩნია, რომ ქვეყნისა და ხალხის მომავალი ბედი პირადად მისი და მისი მეგობრების სინდისზეც იქნება.

წარსულში საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატას წლების განმავლობაში ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა.

 

როდის გვექნება შუქი უფასოდ

აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტის შესახებ, აბაშიძემ ბათუმის აეროპორტშივე ისაუბრა და აჭარის მოსახლეობას სამი თვით უფასო ელექტროენერგიას დაპჰირდა. ხალხი უფასო შუქს მიმდინარე კვირის ორშაბათიდან ელოდა. თუმცა, მოლოდინი გაცრუვდა. სხვათა შორის, ამ კვირას მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად  დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის ორიოდსაათიან მოწოდებაშიც სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

იქნება თუ არა დაპირებული უფასო დენი.

როგორც აჭარის ენერგოკომპანიაში აცხადებენ, უფასო ელექტროენერგია აუცილებლად იქნება, ოღონდ როდის, ვერ აკონკრეტებენ. როგორც ცნობილია, დაპირებული 100 მეგავატი, აჭარას რუსეთიდან უნდა მიეწოდოს. ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად კი, გასულ პარასკევს ბათუმში რუსი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ისინი აჭარის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

„გაზეთი ბათუმელები“ აჭარის ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს ოთარ გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსი კოლეგები კომპანიის დირექტორს შეხვდნენ და მათი ჩამოსვლის მიზანი ამ ეტაპზე, ძირითადად მაინც, აღნიშნული საკითხის ირგვლივ მოლაპარაკება იყო. „იმხელა ბიუროკრატიული გზებია გასავლელი… ჯერ ერთი მთავრობაში, ზემო ინსტანციებში, შემდეგ დაბლა, საფინანსოებში. განკარგულება უნდა გაიცეს ცენტრალურ სადისპეჩეროში, შემდეგ კრასნოდარის სადისპეჩეროში უნდა მოხდეს შეთანხმება და სხვ. ამას სჭირდება დრო, რის გამოც, რუსეთიდან მინიმუმ მიმდინარე კვირის ბოლომდე მაინც, ვერანაირად ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიღება“, – განაცხადა ოთარ გოგიჩაიშვილმა.

როგორც დავადგინეთ, დენის მოწოდების საკითხი მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამთავრობო შეთანხმება უკვე არსებობს, ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივ დონეზეა გადასაწყვეტი. აჭარის ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ გამორიცხული არაა კომპანიის დირექტორს, გიორგი თავაძეს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მოსკოვში ჩასვლა მოუწიოს.

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე მოლაპარაკებებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაც აწარმოებს. საუბარია დაახლოებით 400 მეგავატზე, რომელსაც ახლა 100 მეგავატი უნდა დაემატოს. ანუ, რუსეთიდან მოწოდებული, მათ შორის აჭარის კუთვნილი ენერგია მთლიანად საქართველოს სადისპეჩეროდან უნდა გადანაწილდეს.

აჭარის ენერგოკომპანიაში მიაჩნიათ, რომ სადისპეჩეროდან ელექტროენერგიის გადანაწილებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოშვას. თუმცა, კონკრეტულად რა და როგორ, ამის შესახებ კომპანიაში ვერაფერს ამბობენ. მითუმეტეს, რუსეთიდან დენის იმპორტის დაწყებისთანავე მაქსიმალურად შემცირდება ენერგიის გამომუშავება ენგურზე. რაც შეეხება აჭარას, იგი ენგურჰესიდან ელექტროენერგიას აღარ მიიღებს. ენერგოკომპანიაში თვლიან, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს სადისპეჩეროდან აჭარა მისთვის საჭირო 80 მეგავატს აუცილებლად მიიღებს.

ელექტროენერგიის მიღებისათვის საჭირო ყველა საკითხის მოგვარების შემდეგ რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ უნდა მიეწოდოს. საფასურს ერთი ვერსიით მოსკოვის მერია გადაიხდის, მეორე ვერსიით კი, გამორიცხული არაა ამ საქმეში გერმანული მხარეც ჩაერთოს.

ავტონომიურ რესპუბლიკას დღეისათვის მინიმუმ 80 მეგავატი მაინც სჭირდება.

P.შ. ვიდრე მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაპირებულ უფასო ენერგიას ელოდება, მანამ ფასიან დენს ითხოვს. გუშინ უშუქობით გამწარებულმა ანგისის მცხოვრებლებმა რამოდენიმე წუთით ბათუმი-სარფის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს.

„ქოლგიანი დელფინი“ ავტორს აღარ მოსწონს

ბათუმის სანაპიროსთან დელფინები ძალიან იშვიათად ჩნდებიან, მათ არც დელფინარიუმში „სწყალობენ“ და ბათუმის ემბლემად მიჩნეული ქოლგიანი დელფინიც ცოცხლების გზას გაუყენეს.

„გაზეთი ბათუმელები“ ემბლემის ავტორს ავთო ლომაძეს ესაუბრა.

ბატონო ავთო, როგორ გაჩნდა ბათუმის ემბლემად ქოლგიანი დელფინის იდეა?

80-იან წლებში ჟურნალ „ჭოროხის“ მხატვარ-გამფორმებელი ვიყავი. ჟურნალის ემბლემაზე მუშაობისას, ერთ-ერთ ვარიანტად რედაქტორს  დელფინი ჰქონდა. ალი სამსონია წვიმის მოყვარული იყო. წვიმაზე ნაწარმოებებიც ჰქონდა დაწერილი. გარდა ამისა, ბათუმის დელფინარიუმთან ყოველთვის რიგი იდგა. გამიჩნდა იდეა დამეხატა დელფინი ქოლგით. შემდეგ სამსონიამ მითხრა ბათუმის ემბლემა-ჰერალდიკის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მეორე ადგილი ავიღე, 50 მანეთი მომცეს პრემიად. რატომღაც ჩემი ესკიზი ხალხში დამკვიდრდა, ისე ჰერალდიკა მე არ შემისწავლია.

მაგრამ თქვენი ემბლემა მაინც ბათუმის ჰერალდიკად დამკვიდრდა.

ხალხმა რატომღაც აიტაცა და შეიყვარა. მაშინ ბევრი რამ კეთდებოდა ამ ემბლემით – სამკერდე ნიშნები, ჩანთები. მაშველების სადგური მოიხატა ქოლგიანი დელფინით. დღეს უკმარისობის გრძნობა მრჩება ჩემსავე ნამუშევარზე, გული მწყდება. რომ მცოდნოდა ასე აიტაცებდა ხალხი… ახლაც მგონია, რომ რაღაც აკლია, – მოძრაობა, ელასტიურობა. ეს იყო ნაჩქარევად, ესკიზის დონეზე გაკეთებული. ქართველებს წესად გვაქვს, საქმეს ბოლომდე არ ვაკეთებთ, ვჩქარობთ. მოკლედ, ქოლგიანი დელფინი არ მომწონს, დაუსრულებელია, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. 10 წელია ხელში კალამი არ ამიღია. დღეს ხელი აღარ მემორჩილება. როცა ბარავ, ყანას თოხნი, ხელი უხეშდება.

მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ „განიარაღდა“

მოძრაობამ „ნათელი მომავლისათვის“ ამ დღეებში ბათუმში ორიგინალური აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა სათამაშო იარაღები სიმბოლურად გაანადგურეს. მათ ამით ერთგვარი განაცხადი გააკეთეს, რომ ისინი უიარაღონი არიან და მშვიდობიანი გზებით შეეცდებიან იმ მიზნების მიღწევას, რაც მოძრაობას აქვს დასახული.

მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ რამდენიმე NGO-სა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. როგორც ცნობილია, მათი ინიციატივით აჭარაში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე მოთხოვნით: გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა აჭარაში; დათხოვნილ იქნეს აჭარის პარლამენტი და ჩატარდეს ვადამდელი, სამართლიანი არჩევნები.

„ჩვენ დავყარეთ იარაღი, ამით გვინდოდა გვეთქვა, რომ ვართ უიარაღონი და ამასთან მზად ვართ კანონით დაშვებული ყველა ფორმით მივაღწიოთ მიზანს. ჩვენ არსებული, გამოუქვეყნებელი კონსტიტუციის მოთხოვნას ვითვალისწინებთ, მაგრამ 50 000 ხელმოწერას მაინც შევაგროვებთ, ხელისუფლება იძულებული იქნება ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, – განაცხადეს „გაზეთ ბათუმელებთან“ მოძრაობის წევრებმა.

ამასთან, „განიარაღების“ აქცია პროტესტის პირდაპირი გამოხატულება იყო იმაზე, რასაც ავტონომიის ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ სამოქალაქო პირებზე იარაღის დარიგება ჰქვია.

„ჩვენ ვაჩვენეთ მოწინააღმდეგე მხარეს, რომ ვართ განიარაღებულები და თუ იქნება მცდელობა ძალადობისა, ყველა პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ… ხელისუფლების მხრიდან აქტიურად საუბრობენ, რომ შეიძლება მოხდეს ომი, სისხლისღვრა და ა.შ. აქ როგორ შეიძლება მოხდეს ომი, როცა ერთ მხარეს აქვს იარაღი და მეორეს არა – ეს ომი აღარ იქნება… ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქალაქი ნებისმიერი პროვოკაციისაგან, ძალადობისგან თუ აგრესიისგან“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ამ აქციაზე ფარგლებში, რამდენიმე წლის შემდეგ, ბათუმის ქუჩებში პირველად გამოჩნდა ქალაქის ემბლემად მიჩნეული ქოლგიანი დელფინი.

მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქოლგიანი დელფინი ადამიანებში აღძრავს დადებით ემოციებს და როგორც ბათუმელები, ასევე არაბათუმელები, ამ ემბლემის ირგვლივ გაერთიანდებიან. ბათუმი დღეს არის პასიური, ამ გაერთიანებით კი იგი უფრო აქტიური გახდება. მათი აზრით, ქალაქმა დაკარგა თავისი სულისკვეთება.

„ჩვენ არწივოსნები კი არა, დელფინელები ვართ. ჩვენი სურვილია, რომ დადებითი ემოციის ქვეშ ყველა მოქალაქე, საზოგადოების წევრი, ვისაც ბათუმელი, საერთოდ, აჭარაში მცხოვრები ჰქვია, გაერთიანდეს, რათა შემდგომში მზად ვიყოთ იმ დიდი ცვლილებებისათვის, რასაც ეს მოძრაობა ისახავს მიზნად. ეს მხოლოდ ქალაქის სიმბოლიკის დაბრუნება არ არის“, – აცხადებენ ისინი და დასძენენ, – „გვინდა გავახსენოთ ხალხს ის სილამაზე და იმ მოგონებით წავიდეთ წინ. დღეს ამიტომ გამოჩნდა დელფინიანი დროშები – ბათუმის სიმბოლიკა. ბათუმი აერთიანებს აჭარას. აქედან იმართება საღი აზროვნება, ინტელექტი. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ დემოკრატიული მმართველობის პრინციპები, შევქმნათ თავისუფალი, კონკურენტუნარიანი გარემო, რათა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს თვითრეალიზაციის საშუალება…“

პრესსამსახური დამოუკიდებლობას კარგავს

პრეზიდენტის პრესსამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შევა. აღნიშნული სამსახური სტრუქტურულად გამარტივდება და რაოდენობრივადაც შემცირდება.

სახელმწიფო კანცელარიაში აკრედიტებულ ჟურნალისტებს კი მესამე სართულის ზემოთ სპეციალური საშვის გარეშე ასვლა აეკრძალებათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ჩუბინიშვილი ამტკიცებს, რომ ახალი გადაწყვეტილება ჟურნალისტებს მუშაობას გაუადვილებს.

მისი თქმით, გაკეთდება სპეციალური პრეს-ოთახი, სადაც ჟურნალისტებს მუდმივად ყოფნის და ნორმალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ.

„ჟურნალისტებს აღარ მოუწევთ სართულებზე სირბილი და ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო მოხელეებზე ნადირობა“, – აღნიშნა მან.

ჩუბინიშვილის ინფორმაციით, დაიდგმება სპეციალური ტრიბუნა, ხოლო პრესსამსახური უზრუნველყოფს ჟურნალისტებისათვის საინტერესო ნებისმიერი თანამდებობის პირის ჩამოყვანას და ბრიფინგის მოწყობას.

შინაგანი ჯარების უფროსს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ

მოქალაქეები ნიაზ მიქელაძე და ქაზიმ სურმანიძე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი 2060-ს მეთაურს, მიწის ნაკვეთის მიტაცების თაობაზე უჩივიან. მომჩივანთა მტკიცებით, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილი 2060-ის მეთაურმა მურად ცინცაძემ, მათ ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობისაგან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით წაართვა.

პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და დაზარალებულები გამართლდა.

ცინცაძე, რა თქმა უნდა, პოზიციას არ თმობს, გადაწყვეტილებას აჭარის უმაღლეს სასამართლოში ასაჩივრებს და ტერიტორიას შეიარაღებული რაზმით იცავს.

ნიაზ მიქელაძის განცხადებით, მან 1994 წელს საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობასთან, რის საფუძველზეც 2900 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადაეცა. მისი თქმით, 2002 წლის ოქტომბერში შინაგანი ჯარის ნაწილმა, ძალის გამოყენებით, 2200 მეტრი მიწა ჩამოაჭრა. 2003 წლის 2 თებერვალს კი მურად ცინცაძემ, შეიარაღებული ჯარისკაცების გამოყენებით, მთლიანად წაართვა ეს ტერიტორია. „მურად ცინცაძე ჩვენთვის მიწის წართმევის მოტივად იმას ასახელებს, თითქოს ასლან აბაშიძეს უთქვამს, რომ ეს ტერიტორია მისია. არა მგონია ასლან აბაშიძეს მისთვის ეთქვას, რომ მიქელაძე და სურმანიძე გამოაგდე და მათი ტერიტორია დაისაკუთრეო. ამ მიწაზე ვაკეთებდი ბენზინგასამართ სადგურს, მაგრამ მუშაობა შემაჩერებინეს“, – აცხადებს ნიაზ მიქელაძე.

აჭარის უმაღლეს სასამართლოში გამართულ პროცესზე შინაგანი ჯარების წარმომადგენელმა ზურაბ მამულაძემ ამის თაობაზე შემდეგი განაცხადა: „1994 წლის 16 აგვისტოს, აჭარის მინისტრთა საბჭომ გადმოგვცა 44-ე პროფტექნიკუმის შენობა-ნაგებობები და მიმდებარე ტერიტორია – მიწის ნაკვეთი 9 ჰექტარის ოდენობით. არსებული ნახაზისა და ამ განკარგულების მიხედვით 9 ჰექტარი აღნიშნულ ობიექტზეც გადის. ჩვენზე გადმოცემულ ტერიტორიას არაფერი ესაზღვრება – მოიცავს ტაბიძის, ლეონოძის, აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთს და მიემართება მახვილაურის მეურნეობისაკენ“.

მახვილაურის მეურნეობა ადმინისტრაციულად ხელვაჩაურის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ ბათუმის განაშენიანების შემდეგ იგი ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. შინაგანი ჯარის უფროსი, მიქელაძის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, საკუთრების პრეტენზიას იქიდან გამომდინარე აცხადებს, რომ თითქოს ეს მიწა 44-ე პროფტექნიკუმის საკუთრება ყოფილა.

ნიაზ მიქელაძე ამას არაფრად დაგიდევს და მურად ცინცაძეს თვითნებობაში ადანაშაულებს. „მიწა როდესაც გადმოგვცეს, მაშინვე რატომ არ ამოიღო ხმა? თუ მისი იყო ტერიტორია, თავად გაეკეთებინა ჩვენთვის იჯარა, ან უარი ეთქვა. ჩვენ მიწა უკანონოდ არავისთვის წაგვირთმევია, მახვილაურის მეურნეობამ მოგვცა. ცინცაძემ კი ძალის გამოყენებით წაგვართვა“.

დაზარალებულის განცხადებით ცინცაძეს ამ ტერიტორიაზე ამბიციები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. იგი ეჭვობს, რომ შინაგანი ჯარის ხელმძღვანელს უბრალოდ წილში ჩაჯდომა უნდა. „თუ აქამდე შინაგანი ჯარი ექვსნახევარ ჰექტარს ფლობდა, ახლა გაუხდა 9 ჰექტარი?“ – კითხულობს ნიაზ მიქელაძე.

რაც შეეხება ქაზიმ სურმანიძეს, მას შინაგანმა ჯარმა სახლიდან გამოსასვლელი ჭიშკარი ჩაუკეტა. მეორე მომჩივანის თქმით, .„მურად ცინცაძე მისი ეზოს გადაღმა, მიქელაძის საიჯარო ნაკვეთში ჯართს ღებულობდა, ახლა კი ჭიშკარი გადაუკეტა და ქუჩაში გასასვლელს არ აძლევს“.

 

ადამიანებით ვაჭრობის გამო აშშ დახმარებას შეგვიწყვეტს

ტრეფიკინგი – ადამიანით ვაჭრობა, თანამედროვე მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობასთან ერთად პირველ სამეულშია. საქართველო, როგორც წესი, იმ ქვეყნების ჯგუფშია  მოხვედრილი, როცა სახელმწიფო არ ღებულობს რაიმე კონკრეტულ ზომებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ მესამე ჯგუფში (პირველში ის ქვეყნებია, სადაც მუშაობენ და ტრეფიკინგის კუთხით კარგი შედეგები აქვთ, მეორეში – მუშაობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ). საქართველოში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მილიონ ნახევარი ქართველი სამშობლოდან მიგრირებულია. როგორც ცნობილია, მათი დიდი უმრავლესობა უკანონოდაა გასული ქვეყნის გარეთ და მონურ პირობებში მუშაობს. ისინი, განსაკუთრებით ქალები, მოტყუებით გაჰყავთ უცხოეთში, შემდეგ პასპორტებს ართმევენ და იძულებით ამუშავებენ სექსმუშაკებად. ეს ქალები საუკეთესო შემთხვევაში თავს გაქცევით შველიან, თუმცა ხშირად ციხეებშიც ხვდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება“ ამ დღეებში ბათუმში ჩაატარა სემინარი ტრეფიკინგის თემაზე. საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ნაზაროვას ინფორმაციით, ისინი აჭარაში აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი საქმიანობა ბევრად უფრო შედეგიანი იქნება. სემინარზე მოწვეულმა სარფის სასაზღვრო კონტროლის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილემ ზაზა ფუტკარაძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ „დეპარტამენტს აქვს სურვილი ამ პრობლემასთან დაკავშირებით იმუშაოს არასამთავრობო სექტორთან. ჩემი სამუშაო დღე იწყება და მთავრდება ამ სახეების ცქერით. „ყოველ დღეს გადმოდიან დეპორტირებული ქალები, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. თურქეთში გადამსვლელთა 20-30% ტრეფიკინგის მსხვერპლია“.

„გაზეთი ბათუმელები“ ტრეფიკინგის პრობლემებზე ნანა ნაზაროვასაც ესაუბრა:

ქართველთა უმრავლესობამ არ იცის საკუთარი უფლებები. ისინი მათდაუნებურად მსხვერპლნი ხდებიან. თურქული მხარის სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5 ათასამდე ქართველი ქალია დეპორტირებული პროსტიტუციის მოტივით, მათ შორის 1600 დაავადებული იყო. ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია ეს ციფრი, მაგრამ სტატისტიკა სტატისტიკაა.

ქალბატონო ნანა, რა ხდება, მესამე ჯგუფს რომ ვერ გავცდით?

საქართველო გასულ წელს პირველი მოხსენებით მესამე ჯგუფში იყო. შემდეგ მივიღეთ კანონი, სადაც ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია მოხდა, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩატარდა გარკვეული საინფორმაციო კამპანია და საქართველო გადაიყვანეს მეორე ჯგუფში, მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდა.

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში ამერიკის საელჩო აგროვებს ინფორმაციას იმაზე, რაც ხდება სინამდვილეში და შემდეგ კეთდება ანალიზი. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები აკეთებენ მოხსენებას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. არის რიგი კითხვებისა და თუ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ამას პასუხს ვერ გასცემენ, მაშინ კანონის თანახმად, ქვეყანა კვლავ მესამე ჯგუფში დამკვიდრდება. აშშ-ის კანონმდებლობით ეს ნიშნავს, რომ შტატები საქართველოს ყველა ჰუმანიტარულ დაფინანსებას შეუწყვეტს. პირველი მარტისთვის მზადდება მორიგი მოხსენება და ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა მოქმედება ახლა დაიწყეს.

არასამთავრობოების როლი მარტო სემინარების გამართვით შემოიფარგლება?

არა. წინა მთავრობისაგან განსხვავებით დღევანდელ სახელმწიფო სტრუქტურებში მწვავედ დავსვამ ამ კუთხით საკითხს. დღევანდელ ხელისუფლებას მართლა სურს დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. დემოკრატიული სახელმწიფო კი ვალდებულია რეალური ნაბიჯები გადადგას მიგრაციის ყველაზე მწვავე ფორმის – ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად.

თუ ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, ხალხი, არ მოვთხოვთ სახელმწიფოს ამ ყველაფრის გაკეთებას, არაფერიც არ შეიცვლება. არასამთავრობო სექტორში თანხები ძირითადად უცხოურია. უცხოელები ხომ არ იზრუნებენ საქართველოს მოქალაქეებზე. ამ საქმეში სახელმწიფომ უნდა ჩადოს ფული. გასულ წელს შემუშავდა ანტიტრეფიკინგული გეგმა, თუმცა ბიუჯეტიდან ამ გეგმის განსახორციელებლად არც ერთი თეთრი არ გამოყოფილა. ეს არანორმალური დამოკიდებულებაა. ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ ამერიკის ზეწოლით ღებულობს გადაწყვეტილებებს. ქვეყანაში რომ არ იყოს ასეთი კატასტროფული სიტუაცია სოციალური თვალსაზრისით, ხალხი არც წავა უცხოეთში. რა მოსდის ხალხს, განსაკუთრებით ქალებს თურქეთში, საბერძნეთში – პლანტაციებში ამუშავებენ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ არის კანონი.

გასულ წელს აშშ-ს ზეწოლით კანონში ცვლილები შევიტანეთ და მოხდა ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია. ახლა უკვე მეორე ნაბიჯს ვდგამთ.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა მონაწილეობით საზოგადოების ინფორმირება ხომ არ იქნება ეფექტური გზა ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებისთვის?

არავითარ შემთხვევაში. ადამიანს პროსტიტუტკად ამუშავებენ, ეს არ ეყოფა და მისი სახელი გაზეთშიც დაიწეროს? მთელს მსოფლიოში ტრეფიკინგის მსხვერპლი არასდროს არ მიმართავენ პოლიციას, სახელმწიფო სტრუქტურებს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩადიან დანაშაულს. ამ ადამიანებმა არ იციან თავიანთი უფლებები. საერთაშორისო კანონმდებლობით თუ ტრეფიკინგის მსხვერპლს საზღვრის გადალახვის დროს კანონი დარღვეული აქვს, ის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება. ეს იმიტომ კეთდება, რომ მსხვერპლი მივიდეს სახელმწიფო სტრუქტურებში და აცნობოს იმათ შესახებ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. თუმცა, ვერც ერთი სახელმწიფო მათ უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს. არადა მსოფლიო საზოგადოება იმითაა დაინტერესებული, რომ ტრეფიკიორები დაისაჯონ.

ბავშვთა ტრეფიკინგი რა დონეზეა საქართველოშიგანვითარებული“?

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მცირეწლოვანი 200-300 დოლარად იყიდება. ტერმინი „საქუთაისოდ დამზადებული ბავშვი“ – ხშირად გვესმის. როგორც ამბობენ, სოფლებში ქუთაისიდან ჩადიან და ყიდულობენ ბავშვებს. ასე რომ, ეს ურთულესი პრობლემაა.

 

რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და ჭიაბერაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ბათუმში შაბათს ჩამოვიდა და ასლან აბაშიძეს შეხვდა.

 

ჭიაბერაშვილის ვიზიტის ოფიციალური მოტივი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ დაწყებული სემინარი იყო. ეუთოს მიერ დაფინანსებული ორდღიანი ტრენინგი საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისების თავმჯდომარეებს ჩაუტარდათ. ბათუმში ეს სემინარი შემთხვევით არ ჩატარებულა, რაც თავად ჭიაბერაშვილმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ აჭარა საქართველოს სამართლებრივი სივრცის ნაწილია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდგომა აჭარისადმი ისეთივეა, როგორიც სხვა რეგიონებისადმი. სწორედ ამ პრინციპით, ჭიაბერაშვილი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ საპარლამნტო არჩევნებში მონაწილობას მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს. ის არ გამორიცხავს, რომ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვერ გაიარეს რეგისტრაცია, ამის შესაძლებლობა მარტში მიეცემათ. აჭარის წარმომადგენელთა საპასუხო განცხადებები აჭარაში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით სასტუმრო „თანამგზავრშივე” კეთდება. ცსკ-ს წევრი „აღორძინებიდან“ ზურაბ აბაშიძე და ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ედნარ შამილიშვილი აცხადებენ, რომ აჭარაში 288 ათასი ამომრჩეველია და ისინი არ დაუშვებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულმა 80 ათასმა ამომრჩეველმა მიიღოს.

საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების მიზეზი კვლავ საარჩევნო სიები ხდება. ამ დაპირისპირების დაფარვის სურვილით ერთ დროს გამჭვირვალობაზე მოსაუბრე ჭიაბერაშვილი ასლან აბაშიძეს საიდუმლოდ ხვდება. თუმცა აბაშიძე-ჭიაბერაშვილის გარემოცვის დუმილის მიუხედავად პრესამ ეს მაინც გაიგო. შეხვედრიდან გამოსულმა ჭიაბერაშვილმა კი ჟურნალისტებისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ მათი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. რომ მათ ისაუბრეს ამომრჩეველთა სიებზე და ასლან აბაშიძის მთავრობის მიერ აჭარაში ჩატარებულ „უნიკალურ აღწერაზე“. ასევე ისაუბრა აბაშიძესთან ერთად დალეულ ჭიქა ღვინოზე. მან აღარ ახსენა აჭარაში საგანგებო მდგომარეობა, რომლის თაობაზეც აპირებდა აბაშიძესთან საუბარს, არადა ამ შეხვედრამდე თვლიდა, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუშლიდა წინასაარჩევნო პროცესს…

ცსკ-ს თავმჯომარე უარყოფს, რომ მათ საუბარს მოლაპარაკების ხასიათი ჰქონდა სიებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ საუბრობს შეთანხმებაზე. სამაგიეროდ ამ მოლაპარაკებების თაობაზე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ასლან აბაშიძემ ჭიაბრაშვილს წაუყენა ულტიმატუმი, – თუკი ცსკ-ო არ დათანხმდება ამომრჩეველთა სიაში აჭარის 288 ათასი ამომრჩევლის შეყვანას, აჭარა საპარლამენტო არჩევნებს გამოუცხადებს ბოიკოტს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს შეხვედრა ზურაბ ჟვანიას ინიციატივით შედგა და ვაჭრობა ახლა ამ ორ ფიგურას შორის მიდის. ოფიციალური სტრუქტურებიდან ამას ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია, თუმცა ავტონომიის მეთაურის ადმინისტრაციის წინ მომლოდინე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა ძალიან გავდა პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელ ვაჭრობას ავტონომიის ლიდერთან.

ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარა“ და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ბათუმის ოფისი უკვე გამოეხმაურნენ ამ ინფორმაციას. მათი განცხადებით აჭარის ხელისუფლება არსებული სიებით არჩევნების გაყალბებას ცდილობს. მათივე განცხადებით, თუკი ცენტრი აჭარის ლიდერს ამ საკითხში გაურიგდება, ახალი ხელისუფლება აჭარის მოსახლეობის ნდობას დაკარგავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აჭარაში არჩევნების ჩაშლა აბაშიძის ინტერესებში ყველაზე ნაკლებად შედის.

მომავალი მინისტრები ჟვანიასთან პროგრამებს ათანხმებენ

მინისტრობის კანდიდატები სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან კონსულტაციებს გამართავენ საკუთარი სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად.

მომავალი პრემიერი ზურაბ ჟვანია კი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტს  ორშაბათსვე წარუდგენს სააკაშვილს.

როგორც კონსულტაციების დაწყების წინ მომავალმა სახელმწიფო მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა  განაცხადა, ახალი მთავრობის მომავალ სტრატეგიულ ამოცანას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საქმეებში, ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს.

მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ამოცანების განსაზღვრა, რომლებიც მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ეფექტურ იმპლემენტაციას, ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას,  ევროპული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას და ევროსტრუქტურებში საქართველოს თანდათანობით ინტეგრაციას.

იუსტიციის მომავალი მინისტრის გიორგი პაპუაშვილის  სამოქმედო პროგრამის ძირითად არსს  სამართლებრივი რეფორმების გაგრძელება წარმოადგენს.

მისი თქმით, ყველაზე უფრო  მნიშვნელოვანია პენიტენციალური სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის გაგრძელება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია.

მომავალი ჯანდაცვის მინისტრის გიგი წერეთლის თქმით, მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჯანდაცვის დარგში საგადასახადო შემოსავლების გაზრდის კვალდაკვალ, იმ პროგრამების მოცულობის გაფართოება, რომლებიც მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო და სხვა აუცილებელი დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე, მთავარ საკითხს წარმოადგენს საპენსიო დავალიანების დაფარვის დაჩქარება და უახლოეს ხანებში არსებული მინიმალური პენსიის ზრდის პროცესის დაწყება.

კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მომავალი მინისტრობის კანდიდატი გიორგი გაბაშვილი ძირითად ყურადღებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ამახვილებს.

მისი თქმით, სამინისტროს უმთავრესი ფუნქცია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა მისი შენარჩუნება და პოპულარიზაცია იქნება.

ამ შემთხვევაში მოიაზრება პრობლემათა მთელი კომპლექსი, მათ შორის ძეგლთა დაცვის, ისტორიული დოკუმენტების და ხელოვნების ნიმუშების დაცვის თვალსაზრისით, ამბობს გაბაშვილი.

შაბათს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად წარდგენილ იქნა კახა ლომაია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად თამარ ლებანიძე, ენერგეტიკის მინისტრად ნიკოლოზ გილაური, თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილი, ინფრასტრუქტურის და განვითარების მინისტრად თამარ სულუხაია.

იუსტიციის მინისტრად წარადგინეს გიორგი პაპუაშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად გიორგი გაბაშვილი, უშიშროების მინისტრად ზურაბ ადეიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით შერვაშიძე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად გიორგი (გიგი) წერეთელი.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი იქნება ირაკლი რეხვიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე,  ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრი ეთერ ასტემიროვა და  საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე.

სახელმწიფო მინისტრების პოსტებს დაიკავებენ – ევროინტეგრაციული პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებში ჯამბულ ბაკურაძე,  ეროვნული თანხმობის საკითხებში გურამ აბსანძე.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამასთან ერთად კვირას წარუდგენენ პარლამენტს.

პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილების სამინისტროების რიცხვი 18-დან 15-მდე შემცირდა. ამასთან უმრავლესობა დეპარტამენტებისა სამინისტროებს შეუერთდა.

აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა

„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალგზის მოწოდებების მიუხედავად, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე არ ჩავა თბილისში, რადგან მას დაჭერის ეშინია.

როგორც თამაზ დიასამიძემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ ასლან აბაშიძის დანაშაულებების მხოლოდ „ერთი პროცენტი იცის“, როდესაც აბაშიძე  ამ პოსტზე აღარ იქნება და საქართველო ამ ადამიანის დანაშაულობებს შეიტყობს მოქალაქეები შეძრწუნდებიან ამით“. მისი განცხადებით, აბაშიძემ იცის, რომ მას ამ დანაშაულებებს არ აპატიებენ.

სააკაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დადგა დრო, ავტონომიის მეთაური თბილისში ჩადიოდეს.

პრეზიდენტის თქმით, თუ რაიმე პრობლემა არსებობს აბაშიძის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მას ცენტრალური ხელისუფლება მოაგვარებს. თუმცა სააკაშვილი იქვე დასძენს,  რომ ასეთი პრობლემები,  არც არსებობს.

აჭარის ლიდერი იმდენჯერ უნდა ჩამოდიოდეს თბილისში, რამდენჯერაც ეს ქვეყნისა და რეგიონისათვის იქნება საჭირო, – ამბობს სააკაშვილი.

პენსიები იზრდება, ხელფასები საარსებო მინიმუმს უახლოვდება

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი აპრილში პენსიების გაზრდაზე, ხოლო ივლისში მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან მიახლოების ვადების თაობაზე განაცხადებს.

ამის შესახებ თქვა სახელმწიფო მინისტრმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის საპროგრამო მიმართულებები და მთავრობის ახალი წევრები გააცნო დეპუტატებს.

ჟვანიას განცხადებით, წლის ბოლოს შესაძლებელი უნდა იყოს, თუნდაც მინიმალურად „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა“.

მას ღირსების საკითხად მიაჩნია, რომ ენერგეტიკის 16-თვიანი პროგრამის განხორციელებით დასრულდეს ქვეყანაში ქრონიკული ენერგოკრიზისი.

ამასთან, ჟვანიას განცხადებით, ელექტროენერგია ეს არის პროდუქტი და თუ გადახდის კულტურა არ იარსებებს, პრობლემა ყოველთვის იქნება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ,,პირველი კოლექტიური პასუხისმგებლობის მინისტრთა კაბინეტის პროგრამა უწოდა დეპუტატებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს“.

ჟვანიას განცხადებით, ერთი წლის მანძილზე სრულფასოვანი თვითმმართველობა დამკვიდრდება ქვეყანაში.

 

აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს

„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ლიდერები ტრაგედიას ვერ ხედავენ იმაში, რომ 28 მარტის ხელახალი  საპარლამენტო არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიებით ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც ავტონომიაში 288 ათასი ამომრჩეველია.

მათი განაცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის რეალობა, რომ ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე აჭარაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესს არ დაეთანხმება და ამისთვის „თბილისმა ჭიდაობა არ უნდა დაუწყოს“. ძველი სიები იმ შემთხვევაში იქნებოდა საშიში, თუ 28 მარტის არჩევნები აჭარის ტერიტორიაზე მანამდე ჩატარებული ძველი არჩევნების მსგავსი იქნებოდა, ანუ კვლავ არ გაიხსნებოდა საარჩევნო ყუთები და ადგილობრივი ხელისუფლება თავის შეხედულებების მიხედვით ჩაწერდა ოქმებში ციფრებს.

ამჯერად ასეთი საშიშროება არ არსებობს, რადგან „ჩვენ აჭარას“ რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 265 საარჩევნო უბანზე 8-8 კომისიის წევრი და 15 დამკვირვებელი ეყოლება. ადგილობრივი ოპოზიცია ძირითად კონტროლს ამომრჩეველთა მარკირების პროცედურაზე გადაიტანს, რომელიც 2 ნოემბრის საპარლამენტო და 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აჭარაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა. რეალურად აჭარაში დაახლოებით 180 ათასი ამომრჩეველია, არჩევნებზე კი ალბათ  130-140 ათასი ადამიანი მივა. ასლან აბაშიძის პარტია – “დემოკრატიული აღორძინების კავშირი”, რომელმაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე  აჭარის გარეთ სულ 20 ათასი ხმა მიიღო, ამჯერად ალბათ ვერაფერს აიღებს. იმისთვის, რომ „დაკ“-ი პარლამენტში მოხვდეს, 140 ათასი ხმა მაინც უნდა მიიღოს აჭარაში, ანუ ყველა ამომრჩეველმა ამ პარტიას უნდა მისცეს ხმა, რაც წარმოუდგენელია“.

 

საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო! აჭარის საღად მოაზროვნე ადამიანები, მოგესალმებათ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. თქვენს მიერ 2004 წლის 25 იანვარს ინაუგურაციაზე, ღვთისა და კონსტიტუციის წინაშე დადებულმა ფიცმა – „ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებასო“, დიდი სიხარული მოგვგვარა და რწმენა შეგვმატა, მაგრამ გული გვატკინა იმან, რომ აჭარის კრიმინალური ხელისუფლება ამ მეტად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაში, დახმარების ნაცვლად ხელს გიშლით და მედგარ წინააღმდეგობას გიწევთ, აშკარად ილაშქრებს ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაწყებული სასიკეთო საქმეების განხორციელების წინააღმდეგ.

აჭარის მეთაურმა სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, თუ საქართველოს ხელისუფლება ჭკუით არ იქნება, აფხაზეთი და ოსეთი მონაგონი გახდება, ჩვენ ამისთვის ყოველმხვრივ მზადა ვართო. ამისი ნათელი დადასტურებაა ბათუმის ცაზე ვერტმფრენების გამუდმებული გრუხუნი, ქუჩებში მათ მიერ თითქმის ყოველდღიურად მოწყობილი მიტინგები და შეიარაღებული ფორმირებების ავტოჯირითი შეძახილებით „ბაბუ“, „ბაბუ“, „ბაბუ!“, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.

სწორედ ასეთი მდგომარეობითაა გამოწვეული პროფესიული კავშირების აჭარის რეგიონალური გაერთიანების განცხადება, გაზეთების – „აჭარას“ და „თქვენი გაზეთი“-ს ფურცლებზე (გაზეთი „აჭარა“, 30 იანვარი, #18, და „თქვენი გაზეთი“, #1 (12), იანვარი, 2004 წელი), რომლითაც მოუწოდებდა ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას „თავი შეიკავონ რადიკალური ქმედებებისაგან, რასაც შეიძლება მოყვეს დესტაბილიზაცია და სისხლის ღვრა“.

აჭარის ხელისუფლებამ უკვე შეიარაღა მისი ერთგული ადამიანები, რუსეთიდანაც შემოიყვანა გაწვრთნილი მებრძოლები თავისი რეჟიმის დასაცავად. გრძელდება ბანდფორმირებების ჩამოყალიბება, შეიარაღება და წვრთნა შინაგანი ჯარის ბათუმის ბატალიონის ბაზაზე. მოქალაქეებზე იარაღის გაცემის ფაქტი დაადასტურა შს მინისტრმა ჯ. გოგიტიძემ აჭარის ტელევიზიით – „აჭარის მოსახლეობაში ყოველთვის იყო დიდძალი იარაღი, ამჟამად დაურიგდათ იარაღი სახალხო რაზმელებს, რათა დაიცვან აჭარის კანონიერი ხელისუფლება“.

აჭარაში მდგომარეობა თანდათან იძაბება. შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობა შიშისა და მუქარის ქვეშ იმყოფება. თქვენი სამადლობელი განცხადება ა. აბაშიძის მიმართ ელ. ენერგიის რუსეთიდან გამოყოფაზე, საზოგადოებამ აჭარის ხელისუფლების  მხარდაჭერად და მის გვერდით დგომად აღიქვა. ამას აჭარის ხელისუფლება თავისი ბინძური ზრახვებისთვის იყენებს და უკეთებს არასწორ ინტერპრეტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტი ა. აბაშიძეს მართლაც მხარს დაუჭერს, მაშინ აჭარის საღად მოაზროვნე ადამიანები დაკარგავენ პრეზიდენტის ნდობასა და იმედს. გამოდის, რომ აჭარა ბოლომდე განწირული ყოფილა.

ბატონო პრეზიდენტო! თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე არაფერი გვეშველება. უმორჩილესად გთხოვთ, პარლამენტმა დააჩქაროს 10-12 წლის განმავლობაში აჭარის კონსტიტუციაში მომხდარი ანტიქართული ცვლილებების გაუქმება და მიიღოს კანონი ცენტრისა და რეგიონის უფლებათა გამიჯვნის შესახებ, გამჭვირვალე გახდეს ფინანსური დავები და გამოქვეყნდეს პრესაში ურთიერთდავალიანების  სრული ნუსხა, დაე ხალხმა თავად განსაჯოს მტყუან-მართალი. ამით ფარდა აეხდება აბაშიძის კრიმინალურ-ფეოდალურ მმართველობას და მოსალოდნელი უბედურებისაგან დაზღვეულნი ვიქნებით.

 

ინტერვიუ ზურაბ გორგილაძესთან

 

ხავერდოვანმა რევოლუციამ ბევრი ადამიანის გულში აანთო იმედის სხივი, მაგრამ ამ ეიფორიის ფონზეც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ისევ იმედგაცრუებით შესცქერიან. ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ხვდება „გაზეთ ბათუმელებს“ ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელიც ამბობს, რომ მისთვის დიდი ხანია არაფერი შეცვლილა და არც ახლა აქვს რაიმეს იმედი. „აღარაფრის მჯერა, ახალი მთავრობისაც კი, ჯერჯერობით მხოლოდ ციხეები ივსება. ისეთი შეგრძნება მაქვს, შეიძლება ხვალ მეც მომიკაკუნონ კარზე“, – ამბობს ის, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ წლების განმავლობაში გამეფებულმა დაუსჯელობის სინდრომმა შეიწირა საქართველო. „ღმერთმა ქნას, რომ ახალი დავითი და თამარი დაიბადოს, მაგრამ გული გატეხილი მაქვს… ამდენი წელია აჭარაში ვცხოვრობ, რამდენ მთავრობას მოვესწარი და ერთი კაციც არ მოსულა რომ ეკითხა, როგორ ხარო“. ამ ყველაფერზე ზურაბ გორგილაძე თავად საუბრობს ბათუმელებთან:

უბრალოდ თვითდამცირების ამბავია, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, არავინ ინტერესდება პოეტის ცხოვრებით, მისი ავან-ჩავანით… იქნებ არც იყო საჭირო ამქვეყნად პოეტის არსებობა. ამდენმა პოლიტიკამ და რევოლუციებმა სულ დაავიწყა ხალხს პოეზია.

არადა პოეტი მარადიული მეამბოხეა?

სულით მეამბოხე მეც ვიყავი… კომუნისტების დროს ლამის სამჯერ დამიჭირეს, მაგრამ მაშინ მომავლის იმედი მქონდა. ქართულ პოეზიაში ერთი პატარა ჯარისკაცი ვარ, მაგრამ დიდი ადამიანები თავის დროზე ყოველთვის დაუფასებელნი იყვნენ ჩვენში.

რატომ?

დროისა და დროში გამეფებული ზოგიერთი ვიგინდარის ბრალი იყო. დასმენის, დაბეზღების ინსტიტუტებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება დაანგრია. ჩემი ნაკლი ის არის, რომ, როცა ამდენ უსამართლობას და ვაი-ვიშს ვხედავ, განვიცდი და ვდუმდები, პასუხს ვერ ვცემ.

სიმართლე რომ ვთქვა, გასულელებულაო იტყვიან. მომავალი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის, ახლა მათ უნდა აღაგზნონ ხალხი სიახლით… დამსუყებული არასდროს ვყოფილვარ და არც „ქონიანებისთვის“ მიკმევია გუნდრუკი. ბაზარში რომ შევდივარ და ჭუჭყიანი, ჩამოკონკილი ბავშვი გამომეკიდება, გული მიკვდება. ამაზე ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი, რადგან ის ყოველთვის იყენებდა ხალხს, მაგრამ ხალხს არასდროს გამოუყენებია ხელისუფლება. ან ოდესმე თუ გინახავთ ქართველი ქალი ასე დაკნინებული? ევროპაში მე-19 საუკუნეშიც დადიოდა ხალხი, მაგრამ განათლების მეტი არაფერი წამოუღიათ იქედან.

ახლა ბათუმზეც ვისაუბროთ. რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ დღევანდელ ბათუმში?

ერთ დროს ბათუმში იმდენი ყვავილი იყო, გვერდს ვერ აუვლიდი, ახლა ქალაქი გაპარტახებულია. ცენტრი თითქოს გალამაზდა, მაგრამ პუშკინის ქუჩას რომ გაცდები, ჭაობში იხრჩობი. გიორგის (აბაშიძე) ბიძად ვეკუთვნი, ამიტომ, როგორც ახლობელმა უნდა ვთხოვო, ისე გაალამაზოს ბათუმი, როგორიც ადრე იყო.

ძველი მეგობრები თუ იკრიბებით სადმე?

სადღა არიან მეგობრები, ყველა წავიდა. ადრე ერთი ადგილი გვქონდა –  „აკადემიას“ ვეძახდით, წაგვართვეს. ახლა „აჭარას“ წინ რომ კაფეა, იქ დავდივარ ხოლმე, მაგრამ იქაც ისეთი ხალხი იყრის ბოლო დროს თავს, მისვლას ვერიდები…

ვიგინდარას რომ გვერდით დაუჯდები, მხარზე ხელს შემოგადებს… ვბრაზდები. ჩემი თაობისადმი ნოსტალგია მაქვს, იმათგან არავინ დარჩა, 1-2 კაცია და იმათაც საიდუმლოდ ვინახავ.

 

ილია ვერძაძე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდა

აჭარის პარლამენტში მისთვის უჩვეულო მოვლენები ვითარდება – შეიქმნა ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა“, რომელიც ფრაქცია „მრეწველებისა“ და ედპ-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ფრაქციის ხელმძღვანელად ედპ-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი ილია ვერძაძე აირჩიეს. გთავაზობთ ინტერვიუს ილია ვერძაძესთან:

რადგან ფრაქციის თავჯდომარე ვარ, 16 დეკემბრის პარლამენტის სხდომამ ბიუროს წევრად ამირჩია. ეს რეგლამენტის მიხედვით მოხდა.

რა მიზანი აქვს ფრაქციას?

ფრაქციის ჩამოყალიბების წინ გვქონდა საუბარი და გარკვეულ საკითხებში ურთიერთშეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენი საქმიანობა აჭარაში როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკურ სფეროებს შეეხება. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას ვაპირებთ, რომელიც შეისწავლის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ საკანონმდებლო დარღვევებს. ამ კანონდარღვევების წყალობით ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი თანხები აკლდება. ეს წინადადება ფრაქციის ჩამოყალიბების დროს წამოიჭრა. უახლოეს მომავალში, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ, მივცემთ შესაბამის ფორმას და საკითხს დღის წესრიგში დავაყენებთ. ამ მოთხოვნას პარლამენტში დეპუტატათა გარკვეულმა ნაწილმა უნდა დაუჭიროს მხარი. თუ ასეთი კომისია შეიქმნა, კანონის მიხედვით, „აღორძინება“ უმრავლესობით მას ვერ დააკომპლექტებს. აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას ვერც ჩვენ გავექცევით.

როგორ შეხვდა აჭარის პარლამენტი ფრაქციის შექმნას?

ალბათ, ჩვენი ორწლიანი მოღვაწეობის ბრალია, რომ ოპოზიციურ ძალად არ აღგვიქვამენ. ჩვენმა ზომიერებამ ის სტერეოტიპი ჩამოაყალიბა, რომ ამ პარლამენტში შეუძლებელია ოპონირება. მე ვფიქრობ, ნებისმიერ საკითხში, თუ ის ერთპარტიულად წყდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება გადაცდომები. ამიტომ ჩვენ უნიკალურობაზე და პირველობაზე პრეტენზია არ გაგვაჩნია, ჩვენი მიზანია მოვახერხოთ ღირსეული ოპონირება და აქედან გამომდინარე ჩვენმა მოღვაწეობამ დადებითი შედეგი გამოიღოს. რადგან ეს ნაბიჯი გადავდგით – ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ეს ინსტიტუტი გამართლებული იყოს. ვფიქრობ, აჭარის არ საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი წარმონაქმნია, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს და რომელშიც უფრო ცოცხალი პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს.

აჭარაში ოპოზიცია, აჭარის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. რამდენად არსებობს ამის აუცილებლობა?

ჩემგან ამაზე პასუხის გაცემა უხერხულია. არ ვიცი ამ მოთხოვნას რა საფუძველი ექნება. მთავარია, აჭარაში სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს. თუკი ამისათვის პარლამენტის დატოვება იქნება საჭირო, დავტოვებ.

პარლამენტის ახალ სპიკერზე რას იტყვით?

გიორგი ცინცქილაძე ძალიან კარგი პიროვნებაა. ვინც არ უნდა იყოს სპიკერი, რასაც ვგეგმავდით ფრაქციის ჩამოყალიბებისას, იმის გაკეთებას ბოლომდე შევეცდებით. ამ სიტუაციაში ცინცქილაძის არჩევა ხელისუფლების მხრიდან იყო ოპტიმალური ვარიანტი. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ეს კონფლიქტის დეესკალაციისთვის გადადგმული ნაბიჯია.

რატომ ინახება აჭარის ოქროს ფონდი კერძო ბანკში?

ვრცელდება ინფორმაცია „გასაქცევად გამზადებული ოჯახის“ მიერ სხვადასხვა სიმდიდრის, მათ შორის ოქროს ფონდის ქალაქიდან გატანის თაობაზე. ამ ხმებს საფუძვლად ის უდევს, რომ განძი „უსაფრთხოების“ მიზნით, კომერციულ დაწესებულებაში – საზღვაო ბანკშია გადატანილი. საუბარია უნიკალურ (კერძოდ გონიოს, ფიჭვნარის, მახოს) ოქროს ნივთებზე.

ფაქტია, რომ აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი, ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებისთვის დასათავლიერებლად ხელმიუწვდომელია. მუზეუმიდან მისი (ცენტრალურ ბანკში) გადატანის მიზეზი თავის დროზე ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება გამხდარა. საგანძური არც მაშინ დაბრუნებია მუზეუმს, როცა აჭარაში „შედარებით სტაბილური და მშვიდი ვითარება“ იყო.

დღესაც, ყბადაღებული არასტაბილურობისა და მუზეუმში მისი დაუცველობის კვლავ მომიზეზებით, აღნიშნული ოქროს ფონდი ისევ „ცხრაკლიტულში“ დევს.

სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვერანაირად ვერ უზრუნველყო ეროვნული უნიკალური სიმდიდრის შესაბამისად დაცვა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გარდა ოქროს ფონდისა, „გასატანთა“ სიაში ასახელებენ ჩინური წარმომავლობის ძვირფას ვაზებს, სამურაის ხმალს და ორიგინალურ, სპილოს ძვლისგან დამზადებულ ჭადრაკს, რომლის ანალოგი თურმე არსად არ ფიქსირდება. (ამ უკანასკნელის შესახებ აჭარის სახელმწიფო  მუზეუმის დირექტორს ნოდარ ცეცხლაძეს საერთოდ არაფერი სმენია). როგორც ამბობენ, მუზეუმიდან განძი პირველად 90-იან წლებში „მხედრიონისაგან“ დასაცავად გაუტანიათ. ამჟამად კი, ხავერდოვანი რევოლუციით გამოწვეული საშიშროება აუცილებიათ.

რამდენად რეალურია მოარული ხმები, მოხდა თუ არა აღნიშნულ წლებში განძის, თუნდაც, რაიმე ნაწილის გატანა, ან იყო თუ არა ამის მცდელობა, ემუქრება თუ არა სახელმწიფო საკუთრებას საფრთხე და თუ არ ემუქრება, როდის დაუბრუნდება მუზეუმს? „გაზეთი ბათუმელები“ შეეცადა ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი კომპეტენტური პირებისაგან მოესმინა.

მუზეუმის დირექტორი ნოდარ ცეცხლაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ განძის გატანის შესახებ ინფორმაცია მასაც სმენია, მაგრამ მოარულ ხმებს უსაფუძვლოს უწოდებს, რადგან სეიფის ექვსი გასაღებიდან ერთი მასთან ინახება: „რაც ჩავიბარეთ ყველაფერზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, პრობლემა ის არის, რომ მუდმივი დენი არა გვაქვს და შესაბამისი დაცვის მექანიზმიც არ არის. ამიტომ უნიკალური ნივთების უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ მისი საიმედოდ დაცვა გადაწყვიტა“.

მისი თქმით 94-95 წლებში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარის მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით შესანახად აჭარის ცენტარალურ ბანკს გადაეცა. როგორც მუზეუმის დირექტორი ამბობს, მას ამის შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნია. „აქ მუშაობდა სპეციალური კომისია 7 კაცის შემადგენლობით. ესენი იყვნენ. იუსტიციის მინისტრი თამაზ ბაზიაშვილი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ცენტრალური ბანკის მმართველი ბაგრატ მანველიძე, მე, ფონდების მთავარი შემნახველი ნ. ლორთქიფანიძე და შსს პოლიციის სამმართველოს უფროსი მჟავანაძე“, – ამბობს ცეცხლაძე. მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბანკიდან იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ოქროს ფონდი საზღვაო ბანკში გადაიტანეს. „არსებობს ჩაბარების აქტი, ბანკთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, იგი ვალდებულია ექსპონატები დროებით, უსასყიდლოდ, სათანადო პირობებში შეინახოს და პირველი მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს სამუზეუმო გაერთიანებას პირველი პირის მონაწილეობით“, – ამბობს რესპონდენტი.

ერთი წლის წინ ექსპონატების გამოფენისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (სოროსის) ფონდის დაფინანსებით მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა კაპიტალური რემონტი, დამონტაჟდა ელექტროსიგნალიზაციის სისტემა, დამზადდა საგამოფენო კარადები, ჩატარდა შენობის ტექნიკური გამაგრების სამუშაოები. ამის მიუხედავად მუზეუმში ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბიუჯეტში კი კარების თუ ფანჯრების ამოსაქოლი თანხა არ გამოინახა.

„ეს ნივთები სახელმწიფო საკუთრებაა და ხალხს უნდა ჰქონდეს მისი ნახვის საშუალება. თანაც, მუზეუმის ერთადერთი შემოსავალი გამოფენებია, რომელსაც ვერ ვაკეთებთ. ალბათ, ჭორებიც ამის გამო დადის ქალაქში. სამუზეუმო გაერთიანებას მიაჩნია, რომ აჭარის მინისტრთა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა გამოყოს საჭირო თანხა საცავის ტექნიკური გამაგრებისათვის, მუზეუმი უზრუნველყოს მუდმივი დენით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში ალტერნატიული კვებით. პოლიციის საგუშაგოსთან ერთად, აუცილებელია თითოეული კარადა მუდმივად იყოს დაცული ტექნიკური საშუალებით. მართალია, სოროსის ფონდის ხელშეწყობით მუზეუმში 10-მდე საცავი კარადა გაკეთდა, მაგრამ პროექტი მუდმივი დენის წყაროს საშუალებების შეძენას არ ითვალისწინებდა, ამიტომ ძვირფასეულობის გამოფენის საშუალება მუზეუმს ისევ არა აქვს და თუნდაც ერთი დიზელ-გენერატორის უქონლობა, ყველაფერს წყალში ყრის. ჩვენ მოვითხოვთ მუზეუმში შეიქმნას მიკროკლიმატი, დამონტაჟდეს ვენტილაციის სისტემა, რათა შენარჩუნდეს თითოეული უნიკუმის საწყისი მდგომარეობა. დროა საგანძური მუზეუმს დაუბრუნდეს“.

„ყველა ექსპონატს თავისი მუდმივი დამცავი ნომერი აქვს, სადაც ზომა-წონაცაა მითითებული. დანარჩენი დეტალები სამუზეუმო კონფიდენციალობას წარმოადგენს და ნუ შევეხებით“, – ამბობს ცეცხლაძე და დასძენს, რომ მუზეუმის საკუთრება მათი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს და არა სხვაგან, რადგან დიდი ხნით მისი საბანკო პირობებში შენახვა დაუშვებელია.

მართალია, ნოდარ ცეცხლაძე ოქროს ფონდის გაქრობას გამორიცხავს, მაგრამ ძვირფასი ექსპონატებით კრიმინალთა დაინტერესებას ადასტურებს. მისი თქმით „მითქმა-მოთქმა განძის გატანაზე ადრეც იყო, 91-92 წლებში რაღაცეები მართლაც დაიკარგა, მაგრამ ის სამუზეუმო ექსპონატს არ წარმოადგენდა, საბჭოთა პერიოდის სურათები იყო. როცა რამდენიმე უნიკალური ნივთის გატანის მცდელობა დაფიქსირდა, იგი ამოიღეს და ჩვენს მუზეუმს გადმოსცეს. ეს იყო ფერწერული ტილო, მონეტები, ვერცხლის ქამარი. მუზეუმის ერთ-ერთმა პოლიციელმა სეიფი გატეხა და ნივთები გაიტანა“.

მსგავსი „ყურადღება“ არქეოლოგიურ მუზეუმზეც გავრცელებულა. აღნიშნული მუზეუმის დირექტორის ამირან კახიძის თქმით, დაახლოებით 10 წლის წინ, მისი მუზეუმიდანაც გაუტაციათ ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნივთები. „განძი დღემდე არ უპოვიათ სამართალდამცავებს. საერთოდ, ოქროს ნივთების ძირითადი ფონდი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება განძის გატანას, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება მართლაც გაიტანეს რაღაც, სახელმწიფოს გაიტანენ, საშუალება რომ ჰქონდეთ, მაგრამ კონკრეტული არაფერი ვიცი“, – ამბობს ის.

მართალია, ოქროს ფონდის შესახებ „კონკრეტულად არავინ არაფერი იცის“, მაგრამ როგორც ნოდარ ცეცხლაძე ამბობს, იგი საიმედო ხელშია. უკანასკნელად მას ეს ნივთები გასული წლის დეკემბრის თვეში უხილავს. მისი თქმით 18 მაისს, მუზეუმის დღეს, როგორმე უნდა მოხერხდეს მათი მზის სინათლეზე გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში მოარულ ეჭვს, განძის დაკარგვის (ან გატანის) თაობაზე, ვერაფერი გაფანტავს. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნულ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება.

ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილის ასლან გელაძის ინფორმაციით, ოქროს საგანძურის გარკვეული ნაწილი მართლაც ინახებოდა ცენტრალურ ბანკში: „გადმოცემის ოქმები უშიშროებისა და ყველა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლების თანდასწრებით შედგა. მოგვიანებით, სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული განძი წელიწადზე მეტია საზღვაო ბანკში გადაიტანეს“.

ოქროს ფონდთან დაკავშირებით „გაზეთ ბათუმელებს“ აჭარის კულტურის მინისტრმა თეიმურაზ კომახიძემ სულ სხვა ინფორმაცია მოაწოდა. მინისტრმა უარყო ის, რომ განძი საზღვაო ბანკშია დაცული. მისი თქმით, განძი ამჟამადაც ცენტრალურ ბანკში ინახება. „ცენტრალურ ბანკში რემონტი მიმდინარეობდა და დროებით გადავიტანეთ, შემდეგ ისევ დავაბრუნეთ. მართალია, მუზეუმში გვაქვს სპეციალურად გაკეთებული საცავი ორმაგი რკინის გისოსებით, კარებით, საჭირო აღჭურვილობით, მაგრამ მაინც გვეშინია ვინმემ არ მოიპაროს. 100%-იანი გარანტია არსებობს, რომ ბანკში, სადაც სპეციალური სეიფია გაკეთებული, ოქროს ფონდი საიმედოდაა დაცული“, – აცხადებს მინისტრი და  კატეგორიულად გამორიცხავს ფონდის ქალაქიდან გატანას: „როგორ გეკადრებათ, თუ გაინტერესებთ მიდით, მმართველს უთხარით და ნახეთ. თუ საჭირო დარჩება ჩემი ნებართვა, მოგცემთ. ყველა ნივთი ადგილზეა და ხელს ვერავინ მოკიდებს. როცა დავაყენებთ საკითხს, მაშინ მოგვცემენ. ყველაფერი დაწყვება და გამოვიტანთ.“

რაც შეეხება უშუალოდ ბანკიდან გამოტანას, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი დაახლოებით ორი წლის წინ აცხადებდა, რომ „უნიკალური ფასეულობის, რომელიც 1994 წლის 24 ივნისიდან აჭარის ცენტრალურ ბანკში ინახება, მუზეუმში მუდმივ შესანახად და გამოსაფენად გადმოტანისათვის საჭიროა მეთაურის თანხმობა და აჭარის მინისტრთა საბჭოს დადგენილება ან განკარგულება.“

აჭარის კულტურის მინისტრი კი ამასთან დაკავშირებით დღეს შემდეგს აცხადებს: „ვინ კითხავს დირექტორს ან მე. მოვითხოვთ – დაგვიბრუნებენ. თუ თქვენ შეძლებთ შენახვას, წაიღეთ და შეინახეთ – ჩვენ გვეშინია – გრანტიც კი მივიღეთ ოფისის მოწყობისათვის, მაგრამ მაინც გვეშინია. სანამ არ დაწყვება ყველაფერი და არ მივხვდებით, რომ ერთი დედმამისშვილები ვართ, ერთი ტრადიციის მატარებელნი, მანამდე ვერ გამოვიტანთ“.

სუბსიდიები გაიცა… ჩაის ფაბრიკები კი ჯართად იჭრება

საქართველოში ჩაის კულტურის რეაბილიტაციის თაობაზე სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მეჩაიეობის განვითარებისთვის 3 მილიონი ლარის სუბსიდია გამოყო, რომელიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ფირმას გადაეცა. „ქართული ჩაის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, შარშან, ავტონომიური რესპუბლიკიდან ხუთმა ფირმამ გაიმარჯვა. აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თემურ ხალვაში გასულ წელს გვარწმუნებდა, რომ ცენტრი სუბსიდიებს რეგიონსაც აძლევს და ამიერიდან აჭარაში მეჩაიეობას ნათელი მომავალი ექნება.

შარშან, სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე ხელვაჩაურის რაიონში მხოლოდ ერთი, გონიოს ჩაის ფაბრიკა მუშაობდა. მას უნდა გადაემუშავებინა რაიონში მოწეული ნედლეული. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ წელს სახელმწიფო სუბსიდიები კიდევ უფრო გაიზრდებოდა და ჩაის წარმოებაც ძველებურ მნიშვნელობას დაიბრუნებდა.

მაშინ, როდესაც გონიოს ჩაის ფაბრიკა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებდა, ჩაის ფაბრიკის ნახევარს ქონების მართვის სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ნებართვით ლიკვიდაცია გაუკეთდა, დანადგარები დაიჭრა და ჯართში ჩაბარდა. გონიოს საკრებულოს მცხოვრების, სოფელ ახალსოფლის მკვიდრის დავით ზოიძის განცხადებით „აქ, ერთ შენობაში ორი ჩაის ფაბრიკა იყო. ერთი 1968 წელს აშენდა, რასაც 20 წლის შემდეგ ახალი საამქრო დაემატა. სწორედ ეს ახალი ჩაის ფაბრიკა ჩააბარეს ჯართში. მან სრული დატვირთვით ერთი თუ ორი წელი იმუშავა. ასეთი ფაბრიკის ღირებულება მუშა მდგომარეობაში სულ ცოტა ნახევარ მილიონ დოლარს მაინც აღემატება. ჩაის ფაბრიკის დაჭრა და ჯართში ჩაბარება რომ დაიწყეს, გვითხრეს, ამ ფულით სხვას გავარემონტებთო. 60 კილოგრამიან მოტორს რომ დაჭრი, რა ფული უნდა გაგიკეთოს, უკეთესი რომ იყიდო?!“ – კითხულობს ზოიძე.

გონიოს ჩაის ფაბრიკის დირექტორის, ნიაზ ფუტკარაძის განცხადებით, ჩაის ფაბრიკის ეს ნაწილი ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, წყალი ჩამოდიოდა და გამოუსადეგარი ნაწილის ჯართში ჩაბარებაც ამის გამო მომხდარა. ნიაზ ფუტკარაძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ „გონიოს ჩაის ფაბრიკა ერთადერთია ხელვაჩაურის რაიონში, რომელიც მუშა მდგომარეობაშია. სწორედ ფაბრიკის შენარჩუნების მიზნით მოხდა მისი ნაწილის ჯართში ჩაბარება, რადგან მას ისედაც ვერ ვიყენებდით“.

გონიოს საკრებულოს მცხოვრებლების თქმით, ჩაის ფაბრიკას მოსახლეობისა და ფაბრიკის მუშა მოსამსახურეების მიმართ ფინანსური დავალიანებაც ჰქონია, თუმცა ჯართიდან შემოსული თანხები მათ არ მოხმარებიათ. „ქონება, რომელიც ადრე კოლმეურნეობის, ანუ აქ მცხოვრებთა საკუთრება იყო, გარკვეულმა პირებმა მიისაკუთრეს. როცა ფაბრიკა დაჭრეს, რაიონის გამგეობიდანაც იყო ხალხი ჩამოსული, საღამოს დასხდნენ და პურის ჭამა დაიწყეს, ალბათ ფულის აღებას აღნიშნავდნენ და ბანკეტი გამართეს. ხალხი დაშინებულია და ხმას ვერ იღებს, რადგან მათ ნავარჯიშები ბიჭები ჰყავთ…“ – აცხადებს ზოიძე.

ჩაის ფაბრიკის დემონტაჟით უკმაყოფილო ზოიძე ამგვარ განუკითხაობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. „ადრე საკმაოდ წარმატებული ბიზნესი მქონდა და ჩაის ექსპორტსაც ვეწეოდი, მაგრამ ჩაის ბიზნესი აჭარის ხელისუფლებამ სპეციალუარდ მოსპო. მე მქონდა 70 ტონა ჩაი შესყიდული. ხელშეკრულება გავაფორმე რუსეთის ერთ-ერთ ფირმასთან. როცა ჩვენს საბაჟოზე საბუთები წარვადგინე, კგბ-მ ფირმის ვინაობა გაიგო, იქ ადგილზე კრიმინალები მიაგზავნეს და ჩატანილი საქონლის მიღებაზე უარი ათქმევინეს. ჩაი სხვა ქალაქში გადავიტანე, კრიმინალების კუდი იქაც გამყვა. საბოლოოდ იძულებული გავხდი ეს საქონელი საწყობებში დამეყარა და წამოვსულიყავი. ასე დაემართა ძალიან ბევრ აქაურ  ბიზნესმენს. რამდენიმე წლის წინ ასლან აბაშიძემ ჩაის გაჩეხვისა და თხილის გაშენების პროექტი შეიმუშავა. ამის შემდეგ არც ერთი ჩაის ფაბრიკა აღარ დარჩა“.

გონიოს ჩაის ფაბრიკის ჯართში ჩაბარების შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თემურ ხალვაშმა „ბათუმელებისგან“ შეიტყო. ერთდღიანი პაუზის შემდეგ კი ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველოსთვის  ფაბრიკის ჯართში ჩაბარებაზე თანხმობაც მას მიუცია და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაუყენებია საქმის კურსში. თუ რა სარგებლობა მიიღო ხელვაჩაურში მეჩაიეობის თავისი ფაბრიკის ჯართში ჩაბარებით, უცნობია.

რა კავშირშია ქარხნის დემონტაჟთან გაზმშენი და ნავთობტერმინალი

ბათუმში არსებული საწარმო-ორგანიზაციების ლიკვიდაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამის მიუხედავად აჭარის ხელისუფლება აღებულ კურსს არ ცვლის. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, თითქმის ორი კვირაა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი მიმდინარეობს, რასაც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა აჭარის ოფიციოზი.

ადგილზე კი „გაზეთ ბათუმელებმა“ საპირისპირო სიტუაცია დააფიქსირა. ქარხანა, პირდაპირი გაგებით, იჭრება და იქვე იტვირთება ვაგონებში, რათა შემდეგში ჯართის მიმღებ ერთ-ერთ უცხოურ ფირმაში ჩააბარონ.

ბენზეს ქარხნის დემონტაჟი ნავთობტერმინალის ინტერესების სფეროში რამდენიმე კუთხით არის მოქცეულა. გარდა იმისა, რომ ასი ათასობით ტონა ჯართთან და, შესაბამისად, დიდ თანხებთან გვაქვს საქმე, ტერმინალს ქარხნისგან არენდით ჰქონია აღებული რამდენიმე ჰექტარი მიწა იქ მდებარე რეზერვუარებით. ამისთვის, რა თქმა უნდა, ტერმინალი ქარხანას თანხას უხდის, რითაც ქარხანა თავის მხრივ დაახლოებით 500-მდე ადამიანს ხელფასს უნაზღაურებს. როგორც ქარხნის მუშები აცხადებენ, ტერმინალის ხელმძღვანელობას აღარ სურს ფულის გადახდა და ერთ-ერთ გამოსავლად ქარხნის ჯართში გადაძახება მიუჩნევია.

ქარხნის თანამშომელთა ერთ ნაწილში ეჭვს, რომ მათ ნალოლიავებ ქარხანას ვიღაც „იჯიბავს“, ხოლო ისინი ქუჩაში რჩებიან, ისიც აღრმავებს, რომ ტერმინალის ადმინისტრაციას არარეალურ ვადებში სურს ქარხნის დემონტაჟი. „ისინი ითხოვენ ექვს თვეში ქარხნის მთლიან დემონტაჟს. ეს წარმოუდგენლად მცირე დროა. საქმის ბოლომდე მიყვანას მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდება“, – აცხადებენ ქარხნის თანამშრომლები.

მათი აზრით, ქარხნის დიდი ნაწილი, მართლაც, ჯართად თუღა გამოდგება. „ნებისმიერი დეტალი, რომელიც ნორმალურია, ყველაფერს ვასაწყობებთ, მაგრამ გული იმაზე გვტკივა, რომ ეს ქარხანა უცხოეთში გააქვთ და სანაცვლოდ რას მივიღებთ, არაფერი ვიცით“. ასევე მუშების ინფორმაციით, რომელიც შემდგომში ქარხნის ახლადდანიშნულმა დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ დაადასტურა, „ქარხანაში არსებული მილგაყვანილობა გაზმშენს გადაეცემა, რითაც აჭარის გაზიფიცირების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება. მილის ყოველი მეტრი იზომება, აქედან გამომდინარე გამორიცხულია რაიმე დარღვევებზე ისაუბროს ვინმემ“. მინისტრთა საბჭოს დადგენილებაშიც ანალოგიური განკარგულებაა დაფიქსირებული: „ნება დაერთოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარის ბუნებრივი აირს“ მოახდინოს გადაცემული ძირითადი საშუალებების დემონტაჟი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სპეციალისტების მონაწილეობით“.

მუშებს ეიმედებათ, რომ დირექტორი დაპირებას შეასრულებს და მათ ქუჩაში არ დატოვებს – „ახალ ქარხანას გავაკეთებთ, დღე-ღამეში 1000 ტონა პროდუქციას გადაამუშავებს. გაკეთდება არ გაკეთდება არ ვიცით, რაც გამოსადეგი იქნება ჩვენთვის, ანუ ახალი ქარხნისთვის, ყველაფერს ვინახავთ“.

რა ახალ ქარხნაზეა საუბარი? თენგიზ ქოქოლაძის თქმით, ქარხნის დემონტაჟი აჭარის ხელისუფალის ინიციატივა ყოფილა: „აქამდე ინვესტორები როცა შემოდიოდნენ, ხედავდნენ ტერიტორიას და იძახდნენ, რომ ამის მოწესრიგებას ერთი წელი მაინც დასჭირდება. ახლა არსებობს სერიოზული წინადადებები იაპონიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან. ორ დღეში ამასთან დაკავშირებით დელეგაციაც ჩამოდის, თუ არაფერმა შეგვიშალა ხელი, 5 მილიონი ტონის ტვირთბრუნვის ქარხანას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“.

ქოქოლაძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ ამ ქარხნის დაშლა და გამოუსადეგარი ნაწილის ჯართში ჩაბარება არ გახდება არათუ აჭარის მოსახლეობის, არამედ ცენტრის და რეგიონის დაპირისპირების საგანი. „ეს გამორიცხულია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერი დეტალებში აღინუსხება – ჩაბარებულიც და ჩასაბარებელიც. ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს სპეციალური კომისის და კიდევ ქარხანაში მომუშავე 500-მდე მუშა-მოსამსახურე“, – აცხადებს ქოქოლაძე.

რაც შეეხება ტერმინალს, დირექტორი, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობტერმინალის მესვეურების მოთხოვნას – ქარხნის ექვსი თვის შიგნით ლიკვიდაციზე ადასტურებს, საბოლოო ჯამში მათი ქარხნით დაინტერესებას გამორიცხავს. „ჩვენ ამ საქმის შესასრულებლად მინიმუმ ერთ წელს ვითხოვთ“, – აცხადებს დირექტორი. თუმცა, საერთოდ რატომ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ქარხნის ლიკვიდაციის ვადების განსაზღვრაზე ტერმინალს, გაუგებარია.

ქარხნის დაშლის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაც არის, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასი ათასობით ტონა ლითონზეა საუბარი, ეს კიდე მილიონებს ნიშნავს. აქედან გამომდინარე განკარგულების გამცემი ორგანიზაცია, ანუ მინისტრთა საბჭო დაინტერესებული უნდა იყოს პროცესების გამჭვირვალობით, რათა მითქმა-მოთქმა მაქსიმალურად შემცირდეს.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის მინისტრთა საბჭოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო აღნიშნული ქარხნის დემონტაჟის თაობაზე დადგენილების არსებობა.  არა და განკარგულება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხლმძღვანელობას საქმეში უდევთ და უკვირთ, ვის დასჭირდა განკარგულების გასაიდუმლოება.

საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია

რამდენად ღრმაა „ნაციონალურ-დემოკრატიულ“ ერთობაში გაჩენილი ბზარი? ეს კითხვა წინა კვირას განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე თავისთავად გაჩნდა. „ნაციონალებისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ პარტიად შერწყმის დიადი გეგმის ჩაშლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს – კობა დავითაშვილს დაბრალდა. მისი ხმამაღალი განცხადება, არჩევნების შემდგომ მისივე სიჩუმის ფონზე, უფრო მკვეთრად გაისმა. თუმცა, განხეთქილების თაობაზე ეჭვებს სხვა გარემოებებიც აძლიერებდა.

ყველაფერის თავი და თავი ის საკონსტიტუციო ცვლილებები გახდა, რომლის მიღებაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ წინა კვირას, დიდი მითქმა- მოთქმის მიუხედავად, პრეზიდენტის „წაქეზებით“ მაინც მოახერხა. საკონსტიტუციო ცვლილებების სამეულისთვის მისაღები ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით განიხილა, მიუღებელი აღმოჩნდა იურისტ კობა დავითაშვილისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებების გამო საყოველთაო „ნაციონალური მორატორიუმის“ ფონზე დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილს, უფრო სწორად, სახელმწიფო მინისტრს – ზურაბ ჟვანიას აუჯანყდა. პროტესტის ნიშნად მან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის პოსტიც კი დატოვა. კონსტიტუციაში საკამაოდ გათვითცნობიერებულმა დავითაშვილმა, ახალი კონსტიტუციური ცვლილებები რატომღაც ზურაბ ჟვანიაზე მორგებულად მიიჩნია.

დავითაშვილის მხრიდან ეს სერიოზულ არგუმენტად ჟღერდა, მაგრამ ამ დებულებას შემდეგ უკვე სხვა არგუმენტიც დაემატა. დეპუტატმა უკვე ვეღარ დამალა თავად სახელმწიფო მინისტრის პიროვნებისადმი ანტიპათია: არ შემიძლია იმ პიროვნების გვერდით დავდგე, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას, ხმა მისცა ე.წ. ნულოვან ვარიანტსო.

შეგახსენებთ, ამ ვარიანტით საქართველომ უარი თქვა თავის წილზე უკვე დაშლილი სსრკ-ის ქონებიდან, რუსეთის მხრიდან საგარეო ვალების გამოქვითვის სამაგიეროდ. ეს ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობისას, 1998 წელს მოხდა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ სსრკ-დან კუთვნილი „წილი“ საქართველოს უფრო სარფიანად შეეძლო გაეცვალა და დაებანდებინა. თუნდაც, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან უფრო ოპერტიულად გაყვანის თვალსაზრისით. კობა დავითაშვილი, როგორც საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის ერთ-ერთი წევრი ამ ფაქტს მაშინაც აპროტესტებდა. მაგრამ არა ისე კატეგორიულად, რომ ზურაბ ჟვანიას მაშინდელი „მოქალაქეთა კავშირიდან“ განკვეთა მოეთხოვა.

თავის მხრივ, როგორც საკმაოდ გათვითცნობიერებული ხალხი აცხადებდა, ზურაბ ჟვანია მაშინ ასეთ არახელსაყრელ გარიგებაზე პრეზიდენტის მხრიდან მსუბუქი ზეწოლისა და მინისტრთა კაბინეტის დაპირების სანაცვლოდ წავიდა. ზურაბ ჟვანია მაშინაც მინისტრთა კაბინეტის ისეთ მოდელზე ოცნებობდა, რომელიც მინისტრებს გუნდური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით აამუშავებდა. ჟვანიას მხრიდან ამგვარი არაპოპულარული ნაბიჯის მიუხედავად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა პარლამენტში არ იჩქარა.

კობა დავითაშვილის განცხადება ზურაბ ჟვანიას მიერ წინასწარგამოცხადებულ გაერთიანებას უძღოდა წინ. კონფერენცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დემოკრატების“ გაერთიანება უნდა მომხდარიყო, გადაიდო. როგორც მოგვიანებით „ნაციონალების“ ოფისში შეკრებილი ორივე პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ გაერთიანებას ხელი მხოლოდ ტექნიკურმა მიზეზებმა შეუშალა. ერთ-ერთი მიზეზით იმან, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადები არ გადაწია…

გაერთიანება მაინც შედგება – ირწმუნებიან როგორც ორივე პარტიის რიგითი წევრები, ისე მათი ლიდერები. „გაერთიანების პროცესს მაინც ვერავინ შეაჩერებს. ეს არის ჩემი ინიციატივა. უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები, მთლიანად საზოგადოება, რათა ამოვიდეთ იმ წუმპიდან, რომელშიც შევარდნაძემ ჩაგვყარა. იმისათვის, რომ ერთად გავუმკლავდეთ მაფიას”, – ამბობს სააკაშვილი. გადადებული ერთობლივი კონფერენციის თაობაზე ამგვარი კომენტარისას მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილის განცხადებაზე კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა: მე ხალხი მაინტერსებს და არა პიროვნებებიო.

მეორე ქვა, „ნაციონალური რიგებიდან „დემოკრატიულ ბოსტანში“ უკვე პეტრე ცისკარიშვილმა ისროლა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ჯერ კიდევ ბურჯანაძის მოქმედი პრეზიდენტობის პერიოდში ნომინირებულ ცისკარიშვილს დაპირებული პოსტი უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდგომ ეღირსა. პოსტზე მან სულ ორი დღე დაჰყო და ბრალდებები წაუყენა ბურჯანაძეს. „თუ ცისკარიშვილი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, მაშინ ფაქტია, ჩვენ ერთ პარტიაში არ დაგვედგომებაო“, – ასეთი იყო ბურჯანაძის რეაქცია თანაგუნდელის განცხადებაზე, რომელიც მისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ცისკარიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა ითხოვა. ცისკარიშვილმა ბოდიში არ მოიხადა, თუმცა „ქვეყნისა და პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე“ თანამდებობა დატოვა. ბოდიშის მოხდას ნინო ბურჯანაძის წინაშე ცისკარიშვილი არ აპირებს.

ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, ასე დაარქვა თავად ახალმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 170 ხმით მიიღო. ამ მოდელისა და 2001 წელს პარლამენტში პრეზიდენტის ინიციატივით შესულ ცვლილებებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

მთავარი დისკუსია, როგორც ცნობილია, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უფლებამოსილებების გადანაწილების საკითხმა გამოიწვია. საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად რევოლუციური სამეული შემდეგ ვარიანტზე შეთანხმდა:

ფაქტია, რომ სამომავლოდ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მიხეილ სააკაშვილმა უფრო პასუხისმგებლობა გადაუნაწილა, ვიდრე უფლებები. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტთან შეთანხმებით, აკომპლექტებს მთავრობას. ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში პრეზიდენტს აქვს პარლამენტის ან მთავრობის დათხოვნის უფლება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად უნდა გადადგეს მინისტრთა კაბინეტიც. თუ პარლამენტი პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტს იმპიჩმენტის თხოვნით მიმართავს, საამისოდ მან კონსტიტუციით განსაზღვრული ორი წესიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს, რის შესახებაც წინასწარ ამცნობს საზოგადოებას. პირველის მიხედვით, პარლამენტი 118 დეპუტატის ხმით მიმართავს პრეზიდენტს მთავრობის გადადგომის შესახებ, თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ამ თხოვნას, პარლემენტს მისი განმეორების უფლება სამი თვის ვადაში აქვს. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი. მეორე ვარიანტით, იმპიჩმენტის ინიციატივის წამოყენება შეუძლია 79 დეპუტატს, მიმართვიდან 15 დღის ვადაში კი იმპიჩმენტს მხარი პარლამენტის წევრთა სამმა მეხუთედმა უნდა დაუჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია, ქვეყნის მეთაურს პარლამენტის დათხოვნა არ შეუძლია, მაგრამ პარლამენტს იმპიჩმენტის საკითხის წამოყენება 6 თვის ვადით ეკრძალება. პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში აკრძალულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოყენება.

თავად მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დიქტატურის დამყარების კი არა, ძლიერი ხელისუფლების შესაქმნელად მიღებული ზომებია.

სადავოა თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვის პროცედურაც – კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში განხილვამდე ერთი თვით ადრე უნდა იყოს გამოქვეყნებული.

ამიტომ ხელისუფლება იძულებულია თავადვე აღიაროს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე შევარდნაძის მიერ არის შემოტანილი. ამ აღიარებას იგი ოპოზიციის მიერ წაყენებული ბრალდების გასამართლებლად იყენებს. ბურჯანაძის აზრით, ეს ცვლილებები მართალაც უფრო უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ეტაპზე მმართველობის ეფექტიანობისთვის ასეთი მოდელის მიღებაც შესაძლებელია. ჩვენი ხელისუფლება როგორც ოპოზიციას, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების ამ პროექტზე საკმაოდ შემომწყრალ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მომავლის იმედით ამშვიდებს. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მმართველობის ეს მოდელიც შეიცვლება. ნაწილობრივ იგივეს აცხადებს თავად სააკაშვილიც, რომელიც ირწმუნება, რომ მართალია, ახლა გამგებლების დანიშვნის უფლება მან დაიკანონა, მაგრამ 2005 წლისთვის გამგებლების და მერების არჩევის უფლება თავად ხალხს ექნება.

ამ განმარტებების გაკეთება საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად პარლამენტში შეტანილ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით სჭირდება, რომლის მიხედვითაც „გარდამავალ პერიოდში“ პრეზიდენტს გამგებლების და მერების პირდაპირ დანიშვნის უფლება ეძლევა. ამ ცვლილებებების მიღებამდე პრეზიდენტს გამგებელი არჩეული საკრებულოდან უნდა დაენიშნა. ფაქტია, რომ დღეისათვის საკრებულოებში მაინც წინა ხელისუფლების მიერ ხელდასმული კადრები სჭარბობენ. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებისათვის გამგებელ-მერების გადახალისება გამარჯვებული ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებში შედის.

ცხადია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან, ისე – გამგებლების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც მინიმუმ 2005 წლის შემოდგომამდე შენარჩუნდება, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ თემებს გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა მიუძღვნეს.

თუმცა, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში წესრიგის სასწრაფოდ დამყარებასა და ამ მიზნით რადიკალური და სასწრაფო ზომების გადადგმაზე საუბრობს, ამჯერად შეუვალი იყო. პარლამენტი კი – ტრადიციისამებრ, შესაშურად მორჩილი. ერთადერთი, რაშიც დღევანდელი პარლამენტი ახალ ხელისუფლებას „ეურჩებოდა“, საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საკითხი იყო – დეპუტატები, რომელთა დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში სწორედ იმუნიტეტის ხათრით მოდიან, მის დათმობას, ნაწილობრივადაც კი არ აპირებენ.

მორიგი შეხვედრა სოხუმში გაიმართება

 

ქართულ-აფხაზურ მხარეთა წარმომადგენლები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შემდეგ შეხვედრას სოხუმში, 20 მაისს გამართავენ, – აცხადებს სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

შამბას თქმით, აფხაზური მხარე ოფიციალურ თბილისთან კონსტრუქციულ დიალოგს იმედოვნებს.

შეხვედრაზე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში გაეროს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის ინიციატივით, სამშაბათს, თბილისში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება მორიგ შეხვედრამდე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები და ორივე მხარის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რაც თავის მხრივ, ჟენევაში, 22 აპრილს შედგება.

შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, 10 თებერვალს შედგა, ქართულ მხარეს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე, ხოლო აფხაზურს – სერგეი შამბა ხელმძღვანელობდა.

სერგეი შამბამ, მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოხუმში, თბილისთან იმ შეთანხმების მიღწევას იმედოვნებენ, რაც თავდაუსხმელობასა და  საომარი მოქმედებების განუახლებლობას ეხება.

მისი თქმით, ეს აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და მოლაპარაკებების განახლებისათვის.

თბილისში აფხაზურ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე, კოდორის ზემო ხეობის დემილიტარიზაციის საკითხი წამოიჭრა, ასევე, ამ ტერიტორიაზე დსთ-ს სამშვიდობოთა და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ერთობლივი საგუშაგოების განთავსება.

სიძნელეები წარსულში უნდა დარჩეს

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ ოთხშაბათს დილით მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მოლაპარაკების წარმატებით ჩატარებისთვის ლოცულობდა. „დილით ჩვენ ქართულ ეკლესიაში დღევანდელი შეხვედრის წარმატებით ჩატარებისათვის ვლოცულობდით“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან შეხვედრის წინ. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მადლობელია მოსკოვში მოწვევისათვის. „დიდი ხანია მქონდა ჩამოსვლის სურვილი და ძალიან მინდოდა, რომ ჩემი პირველი დიდი პოლიტიკური ვიზიტი მოსკოვში ყოფილიყო. საქართველოში ყველა დიდი იმედით უყურებს ჩემს ჩამოსვლას, თქვენს მოქმედებას და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი საქართველოსკენ დგამს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ თქვენს სტუმართმოყვარეობას, და ის ქართველები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ძალზე მადლობელი არიან იმ სითბოსა და სტუმართმოყვარეობისთვის, რომელსაც რუსი ხალხი მათდამი იჩენს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უბრალო ხალხის დამოკიდებულება რუსი ხალხისა და პირადად ვლადიმერ პუტინისადმი პოზიტიურია. „სასურველია, რომ ყველა არსებული სიძნელეები წარსულში დარჩეს“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რა მოიგო აჭარამ აბაშიძის ვიზიტით

ასლან აბაშიძე მოსკოვში ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ ბათუმში დღეს დაბრუნდა. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი ვიზიტის ერთადერთი მიზანი ენერგეტიკის საკითხები იყო. ასლან აბაშიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები. აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთიდან 100 მეგავატი ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად კი ბათუმში ამ საღამოსვე ჩამოვლენ რუსი ენერგეტიკოსები. როგორც ავტონომიის ლიდერმა განაცხადა, ამით არა მარტო აჭარა, არამედ მეზობელი რეგიონებიც მოიგებენ, რადგანაც აჭარას 100 მეგავატი არ ესაჭიროება და ელექტროენერგიას სხვა რეგიონებსაც მიაწვდიან. ამასთან სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგია მოსახლეობისათვის უფასო იქნება.

სამთავრობო დაცვის უფროსის დავით ხალვაშის მიმართ გენპროკურატურაში აღძრულ საქმესთან დაკავშირებით აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს არის მორიგი პიარი, რომელიც გარკვეულმა ძალებმა ააგორეს, იმიტომ რომ თემები შემოელიათ. თუმცა აჭარის ლიდერი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ძალაა ამით დაინტერესებული.

ასლან აბაშიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სწრაფი რეაგირების რაზმის უფროსის გენერალ ნეტკაჩოვის გადაყენების თაობაზე, თუმცა დასძენს, რომ ნეტკაჩოვი საბოლოოდ არ „გაუწირავს“ და ის წარმომადგენლობაში დატოვა.

ახალი მინისტრთა კაბინეტის თაობაზე აბაშიძე კომენტარს ფაქტობრივად არ აკეთებს. იმის გამო, რომ მოსკოვში იმყოფებოდა, წარდგენილი კანდიდატურებიდან მხოლოდ პირველ პირს, ანუ ზურაბ ჟვანიას იცნობს. შესაბამისად, ჯერ უცნობია დაუჭერს თუ არა მხარს „აღორძინების“ წარმომადგენლობა მხარს „ზედმეტად ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტს“.

ქართველი სამხედროების რუსეთსა და ჩეჩნეთში გაყვანასთან დაკავშირებით კი აბაშიძე კომენტარს არ აკეთებს.

აბაშიძეს აეროპორტში მხოლოდ აჭარის მთავრობის წევრები და ჟურნალისტები დახვდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ბათუმის უნივერსიტეტთან მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ელოდნენ, არ გამართლდა. აქცია მართლაც იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიშალა. სამაგიეროდ, საღამოს ბათუმის თეატრში აჭარის ლიდერი აჭარის უხუცესებს შეხვდა.

„ახალ თეატრს“ სალონური დატვირთვა ექნება

 

7 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაში გაიხსნა ხელოვანთა დარბაზი „ახალი თეატრის“ სახელწოდებით, რომლის ორგანიზატორებიც ზაზა ფირცხალაიშვილი და ირმა ქობულაძე არიან. თეატრს ჯერჯერობით სპონსორი არ ჰყავს, ორგანიზატორები ყველაფერს ენთუზიაზმით და ინტურისტის დირექტორის თამაზ ხარაზის დახმარებით აკეთებენ.

თეატრს სალონური დატვირთვა ექნება, მოეწყობა შეხვედრები, მოწვევით გაიმართება სპექტაკლები. 28 თებერვალს სპექტაკლს გამართავს თბილისის ერთი მსახიობის თეატრი, მსახიობ მურმან ჯინორიას სპექტაკლით „და სიმღერით ვკვდები“.

თეატრის პრეზენტაცია ლექსების გამოფენით შედგა, რომელზეც 70-მდე პოეტის 146 ლექსი იყო წარმოდგენილი. ჟიურიმ გამარჯვებულებს  საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა. მალე მათი ლექსები ჟურნალ „ლიტერატურულ აჭარაში“ დაიბეჭდება.

ახალი ეკლესია ძველის ანალოგიური იქნება

ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა სამებაში ახალი სამების ტაძარი აიგება. შუა საუკუნეებში, სოფელში ამავე სახელწოდებით ფუნქციონირებდა ტაძარი, რომელსაც მე-16 საუკუნეში, ოსმალთა შემოსევების შემდეგ, მოქმედება შეუწყვეტია. დღეისათვის ეკლესიის საძირკველიღაა შემორჩენილი.

ეკლესია აშენდება ძველი ტაძრიდან მოშორებით, კერძოდ, სოფელ სამების სკოლის ეზოში. გეგმით იგი თავდაპირველი სახის, ჯვარგუმბათოვანი იქნება. პროექტი შემუშავებულია ეპარქიასთან არსებული ხუროთმოძღვრული ცენტრის არქიტექტორთა მიერ. ძველი ტაძრიდან შემორჩენილია ზარი, რომელიც ერთ-ერთი მოსახლის მიერ სახლის საძირკვლის გათხრისას იქნა ნაპოვნი.

მშენებლობა, სავარაუდოდ გაზაფხულისათვის დაიწყება, რომელსაც კურირებას გაუწევს ბათუმ-სხალთის ეპარქია.

თამარის დასახლებაში რელიგიის მუზეუმი აშენდება

თამარის დასახლებაში, თამარ მეფის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის კულტურის მინისტრის თეიმურაზ კომახიძის და მისი მეუღლის ნარგიზ აბაშიძის თაოსნობით რელიგიის მუზეუმი შენდება. მუზეუმის აშენების  იდეა თეიმურაზ კომახიძის აწ გარდაცვლილი შვილის, დავით კომახიძის სურვილი ყოფილა, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში მონასტერში ცხოვრობდა და მუზეუმისთვის სამშენებლო ადგილის გამოყოფაზეც თავად უზრუნია.

მუზეუმი დათო კომახიძის სახელობის იქნება და გარდაცვლილის კუთვნილი 12 ათასი დოლარიც მას მოხმარდება. მუზეუმისთვის გამოყოფილი ფართი 400 კვადრატული მეტრი, თავად შენობა, თავისი დამხმარე სათავსოებით, 150 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. შენობის გეგმა ჯვრის ფორმისაა, შესასვლელი მოიხატება კედლის მხატვრობით, სადაც გამოსახული იქნება ანდრია პირველწოდებული, მატათა მოციქული და ღვთისმშობელი ყრმით. სამომავლო ექსპონატებს წარმოადგენს რეზიდენციის მიერ შეწირული სიწმინდეები და ფერწერული ტილოები წმინდანების გამოსახულებით. რაც შეეხება თამარის ციხეს, თეიმურაზ კომახიძის თქმით, ციხეს ჩაუტარდება აღდგენითი სამუშაოები, მის ირგვლივ გაკეთდება 12 მოციქულის, წმიდა ნინოსა და ტბელ აბუსერისძის ბარელიეფები, გამოიფინება საქართველოში მოქმედი ეკლესია-მონასტრების რეპროდუქციები ქართული ორნამენტების დართვით.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მუზეუმის მშენებლობას დადებითად აფასებს, მხოლოდ ერთი პირობით, თუ ეკლესიასა და მუზეუმს შორის აღმართული 200 წლოვანი ჭადარი არ მოიჭრება. იქვე მცხოვრების, სულიკო ღლონტის თქმით, „ეს ხე მიეკუთვნება ენდემური ფლორის ერთ-ერთ რელიქტურ სახეობას. მსგავსი მერქნიანი ხე შეტანილია წითელ წიგნში, მითუმეტეს თუ მისი ასაკი 100 წელზე მეტია. ეს ჭადარი 200 წლოვანია, დგას გზის პირას, სადაც ამდენი გამონაბოლქვია და ასუფთავებს გარემოს. ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დახმარებით ჭადარი მოჭრას გადაურჩა. პირადად მე მუზეუმის მშენებლობის წინააღმდეგი არა ვარ, პირიქით, ყველა კეთილ საქმეს მივესალმები, მაგრამ ბუნების ისტორიულ ნიმუშსაც მოვლა და გაფრთხილება უნდა“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ანზორ თხილაიშვილი ჭადრის მოჭრაზე გაცემულ ნებართვას უარყოფს: „ხის მოჭრის ბრძანება არ გამიცია. პირიქით, მოჭრის შეჩერება ვბრძანე, რადგან ჩემთან არ მოსულა ის დოკუმენტური მასალა, რითაც უნდა გადამეწყვიტა შეიძლებოდა თუ არა ხის მოჭრა. როგორც მე ვიცი, იმ ადგილას კარგი საქმე კეთდება. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმით მეორის გაფუჭებას თავად ბატონი თემურიც არ დაუშვებს. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია მშენებლობის პროექტი, ჩატარებული არ არის ეკოლოგიური ექსპერტიზა. პროექტის გაცნობის შემდეგ,  ეკოლოგიური თვალსაზრისით, ცვლილებების შეტანაზეც ვიზრუნებ“.  „ჭადრის მოჭრას უკანონოდ არავინ აპირებდა. რადგან მოსახლეობა წინააღმდეგი წავიდა, ხე აღარ მოიჭრება, მაგრამ მერწმუნეთ, გავა დრო და ამ ხეს ისევ ის ადამიანები მოჭრიან, ვინც წინააღმდეგობა გაგვიწია“, – აღნიშნა თემურ კომახიძემ.

 

„ხოფის“ მოვაჭრეები მორიგი გაფიცვით იმუქრებიან

გასულ კვირას, შპს „ბათუმის“, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ბაზრობის ადმინისტრაციას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. განცხადებით, რომლითაც ბაზრის ადმინისტრაციას მიმართეს მოვაჭრეებმა, გადასახადების 5 ლარიდან 2 ლარამდე შემცირებას ითხოვენ. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოვაჭრეები ფართომასშტაბიან აქციას, (თუ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები) გადასახადების მორიგი აკრეფის დროს კვლავაც გეგმავენ.

„ხოფის“ ადმინისტრაციას „ოპოზიცია“ წინა წლებისგან განსხვავებით მარტო გადასახადების შემცირებას არ თხოვს. ბაზრობაზე არსებული პირობების გაუმჯობესება, კვირაში ერთი უქმე დღე, 276 მოვაჭრის (ხელმოწერები გრძელდება)  ძირითადი მოთხოვნაა. „გადასახადს, თუ არ ვვაჭრობთ, მაინც გვართმევენ. გაგვიჭირდა, უმრავლესობამ ობიექტი დაკეტა და წავიდა, ვალებში ჩავვარდით. 50 დოლარს გვახდევინებენ ერთ კვადრატ ჯიხურში. ვინც ვერ გადაიხდის, სახლში წავაო, ამბობენ. იმას არავინ კითხულობს, მოვაჭრე თუ აკეთებს ამ თანხას. პირველად ცოტას გვახდევინებდნენ, შემდეგ მოგვიმატეს. თუ ის გადასახადი თავის დროზე საკმარისი იყო, შემდეგ რატომ გაზარდეს“, – კითხეს მოპიკეტე-მოვაჭრეებმა აჭარის შს მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს.

მოვაჭრეთა ერთი ნაწილი კმაყოფილია არსებული პირობებით და არც გადასახადის შემცირებისთვის იბრძვის: „ახალგაზრდა, 18 წლის ბიჭების გადასაწყვეტი არ არის ბაზრობის ბედი. ტანსაცმლით ბითუმად მოვაჭრეებმა დაგვანებონ თავი, თუ აქ არ მოსწონთ, ფარეხში გადავიდნენ. ერთი კვირის წინ, ვიღაც „ნაციონალები“ შემოვიდნენო ამბობდნენ, მათი შემოტანილია ეს არეულობა ბაზარში“.

ჯემალ გოგიტიძემ საკუთარი ცნობადობის ფაქტორი გამოიყენა მოვაჭრეებთან და აქციის დაშლა არ გასჭირვებია: „ახლა დაიშალეთ. მე თქვენსკენ ვარ და თქვენ ეშმაკებისკენ თუ რა? არა და რომ მოგეფერებიან, მერე აყვირდებით კიდევ. გითხარით, ერთი ლარი დააკლდება. ბიუჯეტს ჩავყვებით ბოლომდე, თუ იქნება მოსამატებელი, კიდევ მოგიმატებთ, თუ მოსაკლები-მოგაკლებთ“.

ამ მოთხოვნების პარალელურად მოვაჭრეები ჟურნალისტებს კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ აქციას არ მიეცეს პოლიტიკური დატვირთვა. ისინი მოთხოვნების შესრულების გარანტად შს მინისტრს ასახელებენ.

„გაზეთი ბათუმელები“ შპს „ბათუმის“ ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. ბაზრობის დირექტორის შალვა აბაშიძის თქმით, გაფიცულთა მოთხოვნების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. „2 ლარს რომ ითხოვენ, მარტო დაცვას არ ეყოფა. ადრე დაცვასთან თვითონ მოვაჭრეები აფორმებდნენ ხელშეკრულებას და 7 ლარს უხდიდნენ. სავსე და ცარიელ კონტეინერში ერთნაირ გადასახადს ვითხოვთ. სადაც 20 000 დოლარის საქონელი უწყვიათ, ისინი გამოვიდნენ. სხვა ბაზრობებთან შედარებით ჩვენთან 5-ჯერ ნაკლები გადასახადია და კიდევ შემცირებას ითხოვენ. ეს არის კომერციული სტრუქტურა და ფასს თვითონ აწესებს. ვისაც არ აწყობს, სადაც იაფია, იქ უნდა წავიდეს“.

ბაზრობის ერთ-ერთი მოწილე ილია ანანიძე არც პოლიტიკურ მომენტებს გამორიცხავს. „ერთ-ერთი მოვაჭრე, ზოიძე, რომელიც აცხადებდა, რომ აქ 2-3 წელია მუშაობს, ტყუის – 3 თვეა რაც მოსულია, ხელშეკრულებაც კი არ აქვს გაფორმებული. ის იძახდა, რომ ილია ანანიძე მას კაბინეტში ეჩხუბა. ამ დროს მე, ილია ანანიძე ვდგავარ მის წინ და ვეკითხები, თუ  იცნობთ-მეთქი, ილია ანანიძეს, – დიახო. როცა ვუთხარი ვინც ვიყავი, ის ქალბატონი გაიქცა. ეს არის შემოსული პიროვნება, რომელიც რაღაცას ამზადებს. ხალხის შესაკრებად კი ეს ყველაზე კარგი  ადგილია. ჩანს, რომ ვიღაცას სჭირდება ბაზრობიდან ტალღის აგორება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სპეციალურად აგდებენ ასეთ ანკესებს და ხალხს აბუნტებენ. ბაზრის მოვაჭრეების პოლიტიკაში გარევა არაეთიკურია“.

ამის თქმის საფუძველს ადმინისტრაციას ისიც აძლევს, რომ მათთვის პრობლემის შესასწავლად თუ გადასაწყვეტად „ბუნტოვშიკებს“ არც ერთი დღე არ მიუციათ და განცხადების შეტანიდან მეორე დილით გაფიცულან.

ადმინისტრაცია თვლის, რომ თუ ისინი დათმობაზე წავლენ, მაშინ იძულებულნი იქნებიან შეამცირონ დაცვის რაოდენობა, რაც გამოიწვევს პრობლემებს საკუთრების დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, შეწყდება ბაზრის ტერიტორიის კეთილმოწყობა. „დაცვის, დამლაგებლის გადასახადი იმ 5 ლარიდან მიდიოდა. ერთი რელსი არავის მოუტანია, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. იქნებიან ისე, როგორც მანამდე იყვნენ – მოუწესრიგებელ ბაზარში. ეს ერთი პიროვნებისთვის, ილია ანანიძისთვის არ კეთდება. ყველას ახსოვს, როცა ცელოფნის ქვეშ ისხდნენ, წვიმის დროს მუხლამდე წყალი იდგა, ბაყაყები ყიყინებდნენ ამ ტერიტორიაზე. ეხლა მოგებიდან ხდება ამ ბაზრის კეთილმოწყობა“, – აცხადებს ანანიძე.

„ხოფის“ მოვაჭრეებს ამასთან დაკავშირებით კონტრარგუმენტები მოაქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ნებისმიერი კეთილმოწყობითი სამუშაო, რაც ბაზარში ტარდება, მათ ზურგზე გადადის. ამისათვის ფულს „ამერიკულ დოლარებში ართმევენ“, რასაც რა თქმა უნდა, უარყოფს ადმინისტრაცია: „ეს არავის ხარჯზე არ გაკეთებულა. ზოგმა მთელი წლის წინასწარ გადაიხადა, მაგრამ შემდეგ გათავისუფლდნენ გადასახადისგან“.

მიუხედავად იმისა, რომ „ხოფის“ ბაზრობას გასულ თვეში ბიუჯეტში 15000 ლარი, ამ თვეში კი 21500 შეუტანია, კულუარებში დაფარულ შემოსავლებზე და ეკონომიკურ დანაშაულზე საუბრობენ. ჯემალ გოგიტიძე კი აცხადებს, რომ საკითხს ძირფესვიანად შეისწავლიან. რაც შეეხება უშუალოდ უკმაყოფილო მოვაჭრეთა მოთხოვნებს, ჯემალ გოგიტიძის თქმით, პრობლემა ბაზრობის ადმინისტრაციის მოსაგვარებელია.

 

სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბეჟანიძეს ყოფილი ქვეშევრდომი, სასამართლოს კანცელარიის გამგე, ფატმან (იგივე დოდო) ლეონიძე სამსახურიდან უკანონო დათხოვნის გამო უჩივის და შრომის უფლების აღდგენას მოითხოვს.

ფატმან ლეონიძე თავის გათავისუფლებას სასამართლოს თავმჯდომარის პირად ამბიციებს უკავშირებს. „ავთო ბეჟანიძემ კანცელარიის გამგის სანაცვლოდ სხვა თანამდებობა შემომთავაზა. ოღონდ მაგ სკამზე ავთო აბაშიძეს ნუ დაენახვები, ყოველნაირად ხელს შეგიწყობ, როცა გინდა მოდი, როცა გინდა წადი, სხვა ადგილზე გადაგიყვანო. თუ დანაშაული ჩავიდინე, ცუდად ვმუშაობდი, მაშინ სხვა ადგილს რატომ მთავაზობდა. ამ საუბარს, სხვათა შორის, ბათუმის სასამართლოს მოსამართლეებიც ისმენდნენ“, – აცხადებდა ლეონიძე სასამართლო პროცესზე.

საყურადღებოა ლეონიძის სარჩელის მიმართ მოსამართლის მიერ გაკეთებული შეპასუხება: „…გათავისუფლება, რაც მიმართულია წესრიგისა და კანონიერების დასაცავად, შეესაბამება ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას“.

„რას ნიშნავს ეს? რადგან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამიტომ გამათავისუფლეს და ამით აღსდგა კანონიერება?!“ – კითხულობს განცვიფრებული ლეონიძე.

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ლეონიძის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი მოქალაქე ნაზი მუკუტაძე-ზოსიძის (ნაზი მუკუტაძე ჯემალ ზოსიძის ყოფილი მეუღლეა, ხოლო ფატმან ლეონიძე მისი ამჟამინდელი მეუღლე) განცხადება გამხდარა. ამ ქალბატონს 2003 წლის 18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის მიუმართავს: „როგორც გადმომცეს, ჯემალ ზოსიძეს სასამართლოში ჰყავს მეგობარი ქალი, რომელიც შევალ თუ არა შენობაში, ფეხდაფეხ დამყვება, არ მაძლევს საქმის ნორმალურად წარმართვის საშუალებას და ჩემს შემდეგ ემუქრება თანამშრომლებს“.

პირველ დეკემბერს აღნიშნული განცხადება აჭარის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ავთანდილ აბაშიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბეჟანიძეს გადაუგზავნა განსახილველად: „გთხოვთ, დეტალურად შეისწავლოთ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და დადასტურების შემთხვევაში გააკეთოთ მკაცრი რეაგირება“.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ოპერატიულად განიხილა და გამოიკვლია ეს საკითხი და ფატმან ლეონიძე მეორე დღესვე, 2 დეკემბერს, სამსახურიდან განთავისუფლა. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლეონიძე ამ მომართვის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. სასამართლოს თავმჯდომარემ ეტყობა კარგად ვერ გაიგო ამ მომართვის არსი. საქმეში არ არის წარმოდგენილი სასამართლოს თანამშრომლების არც ერთი ახსნა-განმარტება, რომელთაც თითქოს ფატმან ლეონიძე ემუქრებოდა“, – აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი ვალერი გიორგაძე.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მიუთითებს, რომ 2002 წლის 18 ივნისამდე ფატმან ლეონიძის მიერ თითქოსდა ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდენებისათვის იგი დასჯილი იქნა 79-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„შრომის კანონის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დისციპლინარული სასჯელი არ შეიძლება დადებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 6 თვის შემდეგ. იმავე მუხლის I ნაწილით დისციპლინარული სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა“, – აცხადებს ადვოკატი გიორგაძე და აქედან გამომდინარე გათავისუფლების უკანონობას ასკვნის.

დაზარალებული დარწმუნებულია, რომ ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარეს კანცელარიის გამგედ თავისი ახლო-ნათესავის დანიშნვა სურდა. „ის ხელმოსაჭიდს ეძებდა ჩემი გათავისუფლებისათვის, რომ საჩივარი დასაწერი არ მქონოდა. ჩემს თანამშრომელზე (ლელა გორგოშაძეზე) მითხრა, „მაგის მამა დადის თავმჯდომარესთან (იგულისხმება ავთანდილ აბაშიძე), მისთვის უნდა ეს ადგილი და რა ვქნაო“ – აცხადებს ლეონიძე.

დაზარალებული, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაამართლა. ფატმან ლეონიძემ თავისი უფლებების დასაცავად ზემდგომ სასამართლო ინსტანციას მიმართა.

ფინანსურ საკითხებზე კულისებში საუბრობენ

ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო ურთიერთობების კუთხით, წლების განმავლობაში არსებულ ტრადიციულ გამყინვარებას, ვარდების რევოლუციამ თავისი დაღი დაასვა. ყინულმა ლღვობა დაიწყო – რევოლუციურ ტალღაგადავლილ დედაქალაქში აჭარიდან თანხები დაიძრა.

ბოლო დროს ტრადიციად ისიც იქცა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ბიუჯეტის შეუსრულებლობა ხშირად აჭარას ბრალდებოდა. „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა, საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 მილიონი მართებს ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა ამას წინათ ასლან აბაშიძემ. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ, მაშინ, როცა ცენტრალური და რეგიონის მიმდინარე წლის ბიუჯეტები დაუმტკიცებელია – ალბათ ფინანსისტები გაგვარკვევენ. გასარკვევ-გადასაწყვეტი კი თბილისშიც და ბათუმშიც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ…

ნიშანდობლივია, რომ, როცა რეგიონისა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის რაიმე დიალოგზე მიანიშნებენ, აჭარის ხელისუფლება ამას თითიდან გამოწოვილს უწოდებს და ასეთი ტიპის დიალოგების საჭიროებას კატეგორიულად გამორიცხავს ერთი მიზეზით – ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ…

მიუხედავად ზემოთთქმულისა, დიალოგის საჭიროებას ფინანსურ საკითხებზე არ გამორიცხავენ და აჭარასა და ცენტრს შორის ფინანსურ ურთიერთობებს, უკვე შესაბამისი კომისიაც კი სწავლობს. აღნიშნული კომისიის თუ სპეციალური ჯგუფის მუშაობის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. აჭარის ფინანსთა მინისტრის იაშა ჩავლეიშვილის თქმით, ჯგუფის წევრები ამ დღეებში ერთხელ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს და ყოველივე ამის ირგვლივ, ინფორმაციასაც შემდეგ გასცემს.

აჭარის ფინანსთა სამინისტროში ინფორმაციის გაცემის კუთხით არსებულ გამყინვარებას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ეხება, არაფერი ეშველა, ეტყობა არც არაფერი ეშველება.

მიმდინარე 2004 წლის აჭარის ბიუჯეტის „ბედ-იღბალია“ ცნობილი. მის პროექტზე მუშაობა კი როგორც გვარწმუნებენ, კარგა ხანია რაც დაწყებულია.

აჭარის მეთაურის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა კულტურის, ხელოვნების, განათლებისა და სპორტის განვითარების კუთხითაა მიმართული. მეთაურისთვის ეს ერთგვარად საამაყოც კი ყოფილა: „მარტო 2003 წელს, ამ კუთხით მიმართულია მთელი ბიუჯეტის 27,1% – ეს რაც გახარჯულია, როგორც ბიუჯეტიდან, ისე სხვადასხვა ფონდებიდან… ასეთი რამით, ალბათ, ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის“ – აღნიშნა ახალგაზრდული პარლამენტის გახსნის დღეს ასლან აბაშიძემ. „ამ კუთხით“ მუშაობა ალბათ მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

აი, „სხვა კუთხით“, აჭარის ბიუჯეტი ეტყობა ბუნდოვანია და არც არაფერია საამაყო.

„აფსაროსი“ ახალგაზრდული ფორუმის შექმნის იდეით გამოდის

აჭარაში პოლიტიკურ სპექტრში ახალი სახეები და ორგანიზაციები ჩნდებიან. ერთ-ერთი ასეთია ახალგაზრდული ორგანიზაციაა „აფსაროსი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მირდატ ქამადაძის განცხადებით „აფსაროსი“ იატაკქვეშეთში ჯერ კიდევ 2 ნოემბრამდე შეიქმნა. „ჩვენ არჩევნებში კომისიის წევრების სტატუსით სხვადასხვა პარტიის მეშვეობით ვღებულობდით მონაწილეობას. როდესაც ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა გამოვაჩინეთ ჩვენი სახე. არასდროს გვქონია თვითმიზნად სახალხოდ გამოსვლა, მთავარი იყო საქმე გვეკეთებინა. ახლახანს ჩამოყალიბდა ორგანიზაციები „ჩვენი აჭარა“, „დემოკრატიული აჭარა“ და სხვები. რადგან ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი, აჭარაში მშვიდობიანი მეთოდებით შეიცვალოს დიქტატორული რეჟიმი, ყველა ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“. „აფსაროსი“ ამჟამად „ჩვენ აჭარაშია“ გაწევრიანებული.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია 150 წევრს ითვლის. მიზანი კი მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით არსებულ რეჟიმის რიგგარეშე არჩევნებით შეცვლა და აჭარაში დემოკრატიული ინსტიტუტების დანერგვაა. „ამ რეჟიმმა ყველაფერში შეგვიშალა ხელი. უმთავრესად მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვკარგავდით, ასლან აბაშიძემ ავტონომიის საზღვრები ჩარაზა. ქვეყანა შიმშილობდა, ბათუმის ძვირადღირებული ოპერის თეატრი კი საზღვარგარეთ გასტროლებზე დადიოდა და აჭარის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯებოდა. მისასალმებელია, როდესაც ხელოვნებას პატივს სცემს ადამიანი, მაგრამ გააჩნია რა დროს და რა პირობებში. რაც შეეხება სამართლებრივ თვალსაზრისს, როდესაც აფხაზეთში ქართულ ჯარის საუკეთესო ტანკი ტ-65 იყო, ასლან აბაშიძეს გოგებაშვილის ქუჩაზე უახლოესი ტიპის ტ-72 ტანკი იცავდა“, – მირდატ ქამადაძე.

„აფსაროსის“ ლიდერებს პრეტენზიები ეკონომიკურ საკითხებში აქვთ: „აჭარა არის ყველაზე დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე მხარე საქართველოში. ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნებოდა სწორედ აჭარიდან დაწყებულიყო. როცა აქ ინვესტორი შემოდიოდა, ხელისუფლება მათ გარკვეულ პროცენტებს თხოვდა. ბევრი ბიზმენსმენი, რომელსაც თავისი ჭკუით შეეძლო ბიზნესის გაკეთება, იმის გამო, რომ აბაშიძის ნათესავები ბიზნესის ყველა სფეროში წილში ჯდებიან, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ აჭარა და სხვაგან წარემართათ თავიანთი საქმიანობა“, – ამტკიცებს „აფსაროსის“ აქტივისტი როლანდ ბერიძე. ახალგაზრდები მშვიდობის დაცვის თემას და მხედრიონის არშემოშვებასაც შეეხნენ. „აჭარის ხელისუფლებამ მხედრიონი არ შემოუშვა, მაგრამ აქ შექმნა მხედრიონის მსგავსი დაჯგუფება, რომელიც განუწყვეტლივ არბევს ადგილობრივ მოსახლეობას“, – აცხადებს ქამადაძე.

აჭარაში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას „აფსაროსი“ ასე ასაბუთებს: „ასლან აბაშიძის ფსიქოლოგიური პორტრეტი ისეთია, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია იმ სფეროში მოღვაწეობა, სადაც ერთპიროვნულად არ მართავს. მან თავისი ნებასურვილის მიხედვით უნდა განსაზღვროს ყველაფერი. ასლან აბაშიძემ თავისი თავი ამოწურა“.

აჭარაში ბოლო დროს ოპოზიციურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად ხელისუფლების მხარდამჭერი  ორგანიზაციებიც მომრავლდა. საზოგადოება მათი ურთიერთდაპირისპირების მოწმე ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდება. „აფსაროსი“ ახალგაზრდული ფორუმის შექმნის იდეით გამოდის. „ჩვენ ახალგაზრდები აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და ვიცხოვრებთ ერთად“, – აცხადებს პაატა აროშიძე.

და ბოლოს, რომელი პოლიტიკური ძალის დროშის ქვეშ დაივანებს „აფსაროსის“ ამბიციები?! როგორც ისინი აცხადებენ, „მიზნები პოლიტიკური აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარაში დიქტატორული ხელისუფლების შეცვლისთვის იბრძვიან“ და რომელიმე პარტიას ღიად მხარს აჭარის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დროს დაუჭერენ.

 

რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში პოლიცია გაისვრის

გუშინ „ჩვენი აჭარას“ მიერ გამართული პრესკონფერენციის მთავარი თემა რამდენიმე დღის წინ დაკავებული მოძრაობის აქტივისტებისათვის წართმეული ორგანიზაციის წევრთა სიები იყო. პოლიციის მიერ დაკავებულ ძმებ ჩხეტიებსა და „ჩვენი აჭარას“ ბათუმის ორგანიზაციის გამგეობის წევრს დავით ბაციკაძეს მხარდამჭერთა 3 500 ხელმოწერა წაართვეს.

„ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ დიასამიძის განცხადებით, პოლიციელები ამ სიების მიხედვით აქტივისტებს სახლში აკითხავენ და აშანტაჟებენ. დიასამიძე გაოცებას ვერ მალავს იმის თაობაზე, რომ შსს სიებს არ უბრუნებს. „იმავე ღამეს შევხვდით ჯემალ გოგიტიძესა და ჯუმბერ ტაკიძეს, რომლებიც შეგვპირდნენ, რომ სიებს უკან დაგვიბრუნებდნენ. დღეს კი ისინი აცხადებენ, რომ სიებს ვერ მიაკვლიეს. მინისტრმა განაცხადა – არ ვიცი სად არის სიები, სხდომაც მოვიწვიე, მაგრამ თავი და ბოლო ვერ გავიგეო“.

„ჩვენი აჭარას“ ლიდერები აცხადებენ, რომ სიებში აღნიშნულია წევრების რეკვიზიტები. „აშკარად ნადირობდნენ ამ სიებზე. კუდი ეტყობა ადგილიდან გაგვყვა. არ არის გამორიცხული ჩვენს რიგებშიც ჰყავდეთ აგენტი. სიები შსს თანამშრომელს ვაჟა თაბაგიძეს აქვს“, – აცხადებს დავით ბაციკაძე.

„ჩვენი აჭარა“ შსს-ს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს: „თუ ერთი დღე-ღამის განმავლობაში მხარდამჭერთა სია არ დაგვიბრუნდება, მაშინ იძულებული გავხდებით შსს-ს წინ აქცია მოვაწყოთ. ჩვენ მათ არა მარტო სიებს, არამედ ადამიანთა დაცვის უზრუნველყოფას მოვთხოვთ. თუ ეს არ გაჭრის, მივმართავთ ჩვენს მრავალათასიან მხარდამჭერებს და გავაკეთებთ მანიფესტაციას, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანს, ვიდრე აბაშიძე 5 დღის განმავლობაში ამზადებს“.

თამაზ დიასამიძემ განცხადება აჭარაში იარაღის უკანონო დარიგების შესახებაც გააკეთა; „იარაღი ადრეც რიგდებოდა, მაგრამ მხოლოდ ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში. ახლა მაღალმთიან რაიონებშიც დაიწყეს. პიროვნება, რომელიც იარაღს იტოვებს, როგორც არაოფიციალურ სამხედრო მოსამსახურეს, 85 ლარს აძლევენ ხელფასის სახით. ქმნიან სტაციონარულ ჯგუფებს“.

„ჩვენი აჭარას“ წარმომადგენლების თქმით, ამ ყველაფერზე აჭარის შს მინისტრმა მათთან საუბარში შემდეგი განაცხადა: „ასლან აბაშიძე არ არის შევარდნაძე, მე არა ვარ ნარჩემაშვილი, ვინც შეეცდება ჩვენს ჩამოგდებას, ვინც ჩვენთან რევოლუციას გეგმავს და ჩვენს წინააღმდეგ შეეცდება გამოსვლას, ჩვენ იარაღით ვართ, ჩვენ გავისვრით“.

დათო ხალვაში – ოქრუაშვილის პირველი მსხვერპლი აჭარაში

ბოლო დროს საქართველოში ყველაზე პოპულარული კითხვა – ვინ  იქნება ოქრუაშვილის მორიგი მსხვერპლი – აჭარისთვისაც გახდა აქტუალური. აჭარაში გენპროკურორის პირველი მსხვერპლი ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დათო ხალვაში, იგივე „ქელფეთა“ აღმოჩნდა. გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 იანვარს აღძრა, თუმცა პრესამ ეს ე.წ. პოლიციის კვირეულის დაწყებისას შეიტყო. საქმე ეხება დათო ხალვაშის ავტომანქანების ბიზნესს, რომელსაც ის თურქულ ფირმასთან ერთად  ეწეოდა. იმას, რომ ხალვაშს ჰქონდა ავტომანქანების ბიზნესი, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. გოგიტიძე ამბობს, რომ არსებობდა გარკვეული უთანხმოება დათო ხალვაშსა და მის ბიძაშვილს შორის და გენერალურმა პროკურორმა, რომელიც თავის დროზე მისი ადვოკატი იყო, სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა. გოგიტიძე ამ საქმის აგორებას ოქუაშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს. თავად დათო ხალვაში, როგორც წესი კომენტარს არ აკეთებს, რაც შეეხება როსტომ ჯაფარიძეს, რომელიც მისი სიმამრია, ამბობს, რომ მისი სიძე წესიერი ადამიანია და რომ ამ საქმის თაობაზე თავადაც პრესით შეიტყო.

ხალვაშთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარას“ წევრები. ისინი სწორედ დათო ხალვაშს უკავშირებენ ჩოლოქთან 24 ოქტომბერს დავით ბერძენიშვილის ცემის ფაქტს და ოპოზიციის აქციების დარბევებს. მათი განცხადებით, ასლან აბაშიძემ ხალვაში დაცვის უფროსად სწორედ ამ დამსახურებების გამო დააბრუნა.

ხალვაში, რომელიც ერთი პერიოდი სამაშველო სამსახურის უფროსი იყო, თავის დროზე ასლან აბაშიძემ გაათავისუფლა. ორიოდე კვირის წინ კი იგი ირაკლი აბაშიძეს ანთავისუფლებს და დაცვის სამსახურის უფროსად დათო ხალვაშს ნიშნავს.

როგორც ამბობენ, გენპროკურატურის დაინტერესება აბაშიძის დაცვის სამსახურის უფროსით მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილება არ არის. უკვე საუბრობენ საქმის აღძვრის პოლიტიკურ მოტივებზე და იმაზე, რომ თბილისმა აბაშიძის სამხედრო რესურსების შესუსტებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

მითები, რომელსაც ქმნიდნენ აჭარაზე, ნელ-ნელა იმსხვრევა

რამდენად მტკივნეულია ის პროცესები, რომელიც დღეს აჭარაში მიმდინარეობს. საერთოდ, რა ფენომენია ასლან აბაშიძე და რა მითები დაემსხვრა მას. ამ თემებზე აშშ მყოფ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს, ფილოსოფოს გია მასალკინს ვესაუბრეთ.

 

ბატონო გია, რით ახსნით იმ ფაქტს, რომ აჭარაში სხვადასხვა ორგანიზაციის გააქტიურების მიუხედავად, საზოგადოების ძირითადი ნაწილი მაინც პასიურია

ეს განპირობებულია შიშით, რაც  სამსახურის დაკარგვას, ულუკმაპუროდ დარჩენას და ა.შ. ნიშნავს. ყველაზე მტკივნეული კი ფიზიკური შეურაცხყოფის საშიშროებაა. თბილისში ორგანიზაციებისთვის თავდაცვის მექანიზმები უფრო მეტია, აქ კი ყველაფერი შავ-თეთრშია, თუ ჩავარდი, შენს ოჯახში უცბად აღმოაჩენენ ნარკოტიკს, იარაღს, ბომბს და მერე ამტკიცე, რომ არ ხარ ბინ ლადენი.

ბოლო პერიოდში ყველას ჰგონია, რომ დასდევენ, ტელეფონებს უსმენენ. რა როლს თამაშობს ასეთ დროს ფსიქოლოგიური ტერორი

დიქტატორი, ისეთ გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან, ძალიან კარგად გრძნობს თავს, მათთვის მომგებიანია თუ ადამიანებს არ ექნებათ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა. დღეს ხელისუფლებას სწორედ ადამიანების გაერთიანების შიში აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის კინოთეატრები, ლიტერატურული სალონები ბათუმში? არის მხოლოდ ოპერა, ოპერა კლასიკური ხელოვნებაა, იქ ყველაფერი გათვლილია, თითო ბგერა თუ ნაბიჯი, კინო-თეატრი კი  დემოკრატიული ხელოვნებაა და, შესაბამისად, არავინ იცის, რა ფრაზა ან ფრაგმენტი გაიპარება, თეატრი შეიძლება ტრიბუნადაც გადაიქცეს რაღაც მოწოდებებისთვის, იდეოლოგია კი ტოტალიტარული რეჟიმისათვის ძალიან საშიშია.

საზოგადოების შეშინება თუ შეაჩერებს იმ პროცესებს, რაც დაიწყო აჭარაში?

არა, ამ პროცესებს უკვე ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოში გაჩნდა იმედი, სიახლის მოლოდინი, ახალი სახეებისა და ახალი პოლიტიკის. თბილისში დაწყებული პროცესები, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ თუ სხვა, ხალხს იმედს უღვივებს. აჭარაში გვყავს  ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მთავარია, არ მოხდეს ამ ძალების ბოროტად გამოყენება პოლიტიკოსთა  მხრიდან. მაგრამ იმის აქტიური მომხრე ვარ, რომ სტუდენტებმა თავიანთი აზრი მკაფიოდ დააფიქსირონ და არა სხვისი პოზიციები გაამყარონ.

აბაშიძის რეჟიმის დრო იწურება, ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. ნუთუ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მათ არაფერს ასწავლით. თუმცა აჭარის საკითხის მოგვარება უფრო ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის. რატომ უნდა ვიბრძოდე სისხლის ფასად მე იმისათვის, რაც დანარჩენი საქართველოსთვის მინიმალური, მაგრამ ხელმისაწვდომია (დემოკრატიას ვგულისხმობ). ჩვენ გვჭირდება არა თამაშები დიპლომატური ნიღბით, არამედ ხელისუფლების მტკიცე პოზიცია და დემოკრატიული არჩევნები აჭარაში.

რა ფენომენია ასლან აბაშიძე?

ძალიან რთული ფსიქოლოგიის მქონე ფიგურაა. ალბათ მის ასეთ ფორმულებას, მისმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი. თქვენ იცით აბაშიძის გვარის ისტორია. მემედ აბაშიძე რთული პიროვნება იყო, მასზე ბევრს წერდნენ. ზოგი ერთს, ზოგი მეორეს, ყოველ შემთხვევაში საინტერესო პიროვნება იყო, იცით 37 წელს დახვრიტეს და მისი ოჯახი გადაასახლეს. ბუნებრივია, ეს მის  პიროვნებაზე აისახა. ასლან აბაშიძე, როგორც მისი თაობის ახალგაზრდები აცხადებენ, საკმაოდ აგრესიული ყოფილა ჩხუბში, საქმეების გარჩევაში, ჩემი აზრით მისი ეს აგრესიული გამოვლინება, უბრალოდ, თვითდამკვიდრება იყო იმ საზოგადოებაში.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიეცა თბილისში მეტი გასაქანი?

შეიძლება იქ  ისეთ გარემოცვაში მუშაობდა, ვინც ვერ დააფასეს მისი შესაძლებლობები… თუმცა, უკვე 90-იან წლებში მას ასპარეზი ზვიად გამსახურდიამ მისცა. ამის შემდგომ დაიწყო ის, რასაც მე პირადად ვუწოდებ აბაშიძის მიერ  პოლიტიური სივრციდან გასვლას, რადგან ის არ გრძნობს თავს იმ პოლიტიკოსად, რომელიც არჩევნების გზით უნდა მოვიდეს სათავეში, ან გააგრძელოს ყოფნა ხელისუფლებაში. თუმცა მან შეძლო შეექმნა მითი, რომ ის აჭარის აღმშენებელია, რომ მას ტოტალურად უჭერენ მხარს და საპირისპირო ვერც კი წარმოუდგენია.  ამიტომ გვაქვს ჩვენ რთულ ფენომენთან საქმე. არჩევნები ჩვენც წაგვიგია, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შეგვიქმნია, მისთვის კი წაგება, პიროვნული ტრაგედიაა.

და ბოლოს, გავრცელდა ინფორმაციარესპუბლიკური პარტიის“ „ნაციონალებისგანგამოყოფის თაობაზე

„ნაციონალებისგან“ გამოყოფის საკითხი ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ ჩვენ ძალიან ფხიზლად ვართ, რადგან ჩვენს მომავალ ნაბიჯებს, სიფხიზლე განაპირობებს.

 

გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც არ იქნება მართული

აჭარაში დღეს არსებულ სიტუაციას ანალიზს არავინ უკეთებს. „მიუკერძოებლობის“ დაცვის პრინციპით, ამჯერად მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად ჩვენივე კოლეგა შევარჩიეთ. იგი ჟურნალისტიკაში, როგორც თავად ამბობს, იძულებით, სწორედ პოლიტიკიდან მოვიდა, და ჯერჯერობით არც ის აქვს გადაწყვეტილი, აქედან სად წავა. „გაზეთ ბათუმელების“ სტუმარია რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ ევგენი თავდგირიძე:

 

ჩემი ვარაუდით აჭარაში ვარდების რევოლუცია განხორციელდება, მაგრამ იმ სცენარით, როგორც დედაქალაქში იყო, არა მგონია. ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის. ე.ი. დროში გარკვეულად გაიწელება, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა დასრულდეს, თანაც არა კოსმეტიკურად, არამედ რეალურად. ვარდების რევოლუციის შემდეგ აჭარაში საზოგადოება სერიოზული ცვლილებების მისაღებად უკვე მზადაა.

ცვლილება რამ გამოიწვია?

საზოგადოების ცნობიერებაში რაიმე შეიცვალა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ასეთი განწყობილება ადრეც არსებობდა, უბრალოდ, მაშინ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, საზოგადოებაზე განსაკუთრებული ზემოქმედება იქონია პრეზიდენტის მტკიცე პოზიციამ აჭარის ხელისუფლების მიმართ და ამ ფონზე აჭარაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამ. საერთოდ, აჭარის მცხოვრებთ აქვთ, ასე ვთქვათ, ისტორიული მეხსიერება და ცენტრალური ხელისუფლების სრული მხარდაჭერის გარეშე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც შეიძლება საეჭვო შედეგის მომტანი გახდეს. აქ არის ერთგვარი სიფრთხილის მომენტიც.

პრეზიდენტს აქვს უფლება ერთპიროვნულად გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რატომ არ აკეთებს ამას?

საგანგებო მდგომარეობა, ჩემი აზრით, აჭარაში პრაქტიკულად არც არსებობს. პრეზიდენტი არ მოქმედებსო, ვერ ვიტყვით. აჭარის პრობლემა საკმაოდ რთულია, ისტორიული ასპექტიდან, პოლიტიკური, ავტონომიის სტატუსიდან გამომდინარე პრეზიდენტი არ ჩქარობს. მას აინტერესებს აჭარაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მობილიზება ერთი მიმართულებით, რათა პროცესი განვითარდეს შიგნიდან, დამოუკიდებლად, რათა საზოგადოებამ ეს ხელისუფლება თავისი ნაკლოვანებებით სრულფასოვნად დაინახოს. ამიტომ გარიგებას გამოვრიცხავ. თუ პრეზიდენტი გაურიგდება აჭარის ხელისუფლებას მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, აჭარაში შეიძლება იფეთქოს უკმაყოფილების ტალღამ უკვე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

თამაშის წესებზე მორგებაში რა შეიძლება ვიგულისხმოთ, რასაც სააკაშვილი ღიად მოითხოვს აბაშიძისაგან?

პრეზიდენტი აბაშიძეს აძლევს საშუალებას, რომ მან დემოკრატიის გზით იაროს. თუმცა, ჩემის აზრით, პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია, რომ თუკი აბაშიძე ამ გზით ივლის, მისი ხელისუფლება აუცილებლად შესუსტდება. პრეზიდენტი მას თხოვს თამაშის წესების დაცვას, რაც ნიშნავს დემოკრატიული პროცესების განვითარებას, გამჭვირვალობას ყველაფერში, განსაკუთრებით ბიუჯეტის ხარჯვის საკითხებში და ა.შ. ასეთი პროცესებით საზოგადოება აუცილებლად დაინახავს არსებულ მანკიერებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი აჭარის ხელისუფლებასთან რაიმე დათმობაზე მიდის.

რამდენად დააჩქარებს  ოპოზიცია მოვლენებს?

„დემოკრატიული აჭარას“ და მისი ლიდერის ედვარდ სურმანიძის პირველი მესიჯი აჭარის ხელისუფლების სწრაფად შეცვალა იყო. საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ის მესიჯები, რომლებიც პირველივე დღეს წამოვიდა. მაგალითად „მკვიდრობაზე“, იმაზე რომ „აჭარაში ცხოვრობს სურმანიძეების 7 000 ოჯახი“ და ა.შ. მე დანამდვილებით მინდა ვთქვა, აჭარა არჩევანს გააკეთებს არა გვაროვნული შეგნებით, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, როცა არჩევანი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გაკეთდება, ეს არასოდეს ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემას არ შეუქმნის.

მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ მთავარი მესიჯი ამ ეტაპისათვის  არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ 28 მარტის ჩათვლით ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიცია არ გეგმავს ვინმეს გადაყენებას. ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენელი ოთარ ზოიძე ამზადებს კანონპროექტს პარლამენტში გასატანად, რომლის მიხედვითაც აჭარაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლება შეიცვლება.

ოპოზიციის გაერთიანება რამდენად მყარია?

ყველა პროცესს ახლავს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. „ჩვენი აჭარას“ ირგვლივ გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე საკუთარ პოზიციას ინარჩუნებენ ადგილობრივი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაში. ამავე დროს ვხედავ ტენდენციას, რომ ამ მოძრაობას უერთდებიან ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ – „თუკი აქამდე ჭამდა ერთი, ახლა მე უნდა ვჭამო“. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი აჭარაში ერთი სამთავრობო კლანის, ან ჯგუფის ადგილს დაიკავებს მეორე და იგივე მეთოდებით დაიწყებს მოქმედებას, ვარდების კი არა, ეკლების რევოლუცია იქნება გარდაუვალი.

რამდენად მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების დემონტაჟი?

1995 წელი აჭარაში არჩევნების ტოტალურად გაყალბების წელი იყო. მაშინ რომელი გამგებლები და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ ყველაფერს, დღეს იგივე ხალხი  დაბრუნდა ხელისუფლებაში, რაც შეიძლება მივიჩნიოთ მოწოდებად ძალისმიერ მეთოდების გამოყენებისკენ.

აჭარის ხელისუფლება მიმდინარე პროცესებს უწევს წინააღმდეგობას დროის გაწელვის მიზნით, ეს მოქმედება არ თავსდება დემოკრატიულ ჩარჩოებში. იგი ყოველთვის ორიენტირებული იყო ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაზე და რაკი ეს მისი სტილია, აუცილებლად ეცდება დროის ამ შუალედში ხელისუფლებისაგან გარკვეული გარანტიები მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოგვიანებით უფრო მეტი „დანაკარგის“ პირობებში მოუწევს ამის გაკეთება. მითუმეტეს, როცა ვხედავთ ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს კორუმპირებული ჩინოვნიკების დევნა.

რუსეთის სამხედრო ბაზიდან ქართველების გაყვანას რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს?

ჩემი ინფორმაციით სამხედრო ბაზები, რომელიც აჭარაშია განთავსებული, ბევრი ქართველი მუშაობს, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლი საკმაოდ მაღალია. თუკი ხელისუფლება მოინდომებს ამ რესურსის გამოყენებას საკუთარი მეზობლების, ან ოჯახის წევრების წინააღმდეგ, არ გამოუვა. რუსეთის სამხედრო ნაწილებში მომუშავე ქართველების გადაყვანა რუსეთის სხვადასხვა ნაწილში და არაქართველების შემოყვანა, მათდამი უნდობლობის მაჩვენებელია.

დღეს ცენტრალური ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად ცდილობს მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობა. არამგონია იმდენად მიამიტები იყვნენ ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოუგვარებლობის პირობებში (რაც მინიმუმ სრულ ნეიტრალიტეტს გულისხმობს აჭარის საკითხებში) აჭარაში სიტუაციის რაიმე ფორმით შეცვლაზე იფიქრონ.

დაპირისპირების შემთხვევაში ხელისუფლების მხარდამჭერი ძირითადად ვინ იქნება?

მოსალოდნელ ცვლილებებს ვერავინ დაუპირისპირდება. თუმცა არსებობს ალბათობა, ამ მიზნისათვის გამოყენებულ იქნას ე.წ. „დაცვის ხალხი“, რადგან ამ სტრუქტურებში არც ისე იოლი იქნება „ზემოთ“ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ანგარიშსწორების შიშით. სხვათა შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრს სურს ამ სტრუქტურიდან თავის დაღწევა, მაგრამ ვერ ბედავს. შეიძლება რელიგიურ ნიადაგზე შუღლის წარმოშობაც სცადონ. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო დროშა მუსლიმანურ სარწმუნოებას წალეკვით ემუქრება და ა.შ. ეს ვერანაირ სერიოზულ კატაკლიზმებს ვერ გამოიწვევს. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს სიტუაციაში რელიგიური მომენტი ყოველთვის უკანა პლანზე გადაიწევს და გაიმარჯვებს სახელმწიფოებრივი აზროვნება.

ახალი ხელისუფლების მხრიდან 90%-იან მხარდაჭერაზე საუბარი დემოკრატიის რა ხარისხის მაჩვენებელია?

ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ აჭარის დღევანდელ ხელისუფლებას ვინც არ უჭერს მხარს, ის უპირობოდ დადგება ოპოზიციის გვერდით. ეს რომ ასე მოხდეს, სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი. მოსახლეობა თუ არ დარწმუნდა ოპოზიციის ძალაში, რომელსაც აქვს რეალური პროგრამა და კონკრეტული გათვლები, ის არ იქნება მის მიმართ ერთსულოვანი. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის გაერთიანებული ძალები თუ ვერ მოახდენენ საზოგადოების კონსოლიდაციას, აუცილებლად გამოჩნდება სხვა, მესამე ძალა, რომელიც არ იქნება ხელისუფლებისგან მართული.

 

Exit mobile version